მერაბ (მათე) ბოლქვაძე − «იქ, სადაც ჩვენი თანაფესვებია...»


merabi
      ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ბავშვობის ოცნებას ავისრულებდი – ოდესმე ფერეიდნელ ქართველებს შევხვდებოდი, ჩავიდოდი ჩემს სისხლთან და ხორცთან, მიმასპინძლებდნენ, მიმეგობრებდნენ და ერთმანეთს გულში ჩავიკრავდით... ბავშვობის ოცნებას კი იმიტომ ვამბობ, რომ მართლაც პატარა ვიყავი, მეხსიერებაში ზღაპარივით რომ ჩამრჩა გურამ პატარაიას ფილმი – ”შორია გურჯისტანამდე?”. მაშინ ვერ გავაცნობიერე, რომელ საქართველოზე ან რომელ ქართველებზე იყო საუბარი, მაგრამ ძალიან კი მინდოდა, უფრო მეტი მცოდნოდა იმაზე, რაც ვნახე და აი, ამდენი ხნის ოცნება რეალობად მექცა, რაშიც ჩემმა დღევანდელმა საქმიანობამაც შემიწყო ხელი.
      ჩემი ორგანიზაცია – საქველმოქმედო ფონდი ”ზარები” მრავალ საინტერესო პროექტს ანხორციელებს. მათ შორის ერთ-ერთი და მნიშვნელოვანია ქრისტიანულ-მუსულმანური ურთიერთობების პროგრამა, რომლის მიზანია ორი განსხვავებული რელიგიის, კულტურისა და ტრადიციების მქონე ადამიანებს შორის მეგობრული კავშირების დამყარება, ერთმანეთთან დაახლოება. ჩვენი სურვილია, რომ უკეთ ვიცნობდეთ ჩვენი წინაპრების ისტორიულ წარსულს. ერთ-ერთი ასეთი პროგრამა უკვე ორი წელია ხორციელდება ფერეიდნელი ქართველებისათვის.
      ჩემს სისხლთან და ხორცთან შეხვედრის მოლოდინი და სიხარული იმდენად ძლიერი იყო, რომ მივლინებით ირანში გავემგზავრე და ჩემი მეუღლე თამარი და 7 შვილი ორი კვირით დავტოვე...

 
დავითი, კესარია, მერაბ ბოლქვაძე, თეკლა, საიდ მულიანი, ბარბარე და ერეკლე
 
სპარსულ სუფრასთან

      მადლობას ვუხდი ჩემს უფროს მეგობარს, აღმოსავლეთმცოდნე ბატონ ნოდარ კოჭლაშვილს, რომელიც მამა-შვილური მზრუნველობით ეკიდება ფერეიდნელ ქართველებთან ურთიერთობებს. სწორედ მან გამიკვლია გზა ფერეიდნისაკენ – თბილისში გამაცნო ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ალი ასლანი (ლექსო დარჩიაშვილი) და ფარვინა თავაზოი (ნათია თავაძე). აღტაცებული დავრჩი ამ საოცრად ლამაზი წყვილის გაცნობით, რომელთაც მაშინ ერთი ოცნება ჰქონდათ: გვინდა პირველი შვილი საქართველოში დაგვებადოსო. ღმერთმა ინებოს! ლექსო ნიჭიერი მხატვარია და თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობს, ნათიას კი თეირანის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და ახლა თბილისის უნივერსიტეტში აგრძელებს სწავლას.
      2006 წლის შემოდგომაზე პირველად ვიმოგზაურე ფერეიდანში. ლექსო და ნათია იყვნენ ჩემი მეგზურები და იმ სამყაროს კარი გამიღეს, სადაც ჩემი თანაფესვები მეგულებოდნენ...
      XVII საუკუნეში ირანთან მორიგი ომის დროს 1603 წელს, შაჰ-აბასმა ამ რეგიონში გადაასახლა ეთნიკური ქართველები, სულ 200 000 კაცი, რომელთა შთამომავლებიც დღეს მთელ ირანში არიან გაფანტულნი, კომპაქტურად კი ქალაქ ფერეიდუნშაჰრში ცხოვრობენ. ინგლისელი მოგზაური ჰენრი ლაიარდი, რომელმაც 1840 წელს პირველმა აღწერა ფერეიდუნშაჰრის სოფლები, წერს: ”მათი სოფლების გარშემო გაშენებულ ბაღებსა და სახნავ-სათესებს მშრომელი კაცის მზრუნველი ხელი აშკარად ატყვია. ეს სოფლები თვალის ერთი გადავლებითაც აშკარად გამოირჩევა სხვა აქაური დასახლებებისაგან”.
      სამწუხაროდ, ეს არ იყო საქართველოდან ირანში ქართველების გადასახლების პირველი შემთხვევა. ასეთი რამ ხდებოდა შაჰ-აბას I მმართველობამდე და მის შემდეგაც. შაჰ-აბასმა ქართველები, ჩეჩნები და ჩერქეზები, რომლებიც ჯერ კიდევ ქრისტიანები იყვნენ, შეგნებულად ჩაასახლა ამ რეგიონში საზღვართან ახლოს მტრების თარეშისაგან დასაცავად. მართლაც, ქართველებს არაერთხელ დაუმტკიცებიათ თავიანთი ვაჟკაცობა და იმ უნუგეშო მდგომარეობაშიც კი მოახერხეს საკუთარი ეროვნებისა და დედაენის შენარჩუნება. მადლობა ღმერთს, რომ დღეს ღირებულებები გადაფასებულია და შესაძლებელია ცივილიზებული ურთიერთობების დამყარება.
      თბილისიდან თეირანამდე მსუბუქი ავტომანქანით ვიმგზავრეთ. თეირანში შესვლისას ცაზე შვიდფეროვანი ცისარტყელა ორგზის გამოისახა – მშვიდობის, სიყვარულის და კეთილი მომავლის სიმბოლო! ეს უფლის წყალობად მენიშნა! საღამო ხანი იყო, ოთხასი წლის უნახავ ჩემს და-ძმებს ვუახლოვდებოდი და გული უცნაური სიამოვნებით მიცემდა...
      თეირანში ლექსოს მშობლები გველოდებოდნენ. საოცარი სითბო და სიყვარული დაგვახვედრეს. იქაური ქართველები ფერეიდნულ დიალექტზე ლაპარაკობენ, მაგრამ ქართული წერა-კითხვა არ იცოდნენ. ლექსოს მამა, ბატონი ჰეიდარ ასლანი (დარჩიაშვილი) ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ქართული წერა-კითხვა ისწავლა სამოციან წლებში და სხვებსაც ასწავლა. მას იქაურ ქართველებში დიდი ავტორიტეტი აქვს, ხუმრობით ”განმანათლებელსაც” ეძახიან. ქართულ ანბანს ხეზე კვეთდნენ ან ხალიჩებზე ქარგავდნენ და დღეს ირანში ვერ ნახავთ ქართულ ოჯახს, სადაც ხის დაფა ან ხალიჩა, რომელზეც ქართული ანბანია გამოხატული, საპატიო ადგილზე არ იდოს.
      ვესტუმრეთ ბატონ ჰეიდარის უფროს ძმას, მუხტარ ასლანის (დარჩიაშვილს), რომელიც ნამდვილი ქართველი ბერმუხაა: მაღალი, ახოვანი ძველი მთამსვლელი, ოთხმოც წელს მიღწეული, დღესაც მშვენიერ ფორმაშია! მან მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე საკუთარი მხრებით ზიდა უმძიმესი ტვირთი ქართველობის შენარჩუნებისა და ფერეიდნელ ახალგაზრდებს სამშობლოს სიყვარული გაუღვივა.
      ბატონი ჰეიდარი მიყვებოდა, როცა ახალგაზრდა ვიყავი, ქაღალდის ფურცელზე ვწერდი – ღმერთო, საქართველოში წამიყვანეო... მერე ამ ფურცელს ვწვავდი, ნიავი ბოლს რომ გაფანტავდა, ვფიქრობდი, ვინ იცის, იქნებ ეს ჰაერი საქართველოში ვინმემ შეისუნთქოსო... ჩემს სიცოცხლეში საქართველო სამჯერ ვნახე სიზმარში, ორჯერ კი ჩემი ნატვრა და ჩემი წინაპრების ოცნება ამიხდა და ცხადში ვიყავი ჩემს სამშობლოშიო.
      დამათვალიერებინეს თეირანი, უსაშველოდ დიდი და ხმაურიანი ქალაქი ლამაზი მეჩეთებითა და მოფუსფუსე ხალხით. ვნახე ძველი და ახალი ღირსშესანიშნაობანი, შაჰის სასახლე... აღმოსავლეთის ამ უძველეს და უდიდეს ქვეყანასთან რამდენი უსიამოვნო მოგონება გვაკავშირებს...
      2005 წელს ტელევიზიით იმედის არხზე, გადაცემა ”დროება”-ში ერთი დაუჯერებელი ამბავი გადმოსცეს. ფერეიდანიდან თბილისამდე ორი ძმა არია და შაჰინ ხოსროევები (ხოსროშვილები) ფეხით ჩამოვიდნენ. გამოიარეს გზა, რომელიც მათმა წინაპრებმა საქართველოდან ფერეიდნამდე 400 წლის წინ იძულებით განვლეს. სულით ხორცამდე შეძრული ვუყურებდი ამ ამბავს და ცრემლს ვერ ვიკავებდი. მინდოდა ამ დაღლილ-დაქანცული, ფეხებდასისხლიანებული ბიჭებისთვის ჩემი ძალა მიმეცა. ნამდვილ სამშობლოში ფეხით ჩამოსვლა ძმებს სისხლის ყივილმა და დიდმა სიყვარულმა შეაძლებინა. გამიმართლა და ვიდრე საქართველოში იყვნენ, ორივე გავიცანი! ახლა მათ მიმასპინძლეს ფერეიდანში.
      ფერეიდანი მთაგორიანი, ძალიან ლამაზი მხარეა. ფერეიდუნშაჰრი მდებარეობს ისპაჰანის პროვინციაში, ერაყის საზღვართან, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე. იგი ისპაჰანიდან დაშორებულია 50 კილომეტრით. სამხრეთით, დასავლეთით და სამხრეთ აღმოსავლეთით ესაზღვრება შემდეგ პროვინციებს: ლორეს, ხუზეს და ჩაჰაარ მაჰაალ ბახთიარს. იქაური ქართველები ძირითადად სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი. ამუშავებენ მიწას, ჰყავთ საქონელი. 400 წლის წინ სიღარიბესა და გაჭირვებაში, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობდნენ. დღეს თითქმის ყველა ოჯახი საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობს, მშვენიერი სახლები და კარ-მიდამო აქვთ.
      მრავალი საინტერესო ადამიანი გავიცანი. ქართველის ნახვა ყველას ძალიან უხარია. რამდენიმე ოჯახში ვიყავი სტუმრად, სადაც ბავშვები, რომელთაც საქართველო თვალითაც არ უნახავთ, მშვენივრად ლაპარაკობენ ქართულად, თუმცა მშობლიური ენის შესწავლა დღესაც აქტუალური პრობლემაა. ვეფხისტყაოსნის ეპიზოდები ზეპირად მითხრეს; ვნახე ჩვენი წინაპრების საფლავები; მიწურები, სადაც 400 წლის წინათ ჩვენი ქართველები შეასახლეს. მაჩვენეს საინტერესო, უძველესი საოჯახო, თუ სხვა დანიშნულების ნაკეთობები. ისიც მითხრეს, რომ იქაური ქართველები აპირებენ ფერეიდანში პატარა ეთნოგრაფიული მუზეუმის გახსნას, სადაც ფერეიდნელი ქართველების ოთხასწლოვანი ყოფა იქნება წარმოდგენილი.
      ფერეიდანში ვესტუმრეთ ნათიას მშობლებს. ბატონმა ნოდარ თავაზოიმ (თავაძემ) გულთბილად გვიმასპინძლა და ჩვენი საუბრების უსასრულო თემა ისევ და ისევ ჩვენი სამშობლო – საქართველო იყო.
      ბატონ ნოდართან სტუმრობისას შევხვდით იქაურ ქართველს, საიდ მულიანს, რომელიც ჯერ ჯიდევ თბილისში გავიცანი. იგი პროფესიით ისტორიკოსია, ნამდვილი ინტელიგენტი, ეროვნული საქმისათვის თავგადადებული პატრიოტი და დედა-სამშობლოზე შეყვარებული. მას ფერეიდნელი ბავშვებისათვის გახსნილი აქვს ქართული სკოლა, სადაც პატარებს მშობლიურ ენას ასწავლის.
      ისპაჰანში გავიცანი არიას და შაჰინის უფროსი ძმა – სათარი, რომელმაც ძმური სიყვარულით მიგვიღო და გვიმასპინძლა. იგი მაღალი ჩინის სამხედრო პირია და იქ დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ბატონ სათარს ოჯახში ვესტუმრეთ. პატარა ხუთიოდე წლის ბიჭუნამ დაგვინახა თუ არა, სადღაც უსიტყვოდ გაუჩინარდა, მერე უცებ მეორე ოთახიდან გამოვარდა, ხელები გაშალა, შემომაფრინდა, მომეხვია და ... ”დედაენა” ააფრიალა.
      ვისხედით მე და პატარა ილია და ერთად დიდხანს ვკითხულობდით ”დედაენას”. ეს პატარა, ლამაზყდიანი წიგნი თითქოს იმის დასტური იყო, რომ საქართველოსა და ირანის ახლანდელი ურთიერთობის წყალობით ფერეიდნელი ახალი თაობისათვის მიუწვდომელი აღარ არის მშობლიური ენის შესწავლა, 400 წლის ნაოცნებარი საქართველო და მის მიწაზე ფეხის დადგმა.
      ისპაჰანი ძალიან ლამაზი, თეირანთან შედარებით პატარა და მშვიდი ქალაქია. დავათვალიერეთ შაჰ-აბასის სასახლე, ვნახეთ უზარმაზარი მოედანი, სადაც ახლა სავაჭრო ცენტრები, სახელოსნოები და სუვენირების მაღაზიებია განთავსებული. აქ უამრავი ტურისტი ჩამოდის. სუვენირებს შორის შეხვდებით სხვადასხვა ფორმის ჯვრებს, ხატებს, დავითის ვარსკვლავებს, მუსულმანური აღმოსავლეთისთვის დამახასიათებელი ორნამენტებით შემკულ ხელით ნაქსოვ ფარდაგებს და შესამოსელებს, ჭედურ ნაკეთობებს.
      ვნახე ქართველების სიამაყე, ალავერდი-ხან უნდილაძის მიერ აგებული ოცდაცამეტ თაღიანი ხიდი, რომელსაც დღესაც აღტაცებაში მოჰყავს მნახველი და რატომღაც ერთ მხარეს სომხების მიერ დადგმული ერთ-ერთი სომეხი სკულპტორის მონუმენტი ”ამშვენებს”.
      ისპაჰანში შევხვდი კიდევ ერთ შესანიშნავ ქართველს, დიდ პატრიოტს, ბატონ ნავროზ (ნუგზარ) ლაჩინანს. ის თხუთმეტი წელი მუშაობდა და შეადგინა ქართულ-სპარსული ლექსიკონი, რომელიც აქამდე არ არსებობდა. საოცრად თბილი ოჯახი აქვს. ძალიან უნდა მისმა შვილებმა საქართველოში გააგრძელონ სწავლა და საქართველოსთან უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდეს.
      თბილისში სტუმრობისას ჩემი მრავალშვილიანი ოჯახი გავაცანი საიდს და მის ძმას, კახას (აჰმედ მულიანი), რომელიც უკვე რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობს. მინდა ჩემმა შვილებმა იცოდნენ ისტორია ჩვენი სამშობლოსი და სამშობლოდან ირანში წასული, იგივე ჩვენი წინაპრების ცხოვრების შესახებ, იცოდნენ რათა მეტი სიყვარული და ურთიერთობა იყოს ფერეიდანისა და საქართველოს უმცროს თაობებს შორის. ჩვენი წინაპრების ოცნებაც ხომ ეს იყო. ერთიანი საქართველოსათვის კი ყველამ უნდა ვიღვაწოთ! ღმერთმა ინებოს საქართველოს ფარგლებს გარეთ გაფანტული ყველა ქართველი თავის ძირძველ სამშობლოს დაუბრუნდეს და საქართველოს აღმშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა.
      ფერეიდნის შესახებ ყველა ჩვენგანისთვის თითქმის ერთი და იგივე ისტორიული ფაქტებია ცნობილი, რომელიც საკმაოდ მწირია. ჩემს მოგონებაში მინდოდა სწორედ იმ თანამედროვე ფერეიდნელი ქართველების შესახებ მეამბო, რომელთაც მე იქ, ჩემი ხანმოკლე მოგზაურობის დროს შევხვდი და ჩემში წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა – ფერეიდანში მცხოვრები ყველა ქართველი ლეგენდა და გმირია!
      ”დედის ენა”, ასე ეძახიან ფერეიდნელები ქართულ ანუ მშობლიურ ენას. 400 წელი გავიდა, ქართული ენა შემოინახეს და დღესაც ამ ენაზე ლაპარაკობენ, ეთაყვანებიან და უფრთხილდებიან. 400 წელია ფერეიდანში ქართველს ქართველი არ მოუკლავს!
      ღმერთს ებარებოდეო, ასე დაგლოცავთ ფერეიდნელი ქართველი დამშვიდობებისას. ამაზე უკეთესი რა უნდა უსურვო კაცს? ღმერთს ებარებოდეთ ჩემი სულის ტკივილო, ჩემო თანაფესვებო, ჩემო სისხლო და ხორცო, ფერეიდნელო ქართველებო!

გთავაზობთ ფოტოებს მერაბ (მათე) ბოლქვაძის პირადი ფოტო-ალბომიდან:


სხვადასხვა


ისპაჰანი − «სიოსეფოლი»


საქართველო − თბილისი