წმინდა ნინოს მომლოცველობითი გზა.

ფეხით – მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრიდან
ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტრამდე.


      წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) პილიგრიმთა გაერთიანებამ გადაწყვიტა მოეწყო ფეხით მსვლელობა მცხეთის სამთავრო მონასტრის დედათა მონასტრიდან ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტრამდე.
      შევადგინეთ სქემა, სადაც დატანილია მოსალოცი ადგილები, კილომეტრაჟი და ღამის გასათევი ადგილები. ჩვენი გადაწყვეტილება გავაცანით საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების თავმჯდომარეს მიტროპოლიტ დანიელს, მან მოიწონა ჩვენი გადაწყვეტილება და დაგვპირდა უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შევხვდებოდით და დაგვილოცავდა მომლოცველობით გზას.
      მართლაც, 2009 წლის 18 იანვარს საღამოს 22.00 საათზე საპატრიარქოში მოხდა შეხვედრა. უწმინდესმა დაგვლოცა ყოველივე ჩვენგანი, გადმოგვცა თითოეულს საჩუქრად 500 ლარი, სანთლები და შოკოლადები. მომლოცველთა ჯგუფი შესდგებოდა სამი კაცისაგან: გოგიტა მელიქიძე – ხელმძღვანელი, გიორგი ამუზაშვილი – უხუცესი პილიგრიმი და ზაზა მელიქიძე.
      ჩვენი მიზანი იყო ფეხით გაგვევლო ის მანძილი, რომელიც გაიარა მირიან მეფემ ცხენით 17 საუკუნის წინ, რათა მიახლებოდა ბოდბის მონასტერში წმინდა ნინოს, რომელმაც აღსასრულის ჟამს დაიბარა თავისთან, რათა უკანასკნელად დაელოცა ღვთივკურთხეული მეფე და სრულიად საქართველო.
      ახლა, როცა საქართველო მძიმე პერიოდში იმყოფება, გადავწყვიტეთ ფეხით გაგვევლო ის გზა, ლოცვით და გალობით მივახლებოდით წმინდა ნინოს საფლავს, რათა შეგვევედრებინა ყველა ცოდვების მიტევება, საქართველოს გადარჩენა და გამთლიანება.
      19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე დავესწარით წირვას, ვეზიარეთ და გავემართეთ სამთავროს მონასტერში. მაყვლოვანში საყდართან წავიკითხეთ წმინდა ნინოს დაუჯდომელი ლოცვები, ვემთხვიეთ წმინდა მეფე მირიანის და ნანა დედოფლის ხატებსა და საფლავებს, აგრეთვე მამა გაბრიელის საფლავს და გავწიეთ თბილისისაკენ.
      მცხეთასთან, მდინარე მტკვარზე განიბანა ჯგუფის ხელმძღვანელი. საღამოს 18.00 საათისათვის შევედით დიდუბეში, მსვლელობა გაგრძელდა 21 იანვარს დილის 9 საათზე. მოვილოცეთ დიდუბის, სიონის, აბო თბილელის, მეტეხის და სამების ეკლესიები. საღამოს 18.00 საათისათვის შევწყვიტეთ მსვლელობა ლილოს დასახლებაში.



      22 იანვარს დილის 9 საათზე მსვლელობა განახლდა. მოვილოცეთ სართიჭალის ეკლესია, საღამოს 17.00 საათზე მივედით სოფელ ნინოწმინდის დედათა მონასტერში, წავიკითხეთ წმინდა ნინოს დაუჯდომელი ლოცვები ახლადნაკურთხი წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში, შემდეგ მეუფის კურთხევით მანქანით წაგვიყვანეს სოფელ პატარძეულის მამათა მონასტერში, სადაც ღამე გავათიეთ. დილის 9 საათზე კვლავ განვაგრძეთ გზა. გავიარეთ საგარეჯო, თოხლიაური, მანავი. მანავში მოვილოცეთ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია. გზაში დავლოცეთ მაცხოვრებლები და გავიარეთ კაჭრეთი. საღამოს 18.00 საათისათვის მივედით სოფელ ბადიაურში. ღამე გავათიეთ ერთმორწმუნე ოჯახში და მეორე დღეს, ე.ი. 24 იანვარს განვაგრძეთ გზა.
      საღამოს შევჩერდით სოფელ ჩალაუბანში. 25 იანვარს, დილის 8 საათზე, მიუხედავად ძლიერი ყინვისა (-8; -10 გრადუსი) გზა გავაგრძელეთ ბოდბის ეპარქიისაკენ. ეპარქიის დასაწყისში ვისაუზმეთ პილიგრიმული საკვებით, გადავიღეთ ფოტო-სურათები და მაღალი შემართებით გზა განვაგრძეთ სოფელ ნუკრიაანისკენ, სადაც შევისვენეთ ტელე-ოპერატორის მოსვლამდე. მისი მოსვლის შემდეგ გზა განვაგრძეთ. საღამო მოახლოებული იყო, მონასტრამდე სულ რაღაც ერთი კილომეტრიღა დარჩა, გოგიტამ გადაწყვიტა შიშველი ფეხით განეგრძო გზა და ისე მიახლებოდა წმინდა ნინოს საფლავს. და მართლაც, ასე მოიქცა.



      მონასტერში მისვლისას დიდი სტუმართმოყვარეობით მიგვიღეს, დაგვაბინავეს იქვე მეზობლად მდებარე სახლში, გვატრაპეზეს, საღამოს ტაძარში დავესწარით წმინდა ნინოს დაუჯდომელის კითხვას.
      26 იანვარს მოგვცეს მორჩილება, ყინულისა და თოვლის საფარისაგან დაგვესუფთავებინა წმინდა ნინოს წყაროს ტერიტორია და შეშით მოგვემარაგებინა.


      საღამოს ვიტრაპეზეთ, დავესწარით საღამოს ლოცვას, რომელიც დაიწყო 20.00 საათზე. შემდეგ შესვენება 2 საათი და კვლავ გაგრძელდა წირვა, ვეზიარეთ წმინდა საიდუმლოს.
      27 იანვარს, დილით წირვა აღასრულა მეუფე დავითმა. შემდეგ გაიმართა საზეიმო ტრაპეზი, დავემშვიდობეთ მონასტრის დედებს და საღამოს სამარშრუტო ტაქსით დავბრუნდით თბილისში.

უხუცესი პილიგრიმი გიორგი ამუზაშვილი.
27.01.2009 წელი.




ფოტო-გალერეა I


ფოტო-გალერეა II


ფოტო-გალერეა III


* * *

      შენ გაიხარე ჩემო გუგუა, ამდენი სიკეთის მთესველო, შენ გაიხარე თუნდაც იმიტომ რომ დღე-გამოშვებით მატირებ გულ-ამომჯდარს. ამ ტირილში ცუდს ვერაფერს ვხედავ. შენ და შენმა საიტმა კიდევ უფრო თვალნათლივ დამანახვეთ თუ რამდენი ტანჯვა გადაიტანა ჩვენმა, მართლაც რომ ბედკრულმა საქართველომ. რა სიამოვნებით შევუერთდებოდი "წმინდა ნინოს მომლოცველობით გზა"-ზე ფეხით წასულ მომლოცველთა ჯგუფს, რათა მათთან ერთად მეც აღმესრულებინა ლოცვები. მაგალითად მოვიყვან უხუცესი პილიგრიმის, გიორგი ამუზაშვილის სიტყვებს: "ახლა, როცა საქართველო მძიმე პერიოდში იმყოფება, გადავწყვიტეთ ფეხით გაგვევლო ის გზა, ლოცვით და გალობით მივახლებოდით წმინდა ნინოს საფლავს, რათა შეგვევედრებინა ყველა ცოდვების მიტევება, საქართველოს გადარჩენა და გამთლიანება". ღმერთი იყოს შენი და ჩვენი ქვეყნის მფარველი. მედეა სიხარულიძე. აშშ.