სამშობლოში დაბრუნება

      პირველი ქართველი, რომელმაც მოახერხა საქართველომდე მოეღწია იყო ზემო მარტყოფელი იოთამ ონიკაშვილი, რომელიც 1871 წელს ჩამოვიდა და დასახლდა საგარეჯოში. სამწუხაროდ იგი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
      უფლის განგებით თბილისში დეკანოზ ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილის საოჯახო არქივში აღმოჩნდა ისტორიული ფოტოსურათი, სადაც დეკანოზის ოჯახთან ერთად გადაღებულია ფერეიდნელი ქართველები. როგორც ცნობილია, 1901 წელს საქართველოს ეწვია ორი მამულიშვილი – ყოლამ-ჰოსეინ ონიკაშვილი და ყოლამ-რეზა ხუციშვილი.
      გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კანონმდებლობის თანახმად ყოველი ერის წარმომადგენელს უფლება აქვს თავის სამშობლოში დაბრუნდეს, სწორედ ამ კანონით ისარგებლეს ფერეიდნელი ქართველების რამოდენიმე ოჯახმა 1967 წელს და განცხადება შეიტანეს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომ მათთვის უფლება მიეცათ საკუთარ სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ, პარალელურად განცხადება ჰქონდათ შეტანილი თეირანში არსებულ საბჭოთა კავშირის საელჩოში და დაიწყო «ბრძოლა» ირანის მთავრობასა და ამ ხალხს შორის, რომელმაც ხუთ წელიწადს გასტანა სანამ დადგებოდა ჩვენთვის ნანატრი 1972 წელი. ეს იყო ტანჯვის, წამების, აბუჩად აგდების, ცემის წლები, რამდენი რამ გადახდა 12 ფერეიდნელ ოჯახს, სანამ საქართველოს საზღვრებს მოაღწევდნენ. ბოლოს როცა მათი ცემის ფაქტები დააფიქსირა საბჭოთა კავშირის საელჩომ და პარალელურად მათი განცხადებებიც დააკმაყოფილეს, უკვე რიდი გაუჩნდა მათდამი ირანის უშიშროებას. 100 ოჯახის განცხადება იყო შესული ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაგრამ ზეწოლას ყველამ ვერ გაუძლო და განცხადებები უკან გამოიტანეს. მე მახსენდება როგორ დადიოდა ზამთარში მამა 14 კილომეტრს ფეხით ფერეიდანში საბუთებზე, ისინი კი უკან აბრუნებდნენ და ეუბნებოდნენ, ერთი კვირის შემდეგ მოდი და მაშინ გეტყვით პასუხსო. აი, ასე დაატარებდნენ მთელი ზამთარი, რომ როგორმე სულიერად გაეტეხათ. და აი, დადგა ნანატრი 1972 წლის ივნისი, მოვდივართ მატარებლით, უკვე შემოვედით ჯულფის საზღვარზე. ირანის მატარებლიდან უნდა გადავჯდეთ საბჭოთა კავშირის მატარებელში. ამ თორმეტი ოჯახიდან არავის წარმოდგენა არ გვქონდა თუ როგორ დაგვხვდებოდა დედა სამშობლო, ის ხომ ჩვენ მხოლოდ ცისარტყელის ზღაპრიდან ვიცოდით. დიდები გვეუბნებოდნენ, ვინც ცისარტყელის ქვეშ გაძვრება, საქართველოში აღმოჩნდებაო, ჩვენც, ბავშვები მთელი დღე დაუღალავად მივრბოდით და აი, მატარებელი ბოლო ბაქანზე გაჩერდა, ჩამოვედით ყველანი, ვხედავთ დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით დგას მეორე მატარებელი და უამრავ ხალხს მოუყრია თავი, ჩვენებმა დაუძახეს, ქართველები ხართო, გვიპასუხეს, კი თქვენიანები ვართ და გელოდებით, სადა ხართ აქამდეო. ჩვენებმა უთხრეს მოვდიოდითო.
      როგორ, 300 წელი სულ მოდიოდითო?
      კი მოვდიოდითო.
      ჯერ ოცნებით მოვდიოდითო, მერე ფიქრით მოვდიოდითო, ბოლოს საქმით მოვდიოდით, და აი, თქვენამდე მოვაღწიეთო და გადავეხვიეთ ერთმანეთს. ნახევარი საათი ერთმანეთს ვეფერებოდით და ვკოცნიდით. სიხარულისაგან ყველა ტიროდა, მომსვლელიც და დამხვდურიც. ეს რაღაც საოცრება იყო, გვიყურებდნენ სპარსელები და მათაც თვალებზე ცრემლი მოადგათ. და აი, კახეთი, გურჯაანის რაიონი, საქართველოში ვარდობის თვეა. მთელი კახეთი აღმოსავლეთისაკენ იყურება, ავტობუსებს ელოდება, რომლებმაც მათ ქართველები უნდა ჩამოუყვანოს ირანიდან, გზები გადაკეტილია, მთელი კახეთის მოსახლეობა გარეთ არის გამოსული ვარდებით ხელში, და ხალხის სიხარულს საზღვარი არა აქვს. ბავშვები ხელიდან ხელში გადავყავდით და ასე მივდიოდით ფეხით. მე ასეთი ლამაზი საქართველო არ მენახა.
      სამ-სამი ოჯახი გაგვანაწილეს თითო სოფელში.
      შაშიანში – ონიკაშვილი რამანა, იოსელიანი ალექსანდრე, ბათუაშვილი კოლია.
      ვაზისუბანში – ონიკაშვილი რეზო, ონიკაშვილი კოლია, ბათუაშვილი ფირუზი.
      ჩუმლაყში – ბათუაშვილი მემედი, ბათუაშვილი დავითი, ბათუაშვილი ჯავადი.
      საგარეჯოში – მიქელაძე რეზო, ასლანიშვილი ისკანდერი.
      რამდენიმე წლის შემდეგ ახალი ნაკადი ჩამოვიდა. ესენი იყვნენ გუგუნაშვილი კოლია, ბათუაშვილი ალიკა და მისი ძმა, ფანიაშვილი ალიკა და სხვანი. ჩამოთვლილიდან ყველა ოჯახი იყო მრავალშვილიანი, რომლებმაც უკვე აქ ახალ შტოს ჩაუყარეს საფუძველი და ახალი ოჯახები შექმნეს.


სხვათა ქვეყნის მარილი
გაზეთი TV პროგრამა N16 (547)


      ქართველები ოდითგანვე მოგზაურობდნენ და ვაჭრობდნენ შორეულ ქვეყნებში. უცხოური წყაროები მათ პატივისცემით მოიხსენიებს. ბევრ ქართველს ხმალიც მოუქნევია სხვათა ქვეყნის სასარგებლოდ, გონებაც, ხელოვნებაც და ნიჭიც შეუწირავს მისთვის.
      შაჰ-აბასის დროს ძალიან გამოუჩენია თავი ერთ ქართველ ვაჭარს, რომელსაც ვენეციიდან ისპაჰანში რამდენიმე ინდაური ჩაუყვანია და მთელი ქალაქი შეუწრიალებია - ინდაურს ხომ პირველად ხედავდნენ ირანში. როგორც ცნობილია, ევროპაში ინდაური გავრცელდა ამერიკის აღმოჩენის შემდეგ. თავდაპირველად ეს უცხო ფრინველი იმდენად იშვიათი და ძვირი იყო, რომ, მაგალითად ვენეციაში ქალაქის საბჭოს უნდა გადაეწყვიტა, როდის შეიძლებოდა "ინდური ქათმის" სუფრაზე მიტანა. ისპაჰანში ქართველ ვაჭარს თითო ინდაური თითო თუმნად გაუყიდია - ეს კი, თურმე, მართლაც საარაკო ფასი გახლდათ!
      მაგრამ ინდაური რა მოსატანია, როცა ირანში ცხენშებმული ოთხთვალა ფორანიც ქართველებს შეუტანიათ.
      მე-17 საუკუნეში ცნობილ მოღვაწეს, შირაზის ხანს იმამ-ყული-ხან უნდილაძეს (რომლის ქებას, თეიმურაზ I-ის თქმით, "ვერ იტყვის კაცთა ენანი"), თავისი სახელმწიფოებრივი საქმიანობით ბრიტანეთთან ჰქონდა ურთიერთობა - ამზადებდა ირან-ინგლისის სამხედრო კავშირს. სწორედ მათგან გადმოუღია ოთხთვალა ფორნები და თავის სახანოში, შირაზში შეუყვანია.
      ...1619 წლის 7 ივლისს, კვირა საღამოს, ისპაჰანის მთავარ მოედანზე (იგი იმამ-ყული ხანის მამის, ალავერდი-ხან უნდილაძის გამართულ-აშენებული იყო) შაჰ-აბასის წინაშე ჩაუვლია შირაზის ხანის მიერ გაგზავნილ უხვ ძღვენს. მათ შორის ყოფილა ფორნების გრძელი ქარავანი. ორ მათგანში მხოლოდ შაქრის ვეებერთელა თავები იდო თურმე, ხოლო დანარჩენი - პატიოსანი თვლებითა და სხვა განძეულით იყო სავსე.
      საგულისხმოა, რომ ძმათა უნდილაძეთა ამოწყვეტის შემდეგ ფორნების სახსენებელიც გაწყდა ირანში.
      სპარსთა მეფის კარზე გაითქვა სახელი ქართველმა მხატვარმა სიაოშმა, რომელსაც ქებით იხსენიებენ ევროპელი მემატიანეები.