ოთხასი წელი, ვითარცა ოთხი დღე


      მრავალ მრისხანე შემოსევათა შორის, რომელიც საქართველოს საუკუნეთა მანძილზე განუცდია, ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი და მოუშუშარ ჭრილობად დარჩენილი შაჰ-აბაზ I-ის შემოსევები იყო. ეს შემოსევები თავისი სისასტიკით თვით თათარ-მონღოლთა და თემურიანთა თარეშებს აღემატებოდა. ოსმალებისა და სეფიანი ყიზილბაშების რბევებით თავმობეზრებული ქართველი მეფეები ხსნას ერთმორწმუნე რუსეთში ეძებდნენ. ეს კიდევ მეტად აბოროტებდა მტერს და შურისგებისათვის განაწყობდა.
      შაჰ-აბაზი დიდძალი ჯარით ოთხგზის შემოიჭრა საქართველოში. მიუხედავად ქართველი ხალხის ქედუხრელი შერკინებისა, მოწინააღმდეგის რიცხობრივმა უპირატესობამ თავის გაიტანა. ყიზილბაშთა ურდოებმა მოითარეშეს ქვემო ქართლი, ბარის კახეთი და ჰერეთი. ათასობით ოჯახი, რომლებმაც მთებში გახიზვნა ვერ მოასწრეს, დაატყვევეს და ირანს წაასხეს.
      ოდესღაც ძველი დიდების მწვერვალზე მდგარ ირანის სახელმწიფოს, ჯერ ოსმალთა და შემდეგ არაბთა ბატონობის შედეგად სრულიად დაუძლურებულს, მხოლოდ ათი საუკუნის დაგვიანებით დაუბრუნდა ძველი დიდება. აღდგა მისი ერთიანი სახელმწიფოებრიობა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ირანის დაუსრულებელი, სისხლიანი შემოსევები აღმოსავლეთ საქართველოსა და ყველაზე მეტად, კახეთზე. შაჰ-აბაზ I-ს სურდა ქართველთა გადასახლება და მათ ნაფუძარზე მუსლიმ თურქმანულ ტომთა ჩანაცვლება, რის საფუძველზეც საიმედოდ ჩაუკეტავდა კარებს ირანისაკენ წამოსულ სხვადასხვა მომთაბარე ტომებსა და ყაჩაღურ დაჯგუფებებს. ქართველები ირანის ცენტრალური ზეგნის, ბახთიიარის გადაშიშვლებულ მთა-ფერდობებზე ამავე ყაჩაღთაგან ქვეყნის დასაცავად დაუსახლებია.
      ”შაჰ-აბაზი მოვიდა, კახეთი აჰყარა და სპარსეთში გადაასახლა...” ეს არის და ეს. მორჩა, მოისვენა. მას შემდეგ საუკუნეები ჩამოთავდა და ქართველი მემატიანენი ერთხელაც არ მიჰბრუნებიან ამ უზარმაზარი ტრაგედიის ამბებს. თითქოს არც არაფერი მომხდარა და ის 400 000 გაუბედურებული ქართველი – კახელნი, ინგილონი, ქართლელნი და კიდევ სხვანი, და სხვანი, თითქოს არც არსებულან. იცვლებოდნენ თაობები და მათი არავინ არაფერი იცოდა.

ქართველთა გადასახლება სპარსეთში.
გადმობეჭდილია გერმანიის ქართული სათვისტომოს ჟურნალიდან ”თანამემამულე”.
2004 წლის სექტემბერ-ოქტომბერი. №510. გვ.21

      ”აჰყარა და გადაასახლა...” მაგრამ სად, რატომ... ოდესმე დიდი, იმჟამად კი უკვე ჩამომცრობილი საქართველო აღარავის ახსოვდა, არ სტკიოდა, არ ანაღვლებდა...
      მართლაც ასე იყო? ალბათ არა, მაგრამ მეისტორიენი სდუმან... სდუმან ადამიანებიც... აწეწილი და გატანჯული იყო იმხანად მთელი საქართველო და ქართველი ხალხი თვით საკუთარ მიწაზე. იქ კი, შორეული, ცხელი, მცხუნვარე უდაბნოს მიღმა, ქართველებით სავსე იყო სპარსელთა ქვეყანა, სადაც თვით შაჰ-აბაზი, მძვინვარე მტერი საქართველოსი, მშვენივრად ფლობდა ქართულ ენას... მან და ყველაზე მეტად მხოლოდ მან გასწყვიტა წელში აღმოსავლეთი საქართველო ააწიოკა, აჰყარა, გადაასახლა. ამბობენ ამის გამო მისმა ბებიამ (ზოგი ვერსიით დედამ), ოთარ შალიკაშვილის ქალმა, დასწყევლაო მისი სახელი.
      მხოლოდ მარტოფისა და მარაბდის ბრძოლებმა... მარცხმა და მარცხის ტოლფასმა გამარჯვებამ, რის შემდეგაც უთქვამს: ”კიდევ ერთი ასეთი ომი და ირანი აღარ იარსებებსო”, ააღებინა ხელი მთელი ქართული მოსახლეობის აყრასა და სპარსეთში გადასახლებაზე.
      ამ ბრძოლებმა, რომელთაც სათავეში დიდი გიორგი სააკაძე ედგა, მიახვედრა მტარვალი, რომ საქართველოს მოსპობა მას არ შეეძლო, და მაინც, და მაინც... მძიმე და უმძიმესი იყო ყოველივე, რაც მისმა მხედრობამ უბედურება და ვაება მოუტანა ქართველ ხალხს, ყველაზე მეტად კი, კახეთს. სწორედ მათი (კახელების) ნაშიერნი არიან დღევანდელი ფერეიდნელები, რომელნიც თუმცა მძიმედ, მაგრამ მაინც ფლობენ მამა-პაპათა ენას... ენაა ის უპირველესი სასწაული, რომელიც შერჩათ მათ წარსულიდან... ამ ენით გვესაუბრებიან დღეს... ამ ენით შეჰნატრიან და ლოცვას უგზავნიან ”დიდ საქართველოს”. თვალს არ შორდება მათი სახეები, სულ ახლახან საქართველოს პრეზიდენტს რომ შესთხოვდნენ... წაგვიყვანეთ ჩვენც... ჩვენც ვიბრძოლებთ საქართველოსთვისო... ბრძოლა შეგვიძლია და ჩვენც დავიცავთ საქართველოსო.
      არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო მათი ისევ შემობრუნება. გასული საუკუნის ოციან და ცოტათი შემდგომ წლებში ფერეიდნელებს ქართული წერა-კითხვა სულ აღარ შეეძლოთ... შემდეგ დედაენის წიგნებითა და ნაბეჭდი ანბანით შეუსწავლიათ და სხვებისთვისაც უსწავლებიათ. ახლა კი, როგორც ამბობენ, ყველას სცოდნია წერაც და კითხვაც, რაღაც მოდის, რაღაც ბრუნდება და იღვიძებს მათში ქართული სული.
      400 წლის წინანდელი ქართულით გვესაუბრებიან ისინი. ბევრი რამ, იქნებ, არც გვესმის მათი საუბრიდან, რომელსაც სპარსული სიტყვები (და არა მხოლოდ სპარსული) შერევია, მაგრამ გვესმის ტკივილი, საქართველოსკენ რომ ეძახის და იზიდავს მათ. ეს ფრეიდნელი ქართველებია.
      არნახულად და უმაგალითოდ მძიმე იყო მათი ხვედრი, არავის, არასდროს არ აუყრია საკუთარი საცხოვრისიდან ადამიანები – ქალი, კაცი, ბავშვები, მოხუცები ასეთი დიდი რაოდენობით, როგორც ეს გააკეთა ირანის შაჰმა აბაზმა. მათი რიცხვი 400 ათასს აღწევდა. აჰყარეს და უწყლო, უმიწო, უზეცაო უდაბნოს შორეულ მხურვალე გზებს გაუყენეს. ვეღარ უძლებდნენ თავსდატეხილ საშინელ განსაცდელს. ბევრი გზაზე იხოცებოდა, ბევრი ვეღარ იტანდა ახლობელთა ტანჯვას, ჩვილ ბავშვთა სულისშემხუთველ ტკივილებს, მოხუცთა მწუხარებას... მამაკაცები თითონვე ჰკლავდნენ მათ, მათი ტანჯვისთვის რომ არ ეცქირათ. განწირულები იყვნენ ყველანი ერთად და ძალიან ბევრს საფლავიც კი აღარ ეღირსა. ეს იყო შემზარავი განაჩენი მრისხანე დამპყრობლისა, რომელსაც განეზრახა მთლიანად მოესპო და მიწის პირიდან აღეგავა მთელი კახეთი, ასევე საინგილო, ასევე ქართლი, ვითარცა საქრისტიანო და არა მაჰმადის მიმდევარი ქვეყანა. მხოლოდ ნაწილი გადარჩა მათგან, ნაწილი კი შეერია ირანის თვალუწვდენ უდაბნოთა მტვერს.
      მამაკაცები უმალ ირანის მეომართა ჯარში განამწესეს. უსამშობლოდ დარჩენილი ქართველი ბიჭები საკუთარი მტრის უსასრულო ომებს შეეწირნენ. ბევრს, თანდათან ენაც მოუჩლუნგდა და დაავიწყდა. დაავიწყდათ არა მხოლოდ ენა, თავად სამშობლოც, რომლისკენაც აღარ ეღირსათ შემობრუნება, ისინი სპარსელებად იქცნენ, სომხებადაც, კათოლიკებადაც... ძალზე ბევრნი არიან დღესაც ასეთები. მათ აღარაფერი ახსოვთ ქართული, მშობლიური. ისინი უცხო ქვეყნის სამსახურში დგანან. ხოლო, ნაწილი უცხო ბახთიიარის მხარეში, იმ შორეულ მთიანეთში ჩაუსახლებიათ. ამ მხარისთვის კი, საცა ქართველები დამკვიდრდნენ, ფერეიდანი დაურქმევიათ.
      მაგრამ ქართველთა საკუთარი მიწიდან აყრა შაჰ-აბაზით არ დაწყებულა. არც მის შემდეგ დამთავრებულა. ამ მხრივ, იგივე სპარსეთი და მასთან ერთად ოსმალეთი ტოლს არ უდებდნენ ერთმანეთს. ასევე იქცეოდა თემურ-ლენგიც და კიდევ სხვანი და სხვანი. მაგრამ ქართველი ხალხის მეხსიერებას ყველაზე მწვავედ მაინც შაჰ-აბაზის სახელი შემორჩა. თავდაპირველად 300 ათასი სული გადაასახლა მან ირანში, არნახული რაოდენობა ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა. რამდენიმეგზისი ლაშქრობის დროს შაჰ-აბაზს 400 ათასამდე ქართველი წაუსხამს და ცხვრებივით გაურეკავს სპარსეთში.
      იშვიათად ახსოვს კაცობრიობას ისტორიის მსგავსი ტრაგედია, მაგრამ მეისტორიეს სულ რამდენიმე სიტყვით მოუხსენებია იგი. ეს ალბათ, იმ უსასრულო ტანჯვისა და ჯვარცმული ყოფიერების ბრალი იყო, რომელსაც აქ, მშობელ ქვეყანაში დარჩენილნიც განიცდიდნენ.
      და მაინც, ბოლოს და ბოლოს, მაინც გაჩნდა პრესაში ასე თუ ისე, მეტ-ნაკლები ცნობები ფერეიდნელი ქართველების შესახებ.
      პირველი, ვინც მათზე ცნობები გამოაქვეყნა, იყო ინგლისელი მოგზაური ჰენრი ლაიარდი, რომელმაც 1840 წელს მოვლო ირანის ცენტრალური რაიონები და აღწერა ქართველებით დასახლებული ბახთიიარის მთების სოფლები.
      და ასე, თითქმის ორსაუკუნენახევრის შემდეგ მოხდა ფერეიდნელი ქართველების აღმოჩენა.
      მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოში ამ ცნობას არ მოუღწევია.
      ძირითადად, შეიძლება ითქვას, მხოლოდ მე-19 საუკუნეში დაიწყო ფიქრი და წუხილი ირანში გადასახლებულ ქართველებზე.
      პირველი ცნობა მათ შესახებ საქართველოში 1877 წელს ჩამოიტანა ფერეიდნელმა ათამ ონიკაშვილმა, ხოლო, პირველი, ვინც საქართველოდან ფერეიდანში ჩავიდა, იყო ლადო აღნიაშვილი.
      ხელთა გვაქვს მისი წიგნი: ”სპარსეთი და იქაური ქართველები” (იხ. გვ.28).
      ყოველივე ეს, ცხადია, ძალიან ცოტა იყო.
      მაგრამ ამის გაგებით შეძრულ ქართულ მოღვაწეთა შორის უკვე გაჩნდა ფიქრი და დარდი ირანში გადასახლებულ მოძმეთა გამო და, თუმცა, აქა-იქ, მაგრამ მაინც დაიწყეს გულისტკივილით სავსე წერილების ბეჭდვა, რის საშუალებითაც ქართველმა საზოგადოებამ გაიგო ფერეიდნელი ქართველების ისტორია, მათი მძიმე და გაუსაძლისი ხვედრი.
      გავიდა წლები... ჩამოთავდა რევოლუციები... დაიწყო ახალი ქვეყნის შენება თავისი უმძიმესი შედეგებით, მაგრამ ასევე, ეროვნული სულის გამოღვიძებით, რწმენით, იმედით.
      და, აი, 1927-1928 წლებში ფერიდანში მეუღლესთან ერთად ჩავიდა ამბაკო ჭელიძე. მალე მან წიგნიც დაბეჭდა სათაურით: ”ფერეიდნელი ქართველები”.
      შემდეგ, უკვე გასულ საუკუნეში ფილმებიც გადაიღეს. სულის შემხუთველი მღელვარებით ვადევნებდით თვალს ირაკლი კანდელაკის მიერ ფერეიდნიდან ჩამოტანილ კინოკადრებს, ადამიანების ტანჯულ სახეებს... მათ ღარიბულ საცხოვრისებს და მთებს, რომელთა კალთებზეც გაშლილი იყო ქართული სოფლები (გვ. 45).
      კიდევ უფრო მძაფრი და ამაღელვებელი იყო გურამ პატარაიას ფილმი ”შორია გურჯისტანამდე”. მახსოვს უსასრულო შეხვედრები ფილმის ავტორებთან ქართველი საზოგადოებისა და სცენარის ავტორის, – ლამარა ბოკერიას, მღელვარებისაგან დაფოთლილი სახე და ცრემლები, როცა ეს ძალზედ საინტერესო ფილმი რეჟისორულადაც, სცენარის შთამბეჭდაობითა და კინოოპერატორ ირაკლი ონოფრიშვილის მშვენიერი კადრებით ტელევიზიაში, ეკრანზე გასვლამდე გვიჩვენეს, მის წარმოსახვაში განუწყვეტლივ ცოცხლობდა ფერეიდანში განცდილი ტკივილები და, ჰყვებოდა, ჰყვებოდა...
      მერე, თანდათან, თვით ფერეიდნელებმაც იწყეს ჩამოსვლა თავიანთ ისტორიულ სამშობლოში, ხოლო 1972 წელს თვრამეტი ოჯახი დაბრუნდა აქ საცხოვრებლად, მაგრამ მალევე მათი ნახევარი ისევ უკან წავიდა.
      ფერეიდნელი ქართველები თოთხმეტ სოფელში ცხოვრობენ. მათი საერთო რიცხვი 12 ათასია. საინტერესოა, რომ ეს რიცხვი თითქმის ემთხვევა საუკუნის წინანდელ მონაცემებს, რომელიც ლადო აღნიაშვილმა და ამბაკო ჭელიძემ დაგვიტოვეს. დღეისთვის, როგორც ამას ამ სოფლების მნახველები გადმოგვცემენ, ყველა სხვა სოფლებისაგან განსხვავებით, თავიანთი სახნავ-სათესი მიწებითა და ბაღჩა-ბაღებით მშვენიერი სანახავია. ამას მაშინვე ამჩნევს უცხო თვალი. ერთი ინგლისელი მოგზაურის ცნობით, ”მათი (ქართველების) სოფლების გარშემო გაშენებულ ბაღებსა და სახნავ-სათესებს მშრომელი კაცის მზრუნველი ხელი აშკარად ატყვია. ეს სოფლები თვალის ერთი გადავლებითაც აშკარად გამოირჩევა სხვა აქაური დასახლებისაგან”.
      მოჰყავთ ხორბალი, ქერი, პარკოსანი მცენარეები, ბაღჩეული... ხარობს სხვადასხვა სახის ხილი, მოჰყავთ ყურძენი (არა საღვინედ), მისდევენ მეცხოველეობას, ქსოვენ ხალიჩებს, რომელთაც ქართული მოტივებით ამშვენიერებენ.
      გურამ პატარაიას ფილმის შემდეგ, ”შორია გურჯისტანამდე”, სადაც ადამიანის თვალს ალიზის სახლები და სიღარიბე ტკივილით ავსებს, ძალზე ბევრი რამაა შევცლილი. ზოგიერთ სოფელს ქალაქის იერიც კი მიუღია...
      ფერეიდუნშაჰრში თეირანის ”ფაიამე ნურის” უნივერსიტეტის ფილიალიც გაუხსნიათ... უნივერსიტეტის რექტორია დოქტორი ჰასან მოყადასი (ზუბიტაშვილი).
      დღეს ფერეიდნელ ახალგაზრდებს ძალიან დიდი სურვილი აქვთ მათ ისტორიულ სამშობლოში რომ ისწავლონ... არსებობს განათლების ცენტრიც, სკოლებიც.... მაგრამ, რა თქმა უნდა, სწავლება ძირითადად სპარსულ ენაზეა... ძალზე ცოტას ასწავლიან ქართულს... საამისოდ, უპირველეს ყოვლისა, მათ სათანადო კადრები აკლიათ, რაზედაც, ალბათ, უსათუოდ უნდა იზრუნონ ”დიდ საქართველოში”. ფერეიდნელებს საოცარი ძალით უყვართ თავიანთი ისტორიული სამშობლო. საქართველო ყოველი ფერეიდნელის დიდი ნატვრა და ოცნებაა. საქართველო ყოველი ფერეიდნელის დიდი ნატვრა და ოცნებაა.
      მათ საქართველოს ისტორიაც კი დაუწერიათ (ავტორი ფერეიდნელი ისტორიკოსი საიდ მულიანი – მულიაშვილი). მისი სიტყვებია: ”ყველა რაღაცაზე ფიქრობს, ყველა რაღაცაზე ოცნებობს, ზოგი ბევრ ფულზე, ზოგი მანქანებზე და სახელებზე. მე სულ იმაზე ვფიქრობ და ვლოცულობ, ჩემი საქართველო იყოს კარგად”.