გიორგობა საგარეჯოს ფერეიდანში – ალი ასლანიშვილთან

      2008 წლის 23 ნოემბერი – ფერეიდნელი მხატვარი ალი ასლანიშვილი დილით მობილური ტელეფონით შემეხმიანა და გიორგობა მომილოცა, თან თავისთან, საგარეჯოში მიმიპატიჟა. შეხვედრის ადგილზე ჩვენი საერთო მეგობარი ეთერ თევზაძეც მოვიდა და სამნი გავემგზავრეთ. გზად საგარეჯოს წმინდა ნინოს ეკლესიაში შევიარეთ. მართალია, რომ ეკლესიიდან მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი, მაგრამ დიდი სულიერი ცხონება მივიღეთ... ჩამოქცეული გუმბათის თავზე მტრედები დაფრინავდნენ, როგორც წმინდა მოციქულები, ისინი ხომ გარდაცვლილ წინაპართა სულებთან გვაკავშირებენ...


   
 
 
 
 
 
 
 
 


      ცნობილია რომ 1972 წლის ივნისში პირველ რეპატრიანტთა ორი ოჯახი, კერძოდ კი რეზო მიქელაძის და ისკანდერ ასლანიშვილის ოჯახები საგარეჯოში დაასახლეს. რამდენიმე წლის შემდეგ ახალი ნაკადი კიდევ ჩამოვიდა. ამჟამად საგარეჯოში ფერეიდნელთა მხოლოდ ოთხი ოჯახი ცხოვრობს. სწორედ ამ უბანს ვეძახი საგარეჯოს ფერეიდანს. ალის გვერდით მისი ძმა სახლობს. ეზოში შესვლისთანავე სამეზობლო მესერზე ალის ძმისშვილი, 13 წლის ლევან ასლანიშვილი გადმოძვრა! ლევანს მაშინვე თავისი პატარა ძმა და ბიძაშვილი, პატარა გოგონა – ანა მოჰყვნენ, საიდანღაც ორი შავი კატაც გაჩნდა, როგორც ლევანმა ”გაგვაცნო” – ”ფუმფულა” და ”ბუთულა”. ორსართულიანი სახლი მაშინვე გამოცოცხლდა...
      მხიარული ესკორტის თანხლებით ჯერ ეზო დავათვალიერეთ: სხვადასხვა ჯიშის ყურძენი, ვაშლები და კომში მოვკრიფეთ. შემდეგ კი მარანი და ბოლოს სახლიც მოვინახულეთ. აღსანიშნავია, რომ თვითოეული ოთახის კედლები ალის და მისი სამი შვილის მიერ მეტად ორიგინალურად იყო მოხატული...


 
 
 
   
 
 
 
 
 
 
 


* * *

      გამარჯობა გუგუა! კიდევ ერთხელ გილოცავთ გიორგობას! საგარეჯოში შესანიშნავი სურათები გადაგიღიათ. ყველაზე მეტად მე და ჩემს ქალიშვილს ( 8 წლის ნანა ) "საგარეჯოს ფერეიდნელი" ლევანის სურათი მოგვეწონა. ამ სურათს ორი სახელი დავარქვით: ”ჩემს საგარეჯოს ვაზთან ვეღარავინ დამაშორებს” და ”შაჰ-აბასზე გამარჯვებული, 13 წლის დიდი ქართველი, ლევან ასლანიშვილი”.
      რომ იცოდეთ, თქვენი საიტის კითხვისას ბევრს ვტირი ხოლმე. ჩემს შვილს კი არ მოსწონს ჩემი ასე შეწუხება და სულ თქვენს "მუქარაშია", თან "მირჩევს" თუ ეგრე გიყვარან, წავიდეთ ირანში და მერე აღარ იტირებო. პატივისცემით, ჩემს ფერეიდნელებზე უზომოდ შეყვარებული და თქვენი საქმის თაყვანისმცემელი, ნანა ფიცხელაური. გერმანია.



* * *


თუშური ჯვარული


ilia  

პირველად ღმერთი ვადიდოთ, მით უფრო დიდებულია,
მემრე ვადიდოთ კვირაე, კვირაე კარამ ღვთისია;
მემრე ვადიდოთ კოპალე, კოპალე კარატისია;
მემრე ვადიდოთ გიორგი, გიორგი ხახმატისია;
მემრე ვადიდოთ ფიწალე, ფიწალე დოჭუმთისია;
მემრე ვადიდოთ მარიამ, მარიამ დედა ღვთისია;
მემრე ვადიდოთ თევდორე, თევდორე შავგვრემალია;
მემრე ვადიდოთ გიორგი, გიორგი გომაწრისია;
მემრე ვადიდოთ ისრიელ, ისრიელ ბიქურთისია;
მემრე ვადიდოთ სანება, სანება სახარისია;
მემრე ვადიდოთ გიორგი, გიორგი მუხროვნისია;
მემრე ვადიდოთ ჭიხალე, ჭიხალე ბისოს მთისია;
მემრე ვადიდოთ მიქაელ, მიქაელ ხვავგორისია;
მემრე ვადიდოთ გიორგი, გიორგი ლაშარისია.
დიდნიმც ხართ, დიდებულნიმც ხართ,
ახსენებულნო ხვთისშვილნო!


დიდება მაღაწლის წმინდა გიორგის სალოცავში

      ”შენამც იდიდები, ღმერთო მაღალო, შენამც იდიდები, ღმერთო მართალო! შენამც იდიდები, იესო ქრისტეო, ცა და ჴმელეთის ბადალო!
      შენამც იდიდები, დედაო ღვთისშობელო, ხვთის პირის მეღვინეო, ჩვენო ძუძუს მამწუებელო!
      შენამც იდიდები, კვირავ ცხოველო, ხვთის კართ მიმსვლელო, პასუხის მიმტანელო-მამტანელო, ჩვენი სამართლის გამამტანელო!
      შენამც იდიდები, ჴელმწიფეო ლაშარის ჯვარო, ჴმელ გორზე დაბრძანებულო, ლაშქართ მოარულო!
      შენამც იდიდები, დიდებულო თამარ-ნეფეო, ღელეს აქიმ-დედოფალო, ჩიქილაზინზილიანო, მკურნათლად წამალთა გამამწერელო!
      შენამც იდიდები, ლაღო იაჴსარო, ლახტიან-მათრაჴიანო, დევ-კერპთად მეომერო!
      შენამც იდიდები, აჴადს დაბრძანებულო პირქუშო, ოსტატო ყაწიმიანო, თავის ყმათა მშველელო!
      შენამც იდიდები, მთაწმინდის მთავარანგელოზო, ყმათა მცველო, მფარველო!
      შენამც იდიდები, ქმოდის გორის წმინდაო გიორგიო, დიდო მთავარმოწამეო!
      შენამც იდიდები, მუქუს ხვთისმშობელო, ადგილის მცველ-მფარველო ანგელოზო!
      შენამც იდიდები, ჭიჩოს პირცეცხლის წმინდაო გიორგიო, ცეცხლით მოარულო!
      შენამც იდიდები, კოტიას წმინდაო გიორგიო, წითელაურთა სალოცავო!
      შენამც იდიდები, მათურის მთავარანგელოზო, თავის მეზღვნეთა მშველელო!
      შენამც იდიდები, წყაროსთაველის წმინდა გიორგიო, არაგვის ხეობის დამყურებო, დევთა გამბასრაო!
      თქვენამც იდიდებით ხახაბო-არდოტს შაშვენებულო ანგელოზებო!
      შენამც იდიდები, დიდო ლომისაო, ღუდას ყოვლადწმინდაო, ქვის წულად მქცეველო!
      შენამც იდიდები, პირიმზე-ფუძის ანგელოზო, რჯულიან ურჯულოთა სალოცავო!
      შენამც იდიდები, მგზავრო ჴაჴმატის ჯვარო, ქაჯუეთის გამტეხო, ქაჯუეთის გამგლეჯო, იქით ოქროს თასის გამამტანელო!
      შენამც იდიდებით, მთისა მომთენო, ბარისა მობაღდადენო!
      თქვენამც იდიდები, მაღაწლის წმინდა გიორგი, გომეწრის დამცველო, დამხედავო, დამფარავო! შამამჴდარან შენს კარზედა მლოცავნი: ქუდოსანნი, მანდილოსანნი; შამაუწირავ ბუთაური, წულის წყალობას გეთხოვებიან, შენ შენს წყალობას ნუ დააკლებ, დალოცვილო! ამრავლე, ერთი ათასად გაუჴადე, ამყოფენ გამხვივნებულნი ე ტყის წვერთავითა! შენ ყუდრო-კარს შამამჴდარან, ბევრჯელამც შამააჴდენ, დიდებულო, თეთრი წვერით დაბერებულებსა! შენთვის ფურთნათავარი არ დაუკლავ, გაუმრავლე ფურებიცა, ჴარებიცა! ჯვარი დაუწერე ნაწველსა, ნადღვებსა, ჴარით ნაჴნავსა, ალალი მუშის ნამუშევარსა! მტრის ენა-პირი აირიდე, სასიკეთოდ გადმაჰხედნე, გამარჯვებულო! არიდე სასჯელი, სატანჯველი. ვინც იყვნენ ბუღაურთა, თას-განძისა, თეთრეულის ჴელუკუღმ გამტან-გამტაცებელნი, იმათზედვე გადაიტანე მორწმუნეზე დაღირებული ზიანი საქმე! მოსულთ წყალობა დაახვედრე, წასულებს წყალობა გააყოლე, გამარჯვებულო!
      მლოცავნო, ქარავანნო, ქუდოსანნო, მანდილოსანნო, გწყალობდესთ მაღაწლის წმინდა გიორგი!”

      გილოცავთ გიორგობას! გფარავდეთ და გწყალობდეთ წმინდა დიდმოწამე გიორგი!
      მისი მეოხებით გაძლიერდით. მრავალს დაგასწროთ უფალმა, იხარეთ და იდღეგრძელეთ!

გიორგი ალავერდაშვილი


* * *


ეკა ბასილაშვილი და თამთა კიკვიძე

იერუსალიმში და იორდანიაში