”უცნობი მეგობარი” ირანიდან


      ”ვიღაცა ხშირად მიგზავნის ვარდებს…” სწორედ მერი ბარნაბიშვილის ამ მეტად პოეტური ლექსის სტრიქონები გამახსენდა, როცა პირველად ”უცნობი მეგობრისაგან” ირანიდან გამოგზავნილი ფერეიდანის სურათი, შემდეგ კი სხვა უნიკალური ფოტოებიც მივიღე, რომლებსაც აქვე გთავაზობთ:



 
 


      სხვათაშორის ”ფერეიდნელის ოროველას” არსებობაც მისგან გავიგე: ”ამ რამდენიმე წლის წინათ ირანში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ბატონმა ჯემშიდ გიუნაშვილმა კიდევ ერთი საშვილიშვილო საქმე გააკეთა. მან თავი მოუყარა ფერეიდანში შეკრებილ ქართულ ხალხურ პოეზიას და წიგნად გამოსცა, რომელსაც ”ფერეიდნელის ოროველა” ჰქვია”.
      ამ წიგნში უამრავი ლექსია თავმოყრილი, რომელთა წაკითხვა სევდიან განწყობილებაზე დაგაყენებთ, მათში ხომ 400 წლიანი გულისტკივილია ჩადებული. მე მხოლოდ თვითოეული ავტორის თითო ლექსი შევარჩიე.

 
 


      თბილისის ერთ-ერთი ქუჩისათვის ლადო აღნიაშვილის სახელის მიკუთვნების იდეაც ჩემი ”უცნობი მეგობრის” დამსახურებაა:
      ”სტატიის ბოლოს მკითხველს მინდა გავაცნო ფერეიდნელებზე შეყვარებული პატრიოტი ქართველი, ბატონი გიორგი ალავერდაშვილი, რომელმაც თავისი სიყვარული და პატივისცემა, ფერეიდანში ჩასვლით, იქაური ქართველების მონახულებით, ფერეიდანის შესახებ საიტის შექმნით და კიდევ სხვა მრავალი კეთილშობილური საქმით გამოხატა. მე ეს პიროვნება უდიდეს ქართველ მამულიშვილს, ლადო აღნიაშვილს მაგონებს. იგი იყო პირველი ქართველი, რომელიც ჩავიდა ფერეიდანში და მოინახულა უცხოობაში მყოფი თანამოძმენი. ლადო აღნიაშვილის მოგზაურობიდან საუკუნის შემდეგ კი ფერეიდანს ესტუმრა ბატონი გიორგი, რომელმაც ქართული სითბო და სიყვარული ჩაუტანა იქ მცხოვრებ ხალხს. იქიდან დაბრუნებულმა კი ფერეიდანელთა სითბო და სიყვარული გამოიყოლა და საზოგადოებას უსახსოვრა. მან თბილისში, კუკიაზე, ლადო აღნიაშვილის საფლავიც მოძებნა და პატივი მიაგო ამ დიდი მამულიშვილის ხსოვნას, რომლის სახელი თბილისის რომელიმე ქუჩას ნამდვილად დაამშვენებდა!”
      გთავაზობთ ჩემი მეორე წერილის ტექსტს, რომელიც გავუგზავნე ქ. თბილისის მერს, ბატონ გიგი უგულავას (№135 2/9; 08.09.06).
      ”ჩემს წინა განცხადებაზე №11829, 08.08.06, სადაც გთხოვდით, თბილისის ერთ-ერთი ქუჩისათვის ლადო აღნიაშვილის სახელის მიკუთვნებას, დამატებით გაცნობებთ, რომ თუ თქვენი სამსახურის მიერ ვერ ხერხდება სათანადო ქუჩის მოძიება, მინდა შემოგთავაზოთ სავარაუდო ქუჩა, უფრო სწორად, ვარკეთილის ზემო პლატოს საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული ზიგზაგისებური მისასვლელი, რომლის რეკონსტრუქცია და კეთილმოწყობა ჩვენდა გასახარად (სხვათაშორის, მეც იქ ვცხოვრობ) მიმდინარეობს თქვენი ეგიდით.
      სიმბოლური იქნება თვით ქუჩის ფორმაც, ლადო აღნიაშვილმა ხომ დიდი სიძნელეები და დაბრკოლებები გადალახა ფერეიდნამდე რომ ჩაეღწია...


დანართი
 
  1. წინა განცხადების ასლი,
2. ვარკეთილი, ზემო პლატოს რუკის ფრაგმენტი.

                                                ღრმა პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი
                                                ღმერთს ებარებოდეთ!”

      მინდა ერთი ამბავიც გაგახსენოთ, ჩემი მოგზაურობის დროს გაოცებით რომ მკითხეს ფერეიდნელებმა, თუ რას ნიშნავდა მათთვის სრულიად უცხო სიტყვა ”დაჟე”, რომელიც პირველად ჩემგან გაიგეს და ქართული სიტყვა ეგონათ (რაზედაც ბოდიში მოვიხადე). ამასთან დაკავშირებით მინდა მოვიყვანო ამონარიდი ”უცნობი მეგობრის” სტატიიდან: ”ფერეიდნელებმა ოთხი საუკუნის განმავლობაში შეინარჩუნეს ქართული ენა. მათ სალაპარაკო ლექსიკაში ბევრი ისეთი სიტყვაა, რომელიც საქართველოში აღარც კი ახსოვთ. ორიოდე წლის წინათ ერთ-ერთმა ფერეიდნელმა, რომელიც თეირანში ცხოვრობს, სიტყვა ”სეკვესტრის” მნიშვნელობა მკითხა. რომ ვუთხარი, შემცირებას მეთქი ასე მიპასუხა: ”მერე ვერ იტყით ბუჯეტის შაცოტავებაო? რაღა მაინცდამაინც უცხო სიტყვას ხმარობთო”. როგორი ნათქვამია?


      ჩემს საიტში, რომელსაც მოფერებით ”ფერეიდუნას” ვეძახი, ახალი ქვეთავის ”რთველი კახეთში, ბასილაშვილებთან” ატვირთვის შემდეგ კვლავ შემეხმიანა ჩემი ”უცნობი მეგობარი”, რომელმაც მეტად სასიხარულო ამბავი მამცნო. კერძოდ: ”თუ თქვენ საჭიროდ თვლით, რომ ჩემი სახელი დაფიქსირდეს, წინააღმდეგი არ ვიქნები. უბრალოდ მგონია, რომ ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება. მთავარია ფერეიდნელებს ამოვუდგეთ მხარში და ქართულ საზოგადოებასთან დავაკავშიროთ. და კიდევ ერთი კარგი ამბავი, ჩრდილოეთ ირანში მცხოვრებ ქართველებს დავეკონტაქტე!
      ამ რამდენიმე დღის წინათ დამიკავშირდა უცნობი ირანელი, რომელიც ტელეფონში ასე მეუბნება: მე შენი ”ჰამჯული” ვარო. ეს უცნობი აღმოჩნდა მაზანდარანში მცხოვრები ქართველი, რომელიც ამჟამად წერს წიგნს მაზანდარანის ქართველობაზე. ჩემთან საუბარში მან დანანებით აღნიშნა, რამ სამწუხაროდ ქართული ენა დავიწყებული აქვთ, თუმცა დაამატა, რომ 400-500 ქართული სიტყვა მოხუცებული ადამიანებისაგან დღესაც ახსოვთ. მისი მტკიცებით მაზანდარანში ქართული ენის დავიწყება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ქართველები გაფანტულად იყვნენ დასახლებულნი და სულ მალე ადგილობრივ მოსახლეობაში აითქვიფნენ. მაზანდარანში დღესაც რამდენიმე ადგილს ქართველთა უბანს უწოდებენ. მაზანდარანი მთიანი რეგიონია და ზოგიერთ სოფელში მოხუცები დღესაც ლაპარაკობენ რაღაც გაურკვეველ ენაზე. იმის მტკიცება, რომ ეს ენა შესაძლოა ქართული იყოს ძალიან ძნელია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ რეგიონის შესწავლით ბევრ რამეს მოეფინება ნათელი. ქართველი ირანისტებიდან დღემდე მაზანდარანის ქართველების შესახებ არავის არ ჩაუტარებია რაიმე კვლევა.
      მე თუ მოვახერხე, აუცილებლად წავალ მაზანდარანში და რაღაც მასალებს მოვაგროვებ. აბა დროებით! სოსო”