ომაზ ჩხეიძე – «ორი საქართველო»



ომაზ ჩხეიძე პერსონალურ გამოფენაზე
სამების საკათედრო ტაძარში


      ომაზ ჩხეიძე დაიბადა 1948 წელს, ბორჯომში. იქვე დაამთავრა სკოლა. ბავშვობიდან ხატავდა. ხატავდა ყოველ წუთს, ყველგან და ყველაფერზე: რვეულში, ფურცლებზე, წიგნებში, კედლებზე, მერხებზე, იატაკზე. იყო მოსწავლეთა შორის რესპუბლიკური და საკავშირო კონკურსების მრავალგზის წარმატებული მონაწილე. სკოლის დამთავრების შემდეგ ყველა ელოდა, რომ იგი სამხატვრო აკადემიაში ჩააბარებდა, მაგრამ მათემატიკის სიყვარულმა დასძლია. ჩააბარა და წითელ დიპლომზე დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ხიდების მშენებლის პროფესიით. 1976 წელს მისაღები გამოცდები ჩააბარა მოსკოვის ВНИИНМАШ–ის ასპირანტურაში. იქ ყოფნის პერიოდში ბ-ნი ომაზი გაიტაცა ტრეტიაკოვის გალერეამ, პუშკინის სახელობის მუზეუმმა, გამოფენებმა, ბუკინისტურმა მაღაზიებმა, სწავლას გული ვეღარ დაუდო და სპეციალობა მიატოვა, რადგან მისი სული მხატვრობას – ფერწერას ეკუთვნოდა.
      პირველი პერსონალური გამოფენა ჰქონდა 1988 წელს ბორჯომში, რომელიც დიდი წარმატებით ჩატარდა. გამოფენა წაიღეს თბილისში და მისი ოთხი ტილო: „გალაქტიონი“, „ექვთიმე თაყაიშვილი“, „ნონა გაფრინდაშვილი“ და „ძველი თბილისის ბოჰემა“ გაიგზავნა მოსკოვში, საკავშირო ფესტივალზე, სადაც 6000 ექსპონატს შორის „გალაქტიონმა“ მოიპოვა I ადგილი და ოქროს მედალი. ამ ტილოს შეძენის სურვილი გამოთქვა ტრეტიაკოვის გალერეამ და სიმპეროპოლის მუზეუმმა.
      1989 წელს პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე სსრ კავშირიდან გაიგზავნა ომაზ ჩხეიძის სამი ტილო: „გალაქტიონი“, „ექვთიმე თაყაიშვილი“ და „ძველი თბილისის ბოჰემა“, სადაც დიდი წარმატება ხვდა „გალაქტიონს“. ამ ტილოს მიენიჭა გამოფენის უმაღლესი ჯილდო „გრან-პრი“ (30 000 მანეთი) და უფლება მოიპოვა გატანილიყო აუქციონზე, რომლის საწყისი ფასი იყო 50 000 ფრანკი (მაშინდელი კურსით 25 000 აშშ დოლარი). გამოცდილი მხატვრების რჩევით ბატონმა ომაზმა უარი თქვა ჰონორარზე, რადგან მას მიზერული ნაწილი შეხვდებოდა ამ თანხიდან (საბჭოთა პერიოდში ჰონორარების დიდი ნაწილი მშვიდობის ფონდს ხმარდებოდა).


"აბესალომ და ეთერი "(ზაქარია ფალიაშვილი)
ზაქარია ფალიაშვილი ზის აბესალომისა და ეთერის საფლავებთან და წერს ოპერას.
აბესალომის საფლავზე ამოსულია ვარდი. ეთერის საფლავზე კი - ია. ისინი ერთმანეთის გადასახვევად მიიწევენ,
მაგრამ მურმანის ეკალი უშლით ხელს. მოჩანს ეშმაკი, რომელმაც საწამლავი მისცა მურმანს და კოშკი,
სადაც ეთერი მიიყვანა მურმანმა.

"ჩემო კარგო ქვეყანავ" (ილია ჭავჭავაძე)
2003 წ. (ტილო, ზეთი) 80 x 59

"გახლეჩილი რწმენა" (ორი საქართველო)

"გაზაფხული" (აკაკი წერეთელი)
2011 წ. (ფანერა, ზეთი)
აკაკის ცნობილი ლექსი ''დღეს მერცხალი შემოფრინდა, ჭიკჭიკითა შემოგვძახა გაზაფხული, გაზაფხული, გულს იმედი ჩამესახა...''

"კავკასიის მინდია" (ვაჟა-ფშაველა)
1992 წ. (ტილო, ზეთი) 118 x 93
ვაჟა სამი ნაწარმოებითა წარმოდგენილი (''ხმელი წიფელი'', ''არწივი'' და ''შვლის ნუკრის ნაამბობი'')

"ორი ზარი" (გალაკტიონი)
1983 წ. (ტილო, ზეთი) 149 x 89
ამ ტილომ პარიზის გამოფენაზე უფლება მოიპოვა მონაწილეობა მოეღო აუქციონში, სასტარტო ღირებულებით 50 000 ფრანკი.

"ოშკი" (ახმედ მელაშვილის ლანდი)
1988 წ. (ტილო, ზეთი) 80 x 60
მარცხენა ზემო კუთხეში სიურეალისტურად ხატია აჰმედ ოზგანის (მელაშვილი)
თურქეთელ ქართველთა ილია ჭავჭავაძის, როგორც მას ჩვენებურები უწოდებენ, სახე

"პასტორალი"

"ვეფხისტყაოსანი" (თამარი და შოთა)
2006 წ. (ტილო, ზეთი) 100 x 90

"ძველი თბილისის ბოჰემა" (ლადო და ნიკალა)
1986 წ. (ტილო, ზეთი) 80 x 60
ლადო და ნიკალა თავიანთი ნახატების პერსონაჟებთან ერთად.
ამ ტილომ ''გალაქტიონსა'' და ''ექვთიმე თაყაიშვილთან'' ერთად მოსკოვის ფესტივალზე ოქროს მედალი მიიღო

"გალაქტიონი"
ამ ტილომ (''გალაქტიონის'' ფრაგმენტი) 1989 წლის მოსკოვის ფესტივალზე ოქროს მედალი მოიპოვა,
ხოლო პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე ''გრან-პრით'' დაჯილდოვდა. ტილოს შეძენის სურვილი გამოთქვეს
''ტრეტიაკოვის გალერეამ'' და რამდენიმე ევროპულმა მუზეუმმა

"ჩრდილოეთში" (ვახუშტი ბაგრატიონი)
2012 წ. ზეთი, მუყაო. 64 x 65,5
ვახუშტი ბაგრატიონი მეფე ვახტანგ VI-თან ერთად მოსკოვში გადასახლდა და იქ აღესრულა...

"ერის მოჭირნახულე" (სულხან-საბა ორბელიანი)
2012 წ. ზეთი, ტილო. 64 x 83

"ახალი იერუსალიმი" (დავით აღმაშენებელი)
2010 წ. ზეთი, ტილო

"XIII საუკუნე, ტაო-კლარჯეთი" (ბექა და ბეშკენ ოპიზარები)
1992 წ. ტილო, ზეთი. 35 x 45

"საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი" (ექვთიმე თაყაიშვილი)
1981 წ. ზეთი, ტილო

"მხსნელი გიორგი" (გიორგი სააკაძე)
1985 წ. (ტილო, ზეთი) 150 x 99
გიორგი სააკაძე ისე მოევლინა საქართველოს, როგორც წმინდა გიორგი. გველეშაპის ადგილზე ხატია შახ-აბასი.
ფონზე ჩანს თუ როგორ მიერეკებიან კახელებს ფერეიდანისაკენ, მოკლული თევდორე მღვდელი,
დანგრეულ-გადამწვარი ციხე-მონასტრები, აჩეხილი ვაზი, კაკლისა და თუთის ხეები...

* * *

      მას შემდეგ ქვეყანაში ყველაფერი აირია. ცნობილი მოვლენების გამო ბატონი ომაზი ვეღარ ღებულობდა მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენებში, თუმცა თბილისში გამართულ ვერნისაჟებში პირველ პრიზებს იღებდა.
      ბოლო პერსონალური გამოფენა მას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II კურთხევით სამების საკათედრო ტაძარში ჰქონდა 2009 წლის 10 – 15 დეკემბერს, რომელმაც უდიდესი წარმატებით ჩაიარა.
      ომაზ ჩხეიძე ხატავს მხოლოდ დიდ ერისკაცებს. აი, ისინიც: „შოთა რუსთაველი და თამარ მეფე“, „ილია ჭავჭავაძე“, „ვაჟა ფშაველა“, „გალაქტიონი“, „გიორგი სააკაძე“, „ბექა და ბეშქენ ოპიზარები“, „ზაქარია ფალიაშვილი“, „ლადო გუდიაშვილი და ფიროსმანი“, „9 აპრილი“, „ოშკის მონასტერი ახმედ მელაშვილის ლანდით“, „დავით აღმაშენებელი“, „ივანე ჯავახიშვილი“.
      ამჟამად ხატავს აკაკი წერეთელს. სურს უდიდესი ქველმოქმედის ბიძინა ივანიშვილის დახატვა, თუმცა ამ მოკრძალებით ცნობილი პიროვნების ფოტოს ვერ მიაკვლია.
      ომაზ ჩხეიძის ტილოები გაჟღენთილია სამშობლოს დიდებით, სიყვარულით და უდიდესი პატრიოტიზმით.
      მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ბატონი ომაზი დაინტერესებული იყო მაჰმადიანი ქართველებით. სწორედ ამას ეძღვნება მისი გახმაურებული ისტორიული რომანი „გახლეჩილი რწმენა“, რომლის მასალების მოსაძიებლად მოვლილი აქვს (რამდენჯერმე) ცენტრალური აზიის ქვეყნები და ტაო-კლარჯეთი.



http://www.youtube.com/watch?v=T78rHV5_MiA

ომაზ ჩხეიძის პერსონალური გამოფენა სამების საკათედრო ტაძარში