გოჩა ლაღიძე – «რკინის კაცი»


       «გამარჯობა გიორგი, დიდი მადლობა! შენისთანა ხალხი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს, შეიძლება ითქვას, ”ცხოვრებას უადვილებს”. სიამოვნებით ვეცნობი მასალებს შენს ვებ-გვერდზე და როცა კი ვნახულობ, ყოველთვის მიხარია და გული სევდით მევსება-ხოლმე... მე უკვე 14 წელია ჰოლანდიაში ვცხოვრობ და ვმუშაობ. www.gotscha.nl პატივისცემით, გოჩა ლაღიძე. ჰოლანდია».
       ეს წერილი ბატონ გოჩასგან დაახლოებით წელიწადნახევრის წინ მივიღე. მის შემდეგ ურთიერთობა არ გაგვიწყვეტია და საკმაოდ გაცხოველებული მიწერ-მოწერაც გვქონდა. ბატონ გოჩას უშუალო დახმარებით გაკეთდა ქვეთავი 68 – «შაჰ-აბას I – საქართველოს ყველაზე დიდი მტერი». ბატონ გოჩა ლაღიძეზე საუბარი მაქვს აგრეთვე ქვეთავში 92 – «ფერეიდნელი დავით გუგუნაშვილი ღოუბანში». გარდა ამისა ხშირად მიგზავნიდა თავისი ახალი ნამუშევრების ფოტო-სურათებსაც. როდესაც ერეკლე მეორის ხმლის ასლის გაკეთებაზე მუშაობდა, ერთი დეტალის გასარკვევად აკად. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის იარაღის ფონდში მისვლაც კი მთხოვა, სადაც კიდევ ერთი ნამდვილი ქართველი, ეროვნული მუზეუმის იარაღისა და ძვირფასი ლითონების ფონდის კურატორი, ბატონი მამუკა ქაფიანიძე გავიცანი.



       “10 წლის მანძილზე წარუმატებლად ეძებდა ნიდერლანდების სამეფოს სამხედრო მუზეუმი ოსტატს, რომელიც ჭედვის ტექნიკის სათანადო ცოდნით იქნებოდა აღჭურვილი და პრინცი მორიცის 1590 წელს დამზადებულ საბრძოლო საჭურვლის ასლს გამოჭედავდა. ეს შეძლო ქართველმა მესაჭურვლე გოჩა ლაღიძემ! საოცარია ამ ხელოვანის შემოქმედებითი ძალა, ამოუწურავი შესაძლებლობანი, ინტუიცია, ისტორიის, ადამიანის ანატომიის ცოდნა.“ – ასე გამოხმაურებია ნიდერლანდების პრესა ქართველი მესაჭურვლის გოჩა ლაღიძის სენსაციურ წარმატებას ჰოლანდიაში.


რკინის კაცი


       თუბალთა ქვეყნიდან გოჩა ჰოლანდიაში 15 წლის წინათ ჩავიდა და "აბჯარასხმული რაინდების სამყაროში" თავისი ხელოვნებით ყველა გააოცა. დღეს გოჩა ლაღიძეს ევროპაში კარგად იცნობენ და იციან, რომ ნასაუს პრინცის მორიც ორანელის საომარი აღჭურვილობის, მაქსიმილიანის სამეფო ჯავშნის, შუბოსნების აბჯრების, იან ვან შხაფელაარის საჭურვლის, საბრძოლო იარაღებისა თუ კლასიკური მოოქროვილი მუზარადების საავტორო ასლები „რკინის ქართველ მესაიდუმლეს“ ეკუთვნის. გოჩას ნახელავის ხილვის შემდეგ, ხვდები, რომ დრო პირობითი ცნებაა, უყურებ ძველი ჰოლანდიელების აბჯრებს, მუზარადებს, საჭურველს და გაოცებული მოგზაურობ დროში.

* * *

       ქართველი გოჩა ლაღიძე ნასაუს მფლობელის აბჯრის ასლის გამოჭედვას იწყებს... ეს ასლი ჰოლანდიაში უნდა დარჩეს. ჰოლანდიელები ყურადღებით აკვირდებიან უცხოელი ოსტატის მუშაობას: გოჩა ორიგინალს ნაწილებად შლის, ეს პროცესი ექსპერტების თანდასწრებით მიმდინარეობს. ორიგინალს მხოლოდ თეთრი ხელთათმანებით ეხება, პროცესი ვიდეოკამერაზე იწერება და მოგვიანებით მხატვარი გულდასმით სწავლობს ჩანაწერის დეტალებს.
       მუზეუმის კურატორები მკაცრად აკონტროლებენ ოსტატსაც და დროსაც – 10 დღე სჭირდება ექსპონატის მილიმეტრებში გაზომვას, 400 საათი მოსამზადებელ სამუშაოებს, 1600 საათი პრინცის საჭურვლის შექმნას... სამუშაოს ქართველი მჭედელის ხელმოწერილი ოცგვერდიანი კონტრაქტი „იცავს“. დამკვეთების მოთხოვნაში შედის ორიგინალის ზუსტი კოპირება, ეპოქისეული ესთეტიკის ზუსტი დაცვა და რა თქმა უნდა, ხარისხი... პროექტი ითვალისწინებს ოთხ დამოუკიდებელ ხელშეკრულებას: პირველი – მუზარადის დამზადებას, მეორე – ყელის, მკერდისა და ზურგის აბჯრების, ხოლო დანარჩენი მხრების, მკლავების, ხელთათმანებისა და ფეხის საჭურვლის შექმნას. გოჩა ლაღიძე არ ღელავს – თავის თავში დარწმუნებულია და სახელოსნოში სიამოვნებით „იკეტება“, გამოჭედვა იწყება. გარეთ მოლოდინით ანთებული მაყურებელი რჩება. ქართველი დიდოსტატი დიდ საქმეს აკეთებს – გაცოცხლებული ისტორია საამაყოა მისი უდიდებულესობა ნიდერლანდების მონარქისა და მთელი სამეფო ოჯახისათვის.


 


       დღის ბოლოს გოჩას ჰოლანდიურ სახელოსნოში, ასლის ტესტირებას ექსპერტები იწყებენ, იუნესკოს წარმომადგენელი, ვენეციის სამხატვრო აკადემიის პროფესორი სამჯერ ესწრება მუშაობის პროცესს. სამუშაო რთულია, იმაზე რთული, ვიდრე თავად ექსპერტებს წარმოედგინათ, მაგრამ საბოლოო ნამუშევრის ნახვის შემდეგ, მნახველის მზერა „წამიერად იყინება“. ექსპონატი 169 სხვადასხვა ზომისა და სისქის ლითონის ფირფიტებისაგან შედგება, რომლებიც ჭედვით ერთმანეთზეა მორგებული და ერთმანეთს 600-მდე დეტალით უკავშირდება. აქ ყოველ ნაწილს ორმაგი გრავირებული ღარი დაჰყვება, მუზარადის კაუჭები, ქამრის დეტალები მოოქროვილია...
       ამის შემდეგ გოჩა ლაღიძე დასავლეთის მუზეუმებისთვის აღმოჩენად იქცა და პროფესიონალებმა პრესაში „ლეგენდიდან მოსული მჭედელი“ უწოდეს. იუნესკოსა და ლუქსემბურგის კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე ლაღიძის მხატვრული მინიატურა „მორიცი“ საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს და გრან-პრიც მიანიჭეს.


   


       როცა ქართველ მესაჭურვლეზე თქვეს, რომ „მან ნიდერლანდების შუასაუკუნეების ისტორიის გამოტოვებული ფურცლების შევსება დაიწყო“, პარალელურად გოჩას ევროპულ ცხოვრებაში ახალი ცხოვრება დაიწყო – „წარმატებების ჯაჭვური რეაქციით დატვირთული“. მისმა მონუმენტურმა შედევრებმა საბოლოოდ დაარწმუნა ევროპელები, რომ უდიდესი ხელოვანები პატარა ქვეყნებშიც იბადებიან. „დამიჯერეთ, ბავშვობიდან ვოცნებობდი ევროპელი რაინდების აღჭურვილობის დამზადებაზე... ახლა თითქოს სიზმარში ვცხოვრობ, ოცნება ავისრულე... ალბათ, არაცნობიერად ამიტომაც მიზიდავდა ევროპა, ერთ-ერთი ქვეცნობიერი მიზეზი იყო, რატომაც წავედი ჰოლანდიაში, სწორედ ჩემი ბავშვობისდროინდელი ოცნება იყო. ეს ნაბიჯი განგების ნებად მიმაჩნია“ – ამბობს ოსტატი. ნიდერლანდების სამეფომ პატივით მიიღო ქართველი მჭედელი და მისი ოჯახი, გოჩამაც თავისი ოცნებები აისრულა შუასაუკუნეების რაინდების მიწაზე... უყვარს ჰოლანდია, იქ ცხოვრება, თუმცა ისიც იცის, რომ ორი სამშობლო არ არსებობს და ყველა გზა მაინც შინისკენ ბრუნდება, საბოლოოდ...
       საბოლოოო დაბრუნებამდე, ახლა მის ჰოლანდიურ სახელოსნოში, რომელსაც სიმბოლურად „ჰეფესტოს სამჭედლოს“ ადარებენ, მეფე ერეკლე II-ის ხმლის საავტორო ასლი მზადდება. როგორც დიდოსტატი ჟურნალ „პირველს“ ეტყვის, „პატარა კახის“ ხმალთან შეხება ამაღლებული გრძობაა, რომელსაც მის განცდებში წარსულის ფაქიზი განცდა შემოაქვს. „დიდებულია, როცა იცი, რომ ეს ხმალი სასწაულებრივი გამარჯვებების მომსწრეა. ერეკლეს ხმალზე მუშაობა, ყოველდღიურობას მიადვილებს და საქართველოსთან მაკავშირებს“...




       – გოჩა, ჟურნალი „პირველი“ გილოცავთ ყველა წარმატებას. ვამაყობთ თქვენი წარმატებებით, ვამაყობთ ევროპულ პრესაში თქვენს შესახებ გამოქვეყნებული რეცენზიებით... დიდი მადლობა იმისთვისაც, რომ ჟურნალი „პირველთან“ ინტერვიუსთვის დრო გამონახეთ და „ჰეფესტოს სამჭედლოს“ კარი გაგვიღეთ. თქვენ ახლა ერეკლე მეფის ხმალზე მუშაობთ, საინტერესოა, თუ არის ცნობილი ვის ეკუთვნის ხმლის ორიგინალი? რა განსაკუთრებით გამოირჩევა ქართველი მეფის ხმლის ტექნოლოგია, იმდროინდელი ხმლებისაგან? ორიგინალს ალბათ, აქვს ოსტატის ინიციალები, სიმბოლიკა, ან თუნდაც მოკლე წარწერა?
       – დიდი მადლობა თქვენს ჟურნალს ყურადღებისათვის და ამდენი თბილი სიტყვისთვის, ძალიან მახარებს, როცა ჩემს სამშობლოშიც მაფასებენ, ენერგიით მავსებს საქართველოზე ფიქრი, სიყვარული. დიახ, ახლა ერეკლეს ისტორიულ ხმალს ვამზადებ, ხმალზე დამღაა – მაგიური კვადრატი და დიდი წარწერა ოქროთი: „შეასრულა კალიბ ალიმ, ასუდოლა ისპაჰანის შვილმა“. ირანულ კლასიკურ ხმლებში ეს ძალიან ცნობილი, ამასთან უიშვიათესი დამღაა, რაც ძალიან ძვირად ფასობს – კლასიკური „შამშირია“, რაც „ვეფხვის კლანჭს“ ნიშნავს. ხმალი ერეკლეს საჩუქრად გამოუგზავნა შაჰნადირმა. დიდი წარწერის ბოლომდე გაშიფვრა ვერ მოხერხდა, რამდენიმე ირანოლოგმაც ნახა, მიახლოებით კი, ასე იკითხება: „დიდი მეფის გზავნილი მეგობრისადმი“. ერეკლე მეფე საუკეთესო მხედართმთავარი იყო, ბუნებრივია, რომ მან იცოდა კარგი ხმლის ფასი – ეს ხმალი არის ირანული ხელოვნების კლასიკური ნიმუში... და რა თქმა უნდა, მეფეს არაერთი ხმალი ექნებოდა თავისი საჭურვლის კოლექციაში, თუმცა ვიცით, რომ ერეკლეს ეს ხმალი ერთადერთი სპარსული ხმალია, რომელიც ისტორიამ შემოგვინახა.


ერეკლე II
კრწანისის ბრძოლა

ერეკლე მეფის უკანასკნელი ცდა

გაზეთი ”24 საათი”
N151; შაბათი, 8 ივლისი, 2006 წელი
ბელა ჩეკურიშვილი



       – როგორ დაიწყეთ ამ ხმალზე მუშაობა? თქვენ მოისურვეთ თუ ეროვნულმა მუზეუმმა შემოგთავაზათ?
       – 2008 წლის იანვარში სტუმრად ვიყავი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. სრულიად მოულოდნელად მუზეუმის კურატორმა მამუკა ქაფიანიძემ მკითხა – შეგიძლია ერეკლეს ხმლის ზუსტი ასლის შესრულება? სიამოვნებით დავთანხმდი ამ იდეას – შემიძლია-მეთქი, ვუპასუხე მამუკას, მაგრამ გავიფიქრე, რომ ეს ხმალი ურთულესი შესასრულებელი იქნებოდა. კარგა ხანია ამ ნივთზე ვმუშაობ მაქსიმალურად ვცდილობ, ასლი ორიგინალს ზუსტად შეესაბამებოდეს, თუმცა ისიც ვიცი, რომ ორი ერთნაირი ნივთი არ არსებობს... უკვე დეტალების გრავირებაზე ვმუშაობ, მომდევნო ეტაპია ოქროთი ზარნიში, რასაც 35 გრამი ბაჯაღლო დასჭირდება.






       – ორიგინალი როგორ მდგომარეობაშია? ძალიან არის დაზიანებული?
       – დაზიანება არა აქვს ხმლის პირს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს ექსპონატი დიდოსტატის შესრულებულია. ძვლის ტარის ნაბზარებში ხელის მოკიდებისაგან გაჩენილი ოფლის მწვანე ოქსიდაცია ემჩნევა, დაზიანებულია ქარქაში, გამომშრალი და აქერცლილია ტყავი. ეს სრულყოფილად შესრულებული საბრძოლო ხმალია, თუმცა ესთეტიკურადაც ძალიან ლამაზია, წონით 915 გრამია, მაგრამ ხელში რომ გიჭირავს, გაწონასწორებული ხარ, ანუ მისი სიმძიმე არ იგრძნობა. ხმალი ატარებს სამეფო საჭურვლის ღირსებას – ის საუკეთესო ფოლადისგან არის დამზადებული...
       – როგორც ცნობილია, „ბულატის“, ანუ ჯავარის ფოლადის ხმლების დამზადების ხელოვნებას ოსტატები საიდუმლოდ ინახავდნენ მემკვიდრეობით... საინტერესოა, ტექნოლოგიურად რამდენად რთული პროცესია ამ სპარსული ჯავარის გამეორება?
       – რა თქმა უნდა, რთული პროცესია, შრომატევადი, მაგრამ შესაძლებელი. ჯავარის ფოლადის დამზადება დიდი ხანია მაინტერესებს და მის ხარისხს სულ ვსწავლობდი. მეტს გეტყვით, აქ უბრალოდ თეორიული ცოდნა არ არის საკმარისი, ასეთი ფოლადის შექმნას აქვს თავისი წესი, ტრადიცია, ტექნოლოგიური სტრუქტურა და, პროფესიონალიზმთან ერთად მნიშვნელოვანია პრაქტიკული ექსპერიმენტები. ბუნებრივია, პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი მე ვარ და სამუშაოს ლომის წილი ჩემი შესასრულებელია, თუმცა ჩემი თხოვნით ხმლის ფოლადი ერთმა ოსტატმა დაამზადა, შემდეგ ჩემს სახელოსნოში დამუშავდა და საბოლოო სახე მიიღო.
       – რა სამუზეუმო სტატუსი, მნიშვნელობა და დანიშნულება ექნება მეფე ერეკლეს ხმლის საავტორო ასლს?
       – ისტორიაში დარჩება როგორც კარგი საავტორო ნამუშევარი. მუზეუმი თუ შეისყიდის ამ ასლს და საბოლოოდ იარაღის ფონდში დარჩება, გამეხარდება...
       – ეროვნული მუზეუმი ამ ძვირადღირებულ პროექტს არ აფინანსებს, საინტერესოა, რომელი საინვესტიციო ფონდებიდან მოიძიეთ თანხები?
       – არანაირი ფონდები და სპონსორები, ამ პროექტს პირადად მე ვაფინანსებ...
       – მარტო თქვენ?
       – დიახ.
       – რამდენია პროექტის ბიუჯეტი?
       – მარტო მასალის ხარჯი დაახლოებით 9000 ევროა, შეიძლება მეტიც... ამ პროექტმა მე უდიდესი პასუხისმგებლობა დამაკისრა და სიამაყის გრძნობაც გამიჩინა. ერთმა ფრანგმა ოსტატმა ამას წინათ 5000 ევრო შემომთავაზა მარტო ხმლის პირში, ანუ „ბულატის“ ფოლადში. ბუნებრივია, უარი ვუთხარი, იმ წუთში მან არც კი იცოდა ამ ხმლის ისტორია, მარტო ხელობა-ნაკეთობა შეაფასა, ხომ გესმით?! საბრძოლო აღკაზმულობა – ხმლები, მუზარადები, ჯაჭვის პერანგები კულტურული ფასეულობაა, მაგრამ არის კიდევ შენი საკუთარი ქვეყნის ისტორიის ნაწილი – მაგალითად, ხევსურული საბრძოლო აღჭურვილობა – ეს არის ჩვენი იარაღი, რომელმაც ჩვენ, ქართველები მრავალ ბრძოლაში გადაგვარჩინა. მე პირველმა აღვადგინე ხევსურული ჯაჭვის პერანგი – ე.წ. „გუდამაყრული ჩაბალახი“ ეს შემდეგ შეფასდა საქართველოს მუზეუმის მიერ, როგორც ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი მოვლენა. ერეკლეს სამეფო ხმლის ასლი საქართველოში უნდა იყოს, ბუნებრივია ევროპაშიც ვაჩვენებ, იქ ქართული საბრძოლო იარაღის პრეზენტაციაზე მუდმივად ვზრუნავ და რა თქმა უნდა, ახლაც ვიზრუნებ...


       – დიდი მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისათვის, ისტორიაში შეგვიპატიჟეთ და ახლა ძნელია უკან, „მარტივად“ დაბრუნება. ბევრ რამეზე დამაფიქრეთ, ახლებურად შევხედე ქართულ საბრძოლო იარაღს... ღირსეულ საქმეს ემსახურებით, ვაჟკაცურს, შრომატევადს... გოჩა, გისურვებთ წარმატებებს და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენი დიდი ნიჭისათვის, საქართველოს სახელის პოპულარიზაციისთვის...
       – დიდი მადლობა თქვენ და თქვენს ჟურნალს, თბილისში შეხვედრამდე...

ესაუბრა მზეხა მახარაძე


არბალეტი
   

   

   

* * *

ჟურნალი «პირველი» ესაუბრა
ეროვნული მუზეუმის იარაღისა და ძვირფასი ლითონების
ფონდის კურატორს მამუკა ქაფიანიძეს:


       – მეფე ერეკლეს ხმლის საავტორო ასლის დასრულების შემდეგ როგორი იქნება ეროვნული მუზეუმის პოზიცია? ამ ექსპონატზე საავტორო უფლება ოფიციალურად აქვს როგორც მის შემსრულებელს, ისე ეროვნულ მუზეუმს...
       – დიახ ასეა. მიხარია, რომ ქართველი დიდოსტატი ასეთი რუდუნებით ეკიდება ამ საქმეს. როცა გოჩა ლაღიძე მუზეუმში მოვიდა, თეთრი ხელთათმანებით შეეხო ხმლის ორიგინალს და მახსოვს თქვა: „ექსპონატებს შიშველი ხელით შეხება აზიანებსო“... ფოტოები გადაუღო, გაზომა, ისეთი პატივისცემით ექცეოდა ამ ნივთს, დამიჯერეთ, ყურებად ღირდა. გარდა იმისა, რომ დიდი პროფესიონალია და ევროპაში მას რესტავრაცია-კონსერვაციის საქმეში კონკურენტი არ მოეძებნება, რაღაც სხვანაირი გული უდევს – ქართულად რომ ძგერს. თქვენ მეკითხებით: – რატომ ვენდეთ? მე გპასუხობთ: გოჩა ლაღიძის სახელის უკან ავტორიტეტი დგას, მას კარგად იცნობს კოტე ჩოლოყაშვილი, სულ თავიდან ზურაბ წერეთლის შეკვეთებზე მუშაობდა, ევროპის მუზეუმები მხოლოდ მას უკვეთავენ იშვიათი ექსპონატების საავტორო ასლებს და ჩვენ რატომ არ უნდა დავაფასოთ? ეს ყველაფერი საკმარისი არგუმენტია იმისათვის, რომ გოჩას მივენდოთ.
       – მამუკა, მაშინ საინტერესოა, რატომ არ აფინანსებს ეროვნული მუზეუმი ამ პროექტს?
       – ფინანსებზე თავიდან არ ყოფილა ლაპარაკი. ეს საავტორო ასლი გოჩას ინიციატივით და მონდომებით კეთდება, დასრულების მერე რა ბედი ეწევა, ეს მუზეუმის ადმინისტრაციასთან და გენერალურ დირექტორთან შეთანხმდება. პრეზენტაციის შემდეგ გადაწყდება, ასლს ეროვნული მუზეუმი შეისყიდის თუ აუქციონის წესით გაიყიდება... ჩვენ ჯერ არა ვართ იმ რეჟიმში, რომ ყოველ ნივთს ბოლომდე გავყვეთ იმიტომ, რომ მუზეუმში რემონტი ჯერ არ დასრულებულა, იარაღის ფონდიც არ გვაქვს მოწესრიგებული, ყუთებშია ყველაფერი ჩალაგებული. იმასაც გეტყვით, რომ ეს პროექტი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული: „ბულატის“ ფოლადის გამოჭედვა ევროპაში ძალიან ძვირი ღირს. გარდა იმისა, რომ ეს კოლოსალური შრომაა, ამ ფოლადს თავისი სტრუქტურა აქვს, რომელსაც დღეს ოსტატები ვეღარ აკეთებენ. გოჩამ ძალიან დიდ, მნიშვნელოვან, ამასთან სარისკო საქმეს მოჰკიდა ხელი. ხმლის ასლი ჯერ არ არის დასრულებული, მაგრამ გეუბნებით, ხარისხით ორიგინალს არ ჩამოუვარდება.


"ჰეფესტოს სამჭედლოში"

 

 

 

 

 

 

 

 


       უღრმეს მადლობას მოვახსენებ ჟურნალის პირველი/PIRVELI (მისამართი: ზოვრეთის 1 (გაგარინის მოედანთან); ტელ.; (99532) 38 74 73; მობ.: (899) 41 16 10, (899) 25 08 24; www.pirveli.biz; pirveli-journal@yahoo.com) მთავარ რედაქტორს ქალბატონ ესმა კუნჭულიას ტექსტური მასალის და რამდენიმე ფოტო-სურათის გამოყენების ნებართვისთვის და ამავე ჟურნალის კულტურის განყოფილების რედაქტორს ქალბატონ თამარ მახარაძეს თანადგომისთვის.

პატივისცემით, გიორგი ალავერდაშვილი


       P.S. ქვეთავის საიტზე განთავსების შემდეგ „რკინის კაცისგან“ დამატებით მივიღე ერეკლე მეორის ხმლის ასლის დამზადებისას გამოყენებული მასალის ფოტოები: ქარქაშის ტყავის ნიმუშები ინგლისიდან; სპეციალური ფოლადი ვადის და ქარქაშის ნაწილებისთვის; ზღვის ლომის ეშვი ტარისთვის ნორვეგიიდან; სპეციალური ხის მასალა (მაგნოლია, იაპონიაშიც ეს მასალა გამოიყენება ხმლის ქარქაშისთვის).


 

 



გოჩა ლაღიძე
მსოფლიო პრესის ფურცლებზე





გოჩა ლაღიძე თბილისში

2009 წლის 25 სექტემბერი.