გურჯი მოდის!...
კვირის პალიტრა N17 (582) 24 - 30 აპრილი, 2006


      ფერეიდანი პატარა საქართველოს დიდი იმედია, მაგრამ იყო დრო, მასზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანს თუ სმენია რამე. XIX საუკუნის დასასრულიდან გასული საუკუნის ბოლო წლებამდე ფერეიდანში ჩასვლა ორიოდე ქართველმა გაბედა... მათ შორის ერთმა "დედაენაც" ჩაიტანა და "აი ია" ოთხი საუკუნის წინ გასახლებულ ხალხს პირველკლასელივით ასწავლა. მას ფერეიდნელებმა იაკობ გოგებაშვილი დაარქვეს. ბატონი ნოდარ კოჭლაშვილი ყველაზე მდიდარი ქართველია – მართალია, დღესაც გახუნებული სამოსით დადის, სამაგიეროდ, სამშობლოს ფერეიდანი უპოვა. კაცმა, რომელსაც სპარსეთში დიდ ქონებას სთავაზობდნენ, იქიდან ერთადერთი ძვირფასი ნივთი – ხელით გადაწერილი "დედაენა" წამოიღო. ახლა ეს წიგნი მის სამუშაო მაგიდაზე დევს და ჭერში გამოჭრილი სარკმლიდან შემოღწეული მზის სხივით თბება...

* * *

      პირველად ფერეიდანზე ლადო აღნიაშვილის წიგნიდან შევიტყვე – მოგვითხრობს ბატონი ნოდარი, – იგი ილია ჭავჭავაძის მეგობარი, დიდი ქართველი იყო, მან ჩამოაყალიბა მომღერალთა პირველი გუნდი, პირველი გაემგზავრა ფერეიდნის სანახავად. სწორედ მან დაწერა პირველი წიგნი ფერეიდნელებზე. მანამდე ფერეიდნის ზემო მარტყოფიდან ორი კაცი ცხენებით წამოსულა საქართველოში – ჩანს, სისხლის ყივილმა შეაყენა ამ სახიფათო გზაზე; მერე, 1922-ში, სეიფოლა იოსელიანი გამოჩნდა – დასხდნენ მეცნიერები და პირველად მაშინ ჩაიწერეს ფერეიდნული ქართული. ლადო აღნიაშვილმა ორი თვე მოანდომა ფერეიდანში ცხენით ასვლას. მეორე ქართველი, რომელმაც ფერეიდნელები მოძებნა, ამბაკო ჭელიძე იყო, ის საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში თეირანის საბჭოთა ბანკში მუშაობდა და იმდენი ქნა, ერთი პატარა ბიჭი, ამირან პოპიაშვილი, საქართველოში ანბანის შესასწავლად წამოიყვანა. მაშინ მუშთაიდის ბაღთან ეგნატე ნინოშვილის სახელობის სკოლა იყო და იქ სწავლობდა სამი წელიწადი. ერთ დღეს მშობლების მოსანახულებლად ფერეიდანში წავიდა. აღარ გამოუშვეს... რამდენჯერმე სცადა საქართველოში შემოპარვა, მაგრამ ბაქოში დაიჭირეს და უკან გააბრუნეს. საქართველოს სიყვარულმა სიცოცხლის უმეტესობა ციხეში გაატარებინა. 1941 წლის 18 აგვისტოს კი სტალინის ბრძანებით, საბჭოთა არმიამ თეირანი და ისპაჰანი აიღო. იქ რუსების დაზვერვას ალექსი ინაური ხელმძღვანელობდა. ხოლო ბერიამ კინოოპერატორი ირაკლი კანდელაკი წაიყვანა ფერეიდნის გადასაღებად. ომის შემდეგ "აპოლოში" ამ ფილმს უამრავი ხალხი ესწრებოდა. მაშინ ასე იყო – ყველა საზღვარგარეთ მცხოვრები დაჩაგრულად უნდა წარმოედგინათ. ფილმშიც ფერეიდნელები ისე ჰყავდათ გამოყვანილი, ხალხი ტიროდა. ვტიროდი მეც.

       
ნოდარ კოჭლაშვილი (უმცროსი), ნოდარ კოჭლაშვილი და გიორგი ალავერდაშვილი
* * *

      ყველაფერი ისე მოეწყო, რომ 1965 წელს, როგორც აღმოსავლეთმცოდნე, თეირანში საბჭოთა კავშირის სოფლის მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე გამიშვეს... სულ ოთხი რესპუბლიკა ვიყავით: თურქმენეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო. თან "სუკელები" მოგვამაგრეს... ქართველი უშიშროების პოლკოვნიკი მუშად გააფორმეს და წინსაფრით დადიოდა, რომ არავის არაფერი ეეჭვა. მოვიდოდა და ჩუმად მეტყოდა – შენი საქმე ისე გააკეთე, ამათ თვალში არ გაეჩხიროო. იმ პავილიონში გამოჩნდნენ ჩვენი ფერეიდნელები. მაშინვე მოვიდა ამირან პოპიაშვილიც. ერთ დღეს კი ფერეიდნიდან 7 "ქეთხური" – მამასახლისი ჩამოვიდა. ასე იცოდნენ, საქართველო ოდესღაც სპარსეთს ეკუთვნოდა და მერე რუსეთმა წაართვა – რად უნდა ჰქონდეს საქართველო რუსეთსაო, – ჩამაცივდნენ. როგორი იყო ამის ახსნა! ვინმეს რომ გაეგონა, რას ველაპარაკებოდი, ყველაფერს დავკარგავდი. როგორღაც მოვახერხე ისე ამეხსნა, რომ არ ეყვირათ... მაშინ იქ სამი თვე დავყავი. ერთ დღეს ამირანმა ძალიან ლამაზი ქალი მოიყვანა - ჩემი დააო. მაშინ ირანში ჩადრებით არ დადიოდნენ. თამამად იყვნენ. ამ ქალმა კი თავი დახარა და არ შემომხედა. ეუბნება თვალებგაბრწყინებული ამირანი: – დაო, ეს ის კაცია, მე რომ გიყვებოდი, ასწიე თავი და შეხედეო... ბევრი ეხვეწა, მაგრამ მაინც არ შემომხედა. ძმა არ მოეშვა, ცრემლიანი თვალები მომაპყრო და: – პატრონო (მაშინ ფერეიდნელები "ბატონს" არ ამბობდნენ), კაცი ფარსი მყავს და საქართველოში შემომიშვებენო? ფერეიდნელები უცხოტომელებზე არ ქორწინდებიან. ეს კი თურმე სპარსს გაყოლია. ადათი დავარღვიე და საქართველოში არ მაპატიებენო, – წუხდა. დავამშვიდე – ნუ გეშინია, დაო, ჩვენშიც თხოვდებიან სხვებზე-მეთქი. აბა, რა უნდა მეთქვა...

* * *

      ფერეიდნელებს მხოლოდ სისხლი კი არ შეუნახავთ სუფთად, ენაც შეინახეს. ძლიერები და ამაყები არიან. არავის არაფერს გააბედვინებენ. სწორედ ამიტომ შექმნა შაჰ-აბასმა მათგან დამცავი ჯებირი – ისინი სპარსეთს მომთაბარე ტომებისგან იცავდნენ. სხვათა შორის, იმ მომთაბარეთა ნაწილი საქართველოშიც შემოვიდა. დღეს ქუჩაში რომ შავი ხალხი წევს და მათხოვრობს, ციგნები კი არა, ის ყაშაყელი ქურთები არიან – ფერეიდნელების მტრები. დროთა განმავლობაში ქართველებმა ამ ტომებს საქმე ისე მოუქციეს, რომ დღესაც თეირანის ქუჩებში ფერეიდნელი რომ დაინახონ, გვერდზე გადადიან – გურჯი მოდისო! სხვათა შორის, ირაკლი კანდელაკმა ჩუმად მიამბო მათი ხასიათის შესახებ. ფილმში ამის თქმა არ შეიძლებოდა, მაგრამ ჩემთან იოხებდა გულს – კაცო, ეს რა ვნახე, რა ვაჟკაცები არიანო! მეც ბევრი ისეთი რამ ვიცი, რისი მოყოლა ახლა არ ღირს. რამდენიმე ამბავს მაინც გეტყვით: მაშინ თეირანში იმ 7-მა ქეთხუდმა ჩემ თვალწინ მოითათბირა და მითხრეს: – პატრონო, თუ გინდა, გამოვიყენთ 10 000 შეიარაღებულ კაცსა და გავრეკოთ რუსებიო... სპარსეთში ჩასახლების ამბავს რომ ჰყვებიან, ასე იწყებენ: ნაჯოჰაბადში რომ ჩავსახლდით, სპარსელმა ქართველს ქათამი მოუკლა. დაღონდა ქართველი და სპარსი მოკლაო...


თეირანიდან ასე შორს გარეუბანში ვსწავლობდით დედაენას
მარცხნიდან მეოთხე ნოდარ კოჭლაშვილი

      ბიჭებს წერა-კითხვის შესწავლა რომ დავაწყებინე, თვალს რომ მოვფარებოდით, ქალაქგარეთ, მინდორში გამყავდა. ერთხელაც ასე ვზივარ ფერეიდნელ ბიჭებთან და ვხედავ, შორიახლო ვიღაც დადის. მივხვდი, რაშიც იყო საქმე და ბიჭებს შევძახე გავიფანტოთ-მეთქი. რათაო, მკითხეს და მერე ჩვენი საუბარი ასე აეწყო: ეგ კაცი აგენტია, მე კი არაფერს მეტყვიან, მაგრამ მეშინია, თქვენ რამე არ გავნოთ.
      – ვისა ჩვენა? წავალ და მე ვეტყვი მაგასა!
      – რას ეტყვი?
      – მავკლავ-თქვა და! უშველებელი დანა ამოიღო, – აი, ამით მავლკავო.
      ასეთ ხალხს ვინმე მოერევა?..

* * *

      ვერ აგიწერთ, როგორი სიხარულით დაიწყეს დედაენის შესწავლა. ამხელა კაცები პირველკლასელებივით სწავლობდნენ – თურმე თვითონ უცდიათ ანბანის შქმნა, მაგრამ არაფერი გამოსვლიათ. მითხრეს: – პატრონო, აქ ყველას თავისი ანბანი აქვს – სპარსსაც, სომეხსაც, ინგლისელსაც, მარტო ჩვენ ვართ ღარიბებიო. ახლა შენი თავი ღმერთმა გამოგვიგზავნაო. ადვილი არ ყოფილა ეს ამბავი. 400 წელიწადი რომ ანბანს დაკარგავ, ძნელია მისი პოვნა. ქართულ ასოებს სპარსულ შესატყვისებს ვუძებნიდი და ისე ვუხსნიდი. ზოგიერთ ჩვენს ასოს სულ არ აქვს სპარსულის შესატყვისი. როგორ უნდა გაგეგებინებინა, მაგალითად, როგორ იწერება "ც", რომელიც სპარსულში არ არის? მაგრამ ენა ხომ იცოდნენ! ჯერ ვათქმევინებდი, ვთქვათ, ც-ხ-ე-ნ-ს ასო-ასო და ვეტყოდი, მანდ რომ პირველი ასოა, ის არის "ც"-მეთქი. მერე სპარსულ შესარტყვისსაც ვეძებდით... თან ვასწავლიდი, თან პირობას ვართმევდი, – თქვენ რომ ისწავლით, თქვენს ირგვლივ ვინც არის – დედას, მამას, დას, ძმას, შვილს და ბიძაშვილს უნდა ასწავლოთ-მეთქი. მარტო ერთი "დედა ენა" მქონდა, ის დავუტოვე, აუღიათ და რამდენიმე ცალი ხელით გადაუწერიათ – როგორც სპარსულად კითხვის წესია – მარცხნიდან მარჯვნივ. ტირაჟი და ფასიც არ დავიწყებიათ – 25 კაპიკი. ბიჭებმა პირობა აასრულეს – ვისზეც ხელი მიუწვდებოდათ, "დედა ენა" ასწავლეს... ახლა ზოგს სახლის დედაბოძზე აქვს ქართული ასოები ამოჭრილი, ზოგს ხალიჩაზე ამოქარგული... ქართული ანბანი მათ ხატად, სალოცავად აქვთ.

       
ხელით გადაწერილი "დედაენა"

      მეორედ რომ წავედი თეირანში, უკვე 25 "დედაენა" წავიღე. წიგნის საზღვარზე გადატანა ძნელი იყო – ირანში კომუნისტური იდეოლოგიისა ცეცხლივით ეშინოდათ. ამიტომ "დედაენიდან" ლენინის სურათები ამოვხიე. თურმე საპირველმაისო დროშები დამრჩენია. აღარ მატანდნენ. ვუთხარი, თქვენი "არია მეჰრი" (უძველესი მუსლიმანური გამოთქმაა – ღმერთის ნაცვალს ნიშნავს), შაჰი, ფრიად დაინერესებულია ქართული კულტურით-მეთქი. თან შაჰ რეზა ფეჰლევთან ერთად გადაღებული სურათიც ვაჩვენე. უცებ მომირბენინეს ოქროსფერი კანაფი წიგნების შესაკრავად, დამსვეს და სპარსული შარბათი დამალევინეს...

* * *

      შაჰი თეირანში, გამოფენაზე გავიცანი. ცოლთან, ულამაზეს პრინცესა სორეასთან ერთად. ასეთ დროს ოფიციალურად წარდგენაა საჭირო. დელეგაციის წევრები ჩაგვამწკრივეს. თან გაგვაფრთხილეს, რომ შაჰს 5 მეტრზე ახლოს არ მივახლოვებოდით... ამ დროს სულ ერთ წამში გამოჩნდა სისხლი და გენი რას შვება – მოკლედ, ჯერ თურქმენეთის წარმომადგენელი იდგა, მერე აზერბაიჯანისა და სომხეთისა და ბოლოს – მე. შაჰი წამოვიდა ჩვენსკენ და თურქმენთან მიახლოებულიც არ იყო, რომ თაყვანისცემის ნიშნად თავი იატაკს დაარტყა. აზერბაიჯანელი ცოტა ნაკლებად მოიხარა, ასევე სომეხიც... ჩემთან რომ მოვიდა, როგორც ქართველთა წესია, ოდნავ დავხარე თავი. მან ხელი მომკიდა და გვერდით გამიყვანა. 20 წუთი ვისაუბრეთ. მითხრა, – ჩემშიც ქართული სისხლია. ბებიაჩემი ახალციხელი აბაშიძე იყოო. უცებ პრინცესა დამაკვირდა და ამაყად მითხრა, – ჩემი ბებიაც ქართველიაო... ირანის შაჰის მეუღლე აღმოსავლეთ ირანის გუბერნატორის ქალიშვილი გახლდათ და სილამაზით მართლაც ბრწყინავდა. მე კი გული დამწყდა და კიდევ ერთხელ შემეცოდა ჩემი სამშობლო.


როგორც ქართველთა წესია შაჰს ისე მივესალმე

      სხვათა შორის, მოჰამედ რეზა ფეჰლევი საქართველოშიც იყო, თუმცა მე არ შევხვედრივარ. სამაგიეროდ, მის ძმას ლაგოდეხის ნაკრძალში სანადიროდ გამაყოლეს. კარგი მონადირე იყო...

* * *

      მაშინ საზღვარგარეთ გასვლა ასე იოლი არ იყო. მე კი გარემოებათა გამო, არ მიჭირდა. გადავწყვიტე, ჩვენი ფეხბურთელები წამეყვანა ირანში და ასე მეძია ძველი შური სპარსელებზე. ძლიერი ფეხბურთელები გვყავდა მაშინ – მესხი, კოტრიკაძე, მეტრეველი... სპარსეთს კი ძალიან სუსტი გუნდი ჰყავდა. ამხანაგური მატჩი იყო და გვთხოვეს, თავს ნუ მოგვჭრით, არ მოგვიგოთო... ჩვენი გუნდი რომ შევიდა, 50-ათასიანმა სტადიონმა ღრიალი მორთო: "ზეიდენბად შაჰინ შაჰ!", "ზეიდენბად ირან" – ანუ დიდება შაჰს და დიდება ირანსო... უეცრად ამ ყურისწამღებ ღრიალში, შორი ტრიბუნებიდან განსხვავებული ხმები შემომესმა – კუთხეში ფერეიდნელები წამომდგარიყვნენ, მუშტებს იქნევდნენ და "საქართველოი გაუმარჯოსო", – ყვიროდნენ... ჰოდა, ამას წინათ ტელევიზორში რომ ვნახე, როგორ ყვიროდნენ გალში სკოლის მოსწავლეები "საქართველოს გაუმარჯოსო", ის დღე გამახსენდა...




* * *

      ირანი დიდი ქვეყანაა და მარტო ფერეიდანში არ ცხოვრობენ ქართველები. მრავალ სოფელში არიან გაფანტულნი და თუკი ფერეიდნელებმა ქართველობა შეინახეს, გაფანტულმა ქართველებმა – დაკარგეს. მაგრამ სისხლი თავისას შვრება. მათ იციან, რომ გურჯები არიან და ესეც კმარა, რომ საქართველოს შვილობას ეხვეწებოდნენ – რამდენიმე ფერეიდნელი გავუშვი ამ მხარეებში: – ხორასანში, გილანში, მაზანდარანში (ერთი ქართული სოფელი ავღანეთის საზღვარზეც არის), აბა გაიგეთ, რა უნდათ, რით ცოცხლობენ-მეთქი. შემოგვითვალეს, ქართული გვასწავლეთო... და, მიუხედავად იმისა, რომ ძველებურად მუხლი აღარ მიჭირს, ახლაც წავიდოდი და ვასწავლიდი დედაენას. მაგრამ, სამწუხაროდ, ვიცი, რომ ახლა ამისთვის ფულს არავინ გაიმეტებს... არადა რომელი დედა კარგავს ძლივს ნაპოვნ შვილს...

მოამზადა ეთერ ერაძემ