«ურაკპარაკი»

საქველმოქმედო საღამო – 2009 წლის 31 ოქტომბერი.



      2009 წლის 31 ოქტომბერი. საღამო. მთელი დღე გადაუღებლად წვიმს... ცა იქცევა... მოლაპარაკებული ვარ კახა ფერეიდნელთან, უნდა შევხვდეთ და საჯარო ბიბლიოთეკაში რაღაც წიგნები მოვძებნოთ. „გადადებული საქმე ეშმაკისააო“ და წვიმის მიუხედავად მაინც მივდივარ... ადრე მომივიდა მისვლა და კიბესთან ვჩერდები... კახა იგვიანებს, სამაგიეროდ შესასვლელთან ბევრ ახალგაზრდას მოუყრია თავი, რაც ძალიან მახარებს... რამდენიმე წლის წინ ამას ვერ იტყოდი, გაყინულ სამკითხველო დარბაზებში კანტი-კუნტად თუ შემოივლიდა ვინმე... ვატყობ, ამ ახალგაზრდებს რაღაც აერთიანებთ – ერთმანეთს დიდი სიხარულით და ოვაციებით ხვდებიან... დავინტერესდი და დაცვის ბიჭებს შევეკითხე – რაღაც საქველმოქმედო საღამო ტარდებაო – მიპასუხეს... ამ დროს კახამაც დამირეკა და მომიბოდიშა, ფერეიდანიდან ახლად ჩამოსულ მეგობარს შევხვდი და ცოტა დამაგვიანდებაო. ორივე მოვიწვიე!


 


      ცოტა ხანში ამდენ უცნობში ერთი ნაცნობი სახე გამოჩნდა! ეს იყო მიხეილ (მიშა) ღანიშაშვილი, რომელსაც უნდა ითქვას, რომ მთელი საუკუნე ვეძებდი... მიშასაც ძალიან გაუხარდა და თან გაუკვირდა ჩემი ნახვა. აქ როგორ მოხვდიო? – მკითხა. – შენს ძებნაში მთელი უკრაინა გადავატრიალე და იქიდან გავიგე ამ დროს აქ რომ უნდა მოსულიყავი-თქო – ხუმრობით მივუგე. საქმე იმაშია რომ 1997 წელს მე და მიშა ერთად ვიყავით ამერიკაში, ფორტ-პოლკის სამხედრო ბაზაში „ნატოს“ სწავლებაზე. მე საქართველოს სამშვიდობო ოცეულის დამკვირვებელთა ჯგუფის უფროსი ვიყავი (ქვეთავი 98 – გენერალ-მაიორი გია თორაძე – პარტნიორობა მშვიდობისათვის – გაერთიანება «ნაგეტ-97» Partnership for Peace – Cooperative «NUGGET 97»), მიშა კი თავისი ჟურნალისტური საქმიანობისთვის იყო მივლინებული, პერიოდულად რეპორტაჟების გადმოსაცემად. თბილისიდან ლუიზიანამდე მთელი გზა ერთად ვიფრინეთ, ასე რომ საკმარისი დრო გვქონდა ერთმანეთის გასაცნობად და დასამეგობრებლად.


      ამერიკის შემდეგ მხოლოდ ერთხელ შევხვდით ერთმანეთს. მაშინ მიშამ თავისი ახლადგამოცემული ლექსების კრებული "ბედისწერის ქიმზე" მაჩუქა, სადაც "ფორტ-პოლკური ზმანებანი" აღმოვაჩინე, შემდეგ კი ისევ გაუჩინარდა...

      როს ატლანტიკას გადასერავს ფრთები ბოინგის
      და სხვა სიმებად ათრთოლდება გული ქართული,
      ლუიზიანას ცას შევხედავ წელგამართული
      და იმედებით ილესება ოცნების ლინგი!
            ვიტყვი: ამ სივრცეს, ამ ცხელ მიწას თავის დროზედა
            თავს აფარებდა არაერთი მამულიშვილი,
            ვით სან-ფრანცისკოს ალექსანდრე სულხანიშვილი,
            ვინც სამშობლოდან წუხილები უხვად მოზიდა.
      დღეს კი ჩვენ ვდგავართ კარიბჭესთან ახალი სივრცის,
      ფართოდ, გულღიად გადახსნილან ბჭენი მძიმენი,
      ვით მარსის ველზე ქანდაკება სხივთა მიმფენი,
      ეფინებიან ხმანიც ჩვენნი დღეს აქ და ვიცი...
            სულ სხვა იქნება მომავალი მამულის ჩვენის
            ხვალე თუ არა, ზეგ თუ არა, იმის ზეგ – სწორად...
            ჩამოინგრევა ბოროტების წყეული გორა
            და საქართველო გაიხარებს მზის აღმომჩენი!..

      რამდენიმე ხნის შემდეგ კი ხელში ჩამივარდა უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელის“ სპეციალური ნომერი „საქართველო“ №2(5) 2008, სადაც ეწერა რომ „ნომერზე მუშაობდნენ: თენგიზ ლობჟანიძე, მიხეილ ღანიშაშვილი, ივანე კოვალი, დავით კურტანიძე“. რადგან ჟურნალი ეხებოდა რუსეთ-საქართველოს ხუთდღიან ომს, საიტში გაჩნდა ქვეთავი 128 – მიხეილ ღანიშაშვილი – ქართველთა საპროტესტო აქციები კიევში. აგვისტო 2008 წ. – Міхеіл Ганішашвілі – АКЦІЇ ПРОТЕСТУ ГРУЗИН У КИЄВІ. ჟურნალის რედაქციაში კი გავაგზავნე წერილი, სადაც ვთხოვდი, როგორმე მიხეილ ღანიშაშვილი ჩემთვის დაეკავშირებინათ, მაგრამ უშედეგოდ...
      ახლა კი თვით მიშა ღანიშაშვილი იდგა ჩემს წინ – მოციმციმე თვალებით და მომღიმარი სახით. აღმოჩნდა, რომ მამის გარდაცვალების გამო ჩამოსულა საქართველოში. ცოტა ხანს კიდევ ვიქნები, მერე კი ალბათ ისევ კიევში დავბრუნდებიო! შემდგომ საუბარში ერთი მეტად უცნაური სახელი ახსენა – „ურაკპარაკი“. მაშინვე მივხვდი, რომ ეს უცნაური სიტყვა ადრეც მსმენოდა და მიშასაც მოვუყევი:
      2-3 თვის წინ რუსთაველზე შემთხვევით შემხვდა ჩემი უფროსი მეგობარი თეიმურაზ მიქაუტიძე. თემურის ჯერ კიდევ სამხედრო აკადემიაში მუშაობის დროს დავუმეგობრდი. თემური ყოველთვის „სიმპატიურ კახელად“ მომიხსენიებდა, მე კი მის პროზაულ ნაწერებს კორექტირებას ვუკეთებდი. ხშირად გვიხეტიალნია აღმა-დაღმა პოეზიით მთვრალებს. და ისევ – ამერიკა... და ისევ „ნატო“... ვიცე-პოლკოვნიკი თეიმურაზ მიქაუტიძე ქართული სამშვიდობო ოცეულის უფროსი იყო! მართალია ამერიკელებმა ჩასვლისთანავე ერთმანეთს დაგვაცილეს: ჩვენ ლუიზიანას გველებით სავსე ტყეებში გვიკრეს თავი, ვიცე-პოლკოვნიკი თეიმურაზ მიქაუტიძე კი შტაბში წაიყვანეს, საიდანაც ხელოვნური თანამგზავრის საშუალებით „ეცნობოდა“ 22 ქვეყნის სამშვიდობო ოცეულების თავგანწირული ბრძოლის ეპიზოდებს. ბევრი ვისაუბრეთ, გავიხსენეთ ძველი ამბებიც. დამშვიდობებისას სასხვათაშორისოდ მითხრა: www.urakparaki.com-ში შედი, პროზაში ნიკო აშკარელი მოძებნე და იუმორისტული „ჩემი ამერიკა“ წაიკითხე, იქ შენზეც მიწერია რაღაცეებიო...
      ძლივს მივიტანე სახლამდე ორი უცნაური სიტყვა: „ურაკპარაკი“ და „აშკარელი“. მაშინვე ჩავრთე კომპიუტერი და... ნეტავ არ ჩამერთო... აი, რას წერდა ჩემი „მეგობარი“ ჩემზე:
      „ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც გენერალი თავის იმპროვიზაციულ ნიჭს მთელ სიგრძე-სიგანეზე ავლენს და სამწყობრო მომზადებაში აქამდე გამოუგონებელს ილეთებს იგონებს, სად იყო – სად არა, სამწყობრო მოედანზე მხრებჩამოყრილი და ვარაუდით მობლადუნე გოგი ალავერდაშვილი გამოჩნდა. გოგის თვალებიც აცა-ბაცა გაურბოდა და ღიმილიც, რომელიც ჩვენ ისე შემოგვაფინა, თითქოს ბრძოლის წინა ხაზიდან განსაკუთრებული დავალების შესასრულებლად მტრის ზურგში გვყავდა გაგზავნილი. ისე, რომ მის ცოცხლად გადარჩენას აღარავინ ელოდებოდა და ის კი უკან, სანგარში დაბრუნებულიყოს.
      კაპიტნის ასე აღმატებული განწყობის მიზეზი ვერ გაიგო და ვერ გაიზიარა ამ ჩვენმა გენერალმა. ჩვენ შეგვეშინდა, ისე მრისხანედ შეიჭმუხნა წარბები. რა გასაკვირია, ის ხომ მოცემულ მომენტში მთელი მონდომებით ემსახურებოდა სამშობლოს და ამ დროს, ვიღაც უდიერი ასე უაზროდ აპირებდა ხელის შეშლას. მაგრამ არ ეშინოდა გოგის. კაპიტანი უკვე მოედანზე მოაბიჯებდა და მას ვეღარაფერი შეაკავებდა.
      ჯიმიმ თვალები ისე მოჭუტა და დაიჯღანა, რომ აშკარად მძიმე ამბავი უნდა დატრიალებულიყო. გოგიმ, გენერლამდე ხუთი ნაბიჯი რომ იყო დარჩენილი, ერთი უცნაურად შეათამაშა მხრები, ვითომ წელში გასწორდა, ერთმანეთში არეულად მოჰყვა ხელების ქნევას წინ და უკან, ორიოდე ნაბიჯი მონდომებით გადაატყაპუნა, მერე ამ აბლანდული ფეხებს როგორც იქნა ერთმანეთთან თავი მოუყარა და ხელი ქუდთან მიიტანა“.
      სწორედ ეს ფრაგმენტი მომხვდა თვალში... ამან გამაცოფა... შემდეგ კრიჭა-შეკრულმა თავიდან გადავიკითხე და მთლიანობაში საშინელებად აღარ მომეჩვენა... მესამედ კი უკვე ვხალისობდი! შემდეგ შევეხმიანე ჩემს „მეგობარს“ და ვკითხე, ისეთი რა დაგიშავე, ჩემზე ეს ტყუილები რატომ დაწერე, ხომ იცი რომ ასეთი არ ვარ და რაში გჭირდებოდა-თქო? უტიფრად მიპასუხა: ასეთი პერსონაჟი მჭირდებოდა, უცხოზე ხომ ვერ დავწერდი, აბა რისი მეგობარი ხარო? გამეცინა – ჯანდაბას „შენი ამერიკა“, ვინც მიცნობს – არ დაგიჯერებს, ვინც არ მიცნობს – მისთვის სულ ერთი არაა-თქო? შენგან ზუსტად ასეთ პასუხს ველოდი, დარწმუნებული ვიყავი, გამიგებდიო!
      რამდენიმე ხნის შემდეგ წყენამ რომ გადამიარა, ისევ „ურაკპარაკს“ მივუბრუნდი... დაკვირვებით წავიკითხე დანარჩენი ავტორებიც... ყველა ასეთი „გადარეული“ ხომ არ იქნებოდა? იმდენად მომეწონა, რომ მაშინვე ბანერი ჩემს საიტში დავამატე!
      ამ საუბარში ვართ და მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებელი საქველმოქმედო საღამოც დაიწყო. როგორც საღამოს წამყვანმა, უმშვენიერესმა ქალბატონმა თეა თაბაგარმა აღნიშნა საღამოზე შემოსული თანხა და სხვა სახის შემოწირულობები მოხმარდება ქ. რუსთავის "ბავშვზე ზრუნვის ცენტრს".

გიორგი ალავერდაშვილი


 

ბავშვებს თუ რამით დავეხმარებით – იმ დღეს ტყუილად არ ვისუნთქებთ თბილისის ჰაერს...
საღამოს წამყვანი – თეა თაბაგარი


   

წინა საქველმოქმედო საღამოს დროინდელი ფოტოები:
ნოდარი – რუსთავის ბავშვთა სახლიდან. პატარების ნახატები და ხელნაკეთი ნივთები.



ლევან ალავერდაშვილი



ლექსები


პოეზიის საღამო



ბექა ოთანაძე



ლექსები


ფოტო-გალერეა 1


ფოტო-გალერეა 2



რობერტ მესხი



ლექსები


ფოტო-გალერეა 1


ფოტო-გალერეა 2



რობერტ მესხის პოეზიის საღამო
2010 წლის 21 აპრილი



თამარ ბუკია


გიორგი ალავერდაშვილი


თამარ კაპანაძე


მარიამ სილაგაძე


კ/თ "ამირანის" ლიტერატურული კაფე – "ჩვენ დრო გვაქვს მხოლოდ ერთი საათი..."


ინტერვიუ რობერტ მესხთან – ლიტფორუმი ებლიტფო



http://www.youtube.com/watch?v=szoCgwFqsNU



მიხეილ ღანიშაშვილი



ფოტო-გალერეა 1


ვიდეო


ფოტო-გალერეა 2


2011 წელი, 24 ივნისი, პარასკევი
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი
ახალი წიგნის "გოგია ჭიჭოშვილის ეპოსის" წარდგინება




დეა სოსელია
ფოტო-გალერეა 1



ია მშვიდობაძე
ფოტო-გალერეა 2



ია მშვიდობაძე
ფოტო-გალერეა 3



ქეთევან ჩიტაშვილი
ფოტო-გალერეა 4






თამარ ბუკია


ფოტო-გალერეა 1


ფოტო-გალერეა 2



ლიკა ფიფია


ქეთევან დოლიძე


ია მშვიდობაძე



ელისო კალანდაძე
ფოტო-გალერეა



ოთარ რურუა
ლექსები




გიორგი გახოკიძე


სოსო ნადირაძე



ნინი მესხიძე


კახა ჭლიკაძე


თამარ ბუკია – "გაცვლა"
2010 წლის 25 სექტემბერი


ფოტო-გალერეა 1


ფოტო-გალერეა 2


ფოტო-გალერეა 3


თეა თაბაგარი. ფოტო-გალერეა 4


ოთარ რურუა. ფოტო-გალერეა 5



საქველმოქმედო საღამოზე წარმოთქმული ლექსები


თეა თაბაგარი
გიო ზედვაკელი
ბექა ოთანაძე
ირაკლი ყალიჩავა
მინდია ცეცხლაძე
ნინო ნეკერიშვილი
ზურა დემეტრაშვილი
ჰენრი დოლიძე

რუსთავი
"ბავშვზე ზრუნვის ცენტრი"

ფოტო-გალერეა


ეკა ტალახაძე


      მოგესალმებით, ბატონო გიორგი! მე გახლავართ ეკა ტალახაძე საქართველოს რადიოდან. რომ მცოდნოდა, რომ იმ საქველმოქმედო საღამოს თქვენ და თქვენი ფერეიდნელი სტუმრებიც ესწრებოდით, აუცილებლად წავიკითხავდი ლექსს, რომელიც ფერეიდნელ ქართველებს მივუძღვენი. ეს ახალგაზრდები ონიკაშვილები არიან და ხალხური რეწვისა და ფოლკლორის ფესტივალის „არტ-გენის“ მიმდინარეობისას გავიცანი მანავის ციხეზე. მათი თანმხლები ლექტორის სიტყვები არ დამავიწყდება არასოდეს! ამ ბიჭებმა თუ გითხრესო, რომ ფერეიდანში, ამ 400 წლის მანძილზე ქართველს ქართველი არ მოუკლავსო და მეც მეტი რა მინდოდა? იქვე დავწერე ლექსი...
      თქვენ შეგილძლიათ ცოტა ხნის წინ ჩემს მიერ მომზადებული მასალაც მოისმინოთ საიტზე http://radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15 ჩანაწერი 7 ოქტომბრით არის დათარიღებული და ამ რუბრიკის მომზადებაში თქვენი საიტი ყლუპი წყალივით წამომესწრო. რუბრიკის ბოლოს რომ ლექსს ვკითხულობ ის ლექსია, ზემოთ რომ ვახსენე. უბრალოდ, ჩემს საავტორო მასალაში არასოდეს არ წამიკითხავს ჩემი ლექსი და ეს იყო ერთადერთი გამონაკლისი. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა და ვწუხვარ, რომ ხმამაღლა არ გაჟღერდა საღამოზე თქვენი დასწრების ფაქტი.

                        „თუ დღესაც მღერის ქართველი,
                        ფერეიდანში ფანდურით“


      ფერეიდანში ძმის სისხლით არავინ დამწყურვებულა,
      ფერეიდანში ქართულით არავინ დამწუხრებულა,
      ფერეიდანში ჩიქილა დღემდე არ გახუნებულა,
      ფერეიდანში სირცხვილით არავინ დადუმებულა.
      მანავის კოშკზე სოფიოს მანდილი აღელვებულა,
      ნიკო, ლექსო და ლევანი არხოტზე ამღერებულა,
      ბებიების და პაპების ზღაპრები გაცოცხლებულა,
      შვილთაშვილები ქართული ანბანით გამზითვებულა.
      წინაპრის სისხლი ნანგრევთან ტბორად რომ დაგუბებულა,
      საუკუნეთა გზაწვრილზე ყვავილად აღერებულა,
      დღეს ცისფერ ძარღვებს მიაპობს, გამთბარა, აღელვებულა,
      ქართულად გლოცავთ, ეს სიტყვაც ქართულად გახელებულა.



* * *


       1. დამბურძგლა ტანში, რა ლექსია ღმერთო ჩემო. სირცხვილი საქართველოს, 400 წლის წინ გადახვეწილმა ქართველებმა გვაჯობეს, ქართველი ქართველის ხელით არ კვდებაო. გაიხარეთ ჩემო ფერეიდნელო ქართველო ვაჟკაცებო, იმრავლეთ და იმედი ვიქონიოთ, ოდესღაც საქართველო გამოითხოვს მის სისხლსა და ხორცს, ოდესღაც ყველა ქართველი საქართველოს დაუბრუნდება. მედეა სიხარულიძე. აშშ.

       2. გულგრილად ვერ წავიკითხე... ყელში ბურთი გამეზარდა, ცოტაც და ტირილს დავიწყებდი... ეს რა ლექსი წავიკითხე... დარწმუნებული ვარ ცხოვრებაშიც ასეთები არიან. მადლობა ეკა ტალახაძეს ასეთი ღრმა და სიყვარულით სავსე ლექსისთვის. გაიხარე და წინსვლა შენს შემოქმედებით ცხოვრებაში. ყველანი უფალს ებარებოდეთ ჩემო კარგებო. ცისანა ზურგაშვილი. საქართველო. თბილისი.

       3. გიორგი, დედას გეფიცები, გავშრი ეს ლექსი რომ წავიკითხე, ძალიან ამაღელვებელია. რომ ვკითხულობდი ყველა ძარღვი დაჭიმული მქონდა, რომ რამე არ გამომრჩენოდა. შეიძლება სასაცილოც იყოს, მაგრამ ოთახის კარები დავკეტე, ზედმეტი ყურადღება რაიმე ხმაზე რომ არ გადამეტანა. სხვათაშორის როცა შენს საიტს ვკითხულობ, საერთოდ ვეთიშები ამ სამყაროს და მთელი გულით, აზრით და არსებით შიგნით გადავდივარ ფერეიდანში. ძალიან საინტერესოა ჩემთვის ამ სტატიების წაკითხვა. ლექსი რამოდენიმეჯერ წავიკითხე, რომ ყოველი სიტყვა, აბზაცი, სტრიქონი, კუპლეტი კარგად შემესწავლა. დედამთილმა კი იტირა. ყველაზე საწყენი ის არის, რომ იქ მყოფ ქართველებს უფრო უყვართ საქართველო, ვიდრე საქართველოში მყოფ ქართველებს (რა თქმა უნდა, ეს ყველა ქართველს არ ეკუთვნის). გაიხარე გიორგი და დიდ წარმატებებს გისურვებ ჩემო კარგო. დიანა. ისრაელი.



მიხა ხელაშვილის საქველმოქმედო საღამო
ერთად დავეხმაროთ მიხას ქალიშვილს
ქალბატონ თამარ ხელაშვილს

2010 წლის 12 აპრილი
სამების საკათედრო ტაძარი
საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი




პოეზიის მთელი დღე
2010 წლის 20 ივნისი




2010 წლის 14 ივლისი
კუს ტბა

2010 წლის 17 ივლისი
ბაგრატის ტაძარი, მოწამეთა, გელათი