ბუჭა ზაზუნიშვილი − ფიქრი და მოგონება ფერეიდანზე


      ვინ მოსთვლის ამ წუთისოფელში რამდენი ცოდვა დატრიალებულა, რამდენი ზიანი და ნგრევა მოსვლია ადამიანის ნაშრომს და ნაჯაფარს, რამდენი ლეწვა-განადგურება განუცდია ერთი-მეორის შუღლით გადამტერებულ ქვეყნებს, რამდენის სისხლი დაღვრილა უსამართლოდ, რამდენ ვაჟკაცს დაბნელებია ჯერ კიდევ გაულეველი სამზეო, რამდენის დედ-მამა შემოსილა ძაძებით. ვინ იყო გამკითხავი...…
      ასეთი შემთხვევები მაშინ აღწევდა პიკს, როდესაც ქვეყანაში შიდა პოლიტიკური ვითარება დასუსტდებოდა და იგი უცხო დამპყრობელის მმართველობის ქვეშ აღმოჩნდებოდა ხოლმე. სხვადასხვა მმართველების პოლიტიკურ და ზოგჯერ პირად დემონურ ამბიციებს და ძრახვებს კი ეწირებოდა მსხვერპლი უდანაშაულოთა (და ეს უფრო კატასტროფული შედეგების მომტანი ხდებოდა მაშინ, როცა საქმე ჩვენსავით პატარა ერებს ეხებოდათ).
      ლეკთა განუწყვეტელი სასტიკი თარეში ქართლ-კახეთში, ოსმალები, სპარსელები... ასეთი მძიმე დღეები ედგათ მე-17 საუკუნის ქართველობას. ალბად 1600-იანი წლების დასაწყისი ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი და უსამართლო იყო საქართველოს ისტორიაში. სპარსეთის ძლიერი იმპერია იერთებდა კახეთის სამეფოს, საშიშროების წინაშე ქართლიც აღმოჩნდა. სპარსთა ჯარების მიერ განადგურებული კახეთი არ ეგუებოდა ბედს და კვლავ ხმლით ხელში უხვდებოდა მომხვდურს. ამ უსამართლო ბრძოლებში უმოწყალოდ წყდებოდა ადგილობრივი მოსახლეობა, ქვეყანას განსაცდელის დღეები ედგა. აი რას წერს პატრი ავითაბილე იმ დროინდელ საქართველოზე:
      ,,ყეინმა დაწო ქალაქები, დაბები, ხოცა ხალხი უღმერთოდ და უსამართლოდ, მთელს ქართლს ზარდასაცემი სურათი დაეშალა თავზედ (მ. თამარაშვილის ნაწერები) დაამხო ყველაფერი, მოსპო, გააუქმარები, წაბღალა ყოველივე, როგორც ხელოვნური ჩუქურთმა, ისევე ხელოვნური მხატვრობა. მოიტაცა ძვირფასი ნივთეულობა, დასწვა და დადაგა ბევრი რამ ქართული ძველი წიგნები. ერთის სიტყვით მთელს ერს მძლავრი მეხი დაარტყა და დააუძლურა, ბევრს თვალთაგან ცრემლები ადენინა, ბევრს აუგო უღვთოდ ანდერძი, ბევრს გამოსჭრა ყელი. იგი იყო ტირან დესპოტი და ტირანულადაც მოქმედებდა. მართალია აღისრულა საწადელი – დანგრეულს და დაქცეულს საქართველოს სიამოვნებით უმზერდა, ბევრს ქართველს აღვრევინა ცრემლები თავის დანგრეულს და დაქცეულს საქართველოზედ, ბევრმა დაღვარა იერემიას გოდება, ბევრმა ქართველმა დაანთხია სისხლის ცრემლები, მაგრამ რას იზავდნენ, ერთზედ ათი-ოცი მოდიოდა და აბა რა უნდა ექმნათ...“



ამ საფლავთან ალბად, ნებისმიერი ქართველი ბევრჯერ დაფიქრდება და შეეცდება ცოტა ხნით მაინც წარმოიდგინოს, თუ რამხელა ადამიანის, პოლიტიკოსის სამარესთან იმყოფება. ეს აბას I სამარეა... ჩვენი ქვეყნის ამომგდების......


      რაც ამ დროის ქარტეხილები მოხდა, დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ყველაფერმა ჩემს მშობლიურ სოფელსაც გადაუარა. მარტყოფში დღესაც ქვია ადგილებს ,,ულევარი“, ,,დაჭრილები,“ რომლებიც სპარსელების მოსვლის შემდეგ დაერქვა ამ ადგილებს. ეს სახელები მოგვითხრობენ იმ რეალობის შესახებ, სადაც სააკაძემ ცნობილი გამარჯვება მოიპოვა ურჯულოზედ.
      ჯერ კიდევ ბავშვობაში გავიგე ირანში ძალით გადასახლებულ ქართველთა შესახებ, ერთ-ერთი დოკუმენტური ფილმის (რეჟ. კანდელაკი) ყურებისას და მაშინდელიდან მოყოლებული, თანდათან, რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო მაინტერესებდა იქაურ მარტყოფელთა შესახებ. ვხვდებოდი თუ რა დღეები იწვნია იმ ,,შავთა დროთ“ 1614-17-იან წლებში კახეთმა და ჩემმა სოფელმა... მართლაც რამხელა სისასტიკის ტალღას გადაევლო ჩვენი წინაპრების თავს.
      კახეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი აჰყარეს და დიდი ტანჯვა-წამებით სპარსეთის გზას გაუყენეს, საბრალო ხალხს არანაკლები მეორე ჯოჯოხეთი წინ ელოდათ: შიმშილი, უწყლოობა, სიკვდილი. ბევრმა მათგანმა ვერც კი ჩააღწია სპარსეთამდის, მერე არც იქ ჰქონდათ მოსვენება. სამშობლოში შრომაში და თავისუფლებაში ნაცხოვრებლები ისფაჰანს (და სხვა ქალაქებშიც) მათხოვრობით ირჩენდნენ თავს, ზოგს თუ ვინმე შეძლებული სპარსელი ან სომეხი იყიდიდა მონად ან მსახურად, ესეც დიდი წყალობა იყო მათთვის... ისინიც დრო და დრო ბედს და ახალ გარემოს ეგუებოდნენ და აგრძელებდნენ თავიანთ ,,ახალ სამშობლოში” ცხოვრებას. წვალებით, მაგრამ ვისაც რა შეეძლო იმას აკეთებდა, დიდი შრომით და ჯაფით შოულობდნენ ლუკმა პურის ფულს.
      2007 წლის ზაფხული. როგორც იქნა მოვაბი თავი, რომ წავსულიყავი ქვეყანაში, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ მთელს ცენტრალურ აზიას შიშის ზარს ცემდა, ქვეყანაში, რომლის სახელის ხსენებისას ერთ დროს, ლომის ღრიალსავით თავზარდამცემი იყო ქართველებისთვის. ერთი სული მქონდა როდის გავიდოდი საქართველოს საზღვარს და გზას დავადგებოდი შორეული ფერეიდანისკენ. და აი წითელი ხიდი უკვე უკან მოვიტოვეთ. გზაში ფერეიდნელი ქართველის, ბატონ მ. ფანიაშვილის ოჯახთან ერთად ვიმგზავრე, რომლებმაც მომავალში გამიწიეს ფერეიდანში მასპინძლობა. იქ კი ჩემი მეგობარი თ. ფანიაშვილი მელოდებოდა, რომელმაც სულ რამოდენიმე წელია რაც თავისი წინაპრების ნატვრა აიხდინა და ჩამოვიდა სამშობლოში, სადაც თბილისის უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა-განათლების მიღება. მთელი ღამე მიჰქროდა ჩვენი ტაქსი აზერბაიჯანის უკიდურეს სამხრეთისაკენ.
      გზა გაცილებით დიდი და დამღლელი აღმოჩნდა, როგორსაც წარმოვიდგენდი. ნელ-ნელა იცვლებოდა ლანდშაფტი ირანისა, კასპიის ზღვის პირა ამწვანებული სანაპიროები შეცვალა გამომშრალმა უდაბნოებმა და სალმა კლდეებმა. ირგვლივ კლდე და ეკალი, გამხმარი მიწა და თვალუწვდენელი სივრცე... გზაში ბევრჯელ დავფიქრებულვარ ამის შემხედვარე, რომ საბრალო ხალხმა რა ტანჯვა-წამებით განვლო ეს გზა გადმოსახლებისას.
      ჩავედით ისფაჰანში, ქალაქში არ გავჩერებულვართ, გზა პირდაპირ ფერეიდნისაკენ გავაგრძელეთ. ტაქსის მძღოლი, ისფაჰანელი დაინტერესდა ჩემი წარმოშობით. უთხრეს გურჯიაო, მას კი რატომღაც თურქი ვეგონე (თურქულად გამომელაპარაკა) დაახლოებით 2 საათის შემდეგ გამოჩნდა ფერეიდანიც, მარტყოფის მთები...


 
მარტყოფელები
 
ვქეიფობთ მარტყოფელები

      ისე მოხდა, რომ იმ დღესვე მომიწია იქაური ქართველის დ. დავითაშვილის ქორწილში წასვლა. მიუხედავად იმისა, რომ ქორწილში ქართული წესები აღარ იყო, მაინც კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. იყო დიდი სიხარული, ყიჟინა, მხიარულება. ოჯახის ზოგიერთი წევრის თვალებზე სიხარულის ცრემლებიც ჩანდა. იყო ირანული თანამედროვე სიმღერები, ცეკვავდნენ, უკრავდნენ დაირას, გული დამწყდა დროსა და სარწმუნოების შეცვლას დაევიწყებინა მათთვის ქართული წესები, თუმცა ის ქართული შეძახილ-გამოძახილები დაირის დაკვრის დროს რომ ააყოლებდნენ ხოლმე მიხაროდა, რომ თითქმის 4 საუკუნიან სიშორეს სამშობლოდან, მაინც ბოლომდე არ წაეშალა ქართული ყოფის დამახასიათებელი რეალიები.
      რა დამავიწყებს მათ სახეებს, მათ სიტყვებს ,,ბატონო თქვენ საქართველოსყე მოსულხართ?” ერთხელ, ქუჩაში გასულს ,,მოტორით’’ ახალგაზრდა ყმაწვილებმა ჩამიქროლეს, რომ გამისწორდნენ ხმამაღლა შეჰყვირეს ,,გუუმარჯოს საქართველოს!’’ გამეღიმა, მე ერთ უბრალო ქართველს, რომ მხედავდნენ და ასე უხაროდათ. დრო და დრო რაც უფრო ვეცნობოდი მათ ყოფას, ვხვდებოდი, რომ დროებას არც ისე ბევრი დაევიწყებინა მათთვის, რამდენადაც პირველად ეს მე წარმოვიდგინე. ნელ-ნელა ყურიც ეჩვეოდა მათ ქართულ კილოს...
      ბევრი დამიმეგობრდა, თითქმის ყველა მთხოვდა, რომ მე მათი სტუმარი ვყოფილიყავი. საოცრად კარგი და დადებითი შთაბეჭდილება მოახდინეს იქაურმა ახალგაზრდებმა ჩემზე. კითხვას კითხვაზე მისვამდნენ ,,ჩონზე იციან საქართველოჩი? რა იციან ჩონზე?’’ ძალიან აინტერესებდათ საქართველოს ბუნება, ასევე ვსაუბრობდით პოლიტიკაზეც... კარგს ინტერესით ისმენდნენ, ცუდს გულით იზიარებდნენ და თვალები უნაღვლიანდებოდათ. არ ვიცი რას შევადარო, ალბად ეს უფრო იმას გავს, ბავშვობაში რომელიღაც გმირ პერსონაჟზე რომ ხარ შეყვარებული და ყველანაირად კარგი წარმოგიდგენია, რომელსაც მხოლოდ დადებითი და კარგი მხარეები აქვს და უარყოფით მხარეს ვერც კი იფიქრებ მასზე. აი ასე ფიქრობენ ისინი საქართველოზე.
      რა მოხდება, რომ იქაურ ახალგაზრდობას და ჩვენს შუა გაიდოს მეგობრული ურთიერთობების ხიდი. მაშინ როცა მოძმე უკრაინიდან ასობით ახალგაზრდას ვეპატიჟებით საქართველოში დასასვენებლად. ეს კარგია, მაგრამ რატომ არ შეიძლება, რომ ჩვენ ნამდვილ და-ძმებს ჩავჭიდოთ ხელები და მოვიპატიჟოთ სამშობლოში? კი, დღევანდელ თანამედროვეობაში, ადრინდელთან შედარებით ჩამოდიან ფერეიდნიდან, აქედანაც მიდიან სტუმრად იქაურ გურჯებთან, მაგრამ ეს არ კმარა. კარგი იქნება, რომ ჩვენმა მთავრობამ ამ მართლაც პატრიოტულ საქმეს ჩაუდგას საძირკველი, ეს შეუდარებელი საქმე იქნება ჩვენი დიასპორისათვის სამშობლოსთან დასაკავშირებლად, რაც აქამდე არ გაკეთებულა.
      ისფაჰანი. ,,მეიდუნ იმამ’’. აქ, ამ მოედანზე დონ გარსია შესწრებია ქართველი გოგონების სიკვდილით დასჯას... ,,მე შევხვდი ისფაჰანში შაჰის მოედანზე ასეთ სურათს: რამოდენიმე ქართველ გოგონას წამებით აიძულებდნენ, რომ მაჰმადიანობა მიეღოთ, მაგრამ ისინი სიკვდილამდე ქრისტიანებად დარჩნენ’’. რამხელა ტრაგედიაა ამ ორიოდე წინადადებაში. როგორია, შენ, 21-ე საუკუნის საქართველოს შვილი დადიხარ ზუსტად იმ ადგილებში, სადაც 380-400 წლის წინ შენს თანატოლებს ქრისტიანობისთვის, ქართველობისთვის სიკვდილით სჯიდნენ... ამ მართლაც დიდ მოედანზე სადაც ძველისძველი ბაზარია გამართული, თვალს გჭრის ათასნაირი სიჭრელე ირანის კულტურულ-ეთნოგრაფიული ყოფისა, ზოგიც ძველი და მაღალ ხარისხოვანი, ზოგიც გათანამედროვებული დაბალი ღირებულების ათასნაირი ნივთი, რომ გადმოუკიდებიათ დახლებიდან და უცხოთა თვალის საჭვრეტად უჭვრეტენ ასობით გამვლელ-გამომვლელს.


 
ქერიმ-ხანი და ევროპის ელჩობა. ”თოჯინებს” იმ დროინდელი კოსტუმები აცვიათ. სტუმარი ქედს იხრის ხანის წინაშე. ეს ის ქერიმ-ხანია, რომელმაც ჯერ გენოციდი მოუწყო ფერეიდანში ჩასახლებულებს, ხოლო შემდეგ კი საბოლოოდ, გაამუსულმანა.....
 
ისფაჰანი, ორმოც სვეტიანი სასახლე, შაჰ-აბასი ხვდება თურქისტანის გამგებელს, ვალი მუჰამედ ხანს, აბასის გვერდით ალავერდი ხან-უნდილაძე ზის. სასახლეში მითხრეს გიდებმა, რომ სურათზე სომეხი და ქართველი ქალები ცეკვავენ...

 
ბუჭა ზაზუნიშვილი და მოჰსენ (ხვიჩა) გუგუჩანი
 
ისფაჰანი. ალავერდი-ხან უნდილაძის ხიდთან


      ჩვენს თანამედროვეობაში თავიდან ცოტათი უჭირს გონებას, ნათლად წარმოიდგინოს ეს ტრაგედია ამ მოედანზე. მაგრამ ქართველობამ უნდა ვიცოდეთ, არა აქვს მნიშვნელობა ფერეიდნიდან იქნება ეს თუ საქართველოდან, რომ ასეთ დღეში იყვნენ ტყვეობაში მყოფი ჩვენი ძველები, რომლებმაც მიუხედავად მრავალნაირი ტანჯვა-წამებისა, გენოციდისა მაინც შეინარჩუნეს მათთვის ძვირფასი ქართული ენა. რომელსაც დღესაც სჭირდება (ირანის თანამედროვე ცხოვრების ფონზე) დაცვა და შენახვა ფერეიდნელ ქართველთა მომავალი თაობებისათვის!


ჩემი ფიქრი წმინდა დედოფალზე

      გმირი!!! ერის და მამულისათვის საამაყო შვილი, საქართველოსთვის და ქართველებისთვის წამებული... მას შეეძლო მხოლოდ ერთი პატარა, მაგრამ უდიდესი მნიშვნელობის მქონე სიტყვით, რადიკალურად შეეცვალა როგორც თავისი, ისე მისი შვილიშვილების ბედი და მომავალი. და ეს სიტყვა იყო – არა – არა, ქრისტიანობაზე, არა ქართველობაზე. აი ამას მოელოდა აბას 1-ლი მისგან, მაგრამ მიუხედავად წმ. დედოფლის განსაცდელში ჩაგდებამ, მრავალმხრივმა ზეწოლამ – ასევე მტკიცე დაპირებებმა ურიცხვ სიმდიდრეზე და დიად შესაძლებლობებზე, ვერავითარი შედეგი ვერ გამოიღო, რადგან მისთვის ყველაზე დიდი აუწონავი სიმდიდრე და სიწმინდე იყო ქრისტე და საქართველო... რაც მან იწვნია შემდგომში შირაზის მოედანზე ამას ათასობით ვაჟკაციც კი ვერ გაუძლებდა. მისი სხეული დაწვეს, დაგლიჯეს როგორც შეძლეს, მაგრამ ის არა – ვერ ეღირსა შაჰ აბასს არა ქრისტიანობაზე.
      როცა შაჰს ეს ამბავი მოუტანეს ,,დედოფალი ქრისტიანად დარჩა სიკვდილამდეო” გამწარებულმა გიორგი სააკაძეს შეჰყვირა (ის მას ესაუბრებოდა იმ დროს): ,,დიაღ ის ქალბატონი დაიღუპა თავისი სარწმუნოებისათვის და არა ისე, როგორც შენ!” და სილა შემოურტყავს. (თ. ტაბაღუა)

      იმ დღის მერე 384 წელი გავიდა..
      შირაზი, შორეული და იდუმალი. დიდი წარსულის მქონე... მზიანი და ცხელი ჰაერით გაჟღენთილი. ერთ-ერთი ლამაზი მოედანი, ქერიმ ხანის სასახლე და გალავანი, ქალაქის ცენტრალური ნაწილი... იქ ძალიან ბევრ ადგილობრივს ვკითხე იმამ ყული ხანის სასახლის შესახებ (იგი 1820-1860-იან წლებში მომხდარმა მიწისძვრებმა დაანგრიეს, თუმცა მისმა ნაშთებმა მე-20 საუკუნემდეც მოაღწიეს.) მაგრამ იმჟამათ ვერავინ გაგვცა ჩვენთვის სასურველი პასუხი. თუმცა კი ფაქტია, რომ იმამ ყული ხანი მათი ისტორიის საამაყო შვილია, მოდგმით ქართველი, შვილი დიდი ალავერდი ხან უნდილაძისა... ძალიან მინდოდა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნებოდა, რომ როგორმე ახლოს ვყოფილიყავი იმ ადგილებთან სადაც დედოფალი დადიოდა 384 წლის წინ. სადაც ეწამა და აღესრულა, ეს ძალიან ძვირფასი იქნებოდა ჩემთვის, მაგრამ იმდენი ვიარეთ მთელს ქალაქში მე და ჩემმა ფერეიდნელმა მეგობარმა დათომ, რომ დღეს დარწმუნებული ვარ და ჩემს თავს იმ ნახვის დიდი სურვილით დაინტერესებულს იმით ვინუგეშებ, რომ ის ადგილები მიახლოვებით მაინც დავიარეთ, თუმცა უკვე სახე შეცვლილი და გათანამედროვებული, მთელი ჩემი იქ ყოფნის დროს მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა, ალბად უფრო გრძნობა იმ შეუცნობელი სიმძიმისა, რომელსაც ადგილობრივი ხალხის მზერის, ირანის ცხელი მზის და იმ მიწის სიუცხოვის, მათი რელიგიის ,,სიმძიმის’’ შედეგად, რომ ვგრძნობდი და იმაზე ვფიქრობდი, ალბად (ალბად კი არა სწორედაც!) ის ჩემზე ათასჯერ დამძიმებული იყო შირაზში ტყვეობით.
      როგორ უნდა ახსნას კაცის ენამ და გონებამ, თუ როგორ იტანჯებოდა თავის საქართველოს მონატრებული. დავიჯერო განა ბევრია ისეთი ქვეყნები, რომელთაც ასეთი შვილები ეზრდებოდათ? არა მგონია...


გზაში


ზამანი ხანის ხიდი


თეირანი


ისპაჰანი 1


ისპაჰანი 2


პერსეპოლისი


სტუმრად სამშობლოში


ფერეიდანი


ახჩა


თოლერი


მარტყოფი


პიტნიანი


ჰამადანი, ყუმი


ქაშანი


შირაზი