ქართველი მხატვრები მადრიდში


      კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 20 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი გია ბუღაძე და რექტორთა აპარატის ხელმძღვანელი გიორგი ძიგუა მიემგზავრებიან მადრიდში თსსა პროფესორთა გამოფენის მოსამზადებლად.
      გამოფენა გაიხსნება 26 მარტს, გალერეაში „საქართველო“, რომელიც მადრიდში სალვადორ დალის მოედანზე მდებარეობს.


 

 
სალვადორ დალის მოედანი. მადრიდი. ესპანეთი.

      გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება გია ბუღაძის, გოგი ლაზარაშვილის, გია თორდიას, თამაზ ვარვარაშვილის, ზურაბ გაბუნიას, ოთარ ჩაკვეტაძის, გიორგი გუგუშვილის, თინა რატიანის, ეკა გელოვანის, მეგი წითლიძის ნამუშევრები.
      გალერეის პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი, ნიკოლოზ რურუა, ესპანეთის სამეფო ოჯახის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები.
      გალერეა „საქართველო“ მადრიდში ქართველ მხატვართა გამოფენებს 3 წლის განმავლობაში უმასპინძლებს.
      „ვერსია“, №33(241) 20-22 მარტი, 2009 წელი.

      P.S. ზემოთ ჩამოთვლილ მხატვრებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ გამოაგზავნონ თავიანთი ნამუშევრების ელექტრონული ვერსიები მისამართზე gugua56@gmail.com, რომლებიც დაემატება შესაბამის განყოფილებაში.



სახელი, გვარი


სახელი, გვარი


სახელი, გვარი



* * *

      თანამედროვე ესპანელების წინაპრები ნახევარკუნძულზე 35000 წლის წინ იწყებენ დასახლებას. ისტორიულ მოსახლეობას წარმოადგენენ იბერიელები და კელტები, რომელთაც თანდათან აითვისეს მთელი ნახევარკუნძული და შექმნეს შერეული, განსხვავებული კულტურა, რომელიც დღეს ცნობილია როგორც კელტურ-იბერიული კულტურა.
      500-300 წწ ჩვ.წ.აღ-მდე ესპანეთის საზღვაო სანაპიროები ბერძნების კოლონიებს წარმოადგენდნენ. ბერძნები კართაგენელებმა შეცვალეს, რომლებიც აკონტროლებდნენ მთელი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს პუნიკურ ომებამდე სადაც მათ მარცხი განიცადეს რომაელებთან, რომლებმაც „გადაიბარეს“ კიდეც კართაგენელებისაგან ბატონობა ესპანეთზე. იდგა 201 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
      ესპანეთი ამარაგებდა რომს პროდუქტით, ზეთის ხილის ზეთით, ღვინითა და მეტალით. იმპერატორები: ტრაიანე, ადრიანე, მარკუს ავრელიუსი, თეოდოსუს 1. ფილოსოფოსი სენეკა, პოეტი მარტიალი, ყველანი ესპანეთში დაიბადნენ.
      ესპანელების ახლანდელი ენა, რელიგია და საკანონმდებლო ბაზა საფუძველს სწორედ რომაულიდან იღებს. მათმა მრავალსაუკუნოვანმა ბატონობამ ესპანურ კულტურაზე დიდი გავლენა იქონია.


   


      რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, ესპანეთი ბარბაროსი დამპყრობლების ხელში აღმოჩნდა. 711-718 წლებში თითქმის მთელი იბერიის ნახევარკუნძული დაიპყრეს ჩრდილოეთ აფრიკიდან შემოსულმა ბერბერმა მუსლიმებმა. ესპანეთის მთიან რეგიონებში მდებარე ქრისტიანულმა სამთავროებმა, რომლებიც ბერბერების შემოსევებს გადაურჩნენ, ასტურიამ, ნავარამ და არაგონმა, დამოუკიდებლ სამეფოებად ჩამოყალიბება დაიწყეს.
      მუსლიმანებმა ესპანეთში შეიტანეს სოციალური დაძაბულობა, მათ ყველაზე მეტად ფეხი მოიკიდეს ვალენსიას რეგიონში და გრანადაში.
      მუსლიმებმა ესპანეთის დედაქალაქად კორდობა გამოაცხადეს, რომელიც სულ მალე შუასაუკუნეების ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ქალაქად ითვლებოდა. 12 საუკუნეში იმდროინდელმა ქრისტიანულმა სამყარომ ბრძოლა გამოუცხადა მუსლიმურ იმპერიებს. გარკვეულწილად შეიძლება ითქვას რომ ძლიერი მუხტი მუსლიმური ესპანეთიდანაც მოდიოდა. მუსლიმებმა ევროპელებისგან მიიღეს დიდი ცოდნა, გაეცნენ ბერძნულ ფილოსოფიას, მათემატიკასა და სხვა მეცნიერებებს.
      ესპანეთის სამეფოს უცხოელი დამპყრობლების ხელში დიდი ხნის ყოფნის შემდეგ როგორც იქნა ეღირსა ამოსუნთქვა. 722 წელს მუსლიმების ცოვადონგას ბრძოლაში დამარცხების შემდეგ იწყება მთელი ერა ასტურიის სამეფოს ჩამოყალიბებით. სულ მალე ესპანეთი განთავისუფლდება მუსულმანთა ბატონობისაგან, ამ დიდ მოვლენას ესპანეთში „რეკონკისტად“ მოიხსენიებენ. 739 წელს მუსლიმები გალისიადან გამოაგდეს, გალისიაში მდებარეობდა შუასაუკუნეების ევროპის ერთ-ერთი წმინდა ქალაქი სანტიაგო დე კომპოსტელია.
      13 საუკუნეში დაიწყო ძლევამოსილი მუსლიმების დაცემა. 1236 წელს კორდობადან ხოლო უკვე 1248 წელს უკვე სევილიადანაც გამოდევნეს ესპანელებმა. საყრდენად მუსლიმებს გრანადა რჩებოდათ, საიდანაც იზაბელამ და ფერდინანდმა გამოდევნეს ისინი 1492 წელს. ამავე წელს უკავშირდება ახალი მიწების აღმოჩენა, როდესაც იზაბელა პირველმა ხელი შეუწყო და დაეხმარა ქრისტეფორე კოლუმბს თავისი ცნობილი მოგზაურობის წამოწყებაში.
      ლეონის, კასტილიის ნავარასა და არაგონის სამთავროების გაერთიანებამ დასაბამი დაუდო თანამედროვე ესპანეთის ტერიტორიის ჩამოყალიბებას. ესპანეთი იქცა ძლევამოსილ იმპერიად.


 


      16 საუკუნეში საკმაოდ ხანგრძლივი პირველი ორი ჰაბსბურგი მეფეების კარლოს პირველისა და ფილიპე მეორის მეფობისას ესპანეთმა აპოგეას მიაღწია. ესპანეთის სამეფო მოიცავდა მთელს ცენტრალურ ამერიკას, მექსიკას (ახალი ესპანეთი), ჩრდილოეთ ამერიკა, ფილიპინები და აზიის ნაწილი, იბერიის ნახევარკუნძული (პორტუგალიის ჩათვლით 1580 წლიდან) იტალიის სამხრეთი ნაწილი. სიცილია, გერმანიის, ბელგიის, ლუქსემბურგისა და ნიდერლანდების ნაწილს. ეს იყო პირველი იმპერია, რომელზეც თქვეს „აქ მზე არასოდეს ჩადის“. ეს იყო ერა ახალი აღმოჩენებისა და ევროპული კოლონიალიზმისა, რომელშიც ესპანეთი მთავარ როლს თამაშობდა. თუმცა ესპანეთი ჩათრეულ იქნა ოცდაათწლიან ომში და მისი ბედის ბორბალიც მალე უკან დატრიალდა. მათ თანდათან მოუწიათ ბრაზილიის, პორტუგალიის, ინდოეთისა და თავიანთი აფრიკული სახელმწიფოების დათმობა.
      ესპანეთს ახალი – ფრანგი ბურბონების დინასტია მართავდა. პირველმა ბურბონმა მეფემ – ფელიპე მეხუთემ, ესპანეთი შეიძლება ითქვას რომ დაანაკუწა. არაგონისა და კასტილიის სამეფოები გამოყო ცალკე სამეფოდ, დანარჩენი ესპანეთის პროვინციებს კი გაფართოებული უფლებები და ზოგს ავტონომიაც კი მიანიჭა.
      ესპანეთმა ახალი ომი წამოიწყო, ამჯერად უკვე საფრანგეთთან 1793 წელს, რამაც ძალზე დაასუსტა ქვეყანა. 1795 წელს ესპანეთი ზავს დებს საფრანგეთთან და უკვე 1796 წელს საფრანგეთის მხარდაჭერას უცხადებს და ებმება ომში ბრიტანეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ. ესპანეთის კატასტროფასთან მიახლოვებული ეკონომიკური მდგომარეობა ამდენ ომს ვეღარ უძლებს ამას დაემატა სხვა სოციალური ფაქტორებიც, რამაც აიძულა ესპანეთის მეფე გადამდგარიყო, ესპანეთის მეფედ ნაპოლეონის ძმა, იოზეფ ბონაპარტე გამოაცხადეს.


   


      ახალ მეფეს ესპანელი ხალხი ზიზღითა და არაკეთილგანწყობილი შეხვდა. 1808 წლის ორ მაისს ესპანელმა ნაციონალისტებმა აჯანყება წამოიწყეს საფრანგეთის არმიის წინააღმდეგ. ეს აჯანყება ესპანეთის ისტორიაში შესულია როგორც ომი დამოუკიდებლობისათვის. ნაპოლეონი იძულებული გახდა თვითონ წამოსულიყო ესპანეთისკენ და ებრძოლა ერთის მხრივ აჯანყებული ესპანელების, მეორეს მხრივ კი ინგლისელებისა და პორტუგალიელების წინააღმდეგ. საბოლოოდ ნაპოლეონი იძულებული ხდება დათმოს პოზიციები და 1814 წელს ესპანეთის სამეფო ტახტს მეფე ფერდინანდ მეშვიდე უბრუნდება.
      ფრანგების ბატონობამ ესპანეთი გაანადგურა, მათი წასვლის შემდეგ ესპანეთი დარჩა ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, დანაწევრებული ტერიტორიებით და პოლიტიკურად არასტაბილურ მდგომარეობაში, საიდანაც ქვეყანა თითქმის მთელი საუკუნის განმავლობაში ვერ ამოვა.
      მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს ესპანეთმა დაკარგა მთელი თავისი კოლონიები კარიბის, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონებში კუბის, ფილიპინების და გუამის ჩათვლით, რომელიც დარჩა ამერიკას ესპანეთ-ამერიკის ომის შემდეგ 1898-ში. 1899 წელს ესპანეთმა ოკეანეთში დარჩენილი კოლონიები გერმანიას მიჰყიდა.
      მეოცე საუკუნე ესპანეთისთვის რამდენიმე მნიშვნელოვალი მოვლენით გამოირჩა. პირველ რიგში რაც ყველაზე მთავარია ქვეყანამ ამოისუნთქა. დაისადგურა სიმშვიდემ რაც ასე დიდი ხანი არ ღირსებია. საუკუნე გენერალ მიგელ პრიმო დე რივერას დიქტატურით დაიწყო (1923-1931), რომელსაც ბოლო მეორე ესპანური რესპუბლიკის ჩამოყალიბებამ მოუღო. რესპუბლიკამ მისცა პოლიტიკური ავტონომია ბასკეთს, კატალონიას და გალისიას. ასევე მისცა საარჩევნო ხმის უფლება ქალებს. ამ ყველაფერს ესპანეთში სამოქალაქო ომი მოჰყვა (1936-1939 წ.წ.). სამ წელიწადში გენერალმა ფრანსისკო ფრანკომ გერმანიისა და იტალიის დახმარებით აღმოჩნდა ესპანეთის სათავეში. რესპუბლიკურ ძალებს მხარდაჭერას საბჭოთა კავშირისა და მექსიკისგან ჰქონდათ. თუმცა ერთადერთი ლეგალური პარტია რომელიც იმ დროისათვის ესპანეთში არსებობდა იყო 1937 წელს ჩამოყალიბებული Falange española tradicionalista y de las JONS. პარტია უარყოფდა ყოველგვარ ნაციონალიზმს, კათოლიციზმს და კომუნიზმს.
      გენერალ ფრანკოს სიკვდილამდე 1975 წლის ნოემბერში მან მოისურვა რომ ქვეყანაში დაბრუნებულიყო პრინცი ხუან კარლოსი, რომელიც გამოცხადდა ესპანეთის მეფედ და ქვეყნის მეთაურად. 1978 წელს ესპანეთმა მიიღო კონსტიტუცია. რომლის მიხედვითაც ავტონომია მიიღო ბასკეთის რეგიონმაც, თუმცა ისინი დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან, მათ ძლიერ დასაყრდენს წარმოადგენს ბასკური ტერორისტული დაჯგუფება “ეტა“. 1986 წელს ესპანეთი შეუერთდა ევროკავშირს და ბოლოს 2002 წელის 1 იანვარს ესპანეთმა თავისი ეროვნული ვალუტა – პესეტა ჩაანაცვლა საერთო ევროპული ვალუტით ევროთი.