წმიდა დიდმოწამე გიორგის
წმიდა მართლმადიდებლური გამოსახულებანი



      ტროპარი წმიდისა დიდებულისა დიდმოწამისა, ძლევამოსილისა და სასწაულმოქმედისა გიორგისა: ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელისაღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღუაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.


1 – საქართველო. X ს.
2 – საბერძნეთი. ბიზანტიური ხატი.
3 – ძველი რუსეთი. XII ს.
4 – საბერძნეთი.
5 – რუმინეთი.
6 – საბერძნეთი.
7 – საქართველო.
8 – საბერძნეთი. XVI ს.
9 – საბერძნეთი. ბიზანტიური ხატი.
10 – ხატმწერი ნანა ყუფარაძე. ხატი დაწერილია სინგაპურში.
11 – საბერძნეთი.
12 – ბულგარეთი.
13 – სერბეთი.
14 – ბულგარეთი. XVI ს.
15 – ათონი. ვათოპედის მონასტერი.
X-XI ს.ს.
16 – ბულგარეთი.
17 – საქართველო. ხატმწერი თეა ინწკირველი.
18 – ათონი. ქსენოფონტის მონასტერი. XII ს.
19 – საბერძნეთი. XVI ს.
20 – ბულგარეთი. 1667 წ.
21 – ბულგარეთი.
22 – საბერძნეთი.
23 – საქართველო (გურია). XV ს. (?) ხატი 1837 წელს ზუგდიდის წმ. გიორგის ტაძრის სასულიერო დასმა ძღვნად მიართვა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ს.
24 – საბერძნეთი.
25 – რუსეთი. XV ს.
26 – XVI – XVII ს.ს.
27 – XVIII ს.
28 – რუსეთი. მოსკოვი. XVI ს.
29 – რუსეთი. მოსკოვი. XVI ს.
30 – რუსეთი. XVI ს.
31 – რუსეთი. XVI ს.
32 – ხატმწერი ბაჩანა ბეთანელი. ბრიუსელი (ბელგია).
33 – ბულგარეთი.
34 – საბერძნეთი. XVI ს.
35 – ათონი. ზოგრაფის მონასტერი.
XIII – XIV ს.ს. (ფრაგმენტი).
36 – საბერძნეთი.
37 – კიევის რუსეთი. XI ს. ბიზანტიელი ოსტატი (?).
38 – საბერძნეთი.
39 – საქართველო. XII ს.
40 – კონსტანტინეპოლი. XI-XII ს. (ხატის ფრაგმენტი).
41 – საბერძნეთი. ათენი XIII ს.
42 – საქართველო. ბაკურიანი.
ხატმწერი ბაჩანა ბეთანელი.
43 – საბერძნეთი.
ათენი XIV ს.
44 – საქართველო. თბილისი. პეტრე-პავლეს ტაძრის ფრესკა.
45 – უკრაინა. XV ს.
46 – საქართველო. XV ს.
47 – საბერძნეთი. დაახლ. 1600 წ. ხატმწერი იერემია პალადასი.
48 – რუსეთი. მოსკოვი. XIV ს.
49 – რუსეთი. XVI ს.
50 – საბერძნეთი. XVI ს.
51 – საბერძნეთი.
52 – რუსეთი. XVIII-XIX ს.ს.
53 – რუსეთი. XV-XVI ს.ს.
54 – რუსეთი. XII ს.

      ქრისტიანულ სამყაროში არ მოიძებნება წმინდანი, მოწამე, რომელიც თავისი პოპულარობით წმინდა გიორგის შეედრებოდეს. წმინდა გიორგის პოპულარობა უსაზღვროა, იგი პოპულარულია არა მარტო მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ეკლესიაში, არამედ ქრისტიანული ეკლესიის ყველა მიმართულებაში. უფრო მეტიც, წმინდა გიორგი იხსენიება მაჰმადიანთა წმინდა წიგნის, ყურანის კომენტარებშიც.
      წმინდა გიორგი ქრისტიანულ სამყაროში ითვლება მაცხოვრის ციური მხედრობის წინამძღოლად და მიწიერი რაინდობის მფარველად. წმინდა გიორგი მიჩნეულია ადამიანის მფარველად და უბედურებისგან მხსნელად, მეტადრე გაჭირვების დროს.
      თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი, მებრძოლი ბოროტებასთან, სიმართლის და გამარჯვების სიმბოლო, ქართველი კაცის სანუკვარი იდეალების გამოხატულებად იქცა. ქართველი ხალხი ოდითგანვე წმინდა გიორგის მიიჩნევდა თავის მფარველად და შემწედ.
      ,,ქართლის ცხოვრების" მიხედვით, დიდგორის ბრძოლაში ,,წმინდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინ უძღოდა მას (ქართველთა ლაშქარს) და მკლავითა თვისითა მოსვრიდა ზედამოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა.”
      ამიტომაც აღარ არის გასაკვირი ხალხში გავრცელებული მტკიცება, რომ საქართველოში წმინდა გიორგის სახელზე წლის დღეების შესაბამისად 365 ტაძარია აშენებული. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობას წელიწადში ორჯერ ზეიმობს. ქრისტიანული ეკლესიები, გარდა კატალონიისა გიორგობას აღნიშნავენ წელიწადში ერთხელ.
      ივანე ჯავახიშვილი (,,ქართველი ერის ისტორია”, წიგნი 1) აღნიშნავს, რომ ქართველი კაცის ცნობიერებაში ღვთაებათა შორის ,,უმთავრესი ადგილი წმინდა გიორგის უკავია”. ქართველი ხალხი კი, წმინდა გიორგისადმი მიძღვნილ დღესასწაულებს წლის მანძილზე მრავალჯერ აღნიშნავს. აღსანიშნავია სახალხო დღესასწაულები: ხევსურეთში ხახმატის ჯვარი, გუდანის ჯვარი და სანების ჯვარი – ყველა წმინდა გიორგის სალოცავებად ითვლება. ფშავში – ლაშარის ჯვარი, მთიულეთში – ლომისის ჯვარი და სხვა. გერგისობა, გიორგისჯვარობა, უსანეთობა, არბოობა, თეთრი გიორგობა – ქართული სახალხო რელიგიური დღესასწაულებია და ასევე უკავშირდება წმინდა გიორგის სახელს.
      წმინდა გიორგის ჩვენში ადიდებენ, როგორც წმინდანს, რომელმაც ღვთისაგან მიიღო უფლება, რომ შეასრულოს 365 სასწაული. წმ. გიორგის ცხოვრება და წამება ასახულია ქართულ წერილობით წყაროებში და ზეპირსიტყვიერებში, სადაც ბიზანტიური წყაროებიდან მომდინარე მისი სასწაულები შეცვლილია ადგილობრივი სასწაულებით. ქართულად არის გადაკეთებული დედანის ტოპონიმები, ადამიანთა ქართული სახელები ცვლიან დედნისეულ ონომისტიკას, გადმოცემულია ადგილობრივი ყოფა. ხარკი გაუღია წმინდა გიორგის წინაშე ვაჟა ფშაველასაც, რომელსაც გაულექსავს ფშავში გავრცელებული ერთი ლეგენდა (,,ივერია”, 1893 წ. N7).
      გრიგოლ ფერაძე აღნიშნავს, რომ 1180 წელს, ჟაკ დე ვიტრი, იერუსალიმის ლათინი პატრიარქი წერს: ,,აღმოსავლეთში არის კიდევ ერთი ქრისტიანი ხალხი, დიდი მებრძოლი, ომში მამაცი, ტანად ძალოვანი და ძლევამოსილი. ჰყავს ურიცხვი მეომარი. ამ ხალხს გეორგიანებს უწოდებენ, რადგანაც განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობა და ეთაყვანება წმინდა გიორგის, ვინც თავის მფარველად და მედროშედ მიაჩნია ურწმუნოთა წინააღმდეგ ბრძოლაში და პატივს სცემს ყველა სხვა წმინდანზე მეტად."
      რა გასაკვირია, რომ დღესაც სამყაროს დიდი ნაწილი ჩვენ ჟორჟიანებს, ჯორჯიანებს და გეორგიანებს გვიწოდებენ.
      იოანე ბატონიშვილის (1768-1830 წწ.) ცნობით მეფეთ მეფე დავით აღმაშენებელი მფლობელი ყოფილა წმინდა გიორგის ცხენის ლაგამისა ,,და აღუდვა ლაგამი წმიდის გიორგის ცხენი-სა”.
      გერბის ფარში საქართველოს აღსანიშნავად წმინდა გიორგის გამოსახულება პირველად გვხვდება 1672 წლის რუსეთში გამოცემულ ,,ტიტულიარნიკში” და ვახუშტი ბაგრატიონის 1735 წლის ნაშრომში და იგი არაერთხელ ფიგურირებს ქართულ სახელმწიფო გერბებში.
      გერბის ფარზე მეწამულ ველზე წმინდა გიორგის გამოსახვა ხაზს უსვამს ამ ფიგურის პრიორიტეტულობას და მის მნიშვნელობას ქართველი ხალხის ცნობიერებაში.

* * *

      ერთხელ იესო ქრისტე, ელია წინასწარმეტყველი და წმიდა გიორგი ერთად გზად მიდიოდნენ. ბევრი რომ გაიარეს, მოიღალნენ და დასასვენებლად და პურის სასჭმელად დასხდნენ. იქვე, მგზავრების მახლობლად, ერთი მეცხვარე ცხვრის ფარას აძოვებდა. მიუგზავნეს ელია მეცხვარეს, სადილად ერთი ბატკანი მოგვეციო. მივიდა ელია მეცხვარესთან და უთხრა: „გულკეთილო მეცხვარე, ერთი ბატკანი მაჩუქეო“. „თუნდ ნახევარი ფარა მიირთვი, ოღონდ-კი მითხარ, ვინ ხართო“ – უპასუხა მეცხვარემ.
      „მე ელია წინასწარმეტყველი ვარო, პურის მოსავალს გაძლევთ, თქვენს ყანას წვიმას ვუგზავნი ხოლმე და გლეხკაცის ჭირნახულს მფარველობას ვუწევო“ – უთხრა ელიამ.
      „ვაჰმე! ჩემი ღმერთისა რომ არ მეშინოდეს, აი, ამ კომბლით თავს გაგიტეხავდიო“ – უპასუხა მეცხვარემ. „რათა ხარ ჩემზე გულმოსულიო?“ – ჰკითხა ელიამ. „რაზე და, დასთესავს პურს, ერთ დღიურ მიწას საწყალი ქვრივ-ოხერი ან ვინმე ღარიბ-ღატაკი, შენ მისდგები, არც აცივებ, არც აცხელებ და იმ ყანას სულ სეტყვით ჩაულეწავო“.
      დაბრუნდა ელია წინასწარმეტყველი ხელცარიელი თავის ამხანაგებთან და უამბო ყველაფერი, რაც მეცხვარემ უთხრა. ახლა თვითონ იესო ქრისტე წავიდა მეცხვარესთან და ბატკანი სთხოვა. „თუნდ ნახევარი ფარა ინებე, ოღონდ კი მითხარ, ვინა ხარო“ – უთხრა მეცხვარემ.
      „მე შენი უფალი ვარ, ქვეყნის შემოქმედიო“.
      „ვაჰმე! – მიუგო მეცხვარემ – ჩემი ღმერთის რომ არ მეშინოდეს, აი, ამ კომბლით თავს გაგიტეხავდიო“. „ისეთი რა დაგიშავე მერე?“ – ჰკითხა იესო ქრისტემ მეცხვარეს. „რა და, ის, რომ ჭაბუკს წუთისოფელს გამოასალმებ ხოლმე, ბევრს ისეთს მოხუცებულს ადამიანს კი, რომელსაც ცხოვრება მობეზრებია, ცოცხალს ატარებ ხოლმე დედამიწის ზურგზეო“ – მიუგო მეცხვარემ.
      ასე დაბრუნდა იესო ქრისტე ცარიელ-ტარიელი. ახლა ადგა და წმიდა გიორგი წავიდა მეცხვარესთან. მეცხვარე რომ შეეკითხა გიორგის, ვინა ხარო, უპასუხა: „მე წმიდა გიორგი ვარ, გაჭირვების დროს რომ შემეხვეწებით ხოლმე. მე გიფარავთ ავი სულებისა და ეშმაკებისგან და თქვენის მტანჯველის ხელიდან გიხსნით ხოლმეო“.
      მეცხვარემ რომ წმიდა გიორგის სიტყვები მოისმინა, შესძახა: „მთელი ფარა მომირთმევიაო“ და მის წინ მუხლი მოიყარა.


ვედრება წმიდა გიორგისადმი
(ავგაროზი)

      წმიდა გიორგის უსაზღვრო თაყვანისცემის დამადასტურებელია ერთი ორიგინალური, მცირე მოცულობის ტექსი, რომელშიც ჩამოთვლილია ქრისტიანული სამყაროს თითქმის ყველა წმინდა გიორგი, მათ შორის თითქმის ყველა ქართული ეკლესიის „წმინდა გიორგი“ და ბოლოს დართულია ვედრების ტრაფარეტი, სადაც თავისუფალი ადგილია დატოვებული მვედრებლის სახელის ჩასაწერად. ეს ფურცელი იკეცება და იდება გულზე ჩამოსაკიდებელ ფუტლარში, ე.ი. ისევე, როგორც ცნობილი ავგაროზები ანუ თილისმები.
      წმიდაო გიორგი კაბადუკიისაო, წმიდაო გიორგი იერუსალიმისაო,
      წმიდაო გიორგი ბეთლემისაო, წმიდაო გიორგი გეთსამანიისაო,
      წმიდაო გიორგი ეგვიპტისაო, წმიდაო გიორგი რომისაო,
      წმიდაო გიორგი გალატიისაო, წმიდაო გიორგი თესალონიკისაო,
      წმიდაო გიორგი კილიკიისაო, წმიდაო გიორგი კესარიისაო,
      წმიდაო გიორგი კორინთისაო,
      წმიდაო გიორგი ოდიშისაო, წმიდაო გიორგი აფხაზეთისაო,
      წმიდაო გიორგი ჩხარისაო, წმიდაო გიორგი ატოცისაო,
      წმიდაო გიორგი უძოსაო, წმიდაო გიორგი უსანეთისაო,
      წმიდაო გიორგი კავთისაო, წმიდაო გიორგი კორინთისაო,
      წმიდაო გიორგი გორისაო, წმიდაო გიორგი ცხინვალისაო,
      წმიდაო გიორგი მუხრანისაო, წმიდაო გიორგი დიღმისაო,
      წმიდაო გიორგი ქაშოეთისაო, წმიდაო გიორგი კალაუბნისაო,
      წმიდაო გიორგი თელეთისაო, წმიდაო გიორგი გორიჯვრისაო,
      წმიდაო გიორგი მარტყოფისაო, წმიდაო გიორგი ხაშმისაო,
      წმიდაო გიორგი ნინოწმიდისაო, წმიდაო გიორგი საგარეჯოსაო,
      წმიდაო გიორგი მანავისაო, წმიდაო გიორგი ფხოველისაო,
      წმიდაო გიორგი ზიარისაო, წმიდაო გიორგი კონდოლისაო,
      წმიდაო გიორგი თელავისაო, წმიდაო გიორგი რუისპირისაო,
      წმიდაო გიორგი შილდისაო, წმიდაო გიორგი გრემისაო,
      წმიდაო გიორგი ყვარელისაო, წმიდაო გიორგი გავაზისაო,
      წმიდაო გიორგი ალავერდისაო, წმიდაო გიორგი გურჯაანისაო,
      წმიდაო გიორგი კარდანახისაო, წმიდაო გიორგი ქიზიყისაო,
      წმიდაო გიორგი მელაანისაო,
      ღვთაებაო, პირო ღვთისაო, სვეტო ცხოველო, კვართო საუფლოვ და ყოველნო წმიდაო, თქვენ მფარველ და მეოხ ეყვენით მონასა (მხევალსა) ამას თქვენსა სახელით (                  ).