FATHER JOHN EDWARDS ANDERSON


      მინდა შემოგთავაზოთ ამბავი, რომელიც დაკავშირებულია სიღნაღთან და წმინდა ნინოს სახელობის მონასტერთან.
      როგორც მოგეხსენებათ, 1997 წელს მიწვეული ვიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში ნატოს ეგიდით ჩატარებულ სამხედრო სწავლებაზე, სადაც მიწვეული იყო 22 ქვეყნის სამშვიდობო ოცეულები, მათგან მხოლოდ 4 ქვეყანა ვიყავით მართლმადიდებლები.
      22 ივნისს, სადილის შემდეგ სტუმრად გვეწვია მამა ჯონ ანდერსონი, რომელიც ნიუ-იორკიდან სპეციალურად ჩამოსულა ჩვენს გასაცნობად. საუბარი მეტად საინტერესოდ წარიმართა, სადაც მან აღნიშნა, რომ ჩვენ მართლმადიდებლები, ერთმანეთისთვის სულიერი ძმები ვართ და მანძილს არავითარი აზრი არა აქვს, ჩვენს შორის ერთი წყნარი ოკეანე კი არა, თუნდაც 10 ოკეანე იყოსო. საუბრის ბოლოს ქართველთა ოცეულის სახელით მადლობა გადავუხადე, თან ბოლოს დავამატე, რომ მე სიღნაღის რაიონიდან ვიყავი და კახეთში მოვიპატიჟე წმინდა ნინოს დედათა მონასტრის სანახავად. ჩემდა სასიხარულოდ აღმოჩნდა, რომ მამა ჯონი კარგად იცნობდა სიღნაღს დაუსწრებლად, ხოლო წმინდა ნინოს მონასტრის მონახულება მისი დიდი ხნის ოცნება ყოფილა.
      საღამოთი მამა ჯონი უკვე პირადად მესტუმრა. ბევრი ვისაუბრეთ საქართველოზე, თბილისზე. მოვუყევი ყველა ლეგენდა და ძველი გადმოცემები, რაც კი ვიცოდი, ვისაუბრეთ წმინდა ნინოს მონასტრის შესახებაც, დაწვრილებით მოვუთხრე ”ცხოვრება წმიდისა დედისა ჩვენისა და მოციქულთა სწორის ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა”.

 

      ერთმანეთისაგან მოხიბლულებმა საუბარი პირად საკითხებზე განვაგრძეთ. აღმოჩნდა, რომ მამა ჯონს ჰყავს მეუღლე - საბინა, ქალიშვილი ანნა-ელიზა და ვაჟი - სემი. საბედნიეროდ კიდევ აღმომაჩნდა ქართული სუვენირები და ბავშვებთან სვეტიცხოვლის და ჯვრის მონასტრის კერამიკული გულსაკიდები გავატანე, ხოლო თვით მამა ჯონს და მის მეუღლეს კი ძველი თბილისის ბარიელიფი ვაჩუქე ნარიყალას გამოსახულებით.

 
 

      ძალიან შეწუხდა მამა ჯონი, რადგან საპასუხოდ სუვენირების ჩუქება თვითონ არ შეეძლო და დოლარების მოცემას შეეცადა, მისი სახელით ჩემი მუეღლისათვის და ბავშვებისათვის სამახსოვრო სუვენირები რომ მეყიდა. ამაზე კი მე წავედი წინააღმდეგი. დაჟინებული თხოვნის შემდეგ კი დავთანხმდი იმ პირობით, თუ დოლარებს თავისი ავტოგრაფით მაჩუქებდა და მე როგორც სუვენირს, ისე შევინახავდი, რაზედაც მამა ჯონმა თავი შეიკავა, რადგან ის ამერიკის მოქალაქე იყო და თავისი ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტი. მან არ დაუშვა, რომ ის კუპიურები ბრუნვიდან ამოღებულიყო და თავისი ავტოგრაფით შეურაცხყოფა მიეყენებინა ეროვნული ფულის ნიშნებისათვის (ღმერთმა გაუმარჯოს!).
      ბოლოს თავისი საკუთარი ”ახალი აღთქმა” მისახსოვრა წარწერით და სავიზიტო ბარათიც დამიტოვა, რის შემდეგ დროებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

   

      საქართველოში დაბრუნების შემდეგ ურთიერთობა ინტერნეტით გავაგრძელეთ. მამა ჯონმა თავისი ოჯახის ფოტოც გამომიგზავნა, საპასუხოდ მეც გავუგზავნე, ამის გარდა ვუგზავნიდი თბილისის სურათებს, საქართველოს ამბებს, ქართულ ფონტებს, სულხან-საბა ორბელიანის ადაპტირებული ნათარგმნი ”სიბრძნე-სიცრუისაც” კი გავუგზავნე. შემდეგ კი მამა ჯონი ოჯახთან ერთად სხვადასხვა ქვეყნებში გაემგზავრა მისიით.


      ჩემი მიპატიჟება ახსოვს და თუ ევროპაში მოხვდება, აუცილებლად მესტუმრება, სიღნაღში წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის ნახვა ხომ მისი ოცნებაა.

ბოინგის ილუმინატორიდან დანახული ნიუ-იორკი