გეოგრაფიული მოგზაურობა ირანში


dvala
      2009 წლის თებერვლის ბოლო დღეს გეზი ავიღეთ ირანისაკენ. მოგზაურთა შორის სხვადასხვა სპეციალობის და სხვადასხვა ასაკის 16 მოგზაური ერთი მიზნით გაერთიანებული ვიყავით. მოგზაურობას ხელმძღვანელობდა გეოგრაფიის დოქტორი, ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიისა და კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის განყოფილების გამგე, ბატონი გიორგი დვალაშვილი. ექსპედიციაში საორგანიზაციო საქმეების მოგვარებაში აქტიურად მონაწილეობდა მსოფლიო ველო-მოგზაური, გინესის რამდენიმე გზის რეკორდსმენი ბატონი ჯუმბერ ლეჟავა, რომელიც ირანში უკვე მესამედ მოემგზავრებოდა, ამჯერად წინა ორისგან განსხვავებით ველოსიპედის გარეშე მოგზაურობდა. ირანში მოგზაურთა შორის შემდეგი მგზავრები იყვნენ: გოჩა ურუშაძე – სკოლა ,,ოპიზას” დირექტორი, ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის ლაბორანტი, მაგისტრი, გეოგრაფიის პედაგოგი ნანა კვირკველია, გეოგრაფიის ინსტიტუტის ინჟინერი, მაგისტრანტი ბაგრატ კიკვაძე, საქართველოს საჯარო რეესტრის თანამშრომელი, გეოგრაფიის მაგისტრი გიორგი ტაბატაძე, ,,თიბისი ბანკის” თანამშრომელი, გეოგრაფიის მაგისტრი ალექსანდრე გაბელია, ჟურნალისტი, გეოგრაფიის მაგისტრი ნინო კალანდარიშვილი, გამომცემლობა ,,არტანუჯის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინო ყულოშვილი, გამომცემლობის თანამშრომელი მართა წიკლაური, ფილოლოგიის მაგისტრი, პედაგოგი ეკა კაკაურიძე (ტრაგიკულად დაიღუპა ავტოკატასტროფაში 2009 წლის 28 აპრილს ქ. ხაშურთან), თსუ-ს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეომორფოლოგია-კარტოგრაფიის სპეციალობის მაგისტრანტი ნანა ოღრაპიშვილი, ამავე ფაკულტეტის ბაკალავრი გიორგი პაჭიკაშვილი, თსუ-ს საზოგადოებრივი გეოგრაფიის სპეციალობის ბაკალავრი შავლეგ ურუშაძე, ფოტოხელოვანი, პიარ-მენეჯერი პაატა ვარდანაშვილი. მოგზაურობის სრულყოფილად წარმართვაში უდიდესი წვლილი შეიტანა გამოცდილმა ,,მოგზაურმა” ბატონმა ვაგნერ ოღიაშვილმა, რომლის მიერ პროფესიონალურად საჭის მართვის დამსახურებით მოგზაურობის დროს ჯამში 6 000 კილომეტრი გავიარეთ.


       საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი 28 თებერვალს ღამის 1 საათზე გადავკვეთეთ, საზღვრის გადალახვის პროცედურა 2 საათი გაგრძელდა, საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრის მოგზაურობის შემდეგ გზა შეგვეშალა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე აღმოვჩნდით ქალაქ ყაზახიდან რამდენიმე კილომეტრში, შემდეგ გეზი უკვე განჯის მიმართულებით ავიღეთ, გზაში აზერბაიჯანის ავტოინსპექციის თანამშრომლების ,,ჩასაფრების” შედეგად რამდენიმე ათეული აზერბაიჯანული მანეთი ,,შეგვაწერეს”. ალიონს მშენებარე აზერბაიჯანის ავტობანზე შევხვდით ქალაქ ევლახთან. შემდეგ კი გეზი აზერბაიჯანის სასაზღვრო ქალაქ ასტარასკენ ავიღეთ, მოძველებული გზის გავლით საღამოს 5 საათზე კასპიის ზღვის სანაპირო ქალაქ ასტარასთან გავჩერდით მინერალურ წყალთან, სადაც ბატონმა ჯუმბერმა გვითხრა, რომ აქ წყალს ცეცხლი ეკიდება, ჩვენმა გაოცებამ პიკს მიაღწია როდესაც ბატონმა ჯუმბერმა სასმელ წყალს ცეცხლი მოუკიდა, ამ ადგილებში ნავთობის და გაზის უზარმაზარი მარაგია, წყალს მოყვება გაზი, რომელსაც ცეცხლი ეკიდება.


   
ასტარის ცეცხლმოკიდებული წყალი
 
ფერეიდნელების დევიზი
 
ფერეიდნული სუფრა

       აზერბაიჯან-ირანის საზღვარზე ჩვენი დროით საღამოს 5 საათზე გადავედით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა და მებაჟეებმა სწრაფად გაგვატარეს, გადავედით მდინარე ასტარისწყალზე არსებულ ხიდზე, რომელიც აზერბაიჯანის ასტარას ირანის ასტარასაგან გამოყოფს. ირანის საზღვარზე გაცილებით უფრო ორგანიზებულად შეგვიმოწმეს საბუთები, აგრეთვე შეამოწმეს ჩვენი ავტომობილი FORD-transit, რომელიც ირანელებისთვის უცხო სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენს და ხშირად სამახსოვრო ფოტოებსაც უღებდნენ.
       ირანის ისლამური რესპუბლიკა. ქვეყნის სახელწოდება მომდინარეობს ძველი არიანადან – "არიელების ქვეყანა" (პროტო-ინდოევროპულ ენაზე “არია” სიტყვის ზოგადი მნიშვნელობაა “კეთილშობილი” ან “თავისუფალი”). ეს ტერმინი იხმარებოდა სასანიანთა სახელმწიფოს ძირითადი ნაწილის აღსანიშნავად. თვითონ ირანელები თავის ქვეყანას ყოველთვის ამ სახელით მოიხსენიებდნენ, ევროპელებმა კი სპარსეთი (პერსია) შეარქვეს ცენტრალური ოლქის ფარსის ანუ პარსის სახელის მიხედვით. 1935 წელს ქვეყნის ხელისუფლებამ მიმართა მსოფლიოს სახელმწიფოებს, რომ იგი ოფიციალურად მოეხსენიებინათ, როგორც ირანი.


ირანის უდაბნო

       ქვეყნის კოდი: IR. ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. მოსაზღვრე ქვეყნებია: თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქმენეთი, ავღანეთი, პაკისტანი, ქუვეითი, ერაყი. ფართობი – 1.648.000 კვ.კმ. წყალი 0.7 %; მოსახლეობა – 72,4 მლნ. კაცი (XVII მსოფლიოში); ბუნება: მთები – ელბრუსი და ზაგროსი, უმაღლესი მწვერვალი – დამავენდი 5.604 მ; უდიდესი მდინარე – ქარუნი 830 კმ; მთავარი ტბები (კვ.კმ) – კასპიის ზღვა 371.000, ურმია 5.800, ნამაქი 1.800; უდიდესი კუნძული – ყეშმი 1.330 კვ.კმ; კლიმატი – კონტინენტური, მშრალი. ბუნებრივი რესურსები: ნავთობი, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი, ქრომი, სპილენძი, რკინის მადანი, ტყვია, მანგანუმი, თუთია, გოგირდი. გაზისა და ნავთობის მოპოვების უდიდესი რაიონია სპარსეთის ყურე, კერძოდ ხუზისტანი. სახელმწიფო სისტემა: თეოკრატიული ისლამური რესპუბლიკა. ეროვნული დღესასწაული: 11 თებერვალი (რევოლუციის დღე). სახელმწიფოს მეთაური: სულიერი ლიდერი – აიათოლა საიდ ალი ხამენეი (Ayatollah Ali Hoseini-KHAMENEI, 1989), პრეზიდენტი – მაჰმუდ აჰმადი ნეჯადი Mahmoud Ahmadinejad, 2005). საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი – მეჯლისი (270 წევრი).
       ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 28 ოსთანი (ოსთან): არდაბილი – ბუშეჰირი – გილანი – გულისტანი – დასავლეთი აზერბაიჯანი – ისფაჰანი – ზენჯანი – თეირანი – იაზდი – ილამი – ლურისტანი – მარკაზი – მაზანდარანი – სემნანი – სისტანი და ბელუჯისტანი – ფარსი – ქერმანი – ქერმანშაჰი – ქოხგილუე და ბოიერაჰმედი – ქურთისტანი – ყაზვინი – ყომი – ჩახარ-მახალი და ბახთიარია – ჩრდილოეთი აზერბაიჯანი – ხორასანი – ხუზესტანი – ჰამადანი – ჰორმოზგანი. მოსახლეობა: 71 მლნ (2005), მათ შორის სპარსელები – 51%, აზერბაიჯანელები – 24%, ქურთები – 7%, გილანელები და მაზანდარანელები – 8%, არაბები – 3%, ლურები – 2%, ბელუჯები – 2%. ქართველები – 0,01%); ენები: ფარსი (58%), თურქული ენები (26%), ქურთული (9%), ლური, (2%), ბელუჯური (1%), არაბული (1%). რელიგია: ისლამი. ქალაქები (ათ.): თეირანი (7.894; აგლომ. 11.225), ისპაჰანი (1.378; აგლომ. 2.652), მეშჰედი (2.061), თავრიზი (1.213), შირაზი (1.176). ვალუტა: რიალი (IRR).


 
ოაზისი უდაბნოში
 
ირანის ტროპიკები
 
ზაგროსის მთები
 
დათოვლილი ფერეიდანი

       მე-19 საუკუნის ბოლოდან ირანი ინგლისისა და რუსეთის ნახევარკოლონია იყო. 1921 წელს ინგლისელთა ხელშეწყობით მოხდა სამხედრო გადატრიალება და დამყარდა რეზა ფეხლევის დიქტატურა, რომელიც 1925 წელს შაჰად გამოცხადდა. მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ირანი აშშ-ს პოლიტიკის იყო. იგი გახდა სენტოს სამხედრო ბლოკის წევრი. 70-იანი წლების ბოლოს გაჩაღდა ბრძოლა შაჰის რეჟიმის წინააღმდეგ. 1979 წელს იგი დამხობილ იქნა და ირანელთა რელიგიურმა ლიდერმა აიათოლა ხომეინიმ ისლამური რესპუბლიკა გამოაცხადა. 1980-1988 წლებში შათ-ელ-არაბის დინებაში სადავო ტერიტორიების გამო აწარმოებდა ომს ერაყთან. 1991 წელს ირანში შემოვიდა დაახლოებით 1 მლნ. ქურთი, რომლებიც სადამ ჰუსეინის რეჟიმს განერიდნენ. 2000 წლის არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტი მოჰამედ ხათამი ლიბერალურ რეფორმატორულ პოლიტიკას ატარებდა. ამჟამად ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადი ნეჯადი რადიკალური ისლამური კურსის გამტარებელია.
       ირანის დედაქალაქი – თეირანი – არქეოლოგიური მუზეუმი, ხალიჩების მუზეუმი, იმამის მეჩეთი; თანამედროვე მუზეუმი; ისპაჰანი – სპარსეთის ოქროს ხანის ქალაქი მეჩეთებითა და ბარებით; ჩეჰელ სოთუნი; თავრიზი – ცისფერი მეჩეთი (XIII ს.), ციხე-სიმაგრე (XIV ს.); პერსეპოლისი – დარიუსის სასახლე; თახთე ჯამშიდი; იაზდი – ზოროასტრთა ტაძარი, იაზდის ქარსაჭერები, სეფიანთა პერიოდის ნაქალაქარები. წმინდა ქალაქები – ყუმი და მეშხედი; ნიშაბური – ომარ ხაიამის საფლავი; სპარსული ეპოსი – შაჰ-ნამე (X ს.).
       ირანის ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ ქალაქ ასტარაში ნორმალურ სასტუმროში დავბინავდით. შემდეგ ღამის ქალაქი დავათვალიერეთ და კასპიის ზღვის სანაპიროზეც გავიარეთ. კასპიის ზღვა ხმელეთშუა მოქცეული ენდორეული ზღვაა ევრაზიაში, აზიისა და ევროპის გასაყართან; მსოფლიოს უდიდესი ხმელეთს შორის მოქცეული წყლის აუზი; მისი ფართობია 371.000 კმ, მაქსიმალური სიღრმე 1025 მ. შესაბამისად მას ზღვისა და ტბისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს. მას ხშირად ასევე მსოფლიოს უდიდეს ტბადაც მოიხსენიებენ, თუმცა იგი მტკნარი არ არის. მისი მარილიანობა დაახ. 1,2% შეადგენს, რაც ზღვის წყლის მარილიანობის მესამედია.
       2009 წლის გაზაფხულის პირველ დღეს ირანში შევხვდით, ქალაქი ასტარა დილით ადრე დავტოვეთ. ალიონს შევეგებეთ გილანის პროვინციის ქალაქ თალისში. ძალიან საინტერესო იყო ზღვაზე მზის ამოსვლა – აისი ზღვაზე მოგზაურების უმეტესობამ პირველად ვნახეთ. ამ ადგილს აღმოსავლეთიდან კასპიის ზღვა, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით თალისის მთები ესაზღვრება. თალისის მთები, საშუალო სიმაღლის მთები აზერბაიჯანისა და ირანის საზღვარზე. შედგება ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმული სამი ქედისაგან, რომლებიც მთათაშუა ქვაბულებითაა გაყოფილი. თალისის მთები ციცაბოდ ეშვება ლენქორის დაბლობისაკენ. სიმაღლე 2477 მ. აღწევს (მთა გომურგოი). უმთავრესად აგებულია კაინოზოური ასაკის ფლისური, ვულკანოგენური და ინტრუზიული ქანებით, სეისმურია, აღმოსავლეთ კალთებზე 600 მ. სიმაღლემდე სუბტროპიკული ტყეებია, ზევით წიფლის ტყეა, მთავარ თხემზე – ბუჩქები, მთის ქსეროფიტული და მთის მდელო-სტეპური მცენარეულობა.
       შემდეგ გზა განვაგრძეთ და გავჩერდით გილანის პროვინციის დედაქალაქ რაშთში, გილანის პროვინცია (ფართობი 14,45 ათასი კვ.კმ, მოსახლეობა 2,5 მლნ. კაცი) ძალიან წააგავს თავისი ბუნებრივი პირობებით და რელიეფით კოლხეთის დაბლობს – საქართველოს რეგიონებს გურიასა და აჭარას. ქალაქ რაშთიდან მდინარე ქეზელ ოვზანის ხეობას გავყევით ზემო წელისაკენ, ქალაქ რუდბართან ვნახეთ საკმაოდ დიდი წყალსაცავი, ხოლო ქალაქ ლოუსანთან ახლოს ვნახეთ რამდენიმე ასეული ქარის გენერატორები, რომლებიც მუდმივად მუშაობენ და ქარის ენერგიას იყენებენ ელექტროენერგიის მისაღებად, აღსანიშნავია, რომ მდინარე ქეზელ ოვზანის ხეობა არ გამოირჩევა ძლიერი და ხშირი ქარის გავრცელებით, მაგრამ მაინც იყენებენ ქარის ენერგიას. ქალაქ ასტარადან ყაზვინამდე 380 კმ. გავიარეთ.
       გილანის პროვინციის შემდეგ შევედით ყაზვინის პროვინციაში (ფართობი 15,6 ათასი კვ.კმ, მოსახლეობა 1,2 მლნ. კაცი). ქალაქ ქაზვინიდან საერთაშორისო მაღალი კლასის ავტობანით გავემგზავრეთ ირანის დედაქალაქ თეირანისკენ. ავტობანზე შესვლისას გადავიხადეთ 2 ათასი ირანული რეალი (დაახლ. 30 თეთრი), ავტობანით მანძილი 160 კმ. ყაზვინსა და თეირანს შორის დავფარეთ 1,5 საათში. თეირანში გაჩერებას და ქალაქის ცენტრისკენ წასვლას არ ვგეგმავდით, მაგრამ იმის იმედით რომ ისპაჰანისაკენ ან ქალაქ ყუმისაკენ მიმავალი გზის მანიშნებელი წარწერა სადმე აღმოჩნდებოდა, ქალაქის ცენტრსა და უკიდურეს ჩრდილოეთ გარეუბანში აღმოვჩნდით. 2 საათის უშედეგო ცდის შემდეგ თეირანის ქუჩაში ტაქსი გავაჩერეთ და 35 კმ. გავიარეთ, რათა ქ. ყუმის გზისკენ აგვეღო გეზი, ტაქსის მძღოლს ძალიან მცირე თანხა, დაახლოებით 3 დოლარი (რაც მრიცხველმა დაწერა) გადავუხადეთ და ღამის 8 საათზე ქალაქ ისპაჰანისკენ გავემგზავრეთ. ქალაქ ყუმთან ახლოს მანქანა დაგვიზიანდა და შევჩერდით, რამდენიმე წუთში 3 სამაშველო მანქანა მოვიდა და დახმარება შემოგვთავაზა, მანქანა მალევე შევიდა მწყობრში და თეირანიდან 450 კმ. მოშორებით მდებარე ქალაქ ისპაჰანში შევედით. ისპაჰანი ან ესფაჰანი (ძვ. სპარსულით ასპადანა, შუა სპარსულით სპაჰანი, სპარს.: اصفهان‎), მდებარეობს თეირანიდან 340 კმ-ში, ისპაჰანის პროვინციის დედაქალაქი და ირანის სიდიდით მესამე ქალაქი (თეირანის და მაშხადის შემდეგ). 2000 წელს მოსახლეობა 2.040.000 ადამიანს შეადგენდა. ირანის ყოფილი დედაქალაქი (XVI-XVII საუკუნეებში). შევედით, გზად გავიარეთ ყუმის პროვინციაც (ფართობი 11.2 ათასი კვ.კმ, მოსახლეობა 1,1 მლნ. კაცი).
       გაზაფხულის პირველ დღეს საკმაოდ დიდი მანძილი (დაახლოებით 1100 კმ.) გავიარეთ ირანში და ღამე ქალაქ ისპაჰანში ერთ-ერთ კარგ სასტუმროში Azadi ჰოტელში დავბინავდით.
       შემდეგ დღეს გეზი უკვე ზაგროსის მთების მიმართულებით ავიღეთ და ისპაჰანის პროვინციის (ფართობი 106 ათასი კვ.კმ, მოსახლეობა 4 მლნ. კაცი) ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში ფერეიდუნ შახრში მივედით. რომელიც ზღვის დონიდან საკმაოდ მაღალ, 2550 მეტრზე მდებარეობს, შემდეგ ფერეიდნის უღელტეხილის გავლით, ზღვის დონიდან 2844 მეტრი შევედით ლამაზ სოფელ ჩუღურეთში (ანუ ჩუღრუთში).


 


       ისპაჰანთან მდებარეობს მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში შაჰ-აბასის მიერ კომპაქტურად ჩასახლებული ქართველების (ფერეიდუნ შაჰრი) და სომხების (ვანქი) დასახლებები. სომხურმა დიასპორამ შესძლო ქრისტიანობის შენარჩუნება, ქართულმა კი – ვერა. ამას ქართულ დიასპორას სისუსტეში ვერ ჩავუთვლით. ქართველები მეომრებად გამოიყენებოდნენ, ამიტომ ბრძოლის შედეგებში მათი დაინტერესებისთვის აუცილებელი იყო მათი ისლამზე მოქცევა. გამუსლიმების შემთხვევაში ისინი მამაცად იბრძოლებდნენ ქრისტიანთა წინააღმდეგ. რაც შეეხება სომხურ მოსახლეობას, ისინი, ტრადიციულად, ხელოსნობას მისდევდნენ. მათი ქრისტიანებად დარჩენა ირანის სახელმწიფოს საშიშროებას ვერ შეუქმნიდა. ამგვარად, რელიგიური შევიწროვება მეტისმეტად მძიმე ხასიათს არ ატარებდა. ქრისტიანობის შენარჩუნების მიზნით იმ პერიოდშიც და შემდეგაც ბევრი ქართველი სომხად დაეწერა. დრეს ისპაჰანში ან ირანის სხვა ქალაქებშიც თუ ვინმეს სპარსულად ჰკითხეს: "არმანი ჰასთი?" ანუ სომეხი ხარო? სინამდვილეში კითხულობს მის რელიგიურ მრწამსს. უბრალო ირანელისთვის სომეხი ქრისტიანს ნიშნავს, ისევე როგორც, არც თუ შორეულ წარსულში ქართველისათვის "ფრანგი" ერთდროულად ევროპელსა და კათოლიკეს აღნიშნავდა.
       ირანის რევოლუცია იყო მოვლენათა სერია მომხდარი 1979 წელს, რომლის შედეგად ირანი კონსტიტუციური მონარქიიდან სახალხო თეოკრატიულ ისლამურ რესპუბლიკად იქცა; შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი შეცვალა აიათოლა რუჰოლა ხომეინიმ. რევოლუცია ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე ლიბერალთა, მემარცხენეთა და რელიგიურ ჯგუფთა ალიანსმა შაჰის მმართველობა ჩამოაგდო; მეორე ეტაპზე, რომელსაც ისლამურ რევოლუციასაც უწოდებენ, აიათოლა მოვიდა მართვის სათავეში. შემდგომ პერიოდში ისლამური კულტურული რევოლუცია განხორციელდა.
       აიათოლა სეიედ რუჰოლა მუსავი ხომეინი (სპარს.: آیتالله روحالله خمینی არაბ.: روح الله الخميني ) (პირდაპ. მნიშვ. რუჰოლა – ალაჰის სული) (*17 მაისი, 1900 - 3 ივნისი, 1989) – ირანელი შიიტი სასულიერო მოღვაწე, პოლიტიკური და სულიერი ლიდერი 1979 წლის ისლამური რევოლუციისა, რომლის შედეგად ტახტიდან ჩამოგდებულ იქნა მოჰამედ რეზა ფეჰლევი, ირანის ბოლო შაჰი. ხომეინი სულიერ მამადაა მიჩნეული მრავალი შიიტი მუსლიმანისთვის და ირანში მას ოფიციალურად იმამს უწოდებენ აიათოლას ნაცვლად, ისევე როგორც მისი მოძღვრების მიმდევრები. ხომეინის ბევრი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად მიიჩნევს და ჟურნალმა "ტაიმი" ის 1979 წელს წლის ადამიანად გამოაცხადა.
       ფერეიდანში შესვლისას ჩვენმა ჯგუფმა მოვინახულეთ ირან-ერაყის ომის დროს დაღუპულ ქართველთა საძმო სასაფლაო, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ქართველ გმირთა თავგანწირული ვაჟკაცობის შესახებ, ქართველები 4 საუკუნის განმავლობაში მუდმივად ირანის დამცველთა შორის მოწინავე რიგებში იყვნენ და ირანის პატრიოტები იყვნენ და დღესაც ასეა. შემდეგ ქალაქის ქუჩებში გავიარეთ, გზად ქართველები გვესალმებოდნენ და გვეკითხებოდნენ საქართველოს ამბებს. გავიცანით ფერეიდნელი ქართველები, ყველამ აღნიშნა, რომ დიდი სურვილი აქვთ საქართველოში ჩამოსვლის და იმედოვნებენ, რომ უახლოეს ხანში აუცილებლად ნახავენ ნანატრ მშობლიურ მიწა-წყალს. ფერეიდნის პროვინციაში მოვინახულეთ ძმები, რომლებიც 2004 წელს ფეხით ჩამოვიდნენ საქართველოში. ოჯახშიც მიგვიპატიჟეს და ვისაუბრეთ მათ მართლაც ისტორიულ მოგზაურობაზე, რომელიც ფეხით, ფერეიდნიდან თბილისამდე ერთი თვე გაგრძელდა და ზუსტად იმ მარშრუტით წარიმართა, რომელი გზითაც საქართველოდან ფერეიდანში ჩამოასახლეს მათი წინაპრები.


 
 
 
არია ხოსროვი (ხოსროშვილი) საქართველოში
ფერეიდნელი მასპინძლის აბრა
 

 
ფერეიდნული კერძი
 
ქართული სახლი მარტყოფში

       ირან-ერაყის ომის პირველსავე დღეს 1981 წლის 7 ივნისს ისრაელის ორმა ფ-16 ტიპის სამხედრო თვითმფრინავმა დაბომბა იმ დროს მშენებლობის პროცესში მყოფი ერაყული ატომური რეაქტორი "ოსირაკი". დაბომბვას ემსხვერპლა იქ მომუშავე ერთი ფრანგი ტექნიკოსი. ისრაელის მთავრობის განმარტებით თავდასხმა მიზნად ისახავდა ხელი შეეშალა ერაყისათვის ატომური ბომბის წარმოების საქმეში. ისინი "ოსირაკში" არა ატომურ ელექტროსადგურს ხედავდნენ, არამედ ბაზას ატომური იარაღის წარმოებისათვის. 1984 წელს სპარსეთის ყურეში დაიწყო ე. წ. ტანკერული ომი, რომელმაც მწვერვალს 1987 წელს მიაღწია და ამ ხნის განმავლობაში ამ ომს 500-მდე ტანკერი ემსხვერპლა. 1985 წელს ერაყმა დაიწყო ე. წ. "საქალაქო ომი". რაც მიზნად ისახავდა ირანის ქალაქების რაკეტებითა და არტილერიის საშუალებით სისტემატიურ დაბომბვას. ამ ოპერაციას 100.000 ირანელი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
       ომი ერაყის მხრიდან ექსტრემალური სისასტიკით გამოირჩეოდა. 1984 წელს სადამ ჰუსეინი არ მორიდებია ქიმიური იარაღის (ტაბუნი, იპრიტი) გამოყენებასაც. ეს იარაღი მან შემდგომში საკუთარი მოსახლეობის (ქურთები) წინააღმდეგაც გამოიყენა. ქიმიურ იარაღს სადამ ჰუსეინი ამზადებდა გერმანიიდან შემოტანილი, თითქოს და პესტიციდების მოპოვებისათვის საჭირო დანადგარებით. ირანი ამ დროს საერთაშორისო სარბიელზე ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა, ამიტომაც ერაყის ამ სისასტიკეს მსოფლიოში ფართო მასშტაბიანი საპროტესტო აქციები არ მოჰყოლია.
       ომი ტაქტიკურად პირველ მსოფლიო ომს მიაგავდა. ანუ ადგილი ჰქონდა ორივე მხრიდან ქვეითთა დიდ დანაკარგიან ტალღისებურ შეტევებს და პოზიციურ ომს. 1982 წლის ივნისში ირანმა განახორციელა წარმატებული შეტევა, რითაც დაიბრუნა მანამდე დაკარგული ტერიტორიები. ამ გამარჯვებით დამფრთხალმა ერაყმა საზავო მოლაპარაკებები დაიწყო, მაგრამ ირანი სადამის რეჟიმის შეცვლას მოითხოვდა და შედეგი ომის კიდევ 6 წლით გაგრძელება იყო.
       დასავლეთის ქვეყნები სპარსეთის ყურეს თავიანთი საზღვაო ძალებით იცავდნენ. 1987 წლის 17 მაისს ერაყიდან გასროლილი რაკეტა მოხვდა ამერიკულ ფრაგატა "უსს სტარკს" და 37 მეზღვაურის სიცოცხლე იმსხვერპლა. 1988 წლის 3 ივლისს ამერიკულმა კრეისერმა "უსს ვინსენესმა" შეცდომით ცეცხლი გაუხსნა ირანულ სამგზავრო თვითმფრინავს, რომელიც მათ სამხედრო თვითმფრინავად მიიღეს. შედეგად თვითმფრინავი ჩამოვარდა და ყველა 290-ვე მგზავრი დაიღუპა. სადამ ჰუსეინის მიერ გამოყენებულ ქიმიურ იარაღს უამრავი ირანელი და ქურთი შეეწირა. სადამ ჰუსეინის მიერ გაზით მოწამვლითი შეტევა ჰალაბიაზე. მისი შედეგები ორივე მეომარი მხარისათვის დამღუპველი იყო. სავარაუდოდ ომს 1.000.000 ადამიანი ემსხვერპლა და ნავთობის ექსპორტის შეჩერებამ ორივე ქვეყნის ეკონომიკა ძლიერ დააზარალა. ერაყი არაბული ქვეყნების ვალში ჩაეფლო, რაც მიზეზი იყო 1990 წელს დაწყებული თავდასხმისა ქუვეითზე. საზღვრები ხელუხლებელი დარჩა. ირანი შატ-ელ-არაბის მარჯვენა ნახევარს აკონტროლებდა. სტატუს ქვო სადამ ჰუსეინმა 1991 წელს, მეორე ომში დამარცხების შემდეგ ოფიციალურად აღიარა.
       ირანში ჩვენი მასპინძელი საიდ მულიანი იყო. ვებ-გვერდის www. fereidani.ge აქტიურმა მკითხველებმა ბატონი საიდის (გიორგი მულაშვილის) შესახებ ბევრი რამ იცის, ჩვენ იმას დავამატებთ, რომ ბატონი საიდი აგრეთვე დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ისპაჰანის უნივერსიტეტში, სადაც სწორედ ბატონ საიდის ძალისხმევით, უნივერსიტეტმა გვიმასპინძლა, უნიკალურ სასტუმროში დავბინავდით, რომელიც ისპაჰანის უნივერსიტეტის საკუთრებაშია და ქალაქ ისპაჰანის გარეუბანში მდებარეობს, უნივერსიტეტიდან ხელისგულივით მოჩანს ქალაქი ისპაჰანი. ისპაჰანის უნივერსიტეტში მოხსენება გააკეთა გიორგი დვალაშვილმა, წარმოადგინა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის ,,სამეცნიერო-პოპულარული ლექციები საჯარო სკოლებისათვის”, სხვადასხვა თემებზე საქართველოს რეგიონებში წაკითხული მასალა, სადაც საქართველოს ბუნების მრავალფეროვნებაზე და ირანის ბუნებასთან მსგავსებაზე და განსხვავებაზე იყო აქცენტი გაკეთებული. განსაკუთრებულად ყურადღება გამახვილდა ირანის წყლის რესურსებზე და წყლის პრობლემაზე. დაიგეგმა ერთობლივი პროექტები და გაცვლითი პროგრამები.


 


       დედის დღეს, 3 მარტს ქალაქ ისპაჰანის ღირსშესანიშნაობანის დათვალიერებას დავუთმეთ დრო. განსაკუთრებულად ყურადღება მივაქციეთ აქაურ არქიტექტურას და ქალაქის გაშენიანებას. ისპაჰანის სილამაზეს და არქიტექტურულ ხიბლს გარკვეულწილად განსაზღვრავს მდინარე "ზაიანდე რუდი" და მასზე გადებული ხიდები, რომელთა შორის აღსანიშნავია "პოლ-ე ხაჯუ" და "სიოსეპოლი". ეს უკანასკნელი (რომლის თარგმანი იქნება "ოცდაცამეტი ხიდი") შაჰ-აბასის სეფაჰსალარის, ალავერდი-ხან უნდილაძის აშენებულია.
       ალავერდი-ხანი (24 მაისი, 1614), ირანის სარდალი და პოლიტიკური მოღვაწე. გამაჰმადიანებული ქართველი (საქართველოდან ტყვედ წაიყვანეს ბავშვობაში), გვარად უნდილაძე. ირანის ჯარის პირველი ყულარაღასი, ფარსის ბეგლარბეგი, აბას I-ის სამხედრო რეფორმების ერთ-ერთი აქტიური გამტარებელი. როგორც სარდალმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ოსმალეთთან ომში (1603—1612). ისპაანში ააშენა ხიდი მდ. ზენდერუდზე, რომელსაც დღესაც მისი სახელი ჰქვია. აბას I-ის ბრძანებით ალავერდი-ხანი დიდი პატივით დაკრძალეს მეშჰედში. ირანში ალავერდი-ხანის შვილებიც დაწინაურდნენ. უფროსმა იმამყული-ხანმა მამის სიკვდილის შემდეგ ფარსის ბეგლარბეგობა მიიღო, ხოლო უმცროსმა დაუდ-ხანმა – ყარაბაღისა.



       ერთ-ერთი ვერსიით, ალავერდი-ხან უნდილაძე შაჰის ბრძანებით მოკლეს, რადგან ფაქტობრივად იგი შაჰზე გავლენიან პიროვნებას წარმოადგენდა. იმამყული-ხანი (დ.XVI ს. უკანასკნელი მეოთხედი – გ.1633), ირანის ჯარის ყულარაღასი, გამოჩენილი სარდალი. ქართველი, ალავერდი-ხან უნდილაძის შვილი. მისი მეთაურობით ირანელებმა პორტუგალიელები განდევნეს კ. ჰორმუზიდან (1923). იმამყული-ხანმა ირანში დიდი საირიგაციო და სამშენებლო სამუშაოები ჩაატარა (გაიყვანა გზები, არხები, ააგო ხიდები, კაშხლები). იგი ძალზე გონიერი და მწიგნობარი კაცი იყო, აინტერესებდა პლატონისა და არისტოტელეს თხზულებებიც. დანათესავებული იყო ქართველ ფეოდალებთან ირანსა თუ საქართველოში (მისი ერთი ქალიშვილი ანდუყაფარ ამილახორის ცოლი იყო და საქართველოში ცხოვრობდა, მეორე დაუდ-ბეგ გურჯზე იყო გათხოვილი, ხოლო მესამე ალიყილი-ბეგს, როსტომ-ხან სააკაძის ძმას ჰყავდა ცოლად).


 


       იმამყული-ხანის შესახებ საინტერესო ცნობებია სპარსულ, ქართულ და ევროპულ წყაროებში, სადაც იგი დადებით პიროვნებადაა წარმოდგენილი. პიეტრო დელა ვალე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იმამყული-ხანი მფარველობდა ქეთევან დედოფალს, ლუარსაბ II-ს, თეიმურაზის შვილებს. იმამყული-ხანის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე სპარსულად მხატვრული ნაწარმოებებიც დაიწერა ("ჯანგნამეი ყეშმ", "ფარუხნამე"). მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმამყული-ხანის პიროვნებასა და მოღვაწეობას თეიმურაზ I-ის პოემაში "წამება ქეთევან დედოფლისა". იმამყული-ხანს დაბრალდა თავისი ძმის, დაუდ-ხან უნდილაძის, აჯანყებაში მონაწილეობა და ოჯახთან ერთად შაჰ-სეფი I-ის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს.
       დაუდ-ხანი (დ.XVI საუკუნის II ნახევარი – გ.XVII საუკუნის I ნახევარი), განჯა-ყარაბაღის ბეგლარბეგი 1625-1633 წლებში, წარმოშობით ქართველი, ალავერდი-ხანის ძე. ცოლად ჰყავდა თეიმურაზ I-ის და ელენე. დაუდ-ხანს ახლო ურთიერთობა ჰქონდა გიორგი სააკაძესთან და გარეული იყო მარტყოფის ბრძოლის მომზადებაში. 1625 წელს, როგორც შაჰის მოციქული, მონაწილეობდა თბილისის მახლობლად თეიმურაზ I-თან გამართულ მოლაპარაკებაში. იგი ცდილობდა, შაჰ-აბას I დაეყენებინა საქართველოს მიმართ უფრო კომპრომისული პოლიტიკის გზაზე. 1629 წელს ირანში შაჰ-სეფი I-ის კარზე დაწინაურებულმა ქართველმა ბატონიშვილმა ხოსრო-მირზამ (როსტომი) მოახერხა დაუდ-ხანის ჩამოქვეითება. 1630-1631 წლებში სეფი I-მა დაუდ-ხანი მეჯლისიდან გააძევა. 1633 წელს დაუდ-ხანი აქტიურად მონაწილეობდა თეიმურაზ I-ის მეთაურობით სეფიანთა წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში. სეფი I-მა თეიმურაზს მოსთხოვა დაუდ-ხანის გაცემა, სანაცვლოდ პატიებას შეჰპირდა, მაგრამ თეიმურაზმა შაჰს უარი შეუთვალა. დაუდ-ხანმა ოსმალეთს შეაფარა თავი. გარდა იმისა, რომ დაუდ-ხანი ნიჭიერი მხედართმთავარი იყო, მას სააღმშენებლო საქმიანობაშიც მიუძღოდა წვლილი, ააგო ბაზრები, ქარვასლები და სხვა.
       შაჰ აბასის გრანდიოზული ურბანული პროექტის ნაწილი მის ახალ დედაქალაქში, "ჩაჰარ ბარი" (ოთხი ბარი) ოთხ-კილომეტრიანი გამზირია ქალაქ ისპაჰანში. ცენტრალური ბარი, რომელიც თავდაპირველად მოიცავდა წყლის არხსა და შადრევნებს, გამზირს ორ ზოლად ჰყოფს. არისტოკრატთა სასახლეები ერთ დროს გამზირის გასწვრივ იყო ჩამწკრივებული ბარის პირისპირ. ისპაჰანის ნაყში ჯაჰანის მოედანი იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. ქალაქში ასევე მრავლადაა მე-11 საუკუნის და გვიანდელი ისლამური არქიტექტურის ნიმუშები. მისი მოსახლეობის ეროვნულმა და რელიგიურმა სიჭრელემ არქიტექტურაში და მის მხატვრობაში ქრისტიანული და ისლამური კულტურის საინტერესო სინთეზი მოგვცა. ამის მაგალითია ისპაჰანის შაჰის სასახლის, "ჩეჰელ სოთუნის" (40 სვეტის), კედლების რელიფური მოხატულობა და წარწერები.
       4 მარტს გეზი ავიღეთ ფარსის პროვინციისკენ, გავიარეთ ირანის მთიანეთი. აქაურ უდაბნოებში ოაზისებივით არის წარმოდგენილი კარგად განვითარებული ქალაქები (მდებარეობენ საერთაშორისო ავტობანის გასწვრივ): შაჰრეზა, აბადეჰი, საფა შარი, მარიდაშთი. შემდეგი გაჩერება იყო ირანის უძველესი დედაქალაქი პერსოპოლისი. პერსეპოლისი (ძველ სპარსული: 'პარსეჰ, ახალი სპარსული: تخت جمشید/پارسه, 'ტახტ-ე ჯამშჰიდ' ასევე ცნობილი როგორც ჩეჰელ მინარი) – სპარსეთის იმპერიის უძველესი ცერემონიული დედაქალაქი. პერსეპოლისის უდიდესი და ყველაზე კომპლექსური შენობა იყო მაყურებელთა დარბაზი, ან აპადანა, 72 სვეტით. პერსეპოლისი მდებარეობს 70 კმ-ში თანამედროვე ქალაქ შირაზის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ირანის ფარსის პროვინციაში. თანამედროვე სპარსულ ენაზე ამ ადგილს უწოდებენ ტახტ-ე ჯამშიდს (ჯამშიდის ტახტი) და ფარსეს. ძველი სპარსელები ქალაქს ფარსას უწოდებდნენ, რაც სპარსელების ქალაქს ნიშნავს, ხოლო პერსეპოლისი ბერძნული ინტერპრეტაციაა სიტყვა Περσες (სპარსული) + όλις (ქალაქი). ფარსი (პარსის) პროვინცია დედაქალაქი შირაზი (ფართობი 124 ათასი კვ.კმ, მოსახლეობა 3,8 მლნ. კაცი) ისპაჰანიდან ქ. შირაზამდე მანძილი 490 კმ-ია.


 

 

 

 

 

http://forum.ge/?showtopic=33928022&st=810&#entry15655726

       ქალაქ შირაზიდან გეზი ავიღეთ სპარსეთის ყურესკენ, გავიარეთ ბუშერის პროვინცია, საინტერესო რელიეფი და ბუნებრივი მთები, აგრეთვე ხელოვნური ლანდშაფტები, ფინიკის პალმის და სხვა ტროპიკული მცენარეების ხელოვნური კორომები. 5 მარტს ჩავედით სპარსეთის ყურის აღმოსავლეთ სანაპიროზე გაშენებულ ქალაქ ბუშერში. სპარსეთის ყურე (სპარს. خليج فارس - Xalij-ე Fârs, الخليج العربي- al-Khalīj al-Arabī) – ყურე ირანსა და არაბეთის ნახევარკუნძულს შორის. ორმუზის სრუტით უერთდება ომანის ყურეს, არაბეთის ზღვას და ინდოეთის ოკეანეს. სპარსეთის ყურის მოსაზღვრე ქვეყნებია: ომანი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, კატარი, ბაჰრეინი, ქუვეითი, ერაყი და ირანი. სპარსეთის ყურეში ჩაედინება ტიგროსი და ევფრატი. სპარსეთის ყურის რეგიონი მდიდარია ნავთობის მარაგებით. ბუშერის პროვინცია დედაქალაქი ბანდერ-ბუშერი (ფართობი 23,2 ათასი კვ.კმ, მოსახლეობა 800 ათასი. კაცი ქ. შირაზიდან ბუშერამდე მანძილი 304 კმ-ია).
       ბუშერიდან ისპაჰანისკენ სხვა გზით წამოვედით, გეზი ქალაქ იასუჯისკენ ავიღეთ, თუ ისპაჰანი-შირაზის გზა სწორხაზობრივია და დიდი უღელტეხილები არ არის და თანაც მანძილი გაცილებით ბევრია, იასუჯის მიმართულებით დაახლოებით ორიათასამდე სიმაღლის უღელტეხილი უნდა გადალახო, ამ მიმართულებით ტყის ზონაც არის წარმოდგენილი, შირაზისაგან განსხვავებით. გავიარეთ კუჰ გილუიას პროვინცია, რომლის დედაქალაქია იასუჯი (ფართობი 15,6 ათასი კვ.კმ, მოსახლეობა 700 ათასი კაცი) მანძილი ბუშერიან იასუჯამდე 281 კმ, ხოლო ქალაქ იასუჯიდან ისპაჰანისაკენ კი 300 კმ-ია. საღამოს ქალაქ ისპაჰანში სასტუმრო ,,ჯულფაში” დავბინავდით. სასტუმროს წინ მდებარეობს სომხური ეკლესია ანუ ახალი ჯულფა. ეს არის ნახჭევანის ჯულფადან გადმოსახლებული სომხების რაიონი ისპაჰანში. ძალიან ლამაზი სომხური ეკლესიაა, რომელიც 1606 წელს აიგო შაჰ-აბას I ბრძანებით. სხვათა შორის, აქ ქართული ხელნაწერიცაა და საფლავის ქვაზე წარწერებიც შეინიშნება, რომელიც რა თქმა უნდა სომხურად საღდება.


 
ყველა ქართველს გაუმარჯოს!
 
ფერეიდანის სასაფლაოზე

       6 მარტს კიდევ ერთხელ დავათვალიერეთ უკვე გაშინაურებული ქალაქი ისპაჰანი, რომელმაც მართლაც ყველა ჩვენგანში უდიდესი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ღამით ისპაჰანის ცენტრში ყოფნის დროს საქართველოდან ჩამოსულ დელეგაციას შევხვდით: საქართველოს სახელმწიფო მინისტრს თემურ იაკობაშვილს, ირანში საქართველოს საელჩოს თანამშომელს რუბენ მორგოშიას და გეოგრაფს, საქართველოს ელჩს თურქმენეთსა და ავღანეთში სოსო ჩახვაშვილს, გავუზიარეთ ჩვენი ირანული შთაბეჭდილებები. შემდეგ ისპაჰანის პროვინციაში მცხოვრებ ერთ-ერთ ქართულ ოჯახში მიგვიპატიჟეს და იქაურ შემორჩენილ ტრადიციებზე, წეს-ჩვეულებებზე და საქართველოსადმი მათ მონატრებაზე ვისაუბრეთ. ჩვენმა მასპინძლებმა დიდი სურვილი გამოთქვეს საქართველოში სტუმრობაზე და ჩვენც აღუთქვით რომ საქართველოს ბუნების მრავალფეროვნებას ვაჩვენებთ და საქართველოს რეგიონებშიც ვამოგზაურებთ დიდი სიამოვნებით.


 


       7 მარტს ისპაჰანიდან გამოვეგზავრეთ ქალაქ ასტარასკენ. გამოვიარეთ 1000 კილომეტრი და ისევ ჩვენს ნაცნობ სასტუმროში აზერბაიჯანის ასტარაში დავბინავდით.
       8 მარტს დილით დავტოვეთ ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორია, ჩვენს მიერ ირანში გატარებული 9 დღე წარუშლელი შთაბეჭდილებით აღსავსე აღმოჩნდა. ჩვენ დავათვალიერეთ ირანის ბუნებრივი და კულტურული ღირსშესანიშნაობანი, განსაკუთრებული იყო შეხვედრა ირანში მაცხოვრებელ ქართველებთან. აგრეთვე აღსანიშნავია საქმიანი შეხვედრა ისპაჰანის უნივერსიტეტში, რაც სამომავლოდ ირანელ კოლეგებთან საქმიანი ურთიერთობის საფუძველი შეიძლება გახდეს. ირანის ტერიტორიაზე განსაკუთრებულ ყურადღებას ვგრძნობდით ირანელებისაგან. უძველესი ქალაქის პერსოპოლისის დათვალიერებისას კი, ირანელებმა რომ გაიგეს, ჩვენი ქართველობის ამბავი, ბილეთში გადაგვახდევინეს არა უცხოელი ტურისტების მსგავსად, არამედ ის თანხა, რასაც ირანის მოქალაქეები იხდიან ხოლმე, აგრეთვე ირანელმა ტაქსისტმა თანხა არ გამოგვართვა, როდესაც დაახლოებით 3 კმ. მანზილზე წაგვიძღვა გზის გასაკვლევად. მადლობა გვინდა ვუთხრათ ირანელ ხალხს და განსაკუთრებით ირანში მცხოვრებ ქართველებს. გვინდა უდიდესი მადლობა მოვახსენოთ მოგზაურობის დროს გაწეული მასპინძლობისათვის.

გიორგი დვალაშვილი
ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის და
კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის განყოფილების ხელმძღვანელი



ლუკა მელუა ბარნოვი. საფრანგეთი


* * *




      ამ დღეებში ირანში ნავრუზობას ზეიმობენ, 20 მარტს მუსლიმური კალენდრით 1388 წელი შესრულდა და დღესასწაული, ტრადიციულად, ორი კვირის მანძილზე გასტანს. ფერეიდნელი ქართველებიც გააკეთებენ ტრადიციულ „ჰაფი სინს“, ანუ, შვიდ თავ კერძს, მოირთვებიან და სტუმრად წავლენ. ამ ცოტა ხნის წინ ფერეიდანიდან ჩამოსული ქართველი გეოგრაფები კი იქ დარჩენილ თვისტომთა მსგავსად კიდევ ერთხელ გაიმეორებენ: „დედისენის“ დამვიწყებელს დამტირებელი არა ჰყავს“-ო და კიდევ ერთხელ გაგვიზიარებენ შთაბეჭდილებას ფერეიდნელი ქალების მიერ მოქსოვილ ხალიჩებზე და ზედ ამოქარგულ ქართულ ანბანზე.
      ქართველი გეოგრაფების ისპაჰანში ჩასვლის მიზანი ამ პროვინციის გეოგრაფიული პირობების შესწავლა, ბუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა იყო. ექსპედიციამ შეისწავლა ზაგროსის მთები და რასაკვირველია, ამ მთების ქვეშ დაფენილი ქართული დასახლებები მოინახულა. როგორც ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელმა, გეოგრაფიის დოქტორმა, გიორგი დვალაშვილმა გვითხრა, ქართველი მეცნიერები შეხვდნენ ისპაჰანელ გეოგრაფებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც დასახეს. მათ შორის ურთიერთობა კარგა ხანია არსებობს, ამჯერად საქმე ეხება გაცვლით პროგრამებს, რომლის ძირითადი მიზანი ირანის ისლამური რესპუბლიკის ამ რეგიონში წყლის პრობლემის მოგვარებაა. წლის ბოლომდე ისპაჰანის უნივერსიტეტში ქართველ კოლეგებს ელიან. მანამდე კი, ქართველი მეცნიერები ფერეიდანის ქართული დასახლებების შესახებ ფოტოგამოფენას წარმოგვიდგენენ და დოკუმენტურ ფილმსაც შემოგვთავაზებენ, რომელიც ზაგროსის მთების ქვეშ დაფენილი სოფლების შესახებ მოგვითხრობს.



      ეს ფერეიდანია, ოთხი საუკუნის წინ საქართველოდან ტყვედ წაყვანილი ქართველების შთამომავლებით დასახლებული სოფლები, რომელთაც ქართული სახელები შემორჩათ: ზემო მარტყოფი, ქვემო მარტყოფი, ჩუღურეთი (ჩოღიურეთი), აფუსი (რუისპირი), სიბაჯი (ვაშლოვანი)... ფერეიდანი ერთადერთი ირანული რაიონია, სადაც იძულებით გადასახლებულმა ქართველობამ ქართული ენა და ქართული ადათ-წესები შეინარჩუნა. აქ ისეთ სიტყვებსაც გაიგებთ, რასაც საქართველოში უკვე აღარავინ ხმარობს. მათი ენა ძალიან ჰგავს ძველი ჰერების ენას, რასაც დღეს ინგილოურ დიალექტს ვეძახით, მათთვის ეს სუვენირად და რელიკვიად არ ქცეულა, ენას ქართულად იდგამენ. მათი საუბრის მოსმენისას თქვენ შეგიძლიათ საკუთარი ენის წარსულში იმოგზაუროთ.
      სხვა რაიონებში – ხორასანი, მაზანდარი, ფარსი, ქართული მეტყველება აღარ ისმის. იქაური ქართველები თანდათან აითქვიფნენ ირანის სხვა ტომებში. უკანასკნელ წლებში გამოქვეყნებული მასალებით ფერეიდანში მცხოვრებ ქართველთა რაოდენობა 12-14 ათასს შეადგენს. ისინი ფერეიდნულ კილოზე მეტყველებენ. ახსოვთ წინაპართა გვარები: გუგუნაშვილი, გოგოჩაშვილი, ასპანიშვილი, იოსელიანი, ხუციშვილი, მოლაშვილი, ზუბიტაშვილი, ონიკაშვილი, ასლანიშვილი, მიქელაშვილი, ბათიაშვილი. დღეისათვის ისინი, მცირეოდენი გამონაკლისის გარდა, სპარსულ გვარებს ატარებენ და ყოველი მათგანის უდიდესი ოცნება საქართველოს ნახვაა. ბევრი კიდეც ნამყოფია. ამ მხრივ, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში დარჩენილებს თუ შევადარებთ, საქართველოში გაცილებით ბევრია ნამყოფი ფერეიდანიდან, ვიდრე შავშეთიდან. მაისის თვეში, როცა დიასპორების შეკრება ხდება, ბევრი ფერეიდნელი ჩამოდის თბილისში. შეიძლება იმიტომ, რომ მათ მეტი მატერიალური საშუალება აქვთ ამისათვის, ვიდრე შავშელებს, შეიძლება უფრო მეტი პატრიოტიზმი, ანდა მეტი იდენტიფიკაციის შეგრძნება საკუთარ ფესვებთან. თუმცა, კი, როგორც ტაოდან, ასევე ირანიდან სამუდამო გადმოსახლების მსურველი ძალიან ცოტაა, მათ იქ საკმაოდ კარგი პირობები აქვთ, სტუმრად ჩამოსვლას კი დღეს უკვე არავინ ზღუდავს. ნელ-ნელა იქითაც მომრავლდა წამსვლელი, კომუნისტური პერიოდისგან განსხვავებით, ვიზების მიღება დღეს არც ირანში წამსვლელ ქართველებს უჭირთ. პირიქით, როგორც ქართველი ექსპედიციის ხელმძღვანელი გიორგი დვალაშვილი ამბობს, ირანის საელჩოს მხრიდან საბაჟოზე ქართველები განსაკუთრებულ ყურადღებას გრძნობენ. უძველესი ქალაქის პერსეპოლისის დათვალიერებისას კი, ირანელებმა რომ გაიგეს, მათი ქართველობის ამბავი, ბილეთში გადაახდევინეს არა უცხოელი ტურისტების მსგავსად, არამედ ის თანხა, რასაც ირანის მოქალაქეები იხდიან.
      ფერეიდანი ირანის ცენტრალური ზეგანის ბახთიარის შიშველ მთებში მდებარეობს და ადმინისტრაციულად ისპაჰანის ოლქს ექვემდებარება. 1966 წელს ფერეიდანის ქართველებით დასახლებულმა სოფელმა ახორე ბალამ (ზემო მარტყოფი) ქალაქის სტატუსი მიიღო და ფერეიდუნშაჰრად ანუ ფერეიდან ქალაქად იწოდა. ეთნიკური ქართველები ფერეიდანის 14 სოფელში ცხოვრობენ, აქედან 10 სოფელში ისინი უმრავლესობას წარმოადგენენ და მათი საერთო რიცხვი 15-30 ათასს აღწევს. ფერეიდუნშაჰრში ისპაჰანის უნივერსიტეტის ფილიალია, სადაც პროფესორი საიდ მულიანი (გიორგი მოლაშვილი) მოღვაწეობს. სწორედ მისი ძალისხმევით შეიქმნა ქართული „დედა ენის“ ანალოგი სპარსულად, რომელიც დაინტერესებულ მოსახლეობას ქართულ წერა-კითხვას ასწავლის.
      როგორც ქართველი მეცნიერი, გეოგრაფიის დოქტორი გიორგი დვალაშვილი გვიყვება, ეს სწორედ ის საიდ მულიანია, რომლის ნაშრომი ირანულ-ქართული ურთიერთობების შესახებ, ისპაჰანის უნივერსიტეტში ძირითად სასწავლო სახელმძღვანელოდ არის მიღებული. საინტერესო იქნებოდა ამ წიგნის ქართულ ენაზე გამოცემაც, ვინაიდან ეს ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ნაშრომია ქართულ-ირანულ ურთიერთობებზე, რომელიც გვთავაზობს ერთგვარ ანალიზს და ფაქტების თავმოყრას, ამ ორი მეზობელი ქვეყნის შესახებ.
      ჩვენ შეგვიძლია დავსხდეთ და ძალიან დიდხანს და ბევრი ვილაპარაკოთ ამ ხალხზე. შეგვიძლია გავიხსენოთ შორეული და ახლო ისტორია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მხარე სამხრეთ საქართველოს მთიანეთს ჰგავს, თუმცა კი, ზღვის დონიდან გაცილებით მაღლა მდებარეობს – 2500 მეტრზე. ასეთ სიმაღლეზე საქართველოში დასახლებული პუნქტი არ გვხვდება. რომ ირანი, მართალია, სამხრეთის ქვეყანაა, მაგრამ ისპაჰანის პროვინციაში საკმაოდ მკაცრი პირობებია საცხოვრებლად. სავარგულები და სახნავ-სათესი მიწები, ძირითადად, მთისძირებსა და ხეობებშია და რომ დღემდე შემორჩენილია ამ სავარგულების ქართული სახელები: ნაქერალი, პაპას ბაღი, მაზრა, პიტნიანი, ნასერალი, კუს წყარო და სხვა. სასოფლო სამეურნეო კულტურებიდან აქ მოჰყავთ ხორბალი, ქერი, შვრია, იონჯა, პარკოსანი მცენარეები, ბაღჩეული, სხვადასხვა სახის ხილი და ყურძენი. მიწათმოქმედებასთან ერთად ფერეიდნელები მესაქონლეობასაც მისდევენ და რასაკვირველია, ხალიჩებს ქსოვენ, სადაც ქართულ ორნამენტებსაც შეამჩნევს თვალი.


 


      ფერეიდანში მცხოვრები ქართველების მიმართ ჩვენს საზოგადოებაში ინტერესი დღითიდღე ძლიერდება. ამის დასტურად ის ფაქტიც საკმარისია, რომ ქართულ ინტერნეტ სივრცეში შეიქმნა დიზაინისა და ინფორმაციულობის მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო საიტი www.fereidani.ge სადაც დაინტერესებულ ინტერნეტ-მომხმარებლებს ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეუძლია 400 წლის წინ სპარსეთში გადასახლებული ჩვენი თანამემამულეების შესახებ. ვებსაიტი, რომელიც გიორგი ალავერდაშვილმა შემოგვთავაზა, შესაძლებლობას გვაძლევს, ფერეიდნელი ქართველების დღევანდელ ყოფასა და პრობლემებსაც მივადევნოთ თვალი.

ბელა ჩეკურიშვილი.