ნიკო ნახუცრიშვილი - ფერეიდნელი ქართველები

ჟურნალი ”დიასპორა-დიალოგი”. 2006 N1.


aleksi

      დღევანდელი საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველთა ერთ-ერთი დიდი ჯგუფი დაახლოებით ოთხი საუკუნეა, რაც ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისპაჰანის ოსთანში (პროვინციაში), ფერეიდანში ბინადრობს.
      ქართველთა მასობრივი იძულებითი გადასახლება ირანში სეფიანთა ზეობის დროს განხორციელდა. ჯერ შაჰ-თაჰმასბ I (1524-1576 წწ.) 1541-1554 წლებში ოთხჯერ დაესხა თავს საქართველოს, და სპარსელი ისტორიკოსის - ჰასან რუმლუს ცნობით, მარტო ერთი ლაშქრობისას ოცდაათი ათასი ქართველი ტყვედ წაიყვანა ირანში.
      შაჰ-აბას I-ის დროს (მეფობდა 1587-1629 წწ.) ირანელთა მიერ განხორციელებული ლაშქრობებისას, გაცილებით მეტი რაოდენობის ქართველობას მოუწია სამშობლოს დატოვება და ირანში გადასახლება. ირანელი მეისტორიე, ისქანდერ მუნში, აღწერს, რომ 1616 წელს შაჰმა მხოლოდ კახეთიდან ასოცდაათი ათასი ადამიანი აჰყარა, ხოლო შემდეგ ქართლიდანაც დიდძალი ტყვე გაუყენა ირანის გზას. დატყვევებული ქართველები ირანის სხვადასხვა რაიონში ჩაასახლეს (ხორასანში, კასპიის ზღვისპირეთში, ირანის ცენტრალურ და დასავლეთ რაიონებში). ქართველთა მასობრივი გადასახლებით შაჰ-აბასი რამდენიმე ძირითად მიზანს მისდევდა:
      1. ამით ყოველმხრივ ასუსტებდა ურჩ ქართლ-კახეთს;
      2. ახალი ქართული დასახლებებით იცავდა საკუთარ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონებს (მათ შორის - დედაქალაქ ისპაჰანს) მომთაბარე ტომების გამუდმებული თავდასხმებისაგან;
      3. ქართველთა მეშვეობით ირანში ნერგავდა ინტენსიურ მეურნეობას;
      4. მამაცი ქართველი მეომრებით აძლიერებდა საკუთარ ლაშქარს.
      ქართულ და ირანულ წყაროებზე დაყრდნობით არსებობს გაანგარიშებები, რომ მხოლოდ სეფიანთა ზეობისას საქართველოდან ირანში 200 ათასზე მეტი ქართველი გადაასახლეს, შემდგომ, აფშარებისა და ყაჯარების დროს კი - კიდევ დაახლოებით 50 ათასამდე.
      სადღეისოდ მშობლიურ ენაზე მოლაპარაკე ქართველები ირანში მხოლოდ ფერეიდანში (ისპაჰანის დასავლეთით, 175 კილომეტრზე) დარჩნენ. ირანის სხვა რეგიონებში კი ქართველთა ბინადრობაზე მხოლოდ გეოგრაფიული სახელები მიუთითებს, როგორიცაა სოფლები: ”გორჯი-სარა”, (ქართველთა სასახლე), ”გორჯი-მაჰალე” (ქართველთა უბანი), ”გორჯი-ყალა” (ქართველთა ციხე) მაზანდარანში, ”გორჯი” (ქართული სოფელი) ირანის აზერბაიჯანში, ”გორჯაი” ქურთისტანში და ა.შ.

      სადღეისოდ ფერეიდანში კომპაქტურად მოსახლე ქართველთა რაოდენობა, სხვადასხვა წყაროების მიხედვით, 30 ათასის ფარგლებში უნდა იყოს. ირანის ისლამური რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო ”ირნა” წერს (09 07 2004), რომ ”ქართული წარმოშობის დაახლოებით 20 ათასი ადამიანი 400 წელზე მეტი ხნის წინ გადმოსახლდა ამ რეგიონში, ისპაჰანის სამხრეთ-დასავლეთით 180 კმ-ზე. ზოგიერთი სტატისტიკური გაანგარიშებით, ამჟამად ისპაჰანის პროვინციაში ცხოვრობს დაახლოებით 60 ათასი ქართველი”. ისინი აქ ემეზობლებიან სპარსელებს, სომხებს, ლურებს, ბახტიარებს, ქურთებს და თურქულენოვან ტომებს. მიგრაციული პროცესების შედეგად XX ს. II ნახევარში ფერეიდნელების საგრძნობი ნაწილი დიდ ქალაქებში (თეირანი, ისპაჰანი...) აღმოჩნდა, რის გამოც მათი ზუსტი რაოდენობის დადგენა ძნელია. ზოგი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ფერეიდნელთა საერთო რიცხვი თანამედროვე ირანში 60 ათასამდე უნდა იყოს. ირანული ცხელი ზაფხულის პირობებში მრავალი გაქალაქებული ფერეიდნელი დასასვენებლად მშობლიურ სოფლებში ჩადის, სადაც მაღალი მთის გრილი და სასიამოვნო ჰავაა.
      ირანში გადასახლებისთანავე შაჰ-აბასმა ქართველები გაამაჰმადიანა. დღეს ფერეიდნელი ქართველები ისლამური ირანის შიიტური თემის ნაწილს შეადგენენ და გამოირჩევიან რელიგიური წესების ზედმიწევნითი აღსრულებით.
      ირანში დასახლებულმა ქართველებმა მალევე დაიკავეს ღირსეული ადგილი სეფიანთა კარზე. ქართული წარმოშობის არაერთმა პოლიტიკურმა თუ სამხედრო მოღვაწემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ირანის ისტორიაში, მის საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში. ალავერდი-ხან უნდილაძის სახელთანაა დაკავშირებული მსოფლიო ხელოვნების შედევრის, ”სიოსეფოლის” (33-თაღიანი ხიდის), აგება ისპაჰანში.
      იმამყული-ხან უნდილაძის ძეგლი სპარსეთის ყურეში, კუნძულ ყეშმზე დგას, ნიშნად იმისა, რომ მისის სარდლობით ბანდარ-აბასიდან განდევნილ იქნენ პორტუგალიელი დამპყრობლები.
      ჩვენს სინამდვილეში ფერეიდნელმა ქართველებმა, როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ღირსეულმა წარმომადგენლებმა, გასული საუკუნის 80-იან წლებშიც ღირსეულად მოიხადეს მოქალაქეობრივი ვალი ირან-ერაყის ომში და დაიცვეს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. სწორედ ამ ისტორიულ რეალობებზე გაამახვილა ყურადღება ფერეიდნელთა წინაშე გამოსვლაში წლევანდელ ზაფხულს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა. ”ირნა” 2004 წლის 9 ივლისს წერდა: ”საქართველოს პრეზიდენტმა ფერეიდანშაჰრში ემოციურ შეკრებაზე განაცხადა: ირანში მცხოვრებმა ქართველებმა უცხოთა ხელყოფისაგან ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას დიდი გმირობა გამოიჩინეს... ირანელი ქართველები წარმოადგენთ ხიდს, რომელიც განამტკიცებს ირანისა და საქართველოს ურთიერთობას... თქვენი - ქართველების ვაჟკაცობა იმ დროის მანძილზე გამოვლინდა, როდესაც ამ ქვეყანაში გადმოსახლებიდან 450 წლის შემდეგაც შეინარჩუნეთ თქვენი თვითმყოფადობა და ენა... მე მსურს, ყველანი დაგპატიჟოთ საქართველოში, რადგან ირანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები წარსულზე უფრო მეტად არის განმტკიცებული და თქვენ ჩვენ სიხარულს გვანიჭებთ”.

      ფერეიდნელ ქართველთა მიერ უცხოენოვან გარემოში 400 წლის მანძილზე მშობლიური ენის შენარჩუნებას ალბათ მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება. ქართული ენის ასეთი სიმტკიცე ქართული სულის ძლიერების ერთ-ერთი გამოვლინაბათაგანია. ფერეიდნულმა კილომ მრავალი ძველი სიტყვა და გამოთქმა შეინარჩუნა, რომელიც დღევანდელ ქართულში აღარ მოიძებნება. ფერეიდნული მეტყველების ფენომენის შესწავლისადმი დიდი ინტერესი საქართველოში XX ს. 20-იანი წლებიდან გაჩნდა და ახლაც ამ მხრივ კვლევა ინტენსიურად მიმდინარეობს. თუ XX ს. 20-იან წლებში ერთი ფერეიდნელის საქართველოში ჩამოსვლაც განსაკუთრებულ მოვლენად ითვლებოდა და ცნობილი ქართველი ენათმეცნიერები ა. ჩიქობავა, ვ. თოფურია და სხვები ფერეიდნული კილოს შესწავლას ერთი რესპონდენტისაგან მიღებულ მასალაზე დაყრდნობით ახორციელებდნენ, ამჟამად შესაძლებელია ფართო ლინგვისტური კვლევის წარმოება თავად ფერეიდანში, რაც რამდენიმე წლის წინ განხორციელდა კიდეც ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლების - თ. უთურგაიძისა და დ. ჩხუბიანიშვილის მიერ.
      ამავდროულად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძალებით ჩატარდა პირველი ეთნოგრაფიული ექსპედიცია ფერეიდანში (ექსპედიციის წევრები: ო. მიმინოშვილი, ნ. ბართაია, მ. როსტომაშვილი).


 

      1970-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირისა და ირანის მთავრობების შეთანხმებით ფერეიდნელთა რამდენიმე ათეული ოჯახი ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში, საქართველოში შექმნილი მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური პირობების გამო, ზოგმა მათგანმა კვლავ ირანს შეაფარა თავი.
      ფერეიდნელი ქართველების ისტორიულ სამშობლოსთან ურთიერთობა უნდა განიხილებოდეს და ვითარდებოდეს ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან საქართველოს თანამშრომლობის ფართო კონტექსტში და არა მისგან იზოლირებულად და თვითმიზნურად, ქართველ ირანისტებისა და სპეციალისტების კომპეტენტური რეკომენდაციების გათვალისწინებით. ამ საკითხისადმი სწორი მიდგომის ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს თეირანში საქართველოს საელჩოს რეალისტური, დინჯი, გეგმაზომიერი და აწონილ-დაწონილი მუშაობა. საელჩოს მიერ გამოცემული წიგნები (ქართულ და სპარსულ ენებზე) გამიზნულია არა მხოლოდ ფერეიდნელი ქართველებისათვის, არამედ ქართული ენითა და ლიტერატურით, საქართველოს ისტორიითა და დღევანდელობით დაინტერესებული ირანელი მკითხველისთვისაც. ასეთია, მაგალითად, ლ. გეგუჩაძის წიგნის - ”ქართული ენა უცხოელთათვის” - ფარდინ ქომაისეული თარგმანი დამატებებითურთ, რომელიც ქართული ენის პირველი სახელმძღვანელოა სპარსულენოვანთათვის.

      საბედნიეროდ, ფერეიდნული თემატიკით დაინტერესებული პირებისათვის საკმაო რაოდენობის სამეცნიერო და პოპულარული ლიტერატურა არსებობს ქართულ (გ. ჭიპაშვილი, ზ. შარაშენიძე, ჯ. გიუნაშვილი, მ. თოდუა...) და სპარსულ ენებზე, რომელთა შორის განსაკუთრებით უნდა გამოიყოს უკანასკნელ წლებში ფერეიდნელი ქართველების მიერ დაწერილი და ისპაჰანში გამოცემული მნიშვნელოვანი ნაშრომები - ”ირანელი ქართველები” (ავტორი - მალექ მოჰამად რაჰიმი) და ”ქართველთა ადგილი ირანის ისტორიასა, კულტურასა და ცივილიზაციაში” (ავტორი - საიდ მულიანი), რომელთა ქართულად თარგმნა სასიკეთოდ წაადგებოდა ქართულ-ირანულ ურთიერთობებს.

 

      დღევანდელი ტექნიკური მიღწევების წყალობით, ინფორმაციის მიღება პრობლემას არ წარმოადგენს და ტელევიზიისა თუ ინტერნეტის მეშვეობით ფერეიდნელები უახლოეს ინფორმაციას იღებენ საქართველოს შესახებ. ქვეყნებს შორის მზარდი სავაჭრო და ტურისტული ურთიერთობის წყალობით უკვე ბევრი ქართველი ხვდება ფერეიდანში და ბევრი ფერეიდნელი ახერხებს საქართველოს მონახულებას.
      საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას საელჩოების დონეზე, ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამეცნიერო-კულტურულ კავშირებს, ამ კავშირების დიდი სამომავლო პოტენციალის გათვალისწინებით, შეუძლია კიდევ უფრო დიდი როლი შეასრულოს ფერეიდნელი ქართველების დედასამშობლოსთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარების, მშობლიური ენისა და ადათების შენარჩუნების, ქართული კულტურის ახალი მიღწევების გაცნობის საქმეში.