სამშობლო პირველად ფერეიდანში ვიგრძენი

ინტერვიუ ჟურნალისტ მაია ასათიანთან
(იბეჭდება შემოკლებით)
შემეცნებით-გასართობი სამედიცინო ჟურნალი «ავერსი», 3 (21), 2006


      ოცდათხუთმეტწუთიანი ფილმი ფერეიდნელ ქართველებზე, რომელიც ცოტა ხნის წინ აჩვენა «დროებამ», ერთ-ერთ საუკეთესო სიუჟეტად დასახელდა. მისი ავტორი მაია ასათიანი გახლდათ. თუმცა, ალბათ, შეუძლებელია, ნახევარ საათში ჩაატიო ამ შორეული და ამასთანავე ყველა ქართველისათვის ახლობელი სპარსული ოლქის ამბავი, ტკივილი და მონატრება, რომელიც იქ საუკუნეებია ცოცხლობს...
      სწორედ კადრს მიღმა დარჩენილ დეტალებზე გვესაუბრა მაია «იმედში», სანამ ახალი სიუჟეტის დასასრულებლად სამონტაჟო ოთახში შევიდოდა.

* * *

      ფერეიდანში წასვლა ჩემი «დროებაში» მისვლის პირველივე დღეს დაიგეგმა. გიორგიმ მკითხა, რაზე გინდა ყველაზე მეტად სიუჟეტის გაკეთებაო და მეც ჩემი დიდი ხნის ოცნება გავუმხილე – ფერეიდნელ ქართველებზე-მეთქი. გიორგი მაშინვე დამთანხმდა.
      ცოტა არ იყოს, დავიბენი, იმდენად ახლოს აღმოვჩნდი ჩემს ოცნებასთან, მერე კი, როცა ფეხი დავდგი იმ მიწაზე და ვნახე იქ მცხოვრები ხალხი, რომლის შესახებ ბევრი წამიკითხავს, გამიგონია და მიფიქრია, უმძაფრესი განცდა დამეუფლა. ხშირად მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: სპარსეთში, ორთოდოქსი მუსლიმანების გარემოცვაში ვიგრძენი, რა არის სამშობლო, ოღონდ ეს სამშობლო ჩემსავე თავში ვიპოვე...
      გამოგიტყდებით, თავიდან შემეშინდა კიდეც. გამუდმებით ვეკითხებოდი ჩემს თავს: ეს ხალხი, რომელიც მთელი ცხოვრება იმაზე დარდობს, რომ მოწყვეტილია თავის გურჯისტანს, საქართველოში ჩამოსვლა ოცნებად აქვს ქცეული და სამშობლო რაღაც მითიურ ქვეყნად წარმოუდგენია, რომ ჩამოვა, ვაითუ იმედი გაუცრუვდეს-მეთქი...
      * შენი სიუჟეტის გმირები ხომ წამოვიდნენ საქართველოში?..
      - არია და შაჰინი... ვცდილობდი დამერწმუნებინა, ფეხით არ წამოსულიყვნენ, მაგრამ ვერაფრით გადავათქმევინე: ფეხით უნდა გავიაროთ გზა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ტანჯვა-წამებით განვლესო. აგვისტოში მაინც ნუ წამოხვალთ, ცხელა-მეთქი, ვთხოვე, მაგრამ ამაოდ.
      კი, ჩამოვიდნენ და ბედნიერი ვიყავი, როცა მათთვის ეს ზუსტად ის ლეგენდარული ქვეყანა აღმოჩნდა, რომელიც ცისარტყელას მიღმა არსებობს... მაგრამ აქ თუ დასახლდებიან ისინიც და სხვებიც, არ ვიცი, მივიღებთ კი სიხარულით, ვაჩუქებთ კი იმ სითბოსა და სიყვარულს, რომელიც პირადად მე ვიგრძენი მათგან?..
      * თავიდანვე არ გაგჭირვებია მათთან ურთიერთობა? ადვილად გთანხმდებოდნენ ინტერვიუზე?
      - ამერიკასა თუ ევროპაში უამრავ ქართველ ემიგრანტს შევხვედრივარ, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ქართული ტრადიციები, განსაკუთრებით – სტუმარმასპინძლობის ადათი, ყველაზე უკეთ საქართველოდან 400 წლის წინ გადასახლებულ ქართველ მუსლიმანებს შეუნარჩუნებიათ.
      დიდია ფერეიდანი, მაგრამ ჩავედით თუ არა, მაშინვე მთელ ოლქს მოედო ამბავი, გურჯისტანიდან ჩამოვიდნენ და უნდა ვუპატრონოთო. ძალიან დასწყდათ გული, როცა გაიგეს, ორ დღეზე მეტხანს ვერ დავრჩებოდით. იქ წარმოუდგენელია, მუსლიმანმა ქალმა ჩადრი მოიხადოს. მეც 45 გრადუს სიცხეში თავიდან ბოლომდე შებურული ვიყავი. მუშაობა კი არა, სუნთქვა მიჭირდა... სახლში შემიპატიჟებდნენ თუ არა, მეტყოდნენ, ახლა საქართველოში ხარ, მოიხსენი ჩადრი და თავისუფლად იყავიო, მერე კი მეკითხებოდნენ, როგორია საქართველო, ხალხი როგორია, კიდევ ვახსოვართ თუ არა გურჯისტანშიო, ცრემლს ძლივს ვიკავებდი...
      * მათი კილო თუ გესმოდა?
      - ფერეიდნულ ქართულში უკვე ძლიერია სპარსული დიალექტის გავლენა, უამრავი სპარსული სიტყვაა დამკვიდრებული, თუმცა უმეტესად ქართული ლექსიკით მეტყველებენ. თავიდან მართლა გაგვიჭირდა, მაგრამ მერე და მერე გავუგეთ ერთმანეთს. ბევრი წმინდა ქართული გამოთქმა პირველად ფერეიდანში გავიგე. თან ისეთი ტკბილი კილო აქვთ... ჩემდაუნებურად ახლაც ხშირად წამომცდება ხოლმე იქაური გამოთქმები. ერთი განსაკუთრებით დამამახსოვრდა და როცა ჩემთვის ძვირფას ადამიანს ვემშვიდობები, ვეუბნები ხოლმე – ღმერთს ებარებოდე!..
      * ყოფით პირობებთან შეგუება ძალიან გაგიჭირდა?
      - მე ფერეიდნის მიყრუებულ სოფლებში ვიყავი და ჩვენთვის, ასე თუ ისე მაინც ევროპულ ყაიდაზე გადაწყობილი ხალხისთვის, ასეთ ღრმა აზიურ ტრადიციებთან შეხება, ცხადია, ძალიან რთული გამოდგა. სულ ჩადრით მიწევდა სიარული, თანაც იქაური საზოგადოება აქტიურ ქალებს არ არის მიჩვეული, არადა, როცა ჟურნალისტი ხარ და მასალაზე მუშაობ, ძალაუნებურად უნდა იაქტიურო, მორჩილი და თავდახრილი ვერ იქნები... იყო ადგილები, სადაც ფეხშიშველს უნდა გევლო, მაგიდის ნაცვლად იატაკზე გვესადილა... ღამეც იატაკზე მეძინა, ჩემს ოპერატორს – მამაკაცების, მე კი მანდილოსნების ოთახში.
      * ვიცი, რომ შაჰ-აბასის საფლავიც ნახე...
      - მოგეხსენებათ, იქ დიქტატურაა და ჟურნალისტებს ასე იოლად მოძრაობა არ შეუძლიათ. ამის თაობაზე წინასწარ უნდა შეუთანხმდე სპეციალურ სამსახურს. მეც შევატყობინე, რომ შაჰ-აბასის საფლავის გადაღება მინდოდა. გავოცდი, როცა აღმოვაჩინე, რომ არავინ იცოდა, სად იყო დაკრძალული მათთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ისტორიული პირი. დაუკავშირდნენ მეცნიერებს, ისტორიკოსებს, მოკლედ, უამრავი ხალხი შეაწუხეს, რომ ეს ადგილი როგორმე ეპოვათ. არადა, ჩვენთან ისტორიის ყველა სახელმძღვანელოში წერია, რომ შაჰ-აბასი დასაფლავებულია ქალაქ ქაშანში, ერთ-ერთ მეჩეთში.
      ვიზიტის ბოლო დღეს დაგვირეკეს და გვითხრეს, ნებას გაძლევთ, დაათვალიეროთ, მაგრამ არ გადაიღოთო. დავკიდე ყურმილი და უცებ ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი – გამახსენდა ხალხი, რომელსაც ამ დღეებში შევხვდი, მათი დარდითა და მონატრებით სავსე სიტყვები... ახლა კი მივდიოდი იმ კაცის საფლავის სანახავად, რომელმაც ერთი ხელის მოსმით თაობების ბედი გადაწყვიტა.
      ძალიან უბრალო სამარე აღმოაჩნდა შაჰ-აბასს: პატარა მეჩეთში იდო შავი ლოდი, რომელზეც ზემოდან სამშენებლო მასალები ეყარა. ძლივს მივხვდით, რომ სწორედ ეს იყო დიდი სპარსი მეფის განსასვენებელი.
      მეჩეთში არავინ იყო და გავბედეთ – გადავიღეთ, სთენდ-აფიც ჩავწერეთ.
      უკვე წამოსვლის დრო იყო. უკანასკნელად შევავლე თვალი შაჰ-აბასის საფლავს, კაცისა, რომელმაც ჩვენს ქვეყანას ამდენი ტკივილი მიაყენა და უცებ საოცარი სიამაყე დამეუფლა: მისი სამარე სპარსეთში თითქმის აღარავის ახსოვს, ჩვენ კი ვცოცხლობთ და მის მიერ გადმოსახლებული ხალხი 400 წლის შემდეგაც ქართულად ლაპარაკობს, ნანატრ გურჯისტანზე ლეგენდებს ჰყვება და უმღერის!..
      პათეტიკა არ მიყვარს, მაგრამ იქ, ფერეიდანში, გამუდმებით მდევდა ეს განცდა. სუფრაზე რომ ცრემლმორეულები სამშობლოს სადღეგრძელოს იტყვიან ხოლმე, აი, სწორედ ისე განვიცადე ფერეიდანში საქართველო. ამისათვის ნამდვილად ღირდა ჟურნალისტობა!

სოფო ხუციშვილი