ორჰან ბერიძე – ORHAN BERIDZE
«დედა ენის დღე» თურქეთში



       თურქეთში, სტამბოლში ჩვენებურმა გურჯებმა ანუ თურქეთის ქართველებმა, 14 აპრილს, „საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციაში“ პირველად აღნიშნეს "დედა ენის" დღე. ღონისძიებაზე ისაუბრეს საქართველოს ისტორიაზე, ქართულ ანბანსა და ქართული ენის კილოებზე. აღინიშნა ისიც, რომ თურქეთის ქართველების, ჩვენებურების მიერ შემონახული ქართული ენის კილო არის ძველი, თვითმყოფადი ქართული ენა და მას მოფრთხილება და შესწავლა სჭირდება.
       თურქეთში პირველად „საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციაში“ გაიხსნა ქართული ენის კურსები, სადაც თავდაპირველად მანანა გურგენიძე ასწავლიდა. ახლა „საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციის“ გარდა ქართული ენის კურსები არსებობს „ქართული კულტურის ცენტრში“, „ქართული კულტურის სახლში“, „ბათუმლების ასოციაციაში“, ქ. ადაფაზარში, ქ. ბურსაში და სხვა რეგიონებში.
       ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ნევიმ კიზარმა. ნევიმ კიზარი არის ორჰან ბერიძის ახალი სტუდენტი. მან წაიკითხა „ვეფხისტყაოსნიდან“ ნაწყვეტები, ილია ჭავჭავაძისა და იაკობ გოგებაშვილის გამონათქვამები და ა.შ.



       ასევე სიტყვით გამოვიდა „საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციის“ პრეზიდენტი ალი რიზა ალთუნელი და ძველი პრეზიდენტი ეროლ შექერჟი, ქართულის მასწავლებელი მანანა გურგენიძე.
       მანანა გურგენიძე: „მრავალ ფასეულობათაგან ქართველთა ერთ-ერთი დიდი ფასეულობა დედა ენაა. ჩვენ ხომ დედას ვუკავშირებთ ყველაზე მთავარს, სათუთსა და სალოლიავებს. სწორედ, დედა ენისადმი ასეთმა დამოკიდებულებამ შემოანახინა ქართველობას ოც საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე საკუთარი ენა და საკუთარი ანბანი. ისტორიკოსებისა და მკვლევართა აზრით, ქართული დამწერლობა ჩვ.წ.აღ.-მდე მე-3 საუკუნეში შეიქმნა ფარნავაზ მეფის მიერ. დამწერლობის არსებობა კი აძლიერებს ენას და კიდევ უფრო თვითმყოფადს ხდის მას.


 


       წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა ქართველი ხალხის აღშფოთება, 1978 წლის აპრილში, როდესაც საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ, საქართველოსთან შეუთანხმებლად, მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. მათ სურდათ, რომ სახელმწიფო ენა რუსული ყოფილიყო, ხოლო ქართულ ენაზე მხოლოდ ოჯახებში იქნებოდა შესაძლებელი საუბარი. 1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისაკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტობასა და ინტელიგენციას სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ. მალე მთავარ ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე, თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა ამ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით და... მოხდა სასწაული! პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში მთავრობამ უკან დაიხია. ის იძულებული გახდა, დაეკმაყოფილებინა საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნა და საქართველოს სახელმწიფო ენად ქართული ენა დაეტოვებინა. ამ დღის შემდეგ საქართველოში ყოველ წელიწადს საზეიმოდ აღინიშნება „დედა ენის“ დღე.
       მე პირადად, იმ დროს საშუალო სკოლის მოსწავლე ვიყავი და მშობლების გადაწყვეტილებით, სახლში დავრჩი, მაგრამ კარგად მესმოდა, თუ რაოდენ დიდი დარტყმა ხორციელდებოდა ჩვენს საგანძურზე. მამა მთელი დღე აქციაზე იყო და შემდეგ გვიყვებოდა იმ ერთსულოვნების შესახებ, რაც მაშინ იქ სუფევდა. ეს საკმაოდ დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული, რადგან ყველა, მეტ-ნაკლებად დიდი თანამდებობის პირი, პარტიის წევრი იყო, პარტია კი წინააღმდეგობის გაწევას არავის პატიებდა. სულ მცირე, სამსახურის დაკარგვისა და კარიერის სამუდამოდ დასრულების ალბათობა ძალიან დიდი იყო.


 

 


       დედა ენა ყველა ქართველისათვის ძალიან დიდი განძია და მე მჯერა, რომ სწორედ ამიტომაც არ გამქრალა მისი ძირი და ფესვი თურქეთის მიწა-წყალზე. გასაოცარია, რომ დღევანდელ თურქეთში შემორჩენილია სოფლები, სადაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, ქართულად ლაპარაკობს. ეს ტენდენცია თანდათან იშლება და ჩვენ თუ არ ვუშველეთ, ყველა ჩვენგანმა, შეიძლება სულაც დაიკარგოს. ამდენად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს თურქეთში ქართული ენის შესწავლის საკითხს. ამ საქმეს 2005 წელს საფუძველი ჩაუყარა „საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციამ“, რომელმაც პირველმა დააფუძნა ქართული ენის შემსწავლელი კურსები. მაშინ, ამ თავდადებულ ხალხს შემახვედრა ბედმა და ჩემდა სასიხარულოდ, მე მერგო პატივი ვყოფილიყავი მათი პირველი ქართული ენის მასწავლებელი. ეს რთულიც იყო და სასიამოვნოც. არც ჩემი თურქულის ცოდნა იყო საკმარისი და არც მათი ქართულის ცოდნა, მაგრამ საქმის სიყვარულით, ყველაფერი გამოგვივიდა. მოგვიანებით, ანკარაში, საქართველოს საელჩოში გაიხსნა ენის შემსწავლელი კურსები. ამჯამად, სტამბულში, „ქართული კულტურის ცენტრი“ და „ქართული კულტურის სახლი“ აგრძელებენ ამ კარგ საქმეს. კურსები ფუნქციონირებს იზმირში, ბურსაში, ადაფაზარში. მჯერა, რომ მათი რიცხვი კვლავაც გაიზრდება. მოსწავლეებს უკვე მარტო წერა-კითხვის შესწავლა კი არა, ქართული ლიტერატურა და ისტორია, ქართული კულტურა და ხელოვნებაც აინტერესებთ. დღეს, კი ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემი მოსწავლე ორჰან შარდაღ-ბერიძე, რომელმაც პრაქტიკულად, არ იცოდა ქართული, მსურველებს თვითონ ასწავლის დედა ენას. ამასთანავე, მოსწავლეთა რაოდენობამაც იმატა და ასაკიც უფრო გაახალგაზრდავდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ თქვენი შვილებიც ისწავლიან მამა-პაპათა ენას, არ დაავიწყდებათ, თუ ვისი „გორისანი“ არიან და არასოდეს გაქრება თურქეთში ფესვი და გენი ქართული!“
       ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ორჰან ბერიძე, მან დამსწრე საზოგადოებას ქართული ენის დღე მიულოცა. ისაუბრა ქართული ენის კილოების შესახებ. ფრიდონ ხალვაშის „მემლექეთი“ და „ვეფხისტყაოსნიდან“ ნაწყვეტები წაიკითხა. ბოლოს ქალბატონ მანანა გურგენიძეს გულითადი მადლობა გადაუხადა ქართული ენის გაკვეთილებისათვის.
       ,,დედა ენის" დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებში მონაწილება მიიღეს „ქართული კულტურის ცენტრის“ პრეზიდენტმა ეშრეფ ილმაზმა, „ქართული კულტურის სახლის“ პრეზიდენტმა ვოლკან შექერჯი გოგიტიძემ, ფაზლი კაიამ, ადვოკატმა სეზენ(სალომე) გონენჩ ოკჭანმა, მანანა მახარაძემ, საქართველოში არსებული „თურქეთთან მეგობრობის ასოციაციის“ პრეზიდენტმა ოთარ ნადირაძემ, მურათ ძნელაძემ და სხვ.


 

 

 

 

 

ორჰან ბერიძე, სტამბოლი.



ქართული ანბანი


       ანი ნამგლისთვის მიუმსგავსებიათ მიწის მოყვარულ ქართველ ხალხს.
       ბანი ყელმოღერებულ სურებს, დოქებს ან ჭინჭლებს არ ჰგავს?
       განი – ლაგვინებსა და ჭურებს (ღვინის მოყვარული ხალხის მონაგონია უთუოდ)
       ღ, ყ, ლ, დ – წათებს, წერაქვებს და ჩაჩებს. ეს მელითონეთა და რვალის ხუროთა მონაგონია.
       ენის, სანის, ხარის, ნარის, ვინის, ფარის, წილის, ჭარის კლერტოები ლეკურებს, ხმლებს, სატევრებს, წათებს და ხელშუბებს მაგონებს.
       აჰა, მოდიან ღეროვანი ასოების ლეგიონები... და ამ -ს, -ს პაწია მარყუჟები ვაზისადმი სიყვარულის ანარეკლია.
       კლერტო რაესი მონადირე ტომის ტრფიალს გამოხატავს, ირმებისა და ჯიხვების რქებისადმი ტრფიალს.
       ეს თავმოდრეკილი დონები, ღანები, ლასები ჩვენს გუთნებს, აჩაჩებსა და კავებს მაგონებს.
       ხოლო ინი, ინი პირწავარდნილ ნალია ცხენისა...
       სწორედ ამ ასოების მზერისას ხმიანდება ჩემს გულში ხაზი, ფერი და მოძრაობა..

კონსტანტინე გამსახურდია.