ბადრი წიქორაძე

რატომ და რისთვის მიყვარს
«დაკარგული(?) საქართველო»

      ბატონო გიორგი! სასიამოვნოა, რომ თქვენისთანა პატრიოტ ადამიანს პირადად გავეცანი. მოხარული ვიქნები ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის და იმედს გამოვთქვამ, რომ ეს თანამშრომლობა სამშობლოსათვის კეთილის მომტანი და საბედნიერო იქნება. როგორც რიგითი ქართველი მადლობას გიხდით ჩვენი თვისტომების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისათვის, რაც დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო გააღვიძებს მათში ქართული გენის და თვითმყოფადობის შენარჩუნების სურვილს. ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს! ბადრი წიქორაძე. www.raindebi.ge



      მოხარული ვარ, რომ იმ ბედნიერ დროს ჩამოვყალიბდი პიროვნებად, როდესაც პატრიოტული აღზრდა არა მარტო მშობლების და მასწავლებლების ვალი იყო, არამედ საზოგადოებისაც. განსაკუთრებული მადლერების გრძნობით ვიხსენებ ჩემი ისტორიის თუ ლიტერატურის მასწავლებლებს, რომლებიც ცდილობდნენ პატრიოტული, ეროვნული სიამაყის გრძნობა გაეღვიძებინათ და არც ერთ შესაძლებლობას არ უშვებდნენ ხელიდან, რომ გაკვეთილის შესაბამისი თემა ეროვნული თვითშეგნების გაღვიძების თვალსაზრისითაც არ მოეწოდებინათ ჩვენთვის – ბავშვებისათვის. დიდი იყო ამ მხრივ საზოგადოების როლიც ახალგაზრდა თაობის პატრიოტული აღზრდის საქმეში. დღეს ბევრისთვის სასაცილოდ გამხდარი ქართული სუფრის ტრადიცია უდიდეს როლს ასრულებდა ახალგაზრდა თაობის (ვისაც ასაკით უფლება ჰქონდა სუფრასთან ჯდომის) ქართული სულისკვეთებით აღზრდის საქმეში. საზოგადოების როლი დიდი იყო ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, ქუჩაში თუ ტრანსპორტში, ხალხის ნებისმიერი თავშეყრის ადგილზე თუ გასართობ ადგილებში, ყველგან მოეთხოვებოდა ბავშვსაც და ახალგაზრდასაც ”ნამდვილი ქართველი” ვაჟკაცის, რაინდის შესაბამისი ქცევა, იქნებოდა ეს უფროსებისათვის დასაჯდომი ადგილის დათმობა თუ მათთან საუბრის ზრდილობიანი მანერა. განსაკუთრებული ფენომენი იყო ფეხბურთი: თბილისის ”დინამოს”, ქუთაისის ”ტორპედოს” თუ მეორე ლიგაში მოასპარეზე ქართული გუნდების გამარჯვებები სხვა რესპუბლიკების (განსაკუთრებით რუსეთის) გუნდებზე. ეს გამარჯვებები ისეთივე სიხარულს და პატრიოტულ აღმაფრენას იწვევდნენ, როგორსაც დღეს ჩვენი მორაგბეების გამარჯვება იწვევს რუსეთის ნაკრებზე.
      ასეთ გარემოში გაიზარდა ჩვენი თაობა და შემთხვევითი არ იყო, რომ მათ შეძლეს არა მარტო დაეცვათ დედა ენა გასული საუკუნის 70-იან წლებში არამედ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასაც მიაღწია. მართალია შემდგომში პროცესები არასასურველი მიმართულებით განვითარდა, მაგრამ ეს სხვა თემაა.
      ჩემში სკოლის მერხიდან უდიდეს პატივისცემას იწვევდა ქართველთა გამუდმებული ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. განსაკუთრებული ტკივილის გამომწვევი იყო საქართველოს საზღვრებს გარეთ დარჩენილი ქართული ტომების, ქართველების უცხო სახელმწიფოთა საზღვრებში ყოფნა, იყო ეს ტაო-კლარჯეთი, ჰერეთი თუ სხვა დაკარგული(?) მხარეები. ცრემლების გარეშე ვერ ვეცნობოდი იმ ადამიანების ისტორიას, რომლებიც აბსოლუტურად მტრულ გარემოცვაშიც კი ახერხებდნენ ქართული ენის და ტრადიციების შენახვას. ამ მხრივ განსაკუთრებით აღფრთოვანებას ჩემში ფერეიდანელი ქართველები იწვევდნენ, რომლებიც ტერიტორიულად იყვნენ მოცილებული დედა-სამშობლოს, მაგრამ მაინც ქართველობდნენ.
      შემთხვევითი არ იყო, რომ 24 წლის ემიგრაციაში ყოფნის შემდეგ ჩემი ბედი საზოგადოებრივ ორგანიზაციას – ”ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასი” დავუკავშირე. ამ ორგანიზაციის მთავარი მიზანია საქართველოს მოსახლეობისათვის ქართული კულტურისა და ტრადიციების, ასევე საქართველოს შვილების ღირსეულ წარმომადგენელთა საზოგადოების ფართო ფენებისათვის გაცნობა. მისი ისტორიის, აწმყოსა და მომავლის შენარჩუნება მომავალი თაობებისათვის. ორგანიზაციის ხელმძღვანელია გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწე, ნიკო ნიკოლაძის პრემიის ლაურეატი ბატონი გოგი დოლიძე.
      დასი ეწევა დიდ საგანმანათლებო და აღმზრდელობით მუშაობას თავისი წესდების შესაბამისად: ყოველწლიურად ატარებს მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციას სხვადასხვა პატრიოტულ თემებზე, წელს მაგალითად კონფერენცია ეძღვნება საქართველოს ეროვნული გმირს, ქაქუცა ჩოლოყაშვილის უახლოეს თანამებრძოლს, შესანიშნავ პოეტსა და მამულიშვილს – მიხა ხელაშვილს (1900 – 1925). ასევე დასის მოღვაწეობის უდავო წარმატებად უნდა ჩაითვალოს სახალხო დღესასწაულების ”მარაბდობა” და ”კრწანისობა” აღდგენა, რომელშიც უამრავი ადამიანი ღებულობს მონაწილეობას. ასევე დასის ხელმძღვანელის ბატონი გოგი დოლიძის დაუშრეტელი ენერგიის წყალობით ვცდილობთ არ მიეცეს დავიწყებას ქართველი ხალხის საუკეთესო შვილების სახელი, იქნება ეს დიმიტრი ყიფიანი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, აკაკი ხორავა თუ სხვები.
      დიდი გულისტკივილის მომგვრელია ჩემი ლამაზი, ერთ დროს ვაჟკაცობით განთქმული ერის მენტალიტეტის შეცვლის მცდელობა, მისი ”სინგაპურიაზაცია”. გული მტკივა, როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც ვუყურებ სავარძლებზე არხეინად მოკალათებულ ბავშვებს თუ ახალგაზრდებს, რომლებიც ზედაც კი არ უყურებენ მათ თავზე მდგომ ასაკოვან ადამიანებს სხვა უფრო გულსატკენ მაგალითებს, რომ თავი დავანებოთ.
      ხშირად მიფიქრია, არის კი საკუთრივ საქართველოში მდგომარეობა ისე, რომ დაკარგულ ტერიტორიებზე (?) (დაემატა ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი) და სამშობლოს ისტორიის უკუღმართი ბედის გამო დედა-ბუდეს მოწყვეტილ ადამიანებზე ვიფიქრო? რაც უფრო ახლოს ვეცნობი ჰერელებს, რაც უფრო მეტს ვგებულობ ფერეიდანელ ქართველთა თუ თურქეთის ტერიტორიაზე ჩარჩენილი ლაზების (ქართველების) შესახებ, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება. სამშობლოს მოწყვეტილ ქართველთა ბრძოლა საკუთარი ეროვნულობის შენარჩუნებისათვის იძლევა საუკეთესო მაგალითს დანარჩენი ქართველებისათვის, საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობისათვის ბრძოლაში.
      ღმერთმა დალოცოს ყველა ქართველი ვინც ქართველობდეს!



* * *


ქაქუცა ჩოლოყაშვილის
დღე მთაწმინდაზე



მიხა ხელაშვილის
საფლავთან



კრწანისი 2010
ნაწილი 1



კრწანისი 2010
ნაწილი 2



მარაბდობა 2010


34-ე ამაშუკელობა


კონფერენცია


მერაბ კოსტავა