ალი ასლანიშვილთან



ირანის თბილი მზე
ყოფილი ფერეიდნელი ალი ასლანიშვილის ისპაჰანური პეიზაჟები
”მთავარი გაზეთი”. 10 სექტემბერი. 2003

      საქართველოს დიზაინერთა კავშირის საგამოფენო დარბაზი ალექსი (ალი) ასლანიშვილის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. გამოფენის გახსნა მხატვრის იუბილეს დაემთხვა. 45 წლის ალექსი ასლანიშვილი მესამე პერსონალური გამოფენით მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს კიდევ ერთხელ უმტკიცებს, რომ, როგორც პეიზაჟისტს, თანამედროვე ქართველ მხატვრებს შორის ღირსეული ადგილი უკავია.
      საგამოფენო დარბაზში მხატვრის 40-მდე ნატურმორტი და პეიზაჟია წარმოდგენილი, ცივი და თბილი ფერების საოცარი ჰარმონიით მხატვარი დედამიწაზე არსებული სითბოს გადმოცემას ცდილობს. ”მე ისეთ მხარეში დავიბადე, სადაც ადამიანები მზისა და მთის ენერგიით არიან დამუხტულნი, სწორედ ამ ენერგიისა და სითბოს გადმოტანას ვცდილობ ტილოებზე”, – აღნიშნავს ალექსი ასლანიშვილი, საკუთარი შემოქმედების რეალიზაციისთვის მხატვარს პოსტიმპრესიონისტული მიმდინარეობა აურჩევია.
      “ძალიან მომწონს აბსტრაქტული მხატვრობა, ვერ ვბედავ... საქართველოში ამ მიმდინარეობაში მომუშავე ბევრი კარგი მხატვარია, მაგრამ მაინც ცდილობ, თავიდანვე არჩეული გზიდან არ გადავუხვიო”, – აღიარებს მხატვარი.
      ალექსი ასლანიშვილის ნამუშევრებში უხვად არის მშობლიური კუთხის – ზაგროსის მთების პეიზაჟები. მხატვარი ფერეიდნელი ქართველია, იგი ისპაჰანის ოლქის ქართულ სოფელ ჩუღურეთში დაიბადა. ბავშვობა იქ გაატარა და დღემდე აღტაცებულია თავისი სოფლის პეიზაჟებით. მეტიც, ალექსი ასლანიშვილის დიდი სურვილია, რომ კოლეგებთან ერთად ესტუმროს თავის ყოფილ სოფელს და შექმნას ამ კუთხის პეიზაჟები.
      ალექსი ასლანიშვილი საქართველოში 1973 წელს მშობლებთან ერთად ჩამოვიდა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დაზგური ფერწერის კათედრაზე. 1983 წლიდან მხატვარი სისტემატურად მონაწილეობდა თბილისში, მოსკოვში, ბალტიისპირეთის რესპუბლიკების დიდ ქალაქებსა და გერმანიაში გამართულ გამოფენებში. მის ნამუშევრებს დადებითად აფასებენ იაპონიის, ამერიკის, რუსეთის, გერმანიის, ესპანეთის, ირანის, თბილისის კერძო კოლექციონერები. ”ძირითადად კოლექციონერების მიერ შეძენილი ნამუშევრებიდან მიღებული თანხით მიწევს ცხოვრება”, – აცხადებს მხატვარი, თუმცა იქვე თავმდაბლობის გარეშე აღნიშნავს, რომ ხანდახან მუზეუმებიც არ ამბობენ მისი ნახატების შეძენაზე უარს.

ესმა ლემონჯავა


 

 


ფერეიდნულ-ქართული პეიზაჟები
გაზეთი ”ახალი ეპოქა”. 24-30 ოქტომბერი. 2003

      მხატვარი, ფერმწერი ალი, იგივე ალექსანდრე ასლანიშვილი 90-იანელთა იმ თაობას განეკუთვნება, რომლის შემოქმედებით ასპარეზზე გამოსვლა ჩვენს ქვეყანაში ცნობილ მოვლენებს დაემთხვა და, ცხადია, ბევრი პრობლემა შეექმნა შემოქმედებითი თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, ფერეიდნელმა ქართველმა მხატვარმა თავისი სიტყვა თქვა ფერწერაში... თქვა მკვეთრად გამოხატული ხელწერითა და იმ საამო ფერებით, რომლითაც მას უამრავ მხატვარში გამოარჩევ და ამოიცნობ.
      ალექსანდრე ასლანიშვილის ფერები გამჭვირვალე და დამაფიქრებელია. პეიზაჟია თუ ნატურმორტი, მისი ნახატები ანდამატივით გიზიდავთ და საფიქრალსაც გიტოვებთ. ბევრ მნახველს ისიც უთქვამს, რომ მის სურათებს დადებითი აურა მოსავს.
      მისი ბოლო ექსპოზიცია ზურაბ წერეთლის საგამოფენო დარბაზში, საქართველოს დიზაინერთა კავშირში ვნახე. შევიტყვე ისიც, რომ იგი 1958 წელს ირანში დაბადებულა – ზაგროსის მთებში, ისპაჰანის ოლქის ქართულ სოფელ ჩუღურეთში. 1973 წლიდან საქართველოშია. თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ სისტემატურად მონაწილეობს თბილისში, მოსკოვში, ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში, გერმანიაში მოწყობილ სხვადასხვა გამოფენაში. 2000 წელს პროექტში ”უტოპია” წარმოადგინა ფოტო და ვიდეომასალა, რომლებიც ირანის ტელევიზიით გადაიცა. 2002 წელს ალი ასლანიშვილმა გაიმარჯვა საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში.
      ფერეიდნელი მხატვრის ალი ასლანიშვილის ფერწერულ ტილოებს შეხვდებით იაპონიის, ამერიკის, რუსეთის, გერმანიის, ესპანეთის, ირანის მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებში.
      ჩემი მოკრძალებული აზრით კი, მხატვრის სულის ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს მშობლიური მიწა და გარემო. მაგრამ, როცა ხელოვანს ორი სამშობლო აქვს, მისი მხატვრობა ის საუკეთესო სინთეზია, როცა ნიჭიერი და გემოვნებიანი შემოქმედი ორივე წიაღიდან საუკეთესოს იღებს.
      ასეთი საუკეთესო სინთეზია ალი ასლანიშვილის ფერწერა. იგი სამი შვილის მამაა. აქვს ქართული ოჯახი და, მიუხედავად უამრავი მიწვევისა, საქართველოში გაჭირვებით ცხოვრება ურჩევნია სხვაგან ფუფუნებას.

დოდო იორდანიშვილი


   

 


დიდი სამყარო ვიწრო ჩარჩოში
გაზეთი ”ახალი ეპოქა”. 30 იანვარი – 5 თებერვალი. 2004

      გასული კვირა თბილისში გამოფენათა სიმრავლით გამოირჩეოდა. ცისფერ გალერეაში ფერეიდანში დაბადებული და გაზრდილი ქართველი მხატვრის, ალექსი (ალი) ასლანიშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართა, რომელიც ერთობ ორიგინალურად დაიწყო – მხატვარმა თითქმის ერთი საათით დაიგვიანა, ასე რომ, მის მოლოდინში სხვა ექსპოზიციის მონახულებაც მოვასწარით. თუმცა, გამოფენას ვინ ჩივის, თურმე ალი საკუთარ ქორწილშიც კი დაგვიანებით მისულა. ხელოვნებათმცოდნე ნინო ზაალიშვილმა აღნიშნა კიდეც, ალი ისეთი ორიგინალური, თავისუფალი და ბავშვური დარჩა, როგორიც სტუდენტობისას იყოო.
      გამოფენა პირობითად ორ ნაწილად დაიყო. წარმოდგენილი იყო დიდი ზომის ნახატები და ეგრეთ წოდებული კროკები – პატარა კომპოზიციები, რომლებიც ერთგვარი მონახაზი, მოსამზადებელი სამუშაოა დიდი ნახატებისათვის. თუმცა ისინიც არანაკლები ოსტატობით შეუსრულებია ავტორს. მნახველს მაშინვე თვალში ეცემა ამ პატარა კომპოზიციათა სრულყოფილება და დახვეწილობა, ფერთა საინტერესო შეხამება... ასე რომ, ეს ვითომდა წინასწარი ჩანახატები სრულფასოვან კონკურენციას უწევენ დიდ ტილოზე შესრულებულ ნამუშევრებს. ფერთა სინთეზი მხატვრის მთელ შემოქმედებას განსაკუთრებულ ელფერს სძენს, ყოველი ნამუშევრიდან თითქოს ჰარმონია და სიმშვიდე გამოსჭვივის, რაც, ალბათ, თავად მხატვრის პიროვნების ანარეკლია. თუმცა ის, რასაც ყველა გამოყოფს ალის შემოქმედებაში, მისი ნამუშევრების ეროვნულობაა.
      – ალი კოლორიტით ”ნაღდი” ქართველი ფერმწერია, – გვითხრა ხელოვნებათმცოდნე ეთერ კაკაბაძემ, – მთელი სტუდენტობის განმავლობაში იგი მუდმივად გამოხატავდა აღფრთოვანებას სამშობლოთი და იმ ფაქტით, რომ ის თავადაც ქართველია. ყოველივე ეს კი მის შემოქმედებაშიც იგრძნობა.
       – გასაოცარია, თუ როდის გაითავისა ასე კარგად ფერეიდანში დაბადებულმა და აღზრდილმა კაცმა ქართული ტრადიციები. ყოველ მის ნამუშევარში ეროვნული მოტივი გამოსჭვივის. შორეულ ქვეყანაში გაზრდილი ხელოვანი ქართული ფერებით ამეტყველდა, აფერუმ, მის კაცობას! – ასეთ რეპლიკებს ვისმენდით გამოფენაზე. თავად მხატვარმა კი მოკრძალებულად განაცხადა – ჩვენს ქვეყანაში ახალი ერა იწყება და ამ გამოფენასაც ქართველ ხალხს ვუძღვნიო.

ნინო ბერძენიშვილი




სტუმრად მხატვარ ალი ასლანიშვილთან



ნახატების გალერეა
1 – 15



ნახატების გალერეა
16 – 35



ნახატების გალერეა
36 – 55



ნახატების გალერეა
56 – 80