სადაურსა სად წაიყვან...

აღა-მაჰმად-ხანის შთამომავალი
ვაკის სასაფლაოზე განისვენებს


      პრობლემებით დატვირთულ ჩვენს დროში ისეთი ამბები გამოერევა ხოლმე, რომ ჩვენი კარგი განწყობილება გვინდა, თქვენც გადმოგდოთ. ამიტომაც ერთ საინტერესო წერილს გაგაცნობთ.
      „თბილისში, ძველ პლეხანოვზე, ჩემს მეზობლად ზურაბ მჭედლიშვილისა და ლერა ჩიკვაიძის მშვენიერი ოჯახი ცხოვრობს... ბატონ ზურაბს შეიძლება ბევრი იცნობს, – ის აღმოსავლეთმცოდნეა და საქართველოს კონსული გახლდათ თურქეთში... მისი მეუღლე, ქალბატონი ლერა კი მუსკომედიის თეატრის მსახიობია... ახლახან ამ ქალბატონმა გამაოგნებელი რამ მიამბო: აღა-მაჰმად-ხანის უკანასკნელი შთამომავალი (მართალია, აღა-მაჰმად-ხანი საჭურისი იყო, მაგრამ ყაჯართა გვარი მისმა ძმამ გააგრძელა – ავტ.) მოუნათლავს და ქრისტიანად მიუბარებია მიწისათვის... ასე რომ, ჩვენი მოსისხლე მტრის უკანასკნელი სისხლი და ხორცი თურმე ვაკის სასაფლაოზე განისვენებს. მისი მონაყოლი გონებიდან არ მშორდება და ვიცი, თქვენს მკითხველსაც უსათუოდ დააინტერესებს. მალხაზ ურიდია“.
      მოდი და ნუ გაგიკვირდება! სიმართლე გითხრათ, თავად ბატონ მალხაზს რამდენჯერმე ეჭვით ჩავეკითხეთ ამის შესახებ. ბოლოს ქალბატონ ლერასთან წავედით და ირანელი პრინცესას ისტორია მოვისმინეთ. ამ ისტორიას აღა-მაჰმად-ხანის ცოდვების ტრაგიზმი სდევს, – ყაჯართა პრინცესა მარტოსული და მძიმედ დაავადებული გარდაიცვალა. თუმცაღა, სიყვარულის ნიჭისთვის ის ღმერთმა სიყვარულითვე დააჯილდოვა, – სიცოცხლის ბოლოს ქართველი ქალები ელენე ბურჯანაძე და ლერა ჩიკვაიძე ერთგულად უვლიდნენ...
      ზურაბ მჭედლიშვილი: – აღა-მაჰმად-ხანს შვილი არ ჰყავდა. გავლენა და ფული რომ ჰქონოდა, ნებით დაასაჭურებინა თავი წინამორბედი ზენდებისა და აფშარების დინასტიის კარზე – თავმდაბლად ეახლა მათ და არმიაში სამსახური ითხოვა. მიიღეს და ჰარამხანაც ჩააბარეს საპატრონოდ. ჰარამხანაში შესვლა კი მხოლოდ საჭურისებს შეეძლოთ. მაგრამ ყველას რომ ეგონა, აღა მაჰმადი საჭურისობის ფასად მხოლოდ მაღალ ხელფასსა და თანამდებობას დასჯერდებოდა, ასე არ აღმოჩნდა, – შური სისხლით იძია და თავად გახდა ირანის შაჰი... მერე კი, როცა 56 წლისას საკუთარ კარავში მოუღეს ბოლო (სომეხმა ვაჭარმა გამოსჭრა ყელი და ამით თბილისიც გადაურჩა მეორედ აოხრებას), ირანის ტახტზე მისი ძმისშვილი ფათალი-ხანი ავიდა... მაგრამ ბიძის დაქცეულმა სისხლმა მისი შტოც არ გაახარა და ფათალი-ხანის შთამომავლობაც სისხლში ამოიხრჩო – 1925 წელს ყაჯარები ფეჰლევთა დინასტიამ ჩამოაგდო ტახტიდან, ბედისწერამ სამი წლის ბავშვი, ირანის მომავალი შაჰი მუფოდინიც კი არ დაინდო, მასაც ლტოლვილობაში ამოხდა სული... ცოცხალი დარჩნენ მხოლოდ მუფოდინის ბიძები, რომლებიც ირანიდან გაიქცნენ და ეგვიპტესა და აფრიკაში უმემკვიდროდ გადაეგნენ... ერთ-ერთი ბიძა ინგლისშიც გარბოდა გემით, მაგრამ ნაპირამდე ვერ მიაღწია. ბიძებიდან მხოლოდ 17 წლის ნეჯეფი გადარჩა, რომელსაც ახალმა საბჭოთა იმპერიამ ხელი მოწყალედ გაუწოდა... ის რუსებმა ბაქოში ჩამოიყვანეს და უბრალო აზერბაიჯანული გვარი, კალაბეკოვი მისცეს...
      ირანის პრინცს ჭკუა და ნიჭი ნამდვილად არ აკლდა. ამიტომ განათლებაც მიიღო და საბჭოეთის შენებაშიც მონაწილეობდა. მივლინებებშიც კი უშვებდნენ... ერთხელაც თბილისში ჩამოსულმა ნიკოლოზ II-ის ფრეილინას შთამომავალი – ნინა მელიქ-ალაჰვერდოვა გაიცნო და თავდავიწყებით შეუყვარდა. ნეჯეფს და ნინას ქალიშვილი დელარე (დელი) შეეძინათ. და ალბათ, თბილისში ბედნიერადაც იცხოვრებდენ, რომ არა 1937 წელი.
      1937-ში რეჯეფი დააპატიმრეს და ნინა ალაჰვერდოვაც ქმარს მიაყოლეს. დელი ქართველმა დედობილმა გადამალა და იქამდე უპატრონა, სანამ ნინა ალაჰვერდოვა დაბრუნდებოდა.
      ლერა ჩიკვაიძე: – დელი ჩემმა ბიძაშვილმა გამაცნო. ერთად სწავლობდნენ. ერთხელაც მასთან შავგვრემანი, მწვანეთვალებიანი ქალი დამხვდა... ეს ირანის პრინცესააო. მაშინ თქვა დელარემ, – მართალია ძალიან პატარა ვიყავი, მამა რომ წაიყვანეს, მაგრამ მახსოვს, რომ ჩემნაირი თვალები ჰქონდაო... „სამშობლოს მოღალატის“ შვილს მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში სწავლის ნება მისცეს, მაგრამ ამ დარგში ჩვენი ქვეყნისთვის იმდენს აკეთებდა, ყველგან პატივს სცემდნენ...
      – მაინც გაუჭირდებოდა მარტოს მძიმე წლებში...
      – მარტოსული იყო, უჭირდა, მაგრამ მაინც სხვებს ეხმარებოდა. ხანდახან ვფიქრობდი, – ნეტავი როგორ დააჯილდოვა ღმერთმა იმ სისხლისმსმელი საჭურისის სისხლი და ხორცი ასეთი სიყვარულის უნარით-მეთქი... თუმცა ალბათ, ასეც ხდება...
      ბევრჯერ მინახავს მის თვალებზე ცრემლები, როცა საქართველოზე ლაპარაკობდა, ხშირად მინატრია, ბევრ ქართველში დამენახა ქვეყნის ასეთი სიყვარული... ბოლოს, საყვარელი ნივთები გამოიტანა სახლიდან და მეგობრებს დაგვირიგა... ვუთხარი, ამას რად აკეთებ-მეთქი და – არ მინდა, ვინმემ ჩემი გარდაცვალების შემდეგ რაიმეზე იდარდოს, ჩემი სურათები კი თან ჩამაყოლეთ, ჩემ შემდეგ მაინც არავის დასჭირდებაო... ჩავაყოლეთ. დღემდე მიხარია, რომ მძიმე ავადმყოფს გვერდით ვყავდი. არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, რომ ადამიანს ეხმარები...
      – ჩანს, ასეთი გულის გამო აგირჩიათ ნათლიად...
      – არ ვიცი... მითხრა, ამაზე დიდხანს ვფიქრობდი, მამაჩემი ჭკვიანი კაცი იყო, ის გამიგებდაო... ბავშვობაში თურმე ვიღაცას მეჩეთში მიჰყავდა მოსანათლად და დედამისს უუარია – მამაშენი მაჰმადიანი იყო, ამიტომ ქრისტიანულად ვერ მოგნათლავ, მაგრამ ვერც მუსულმანს გაგხდი, რომ გაიზრდები, თავად აირჩიე, ვინ უნდა იყოო.
      სიონში მოვნათლე, როცა გარდაიცვალა, მოძღვარმა წესი აუგო და ვაკის სასაფლაოზე დავკრძალეთ დედამისის გვერდით... მას შემდეგ სამი წელი გავიდა და ახლაც დაგხვდებათ მის საფლავზე ყვავილები...



      P.S. ყვავილები მის საფლავზე მართლაც დამხვდა. შემდეგ დიდხანს ვფიქრობდი იმაზე, რომ ბედისწერას თავისი გზა და კანონები აქვს და ოდესღაც მაინც აღასრულებს – სისხლის ის ნაკვალევი, რომელიც პაპამ ქართულ მიწაზე დატოვა, მისმა შვილთაშვილმა სიყვარულით გადარეცხა... და მართალია, ჩვენ, მოკვდავებმა არ ვიცით, დიდი ცოდვები საბოლოოდ გამოისყიდება თუ არა, მაგრამ ალბათ სხვაგვარად მარტო თბილისი კი არა, სამყაროც ვერ იარსებებდა.


ეთერ ერაძე.
კვირის პალიტრა. 1-7 ივნისი. 2009.