ირან-საქართველოს კულტურული ურთიერთობებიდან


თეირანის კინოსა და ფოტოს საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი


      2006 წლის დეკემბერში თეირანში ჩატარდა კინოსა და ფოტოს მეხუთე საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი, საიდანაც ახალგაზრდა თბილისელი რეჟისორები გვანცა სუთიძე და შორენა თევზაძე გამარჯვებულები დაბრუნდნენ. ფესტივალზე დაწესებული სამი დიპლომიდან ორი ქართველმა რეჟისორებმა მიიღეს. "ინტერპრესნიუსი" კინოფესტივალის ლაურეატს, ახალგაზრდა რეჟისორ გვანცა სუთიძეს ესაუბრა.

      - გვანცა, როგორ მოხვდი თეირანის კინოფესტივალზე?
      - ვსწავლობ შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რეზო ჩხეიძისა და თემურ ფალავანდიშვილის სახელოსნოში. მიმდინარე წლის მაისში გადავიღე საკურსო დოკუმენტური ფილმი "თოჯინები", რომელიც თეირანის კინოსა და ფოტოს საერთაშორისო ფესტივალზე გავაგზავნე. ნოემბერში ფესტივალის დირექტორისგან მივიღე წერილი, რომელმაც შემატყობინა, რომ საკონკურსოდ წარდგენილი 1000 ფილმიდან ჩემი დოკუმენტური ფილმი სელექციაში გავიდა. ამის შემდეგ თეირანში მიმიწვიეს. ჩემთან ერთად იმყოფებოდა გია ჭუბაბრიას სახელოსნოდან, კინოდოკუმენტალისტი შორენა თევზაძე.
      - კიდევ რომელი ქვეყნის ახალგაზრდა რეჟისორები მონაწილეობდნენ თეირანის კინოფესტივალში?
      - სულ 13 ქვეყანა: ინგლისი, ამერიკა, ნიდერლანდები, რუსეთი, უკრაინა, ირანი, ინდოეთი და სხვები. ფესტივალს საკმაოდ ავტორიტეტული ჟიური ჰყავდა. ჰოლანდიელი ანდრეიკ ვან ნიუვენჰაუზენი ჰოლანდიაში ცნობილი კინოფესტივალის დამაარსებელი და დირექტორია. ჟიური სულ ხუთი კაცისაგან შედგებოდა, მათ შორის, რუსეთიდან ორი პროფესორი იყო - მარლენ ხუციევი და სტანისლავ სოკოლოვი. ძალიან გამიხარდა, როცა კინოფესტივალის დახურვაზე, დაჯილდოების ცერემონიალზე ჩემი და თევზაძის გვარები გაისმა. ჩვენ საუკეთესო დოკუმენტური ფილმების ნომინაციაში გავიმარჯვეთ.

ჟიურის წევრი, პროფესორი
მარლენ ხუციევი და გვანცა სუთიძე
გვანცა სუთიძე და შორენა თევზაძე
დაჯილდოვების შემდეგ
ქართველი გვანცა
სპარსული ჩადრით

      - გრან-პრი რომელი ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო?
      - "თეთრი ჟასმინი" ანუ მთავარი პრიზი მიიღო ინგლისელმა კინორეჟისორმა, რომელმაც ძალიან საინტერესო ფილმი წარმოადგინა.
      - გვანცა, რას შეეხება შენი ფილმი "თოჯინები"?
      - ეს ფილმი თოჯინების თეატრში გადავიღე. მე ვაჩვენე იმ ადამიანთა, მსახიობთა სახეები, რომლებიც თოჯინებს ათამაშებენ. სცენაზე თოჯინები გამოდიან, ამ დროს მათ სხვები მართავენ. ესაა მთავარი არსი. ბავშვები ხარობენ იმით, რაც სცენაზე ხდება, მაგრამ არ იციან, რა ხდება სცენის მიღმა. გამიხარდა, როცა ცნობილმა პიროვნებამ, პროფესორმა მარლენ ხუციევმა გულწრფელად მომილოცა გამარჯვება და რეჟისორული ხედვა მომიწონა. იგივე შემიძლია ვთქვა ჰოლანდიელ ანდრეიკ ვან ნიუვენჰაუზენზე, ასევე ჟიურის სხვა წევრების კეთილგანწყობასა და მხარდაჭერაზე. ირანელმა რეჟისორებმა კარგი მასპინძლობა გაგვიწიეს.
      - ამ დღეებში რეზო ჩხეიძის იუბილე იყო...
      - დიახ, 8 დეკემბერს ჩამოვფრინდი თუ არა თბილისში, მაშინვე დავურეკე ჩემს მასწავლებელს, ბატონ რეზო ჩხეიძეს და 80 წლის იუბილე მივულოცე. მან მითხრა - "ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი თეირანის კინოფესტივალზე შენი გამარჯვებააო".
      - გვანცა, ახალ ფილმზე არ მუშაობ?
      - გაზაფხულზე მხატვრული ფილმის გადაღებას ვაპირებ. ამჟამად, სცენარისტ ნიკა ანთაძესთან ერთად ვმუშაობ. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.


რუსუდან ნიკურაძე "ინტერპრესნიუსი"



ანი ფერაძე – ირანელმა მხატვრებმა ქართული საზოგადოება მოხიბლეს

The Georgian Times – N023 (438)


      ირანის საელჩომ მხატვარ გია ბუღაძის დახმარებით, თბილისის სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში, ცნობილი ირანელი მხატვრების – აზიზოლა გოლქარზადესა და ფურან მალექის ნამუშევრების – გამოფენა მოაწყო.


      ქართული ინტელიგენცია აღფრთოვანებული დარჩა ირანელი მხატვრების მაღალ დონეზე შესრულებული ნამუშევრებით. აზიზოლა გოლქარზადეს ერთ-ერთ ტილოზე ქართული ცეკვაც კი იყო გამოსახული, რომელიც, თურმე, ირანელი მხატვრის გონებაში სამუდამოდ აღბეჭდილა. გამოფენა სამხატვრო აკადემიის რექტორმა გია ბუღაძემ გახსნა.


      გია ბუღაძე: მომწონს, რომ ეს ქვეყანა ჩვენთან მეგობრულ ურთიერთობას უფრო ამყარებს და კულტურის თვალსაზრისითაც ძალიან გახსნილია. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ამ ხალხთან თანამშრომლობის დაწყება. ჩვენი პროექტებიდან ეს პირველია, რომელიც ირანთან განვახორციელეთ. სამხატვრო აკადემიის შენობასთან დაკავშირებით, ამ ქვეყანასთან ბევრი სხვადასხვა პროექტები გვაქვს ჩაფიქრებული.
      თან ეს შენობაც ირანული წარმოშობისაა. ქალბატონი ფურან მალექი და აზიზოლა მოლქარზარდე უმაღლესი რანგის მხატვრები არიან. მათი ყველა ნახატიც ასევე უმაღლეს პროფესიულ დონეზეა შესრულებული.
      ირანის ელჩი, ბატონი მოჯთაბა დამირჩილუ: იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო არის უდიდესი კულტურისა და ხელოვნების ქვეყანა, აქ ჩამოვიყვანეთ ისეთი ადამიანები, რომლებიც ნამდვილად ღირსი იქნებოდნენ, რომ აქ მოეწყოთ გამოფენა. ვეცადეთ, რომ მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებინა ეს.
      ერის კულტურა, იმის გარდა, რომ ეკუთვნის ერს, კაცობრიობის კუთვნილებაცაა, რადგან ხელოვნებასა და კულტურას საზღვრები არა აქვს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, მოხდეს ამ სხვადასხვა კულტურის გაცვლა და გაზიარება.
      დააკვირდით სურათს, სადაც ქართული ცეკვაა გამოსახული. ჩავიდნენ ქართველი მოცეკვავეები ირანში და მათი ცეკვა ირანელი მხატვრისთვის შთაგონება და მუზა გახდა, რათა ახალი ტილო შეექმნა.
      ”ჯორჯიან თაიმსი” – რომელი ქართული ანსამბლი იყო ჩამოსული?
      – ეს იყო წლების წინ. დასახელება ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ წარმოიდგინეთ, ეს კულტურები ერთმანეთთან როგორ მჭიდრო კავშირშია.