სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II


       სამიოდე წლის წინ ფერეიდანიდან ვიდეოჩანაწერი ჩამომიტანეს. თქვენ იცით, ფერეიდანში შაჰ-აბასის დროს წაყვანილი და ძალით გამაჰმადიანებული ქართველები ცხოვრობენ. იქ არის ერთი კლდე, საიდანაც იმ ქართველებს ყრიდნენ, ვინც რჯულის შეცვლაზე უარს ამბობდა. დღესაც ადიან იქ ფერეიდნელები, ძვლებს აგროვებენ და მათ სამკაულებს პოულობენ. ამ მოწამეების რამდენიმე სამკაული მეც ჩამომიტანეს საჩუქრად.
       უნდა გითხრათ, რომ ამჯერად ფერეიდნელ ქართველებს აქვთ შესაძლებლობა, უყურონ ჩვენს სატელევიზიო გადაცემებს. ამ არხებით სულ ურთიერთ დამაპირისპირებელი ინფორმაციები გადაიცემა. ფერეიდნელებმა დაინახეს, რომ ჩვენს ერს შერიგება ესაჭიროება და მათ შემოგვითვალეს: შერიგდითო და დაუმატეს – ”მამა ილიამ” შეგარიგოთო.



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
დიდი მეუფე, მამაჲ ჩვენი ილია
დაიცევ უფალო, მრავალსა წელსა

       2003 წელს ჩვენ ვიყავით ირანში და მე მქონდა ორსაათიანი შეხვედრა ფერეიდნელ ქართველებთან. მათ საოცრად უყვართ სამშობლო. მე არ მინახავს ასეთი სიყვარული უცხოეთში მყოფ სხვა ქართველებში. სწორად შენიშნეს: ნამდვილად სიმშვიდე და შერიგება გვაკლია.
       მინდა შევთხოვო უფალს, რომ მოხდეს ურთიერთშენდობა და შერიგება საქართველოში. უნდა გვახსოვდეს, ერთობაშია ჩვენი ძალა.
       საოცარი ერი ვართ, როცა ძალიან გაგვიჭირდება, – ვერთიანდებით! მადლობა უფალს, რომ ეს მაინც გაგვაჩნია.

   

       განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დღეს ჩვენს ახალგაზრდობას ეკისრება; სწორედ ახალგაზრდობამ უნდა გაარჩიოს, სად არის თეთრი და სად – შავი და სწორი არჩევანი გააკეთოს.
       ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა გაამთლიანოს სრულიად საქართველო!
       ჩვენთან არს ღმერთი!


       ილია II
       სრულიად საქართველოს
       კათოლიკოს-პატრიარქი





* * *