«ფერეიდნელი: მადლობელი ვარ ღმერთის – მე ქართველი ვარ!»



      ქვეყანა, რომელსაც ვსტუმრობდით, ვიცოდით, რომ ახლობელი არ იყო ჩვენთვის... მაგრამ იყო ისტორია და იყვნენ ქართველები, რომლებიც მასთან გვაახლოებდნენ...
      სპარსეთი – ირანის ისლამური რესპუბლიკა – აზია...
      ქვეყანაში პატრიარქატი მძლავრობს და ჩადრქვეშ ამწყვდევს მატრიარქატს... ქვეყანა, სადაც თვალუწვდენელი სივრცე გჭრის თვალს, მოსახლეობის რიცხოვნობას ნებისმიერ „მიყრუებულ“ შუკაშიც შეიგრძნობ... თავშეზღუდულობაა ყველგან და ყველაფერში, ოღონდ არა სიმდიდრეში... ირანის შაჰის სასახლეებში, იმამის მეჩეთის ტერიტორიაზე, პერსეპოლისის დიდებულ სასახლეში, სპარსული ფარდაგებისა თუ სუვენირების ნებისმიერ დახლთან...


 

 


      ისფაჰანში შაჰის ორმოცსვეტიან სასახლეში, სადაც სპარსული ცნობილი მინიატურები გვაოცებს, სარკეებიან დარბაზში, იმამის მეჩეთში მუსიკისთვის განკუთვნილ ოთახებში რომ მიგვიძღვის გიდი, ასე გვგონია ირანის უძლეველ ლომს უნდა წარუდგინონ გურჯები... ცოტათი შეცბუნებულები ვართ... ისტორიული მახსოვრობა თავისას შვება... აი, ამ მინიატურაზე გამოსახულ ჩვენს წინაპარს – ალავერდი-ხან უნდილაძეს, ირანის ლომის საყრდენსა და მესაიდუმლეს, ცუდი ბედი ეწია... შაჰს პორტუგალიის ელჩთან ანტონიო გოვეასთან ერთ-ერთი საუბრის დროს უთქვამს: „მთელი სპარსეთი მე მემორჩილება და მე კი ალავერდი-ხანს ვემორჩილებიო“. შაჰ-აბასი საქართველოზე სალაშქროდ ემზადებოდა და მრავალრიცხოვანი ჯარის სარდლად ალავერდი-ხანი ეგულებოდა... თუმცა დიდმა სარდალმა სამშობლოზე გამოლაშქრების ხელმძღვანელობა იუარა, რაც საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის... ალავერდი-ხანი მოწამლეს, მოგვიანებით კი, ასევე სახელმოხვეჭილი მისი შთამომავლები შაჰ-აბასის შვილმა ამოწყვიტა...
      ისფაჰანში ალავერდი-ხანის ხიდს სი-ო-სე ფოლას უწოდებენ... აქ მუდამ ხალხმრავლობაა... ფერეიდნელებში გავრცელებული ლეგენდის თანახმად, სწორედ ალავერდი-ხან უნდილაძეს აუშენებია ოცდაცამეტთაღიანი ხიდი ქართული ანბანის პატივსაცემად, მაგრამ ლეგენდა ქართულთან სიახლოვის გამო სურვილს უფრო გამოხატავს... ფერეიდნელები დღესაც ძველი ქართულით საუბრობენ, იმ ქართულით, რომელიც გადასახლებისას გაიყოლეს, სული უბერეს და არ ჩააქრეს! ქართული ანბანი ოცდაცამეტ ასომდე შემცირდა XIX საუკუნის 60-იან წლებში, მაშინ, როდესაც ილია ჭავჭავაძემ „გამოუსადეგარი“ ბგერები ანბანიდან ამოიღო. ლეგენდის ჩვენეული ახსნა იესო ქრისტეს ასაკს უკავშირდება... სარწმუნოებაშეცვლილი ქართველები ენის, სარწმუნოებისა და სამშობლოს ხსოვნას „ირანის ლომის“ შიშით ფარულად ინახავდნენ გულში, სისხლში, სიზმარში თუ ცხადში...


 


      „შორია ფერეიდნამდე?“ – ეს რიტორიკული კითხვა ხშირად გვსმენია... ახლა კი დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ – დიახ, შორი ყოფილა ფერეიდნამდე... ისტორიის მანძილზე ქართველების მასობრივი გადასახლება ირანში 7-8-ჯერ განხორციელდა. ქართველების ყველაზე დიდ, მე-8 გადასახლებას ადგილი ჰქონდა შაჰ-აბასის დროს. კახეთსა და ჰერეთში „ქართველი მოსახლეობიდან იმ მხარეში აღარავინ დარჩა...“ (ისკანდერ მუნში).
      გადმოცემით, საქართველოდან ფერეიდანში გადასახლებული ერთი სოფლის ხალხი ერთად დასახლებულან და ამ ადგილისთვისაც თავისი სოფლის სახელი უწოდებიათ. ფერეიდნელი ქართველების ყველაზე დიდი სოფელი ზემო მარტყოფია (ახორე ბალა, ახლა ფერეიდუნ შაჰრი). ამ სოფლის მოსახლეთა უმრავლესობა ქართველებია.
      XIX საუკუნის მონაცემებით, ქართველების დასახლებაში 14 სოფელია: შაანათი, თოლერი, ბოინი, ტაშკესანა, აფუსი, ახჩა, შაიურდი, ჯაღჯაღი, სიბაქი, ჩუღრუთი, ზემო მარტყოფი, ქვემო მარტყოფი, დეესური და ნინოწმინდა.


 


      ფერეიდანში ასე ამბობენ: – „ვინაც რო ციცისკიბეს გაივლის, ის სამშობლოში დაბრუნდებაო“... გზა ფერეიდნამდე არ ყოფილა ცისარტყელასავით ფერადოვანი ჩვენი წინაპრებისთვის... იყო ფერები, ოღონდ მუქი და უსახური... „ქათამი რომ წიწილას დაჰკარგავს, დაღონდების და ძებნის...“ – ფერეიდნელებისგან გაგვიგონია... ჩვენც მოვსულვართ ოთხ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ... ჩვენს წინაპრებს ვეძებთ... სახის ნაკვთებში, გამოხედვაში ვეძებთ კახეთს, ჰერეთს... ერთს თვალ-წარბი ჰყიდის, ერთს – კახური სიდარბაისლე... ქართველი ქალის სილამაზეც ჩადრქვეშიდან გვიმზერს...


 


      ამ სასტიკ, მშობლიურისგან უკიდურესად განსხვავებულ ბუნებასთან შეგუება იოლი არ იქნებოდა ქართველი კაცისთვის, რომელიც კავკასიონზე უცქერდა ერისიონს და „ოროველას“ ღიღინით მიუძღოდა ნიკორასა და მშვილდას ქართულ ბარაქიან მიწებში სახნავად... აქ კი: „ფერეიდანის მიწას ვხნავ აგერ ოთხასი წელია“ – ფერეიდნელი კაცი თითქოს თავის ბედისწერასთან ერთად ამ მოუსავლიან მიწებზეც მოთქვამს... ენატრება ვაზი ჭიგოს დაბჯენილი... სადღაა ვაზი? სადღაა საქართველო? სადღაა ქართული სილაღე? მხოლოდ ცრემლები გვიბინდავს თვალებს და კეთილგანწყობილ ფრაზებს ქუჩებში ძლივს ვარჩევთ: „კარგი დროები ჩვენთან გატარეთ!“, „ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“, „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!“... მიგვიძღვებიან საკუთარ სახლებში, მაგრამ ქართულ სტუმარ-მასპინძლობაზე მალე პასუხს აგებენ იციან... გვიკითხავენ ლექსებს, მათი თანატოლი თანამემამულეებისათვის შეიძლება ბევრი მათგანი უცხო აღმოჩნდეს... და ყურში ჩაგვესმის სიტყვები გულს რომ ასე ძალიან გვიკლავს: „ჩონგურს სიმები გავუბი, მოვმართე ნელა, ნელაო, ერთი მათგანიც რომ გაწყდეს, მაშინვე უნდა შველაო“... თან გვარიგებენ: „ხელი ხელში მივსცეთ ერთმანეთს!“, „ქართველები ერთად უნდა ვიყოთო“... სურვილი ქართველების ერთიანობისა, საკუთარი ფესვების სიძლიერისა თანაფესვებს გულის სიღრმიდან ამოხეთქილ სიტყვებს ათქმევინებთ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ნათქვამს შეგვახსენებს ყველას: “ქართველებმა სამშობლოს სიყვარული ფერეიდნელებისგან უნდა ვისწავლოთო!” ოცნებებად ქცეული ადამიანები დღეს “ციცისკიბეს” გამოსცდნენ და მაინც არ იშლიან ოცნებას... “ცისარტყელას ქვეშ გავძრებიო და წავალ საქართველოჩიგაო, ბეევრი თები უნდა გადავიდეო, თებსაყენ უნდა წავიდეო და გადავიდეო და მივსწვდე საქართველოსაო. იმაშინა რო წაიდიან ყე, ბრძოლაჩიგა, თათჩიგა, ემ სოფელში წაიდიან ყე ამ სოფელში უთხრიან ყე – ღმერთს ებარებოდე, ენი ღმერთმა შაგინახოსო!... ღმერთმა გაგახაროს ყე და ღმერთს ებარებოდეთ!!!“


 


      ფერეიდანში ასე ამბობენ: – „ვინაც რო ციცისკიბეს გაივლის, ის სამშობლოში დაბრუნდებაო...“
      თანაფესვებთან შეხვედრა საწინააღმდეგოში გვარწმუნებს: – ახლოა ფერეიდნამდე!...
      გადმოსახლებული ქართველებისგან შაჰს მონათა ჯარი შეუქმნია და ყველასთვის უპირველესად სარწმუნოების შეცვლა უბრძანებია... ირანში მოხვედრილი სომხებისგან განსხვავებით, რომლებიც ხელოსნობას ეწეოდნენ და მათთვის აუცილებლობას არ წარმოადგენდა გამუსლიმება, მათ ქვეყნის სადავეები არ ეპყრათ ხელთ... ისფაჰანში არსებობს სომეხთა უბანი – ჯულფა, მათ შეინარჩუნეს ქრისტიანობა და ამიტომ ბევრი ქართველი მაშინ სომხად ჩაეწერა და ამით აღმსარებლობა შეინარჩუნა...


 


      დღეს ჩვენს თანაფესვებს ისფაჰანის ქუჩებში შეხვდებით... ბანოვან ქალბატონებს – ჩადროსნებს... აქვე სპარსული სილამაზეც დაიარება გაფრენილი მერცხლის მსგავსი თვალწარბით და ჰიჯაბით იშორებს მზერას... გარშემო მინარეთებიდან ისმის ხმა, რომელიც მუდამ ახსენებს მათ სპარსეთის სიდიადეს... არაბუნებრივ გარემოში ქართული სიმღერით ვითქვამთ სულს... და ყურებში ერთი ფერეიდნელის გულისამაჩუყებელი სიტყვები გვესმის: „მადლობელი ვარ ღმერთის – მე ქართველი ვარ!“

ნინო ყულოშვილი.