ზურაბ შარაშენიძე - ფერეიდნელი ქართველი ვარ, მურთაზი


       ირანის ჩრდილოეთ რაიონებიდან ახალი დაბრუნებულები ვიყავით. თეირანში კვლავ ”ნადერას” სასტუმროში ვცხოვრობდით. საღამოს სასტუმროს ადმინისტრატორმა დარეკა: ”აქ ერთ კაცს თქვენი ნახვა სურს, გაუგია, რომ გურჯი ინჟინრები ხართ ჩამოსული, თუ ინებებთ და მეც ნებას მომცემთ, გადავცემ ყურმილს”. გადაეცით-მეთქი, ვთხოვე. – ”ფერეიდნელი ქართველი ვარ, მურთაზი, თქონი ნახვა მინდა”, - გაისმა ყურმილში.
       სასწრაფოდ ჩავიცვი და ოთახიდან გამოვედი. კიბეებზე ჩასვლისას თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი. ამ დროს ერთი ახალგაზრდა, შავგვრემანი ყმაწვილი კაცი წამოვიდა ჩემსკენ და გადამეხვია. მყუდრო ადგილი მოვძებნეთ და დავსხედით. დავიწყეთ მუსაიფი.
       - ჰო, ძალიან კარგია, რომ ჩუენთან მოხვედით გურჯები, ორი წლის წინათაც იყნენ ნოდარი, ვლადიმერი, რუსლანი, ჯემალი. შენც გნახეთ იმ გამოფენაზე., - მითხრა მან.
       - ქართულად რომ ლაპარაკობ, ძალიან კარგია, ჩემო მურთაზ, მაგრამ ქართული წერა-კითხვა თუ იცი-მეთქი, - ვკითხე.
       - როგორ არა, ორი წლის წინათ ქართველებმა დედაენის პირველი ნაწილი დაგვიტოვეს, იმით ვისწავლეთ წერა და კითხვა. მაგრა დიქშენერი (ლექსიკონი) არა გოქს და სიტყვები არ გვესმის ხანდახან.
       მე ვუთხარი მურთაზს, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი ამზადებს სპარსულ-ქართული და ქართულ-სპარსული ლექსიკონების გამოცემას და დავპირდი, როგორც კი გამოვა, გამოგიგზავნი-მეთქი.
       - მაშინ სინემაც (დიაფილმებს გულისხმობდა) გამოგიგზავნეთ საქართველოზე. იქ მაინც ნახოთ ჩუენი ქუეყანა. საფჰესაც (ფირფიტა) თუ გამოგიგზავნით ქართული სიმღერებით, საჭიროა ჩუენთვინ.
       მალე ჩვენი ინჟინრებიც მოვიდნენ - გიორგი მიქელაძე, მერაბ ბერელაშვილი, სილოვან ლორთქიფანიძე. მათაც გადაეხვია მურთაზი და ერთად გავაგრძელეთ საუბარი.
       ამის შემდეგ ხშირად მოდიოდნენ ჩვენთან ფერეიდნელი ქართველები: მურთაზი, ჰოსეინი, მუხთარი და სხვები. ჩვენს შორის დამყარდა მეგობრული, თბილი, მჭიდრო ურთიერთობა. საღამოს, სამუშაოს დამთავრების შემდეგ, დიდხანს ვისხედით ხოლმე სასტუმროში და ვსაუბრობდით.

 


      თეირანში მყოფ ფერეიდნელ ქართველთაგან მეტად საინტერესო პიროვნებაა მუხთარი, იგი გარეგნობით, თავისი გრძელი სახის ნაკვთებით და ულვაშებით ნამდვილი ქართველია. მან მეტად მნიშვნელოვანი ცნობები მოგვაწოდა ფერეიდნელ ქართველთა შესახებ.
      მუხთარი სოფელ ზემო მარტოფიდანაა. ამ სოფელს ახორე ბალას, ზოგჯერ კი ახორე ოლიასაც უწოდებენ. ზემო მარტოფში ყველაზე კარგადაა შენარჩუნებული ქართული ენა და ქართული ტრადიციები.
      მე ვუთხარი მუხთარს, რომ ფერეიდანში ქართველთა ჩასახლების შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს, შენ ხომ არ იცი რაიმე-მეთქი. იგი დაფიქრდა და წინაპართა ნაამბობი ასე გადმომცა სპარსულ ენაზე:
      - ეს ხალხი გურჯისტანიდან ირანში შაჰ-აბასის მმართველობის დროს გადმოსულა. ისინი ჯერ ისფაჰანში ყოფილან, შემდეგ ფერეიდანში, ანუ ახორე ოლიაში გაუგზავნიათ. მცხოვანთა გადმოცემით, სულ ცხრამეტი კაცი გადაუსახლებიათ, რომლებსაც სოფლის მეურნეობისათვის მოუკიდიათ ხელი.
      - კი მაგრამ რით ასაბუთებთ ფერეიდნელები დღესდღეობით ამ გადმოცემის სისწორეს-მეთქი.
      - ჩვენთვის, ამის საბუთად, - მიპასუხა მუხთარმა, შეიძლება გამოდგეს ის, რომ ახორე ოლია როგორც მაშინ ყოფილა ცხრამეტ დანგად (დანგი მეექვსედს ნიშნავს, ძველად ირანის ყოველი სოფელი, განურჩევლად სიდიდისა, ექვს დანგად იყოფოდა) დაყოფილი, ამჟამადაც ასეა და ყველა ოჯახი ამუშავებს იქ თავის წილ მიწის ნაკვეთს.
      - მუხთარ, ხომ არ შეგიძლია დამისახელო ამ ნაკვეთების სახელები, - ვკითხე მე, რადგან მაინტერესებდა, ხომ არ იყო ამ სახელწოდებებში ქართული ელემენტი.
      - როგორ არა, აი ამ ნეკვეთების სახელწოდებები: 1. ყალეიე სარბალი, 2. გორგის ნაკვეთი, 3. ყაზის ნაკვეთი, 4. ლაჩინანის ნაკვეთი, 5. გუგუნანის ნაკვეთი, 6. ჩემშე სარდის (ქართულად ნიშნავს ექვს ბატკანს) ნაკვეთი, 7. ხარაბეს ნაკვეთი, 8. შეშ ბარეს (ქართულად ცივ წყაროს ნიშნავს) ნაკვეთი, 9. აზგილას ნაკვეთი, 10. ჩაჩას ქედი, 11. ბალადასთის (ქართულად ნიშნავს - ზემო) ნაკვეთი, 12. ხალა ხალიანი, 13. თავაზიანის ნაკვეთი, 14. ალი მაქანის (ქართულად ნიშნავს - შესანიშნავი ადგილი) ნაკვეთი, 15. დარეიე დოულათ (ქართულად ნიშნავს - მდიდარი ხევი), 16. ჩალიანი, 17. ონიქა, 18. დადარაგანი, 19 ვარბიდი.
      კარგად ჩანდა, რომ მუხთარმაც მხოლოდ ლეგენდა იცოდა ქართველების ფერეიდანში გადასახლების შესახებ, ხოლო რაც შეეხება ნაკვეთების სახელწოდებებს, იგი ახორე ოლიას უბნების სახელები უნდა ყოფილიყო. ზედმეტად ჩავთვალე ჩავძიებოდი და დამერწმუნებინა, რომ მისი მონათხრობი სრულიად არ შეეფერებოდა ისტორიულ სინამდვილეს. ვიფიქრე, დაე, დარჩეს მის ცნობიერებაში ჯერჯერობით ისე, როგორც დღევანდლამდე აქვს წარმოდგენილი ეს საკითხი და ახალი კითხვა მივეცი.
      - რა შეგიძლიათ გვითხრათ ფერეიდანის მხარის გეოგრაფიული პირობების შესახებ? მისი მთების, მდინარეებისა. თუ ჰავის შესახებ?
      - ახორე ბალა მდებარეობს მაღალი მთების კალთებზე. სოფლის ჩრდილოეთით ერთი მთაა. მას მაღალ მწვერვალს უწოდებენ. ამ მთაში ორი გამოქვაბულია, რომლებსაც ”ქალების ქვაბი” და ”სასკლინტო” ჰქვია.
      - სპარსელებიც ასე ეძახიან ამ გამოქვაბულებს?
      - არა, ასე მხოლოდ ჩვენ ქართველები ვუწოდებთ - მიპასუხა მან, - აქვეა წყარო, რომელსაც ”მენადირების წყაროს” ვეძახით.
      - ე. ი. ”მონადირეების წყარო”, არა მუხთარ!
      - ჰო, ”მონადირეების წყარო”, ანუ სპარსულად ”ჩემშე საიადან” - დამიდასტურა მან. ახორე ოლიას დასავლეთით მდებარე მთას ”სიხეს” ეძახიან.
      მუხთარი მცირე ხანს დაფიქრდა და დაუმატა:
      - ამ მთასთან სპარსეთის მბრძანებელს ქერიმ-ხან ზენდს (ქერიმ-ხანის მმართველობის წლებია 1750-1779) ბრძოლებში ბევრი გურჯი დაუხოცნია. ეს მთა მართლაც ციხეს მოგაგონებთ. მას მხოლოდ ერთი მხრიდან აქვს მისასვლელი და ისიც ძალია ძნელი.
      - კიდევ არის ქართული სახელწოდების მქონე ადგილები მარტყოფში, მუხთარ?
      - როგორ არა, ახორე ოლიას სამხრეთით არის დიდი მთა, რომელსაც ”თათარას” უწოდებენ. მის აღმოსავლეთით მრავალი დიდი და პატარა ბორცვებია. მათ ასეთი სახელწოდებები აქვთ: ”ქემელეს გორა”, ”თათაშვილის გორა”, ”აღონის გორა”, ”ლამაზის გორა”. ჩვენი სოფლიდან ორი კილომეტრის მოშორებით ერთი გამოქვაბულია. იმის გამო, რომ აქ ხშირად იკრიბებიან სოფლის ქალიშვილები მას ”ქალების ქვაბ”-ს უწოდებენ. გამოქვაბულის წინ ერთი ლამაზი მინდორია, სადაც მზე მუდამ ანათებს და ამის გამო თოვლი ფეხს ვერ იკიდებს. ამ ადგილს ჩვენ ქართველები ”ყუდრო”-ს ვეძახით. აქვეა კარგად გაშენებული ბაღი და მას ”პაპას ბაღი” ჰქვია.
      - როგორც ჩანს, ჩემო მუხთარ, თქვენ მეტად ლამაზი ადგილები გქონიათ ფერეიდანის მხარეში.
      - მართლაც ძლიერ მიმზიდველია ჩვენი სოფლის სანახები. ჩვენ, ახალგაზრდები ხშირად დავსეირნობთ ”პაპას ბაღში” და ”ყუდროს” მინდორზე, ქვის ლოდებზე გადასაფარებლებს გავშლით ხოლმე და მხიარულებაში ვატარებთ დროს, როცა გოგოები ჯგუფ-ჯგუფად გამოქვაბულში შედიან და გამოდიან, ვაჟები აქვე დასეირნობენ. სწორედ ამ ადგილებში ხდება ვაჟების და ქალების გაცნობა და დაახლოება.
      ირანში, როგორც ცნობილია, წყლის პრობლემა მწვავედ დგას. გამახსენდა ლადო აღნიაშვილის სიტყვები ფერეიდანის შესახებ, რომ აქ ”ჰაერი ძალიან წმინდაა და საღი, წყალი მშვენიერი, ყველა სოფელს აქეთ-იქით მხრიდან ჩამოუდის კამკამა წყაროები, რომელთაგანაც დგება პატარ-პატარა ხევები. ეს მთები აძლევს წყალს თითქმის ერთ მესამედ ნაწილს სპარსეთის ქვეყნისას”. ხოლო ამბაკო ჭელიძე შენიშნავს: ფერეიდანში ”არის შესანიშნავი ჰაერი და წყალი. იშვიათია ფერეიდნელი წყლისა და ჰაერის სიმდიდრე არ ახსენოს”. ბუნებრივია, მეც ამ საკითხზე დავუწყე საუბარი მუხთარს. მან სავსებით დაადასტურა ჩვენი ცნობები ფერეიდანის წყაროების შესახებ.
      - ფერეიდუნშაჰრს. - თქვა მუხთარმა, - შუაში ჩამოუდის ერთი მდინარე, რომელიც ამშვენებს ამ მხარეს, განსაკუთრებით გაზაფხულზე. ამ დროს ჩვენს სოფელში უხვად მოედინება წყალი, შემდეგ კი თანდათან კლებულობს. ეს მდინარე მთიდან მონადენი წყაროებით ივსება. ყველა წყარო, რომელიც კი ჩვენთან არის, სასმელად ვარგისია. ამიტომ საღამო ხანს წყაროსთან ხშირად დაინახავთ გოგოებს კოკებით ხელში.
      მუხთარი აღფრთოვანებით ჰყვებოდა ყველაფერს ფერეიდანის შესახებ. ეტყობოდა, რომ ირანის სხვა მხარეებთან შედარებით მას ძლიერ მოსწონდა თავისი მეორე სამშობლოს ბუნება. მაგრამ უკვე ისიც იცოდა, თუ რაოდენ წარმტაცი და მშვენიერია მისი პირველი სამშობლოს, საქართველოს მთა-ბარი; მას რამდენიმე ლექსიც კი დაუწერია საქართველოზე. ვთხოვე მოეტანა ისინი ჩემთვის. მართლაც მეორე დღეს გადმომცა საქართველოსადმი მიძღვნილი ორი ლექსი.