ვახტანგ კვირიკაშვილი





დავით-გარეჯი


ვარძია


სიღნაღი


მარტყოფი


06.07.2008


სხვადასხვა



კვირიკაშვილი
(გვარის ისტორიისათვის)


       არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოში გვარი ადრინდელი ფეოდალიზმის ეპოქაში გაჩენილა და VI-VIII საუკუნეებში იგი უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბებულა; ცდილობენ აგრეთვე ამ პროცესის დოკუმენტურად დადასტურებას VIII-IX საუკუნიდან (რ. თოფჩიშვილი, როდის წარმოიქმნა ქართული გვარსახელები, თბილისი 1997, გვ. 100; და სხვ.); თუმცა, სპეციალურ ლიტერატურაში მიღებულია შეხედულებაც, რომ ქართული გვარები სათავეს იღებენ დაახლოებით XIV-XV საუკუნეში ე. ი. უკვე განვითარებულ კლასობრივ საზოგადოებაში. მეცნიერთა ვარაუდით იმ დროისათვის ხალხი ვეღარ არჩევდა ერთმანეთს სახელებით, რამაც გამოიწვია გვარების წარმოშობა. თითქმის ამ პერიოდამდე ისტორიაში ცნობილი ადამიანები საისტორიო წყაროებში ძირითადად სახელებით, წოდებით, საქმიანობითა თუ სადაურობით არიან მოხსენიებულნი. მაგალითად, იაკობ ხუცესი, ბაკურიანელი, ვახტანგ გორგასალი, ექვთიმე ათონელი, გიორგი მერჩულე, დავით ათონელი და მრავალი სხვა.
       ცნობილია აგრეთვე, რომ ქართული გვარები, ისევე როგორც სხვა ხალხთა გვარების უდიდესი ნაწილი, წარმოქმნილია წინაპართა სახელების (ეპონიმი) ან მეტსახელებისაგან (თიკუნი). ჩვენი გამოკვლევით დგინდება, რომ გვარი კვირიკაშვილის ეტიმოლოგია ე. ი. წარმომავლობა უკავშირდება საკუთარ სახელ კვირიკეს, ანუ ამ გვარს საფუძვლად უდევს ეს სახელი, ხოლო სუფიქსი “შვილის”-ს დართვით და ასო “ე”-ს მორფოლოგიური ცვლილებით მივიღეთ გვარი კვირიკაშვილი. მაგრამ, ბუნებრივად იბადება შემდეგი კითხვები: რას ნიშნავს კვირიკე, როდის და როგორ შეიძლება ქცეულიყო იგი გვარ კვირიკაშვილად და სხვ.
       ქართული სახელების ისტორიის ცნობილი მკვლევარი, პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე აღნიშნული სახელის შესახებ წერს: “ კვირიკე (ბერძნული) “უფლისა”. ქართულში ადრიდანვე გვხვდება არაერთი ისტორიული პირის სახელად. მისგან ნაწარმოებია გვარები: კვირიკაძე, კვირიკაშვილი, კვირიკიძე, კვირკეიშვილი, კვირკვაია. კვირიკეს ქართული შესატყვისია უფლისა (აქედან გვარი – უფლისაშვილი). სომხურში ეს სახელი დაცულია კირაკოს-ის ფორმით. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ბერძნული სიტყვა კვირიოს (“უფალი”, “ბატონი”), საიდანაც ნაწარმოებია კვირიკე, საფუძვლად უდევს აგრეთვე არაერთ სახელს, როგორიცაა, მაგალითად, კაცის სახელები: კვირიონ (კირიონ), კვიროსი (კიროსი), კირიაკ, კირიან და ამათგან წარმოქმნილი ქალის სახელები: კირა, კირიაკა, კირიანა, და სხვანი”. თითქმის იგივეს აღნიშნავს/იმეორებს ქართული გვარების მკვლევარი იაკობ ახუაშვილი გვარ კვირიკაშვილების შესახებ.
       ამასთანავე უნდა ითქვას, რომ იმავე ნაშრომში ბატონი ზ. ჭუმბურიძე სახელ კვირიას განმარტების დროს გვაწვდის შემდეგ ინფორმაციას: “კვირია (ქართული) ძველი წარმართული ღვთაების სახელია. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა წარმოდგენით, კვირია ღვთისშვილთა წინამდგომია; სვანეთში ის ითვლებოდა ამინდის, მიწის ნაყოფიერებისა და შვილთა სიმრავლის ღვთაებად. ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ ის გაიგივეული იქნა წმინდა კვირიკესთან, რომლის სახელობის ტაძარი (ლაგურკა – ზემო სვანეთის სოფელ კალაში) დღესაც განსაკუთრებული პატივით არის გარემოსილი. ი. ჯავახიშვილის მტკიცებით, კვირია შეიძლება წარმომდგარი იყოს კვირადღის სახელწოდებისაგან, ან ძველ საბერძნეთში გავრცელებული ვაჟის სახელისაგან კვირია ("უფალი"), ან კიდევ კვირინე ღვთაების სახელისაგან. გიორგი მელიქიშვილის აზრით, იგი უკავშირდება ურარტულ ღვთაებას კუერას, ანდრო ლეკიაშვილის აზრით კი ქართველ მთიელებს კვირიას სახით იესო ქრისტე ჰყავდათ წარმოდგენილი”.
       რა თქმა უნდა, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი ივანე ჯავახიშვილის აზრი ამ სახელთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ქართული სახელი კვირია შესაძლოა წარმომდგარი იყოს, როგორც ამას ზემომოყვანილ ციტირებაში ვკითხულობთ, “ძველ საბერძნეთში გავრცელებული სახელისაგან კვირია”. იგი აღნიშნავს, რომ “ფშავ-ხევსურები უზენაეს ღვთაებას “მორიგეს” უწოდებენ. . .
       “მორიგე” – მნათობი კრონოსია, იგი მეშვიდე ცაში სუფევს და ქვეყნიერებას რიგს აძლევს. უნებლიედ გვაგონდება საბერძნეთის მითოლოგიაში კარგად ცნობილი ღვთაება კრონოსი, რომელიც აგრეთვე მნათობთა სამფლობელოს ეკუთვნოდა და რომელსაც აგრეთვე ქვეყნიერების და დრო-ჟამის მომწესრიგებლადა სთვლიდნენ...
       “მორიგის” ერთ-ერთ დიდ ხელქვეითთაგანად, როგორც ეტყობა, უნდა ყოფილიყო “ხმელთ მოურავი”, რომელიც ღვთაებაა, რომელსაც “კვირიას”-ს ან “კვირაა”-ს კვირაეს უძახიან ფშავ-ხევსურნი... კვირიას, როგორც ჩანს, აგრეთვე სამართალიც ეკითხებოდა... შვილიერება ღმერთისა და კვირიას ხელთა ყოფილა”-ო და სხვ. შემდეგ ბატონი ივანე აღნიშნავს, რომ “სვანური თანამედროვე ცნობითაც კვირიაი “ღერბეთ”-ად იწოდება, რაც საზოგადო ქართული ღმერთის შესატყვისი ფორმაა, ე. ი. ძლიერ ღმერთად არის მიჩნეული”.
       ამრიგად, სახელები კვირიკე და კვირია ერთი და იგივე წარმომავლობის უნდა იყოს, კერძოდ კი მათი საფუძველია ძველი ბერძნული სახელი კვირიოს (უფალი, ბატონი), რომლიდანაც მომდინარეობს გვარი კვირიკაშვილი. მაგრამ, ბუნებრივად იბადება კითხვები თუ როდის და სად შეიძლება გამხდარიყო ბერძნული სახელი კვირიოს ქართულ კვირიკედ ან კვირიად, ხოლო აქედან, მოგვიანებით, როგორ შეიძლება ქცეულიყო იგი გვარ კვირიკაშვილად?
       ქართულ საისტორიო წაყაროებში სახელ კვირიკეს პირველად ვხვდებით ქართლის ცხოვრების მატიანეში, სადაც ნათქვამია, რომ ქართველი სახელმწიფო და საეკლესიო მოღვაწის ადარნასე II-ის დროს (881-923) ბანის საკათედრო ტაძრის მშენებელი და მისი პირველი ეპისკოპოსი იყო კვირიკე ბანელი.
       “ხოლო ამან ადარნასე მეფობასა შინა მისსა – ნათქვამია მატიანეში – აღაშენა ბანა, ხელითა კვირიკე ბანელისა, რომელი-იგი იქმნა პირველ ეპისკოპოს ბანელ”. ბანა კი შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცენტრი იყო ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე, ჭოროხის ხეობაში, მდინარე ბანის მარჯვენა ნაპირას. იგი დღეს თურქეთის საზღვრებშია მოქცეული “ფანაკის” სახელწოდებით.
       ამის გარდა, კვირიკე ერქვა საქართველოს ისტორიაში ცნობილ არაერთ სხვა პირს, რომელთაგან განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ: კახეთის მთავრები (ქორეპისკოპოსები) კვირიკე I (892-918) და კვირიკე II (929-976); კახეთ-ჰერეთის მეფეები კვირიკე III დიდი (1010-1037) და კვირიკე IV (1102-1104); კვირიკე კახაბერი, რომლის შვილი იყო რაჭისა და თაკუერის (ლეჩხუმი) ერისთავი, რომელსაც ერგო პატივი თამარ მეფისთვის, მისი დაგვირგვინების დროს (1184 წ.), სამხედრო ძლიერებისა და უფლების სიმბოლოდ სახელმწიფო ხმალი შემოერტყა და სხვ.
       საყურადღებოა აგრეთვე სახელ კვირიკესთან დაკავშირებული ქართული ტოპონიმები, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა მხარეებში გვხვდება: კვირიკე – სოფლები ქობულეთისა და სამტრედიის რაიონებში; კვირიკეთი – სოფელი ოზურგეთის რაიონში; კვირიასხევი – სოფელი თიანეთის რაიონში; კვირიკეწმინდა – რაჭაში; კვირიკეთის მთა – მთა თეთრი წყაროს რაიონში, შუახრამის მთათა ჯგუფში. აღსანიშნავია, რომ კვირიკეთის მთა მოხსენიებული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს. ნიშანდობლივია 1543 წლის ერთი დოკუმენტებიც, რომლებიც წარმოადგენენ ლუარსაბ I-ისა და ბარათაშვილთა გაყრის საქმეს და სოფელთა ჩამონათვალს, სადაც მოხსენიებულია “ნასოფლარი კვირიკეთი”, სოფელთა ჩამონათვალში კი იგი მოიხსენიება როგორც გერმანოზიშვილთა სოფელი. ზოგიერთი მკვლევარის აზრით კი სოფლებს კვირიკესა და კვირიკეთს სახელები ეკლესიების მიხედვით შერქმევიათ. როგორც ცნობილია, ივლისის თვეს კვირიკობის თვე ეწოდებოდა და სხვ.


ავტორი და შემდგენელი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი რეზო ხუციშვილი
2007 წ. 25 იანვარი.