ხათუნა ბახტურიძე – ინტერვიუ აჰმად მულიანთან

”ბედნიერი თაობა ვართ, სამშობლოს ნახვის შესაძლებლობა რომ გვაქვს...”
ჟურნალი ”გზა”. 40(382). 4/X-10/X.2007

      ფერეიდნელმა კახა მოლაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა და განათლების მიღება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ირანში სტუმრობის შემდეგ გადაწყვიტა. ის დღეს რამდენიმე ფერეიდნელ მეგობართან ერთად თბილისში ცხოვრობს და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობს. კახა უკვე მესამე კურსის სტუდენტია, ძალიან ბედნიერია, რომ წინაპრების ისტორიულ სამშობლოშია და ირანსა და საქართველოს შორის კეთილმეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაზე ოცნებობს. ოთხი ძმა და სამი და ყავს, რომლებიც ირანში ცხოვრობენ და საქართველოს ნახვაზე ოცნებობენ.


      – კახა, ქართველების ირანში გადასახლების ისტორიას თუ იცნობთ?
      – რა თქმა უნდა, ჩემი წინაპრები შაჰ-აბასმა 1636 წლებიდან გადაასახლა ირანის სხვადასხვა კუთხეში. ჩვენ ჯერ ისპაჰანში დავსახლდით, მერე ფერეიდანში. ჩემმა მამა-პაპამ ეს ისტორია თაობიდან თაობას გადასცა, ისინი თავიანთ შთამომავლებს ყოველთვის ახსენებდნენ, რომ ქართველები იყვნენ და საქართველოს ზღაპრულ ქვეყნად უხატავდნენ. აქაურობის ნახვა, ერთი თვალის შევლებაც კი ჩემი მამისათვის, პაპისათვის და მათი თანამედროვეებისათვის ყველაზე სანუკვარი ოცნება იყო. ჩვენ ბედნიერი თაობა ვართ, სამშობლოს ნახვის შესაძლებლობა რომ გვაქვს.
      – კახა ნამდვილი სახელია?
      – კი, კახა ჩემი ნამდვილი სახელია. ფერეიდნელ ქართველებს ორ-ორი სახელი გვაქვს, ქართული და ირანული. ირანელებისათვის აჰმადი მქვია, ქართველებისთვის მოლაშვილი ვარ, ირანელებისათვის კი – მულიანი.
      – იმ ადგილის შესახებ რა იცით, სადაც თქვენი წინაპრები ცხოვრობდნენ?
      – როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ჩვენ თიანეთიდან, ქიზიყიდან და სიღნაღიდან გადასახლებული ხალხი ვართ, გამოდის რომ კახელები ვართ.
      – საქართველოში რომელი კუთხე უფრო მოგწონთ?
      – ძნელია ამის თქმა. როდესაც ბათუმი ვნახე, ვიფიქრე, რომ ულამაზესი ადგილი იყო, მაგრამ შატილი რომ ვნახე, კინაღამ გული გამიჩერდა. კახეთს რომ წახვალ, ხომ საერთოდ... მიდიხარ, მიდიხარ და უცებ ალაზნის ველი იშლება და გაოცებული რჩები. მართლა ზღაპრული ქვეყანაა საქართველო.
      – პირველად რომ ჩამოხვედით, რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, საქართველო ისეთი იყო, როგორიც წარმოგედგინათ?
      – სიმართლე რომ გითხრათ, კახეთი მე საერთოდ უდაბნო მეგონა...
      – რატომ?
      – იმიტომ, რომ იქ იმდენი ომი მომხდარა, ვიფიქრე, გავერანდებოდა იქაურობა-მეთქი. ჩემთვის საქართველო ზღაპრული ქვეყანაა, მაგრამ ასეთი ლამაზიც რომ არ იყოს, მაინც ძალიან მეყვარებოდა, ის ხომ ჩემი წინაპრების სამშობლოა. ჩემთვის მთავარია, რომ ქართველი და ქართული სახელმწიფო კიდევ არსებობს.
      – საქართველოში სწავლა როგორ გადაწყვიტე?
      – საქართველოს ნახვა ყველა ჩვენგანის სურვილი იყო. როდესაც მიხეილ სააკაშვილი ირანში ჩამოვიდა და გვითხრა, შეგიძლიათ, საქართველოში ჩამოხვიდეთ და განათლება მიიღოთო, ძალიან გაგვიხარდა. არც გვიფიქრია, ისე გადავწყვიტეთ წამოსვლა. ამაზე ადრეც ვფიქრობდით, მაგრამ ამ ბოლო დროს, საქართველოსა და ირანს შორის ჩამოყალიბებულმა მეგობრულმა ურთიერთობებმა ეს ყველაფერი დააჩქარა.
      – ოჯახს არ გაუჭირდა თქვენი აქ გამოშვება?
      – არა, რას ამბობთ, ძალიან გახარებულნი არიან, საქართველოში რომ ვიღებ განათლებას.
      – სწავლის დასრულების შემდეგ აქ დარჩენას აპირებთ?
      – არ ვიცი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, სად ვიქნები, მთავარია კარგი ქართველი ვიყო და სამშობლოს გამოვადგე.
      – ქართველებისადმი ირანელების დამოკიდებულება როგორია?
      – ირანელებს ძალიან უყვართ ქართველები, დიდ პატივს გვცემენ.
      – ირანში წარმატებული კარიერის შექმნის შესაძლებლობა თუ გეძლევათ?
      – როგორ არა, ირანის ხელისუფლებაში საკმაოდ ბევრი ქართველია. ბევრი ჩვენებური საკრებულოს თავმჯდომარე და ქალაქის მერია.
      – როგორც საუბრისას აღნიშნეთ, პირველად საქართველოში ფესტივალ ”ჩვენებურებზე” ჩამოხვედი. კარგად მღერით?
      – დიახ, ფესტივალზე მოგვიწვიეს. კარგად ვერა, მაგრამ გულიდან ამოსული სიტყვებით ვმღერით, მრავალხმიანობა არ ვიცოდით, ნელ-ნელა ვისწავლით.
      – ფერეიდანში ძველი ქართული სიმღერები თუ გაქვთ შემონახული?
      – სამწუხაროდ, ბევრი ვერაფერი შევინარჩუნეთ.
      – ქართული ენა აქ ისწავლეთ?
      – ქართული ფერეიდანშიც ვიცოდი, მაგრამ ჩვენ ძველი ქართულით ვსაუბრობთ. აქ თანამედროვე ქართული ვისწავლე.
      – თქვენს ოჯახებში ქართული ტრადიციები თუ არის შემორჩენილი?
      – ზოგიერთი წესი შემოგვრჩა, მაგრამ ხომ იცით, ცივილიზაცია ბევრ რამეს ცვლის.
      – ქართული სამზარეულო რამდენად მოგწონთ?
      – ძალიან მომწონს, მრავალფეროვანი კერძებია.
      – შეყვარებული თუ გყავთ?
      – მე ჯერ მხოლოდ საქართველოზე ვარ შეყვარებული.
      – ქართულ ლიტერატურას თუ კითხულობთ?
      – ადრე ირანში ქართული ლიტერატურა საერთოდ არ არსებობდა. ამ ბოლო დროს წიგნებიც უფრო ხშირად ჩამოაქვთ და დისკებიც.
      – თბილისში რაიმე ღონისძიებებს აწყობთ?
      – კი, რამდენჯერმე ფოტო-გამოფენა მოვაწყვეთ. ცვდილობთ ორ ქვეყანას შორის მეგობრობის ხიდი ავაშენოთ.
      – საქართველოში სწავლა რთულია?
      – არა, რთული არ არის. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ აქ საუკეთესო პროფესორები არიან, დიდ ცოდნას გვაძლევენ.
      – თავისუფალ დროს როგორ ერთობით?
      – თუ სადმე ქართული ხალხური სიმღერის კონცერტი ტარდება, ყველგან მივდივარ, ძალიან მიყვარს და რა ვქნა. მე თავადაც ვცდილობ ვიმღერო, თუმცა აქაურებივით კარგად არ გამომდის. ძალიან მიყვარს ჩოხით სიარული. სხვათაშორის ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდი, ჩოხაც მქონდა. ეს სამოსი თითქმის ყველა ფერეიდნელს აქვს.
      – ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებს ერთმანეთთან როგორი ურთიერთობები გაქვთ?
      – ძალიან კარგი, ერთმანეთს ჭირსა და ლხინში გვერდში უდგავართ.
      – ირანელებთან თუ ქმნით ოჯახებს?
      – კი, მაგრამ ძალიან იშვიათად.
      – როგორც ვიცი, ფერეიდანში ”დედაენის დღეს” ზეიმობთ. ეს ღონისძიება წელიწადის რომელ დროს ტარდება და როგორ აღნიშნავთ?
      – დედაენის დღეს გაზაფხულზე აღვნიშნავთ. ფერეიდნელი ქართველები ერთად ვიკრიბებით, ზოგი ლექსებს ვკითხულობთ, ზოგი ვმღერით, ვისაც რა შეგვიძლია, იმას ვაკეთებთ.

* * *

      1905-1911 წლების რევოლუცია მნიშვნელოვანი ფურცელია ირანის ისტორიაში. რუსეთის 1905-1907 წლების რევოლუციის შემდეგ, ეს ყველაზე დიდი მოვლენა იყო მთელს აღმოსავლეთში. ამ მოვლენებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალყურს მთელი მსოფლიოც (ირანის რევოლუციის და კერძოდ, თავრიზის აჯანყების შესახებ არაერთი ნაშრომი დაიწერა. რევოლუციური ამბები კი ფართოდ აისახა მაშინ როგორც სპარსულ, ასევე უცხოურ პრესაშიც). ჩვენთვის კი იმით არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ ამ რევოლუციაში არაერთი ქართველი მებრძოლი იღებდა მონაწილეობას და ბევრი მათგანის სიცოცხლეც შეეწირა.
      იმდროინდელი ქართული პრესაც განსაკუთრებული ინტერესით მოეკიდა ირანელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისათვის. მათ უმრავლესობას საკუთარი კორესპონდენტები ჰყავდა ირანში გაგზავნილი. ბევრი მათგანი უშუალოდ მონაწილეობდა რევოლუციურ ბრძოლებში და დაწვრილებით გადმოსცემდნენ ყველაფერ იმას, რაც საკუთარი თვალით ნახეს და გამოსცადეს, ამიტომ მათ წერილებსა და სტატიებს პირველწყაროს მნიშვნელობა აქვს.
      გაზეთები: ”ალი”, ”ჩვენი აზრი”, ”ჩვენი კვალი”, ”ამირანი”, ”ეკალი”, ”ჩვენი ხმა”, ”ჩვენი საქმე” სისტემატურად აშუქებდნენ ირანში მიმდინარე პროცესებს სპეციალურ საგაზეთო რუბრიკებში. განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის გაზეთ ”ალის” თავრიზელი კორესპონდენტი, ირანში მიმდინარე ბრძოლების უშუალო მონაწილე სერგო გამდლიშვილი, რომელიც ”გურჯის” ფსევდონიმით წერდა. ამ კორესპონდენტს აჯანყების პერიოდში ხანგრძლივად მოუხდა ყოფნა თავრიზში და პირადი ურთიერთობა ჰქონდა სათარ-ხანთან – რევოლუციისა და განსაკუთრებით 1908-1909 წლების თავრიზის აჯანყების მთავარ გმირთან და ბევრ საინტერესო ცნობას გვაწვდის ამ პიროვნების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
      თავრიზიდან გამოგზავნილ წერილებში ”გურჯს” საგანგებოდ აქვს აღწერილი თავრიზის აჯანყების დასაწყისი, როდესაც რევოლუციონერთა რაზმებმა ბაღირ-ხანისა და ქარბალაი ჰუსეინის მეთაურობით ხელში ჩაიგდეს უზარმაზარი გალავნიანი შენობა, სადაც თავრიზის არსენალი იყო განთავსებული. ეს მართლაც მნიშვნელოვანი და ძალზე საჭირო მონაპოვარი იყო რევოლუციონერებისათვის. აქ მოპოვებული ნადავლით ათასობით მებრძოლი შეაიარაღეს. ”თავრიზის უზარმაზარი არსენალის ხელში ჩაგდება რევოლუციონერების პირველი და მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, მასზე დიდად იყო დამოკიდებული პატრიოტების ბრძოლის შემდგომი წარმატება, ვინაიდან ეს უზრუნველყოფდა მათ მტერთან ხანგრძლივი ბრძოლისათვის საჭირო ორი ძირითადი ფაქტორით: სამხედრო აღჭურვილობით და სურსათით” – წერდა ”გურჯი”.
      ქართული გაზეთები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ იმას, რომ თავრიზელი რევოლუციონერების თხოვნით, ამიერკავკასიის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციები ირანში გზავნიდნენ მებრძოლებს აჯანყებულების დასახმარებლად. თავრიზის აჯანყების დაწყების შემდეგ პირველად გაზეთმა ”ამირანმა” გამოაქვეყნა ცნობა იმის შესახებ, რომ რამდენიმე ათეული კავკასიელი მებრძოლი სათარ-ხანის რაზმში ირიცხებოდა.
      გაზეთი ”ალი” ასე აღწერს თავრიზის ამირხიზის უბანში რეაქციონერებსა და რევოლუციონერებს შორის მომხდარ შეტაკებას: ”...რეაქციონერებმა მოინდომეს ერთ ალაგას შენობის კედლის გამონგრევა. რევოლუციონერებმა ჩქარა გაიგეს მათი განზრახვა და ყუმბარა მიულოცეს. ყუმბარამ იჭექა და საშინელი სიძლიერით გასკდა. რეაქციონერებს თავზარი დაეცათ, ვერ წარმოედგინათ რა მოხდა, საიდან გადმოვარდა ეს ღვთის რისხვა. ისინი კისრის ტეხით უკან გაიქცნენ და ბრძოლის ველზე თხუთმეტი მკვდარი და მრავალი დაჭრილი დატოვეს. თავზარდაცემული რეაქციონერები ხმამაღლა გაიძახოდნენ: ”სათარ-ხანს ქართველები ყავს, მეხებს გვესვრიან და თავს უშველეთო”.
      თავრიზელი რევოლუციონერები სათარ-ხანის მეთაურობით მრავალი თვის მანძილზე შეუდრეკელ ბრძოლებს აწარმოებდნენ შაჰისა და ხან-ფეოდალების ბანდების წინააღმდეგ. ძალით რომ ვერას გახდნენ, რეაქციონერებმა გადაწყვიტეს ჩაეკეტათ თავრიზში მიმავალი გზები და იქ არავითარი სურსათი არ შეეშვათ, მაგრამ თავრიზელმა რევოლუციონერებმა ყველა რეზერვი გამოიყენეს და ერთ კვირაზე მეტ ხანს გაუძლეს ალყას, შემდეგ კი იერიში მიიტანეს ერთ-ერთი რეაქციონერის, იზო-ხანის პოზიციაზე და სასტიკად დაამარცხეს. იზო-ხანი გაიქცა, ბრძოლის ველზე დარჩა ბევრი ქვემეხი, შაშხანა, ჭურვი და ტყვია-წამალი. ”მინდორი მტრის გვამებით იყო მოფენილი. თავრიზში შესასვლელი გზა გაიხსნა და ქალაქში ასი ხარვარი პური შემოიტანეს”. თავრიზის თავდაცვის დღეებში ქართველმა მეომრებმა არაერთი გმირობა ჩაიდინეს, რომლებიც დაწვრილებით არის აღწერილი იმდროინდელ ქართულ პრესაში. თავრიზისათვის ბრძოლებს შეეწირა ქართველი რევოლუციონერი ჩიტო ცერცვაძეც (გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთიდან), რომლის დაღუპვისა და დაკრძალვის ამბავს დეტალურად აღწერს როგორც ირანელი ისტორიკოსი აჰმად ქასრავი, ისე ამ ბრძოლების უშუალო მონაწილე სერგო გურჯიც (გამდლიშვილი), რომელიც თავრიზიდან თბილისში (გაზეთი ”ალი”) აგზავნიდა კორესპონდენციებს ომის მიმდინარეობაზე.
      გაზეთ ”ალის” 1908 წლის 5 დეკემბრის ნომერში დაიბეჭდა სერგო გურჯის წერილი ”კავკასიელი ნებრძოლის დასაფლავება”. მასში აღწერილია, თუ როგორი თავგანწირვით შეებრძოლა შაჰის ბანდებს კავკასიელი რევოლუციონერი ჩიტო. ”მას ხელში ორი ბომბი ეჭირა, ერთი სტყორცნა რეაქციონერებს. ყუმბარის გრიალი და მტრის უკან დახევა ერთი იყო. ჩიტომ განიზრახა, მეორე ბომბიც მიეყოლებინა უკან დახეული მტრისთვის, მაგრამ ყუმბარა უეცრად ხელში შეასკდა. იგი მძიმედ დაიჭრა მარჯვენა მკერდში და ფეხში”. რევოლუციონერებმა ყველა ღონე იხმარეს ჩიტოს სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ ამაოდ. ოცი დღის შემდეგ იგი გარდაიცვალა 27 წლის ასაკში. სათარ-ხანმა გამოყო დამკრძალავი კომისია. დაკრძალვის დღეს თავრიზის ქუჩები ხალხით აივსო. სათარ-ხანმა განკარგულება გასცა, ცხედარი გაეცილებინა ოთხი ათას შეიარაღებულ რევოლუციონერს, ორი წყება სამხედრო მუსიკის თანხლებით.
      ”ჩიტო გამოასვენეს დილის 10 საათზე. პროცესიას წინ მიუძღოდა წითელი დროშა, ათასი ცხენოსანი და ათასი ქვეითი ჯარი. მათ მოჰყვებოდა სამხედრო მუსიკა, მერე სხვადასხვა პარტიის დროშები და გვირგვინები. კუბოს უკან მოსდევდა მომღერალთა სამი წყება, რომლებიც ფრანგულად, რუსულად და სომხურად სამგლოვიარო მარშს მღეროდნენ. ერთმა ორატორმა, მოლამ არაბულად სიტყვა წარმოსთქვა, სადაც შეაქო ჩიტოს გმირობა. ჩიტო ცერცვაძე დაკრძალეს თავრიზის სომხების სასაფლაოზე, ხოჯოვანის ხეივნის განაპირას”.
      1909 წლის ოქტომბერში, თითქმის ოთხი თვის დაძაბული ბრძოლების შემდეგ, თავრიზი განთავისუფლდა რეაქციონერებისაგან და ქალაქი მთლიანად რევოლუციონერთა ხელში გადავიდა, თუმცა ამ ბატალიების დროს დაიღუპა რევოლუციონერების ერთ-ერთი ლიდერი ქარბალაი ჰუსეინი.
      თავრიზელ აჯანყებულთა ამ გამარჯვებამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა უცხოურ და ქართულ პრესაში. თავრიზის განთავისუფლების შესახებ ცნობის მიღებისთანავე, მას სპეციალური წერილები მიუძღვნა და თავისი შეფასებაც მისცა გაზეთმა ”ეკალმა”, თავისი 1908 წლის 7 (20) ოქტომბრის ნომერში დაბეჭდა მოწინავე წერილი ”თავრიზის გამარჯვება”.
      თავრიზის განთავისუფლების შემდეგ შედგა მთავარი ენჯუმენის კრება. ეს კრება ჩვენთვის იმით არის საინტერესო, რომ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ენჯუმენის კრებამ კავკასიელ რევოლუციონერთა ინიციატივით, მიიღო გადაწყვეტილება თავრიზში სახალხო საავადმყოფოს გახსნის შესახებ და ერთ თვეში, 28 ნოემბერს (11 დეკემბერს) ირანის აზერბაიჯანის პროვინციაში, საქველმოქმედო საფუძველზე, პირველად გაიხსნა სახალხო საავადმყოფო, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ 7 პალატისა და 25 საწოლისაგან შედგებოდა.
      გაზეთი ”ალი” თავრიზიდან მიღებულ ცნობაში წერდა, რომ ”თავრიზში საავადმყოფოს გახსნა პირველი ნაბიჯია ევროპული კულტურისაკენ. როგორც ინიციატივა, ისე ამ დაწესებულების ყოველმხრივ მოწყობა იკისრეს თავრიზში მცხოვრებმა ქართველებმა და სომხებმა, როგორც უფრო კულტურულმა ელემენტებმა”.
      ამავე გაზეთის ინფორმაციით, სოციალ-დემოკრატიული მუშათა ორგანიზაციის მიერ გამართულ დიდ ინტერნაციონალურ მიტინგზე, რომელიც 21 ნოემბერს (4 დეკემბერს) გაიმართა თავრიზში, საგანგებოდ აღინიშნა კავკასიელი მოჯაჰიდების დამსახურება. ისინი სათარ-ხანის მარჯვენა ხელს წარმოადგენდნენ. ყველაზე მძიმე და ძნელი ბრძოლების ბედს საბოლოოდ ისინი წყვეტდნენ.
      რევოლუციონერების მიერ რეაქციონერთა ერთ-ერთი ლიდერის სუჯაი-ხიზანის მოკვლის შემდეგ კი (მისი მოსპობის გეგმა კავკასიელ რევოლუციონერებთან ერთად შეიმუშავეს და განახორციელეს), როგორც თავრიზელი კორესპონდენტი ”გურჯი” იტყობინება – ”ამ დროს გავრცელდა რაღაც ზღაპრული ხმა გურჯებზე (ქართველებზე), რომ ისინი საშიში მანქანებით დადიან სპარსეთის კუთხეებში და რეაქციონერ ხოჯა-მოლებს საშინელ მეხს ესვრიან... მთელ სპარსეთს შიშის ზარი და სიმხდალე მოედო”.
      ქართული პრესა ასევე საინტერესო ცნობებს აქვეყნებს მარანდაში მომხდარ შეტაკებაზე რევოლუციონერებსა და რეაქციონერებს შორის. რეაქციონერებმა პირველი შეტევა სოფელ სარი-საფეზე განახორციელეს – აქ ეგულებოდათ რევოლუციონერთა მთავარი ძალა, რომელიც კავკასიელი მეომრებისაგან, ძირითადად კი ქართველებისაგან შედგებოდა. უშიშარი კავკასიელი მეომრები ოთხი საათის განმავლობაში, სანამ მაშველი რაზმები შემოუერთდებოდნენ, მამაცურად ებრძოდნენ მოწინააღმდეგის მრავალრიცხოვან ლაშქარს.
      კავკასიელ (ქართველ) მეომრებს დიდად გამოუჩენიათ თავი ასევე ხაიანის განთავისუფლებისათვის გამართულ ბრძოლებში. რეაქციონერებს სურდათ ხელში ჩაეგდოთ ხაიანი, ეს განზრახვა გაუგეს რევოლუციონერებმა და ხაიანის დამცველებს დასახმარებლად მცირე რაზმი გაუგზავნეს, მაგრამ რიცხობრივად უპირატესმა მტერმა შეძლო მათი ალყაში მოქცევა. ”რევოლუციონერთა ამ ჯგუფში ექვსი კავკასიელი (ქართველი) ღებულობდა მონაწილეობას. მათი ბრძოლა კალმით აუწერელია – წერდა გაზეთი ”ჩვენი ხმა”, – მათ შეძლეს მტრის რამდენიმე ბარიკადის ხელში ჩაგდება. მტერმა შეამჩნია, რომ ისინი დროგამოშვებით ისროდნენ... ეს კი იმის მაჩვენებელი იყო, რომ თანდათან ელეოდათ ვაზნები. ერთ ახლად აღებულ ბარიკადზე, სადაც ორი კავკასიელი გამაგრებულიყო, ოცდაათამდე ქურთმა მიიტანა იერიში. ამათ თხუთმეტამდე კაცი დაკარგეს და ბარიკადების აღება მაინც ვერ მოახერხეს, მაგრამ მეორე მხრიდან მოიტანეს იერიში. ერთ მათგანს ვაზნები სრულიად გაუთავდა. ის ლომივით იბრძოდა... მან დააპირა ხელით შებრძოლებოდა მტერს, მაგრამ მტრის ტყვია გულში მოხვდა. მეგობრის დაკარგვამ ლომებად აქცია მებრძოლნი. შურისძიებით გააფრთებულნი სასტიკად ეკვეთნენ მტრის რაზმებს: უკანასკნელი ყუმბარაც ესროლეს. მტერმა ათამდე კაცი დაკარგა. თითქმის ყველას საბრძოლო მასალა გამოლეოდა. აქ მეორე კავკასიელს შემოარტყეს ალყა. ალყაშემორტყმული მივარდა მტრის რაზმელს, რომ თოფი და ვაზნები წაერთმია. ის იყო თოფიც წართმეული ჰქონდა, რომ მოხვდა მტრის ტყვია და გულგანგმირული დაეცა მიწაზე. მესამე კავკასიელი ქურთებმა ცოცხლად დაიჭირეს, რადგან მასაც ვაზნები შემოელია. ტყვე წარუდგინეს სამახ-ხანს, რომელმაც დიდი საჩუქარი მისცა მის დამჭერლებს (ქართველ ინტერნაციონალისტებს, როგორც მამაც მებრძოლებს დიდი სახელი ჰქონდათ მოხვეჭილი, ისინი შიშის ზარს სცემდნენ რეაქციონერებს, ამიტომ გამოცხადებული იყო, რომ ვინც მათ ცოცხლად ჩაიგდებდა ხელში, დიდ საჩუქარს მიიღებდა)”.
      მსგავსი შემთხვევა მოხდა აჯაფშირთან, როდესაც რევოლუციონერთა 200 კაციანი რაზმი მოწინააღმდეგეთა 3000 კაციან ალყაში მოექცა. უთანასწორო ბრძოლა დაახლოებით ხუთ საათს გრძელდებოდა. კავკასიელი ინტერნაციონალისტების მედგარი ბრძოლის შემწეობით ”მტერმა ვერ გაბედა ახლო მიდგომა”. ბრძოლაში ერთი რევოლუციონერი ათ რეაქციონერს უმკლავდებოდა. ”ვასო, რომელიც ხელმძღვანელობდა ათი კაცისაგან შემდგარ კავკასიელებს, საოცარი გამოცდილებით იბრძოდა; არც ერთი ამათი გასროლილი ტყვია მტერს არ ასცილებია; საიდანაც მიუდგა მტერი, ყველგან უკუქცეულ იქნა”, მაგრამ რევოლუციონერები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ, ხანიანისაკენ, თუმცა ეს სოფელიც უკვე რეაქციონერებს ჩაეგდოთ ხელში. ამ ბრძოლაშიც ”საოცარი სიმამაცე გამოიჩინეს კავკასიელებმა. ერთი მათგანი ბარიკადში მარტოდ-მარტო იბრძოდა. ბოლოს ვეღარ შესძლო მოეგერიებია ყოველ მხრიდან მოსული მტერი და ის სასიკვდილოდ დაჭრილ იქნა მტრის ტყვიით”, – წერდა გაზეთი ”ჩვენი ხმა”. ეს ბრძოლა რეაქციონერების გამარჯვებით დასრულდა.
      ამის შემდეგ იწყება უკვე რევოლუციის ბოლო ეტაპი, თავრიზის გარემოცვა. თავრიზის ბატალიებს ფართოდ აშუქებდა ქართული პრესა. ”ჩვენი აზრის” თავრიზელი კორესპონდენტი მკითხველებს სთავაზობდა თავის დღიურებს სათაურით ”სპარსეთის ამბები”, რომელშიც მოცემული იყო, როგორც ავტორი წერდა ”თავრიზის ბედ-იღბლის გადამწყვეტი ამბები ქრონოლოგიურად”. ეს დღიურები მოიცავდა პერიოდს 1909 წლის 23 იანვრიდან (5 თებერვალი) 5 მარტამდე (4 აპრილი). იმავე გაზეთში გამოქვეყნდა მეორე კორესპონდენტის დღიურები სათაურით ”თავრიზის უკანასკნელი ომი და საერთო მდგომარეობა”, რომელიც ფაქტიურად პირველის გაგრძელებას წარმოადგენს და მოიცავს პერიოდს 1909 წლის 1 (14) აპრილიდან და მთავრდება 1 (17) მაისის ამბით.
      ”23 იავარს დაიწყო თავრიზის გარემოცვა რეაქციონერების მიერ. ვინაიდან უშუალო ბრძოლებში მათ ვერ შეძლეს თავრიზელი აჯანყებულების დაჩოქება, გადაწყვიტეს ბლოკადაში მოექციათ ისინი. სათარ-ხანმა და ბაღირ-ხანმა მოუხმეს კავკასიელ რევოლუციონერებს, რომლებმაც ბომბებისა და შაშხანების ცეცხლი შეაგებეს მტერს. ხალხი სახლების სახურავებზე ავიდა და იქიდან უყურებდნენ მამაცთა ბრძოლას. ბრძოლამ საღამოს 8 საათამდე გასტანა. მტერი დამარცხდა და უკან დაიხია.
      8 თებერვალს სოფელ ალვარის დასაკავებლად მთელი დღე მიმდინარეობდა ბრძოლები. მიუხედავად რევოლუციონერთა შეუპოვარი ბრძოლისა, მაინც ვერ შეძლეს რეაქციონერებისაგან გზის გაწმენდა და საღამოს ისევ თავრიზში დაბრუნდნენ. გზაში შემთხვევით ჩამორჩა ორი ქართველი... სათარ-ხანს გაეგო მათი ჩამორჩენა და მაშინვე უკან დაბრუნებულიყო და წინ შეეგება ეტლით.
      რევოლუციონერთა რიგებში გამცემიც აღმოჩნდა. ერთ დღეს თავრიზის ენჰუმენმა ხელში ჩაიგდო წერილი, რომელსაც სომხური სკოლის მასწავლებელი უგზავნიდა სამად-ხანს. წერილში ეწერა: ”ქალაქი ისევ ძნელ პირობებშია. ჩვენ ყოველი მხრიდან ალყა გვაქვს შემორტყმული. ღვთის შემწეობით თუ თავრიზს აიღებთ, მაშინ ჩვენ ყველა დამნაშავეების მოცემა შეგვიძლია: აქ ”ბუნტს” რამდენიმე პირი ახდენს. ესენია კავკასიიდან ჩამოსული ქართველები... ყველა კმაყოფილია შაჰის მთავრობის. რაც ხდება, ყველაფერი მხოლოდ ქართველების ბრალია”.
      ამ დღიურებიდან კარგად ჩანს, რომ ქართველი მეომრების როლი თავრიზის ბატალიების დროს ძალიან მნიშვნელოვანია და ხშირ შემთხვევაში – გადამწყვეტიც. სწორედ ეს გახლდათ იმის მიზეზი, რომ ქართველები უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობენ ირანელ რევოლუციონერებს შორის.
      რევოლუციონერთა წარმატება თითქმის გარანტირებული იყო, მაგრამ მოულოდნელად ვითარება შეიცვალა რუსეთის კონსულის – პოტიხონოვის ”შუამდგომლობამ” ვითომდა ”ძმებს შორის სისხლისღვრის” შესაჩერებლად, თუმცა ნამდვილი მიზეზი ის იყო, რომ რევოლუციონერთა მიერ თავრიზი-ჯულფის გზის გახსნის შემთხვევაში რუსეთს ხელიდან გამოეცლებოდა თავისი ”ქვეშევრდომების დაცვის” საბაბი, რომლის საფუძველზე უკვე გადაწყვეტილი იყო ჯარების თავრიზში შეყვანა და ასეც მოხდა, რასაც ხალხის მღელვარება და დიდი საპროტესტო ტალღა მოჰყვა, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო. ასე დამთავრდა თავრიზის ისტორიული აჯანყება.
      ქართული პრესა აქტიურად გამოეხმაურა თავრიზში რუსეთის ჯარის შესვლას. გაზეთი ”ჩვენი საქმე” 1909 წლის აპრილში აქვეყნებს სარედაქციო წერილს სათაურით ”რუსეთის ჯარი სპარსეთში” და გმობს რუსეთის ამ ”ყაჩაღურ მოქმედებას”. ”გენერალ სნარსკის ჯარები თავრიზში მოქმედებდნენ, როგორც ოკუპანტები დაპყრობილ ქალაქში”. გენერალმა სნარსკიმ ენჯუმენს მოსთხოვა ფედაების განიარაღება და კავკასიელი რევოლუციონერების დაუყოვნებლივ გაძევება თავრიზიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ”სასტიკი ზომების” მიღებით იმუქრებოდა. ენჯუმენი იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო.
      გაზეთი ”ჩვენი აზრი” აქვეყნებდა ინფორმაციას, რომ იმ დროს, როცა თავრიზში სნარსკის არმია შევიდა, ”სათარ-ხანის სარდლობის ქვეშ 30000 სპარსელი და 8000-ზე მეტი კავკასიელი რევოლუციონერი ირიცხებოდა. კავკასიელი ინტერნაციონალისტები, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ნაწილი ეროვნებით ქართველი მებრძოლები იყვნენ, ცალკე რევოლუციურ რაზმს შეადგენდნენ და მათ ”განმათავისუფლებლები” ეწოდებოდათ.
      იგივე გაზეთი დეტალურად აღწერს, როგორ ტოვებდნენ კავკასიელი მეომრები ირანს. ”4 (17) მაისს ღამით კავკასიელი მეომრები ფარულად, საზეიმო ვითარებაში და უდიდესი მადლობის გრძნობით გააცილეს სათარ-ხანმა და მისმა ფედაებმა. ქალაქის მცხოვრებნი – დიდი და პატარა, ქალი და კაცი თვალცრემლიანი ემშვიდობებოდნენ და ლოცვა-კურთხევას უთვლიდნენ იმ მხარეს, საიდანაც ტანჯული ხალხის დამცველად მოსულიყვნენ... ქუჩებში ტევა არ იყო. ქალაქის გარეთ ერთი ვერსის მანძილზე ხალხი შეგროვდა. აქ გამოსამშვიდობებელი სიტყვები წარმოსთქვეს გუბერნატორმა, სალმასტის ჯარის უფროსმა, პოლიცმეისტერმა. მებრძოლნი ერთმანეთს გადაეხვივნენ დასამშვიდობებლად და მათ გულიდან მძიმე ოხვრა აღმოხდა. ამ სურათს ქალები შორიდან ადევნებდნენ თვალს და მდუღარედ ტიროდნენ, თან ღმერთს ავედრებდნენ თავს. ცხენოსანი რაზმი მინდორს გაეკრა, თოფების სროლა ატეხეს გამოსამშვიდობებლად... ეს სურათი ისეთი დიდი, ისეთი თვალწარმტაცი იყო, რომ მისი აღწერა შეუძლებელია. ეს უნდა ნახოთ, იგრძნოთ ის, რასაც ეს ორი სხვადასხვა სარწმუნოების, სხვადასხვა ტომის ხალხი გრძნობდა”.
      ამრიგად, თავრიზის 1908-1909 წლების აჯანყება მნიშველოვან მოვლენად იქცა არა მხოლოდ ირანის ისტორიაში, არამედ მთელ აღმოსავლეთში. თავრიზის იმ წლების მოვლენებმა დაადასტურა, რომ ხალხის სამართლიან ბრძოლას თავისუფლებისათვის ვერანაირი ძალა ვერ მოერევა, რადგან თავისუფლების წყურვილი ადამიანს გოლიათად აქცევს.
      თავრიზის აჯანყება მაგალითად იქცა სხვა ქალაქებისთვისაც. მან მნიშვნელოვნად აამაღლა ირანელი ხალხის ეროვნული შეგნება. ზედიზედ აჯანყდა რაშთის, ყაზვინის, ისპაჰანის და სხვა ქალაქებისა და პროვინციების მოსახლეობა. ამ ბრძოლებში უმნიშვნელოვანესია კავკასიელების, უპირველესად კი, ქართველ რევოლუციონერთა მონაწილეობა და დახმარება. ქართველი კაცისათვის დამახასიათებელი თანაგრძნობის და თანადგომის უნარი, მისი მეომრული ღირსებანი ამ რევოლუციურ ბრძოლებში განსაკუთრებით წარმოჩინდა. ირანელმა ხალხმა გულით შეიყვარა მათთვის მებრძოლი ქართველები და მათ ”განმათავისუფლებელი” შეარქვა. ირანში რუსული ჯარის შემოსვლის შემდეგ, როდესაც რუსებმა კატეგორიულად მოითხოვეს კავკასიელებს დაეტოვებინათ ირანი, ისინი იძულებულნი გახდნენ წამოსულიყვნენ ირანიდან.
      კავკასიელი მებრძოლები უდიდესი მადლიერების გრძნობით ფარულად, საზეიმო ვითარებაში გამოაცილეს ირანელებმა. ”იაშესუნ გურჯი”, ”ხოშ გელდი ყარდაშ, ბათრუმ!”-ის ძახილით აცილებდნენ ქართველებს.
      ეს ამბები ქართულმა პრესამ დიდი სიმპატიით ასახა. ქართველი ხალხი პრესის საშუალებით ყურადღებით ადევნებდა თვალს ირანში მიმდინარე ამბებს და თანაგრძნობით იყო გამსჭვალული თავისუფლებისათვის მებრძოლი ხალხის მიმართ.