ჩემი მეგობარი − კახა დემეტრაშვილი


      მინდა წარმოგიდგინოთ ახლად გაცნობილი მეგობარი − კახა დემეტრაშვილი‚ რომელიც ჩემი თანამშრომლის‚ ბატონ ვალერი დონჯაშვილის ვაჟის ქორწილში გავიცანი. ხელის მოწერის ცერემონიალი ჩატარდა თბილისში‚ ხოლო საქორწილო სუფრა ქართველთა საფიცარ და წმიდათა−წმიდა ქალაქში‚ მცხეთაში გაიშალა. მოგეხსენებათ ქართული ტრადიციული ქორწილის დიდებულება... ცაში გადმომდგარი ჯვრის მონასტერი და დაბლა ამაყად გაშლილი სვეტიცხოვლის ტაძარი კი თავისებურ ხიბლში გვხვევდნენ და არამიწიერი მადლით გვავსებდნენ...
      ზოგიერთი რამ ჩემი მეგობრის შესახებ: კახა დემეტრაშვილი‚ 36 წლის‚ მცხოვრები ქალაქ რუსთავში‚ თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის აღმოსავლეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის წარჩინებით კურსდამთავრებული‚ პროფესიით − აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსი (ირანისტი). 1996 წლის ივლისში ერთთვიან სასწავლო სტაჟირებას გადიოდა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში‚ ისპაჰანის სახელმწიფო ინსტიტუტში; 2000 წლის იანვარ−თებერვალში კი თეირანში.

      კახა დემეტრაშვილი 1997−2000 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასპირანტი‚ 2005 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: «პაპუნა ორბელიანის ამბავნი ქართლისანი‚ როგორც წყარო ირანის ისტორიისათვის». რის შემდეგ‚ მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნირო ხარისხი. სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები. ამჟამად მუშაობს ამავე ინსტიტუტის ახლო აღმოსავლეთის შუა საუკუნეების ისტორიის განყოფილებაში.
      კახა დემეტრაშვილმა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ყოფნის დროს მოინახულა მთელი რიგი ღირსშესანიშნაობები: ისპაჰანში − «ნაყშე ჯაჰანი» (ყოფილი შაჰ−აბასის მოედანი)‚ «ჩეჰელ სოთუნი»‚ «ჰავთ ბეჰეშთი»‚ აგრეთვე ალავერდი−ხან უნდილაძის მიერ აგებული ხიდი − «სიოსე ფოლი» (33 თაღიანი ხიდი); ქაშანი; შირაზი, ისტორიული ნაქალაქარნი − თახთ−ე ჯამშიდი (პერსეპოლისი)‚ ფასარგადი; თეირანი და მრავალი სხვა‚ რომელთა ამსახველ ფოტოებს ქვემოთ გთავაზობთ.
      ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი − კახამ გადმომცა ფოტო‚ რომელიც გადაღებული აქვს ალავერდი−ხან უნდილაძის სურათთან «ჩეჰელ სოთუნის» სასახლეში. შეგახსენებთ‚ რომ ამ სურათის სასკოლო სახელმძღვანელოდან ამოღებული ასლი განთავსებულია საიტის ქვეთავში «ალავერდი−ხან უნდილაძე». გთავაზობთ იგივე სურათის ფერად ვარიანტს‚ რომლის გვერდით მოთავსებულია ალავერდი−ხან უნდილაძის შვილის‚ იმამყული−ხან უნდილაძის ძეგლის ფოტო‚ რომელიც ჰორმოსში დგას (მინდა შეგახსენოთ‚ რომ ირანში ძეგლები თითზე ჩამოსათვლელია‚ მხოლოდ განსაკუთრებული დამსახურებისთვის კეთდებოდა ასეთი გამონაკლისები. დანარჩენი თქვენ შეაფასეთ).

 
 
   
ნომადი ბართაია და კახა დემეტრაშვილი
ალავერდი-ხან უნდილაძის სურათთან
«ჩეჰელ სოთუნის» სასახლეში
 
რატი ცხაკაია‚ თეა შურღაია‚ გიორგი
მაისურაძე‚ მედეა გოცაძე და კახა
დემეტრაშვილი საადის საფლავთან შირაზში