ირანელი და ქართველი ხალხების ურთიერთობაზე
საქართველო − აშშ-ს პარტნიორობა არ იმოქმედებს


      მეზობელ ქვეყნებთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ ქვეყანათა შორისაა ენერგორესურსებით მსოფლიოში უმდიდრესი ირანის ისლამური რესპუბლიკა, რომელიც თავად არის დაინტერესებული საქართველოსთან, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური თანამშრომლობითა და ქართული ბაზრის ათვისებით. თავის მხრივ, ოფიციალური თბილისი, მიუხედავად მისი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის − აშშ-ს უკიდურესად მწვავე ურთიერთობისა თეირანთან, ცდილობს ირანთან კეთილმეზობლური ურთიერთობა შეინარჩუნოს; უფრო მეტიც, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ირანული კაპიტალის მოზიდვაზე, ამ ქვეყნის ენერგორესურსებს კი მნიშვნელოვან ალტერნატიულ ენერგეტიკულ წყაროდ განიხილავს.
      საქართველო-ირანის ურთიერთობისა და თანამშრომლობის საკითხებზე საინფორმაციო სააგენტო ”მედიანიუსი” საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მოჯთაბა დამირჩილუს ესაუბრა:


      − ბატონო ელჩო, თქვენ უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობთ. გთხოვთ, მოგვითხროთ თქვენი შთაბეჭდილებების შესახებ.
      − 10 თვეა რაც საქართველოში ჩამოვედი. თქვენი ქვეყანა სწორედ ისეთი აღმოჩნდა, როგორიც წარმომედგინა: ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყანა, რომელსაც უმდიდრესი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა აქვს და მსოფლიო კულტურაში გამორჩეული ადგილი უკავია. ჩვენდა საბედნიეროდ, საქართველოში ირანის მიმართ კარგი დამოკიდებულება იგრძნობა, ეს კი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებისთვის სერიოზული სტიმულია. გულწრფელად მოხარული ვარ, რომ ასეთ ქვეყანაში ვმუშაობ.
      − როგორ შეაფასებთ ირან-საქართველოს ამჟამინდელ ურთიერთობებს?
      − ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის უახლესი ისტორია საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების წლებიდან იწყება. ირანი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მისი სუვერენიტეტი აღიარა. როგორც აღვნიშნე, ჩვენს შორის ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, თუმცა, ეს არ გვაკმაყოფილებს, რადგან ორივე ქვეყანას აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც სრულად არ არის გამოყენებული. ვფიქრობ, ამ ურთიერთობის განვითარებას დიდი პერსპექტივა აქვს.
      − დაინტერესებულია თუ არა თქვენი ქვეყანა საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით?
      − ბოლო პერიოდში ირანიდან ჩამოსული საქმიანი წრეების წარმომადგენლები საქართველოთი სერიოზულად დაინტერესდნენ. შარშან ქართულ-ირანული ბიზნესფორუმის მონაწილეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებიც დასახეს. ირანელ ბიზნესმენებს ინვესტიციების განხორციელება განსაკუთრებით მშენებლობის, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის სფეროში სურთ. ირანელი ბიზნესმენები საქართველოს საკანონმდებლო თუ სხვა სფეროებში წარმატებით განხორციელებულმა რეფორმებმა, ინვესტორებისთვის შეთავაზებული პირობებით დააინტერესა.
      − ბატონო ელჩო, როგორ ფიქრობთ, საქართველო აშშ-ს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა, ვაშინგტონსა და თეირანს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, ხომ არ იქონიებს გავლენას საქართველო-ირანის ურთიერთობაზე?
      − ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა ეროვნული ინტერესების დაცვაზეა დაფუძნებული. თანაც მას საუკუნეების წინათ ჩაეყარა საფუძველი. ირანელ და ქართველ ხალხებს ამ ურთიერთობის დამყარებისათვის ნებართვა არავისგან აუღიათ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ საქართველო-აშს-ს პარტნიორობა მასზე არ იმოქმედებს.
      − გასულ ზამთარს საქართველო ნაწილობრივ რუსეთიდან შემოტანილი ბუნებრივი აირით მარაგდებოდა, თუმცა, მანამდე აქტიურად განიხილებოდა ირანული გაზის შესყიდვის საკითხი. ჩვენი ინფორმაციით, ამ საკითხზე ქართულ მხარეს თეირანთან მოლაპარაკებები აღარ გაუმართავს. როგორ ფიქრობთ, ხომ არ იყო ეს საქართველოს დასავლეთელი პარტნიორების, უპირველესად კი, აშშ-ს თბილისზე ზეგავლენით განპირობებული?
      − ენერგეტიკა იმ სფეროთაგანია, რომელსაც ქვეყნების ერთმანეთთან დაახლოება შეუძლია. ირანს თავისი გაზისა და ნავთობის საბადოებით მსოფლიოში მეორე ადგილი უჭირავს, ამიტომ მას აქვს საშუალება, რომ სურვილის შემთხვევაში, საქართველო ბუნებრივი აირით მოამარაგოს. ჩვენი ქვეყნების წარმომადგენლებს შორის გამართულ უმაღლესი დონის მოლაპარაკებებზე ქართულმა მხარემ ირანისგან ბუნებრივი აირის მიღების სურვილი გამოთქვა. ეს მოლაპარაკებები არ შეწყვეტილა და დღესაც გრძელდება. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს აქვს ხელშეკრულებები სხვა მიმწოდებლებთან, მათ შორის, რუსეთთან. ხელშეკრულებები კი ქვეყანას გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს. გარდა ამისა, მოსაგვარებელია ტექნიკური საკითხები, მაგალითად, ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების, დროისა და მოცულობის საკითხები. ყველაფერი დეტალურადაა განსახილველი. რაც შეეხება გავლენას, რამდენადაც ვიცი, საქართველოს მთავრობამ გარკვევით განაცხადა, რომ ქართველი ხალხის სიცივეში გაყინვას არ დაუშვებს. ვფიქრობ, მასზე გავლენა არ არის. ასე რომ, ჩემი აზრით, ამ სფეროში საქართველოსა და ირანს შორის წარმატებული ურთიერთობის რეალური პერსპექტივა არსებობს.


      მედიანიუსი