ქუთაისი – კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი ”კოლხიდა”


      2007 წლის 27 ივლისს შემეხმიანა ირანის ქართულენოვანი რადიოს ყოფილი თანამშრომელი, ჩემი მეგობარი სოსო ონიკაშვილი და ქუთაისში კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ ”კოლხიდას” მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციაზე ”ირანის ქართველობა” მონაწილეობის მისაღებად მიმიწვია. შეგახსენებთ, რომ სოსო ონიკაშვილს ჩემს საიტში ორი ქვეთავი აქვს დათმობილი: 34 – ”უცნობი მეგობარი” ირანიდან” და 36 – ”უცნობი მეგობარი” – სოსო ონიკაშვილი თბილისში”. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სოსო მეუღლესთან, ქალბატონ მაკასთან ერთად, ერთი თვის წინ საბოლოოდ დაუბრუნდა თავის სამშობლო – საქართველოს!
      ქუთაისში გვიან მოგვიხდა ჩასვლა. ავტოსადგურში ცენტრ ”კოლხიდას” თანამშრომლები დაგვხვდნენ და პირდაპირ ტელეკომპანია ”რიონი 1”-ის სტუდიაში წაგვიყვანეს, სადაც ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ბატონი ნომადი ბართაია გველოდა და სახელდახელო ინტერვიუც შედგა. ქუთათურებისათვის იმდენად ამაღელვებელი იყო ჩვენი საუბარი, რომ მაყურებლების მხრიდან სატელეფონო ზარებიც მრავლად იყო...
      მეორე დღეს, დილის 10 საათზე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ ”კოლხიდას” ოფისში (ქუთაისი, წერეთლის N26) გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ”ირანის ქართველობა”. კონფერენციას ესწრებოდნენ: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი, ბატონი ტარიელ ფუტკარაძე; ყოველთვიური საზოგადოებრივ-შემეცნებითი ჟურნალ ”ჩვენებურის” მთავარი რედაქტორი, ქალბატონი ნანა შენგელია (ქუთაისი, რუსთაველის N6; ელ-ფოსტა: keron@bk.ru, keron63@yahoo.com); სამთავრობო ორგანიზაციების და ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლები.


      სამეცნიერო კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ ”კოლხიდას” ხელმძღვანელმა, ბატონმა ირაკლი სილაგაძემ. მან აღნიშნა, რომ დაახლოებით ერთი წელია, რაც ინტერნეტ-ნაცნობობა აკავშირებს ირანის ქართულენოვანი რადიოს დირექტორთან, ბატონ დავით გუგუნაშვილთან. ვისი მეშვეობითაც გაიცნო სოსო ონიკაშვილი და რის დაგვირგვინებასაც ეს კონფერენცია წარმოადგენს:

kolxida
      კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი ”კოლხიდა” მიმდინარე წლის აპრილის თვიდან ანხორციელებს პერიოდული ხასიათის ღონისძიებას ”ქართველოლოგიური საუბრები”.
      ამჯერად, 27-30 ივლისს, ჩვენი პირადი კავშირების საფუძველზე აღნიშნული ღონისძიების რიგით მეორე ნაწილს ვმართავთ ფერეიდნელ ქართველებთან ერთად, რისი მთავარი მიზანიც ირანის ქართველობაზე არსებული მეცნიერულად დამუშავებული და პოპულარული ენით გადმოცემული მასალების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობაა. აქ ძირითადად წარმოდგენილი იქნება ენათმეცნიერული კუთხით დანახული ფერეიდნელი და ჩრდილოეთ ირანის ქართველობის შესახებ არსებული აუდიო თუ სამეცნიერო ხასიათის სხვა ნამუშევრები.
      ფერეიდანისგან განსხვავებით საზოგადოებისათვის შედარებით ნაკლებადაა ცნობილი ჩრდილოეთ ირანის ქართველობაზე არსებული ისტორიული თუ თანამედროვე ყოფის ამსახველი სხვადასხვა ხასიათის მასალები. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენმა ფერეიდნელ ქართველებთან ინტენსიურმა საინტერნეტო ურთიერთობამ წარმოშვა იდეა, როგორც ფერეიდნელებთან, ასევე ჩრდილოეთ ირანის ქართველებთან გვეწარმოებინა ეთნოგრაფიული თუ დიალექტოლოგიური საველე სამუშაოები, რაშიც ჩვენი უშუალო თანადგომით ჩაბმული არიან ფერეიდნელი ქართველების ერთი ჯგუფი, ასევე ფერეიდნელი ქართველის, ბატონ სოსო ონიკაშვილის ხელმძღვანელობით.



      აღნიშნულმა ჯგუფმა თავი მოუყარა, როგორც მეცნიერებისათვის, ასევე საზოგადოებისათვის მეტად საინტერესო მასალებს: ჩრდილოეთ ირანში მიკვლეული იქნა რამდენიმე სოფელი, რომლის მოსახლეობის მეტყველება აბსოლუტურად გაუგებარია როგორც ირანელებისათვის, ასევე ქართველებისთვისაც, მაგრამ აქ წავაწყდით ერთ მეტად საინტერესო მომენტს – იქაური მოსახლეობა თავიანთ თავს ქართველებად მიიჩნევენ, თუმცა ეს უკვე შემდგომი კვლევის საგანია.
      კონფერენციიდან გამომდინარე ქუთაისი იქნება იმ წამოწყების მოთავე, რომ კვლევა აბსოლუტურად განსხვავებულ მასშტაბში გაგრძელდეს, სადაც აქტიურ მონაწილეობას ქართული მხარეც მიიღებს. ამასთანავე, საფუძველი ჩაეყრება ურთიერთობის გაცხოველებას სფეროში, რომელშიც დიდი წარმატებები ჩვენ ჯერ არ გვაქვს.
      საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებით, მიმდინარე წელი გამოცხადებულია დიასპორის წლად. ყველაზე არასახარბიელო და ერთგვარად იზოლირებულ გარემოში სწორედ ირანელი ქართველები იმყოფებიან. ქუთაისს ახლა ეძლევა შანსი ამ მოძრაობის ავანგარდში მოექცეს და დიდი როლი ითამაშოს საერთო ქართული საქმის წარმატებით განხორციელებაში.
      ბატონმა ნომადი ბართაიამ ისაუბრა ფერეიდანში არსებული მდგომარეობისა და იქ შემონახული ქართული ენობრივი თავისებურებების შესახებ; გაიხსენა ბევრი საინტერესო ეპიზოდი ფერეიდნელებთან პირადი ურთიერთობებიდან.
      აქვე მინდა ორიოდე სიტყვით დავახასიათო ბატონი ნომადი ბართაია. 1965 წელს დაამთავრა თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, ირანული ფილოლოგიის განხრით; 1975 წელს გამოვიდა მისი ლექსების პირველი კრებული; გამოცემული აქვს ოცამდე მხატვრულ ნაწარმოებთა და თარგმანთა კრებული. თარგმნის ძირითადად სპარსულ კლასიკურ ლირიკას.
      2006 წელს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ჩატარდა საერთაშორისო კონგრესი, მიძღვნილი ისპაჰანური სკოლისადმი, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა ირანისტებმა ნომადი ბართაიამ და ინგა კალაძემ.
      ნომადი ბართაია თავის წიგნში – ”საერთაშორისო კონგრესი, მიძღვნილი ისპაჰანური სკოლისადმი” ჩანაწერების სახით მოუთხრობს მკითხველს კონგრესის საინტერესო დღეებზე:



წარმომჩენი ქვეყნის იერსახისა

      თეირანში ორდღიანი მუშაობის მერე ისპაჰანში გადავინაცვლეთ. მიგვაყენეს აღმოსავლური კოლორიტით განთქმულ სასტუმრო ”აბასის” კარებს. მის ზღაპრულ ჰოლში შესვლისას ერთ-ერთი კარისკაცი გაღიმებული სახით გამოგვყვა, ქართულად მოგვესალმა – გამარჯობათო და მოაყოლა – გავიგონე ქართულად ლაპარაკობდით, ვიფიქრე ქართველები არიან და თქვენთან იმიტომ მოვედიო. – დიახ, ქართველები ვართ-მეთქი – მივუგე და გადავეხვიეთ ერთმანეთს. იგი ნაჯაფაბადელი ქართველი აღმოჩნდა, სახელად ქარიმი.
      ნაჯაფაბადი ისპაჰანიდან 20 კილომეტრზე მდებარეობს, სადაც, არაზუსტი მონაცემებით, გაფანტულად 3000-მდე ქართველი ცხოვრობს. შაჰ-აბასს პირველად იქ დაუსახლებია ქართველები, რომლებიც შემდეგ, თავიანთი სურვილით თუ ძალდატანებით, ფერეიდანში მოხვედრილან.
      ისეთ უმაღლესი კლასის სასტუმროში, როგორიც ”აბასია”, ქვეყნის იერსახის წარმოსაჩენად საგანგებო გარეგნობის კარისკაცებსა და მომსახურე პერსონალს არჩევენ.
      ქარიმი თავისი გარეგნობით მართლაც რომ წარმოაჩენდა ქვეყნის იერსახეს.

ხელისგულზე დახატული საქართველო

      კონფერენციის დახურვა ისპაჰანის ხელოვნების უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შედგა. მისი მუშაობა მანვე შეაჯამა, რომელმაც გახსნა იგი – ბატონმა მოთლაყმა. მან მაღალი შეფასება მისცა კონგრესის მუშაობას.
      საანგარიშო სიტყვებით სექციათა ხელმძღვანელების გამოსვლის მერე, ინდოელმა მუსიკოსებმა კონცერტით დაგვატკბეს.
      დასრულდა ესე დიდი თავშეყრა ... ავიშალენით, გავედით გარეთ და ის იყო გავემართეთ ავტობუსისკენ, რომ გოგონათა ერთი ჯგუფი გამოგვდევნა, რომელთაგან ერთ-ერთმა გაბრწყინებული სახით ქართულად მოგვმართა – ქართველები ხართო? – დიახ, ქართველები ვართ, – ვუპასუხეთ ერთდროულად მას.
      – მეც ქართველი ვარ, ფერზანე მქვიაო და დასტურად მარცხენა ხელისგული გაშალა, სადაც ფლომასტერით ქართული ასოებით დაეწერა თავისი სახელი. – ვიცოდი, რომ ამ კონფერენციაზე საქართველოდან ორი პროფესორი იყო ჩამოსული. თქვენ რომ დაგინახეთ, ვიფიქრე, ესენი იქნებიანო!... ამოაკანკალა გულიდან ეს სიტყვები.
      ფერზანე ფერეიდნელი გოგონა აღმოჩნდა, გვარად ასფანანი (ასფანაშვილი), ისპაჰანის ხელოვნების უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი.
      ფერზანეზე არანაკლებ ცნობისმოყვარე თვალებით შემოგვცქეროდნენ მისი მეგობრები, რომლებსაც ეტყობოდათ, ბევრი რამ სმენოდათ საქართველოზე ფერზანესაგან. მათ ჩემი ლექსების კრებული ვაჩუქე. გაოცებულებმა დაუწყეს თვალიერება ქართულ ანბანს.
      ”ქართლის ცხოვრებამ” ერთადერთი წინადადება გაიმეტა შაჰ-აბასის მიერ სამშობლოდან აყრილ და ირანში გადასახლებულ ქართველთათვის – ”შააბაზი მოვიდა, ქართველობა აჰყარა და ირანში გადაასახლა”. სამი საუკუნე ამის მეტი მათ შესახებ არაფერი იცოდა ქართველმა ხალხმა.
      მათი შთამომავალია ფერზანე, რომელსაც პაწია ხელისგულზე თავისი სახელი კი არ დაეწერა – საქართველო დაეხატა.

* * *

      ახლა კი გთავაზობთ ორ ლექსს ბატონ ნომადი ბართაიას ლექსების კრებულიდან ”მზესავით ითხოვ არაფერს”.

ფერეიდანში ყოფნისას დაბადებიდან უსინათლო მოხუცი ალი თავაზოი (თავაზაშვილი) გვევედრა –
”არ მინდა მოვკვდე ისე, ერთხელ ჩემი საქართველო არ ვნახო, გევედრებით, წამიყვანეთ საქართველოშიო”.
                  ეს რა მითხარი, ეს რა გავიგე, ეს რა მომესმა ძვირფასო ალი;
                  საქართველოსთვის, საქართველოსთვის, თურმე ხილული გქონია თვალი.
                  ვის გაუგია ასეთი რამე, ვერ გამიგია ვინა ხარ, რა ხარ,
                  იქ ვერა ხედავ ვერაფერს თორემ საქართველოში ყველაფერს ნახავ.
                  სიტყვები შენი, სიტყვები შენი მე ახლა თვალებს ცრემლებით მივსებს.
                  როგორ არ გინდა სიკვდილი თურმე, რომ საქართველო არ ნახო ისე.
                  ეს რა მითხარი, ეს რა გავიგე, ეს რა მომესმა ძვირფასო ალი;
                  საქართველოსთვის, საქართველოსთვის, თურმე ხილული გქონია თვალი.

ფერეიდანში არ ახსოვთ

                  ფერეიდანში არ ახსოვთ, ქართველს მოეკლას ქართველი.
                  რანი ვყოფილვართ, რანი ვართ, არის ყოველი ნათელი.
                  გასულა წელი ოთხასი და გავა კიდევ რამდენი.
                  ფერეიდანში არასდროს ქართველს არ მოკლავს ქართველი.


      ბოლოს კი გთავაზობთ ბატონ ნომადი ბართაიას სამეცნიერო კონფერენციის შემდეგ ექსპრომტად წარმოთქმულ ლექსს ”ქართველი ვარო იძახი!” (ქვეყნდება პირველად):

ჩრდილოეთ ირანში არის დასახლება ”გორჯი მაჰალე” – ქართველთა რაიონი,
სადაც მკვიდრობენ საუკუნეთა წინ გადასახლებული ქართველები.
მათ ხსოვნაში შემორჩენიათ, რომ არიან ქართველები და ამაყობენ ამით.

                  სხვა არაფერი ამ ქვეყნად
                  შენ დაგრჩენია სათქმელი –
                  ქართველი ვარო, იძახი,
                  იძახი, ვარო ქართველი!
                  არავის მიმართ შენ გულში
                  არ ჩაგრჩენია წყენანი.
                  ქართველი ვარო, იძახი,
                  ბედნიერი ხარ, შენ ამით.
                  დაკარგე ენა, მამული,
                  სარწმუნოებაც დაკარგე...
                  მაგრამ ქართველად რომ დარჩე
                  შენ ყველაფერი დაქარგე.
                  სხვა არაფერი ამ ქვეყნად
                  შენ დაგრჩენია სათქმელი –
                  ქართველი ვარო, იძახი,
                  იძახი, ვარო ქართველი!

* * *

      ბატონმა სოსო ონიკაშვილმა ისაუბრა თემაზე: ”ირანის ქართველობა”, რომლის სრულ ტექსტს აქვე გთავაზობთ:
      "მოგესალმებით პატივცემულო მეგობრებო! რამდენადაც ფერეიდანის ისტორიის შესახებ ყველას მოგეხსენებათ, აღარ შევეხები ისტორიას და ძირითად საკითხზე, ანუ ფერეიდნული დიალექტის საკითხზე გადავალ, რომელიც ჩემი აზრით ძალზედ მნიშვნელოვანია, როგორც ქართული საზოგადოებისათვის, ასევე ფერეიდნელი ქართველებისათვის.
      მიუხედავად იმისა, რომ ფერეიდანის დიალექტზე დღემდე რამდენიმე მეცნიერული გამოკვლევა ჩატარდა, მიმაჩნია, რომ კვლევითი მუშაობა ამ მხრივ კიდევ უფრო უნდა გაგრძელდეს, და რაც შეიძლება მეტი მკვლევარი და მეცნიერი ჩაერთოს ამ საქმეში.
      დღესდღეობით ფერეიდანი წარმოადგენს ერთგვარ საგანძურს, სადაც არაერთი უძველესი ქართული სიტყვის თუ გამოთქმის მოძიება შეიძლება. მაგალითად, ყველა ჩვენთაგანმა ვიცით თუ რას ნიშნავს სიტყვა შეგუება, მაგრამ არასოდეს გვიხმარია ამ სიტყვის ანტონიმი – გაგუება. ფერეიდნელები კი ამ სიტყვას გამიჯვნის და გაბუტვის მნიშვნელობით ხმარობენ.
      მართალია, ბევრი ქართული სიტყვა ფერეიდნელებმა დაკარგეს და მათი ადგილი სპარსული სიტყვებით შეავსეს, მაგრამ სპარსული სიტყვების გამოყენება ხშირად ხდება ქართული გრამატიკის ფორმებით. მაგალითად, სოფელ ტაშკესანში, რომელიც ადმინისტრაციულად არა ფერეიდუნშაჰრის, არამედ დარანის რაიონს ეკუთვნის, სიტყვა ლაპარაკი დაკარგულია და მის ნაცვლად სპარსული ტარიფფ გამოიყენება ისევ და ისევ ქართული გრამატიკული ფორმით. მაგალითად, ტაშკესანელი ქართველის თქმით ისინი ქართულად იტარიფებენ ხოლმე. ტაშკესანის და ბუინ მიანდაშტის ქართველთა სალაპარაკო ლექსიკა შეიძლება ითქვას, რომ უფრო მდიდარია, ვიდრე ფერეიდუნშაჰრის. ტაშკესანის ზემოთ მდებარე სოფელ ახჩაში კი ისეთ სიტყვებს და გამოთქმებს ვაწყდებით, რომელიც ფერეიდუნშაჰრში დავიწყებულია. მაგალითად, მე როდესაც ერთ მოხუც კაცთან ვსაუბრობდი, ვკითხე იცოდა თუ არა ძველი ლექსები და ზღაპრები. მან კი ასე მიპასუხა: ”ქართულ შაირები ერთმა ჩემმა ამხანაგმა იცოდა, მაგრამ დასანანად ის შარშან მიწას მივაბარეთო”. მე რამდენადაც თავად ფერეიდნელი გახლავართ, ფერეიდუნშაჰრის მოსახლეობაში სიტყვა ამხანაგი დღემდე არ გამიგია. საერთოდ ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი არ იციან, არადა თავისი ძირით ეს სიტყვა სპარსულია – ჰამხანეგი. ნიშანდობლივია ისიც, რომ ზოგიერთი ქართული სიტყვა ფერეიდნელებში შემორჩენილია ისე, რომ მისი მნიშვნელობა არ იციან.
      ფერეიდუნშაჰრის სამხრეთ დასავლეთით კლდის ერთ კალთას ეშმაკის ტინს უწოდებენ. მათთვის სიტყვა ეშმაკი სრულიად უცნობია, თუმცა ამბობენ იმას, რომ ძველი გადმოცემების თანახმად იმ კლდეში ავი სულები ანუ ეშმაკები ბინადრობდნებო. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი ქართული სიტყვა შემორჩენილია და მნიშვნელობაც ცნობილია, მაგრამ ის მხოლოდ გარკვეულ წინადადებებში გამოიყენება. მაგალითისათვის მოვიტან სიტყვა კარგს. კარგის ნაცვლად ფერეიდნელები ძირითადად სიტყვა ნამაი-ს ხმარობენ, მაგრამ ზოგიერთ წინადადებაში კარგი მაინც გამოიყენება თავისივე მნიშვნელობით: ”კიდევ კარგი, ანქ არ ვიყავი, კარგი შაიქნა, რო არა ვნახე”. ამასთან ეს სიტყვა თანხმობის და პოზიციის გამოსახატავადაც გამოიყენება ფერეიდნელების მიერ. ”კარგი, მე ექ დავდგები... კარგი, მე წავალ” და სხვა.
      ფერეიდნული დიალექტის შესახებ საუბარს აქ დავასრულებ და თქვენის ნებართვით გადავალ მეორე და ასევე მნიშვნელოვან თემაზე – ჩრდილოეთ ირანის ქართველთა შესახებ.


      როგორც ცნობილია, ირანში გადასახლებული ქართველები ამ ქვეყნის სხვადასხვა ადგილებში იქნენ დასახლებულნი. აქედან მხოლოდ ფერეიდანში მცხოვრებმა ქართველებმა შეინარჩუნეს ქართული ენა, თუმცა კიდევ ერთი ადგილი, სადაც მეტნაკლებად შენარჩუნდა ქართული თვითმყოფადობა, ჩრდილოეთ ირანში ქალაქ ბეჰშაჰრთან მდებარე სოფელი გორჯი მაჰალეა, რომელსაც საკმაოდ საინტერესო ისტორია გააჩნია.
      ბუნებრივია, ქართულ საზოგადოებას აქვს გარკვეული ცნობები გორჯი მაჰალეს შესახებ, მაგრამ ეს ცნობები საკმაოდ მწირია. მე 1998 წლიდან 2007 წლამდე ვმუშაობდი ჩრდილოეთ ირანის გილანის მხარის ქალაქ რაშტში მოქმედ ქართულენოვან რადიოში და მქონდა საშუალება ჩავსულიყავი გორჯი მაჰალეში და გავცნობოდი იქაურ ხალხს.
      შეიძლება ითქვას, რომ იქ მცხოვრებთ დღესაც ახსოვთ თავიანთი წარმომავლობა და დიდი სურვილი აქვთ, ასე ვთქვათ, დაიბრუნონ ის, რაც მათ ისტორიულმა ძნელბედობამ წაართვა.
      გორჯი მაჰალეში ქართული ენა უხუცესებმაც კი აღარ იციან, მაგრამ მათში ქართული სული ჯერ კიდევ ცოცხალია. ისინი სწუხან იმაზე, რომ ენა დავიწყებული აქვთ, მაგრამ იმედოვნებენ, რომ ქართული საზოგადოების დახმარებით შესძლებენ ენის აღორძინებას პატარა ქართულ სოფელში. ჩემთან საუბრისას ისინი საქართველოს მთავრობის და ხალხის მიმართ საყვედურს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ქართველი საზოგადოება ირანის ქართველებში მხოლოდ ფერეიდნელებს მოიაზრებს და არაფერს ამბობს გორჯი მაჰალეს ქართულ მოსახლეობაზე. ერთ-ერთი უხუცესი ქართველის განცხადებით ”ადამიანი შინაურ ცხოველს რომ კარგავს, ვერ ისვენებს, ვიდრე მას არ იპოვისო, მაგრამ ქართველებმა ჩვენზე, როგორც დაკარგულებზე, ძებნისაგან ხელი აიღეს და საერთოდ დაგვივიწყესო”.
      გორჯი მაჰალეს ქართველებსა და ფერეიდნელებს შორის ურთიერთობა თითქმის არ არსებობს, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ეს ურთიერთობები ვერ შედგა, რაც გამოწვეულია გეოგრაფიული ფაქტორებით. ფერეიდანიდან გორჯი მაჰალემდე დაახლოებით 800 კილომეტრია. ფერეიდნელები, რომლებიც მეშჰედში სალოცავად მიდიან, გზად გორჯი მაჰალესაც გადიან, მაგრამ იშვიათად უხდებათ იქ გაჩერება. არა და გორჯი მაჰალეს მოსახლეობას დიდი სურვილი ჰქონდა და აქვს ნათესაური ურთიერთობები დაამყაროს ფერეიდანის ქართველობასთან, რათა დაუბრუნდნენ თავიანთ ძირძველ ფესვებს.
      როგორც მოგახსენეთ, გორჯი მაჰალეში ქართული ენა დავიწყებულია, მაგრამ სხვადასხვა ქართული სიტყვები მაინც არის შემორჩენილი. ადგილობრივთა განცხადებით, მათ ლექსიკაში დაახლოებით 200 ქართული სიტყვაა. გორჯი მაჰალეში იციან სიტყვა წყარო, მაგრამ რამდენადაც ასო -ს ვერ გამოთქვამენ, ყაროს ამბობენ. იციან ასევე სიტყვები: დედა, და, სახლი, ხევი და სხვა.
      აღსანიშნავია, რომ გორჯი მაჰალეს ქალები განსხვავებული ჩაცმულობით გამოირჩეოდნენ (გრძელი კაბა, რომელიც იყო ფერადი და მოქარგული, თავზე კი შუბლზე წაკრული თავსაფარი), რასაც ქართულ ჩაცმულობას უწოდებდნენ. თუმცა დღეს ასეთი ჩაცმულობა მხოლოდ მოხუცებში და ასევე რაიმე დღესასწაულის დროს შეინიშნება.
      მათივე განცხადებით, გორჯი მაჰალეში ძალიან ბევრი ქართული ტრადიციაა შემორჩენილი, რომელსაც ნამდვილად სჭირდება შესწავლა. გორჯი მაჰალეს ისტორიის შესახებ ამ რამდენიმე წლის წინათ გამოიცა მცირე მოცულობის წიგნი, რომლის ავტორია ადგილობრივი მკვლევარი, ქალაქ სარის თავისუფალი ისლამური უნივერსიტეტის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოცენტი ალი აქბარ ოჯაქე (მისი გვარი სიტყვა ”ოჯახისაგან” წარმოდგება, რასაც თავადვე უსვამს ხაზს საკუთარ ნაშრომში). ჩრდილოეთ ირანის ქართველთა შესახებ სერიოზული წიგნის შექმნით არის დაკავებული გორჯი მაჰალეს კიდევ ერთი მცხოვრები – ჰეიდარ გორჯი. მისი ნაშრომი სავარაუდოდ მომავალ წელს გამოიცემა”.
      P.S. სიტყვის ”ნამაი” საილუსტრაციოდ მინდა მოვიყვანო ქალბატონ ხათუნა გალდავას მოგზაურობის ჩანაწერებიდან ერთი ეპიზოდი – რას იქ, ნამა ხარ?
      ”ეს სიტყვები პირველად გოგიჩაშვილების ოჯახში, ჯერ კიდევ თეირანში ყოფნისას მითხრეს. დავიბენი. თორნიკემ და ვახომ მაშინვე შემომაშველეს «თარგმანი»: კარგად ხარო? მაშინ გავიგე რომ «ნამა» კარგს ნიშნავდა და როცა შემდეგ მეუბნებოდნენ, ნამა ყორი ხარო, ღიმილით ვპასუხობდი: თაშაქო! თორნიკეს ბიძაშვილმა შემისწორა, თაშაქო კი არა, მადლობა თქვიო...
      ირანში ყოფნისას გიორგი, ჩემი საქმრო, დღეში რამდენიმეჯერ მირეკავდა. თორნიკეს ოჯახის წევრები იმდენად მიეჩვივნენ გიორგის ზარებს, უკვე ტელეფონის წკრიალზე ცნობდნენ, რომ საქართველოდან რეკავდნენ. ერთხელაც, იაზდონშაჰრიდან დაბრუნებულს, შეფიქრიანებულ-შეწუხებული დამიხვდნენ თორნიკეს ოჯახის წევრები. გიორგის დაურეკავს თურმე. ქეთიამ მითხრა. ვკითხე, ნამა ხარ-მეთქი და არაო, მითხრა, ალბათ უშენობას დარდობს და ცუდადაც იმიტომ არისო. გამეცინა. მაშინვე მივხვდი გიორგის ნამა არყოფნის მიზეზს. მან ხომ არ იცოდა ამ სიტყვის მნიშვნელობა. ასეც აღმოჩნდა. გიორგიმ ქეთიას შეკითხვა სხაგვარად აღიქვა და კითხვას «ნამა ხარ?», უპასუხა, არა ნამა არა ვარ, გიორგი ვარო”. (გიორგი ალავერდაშვილი).


      მე ვისაუბრე ჩემი ფერეიდანში ორჯერ მოგზაურობის დროს მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ. აუდიტორიის მხრიდან დაისვა ბევრი საინტერესო შეკითხვა, რომლებზეც შეძლებისდაგვარად გავეცით პასუხები. შეძლებისდაგვარად-თქო, იმიტომ ვამბობ, რომ არსებობს თემები, რომლებზეც ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ვილაპარაკოთ, მაგრამ რაც შეეხება ირანის ისლამურ რესპუბლიკას, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, ანგარიში გავუწიოთ და პატივი ვცეთ იმ ტრადიციებს და წეს-ჩვეულებებს, რაც მათთან არის ჩამოყალიბებული და დამკვიდრებული.
      კონფერენცია დასასრულს უახლოვდებოდა, რომ დარბაზში სვანეთიდან სპეციალურად წამოსული კახა მულიანი შემოვიდა. რა თქმა უნდა კახა ფერეიდნელის სტუმრობამ თავისებური ინტერესი გამოიწვია. უფრო გაცხოველდა დიალოგი აუდიტორიასა და მოწვეულ სტუმრებს შორის. შეინიშნებოდა ფერეიდნელებთან შეხვედრების თანმდევი სინდრომიც – ცრემლიანი თვალები დარბაზში...


კახა ფერეიდნელის ფოტო-გალერეა


      დასასრულს, მინდა მადლობა გადავუხადო კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ ”კოლხიდას” ხელმძღვანელს, ბატონ ირაკლი სილაგაძეს ასეთი მნიშვნელოვანი ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის; მის მეუღლეს, ქალბატონ ინგას და მათ შესანიშნავ ქალიშვილს ლილეს – ჩვენი გამასპინძლებისათვის; ცენტრ ”კოლხიდას” თანამშრომლებს – ყურადღებისათვის და ქუთაისის ინტელიგენციას – ასეთი გულთბილი და ჭეშმარიტად ქართული მიღებისათვის.
      ღმერთს ებარებოდეთ!

* * *

      ბოლოს კი გთავაზობთ ქუთაისის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ ”კოლხიდას” ხელმძღვანელის, ბატონ ირაკლი სილაგაძის წერილს: ”წერილი საქართველოდან – ქუთაისიდან ჩემს საუკუნეების წინ ძალით გადახვეწილ, მაგრამ მაინც გაუტეხელ თანაფესვს!”
      ”ამას წინათ ამავე საიტში ერთი ფერეიდნელი ქართველის წერილი წავიკითხე, ასევე თავის თანამოძმეებს წერდა თურქეთის ქართველობაში... ”ჩემო თანაფესვო” – ასე იწყებდა წერილს, სიმწრისა და სიხარულის ცრემლი მომადგა თვალზე ამის წამკითხავს... ამაზე უკეთესად ვერც მე დავიწყებდი ამ წერილს, რომლის ადრესატებიც თქვენ ხართ, ჩემო სამშობლოს მოწყვეტილო ძმებო, დებო, დედებო და მამებო...
      ჩემო თანაფესვო! მინდა გითხრა, რომ დღეს ჩემი პირველი და ნამდვილი ოცნების ახდენის დრო დადგა, როცა უკვე შემიძლია თქვენთან თავისუფლად დაკავშირება და თქვენი ხმის გაგონება, ამით შესაძლებლობა მეძლევა, სანამ ვარ ამ ქვეყნად სამშობლოს წინაშე ჩემი წილი ვალი მოვიხადო (ბედნიერი ვარ).
      მე, თქვენი თანაფესვი ქუთაისელი კაცი ვარ – ირაკლი სილაგაძე – აქ, ქართულ მიწაზე დაბადებული, გაზრდილი და დაბადებიდან ყველაფერ ქართულს ნაზიარები, მაგრამ შენამდე მაინც ვერ მოვალ ჩემო ნატანჯო, ნაწამებო და მაინც გაუტეხელო ძმაო, დაო, დედავ და მამავ... დამერწმუნე, თავმდაბლობა არ მათქმევინებს ამას, ბევრი მაქვს ნაფიქრი ამაზე...
      ახლახანს ჩემს ფერეიდნელ ძმასთან სოსო ონიკაშვილთან და ასევე აქაურ კარგ ქართველებთან გიორგი ალავერდაშვილთან, ტარიელ ფუტკარაძესთან, ნომადი ბართაიასთან, ინგა დარსაველიძესთან, პაატა გულუასთან, ნოდარ ცაგარეიშვილთან და გიორგი სვანიძესთან ერთად კარგი ქართული საქმე დავიწყეთ. ვეძებთ თქვენთან დაახლოების გზებს, ეს იქნება მეცნიერების, კულტურის თუ უბრალოდ თქვენთან შეხვედრის სურვილით გაჟღენთილი სხვადასხვა ხერხი. პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა; აქ, ქუთაისში მოვაწყვეთ სამეცნიერო კონფერენცია და ვისაუბრეთ თქვენზე, რაც შეგვეძლო ყველაფერი... მინდა იმედი მოგცე... დაინტერესება და თანადგომა უკვე გამოხატა ბევრმა ჩვენმა აქაურმა თანაფესვმა... დამერწმუნე, ყველას გვენატრები და იმედია მალე გნახავთ...
      ჩემო თანაფესვო! ჩემს წინაპართაგან ერთად დღეს მინდა ბოდიში მოგიხადო საუკუნეების წინ იმ ავბედით დღეებში, როცა თქვენ უცხო მიწაზე გასახლებდნენ, რომ ვერაფერი გიშველეთ და ძალით არ წავგლიჯეთ თქვენი თავი მტარვალებს... ეს ჩემთვის წინაპრიდან გადმოცემული მოუშუშებელი ჭრილობაა. დღეს ამ ჭრილობის მოშუშების დღე დაგვიდგა და გიხაროდეთ! ამით, ჩვენი წინაპრების სულები დაილხენენ მარადიულ სასუფეველში. სამშობლოს ძლიერებაც ამ ჭრილობის მოშუშებიდან დაიწყება... შენ უკვე დიდი ხანია ამ სიძლიერის საფუძველს – დედა ენას – ჩვენთვის სამაგალითოდ და გასაოცრად ეფერები და ინახავ. მადლობა ამისთვის სისხლო და ხორცო ჩემო!
      ჩემო თანაფესვო! ჩვენს დღევანდელ ჭირზეც მინდა გითხრა ორიოდ სიტყვით – დღესაც იცლება საქართველო, მაგრამ ახლა უკვე უკეთესის პოვნის სურვილით, თავის ნებით მიედინებიან უცხო ქვეყნებში. ამაში უკვე შენი დახმარება მჭირდება ჩემო ძმაო, მოუყევი მათ, როგორ გაუძელი ამდენ ტანჯვას და მაინც შეინარჩუნე ყველაფერი ქართული; მოუყევი, რომ შეიძლება უკეთეს ეკონომიურ პირობებში იყო სხვაგან, მაგრამ იმაზე მეტს ვერცერთი უცხო მხარე ვერ მოგცემს, რასაც შენი მიწა-წყალი გაიღებდა შენთვის და ბოლოს შენთან ერთად მინდა მივმართო ყველა ახლად გადახვეწილ ქართველს, სამშობლო იმდენის გაღებას შეძლებს შენთვის, რამდენსაც თავად მისცემ მას, ხოლო დანარჩენს კი უფალი გიწყალობებს, როცა შეხედავს, რომ შენი მიწისთვის ზრუნავ და იღწვი. შენგან კი ჩემო საუკუნეების წინ გადახვეწილო თანაფესვო, კიდევ უფრო კარგად ვისწავლე, თუ როგორ უნდა მოვუარო და შევინახო ყველაფერი ის, რაც ჩემი მშობლიურია.
      დამშვიდობება მიჭირს შენთან მონატრებულო ძმაო, ამიტომ მომავალში შენი ნახვის სურვილით შეპყრობილი გეტყვი მხოლოდ – ნახვამდის!
      მე მარად შენთან ვარ...
      მარად შენი თანაფესვი – ირაკლი სილაგაძე”
      საქართველო, ქუთაისი, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი ”კოლხიდა”: მისამართი: აკ. წერეთლის გამზირი 26; ბინა: მიზანდარის ქუჩა 22; ირაკლი სილაგაძე, ტელ.: 331 4-30-91; 893 37-92-24; ელ.ფოსტა: irakli-georgia@mail.ru; kutaisi-kolkhida@hotmail.com


ფერეიდანი


ფერეიდნელები


სოფლები


ბავშვები


მთები


ისპაჰანი


დედა ენა


ქართული


შეგახსენებთ, რომ ეს ფოტოები წარმოადგენს ბატონ სოსო ონიკაშვილის კუთვნილებას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მფლობელთან შეთანხმების გარეშე ფოტოების გამოყენება,
რედაქტირება და რეპროდუქცია აკრძალულია!