ამონარიდები ვახტანგ ონიკაშვილის წიგნიდან «ფერეიდანი»
თბილისი, 2004 წელი

თუნო-თაბორი


      როგორც მოგახსენეთ, გადასახლებულთაგან დიდი რაოდენობა მოხვდა ხორასანის ეგრეთ წოდებული «დიდი მზიანი უდაბნოს» მხარეში, კერძოდ, საბზივარის მიდამოებში, ადგილას, სადაც ყველაზე გაუსაძლისი პირობები ჰქონდათ წაყვანილ ქართველ ტყვეებს. აქ იყო ორი პუნქტი - თუნი და თაბორი. ამ მხარეში ადამიანებს ქვედა ტუჩზე წყლული უჩნდებოდათ, რომელიც არ ხორცდებოდა და მოკლე ხანში ადამიანს კლავდა. ამ ადგილების ისტორიაც და ჩასახლებული ქართველების ყოფაც ფერეიდნელების ზეპირმა გადმოცემებმა შემოგვინახეს. ეს ადგილები ფერეიდანში გაიგივებული იყო ჯანდაბასთან, ქალები წყევლის დროს სიტყვის მასალადაც ხმარობდნენ, «თუნო-თაბორშიც» წასულიყავიო. აქაურმა ქართველებმა აქ დიდი ხანი ვერ გაძლეს და შაჰ-აბასის სიკვდილის შემდეგ, როგორც კი არეულობა დაიწყო, ისინი მათთვის უფრო ხელსაყრელ და ნაკლებად კონტროლირებულ ხორასანისკენ დაიძრნენ, იქ ხომ მათ ქართველი უნდილაძეები ეგულებოდათ. მაგრამ არ არის ცნობილი რატომ არ ჩასახლდნენ ისინი ხორასანში და რატომ გადავიდნენ ავღანეთში. იქ მათ დააარსეს კიდეც ცივი მდინარის ნაპირებზე ქალაქი. ეს მხარე ახლა ჰერათის მხარით არის ცნობილი. ახლაც ცხოვრობენ იქ ქართველები, იქაურმა მოხუცებმა ახლაც იციან ქართული. სწორედ ეს ქართველები შეხვდნენ გენერალ ეპიტაშვილს, რომლებმაც იგი სიკვდილს გადაარჩინეს. აღნიშნული ინფორმაცია მე თვითონ გადავამოწმე ნოსრათოლა ყორღანაშვილთან (ყორბანი), რომელიც ირანში მყოფმა ინტელიგენტმა ავღანელებმა დაადასტურეს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ჩავედით ავღანეთში შექმნილი სიტუაციის გამო, მაგრამ დავრწმუნდით, რომ ქართველები იქაც არიან და ალბათ გველოდებიან.
      ეპიტაშვილის ისტორია კი ასე იყო. ავღანეთის ხანგრძლივი ომის დროს, რომელშიც ჩართული იყო ერთის მხრივ საბჭოთა კავშირი, ხოლო მეორეს მხრივ ამერიკის შეერთებული შტატები, ცნობილი ქართველი გენერალი ეპიტაშვილი პოლკოვნიკი გახლდათ. მას საბჭოთა დაზვერვამ მისცა დავალება, რომ როგორც გზის გამყვანი ინჟინერი შესულიყო ავღანეთის ქალაქ ჰერათის ტერიტორიაზე და როგორმე დაერწმუნებინა იქ მაცხოვრებელი «უცხო ტომის» ხალხი, რომელიც საერთოდ ომში მონაწილეობას არ იღებდა და თავის ტერიტორიაზეც არავის უშვებდა, ნება დაერთო, რომ მათ სოფლებზე გაევლო საბჭოთა ტანკებს, წინააღმდეგობის შემთხვევაში მას ნიშანი უნდა მიეცა საბჭოთა ავიაციისათვის და მომხდარიყო ამ ადგილების მასიური დაბომბვა. ავღანელებმა ეპიტაშვილს შეუტყვეს, რომ საბჭოთა დაზვერვის დავალებით მოქმედებდა და იგი დააპატიმრეს, ჩააგდეს სამი დღე ორმოში, სადაც გველებს უყრიდნენ, აძლევდნენ გამხმარ პურს და წყალს, ამასთან ერთად, აწამებდნენ ყოველდღე. გენერალმა ვერაფერი რომ ვერ გააგებინა მათ, დასიცხულმა, ნაწამებმა და მწყურვალმა დაიწყო ქართულად გინება. მათ მაშინვე ყურები ცქვიტეს, და ჰკითხეს: - ქართველი ხარ? კიო, დაუმოწმა ეპიტაშვილმა და მის ტანჯვასაც ბოლო მოეღო. ამოიყვანეს, დააპურეს, წყალი მისცეს, მოიყვანეს წესრიგში, სახლში შეიპატიჟეს და დაუწყეს გამოკითხვა, მაგრამ კარგად ვერ ახერხებდნენ ქართულად ლაპარაკს და მოიყვანეს თავიანთი უხუცესი, რომელმაც გამართული ქართული იცოდა. ბოლოს ეპიტაშვილმა საკუთარი რაცია მოითხოვა და უთხრა ქართველებს, რომ მე თუ ნახევარ საათში ნიშანს არ მივცემ, რომ ბომბდამშენები უკან გაბრუნდნენ, ნაბრძანებია, რომ აქაურობა მიწასთან გაასწორონო, საბედნიეროდ მათ დაუჯერეს, ენდნენ ქართველს, ეპიტაშვილის ნიშანზე ბომბდამშენები უკან გაბრუნდნენ. აი, ასე გადავარჩინე 25000 ქართველი განადგურებასო, აღნიშნავს სახელოვანი ქართველი გენერალი. ჩემდა სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია ჩვენამდე რომ მოვიდა, გენერალი ახალი გარდაცვლილი იყო და დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ვერ მოვახერხეთ.
      ნაწილი ქართველებისა ჩასახლებული ყოფილა ფარსშიც - ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ისპაჰანსა და შირაზს შორის მდებარე მთავარ შარაგზაზე ასუპასის გარშემო. 1621 წელს შირაზისაკენ მიმავალმა პიეტრო დელა ვალემ სოფელ ქოშქეზარში ნახა აქ ჩამოსახლებული ქართველები. ასუპასის დაბლობი - წერს დელა ვალე, დაფარულია ქართველებისა და ჩერქეზების საცხოვრებლებით.
      1627 წელს ასუპასის მიდამოებს ეწვია ევროპელი მოგზაური თომას ჰერბერტი, რომელიც გადმოგვცემს: ჩვენ მივედით ასუპასში, რომელიც ერთი ძველი ციხეა. ციხეს ოდესღაც სამხედრო დანიშნულება ჰქონია. მასში და მის მახლობლად ცხოვრობს დაახლოებით 40000 ქართველი და ჩერქეზი, რომლებიც ქრისტიანები არიან, ისინი, როგორც ტყვეები, ძალით გადმოუსახლებიათ აქ, ტუმცა ტყვეებთან შედარებით ოდნავ უკეთ ექცევიან. ამ ხალხს მფარველად ჰყავს წმინდა გიორგი. რომელსაც მოწიწებით თაყვანს სცემენ, თუ რომელიმე მათგანი მიიღებს მუსულმანობას (რაც ძალზე ხშირად ხდება) იგი სხვებთან შედარებით პრივილეგიებით სარგებლობს. როცა გაიგეს, რომ ქრისტიანები ვართ, მათ არამარტო თავი მოიყარეს ჩვენს გარშემო, არამედ ჩვენი ნახვისას ატირდნენ კიდეც, იქნებ საქართველომდე მიაწვდინოთ ჩვენი ამბავიო.
      1677 წელს ასუპასის ქართველები უნახავს ინგლისელ მოგზაურს - ფრიერს. იგი წერს: «ასუპასი ახლა დასახლებულია ქრისტიანი ქართველებით, რომელთა უმრავლესობაც მიწის მუშები და ვენახის მფლობელია. აქ ვაზი ძალიან კარგად ხარობს, მთის ფერდობზე.
      ქართველები უფრო ღია ფერისანი არიან, ვიდრე სპარსელები. მათი სახის ფერი უფრო ჯანსაღია. უმრავლესობას ლამაზი ტანი აქვს, ბევრმა მათგანმა მიიღო მაჰმადიანური სარწმუნოება».

ფოტოები აღებულია ჩუღურეთელი დავით გუგუნაშვილის პირადი ფოტო-არქივიდან

      ასუპასის ქართველობა თანდათან ერწყმოდა ადგილობრივ მოსახლეობას და 1818 წელს, როდესაც ეს მხარე ინახულა რობერტ კერ პორტერმა, მათ უკვე დაკარგული ჰქონდათ თავისი ოდინდელი სახე. იგი წერს: «დრომ და ჟამთა სიავემ ასუპასი და მისი მცხოვრებლები წარსული ყოფის აჩრდილად აქცია. ჩვენ აქ ვერაფერს ვხედავთ, გარდა ნანგრევებისა, უკიდურესი სიღარიბისა და უბედურებისა».
      ასუპასის მოსახლეობა აითქვიფა ირანის სხვადასხვა ტომებში. ზოგიერთი ირანული ტომის წარმომადგენელს დღესაც ახსოვს, რომ აქ ქართველები სახლობდნენ. მაგალითად, პ. ობერლენგი, 1957 წელს შეხვედრია ქაშქაის ტომის ერთ-ერთ ბელადს, რომელსაც უთქვამს, რომ დეზე ქურდის მახლობლად (ასუპასის რაიონის ერთი ადგილის სახელია) მცხოვრები ქართველები («გურჯი»-ები) შეერივნენ და შეერწყნენ ქაშქაის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტომობრივ გაერთიანებას მრავალი წლის წინათო.
      ასევე ირანის ადგილობრივ მოსახლეობაში გაითქვიფა ქვეყნის სხვადასხვა რაიონებში კომპაქტურად მცხოვრები ქართველობა. დღეს შემოგვრჩა მხოლოდ ცალკეული ადგილების სახელები და მწირი ცნობები ამ რაიონებში ქართველი მოსახლეობის ოდესღაც არსებობის შესახებ: ირანის აზერბაიჯანში, ოშნავიეჰიდან 13 კმ-ს დაშორებით, არის სოფელი «დეჰ გურჯი» (ქართველების სოფელი); ქურთისტანში, მალაიერის სამხრეთ-აღმოსავლეთით (36 კმ-ზე) მდებარეობს სოფელი «გურჯაი», ხოლო სონქორის ჩრდილოეთით (34 კმ-ზე) - «გურჯი ბაიანი»; ლორისტანში ალიგუდარზის დასავლეთით (20 კმ-ს დაშორებით).


* * *


      პიეტრო დელა ვალე ისპაჰანიდან შირაზის გზაზე მოგზაურობისას სხვა საინტერესო ამბებთან ერთად, რომელიც მას ქართველებთან შეხვედრისას უნახავს, აღნიშნავს ერთ საინტერესო მომენტს: მე შევხვდი შირაზის გზაზე ქართველ პატარა ბიჭს, რომელიც დამკვრელების თანხლებით ქართულს ცეკვავდა. ჩვენ რომ დაგვინახა და მიხვდა ვინც ვიყავით, მოირბინა ჩემთან, უბეში გადამალული ღვთისმშობლის ხატი ამოიღო, გადმომცა და მითხრა: მე ვერ გავუძელი შიმშილს და სიცივეს, რის გამოც მივიღე მაჰმადიანობა. ამ ხატის ტარების ღირსი მე აღარ ვარ. გთხოვთ, რომ აიღოთ და სათანადოდ მოუაროთ მას. მე ჩამოვართვი შემოთავაზებული და მხლებლებს ვუთხარი, რომ განსაკუთრებული ადგილი მიეჩინათ ხატისთვის.
      ქართველების ძალით გამუსულმანებას ადასტურებს აგრეთვე დენ-გარსია. იგი მოგვითხრობს ისპაჰანში მოგზაურობის ამბავს. «მე შევხვდი ისპაჰანში შაჰის მოედანზე ასეთ სურათს, რამოდენიმე ქართველ გოგონას წამებით აიძულებდნენ, რომ მაჰმადიანობა მიეღოთ, მაგრამ ისინი სიკვდილამდე ქრისტიანებად დარჩნენ. ეს იყო ერთი შემთხვევა, რომელსაც შეესწრო ეს მოგზაური, მაგრამ ვინ იცის რამდენი ახალგაზრდა ქართველი ქალის თუ ვაჟის სიცოცხლე ჩაიფერფლა ამ მოედანზე. რამეთუ მათ, ხორცი სულისთვის შეეწირათ. სული კი ქრისტიანობისთვის ეჩუქებინათ».


* * *


      ასეთ ამბავს ინახავენ ფერეიდნელები: ერთ თურქ ხანს ცხენით ჩამოუვლია მარტყოფის ტერიტორიაზე და მომრწყავს შეხვედრია. მომრწყავი მას ზრდილობიანად მისალმებია, ხოლო როცა თურქი ოდნავ გაცდენია, შეუგინებია. ხანი მოტრიალებულა და უთქვამს მომრწყავისათვის, ან ეგ ზრდილობიანი სალამი რა იყო, ან გინება რატომ მოაყოლეო. ქართველს უპასუხნია, მოგესალმე იმიტომ, რომ არ გეგონოს უზრდელი ვარ და შეგაგინე იმიტომ, რომ, არ გამითამამდე და არ იფიქრო, ქართველების ტერიტორიაზე ქართველებს ეშინიათ და იმიტომ მესალმებიანო. იცოდე, რომ ქართველებს არავისი გვეშინიაო.


* * *


      რამოდენიმე წლის წინ, როცა მეტრო გაჰყავდათ თეირანში, მეტროს ამოსასვლელი ნახაზებში ამ მეჩეთის (თეირანში აშენებულია ცალკე მეჩეთი, სადაც მხოლოდ ქართველები დადიან სალოცავად. მეჩეთზე აბრაა გაკეთებული: - «ქართველების სალოცავი ადგილი») ქვეშ იყო აღნიშნული. ქართველებმა პირადად მისწერეს რაფსანჯანის და ნახაზი შეაცვლევინეს (ისე, რომ მეჩეთი არ დაანგრევინეს).


* * *


      ჩემი იქ ყოფნის დროსაც შევესწარი ასეთ ფაქტს: როდესაც ღამე ვიწრო, კლდიან გზებზე მანქანით მოვდიოდით, შემხვედრი მანქანა გამყოფ ზოლიდან ჩვენს მხარეს გადმოვიდა. შეიქმნა ავარიული სიტუაცია. ჩვენმა მძღოლმა მოახერხა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ზედ კლდის ქიმზე შეძლო მანქანის შეჩერება. ჩვენ გადმოვედით და დავუწყეთ დაახლოებით 100-150 მეტრით გაცდენილ დამნაშავე მძღოლს ყვირილი. მან ქართული ლაპარაკი რომ გაიგონა, მოატრიალა მანქანა, ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. მძღოლი მეზობელი სოფლიდან აღმოჩნდა. მათ გაცნობისა და გამოლაპარაკებისთანავე დაავიწყდათ მომხდარი. გაიცინეს და ერთად დაიწყეს გეგმის დასახვა სიტუაციიდან გამოსასვლელად. მე გაოგნებული ვუყურებდი და ვერ გავრკვეულიყავი, ვერ წარმომედგინა, თუ ასე მოკლე დროში შეიძლებოდა ორი ქართველის შერიგება.
      ვინატრე, ნეტავი საქართველოშიც შეგვეძლოს ასე ერთმანეთის გატანა მეთქი. სიტუაცია რომ დაწყნარდა, შაფურმა, მელიქ რამიშვილის შვილმა და მისმა სიძემ, რომლებთანაც ერთად ვმგზავრობდი, მითხრეს: მძღოლს, რომელმაც ჩვენ გადაგვაგდო დღეს, ორმაგად გაუმართლაო. ერთი, რომ ჩვენ გადავრჩით და მეორე, რომ თვითონ ქართველად არის დაბადებულიო, თორემ, ქურთი რომ ყოფილიყო, არა მარტო მას ვცემდით, მთელ მის სოფელს ავიკლებდით. ისინი ახლაც კი წნეხის ქვეშ გვყავსო, რომ არ გათამამდნენ და აბრაგობა არ დაიწყონ ისევე, როგორც წარსულში. რა იცი, რა დრო მოდისო.


* * *


      როგორ შეიძლება დავიწყებას მიეცეს იმ 165 ქართველის სახელი, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ 1654 წელს. დედასამშობლოსაკენ თავგანწირვით მოილტვოდა 165 ამხედრებული ქართველი, მაგრამ საქართველოსაკენ მომსწრაფ ქართველებს რიცხვმრავალი სპარსელნი წამოეწივნენ «ყუმის» უდაბნოსთან. გაჩაღდა შეუპოვარი, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. უთანასწორო ბრძოლაში ყველა ქართველი მტერს შეაკვდა. უცხო მიწამ მიიბარა სამშობლოს ნახვით მოწყურებული ქართველთა სიცოცხლე, მაგრამ ფერეიდნელ ქართველებს ყველაზე მეტად გული ატკინა 12 წლის ბავშვის სიკვდილმა, რომელიც მამას საქართველოში მიყვებოდა, ისიც უფროსებთან ერთად აკუწეს. 1959 წელს გიგა ჯაფარიძემ მათ ხსოვნას ლექსი მიუძღვნა:


            «დაეცნენ, გზა სისხლით მორწყეს, ვერ ნახავთ იმათ ნაშიერს,
            მაგრამ დაჩოქილ სიცოცხლეს ფეხზე სიკვდილი არჩიეს...
            მშობელი მიწა ჰყიოდა, შვილისკენ ხელებგაწვდილი,
            სამშობლოს გული სტკიოდა - დაჭრილი იწვა არწივი».


      შეიძლება მათ არც კი იცოდნენ, რომელ მხარეს იყო საქართველო, მაგრამ სჯეროდათ, რომ იქ ძალიან კარგი იყო. მათ იქ მოეფერებოდნენ და დაუყვავებდნენ. მულიაშვილის (მისი ფოტო იხილეთ სურათებში, გ.ა.) წიგნში აღწერილია ქართული წარწერები საფლავის ქვასა და ეკლესიის კედლებზე. ტყვედ წაყვანილთა შორის, იმ დროს წერა-კითხვის მცოდნე ერთი პროცენტიც კი არ იყო. ვანქის ეკლესიაზეც ქართული წარწერაა, გადასახლებულმა ქართველებმა ეს ჩვენთვის დაწერეს: «უფალო ღმერთო იესო ქრისტე, ასწავლე კეთილად მიევლინე მონასა შენსას ზაქარიასა, რათა ისწავლოს წიგნი, გადიდებდეს გმსახურებდეს ყოველთა საქმითა ცხოვრებითა მიეც გულისხმა უკუნით უკუნისამდე. ამინ».