1. მოსლემ და ფაეზე


      2009 წლის 18 მარტს საქართველოს კიდევ ერთი ჩვენი სისხლი და ხორცი – მოსლემ მაყსუდი (გუგუნაშვილი) ეწვია მეუღლესთან ერთად. მოსლემი ირანელი ქართველია, რომელმაც ახლახან იქორწინა ფაეზე მიუსავზე. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მეუღლესთან ერთად საქორწინო მოგზაურობაში ისტორიულ სამშობლოში ჩამოსულიყო...


 

 

 

 


      თბილისის ქუჩები შემთხვევით შეხვედრილმა ტაქსის მძღოლმა, ბატონმა გიორგი ჩუბინიძემ შემოგვატარა. ბატონი გიორგი მეტად საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა. დათვალიერებისას გვიყვებოდა ბევრ საინტერესო ამბებს, განსაკუთრებით კი თავისი გვარის წარმოშობის ისტორია მოგვიყვა. დამშვიდობებისას თორნიკე ფანიაშვილი შეეცადა მგზავრობის საფასურის გადახდას, მაგრამ ბატონმა გიორგიმ ფული არ გადაგვახდევინა – ქართული სიალალით თქვა: ეს მცირედი საქორწინო საჩუქრად ჩამითვალეთო. მოსლემი და ფაეზე „ნამაი“ თბილისში იყვნენ.


* * *
medea
      მინდა სულითა და გულით მივულოცო გაბედნიერება ჩვენს სისხლსა და ხორცს, მოსლემ მაყსუდს (გუგუნაშვილს) და ფაეზე მიუსავს. იხაროს და იბედნიეროს თქვენმა ახლად შექმნილმა ოჯახმა, გამრავლდით და ქართული სული ჩაუდგით თქვენს პატარებს. ჩვენთვის რაოდენ სასიხარულოა თქვენი არჩევანი – საქორწინო მოგზაურობა, თქვენს ძირითად სამშობლოში. იმედია, გიორგის წყალობით ძალიან კმაყოფილი დაუბრუნდით ირანს. მიიღეთ ეს მცირე საჩუქარი ჩემგან.
      მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გიორგი ჩუბინიძეს, იმ ტაქსის მძღოლს, რომელმაც ნამდვილი ქართული, ვაჟკაცური სული გამოავლინა, ესოდენ ორიგინალური საჩუქრითა და სტუმართმოყვარეობით. ასევე დიდი მადლობა შენ, ჩემო გიორგი, რათა უფრო და უფრო მეტ საინტერესო სიახლესა და ჩვენთვის სასურველ ადამიანებს გვაცნობ. გაიხარე ჩემო ძვირფასო, შენი საყვარელი ოჯახით. პატივისცემით მედეა სიხარულიძე.



2. «სულ გზაში ვართ ქართველები...»


       ამას წინათ ბათუმის ქუჩაში ჩადრიანი ქალის დანახვამ გამაკვირვა. ჩადრი ვერ მალავდა ქართულ, სევდიან მზერას. ამ ქალის ნამდვილი სახელი და გვარი ფარვენა მიქაილია, თუმც მე ამაყად, გამართული ქართულით გამეცნო, – უცხოდ რად მიყურებ, ნინო მქვია, ფერეიდნიდან ვარო... რამდენიმე წუთში ნინოს სამი მამაკაცი მოუახლოვდა, ასევე ორსახელიანი ფერეიდნელები: ალექსანდრე დავითაშვილი (ალი რაჰიმი), თამაზ დავითაშვილი (აბდორეზა რაჰიმი) და მალხაზ გოგიჩაიშვილი (ალი გოგიჩანი). როგორც მითხრეს, ქართული სახელები თავად შეარჩიეს. საქართველოს მოსანახულებლად რამდენიმე დღით ჩამოსულებმა ბათუმში ნაქირავებ ბინაში დამპატიჟეს. ჯაბა ანანიძე. კვირის პალიტრა. 23-29 მარტი. 2009.

* * *

       ნაქირავებ ბინაშიც პატარა საქართველო დამხვდა: – საქართველოს ისტორიის, კულტურის ძეგლების ამსახველი წიგნები და „დედაენა“ შევიძინეთ, – მეუბნებიან ახალგაცნობილები, თან სადილს ამზადებენ.
       – ამ კერძს ქართული ლობიოსაგან და თევზისაგან ვამზადებთ, ფერეიდნულია, მაგრამ ქართული სახელი ჰქვია – „გზაური“, – ამბობს ალექსანდრე. – გზაური, ალბათ, იმიტომ, რომ სულ გზაში ვართ ქართველები. მუდამ მოვიწევთ მშობლიური მიწისკენ... ბავშვობაში ოჯახში ყველა ქართულად ვლაპარაკობდით, სკოლაში – ირანულად. მაშინ გვეგონა, რომ უსამშობლოდ დავრჩით, მაგრამ ნენეი თუ ბაბაი მაინც არ იშლიდნენ ქართულს, – მალულად მჭადზე უსვამდნენ ჯვარს, ქართულ ლექს-სიმღერას გვაყვარებდნენ და ღვინოსაც წურავდნენ.
       – მახსოვს, შებინდებისას ნენეჩემი დაჯდებოდა ბუხართან და ინატრებდა, ნეტაი საქართველო მანახვაო, – ამოიოხრა ნინომ.
       – ორი წლის წინ პირველად გადმოვედით საქართველოში, – განაგრძობს მალხაზი, – იცით, როგორი სიხარულით მიგვიღეს? თითქოს ომში ვიყავით და შინ გამარჯვებული დავბრუნდით. როცა აქეთ გადმოვდივარ, შინ მგონია თავი, იმ მონატრებულ ეზოში, სიზმრად რომ შეგვყვარებია...



       – ახლა ფერეიდნის სოფლებიც იცლება ქართველებისაგან, სამუშაოს საძებნელად დაიფანტნენ, – სევდას იღებს გულიდან ნინოც. ერთი ჩვენებური ხვიჩა ბათუმში გადმოვიდა საცხოვრებლად. ბოლო პერიოდში ძალიან გაუჭირდა. რომ არა ისევ საქართველოში ჩამოსული ირანელი ინვესტორი, შიმშილს ვერ ასცდებოდა. თითოეული ფერეიდნელის ტრადიციაა, შვილს ქართული ენა ასწავლოს, მაგრამ „დედაენას“ ვერსად იშოვი ფერეიდანში.
       – ბათუმი როგორ მოგეწონათ?
       – ძალიან კარგია. ბოლო ორ წელიწადში ბევრი რამ შეცვლილა, გალამაზებულა, – მპასუხობს ისევ ნინო და ცოტა ხანში რაც არ მოეწონა, იმაზე მიამბობს, – აქ ყველა მეორე გოგო სიგარეტს აბოლებს, ასე შეიძლება? ვერასდროს წარმომედგინა, ბოლწაკიდებული ქართველი ქალი...
       გვიანობამდე შემოვრჩი ფერეიდნელებთან, დამშვიდობების დრო რომ მოვიდა, ცრემლმორეულებმა მითხრეს, – მალე ოჯახებს დავუბრუნდებით, მაგრამ იმედია სამშობლოში ისევ დავბრუნდებითო...