წმინდა ნინო – ქართველთა განმანათლებელი


      27 იანვარს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ქართველთა განმანათლებლის, წმინდა მოციქულთა სწორის, ქალწულ ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. საპატრიარქოს ცნობით, ამ დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 27 იანვარს სიონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას დაიწყებს. მსახურებების დროს ტაძარში ვაზის ჯვარს გამოაბრძანებენ. წმინდა ნინოს თმებით შეკრულ ვაზის ჯვარს სასწაულებრივი ძალა აქვს და მისი მეშვეობით მლოცველები შეწევნას იღებენ. წმინდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. წმინდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1 (19) ივნისს აღინიშნება მისი საქართველოში შემოსვლა, ხოლო 27 (14) იანვარს – გარდაცვალება.
      გაზეთი „ალია“ 10/2294/ 27-28 იანვარი. 2009 წ.



ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი

მონასტრის ისტორია


      ბოდბის მონასტერს გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს სულიერ ცხოვრებაში. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ისაა, რომ აქ განისვენებს ქართველთა განმანათლებელი, მოციქულთა სწორი წმინდა ნინო. დაბა „ბოდბისი“ უფალმა ჯერ კიდევ წმიდა ნინოს სიცოცხლეში განადიდა, როგორც მისი სათნომყოფელის მომავალი განსასვენებელი. და იმ დროიდან მოყოლებული წმინდა ნინოს საფლავი მადლისა და კურნების ცხოველ წყაროდ იქცა ქართველი ერისათვის.
      14 წლის იყო წმინდა ნინო, როცა ღვთისმშობლის ბრძანებით მისი წილხვედრი ქვეყნისკენ გამოემართა. აქ მან მრავალი ცრემლით, ლოცვითა და მკაცრი მოღვაწეობით სრულყო თავისი მოციქულებრივი ღვაწლი და წარმართობის ნისლით დაფარული ერი ჭეშმარიტების ნათელს აზიარა.

ნინო
      წმინდა ნინოს დროიდან მოკიდებული ბოდბის მონასტერი ქართველ მეფეთა და დიდებულთა უპირველესი ზრუნვის საგანს წარმოადგენდა.
      V ს. ვახტანგ გორგასალმა გაამშვენა და გააფართოვა ტაძარი, ხოლო სამნავიანი ბაზილიკის სახე მან VIII-IX ს.ს. მიიღო.
      XII საუკუნეში, დავით აღმაშენებლის ძის, დემეტრე I-ის მეფობის ხანაში, კიდევ ერთხელ შეიმკო წმიდა ნინოს განსასვენებლი.
      მოციქულთა სწორის საფლავი იმდენად პატივცემული იყო, რომ მონღოლებმა, რომლებმაც მიწასთან გაასწორეთ მთელი ქვეყანა, დაუნგრეველ-აუოხრებელი დატოვეს მხოლოდ ბოდბის ტაძარი, თუმცა ისიც არა უვნებლად.
      შუა საუკუნეებში ამ ტაძარში იკურთხებოდნენ კახთა მეფეები. სხვათა შორის, ბოდბის ტაძარში თეიმურაზ I-ის აღსაყდრებას თავად შაჰ-აბასიც კი დასწრებია, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რამდენიმე წლის შემდეგ იავარეყო მონასტერი, რომლის აღდგენასაც შემდგომ დიდი ღვაწლი თავად მეფე თეიმურაზ I-მა დასდო.
      ბოდბის მონასტერი ოდითგანვე არა მარტო სულიერ, არამედ კულტურულ-საგანმანათლებლო კერასაც წარმოადგენდა. XVII საუკუნიდან აქ მოქმედებდა სასულიერო სასწავლებელი, რომელშიც გარდა საღვთისმეტყველო საგნებისა, საერო მეცნიერებებიც ისწავლებოდა. აქვე იყო საქართველოში ერთ-ერთი უმდიდრესი წიგნთსაცავი. XVIII საუკუნის II ნახევრიდან ბოდბეში საკმაოდ მრავალრიცხოვანი მამათა მონასტერი არსებობდა.

      ეგზარქოსების მიერ ბოდბის ეპარქიის გაუქმებამდე მისი უკანასკნელი მღვდელმთავარი ცნობილი საეკლესიო მოღვაწე იოანე მაყაშვილი იყო. იოანე ბოლნელის ღვაწლით 1823 წელს კიდევ ერთხელ შეიმკო და გამშვენდა სავანე, მოიხატა ტაძარი, გაკეთდა ახალი კანკელი (მხატვრობაცა და კანკელიც დღემდეა შემორჩენილი), აშენდა საეპისკოპოსო სასახლე კარის ეკლესიითურთ. იოანე მაყაშვილის გარდაცვალებასთან (1837 წ.) ერთად ბოდბის ეპარქიაც გაუქმდა და მონასტერიცა და სემინარიაც მოიშალა. ამ დროიდან ბოდბეს არქიმანდრიტები განაგებდნენ. მათ შორის გამორჩეული ადგილი არქიმანდრიტ მაკარის ეკავა. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას ქართული გალობის აღორძინებას აქცევდა. მას ამ საქმისთვის საგანგებოდ მოუწვევია მღვდელი გრიგოლ კარბელაშვილი და გალობის სკოლა გაუმართავს. თუ როგორი იყო ეს სკოლა, ამაზე ნათლად მეტყველებს დიმიტრი ყიფიანის წერილი, არქიმანდრიტ მაკარისადმი მიწერილი: „სული ჩემი დასტკბა, რა ვისმინე გალობა ჩვენი ძველებური, თქვენის ზრუნვითა და მეცადინეობით განახლებული“. მისივე დროს, 1862 წელს, დაიწყო სამსართულიანი სამრეკლოს მშენებლობა, რომელიც 1885 წელს მღვდელმონაზონ ნიკოლოზ მიქელაძის წინამძღვრობისას დასრულდა.
      XIX საუკუნის 80-იან წლებში ეგზარქოსების მიერ დაუმსახურებლად მივიწყებულ და უპატრონოდ დარჩენილ სავანეს დიდი ამაგი დასდო ცნობილმა ჰაგიოგრაფმა და ხატმწერმა მიხეილ საბინინმა. მან წმინდა ნინოს საფლავის ძველი ქვა მარმარილოს ლუსკუმით შეცვალა. მისივე დაუღალავი მოღვაწეობით შემზადდა ნიადაგი აქ დედათა მონასტრის გახსნისათვის.

წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, სადაც დაკრძალულია წმინდა ნინო
წმინდა ნინოს საფლავი

      იმავე საუკუნის მიწურულს რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე III ეწვია ამ ადგილს და მისი ბრძანებით 1889 წელს ბოდბეში დედათა მონასტერი გაიხსნა, აქვე მოქმედებდა ქალთა სასწავლებელი. 1902-1906 წლებში მონასტრის წინამძღვარი იუვენალია II იყო (ერობაში თამარ მარჯანიშვილი, დიდ სქემაში თამარი, კოტე მარჯანიშვილის და; მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი ამჟამად განიხილება რუსეთის ეკლესიის მიერ). საქართველოს ეკლესიისათვის ამ ურთულეს პერიოდში, როდესაც მთელი ძალით მიმდინარეობდა გარუსების პოლიტიკა, თამარ მარჯანიშვილის ძალისხმევით ბოდბის ქალთა სასწავლებელში ქართული ენის სწავლება სავალდებულო გახდა პირველიდან დამამთავრებელ კლასამდე. მისივე დამსახურებით ბოდბის ტაძარში მისი წინამძღვრობისას წირვა-ლოცვაცა და გალობაც, რომელაც იღუმენია იუვენალია თავად ასწავლიდა გოგონებს სასწავლებელში, ქართულად მიმდინარეობდა.
      1906 წ. იმპერატორ ნიკოლოზ II-ის განკარგულებით ბოდბეს I კლასის მონასტრის წოდება მიენიჭა.
      თუ როგორი იყო ბოდბის მონასტერი XX საუკუნის დასაწყისში, ცოცხალ წარმოდგენას გვიქმნის ოლივერ უორდროპის ერთი წერილი. იგი 1919 წელს სტუმრობდა მონასტერს და აღტაცებული წერდა ამ ვიზიტის შესახებ თავის მეუღლეს: „როცა მონასტერის მივუახლოვდით, ჩვენს წინ აღიმართა ფოთლებითა და მცენარეებით შემკული ტრიუმფალური თაღი. ჩვენ მიგვიღო იღუმენიამ (თავადის ქალმა ვაჩნაძემ). ყველანი შეკრებილიყვნენ მონასტრის გარშემო: მონაზვნები შავ მანტიებსა და ლამაზ თავსაბურავებში, მონასტრის სკოლის გოგონები თეთრ კაბებში გამოწყობილი და იქვე მცხოვრები ხალხი. მღვდელმა შემიპატიჟა ეკლესიაში, რომელიც პირველად IV საუკუნეში აშენებულა და ჩაატარა რამდენიმე წუთიანი მსახურება, ლოცულობდა და ევედრებოდა უფალს, ამ დროს კი მის გარშემო მყოფნი და მონაზვნები გალობდნენ.


ბოდბის მონასტერი XX საუკუნის დასაწყისში. 1905 წ.
თანამედროვე ხედი

      იღუმენიამ დამათვალიერებინა გოგონათა საერთო საცხოვრებელი, საკლასო ოთახები, სამზარეულო და სამუშაო ოთახები, სადაც მზადდება ხალიჩები, საეკლესიო ტანსაცმელი, ხატები და ასევე საქარგავი ოთახი. ჩვენ ასევე მოვინახულეთ ბაღი, რომელიც ამშვენებს მონასტერს. გოგონებმა დაგვასაჩუქრეს ყვავილებით, ხალხმა და ბავშვებმა კი გაგვაცილეს შეძახილებით, ჩვენც გავუყევით გზას სიღნაღისაკენ“ (საგულისხმოა, რომ ეს წერილი ბოდბის მონასტრის ამჟამინდელ წინამძღვარს იღუმენია თეოდორას ოლივერ უორდროპის ქალიშვილმა მიაწოდა. მას ქართველთა განმანათლებლის სახელი ჰქვია, ცხოვრობს ინგლისში და მამისა და მამიდის დარად ძალიან უყვარს საქართველო. ქალბატონ ნინოს ცხოველი ინტერესი აქვს თავისი მფარველი წმიდანის სავანის მიმართ, რაზეც მოწმობს მისი მიმოწერა ბოდბის დედებთან).
      1924 წელს კომუნისტებმა მონასტერი დახურეს. ბოდბის უკანასკნელი იღუმენია ნინო ვაჩნაძე, მიუხედავად მრავალგზის მუქარისა, მონასტერს არ შორდებოდა, თუმცა საბოლოოდ იძულებული გახდა ბოდბე მიეტოვებინა და თბილისში, ანჩისხატის ტაძართან, დასახლებულიყო, სადაც გარდაიცვალა კიდეც. სამოციან წლებში ბოდბის უკანასკნელი წინამძღვარი, მისივე ანდერძისამებრ, მშობლიურ მონასტერში გადაასვენეს.
      კომუნისტთა მიერ დარბეული უძველესი ტრადიციების მქონე ბოდბის მონასტერი კვლავ აღდგა 1991 წელს. ამჟამად მონასტერში ოცდაათამდე მონაზონი და მორჩილი მოღვაწეობს. მოწესე დედები ძირითადად ახალგაზრდები არიან. ისინი წინამძღვრის, იღუმენია თეოდორას, ხელმძღვანელობით მრავალგვარ საქმიანობას ეწევიან და იმედოვნებენ, რომ მონასტერი მალე დაიბრუნებს ოდინდელ დიდებას და აქ კვლავინდებურად გაცოცხლდება მრავალი ღვაწლით გამშვენებული სულიერი ცხოვრება.
      მართლაც, სავანე, თუმცა ნელ-ნელა, მაგრამ მაინც იბრუნებს პირვანდელ სახეს. ღვთისმოსავი ადამიანების შეწევნით ხდება მონასტრის აღორძინება: შეიმკო და გამშვენდა წმინდა ნინოს საფლავი, წმინდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულ წყაროზე აშენდა განსაბანი და წმიდათა ზებულონისა და სოსანას სახელობის პატარა ტაძარი. რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ტაძარს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაო, რომლის შედეგადაც ტაძრის კედლებიდან მოიხსნა ნახევარი მეტრის სიგანის გვიანდელი (XVII ს.) მინაშენი, რომელიც მთლიანად არღვევდა მის პირვანდელ პროპორციებს. გარდა ამისა, აღდგენითი სამუშაოების შედეგად აღმოჩენილია იოანე ბოლნელის დროინდელი შენობის ნაშთები, რომელთა რესტავრაციაც ამჟამად მიმდინარეობს.
      ამასთან, მუშავდება დეტალური პროექტი მთელი სამონასტრო კომპლექსისა, რომლის მიხედვითაც წარიმართება მომავალში მონასტერში აღდგენითი და სამშენებლო სამუშაოები. მონასტერს აქვს საკუთარი მეურნეობა, მოქმედებს ხატწერისა და ხელსაქმის სახელოსნოები. გარდა ამისა, დები ქართული მონასტრებისათვის ტრადიციულად დამახასიათებელ მწიგნობრულ საქმიანობასაც ეწევიან: უძველეს ხელნაწერთა საფუძველზე გამოსაცემად ამზადებენ საღვთისმსახურო წიგნებს. მომავალში აღმშენებლობითი სამუშაოების გარდა, განზრახულია საგამომცემლო საქმის გაფართოება და გოგონათა სასწავლებლის აღდგენა. და რაც მთავარია, ქართველთა განმანათლებლის საფლავზე ყოველდღიურად აღევლინება წირვა-ლოცვა სრულიად საქართველოს საკეთილდღეოდ.
      წმინდა ნინოს საფლავი დღესაც სულიერ და ხორციელ კურნებას აღმოაცენებს და მისი სავანეც, შეძლებისდაგვარად, ცდილობს ადამიანებს მასთან მიახლების საშუალება მისცეს.


* * *




* * *


      1. ჩემო საყვარელო ქართველებო, გილოცავთ წმინდა ნინოს დღესასწაულს – ნინოობას, გვფარავდეთ მისი მადლი. ვულოცავ ყველას, ვისაც კი ქართველი ჰქვია, დღევანდელ საქართველოში მცხოვრებსა თუ საქართველოდან საუკუნეების წინ გადახვეწილთ. მიიღეთ ჩემგან წმინდა ნინოს ჯვარი, მისი კურთხევა არ მოუშალოს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ხომ ყველას ერთნაირად გვიყვარს ჩვენი საქართველო. მედეა სიხარულიძე. აშშ.


მარჯვნივ – წმინდა ნინოს საფლავთან შესასვლელი ბოდბის დედათა მონასტერში. სიღნაღი.

      2. მთელს მსოფლიოში მიმოფანტულ ქართველებს! გილოცავთ წმინდა ნინოს ხსენების დღეს! ნინოს ლოცვის ძალა და მადლი გადმოსულიყვეს თვითეულ ჩვენთაგანზე! წმიდა ნინოს ვაზის ჯვარივით შეგვეკრას ჩვენი დანაწევრებული სამშობლო და საუკუნეები ისე გვეტარებინოს, როგორც ვაზის ჯვარი ვატარეთ და მოვიტანეთ დღემდე! ჯვრის მადლი, ძალა და ძლიერება გადმოსულიყოს ყველა ქართველის ოჯახზე! გილოცავთ ნინოობას! ნანა ფიცხელაური. გერმანია.
      3. გილოცავთ ნინოობას. ეს არის ჩემი შვილის, თამთა ხურცილავას ნამუშევარი მინანქარში. ნაზიბროლა წითელაშვილი. ამერიკის შეერთებული შტატები.

წმინდა ნინო (ტიხრული მინანქარი)
ავტორი – თამთა ხურცილავა

თამთა ხურცილავა

თამთა ხურცილავას ნამუშევრები