დარეჯან ჩხუბიანიშვილი − «სამშობლოს მონატრული ვარ...»


      ქართველი ენათმეცნიერები დარეჯან ჩხუბიანიშვილი და თედო უთურგაიძე 1998 წელს სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდნენ ფერეიდანში ფერეიდნელი ქართველების მეტყველების შესასწავლად. ეს იყო პირველი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია ფერეიდანში. ამ უაღრესად საინტერესო მოვლენების ანგარიშს ვთავაზობთ მკითხველს.
      ბესარიონ ჯორბენაძის საზოგადოების ჟურნალი ”ბურჯი ეროვნებისა” №1999.


* * *
ფერეიდანის მიწასა ვჴნავ აგერ სამასი წელია,
აგერ სამასი წელია,
გამხმარი ფიქრი დავთესე, ჴმელი ხორბალი ერია,
სამშობლოს მონატრული ვარ, აგერ სამასი წელია,
აგერ სამასი წელია.

(ფერეიდანში გაგონილი)


      ეს ლექსი ფერეიდანში მარტყოფის მახლობლად ჩავიწერეთ დარჩიაშვილების, დავითაშვილების ”საზაფხულო სახლჩი”, ”ბაღჩი”. ყოველ ოჯახს თავისი ნაკვეთი აქვს სოფლის განაპირას, რომელსაც ამუშავებენ. მოჰყავთ მოსავალი − ბოსტნეული, ხილი, საღამოხანს, ”მზეჩავალსა” მოგვაკითხეს მანქანით, დაღლილი ვიყავი. თავიც მტკიოდა, მაგრამ უარი არ გამივიდა. ”− უნდა წამოხვიდე, ახლოა, ექებჩია”. ის ჰაერი და გრილი ნიავი მოგარჩენსო, − მარწმუნებდა მუხთარ დარჩიაშვილი, თან დასძინა: თავის ტკივილს ”არ გოოტყილთე (=არ გაუტყდე), ”კურდღელის ტყავი ორ წელიწადს გაჲძლოფსო და შენ ორ კირიას ვერ გაჲძლებო?”
      რამდენიმე წუთში მართლაც ადგილზე ვიყავით. მშვენიერ ბაღში მოვხვდით. მთელი საგვარეულო შეკრებილიყო − და-ძმანი, ბიძაშვილ-მამიდაშვილები, შვილებით, შვილიშვილებით... საინტერესო საუბარი გაიმართა ჯერ გარეთ, სახლის კედელთან მიმჯდარები ელექტრონათურის შუქზე გვიყვებოდნენ სხვადასხვა ამბებს. ზღაპრის მოყოლა რომ ვთხოვეთ, გვიპასუხეს: ”გაფს (=ზღაპარს) რას აქნევ, გაფი ჩონ არ ვიცითა, ბერებმა იციანა! დიდიდა გყუანდა, იმამა გაფი გუამბისყეო”. მაგრამ მერე ზღაპარიც გვიამბეს და რამდენიმე გამოცანა, მახვილსიტყვაობის ნიმუშიც ჩაგვაწერინეს:
      − ”ქართველ დედა შვილს დეედებისყე”;
      − ”დედამთილი შავ ცურავს შოოწვავს ზხალსაო”;
      − ”მეწისქვილემ შიმშილით მოკდა. თქეს, რო ფათირს (=ნამცხვარია) გოოხეთქიაო”;
      − ”მორწყავის ჩიტი დამღონებელი არ არიო, ჭუნჭრუკელსა ჰკითხეთო”. იქვე განმიმარტეს: ”ჭუნჭრუკელი მცირე ზომის მწერია, კალიას ჰგავსო;
      − ”ბალახს შაშჭამყე, გარდახტებისყე, კალია ფრინავს” (იხ. ინგ. ჭუჭუნკელაი, ქიზ. ჭუჭუნკალია, მთ. ჭიჭიმკალია...);
      − კუვი ზაფხულში გაგზავნეს − ფარცხი მაიტანეო და ფაიზზე (=შემოდგომას) მოიდაო. უთხრეს: − ”რასთი დაიგვიანეო. კუვმა თქო, რო: − ჩიქარ ვერ მოვდიოდი, ქალაჯარს (=ხალხის თავყრილობას, ბრბოს) ვაწყდებოდიო”.

      ”მზე რო ჩაიდა”, ”ღამე რო შაიქნა”, ნათურის შუქზე უამრავი მწერი შემოგვესია. იქ ”ბუზუკიც” (=ბუზი) იყო, ”კარაზანაც”, ”თოლის ეკალიც” (მწერია, ოთხი ფრთა აქვს), ჭუნჭრუკელებიც ”ბუბერაც” (=ობობაც)... ”მო, ბუზუკი გაფთხილოყე”, − მეუბნებოდა სედიყა. შემდეგ ოთახში მიგვიწვიეს, სადაც ქალები ოთახის მთელ სიგრძეზე მათივე მოქსოვილ მშვენიერ ხალიჩებზე ფეხმორთმულნი ისხდნენ და ვახშმად გველოდებოდნენ, წყალი მოგვართვეს ხელების გადასაბანად. პირსახოცით “ჴელები გავიჴმეთ” და სუფრას მივუჯექით. აქაც გაგრძელდა საინტერესო საუბარი. ”ქეთრჩი (=ჩაიდანი) წყალი ხლურჩლურჩობდა”.
      ეს შეხვდრა ერთ-ერთი იმ სასიამოვნო და უაღრესად საინტერესო შეხვედრათაგანი იყო, რომელიც ხშირად იმართებოდა ფერეიდანში ჩვენი ყოფნის 22 დღის განმავლობაში.
      ფერეიდნელ ქართველთა მეტყველების პრობლემებით დავინტერესდით გაცილებით ადრე, მას შემდეგ, რაც დაიწყო მათი რეპატრიაცია ისტორიულ სამშობლოში. ჩამოსახლებულნი გურჯაანისა და საგარეჯოს რაიონების სოფლებში დაასახლეს. მეტად რთული იყო მათი ადაპტაციის პროცესი. მათთვის ბუნებრივი, დაბადებიდან შესისხლხორცებული ცხოვრების წესი ეგუებოდა ადგილობრივ საყოფაცხოვრებო პირობებს. ზოგისთვის ბოლომდე ძნელად მისაღები აღმოჩნდა ახალი სინამდვილე. ამას დაემატა უახლოესი ნათესავების − და-ძმის, დედ-მამის მონატრება, მშობლიური მიწა-წყლის ნახვის სურვილი, რელიგიური ფაქტორი... იმ დროს კი კონტაქტების დამყარება, მიმოსვლა თითქმის შეუძლებელი იყო. როგორც ჩანს, ამის გამოც რამდენიმე ოჯახი ისევ ფერეიდანს დაუბრუნდა.

ჰეიდარ დარჩიაშვილი და დარეჯან ჩხუბიანიშვილი. 1999 წლის ზაფხული.

      1973 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილებასთან შეიქმნა კომპლექსური ექსპედიცია, რომელიც მიზნად ისახავდა ფერეიდნელ ქართველთა შესწავლას ისტორიულ-ეთნოგრაფიული, სოციოლოგიური და ლინგვისტური თვალსაზრისით. ჩვენი (თ. უთურგაიძის, ჯ. გიუნაშვილის და ჩემი) მუშაობა რეპატრიანტებთან 1973-1974 წლებში და 1976 წლის შემოდგომაზე სწორედ ამ მიზნებს ემსახურებოდა. მოგვიანოდ გამოქვეყნდა ჩაწერილი ტექსტების ნაწილი ორ მონაკვეთად, ლექსიკონითურთ და რამდენიმე სტატია არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო კრებულებში. სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ ენობრივი სისტემის რა სფეროში და როგორ მიმდინარეობდა თანამედროვე ქართული ენის მოვლენათა დამკვიდრება მათს მეტყველებაში.
      უნდა აღინიშნოს, რომ გაცილებით უმტკივნეულო აღმოჩნდა ენობრივი ადაპტაციის პროცესი. ქართულ გარემოში ცხოვრებამ სწრაფად დააჩნია კვალი ფერეიდნელთა მეტყველებას. ეს კარგად გამოჩნდა მას შემდეგაც, როდესაც ფერეიდნელ ქართველებს შესაძლებლობა მიეცათ ნათესავების მონახულებისა თუ კომერციის მიზნით ჩამოსულიყვნენ და ეცხოვრათ ქართულ გარემოში.
      ასეთები იყვნენ მარტოფელები: რეზა ონიკაშვილი, ეიდი გუგუჩანი (გუგუჩაშვილი) და დაშქესანელი არია ხოსროშვილი, რომელთაც შევხვდი 1996 წლის ნოემბერში, მათგან ჩაწერილი ტექსტები მოიცავს ფერეიდნელთა თავგადასავალს, ცნობებს ოჯახის, მათი საქმიანობის შესახებ და სასაუბრო ლექსიკას. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა არია ხოსროშვილის მეტყველება, რომელსაც გაცილებით მეტი ნეოლოგიზმები ახასიათებს, ვიდრე ორ დანარჩენ პირს. ის უკვე აღარ ხმარობს ”ჩონ” ნაცვალსახელს, ”ჩი” თანდებულს, ხშირად იხსენებს იქაურ სიტყვას და იქვე უთითებს აქაურ შესატყვისს: მივსდი − მივაღწიე, გაზდო − გაიზარდა... საინტერესოა, რომ მას შეთვისებული აქვს ”მან” ნაცვალსახელი (ფერ. ისი, იმამ...) და იყენებს თხრობისას, რაც სრულიად უჩვეულოა ფერეიდნულისათვის (მან გარდაიცვალა, მან იყო ძალიან პატიოსანი კაცი და სხვ.). სოფ. დაშქესანას მონაცემები მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სხვა თვალსაზრისითაც: გამოვლინდა ბევრი საინტერესო ფაქტი, მაგ., ”წავყეცი”, ”მივყეცი” ტიპის ფორმები, რომლებიც მხოლოდ დღევანდელ გარეკახურ მეტყველებაში გვხვდება: მეორე მხრივ, დასავლური დიალექტებისთვის დამახასიათებელი ”გააკეთენ”, ”შეჭამენ” ტიპის ზმნური ერთეულები, რაც ფერეიდნის სხვა სოფლებში არ შეგვინიშნავს.
      1997 წლის ზაფხულში თბილისში ჩატარდა საზღვარგარეთ არსებულ ქართულ სათვისტომოთა კონგრესი, რომლის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა ფერეიდნელ ქართველთა რამდენიმე წარმომადგენელი. სხდომები ტაბახმელაში მიმდინარეობდა. სწორედ აქ გავიცანი საქართველოზე შეყვარებული ადამიანები: მუხთარ დარჩიაშვილი (თეირანი), რეზა დავითაშვილი (ისპაჰანი), მელიქა ონიკაშვილი (მარტყოფი)... სამივე წარმოშობით ზემო მარტყოფელია და ნაჯაფაბადელი ალი ფაშა. ისინი სახლშიც მეწვივნენ და ცდილობდნენ − რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოეწოდებინათ ფერეიდნისა და ფერეიდნულის შესახებ, ამოეტივტივებინათ თავის მეხსიერებაში საინტერესო ქართული სიტყვები, რომლებიც უფროს თაობასღა შერჩენია, ანდა სახეცვლილია და მივიწყებული. დედაჩემი თავის შვილს მიმართავს: ყორო (=გოგო) ... თავშიშველა ნუ გახოლ გარეთო. ალი ფაშა ჩაჰკითხვია: დედა, რა არის შიშელაო. − არ ვიციო. − უპასუხია დედას.
      ცნობილია, რომ საქართველოდან ჩამოსახლებული ხალხი შაჰ-აბასს ირანის სხვადასხვა კუთხეში დაუსახლებია: ხორასანს, მაზანდარანს, ქურდისტანს, ლურისტანს და სხვა ტერიტორიებზე, მაგრამ მძიმე პირობებისა და ძლიერი ზეწოლის გამო მათი დიდი ნაწილი გათქვეფილა ადგილობრივ ტომებში. დღეს ადრინდელ ქართულ დასახლებაზე მიანიშნებს მხოლოდ აქა-იქ შემორჩენილი ადგილის, სოფლის სახელები. ფერეიდნელი ქართველები ცდილობენ ყველა ეს ადგილი მოიარონ და მოიძიონ ქართული ტოპონიმები, გვარები, ან რაიმე მინიშნება მოსახლეობის ქართულ წარმომავლობაზე.

ფერეიდნელები რელიგიურ დღესასწაულზე

      ”ირანჩი ბეური სოფელი იქნების, რო ქართულ სახელი ჰქიან... გორჯი”, მაგრამ რუკაზე მხოლოდ ოთხი ასეთი პუნქტია მითითებული: ხორესტანი, ლორესტანი, ქორდესტანი და მაზანდარანი. მათივე ცნობით, მხოლოდ გორჯი მაჰალეში (მაზანდარანში) იცის ზოგიერთმა, რომ წარმოშობით ქართველია და ქართული ენის სწავლის სურვილიც გამოუთქვამთ: ”ერთი ქლასი გუგუსხენო”. − უთხოვიათ ალი ფაშასათვის, რომელსაც ქ. ნაჯაფაბადში ქართული წერა-კითხვის შემსწავლელი სკოლა აქვს გახსნილი. ალი ფაშას მოუვლია გორჯი მაჰალეს მიდამოები, ერთ ადგილას წყალი გამოდიოდა. უკითხავს − ამას რა ჰქვიაო? − ემას ყაროს ვეძახითო − უპასუხეს. მაშ ეს წყარო ყოფილაო. ”წ იქით მოწყვეტილა-მეთქი, დაასკვნა ალი ფაშამ. ”გვარები არ შოონახავთ, ამმა (=მაგრამ) სუ ხალღის გვარის ბოლოს გორჯი აქ და ქუჩებჩი სწერია, მაღაზიების შიშებზე (=შუშებზე) სწერია და ძრიალაც უხარიანყე, რო ქართველები ვართო”.
      რეზო დავითაშვილს სპარსულ გაზეთში ამოუკითხავს, რომ დეეშაჰრში თორმეტი ათასი ქართველი ცხოვრობს. გამგზავრებულა, სოფელში რომ შესულა, შავი ფარდები იყო გაბმული ქუჩებში, ჰაიათოლა ახალი გარაცვლილი ყოფილა. იმ ფარდებზე ეწერა: ”ქართველების მეჩეთჩიგა მოდით, ვილოცოთო”. ქუჩის სახელიც ”გორჯი” ყოფილა, რაიონის დასახელებაც ”გორჯი მაჰალე”. ერთი კაცი გააყოლეს მეგზურად, რომელსაც ერქვა მაჰმუდი გორჯი. ასე წვეთ-წვეთად, ნაბიჯ-ნაბიჯ აგროვებენ ფერეიდნელები ცნობებს ირანში გაბნეული თავისი თვისტომების შესახებ.


 

      ჩვენი მოგზაურობა ფერეიდანში სამი წლის წინ დაგეგმა ჩვენმა კოლეგამ საქართველოს ელჩმა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ბ-ნმა ჯემშიდ გიუნაშვილმა. თავდაპირველად განზრახული იყო ფართომასშტაბიანი ექსპედიციის ჩატარება ლინგვისტების, ეთნოგრაფის, ისტორიკოსის და მუსიკათმცოდნის მონაწილეობით. საბოლოოდ მხოლოდ ორი კაცის − თ. უთურგაიძისა და ჩემი გამგზავრება მოხერხდა ირანული მხარის (ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო მომსახურებისა და დაგეგმარების განყოფილების) მიწვევითა და დაფინანსებით.
      გავემგზავრეთ 1998 წლის 14 აგვისტოს, ვიფრინეთ თბილისიდან თეირანამდე, დაგვხვდა ირანის საგარეო საქმეთა წარმომადგენელი, რომელმაც ჩვენი ელჩის სახლამდე მიგვაცილა. იმ საღამოს ბ-ნმა ჯემშიდმა და მისმა მეუღლემ გვიმასპინძლეს. დაგვათვალიერებინეს ღამის თეირანი, საქართველოს საელჩოს შენობა. გემოვნებით აშენებული ორსართულიანი ნაგებობა ადრე აქ არსებული ძველი უსახო შენობის კაპიტალური რესტავრაციის ნაყოფი. ჩვენი ელჩის დიდი ძალისხმევის შედეგი, რომელიც დღეს მეტად მიმზიდველად და ღირსეულად გამოიყურება. მითხრეს − თავი დაიბურეო და მას შემდეგ თავდაბურული დავდიოდი. ჩიქილა მეხურა და აქეთობისას − თეირანიდან ბაქოში რომ ჩამოვფრინდით, იმდენად შევეჩვიე თავშალს, ვიდრე არ შემახსენეს, არ მომიხდია.
      მეორე დილას ისპაჰანში გავფრინდით, იქიდან კი მსუბუქი მანქანით გავემგზავრეთ მარტყოფისაკენ. მივყვებოდით მშვენიერ გზატკეცილს. გავიარეთ რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის ქ. ნაჯაფაბადი, სადაც ქართველები სახლობენ. გზა მიჰყვებოდა ხეობას, რომელიც თანდათან ვიწროვდებოდა. მთები გვიახლოვდებოდნენ და მატულობდნენ სიმაღლეში, ყველაფერს მოყავისფრო-რუხი ფერი ედო. აქა-იქ ჩანდა მწვანე ოაზისები. მივაღწიეთ მარტყოფს და უცბად აღმოვჩნდით ჩვენებურების გარემოცვაში.


 

      მარტყოფი, რომელიც დღეს ჶერეიდუნშაჰრად იწოდება, მაღალ მთებს შორის მოქცეულ ტაფობზე მდებარეობს. საითაც გაიხედავ − მაღალი მთები ჩანს, ცა მხოლოდ შენ თავს ზემოთაა, მომწყვდეული მაღალ მთათა მწვერვალებს შორის. დაგვანახვეს ”თათაშვილის გორა”, ”თათარა”, ”ქალების ქობი”, ”სიხე” − ყველა ამ სახელთან დაკავშირებულია მძიმე მოგონებები, თავისთავადობის შენარჩუნებისათვის მოძალადეთა წინააღმდეგ ბრძოლის ეპიზოდები, რომლებიც გადმოცემების, ლეგენდების სახით თაობიდან თაობას გადაეცემოდა და დღესაც ახსოვთ.
      მარტყოფში 10000-მდე კაცი ცხოვრობს, მათი უმრავლესობა ქართველია. ოფიციალური ენა სპარსულია, მაგრამ ქართული ჯერ კიდევ ფუნქციონირებს როგორც ოჯახის, ფერეიდნელ ქართველთა შინაური ურთიერთობის ენა. ქართულს გაიგონებ ქუჩებში, დუქნებში, ოჯახებში.
      დღეს ფერეიდანი ცივილიზებული მხარეა, ეკონომიკურად ძლიერი. არის რამდენიმე საავადმყოფო და პოლიკლინიკა, დაკომპლექტებული საკუთარი კადრებით. არის რამდენიმე ბიბლიოთეკაც, თუმცა ისინი ღარიბია ქართული წიგნებით. მარტყოფელებს აქვთ საკვები პროდუქტების (ყველის, კარაქის, თაფლის...) თუ სხვა ნაწარმის დამამზადებელი საწარმოები. ცენტრალურ ქუჩებზე პირველი სართული მაღაზიებს უჭირავს, სადაც იყიდება როგორც ირანული, ისე იმპორტული წარმოების პროდუქცია.


 

      რამდენიმე წელია, რაც ჶერეიდუნშაჰრში ფუნქციონირებს უნივერსიტეტი, სადაც ჯერჯერობით ორი ფაკულტეტია: სპარსული ენისა და ლიტერატურის და მენეჯმენტის (საბაზრო ეკონომიკის). რამდენიმე სკოლაა. ყმაწვილები სწავლას იწყებენ 4-5 წლის ასაკიდან. თავდაპირველად ბიჭი და გოგო ერთად არიან, თამაშობენ, ერთობიან, პირველი კლასის ბოლოს კი იყოფიან და ცალ-ცალკე განაგრძობენ სწავლას. ხუთი კლასის დამთავრების შემდეგ კი იწყება შემდგომი საფეხური სამწლიანი სწავლებისა.

საიდ მულიანი თავის მოსწავლეებთან

      საინტერესოა, რომ ზაფხულის არდადეგების დროს მოსახლეობის მოთხოვნით უნივერსიტეტთან გაიხსნა ქართული წერა-კითხვის შემსწავლელი კლასი, სადაც სწავლობდა სხვადასხვა ასაკის (6-დან 25 წლამდე) ორმოცამდე მსმენელი. მეცადინეობა მიმდინარეობდა სამი თვის განმავლობაში კვირაში სამჯერ. ამ კეთილშობილურ საქმეს უძღვებოდა მაყვალა (მარიამ) ბათუანი, ზესტაფონელი ქალი, რომელიც ფერეიდნელ ახალგაზრდაზე გათხოვდა და ორი წელია, რაც იქა ცხოვრობს. სამ სექტემბერს ჩატარდა დამამთავრებელი გამოცდა, რომელსაც მეც დავესწარი. ამაღელვებელი იყო იმის ყურება, თუ როგორი მონდომებითა და სიყვარულით ავსებდნენ მასწავლებლის მიერ შედგენილ ტესტებს მსმენელები. რა ლამაზად გამოჰყავდათ ქართული ასოები პატარებს, როგორც გავიგე, სწავლა შემდეგ წელსაც გაგრძელდება.
      ქართულ ენაზე განათლების მიღების სურვილი გამოთქვეს სოფ. ახჩის წარმომადგენლებმაც. მათ თხოვნაც გაუგზავნიათ თეირანშიც, ჶერეიდუნშაჰრშიც, რომ მადრესებში ”დღეჩი ერთ საათი ქართველი დადუან, ქე (=რო) ქართველ სავადიც (=განათლება, ცოდნა) დაისწავლონ ხალღმა”, ისე როგორც სომხებს აქვთ... ”თავით ენაზე სავადი აყე”.
      ფერეიდნელები ბილინგვები არიან. მათი უმრავლესობა, განსაკუთრებით მამაკაცები და ახალგაზრდობა, კარგად ფლობს სპარსულსაც და ქართულსაც. ერთი კოდიდან მეორეზე გადასვლა ავტომატურად ხდება. ფერეიდნელი ბავშვი ქართულად იდგამს ენას. დედა ქართულად უღიღინებს: ”მერეღა რო გადიდდაღა”, დედა ”თათი-თათის აქნეინებს”, ”მოვკიდიდიყე ჴელებზეგა და ვეტყოდიყე: თათი, თათი, ფეჴის ჭია ათი; თათი, თათი, ფეჴის ჭია ათი; ფეჴი აიდგი, შენ ჩემ ნუბიარი ხარ, შენ ჩემ ყმაწვილი ხარ... მერე ფეჴი აიდგისყე, მოდიდდიისყე”... თან დააყოლებენ: ტატარა-ბატარა, ტატარა-ბატარა... ტაატი, ტაატიო...” შემდეგ კი ვინც განათლებას სპარსულ ენაზე იღებს, მას შემდგომი საქმიანობისთვის სწორედ ეს ენა სჭირდება. დიდ ქალაქებში, სხვა ხალხით დასახლებულ პუნქტებში ძირითადი საურთიერთო ენა სპარსულია. ცხადია, ქართული ენა თანდათან კარგავს თავის ძირითად ფუნქციას. მახსენდება სეიფოლა იოსელიანის შვილიშვილის ოჯახი, სადაც იოსელიანების მთელი საგვარეულო სიყვარულით შეგვხვდა, ჩინებული ქართული საუბარი მოვისმინეთ, მაგრამ სტუმრად მოსულ გოგონას უკვე უჭირდა მშობლიურ ენაზე ლაპარაკი. მას დიდი სურვილი ჰქონდა, რომ მაგნიტოფონის ფირზე ჩამეწერა მისი ხმა. მაგრამ ქართულად ვერ ახერხებდა მოყოლას. ამიტომ სპარსული სახელმძღვანელო მოიშველია და სიტყვასიტყვით მითარგმნიდა არაკს.
      ფერეიდნელ ქართველებს უყვართ თავისი ენა: განიცდიან, რომ მათ ენას ”ბეური ჶარსი შაჲრევია”. ადრე ”იფო კარგი წესი იყო, გული ერთი ჰქონდაყე, პარსული არ შამოსულიყო. შამოიდა პარსულმა და ჰარზადი (=ყველაფერი) გააფუჭა...”, ამიტომ ცდილობენ − რაც დარჩათ, შეინარჩუნონ.
      ”ჰკანჭურებენ ენასაო, ჰკანჭურებენო ენასაო, მაგრად ინახავენო. ნამად (=კარგად) ინახავენო, რო არ დაიკარგოს ეს ჩონ ენაო. პარსულათ არ ვამბობთა... მოხუცებმა ბეურია, რო არ იციან, რო პარსული იბნან... ძალიან საყორველია ჩონ ენა ჩონთი”, − მეუბნებოდა მოხუცებული ქალი გულჩერა ხუციანი (ხუციშვილი). ჩავეკითხე: ”ჰკანჭურებენ რა არის-მეთქი?”, ” − აი, ყმაწვილს რო ვირზე შავსომთყე, ვეტყვითყე, რო მაგრა ჩაჲკანჭურე, ჩაჲკანჭურე (=ჩაებღაუჭე), რო არ გადმოვარდეო”.
      ჩემი ყურადღება მიიქცია იმან, რომ ერთმანეთს ხშირად გვარით მიმართავენ. ასეთია მაჰმადა სეფიაშვილი. განათლებული ქართველი, გეოგრაფიის სპეციალისტი, ავტორი წიგნისა ”ფერეიდნელი გურჯები” (1981 წ.), რომელიც ცნობილია, როგორც სეფიანი, ყველა ასე მიმართავს. სეფიანი ყოველთვის თან გვახლდა და ჩვენი ყოველდღიური მუშაობისას გვეხმარებოდა. ბოლო დღეებში კითხვებსაც კი თვითონ უსვამდა ინფორმატორებს.
      ”დავითაშვილმა იცის”, ”დავითაშვილო, მაჲტანე”... ასე ასახელებდა თავის მეუღლეს თურანა. ჩემს კითხვაზე, თუ რატომ მიმართავდა თავის ქმარს გვარით, თურანამ განმიმარტა: სახელი რომ დავუძახო, ალი-რეზა უნდა ვთქვაო, ეს ”ექაური” სახელია, დავითაშვილი კი ”ჩონებურია”, ქართულიაო. მისგანვე შევიტყვე, რომ ფერეიდნელები ბრინჯს ”თაგის კბილას” ეძახიან. სტუმარი თუ გვეწვია და ბრინჯი არა გვაქვს, სხვამ რო არ გაიგოს, ”ვეტყით − ”თაგის კბილა არა მაქ, წა, მაიტანეო”. დავითაშვილები ისპაჰანში ცხოვრობენ. ისინი შეპყრობილნი არიან საქართველოს სიყვარულით, საქართველოზე ფიქრით. ამაზე მეტყველებს მათ ოჯახში ქართული სუვენირები, ჭედური ხელოვნების ნიმუშები, ქართული სიმღერების ფირფიტები... და რაც მთავარია, პატარა ზომის მშვენიერი ხალიჩები ქართული წარწერებით (მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა, ანდა ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია). რაც რეზოს მიერ შექმნილი ტრაფარეტის საფუძველზე თურანას მოუქსოვია.


ბატონი რეზო დავითაშვილი (ალი-რეზა რაჰიმი)
მეუღლესთან, ქალბატონ თურანთან ერთად
მაჰმადა სეფიანის
(სეფიაშვილის) ოჯახი

      ფერეიდნელებს უყვართ ზმნისწინების ტრიალი. ზმნისწინებით თამაში. ამით ამაყობენ კიდეც, რადგან თავისი ენის სიმდიდრედ მიაჩნიათ; სპარსულს უდარებენ, რომელიც ზმნისწინებით ღარიბია და ფორმათა ამგვარ მრავალფეროვნებას ვერ აწარმოებს. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს ლექსში, რამდენიმე მათგანი სეფიანმა მომაწოდა. მოვიყვან ნაწყვეტს:

      დედამ თორნე გააკეთა,
      სათოლეცა მოოკეთა,
      ყორმა ჯოხი ჩოოკეთა,
      ბიჭმა შეშა შოოკეთა,
      ზალმა ცომი მოზილა,
      დედამ ყორი გაზილა.
      თორნემ ძრიალ გამაიწო,
      იგრე, რო წოდი შაიწო
      დიდიდამ პური დააკრა,
      დედამაც პური ჩააკრა,
      ცეცხლჩი კოჭობა ჩადგა,
      მზე ჩაიდა, ღამე შაიქნა.
      კოჭობას დანი გაიქნა.
      შაჭამეს-შამოჭამეს,
      გაჭამეს-გამოჭამეს,
      რაც რო იყო დაჭამეს,
      მიჭამეს და მოჭამეს,
      თითომ ერთგან დაიძინა,
      დილობამდი ჩაიძინა”.

      ფერეიდნელთა სიამაყის საგანია ისიც, რომ მათი მამულები, მთები და ღელეები, წყაროები და ხევები ქართულ სახელებს ატარებენ. ”ფერეიდნელმა ქართველებმა მაჰმადიანი გახდეს, მაგრამ ქართულ წმინდა დედაენა, წესი და ადათი შაინარჩუნეს, თავიანთ მამულები, მთები, ღელები, წყარვები, ხევები, რუვები − სულ ქართულ სახელი აქ და სულ მთავრობას დამტკიცებულია. პარსელები ჩონთან პარსულად ილაპარაკებენ”, მაგრამ რაიონებისა და მთა-ბარის, წყაროების სახელი სუ ქართულად უნდა თქვანო (კონგრესის მასალები). მღელვარების გარეშე ვერ მოისმენ მამულის სახელებს: პირიქითი, ნაქერალი, ვარდისყელი, გადრეცილი, მიღმაჴევი... წყაროები: კაკბის წყარო, თანდილას წყარო, ცივწყარო, კუვის წყარო, ჩქრიალა, ლაშე წყარო... მთები: სანამქრო, სასკლინტო, ტინთუკანი, დიდწერი, ფერდულები, ქუვაყრილი... და სხვა.

      ჩვენი მუშაობა ადგილობრივი მმართველობისა და ჩვენი საელჩოს მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის ფარგლებში მიმდინარეობდა. დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა და ინიციატივის გამოჩენა არ ხერხდებოდა. ჩვენი მასპინძლები ყველანაირად ცდილობდნენ ხელი შეეწყოთ ჩვენი მუშაობისათვის, უსაფრთხოების დაცვის მიზნით ყოველთვის თან გვახლდნენ, გამგებლის მანქანა გვემსახურებოდა.
      მოვიარეთ თორმეტივე ქართულენოვანი სოფელი, რომლებიც ჶერეიდუნშაჰრისა და დარაქნის ადმინისტრაციულ ცენტრებშია გაერთიანებული. ქართული გაცილებით უკეთ არის შემონახული მარტყოფსა და მის ზემოთ ხეობაში განლაგებულ სოფლებში: სიბაქსა (ვაშლოვანი), ჩუღრუთსა და ჯაყჯაყში. საგრძნობი ცვლილებები განუცდია ქვემოთ, ისპაჰანისკენ მიმავალ გზაზე მდებარე სოფლების მეტყველებას, როგორიცაა: დაშქესანა, ბოინი, თორელი (თელავი), აფუსი (რუისპირი) და ახჩა. ჩვენი მიზანი იყო − რაც შეიძლება მეტი და მრავალფეროვანი მასალა მოგვეპოვებინა. ჩავიწერეთ ასამდე სხვადასხვა ხანგრძლივობის მაგნიტოფონის ფირი, რომელთა გადაწერა დაწყებულია.
      კახეთის შუაგულიდან გადასახლებულ ადამიანებს, რომლებსაც თან წაჰყოლიათ თავისი ქვეყნის, კუთხის სიყვარული, თავისი ახალი საცხოვრისისთვის მშობლიური ქალაქის თუ სოფლის სახელი დაურქმევიათ: თელაველებს − თელავი, რუისპირელებს − რუისპირი... ასე გადიოდა წლები, საუკუნეები. მეოთხე საუკუნის ბოლოსთვის, როგორც ჩანს, დრომ თავისი ქნა და დღეს თელავს თორელი ჰქვია, რუისპირს − აფუსი და სამწუხაროა, რომ რუისპირში ქართული ერთ ოჯახშიღა ისმის. ასეთია ცხოვრების ბუნებრივი მდინარების მძიმე სურათი. მაგრამ ფერეიდნელები, როგორც თვითონ ამბობენ, ”ჰკანჭურებენ” თავის მშობლიურ ენას. მათ ამ საქმეში უდავოდ დაეხმარება კონტაქტები ისტორიულ სამშობლოსთან, რომლებიც დღითიდღე უფრო ინტენსიური ხდება. ქართულმა ენამ რომ არ დაკარგოს თავისი ფუნქციები ფერეიდანში, ჩვენზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული.

* * *