ბადრი ქუთელია – «ჩემთვის მთელი დედამიწა საქართველოა...»



      დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს მოსკოვში მცხოვრები ქართველი სოციოლოგი, ბატონი ბადრი ქუთელია ეწვია. ბატონი ბადრი ემიგრაციაში იმ განუკითხაობის ჟამს წავიდა, როდესაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება იარაღის ძალით დაამხეს. ბატონი ბადრი პრეზიდენტის პრესსამსახურში მუშაობდა... შემდეგ სამშობლოს დატოვება მოუწია, მრავალი წელია საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს. როგორ მოხდა ეს ყველაფერი, უჭირს თუ არა ქართველ პატრიოტს რუსეთში ცხოვრება, რას აკეთებს და რას აპირებს იგი..


      – დავიბადე და გავიზარდე თბილისში, თბილისში დავამთავრე უნივერსიტეტი, შემდეგ უნივერსიტეტში სოციოლოგიის კათედრაზე ვმუშაობდი. მოსკოვში ვსწავლობდი ასპირანტურაში სოციოლოგიის განხრით, როდესაც რუსეთიდან დავბრუნდი ფიზკულტურის კვლევით ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა, შემდეგ კვლავ უნივერსიტეტს დავუბრუნდი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ქართული პრესის კვლევის ლაბორატორიაში ვმოღვაწეობდი. 1991 წლიდან, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში, უზენაეს საბჭოში ვმუშაობდი ინფორმაციისა და პროგნოზირების ცენტრში, შემდეგ დაიწყო არეულობა და ეს ცენტრი მალე დაიხურა. რაღაცის გაკეთება მაინც მოვასწარით, მაგალითად, დეპუტატებისთვის რამდენიმე ბიულეტენი შევქმენით. ერთი ბიულეტენი განსაკუთრებულად კარგად დამამახსოვრდა. საქმე სამხრეთ ოსეთს ეხებოდა. უცნაური ის იყო, რომ აი, ამ უაღრესად ღატაკ რეგიონში თხუთმეტი წლით ადრე, ვიდრე ჩვენ კვლევას ჩავატარებდით, უცბად შემოუტანიათ დიდძალი ოდენობის ფული.
      – ეს სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა?
      – არა, ჩვენ ეს დასკვნა დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე გამოვიტანეთ.
      – როგორ დასახლდით მოსკოვში?
      – როდესაც უზენაეს საბჭოში ინფორმაციისა და პროგნოზირების ცენტრი დაიხურა, საქართველოში სიტუაცია უკვე არეული იყო. მაშინ პრეზიდენტის პრესსამსახურში რეფერენტად დავიწყე მუშაობა. თავიდან ძალიან კარგად ვმუშაობდით, მაგრამ პრეზიდენტი დაამხეს და... 1993 წელს მოსკოვში წავედი, 1994 წლიდან მუშაობა დავიწყე, ოჯახიც იქ გადავიყვანე. მას აქეთ რუსეთში ვცხოვრობ.
      – ურთიერთობთ თუ არა რუსეთის ქართულ დიასპორასთან?
      – მე 1989-1990-იან წლებშიც მქონდა ურთიერთობა ქართველთა სათვისტომოსთან რუსეთში. 2003 წელს ჩვენც ვიგრძენით, რომ საქართველოში რაღაც სიახლე იყო მოსალოდნელი. სათვისტომოში მივედით და განვაცხადეთ, რომ ახლა გვმართებს აქტიურობა, ვინაიდან, ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალა და სასიკეთო ძვრებია მოსალოდნელი. ყველას გაუხარდა, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგა, მოგეხსენებათ, მუშაობის ახალ ყაიდაზე გადასვლა ჭირს, ალბათ, ახალი სისხლია საჭირო. მაგრამ, მომავალში, როდესაც მართლაც მოხდა საქართველოში ცვლილებები, დიასპორაც გააქტიურდა. მე შევქმენი ჩვენი სათვისტომოს საიტი და დღემდე ვაგრძელებ ურთიერთობას, არა მხოლოდ, სათვისტომოსთან, არამედ, საერთოდ მოსკოვში მცხოვრებ ქართველებთან. მოსკოვში არის ქართველთა დიასპორა „ძალისა", „ქართველთა საზოგადოება რუსეთში", ორგანიზაცია „ლაზარე" და ა.შ.
      ორიოდ სიტყვა მინდა ვთქვა, ბატონი თამაზ ჯანდიერის შესახებ. „ძალისას" ხელმძღვანელი, თამაზ ჯანდიერი, შეიძლება ითქვას, მოსკოვში მცხოვრები ერთადერთი ქართველია, რომელმაც დუმის დეპუტატებს საპროტესტო წერილი მისწერა აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სადაც მან რუსეთის ქმედებას აგრესია უწოდა, გარდა ამისა, როგორც ქრისტიანმა გააფრთხილა დუმის წევრები, რომ ღვთის წინაშე პასუხს აგებს ყველა, ვინც საქართველოს წინააღმდეგ ამ არაქრისტიანულ ომში გაახვია ქვეყანა.
      – ახლა, რას გვეტყვით თქვენი საქმიანობის შესახებ?
      – 2004 წელს შეიქმნა ლაბორატორია, (მიმართულება ანალიზის დონეზე სიტუაციების შესწავლა), რადგან სოციოლოგი ვარ, ბუნებრივია, კვლევაც მოიაზრება. 2004 წლიდან 2007 წლის ჩათვლით, ძალიან აქტიური შეხვედრები გვქონდა. ამ შეხვედრებში მონაწილეობას იღებდა 7-დან 26-მდე ადამიანი, 2009 წლის შემოდგომაზე ვგეგმავთ ღონისძიების ჩატარებას. ვაპირებთ ჩვენი საიტის განახლებას, რაც ვგონებ, აუცილებელია. ჩემი აზრით, თუ როგორია საიტი ამას დღეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე თავად ჩატარებულ ღონისძიებებსა და შეხვედრებს. მოგეხსენებათ, ინფორმაციის გავრცელების გარეშე შეხვედრებისა და ღონისძიებების შესახებ საზოგადოება ვერაფერს გაიგებს, შესაბამისად, ინტერესიც ნაკლები იქნება.
      – სოციოლოგიური გამოკვლევები რას გვიჩვენებს, რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში?
      – ჩვენ 1995 წელს ჩავატარეთ გამოკითხვა, შემდეგ 2005 წელს. რის შედეგადაც ცნობილი გახდა, რომ მოსკოვში დაახლოებით 300.000-ზე მეტი ქართველი ცხოვრობს, რუსეთში 600.000.-დან 800.000-მდე. თუ ვინმე ამგვარ ციფრს ასახელებს, ეს მისი ვარაუდია, ჩვენ კვლევის შედეგებს ვეფუძნებით. ბოლო გამოკითხვა 2007 წლის ზაფხულში ჩატარდა. ამჯერად, გვაინტერესებდა თუ როგორ ცხოვრობენ ქართველები რუსეთში. აღმოჩნდა, რომ ქართველები გაცილებით უკეთ ცხოვრობენ, ვიდრე რუსეთში არსებული საშუალო ფენა.
      – აპირებთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას?
      – 95 % რუსეთში მცხოვრები ქართველებისა საქართველოში დაბრუნებას აპირებს. პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ეს არ არის მარტივად ასახსნელი საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ წასვლის დღიდან საქართველოში ჩამოსვლას ვაპირებ, ვერ მივიღე და გავითავისე უცხო ქვეყანა... ხანდახან ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ქართველი მხოლოდ საქართველოში ჩაიკეტოს, თუ ჩავიკეტებით საქართველოში და სხვაგან არსად წავალთ, მაშინ ვიღაც სხვა აუცილებლად შემოვა და აქვე ჩაგვკლავს. საქართველო არის ჩვენი სამშობლო, სახელმწიფო, რითაც ვსულდგმულობთ, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევძლოთ მის გარეთ არსებობა და მოღვაწეობა, ჩვენივე ქვეყნის საკეთილდღეოდ. საქართველოს ძლიერი დიასპორა სჭირდება. ჩემთვის მთელი დედამიწა საქართველოა.
      – დიდი მადლობა.

http://www.diaspora.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=77&info_id=776
განთავსების თარიღი: 2009-07-14




ფოტო განსჯისათვის


      მოსკოვი, კრჟიჟანოვსკის ქუჩა. 1980 წლიდან – „სალხინო” – „ქართული სამზარეულო“. 2006 წლიდან – ჯერ, „რუსული, ევროპული და კავკასიური სამზარეულო“. ცოტა ხანში სიტყვა „კავკასიური“ იცვლება სიტყვით – „ქართული“, რომელიც ამჟამად საერთოდ გადაწებილია...
      ფოტოს მოწოდებისათვის უღრმეს მადლობას მოვახსენებ ბატონ ბადრი ქუთელიას. ”ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ლაბორატორია”. მოსკოვი. რუსეთი.


 


* * *
ჩვენ და ჩვენი სამყარო დღეს
მოსკოვის ქართული დიასპორის 2007 წლის აგვისტო-სექტემბრის გამოკითხვის შედეგები # 01
 


სტატია დაიბეჭდა ჟურნალ თანამემამულეს 27-ე ნომერში.
ჟურნალის საიტის მისამართია http://www.tanamemamule.eu

ბადრი ქუთელია, სოციოლოგი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატი
მოსკოვი, სოციოლოგიის ინსტიტუტი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემია
ქართული დიასპორის სამოქალაქო ჯგუფის საზოგადოებივი ლაბორატორია

ქართველები რუსეთში: მიგრაცია და დიასპორა (სტატიის საჟურნალო ვარიანტი pdf ფორმატში)

მიგრაცია და კერძოდ, გარე მიგრაცია, დიასპორის წარმოქმნის აუცილებელი პირობაა. დიასპორა წარმოშობის ადგილიდან განბნევას, განთესვას ნიშნავს და მას ახლავს თან ისეთი პროცესები, როგორიცაა აყრა, გადასახლება და, ამასთან ერთად, საკუთარი კულტურისადმი ერთგულების შენარჩუნება. დიასპორის თავდაპირველი მნიშვნელობა უცხო მხარის კოლონიზაცია, საკუთარი კულტურისა თუ ცივილიზაციის სხვა მიწებზე გადატანა იყო. მაგალითად, ბერძნებს თავიანთი მსოფლხედვა და ცხოვრების წესი სხვა ხალხებში და ტერიტორიებზე გაჰქონდათ, რაც ამ ახალი ქვეყნებისათვის ცუდი არ იყო. ასევე დადებითი მნიშვნელობა ჰქონდა რომაული წესის გატანას გარშემო ქვეყნებში, ევროპული დასახლებების წარმოქმნას სხვადასხვა კონტინენტებზე. თუმცა ასეთ შერევას ბევრი უბედურებაც მოჰქონდა...  მოგვიანებით დიასპორამ ერთგვარად საწინააღმდეგო მნიშვნელობა შეიძინა ­­— არა ცივილიზაციის ფორმის გატანა კოლონიზაციის საშუალებით, არამედ ადამიანთა ჯგუფების სურვილის წინააღმდეგ მათი აყრა შეჩვეული ადგილებიდან და სხვაგან იძულებით გადასახლება. დიასპორას ალბათ მესამე გაგებაც აქვს — არა მხოლოდ საკუთარი ”ჭარბი” კულტურის გატანა ან იძულებითი აყრა მშობლიური მიწიდან, არამედ უკეთესი პირობების საძიებლად სხვაგან გადასახლება.

როგორც ვხედავთ, მიგრაცია და დიასპორა ერთმანეთს ემთხვევა და ორთავე გადასახლებასთან არის დაკავშირებული. მიგრაციის მიზეზიც შეიძლება იყოს უკეთესი საცხოვრისის ძებნა, კულტურის ზემოქმედების არეალის გაფართოება იმის გამო, რომ კულტურას (ეკონომიკას) აღარ ჰყოფნის ათვისებული ტერიტორიები, იძულებით გადასახლება. მაგრამ მიგრაციის შემთხვევაში მის მიზნად ან შინაარსად არ მოიაზრება კულტურული ტრადიციონალიზმი, მაშინ, როცა დიასპორის გაგების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სწორედ ტრადიციული კულტურის ერთგულებაა.

ასე რომ, მიგრაციის შედეგად დიასპორა წარმოიშობა, თუკი თავისი ჩამოყალიბების ან ეროვნული ინსტიტუციალიზაციის ადგილს მოწყვეტილი ადამიანთა დიდი ან მცირე ჯგუფი ორგანიზაციულ ფორმებს შეიმუშავებს კულტურული თვისობრიობის ძირითადი მაჩვენებლების შესანარჩუნებლად, როგორიცაა ენა, ოჯახური ტრადიციები, სოციალური კომუნიკაციის ხერხები.

რა მიმართებებია მიგრაციასა, დიასპორასა და ქართველობას შორის?

საბჭოთა დროიდან მოყოლებული, დღემდე ითვლება, რომ ქართველები მიწას ”მიჯაჭვული” ერია და გადასახლებას ვერ ეგუება:  ერთი, რომ ძნელად ტოვებს მამა-პაპის სამკვიდრებელს და მეორე, სხვაგან წასული ადვილად ადაპტირდება ახალ გარემოში. იოლი შემგუებლობის მიზეზად ზოგი არასაკმარის ეროვნულ სიმტკიცეს ასახელებს, მაგრამ, ჩემი აზრით, აქ უფრო მნიშვნელოვანია ქართვული ეროვნებისათვის დამახასიათებელი კულტურული ღიაობა, რომელიც პიროვნულ თავისებურებებში ვლინდება. შეიძლება ვთქვათ: ქართველთა სიმცირე სხვათა ქვეყნებში არა იმდენად მიგრაციის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებით არის გამოწვეული, რამდენადაც ზემოთ აღნიშნული გულღიაობითა და ტოლერანტულობით (თუ თანამედროვე ტერმინს ვიხმართ). ისტორიულად ქართველი სხვის უფლებათა დასაცავად უფრო გამოიდებდა ხოლმე თავს, ვიდრე საკუთარის, ზოგჯერ გაუმართლებლადაც. ასე რომ ჩვენი შინმჯდომელობა სინამდვილეს არ შეეფერება და ჩვენი გეოგრაფიული არამობილურობა უფრო ბოლო დროის მითია.

მართალია, ვერ შევედრებით ებრაულ ერს, რომლის არსებობის ფორმაც დიასპორული იყო საუკუნეების განმავლობაში (იძულების, უკეთესის ძებნის თუ სახელმწიფოს უქონლობის გამო), სომხებს, რომელთაც ბევრ ქვეყანაში შეხვდებით, ევროპელ ერებს, რომლებსაც ცივილიზაციური ”სიჭარბე” აიძულებდა ახალი სამშობლოები შორეულ მიწებზე მოეძებნათ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მიგრაცია ქართველთათვისაც არ იყო უცხო.

მესოპოტამიის და ანატოლიის და ნაყოფიერი ნახევარმთვარის სხვა ნაწილებზე მდებარე უძველესი სახელმწიფოების განადგურების შედეგად ქართველთა მონათესავე მიგრანტებმა საქართველოში სახელმწიფოებრიობის კულტურა შემოიტანეს, რასაც კოლხეთისა და იბერიის აღმოცენება მოჰყვა. ქართველი ქრისტიანი ბერების მოღვაწეობის არეალი ევროპასა და არაბეთის ნახევარკუნძულს მოიცავდა, მეფეთა ლაშქრობის კვალი ავღანეთსა და ინდოეთშია აღბეჭდილი. ეს უფრო ნებაყოფლობითი ან ნახევრად ნებაყოფლობით მიგრაციის შედეგები იყო. გვაქვს სხვა მაგალითებიც - მამელუქებისა და იანიჩარების, გატაცებული ქართველების, რომელთაგან მხოლოდ მცირეთ მოახერხეს ხსოვნა შემოენახათ. ოთხასი წელია სპარსეთში ცხოვრობენ იძულებით გადასახლებულ ქართველთა შთამომავლები, რომლებსაც ქართველობაში შეიძლება ვერც გაეჯიბრო. თურქეთში ყველაზე დიდი დიასპორაა ქართველებისა, თუმცა ისინი მიგრაციის შედეგად არ წარმოშობილან. ისტორიული პროცესების გამო მეზობელ ქვეყანაში აღმოჩნდნენ, სადაც დღეს არ არსებობს ქართული ეროვნულობის შენარჩუნებისათვის აუცილებელი ფორმალური ინსტიტუტები და სახელმწიფო სტრუქტურები, მაგრამ სადაც შენახული აღმოჩნდა ტრადიციოლი აღზრდის სოციალური ინსტიტუტი. დღეს ჩვენი კულტურული ძირების გასაცნობად და შესასწავლად არა მხოლოდ საქართველოს კუთხეებში უნდა ვიაროთ, არამედ ლაზეთში, ჭანეთში, ბურსას, ართვინსა და ტრაბზონში თუ მაჭახელას ხეობაში შემორჩენილი კულტურული სიმდიდრე უნდა შევისწავლოთ.

ცალკე თემაა ჩრდილოეთის მიმართულება. იმის გამო, რომ, ბოლო დრომდე, ევროპისაკენ მიმავალი დასავლეთის გზა ჩაკეტილი იყო რუმის სასულთნოს მიერ, საიმედო მიმართულებად ჩრდილოეთი რჩებოდა. უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში ევროპულ ცივილიზაციასთან გაცვლითი ურთიერთობა რუსეთით იყო გაშუალებული. ამ გაშუალებულმა ურთიერთობამ ბევრი კარგი მოგვიტანა და ბევრიც ცუდი. რუსეთის ცარიზმმა ევროპის გზა კი მოგვცა, მაგრამ სხვა აღმოსავლურ დესპოტიებზე ნაკლებად არ დაუკლია ხელი ჩვენი შეცვლის მცელობისათვის. საბჭოთა პერიოდმა და ისტორიული მატერიალიზმის ბატონობამ მატერიალიზმის სრული გაბატონებით და რელიგიურ-მორალური დაკნინებით ერთმანეთს დაგვამსგავსა კავკასიური, სლავური თუ თურქულენოვანი მოდგმის ხალხები.

რუსეთი ჯერ კიდევ მანამდე იქცა ქართული გარე მიგრაციის დანიშნულების ადგილად, ვიდრე იგი ჩვენი მეზობელი გახდებოდა. მოსკოვის სამეფოსა და შემდეგ რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ადგილებში გაფანტულ ქართულ კოლონიებში ჯერ შენარჩუნებულ იყო ქართული წესი და ემიგრაციაში მყოფი მეფის კარისათვის დამახასიათებელი შიდა კომუნიკაციური დამოკიდებულებები. მოგვიანებით კი, კოლონიების დაფანტვისა და დიასპორების დაქუცმაცების გამო ქართული დიდებულების კლასი და მათ გაყოლილი ”საშუალო” ფენა რუსულ ბიურიკრატიასა და მმართველ წრეებში გაითქვიფა. ადრე ქართველებით დასახლებულ ზოგიერთ სოფლებში კი (მაგალითად, სოჭის შავიზღისპირა რეგიონში) ქართველი საერთოდ აღარ დარჩა. თუმცა ტოპონიმიკამ ბევრი სახელი შემოინახა.

იმის გამო, რომ ბოლო ორასი წლის განმავლობაში გამორიცხული იყო რუსეთის იმპერიის საზღვრებს გარეთ რაიმენაირი ურთიერთობა, ქართული საზოგადოებრიობისათვის ჩვეული გახდა სწორედ ჩრდილოეთით გადაადგილება, როცა ამის სურვილი გაუჩნდებოდა ან საჭიროება აიძულებდა. ”დამნაშევე” ქართველებს სულაც ციმბირისკენ ასახლებდნენ. თუმცა სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა აზრი, რომ ქართველებს საცხოვრებლად სხვაგან წასვლა არ უყვართ. 

შეიძლება ასეც იყო. საბჭოთა პერიოდის ბოლო დროისათვის მოსკოვში, დიდი სახელმწიფოს უდიდეს ქალაქში, საითკენაც ყველა სხვა ერები მიისწრაფოდნენ, სადაც ძლიერ ვუყვარდით 50-იან წლებამდე (”მოი გრუზინჩიკ”) და სადაც ჩვენი შურდათ 60-80-იან წლებში (”გრუზინ სპეკულიანტ”, ”კაპიტალისტ”), მხოლოდ 39 ათასი ქართველი ცხოვრობდა (მართლაც მცირეა, თუ გავითვალისწინებთ მჭიდრო ურთიერთობებსა და რუსეთში მიგრაციის 300-400 წელს).

სწორედ ბოლო ორასი წლის განმავლობაში მიღებული ჩვევის გამო და იმის გამო, რომ ჩრდილოეთის მიმართულება ყველაზე იოლი ასარჩევი იყო საზღვრის გადაკვეთის თვალსაზრისით, 1991 წლის შემდეგ, როცა დასრულდა საბჭოთა კავშირი, ქართველ მიგრანტთა ტალღამ რუსეთს მიაშურა. აუცილებელია აღვნიშნოთ - ამის მიზეზი იყო არა ნოსტალგია საბჭოურის მიმართ, არამედ პირიქით, 1992 წელს საქართველოში დაბრუნებული საბჭოური ნომენკლატურისაგან თავის გარიდება.

ჩვენი სტატიის თემა სწორედ რუსეთში ქართველთა მიგრაციის და დიასპორის ფორმირების საკითხია, ამიტომ უფრო დაწვრილებით შევეხოთ შესაბამის სტატისტიკასა და არსებული სოციოლოგიური გამოკითხვების მონაცემებს*.

რამდენი ვართ?

გარე მიგრაციის პრობლემა კარგად აქვთ შესწავლილი საქართველოს დემოგრაფებს. ჩვენ მათ ნაწილობრივ დავეყრდნობით. შედარებით მეტს ვისაუბრებთ მოსკოვში ჩატარებული მცირე სოციოლოგიური გამოკვლევების შესახებ, თუნდაც იმის გამო, რომ ისინი უნიკალურია.
დავიწყოთ იმით, რომ ბოლო საბჭოური აღწერის მიხედვით 1989 წლისათვის მოსკოვში 39 ათასი ქართველი იყო. მათგან ის, რომ ისინი დიასპორა იყვნენ, მცირეს თუ ჰქონდა გაცნობიერებული. ძირითადი ნაწილი ერთიან საბჭოთა კულტურულ ფერხულში იყო ჩაბმული. საჭირო იყო მომხდარიყო 1991 წლის 9 აპრილი, რომ თვალი აგვხელოდა და 1992 წლის ნომენკლატურული რევანში თავისი შედეგებით, რომ საქართველოდან ქართველთა ახალ მრავარლირცხოვან ტალღას ახალი საზოგადოებრივი პრიორიტეტები ჩაეტანა მოსკოვშიც და სხვაგანაც.

ვნახოთ, როდის და რამდენი ჩამოვიდა საქართველოდან მოსკოვში მეოცე საუკუნის შუა წლებიდან.
კითხვაზე, რომელი წლიდან ხართ რუსეთში, პასუხები ასე განაწილდა:
(შედარებულია 1995 და 2007 წლის გამოკითხვები მოსკოვში)


მიგრაციის დინამიკა     გამოკითხვის თარიღი: სექტემბერი, 2007,  n=60

გამოკითხვის თარიღი: მაისი, 1995,  n=54

პერიოდი

კუმულაციური % და ზრდის ტემპი %-ში

წლები

 

პერიოდი

კუმულაციური % და ზრდის ტემპი %-ში

წლები

დათბობის ხანა

ეკ.ლიბერალიზმი

15,5  (↑15)

1958
-
1971,7

 

დათბობის ხანა

9.3

(↑09.3)

1956-1964

 

ეკ.ლიბერალიზმი

20.4

(↑11.1)

1965-1972

რეაქცია (ზასტოი)

31,7  (↑16)

1972-1983,0

 

რეაქცია (ზასტოი)

38.9

(↑18.5)

1973-1984

პერესტროიკა

38,3  (↑07)

1984-1989,0

 

პერესტროიკა

42.6

(↑03.7)

1985-1989

დამოუკიდებლო-ბის აღდგენა

40,0  (↑02)

1990-1991,0

 

დამოუკიდებლო-ბის აღდგენა

44.4

(↑01.9)

1990-1991

ნომენკლატურის რევანში

93,3  (↑53)

1992-2003,0

 

ნომენკლატურის რევანში

100.0

(↑55.6)

1992-1995

ვარდის კოკორი (ვარდის ეკალი)

98,3  (↑05)

2004-2004,0

ვარდების რევოლუცია

100   (↑02)

2005-2006,5

>>ნახე დიაგრამა

ამ გამოკითხვათა ერთერთი მიზანი იყო გვეცადა გაგვერკვია, თუ რა რაოდენობა შეადგინა ქართველობამ. ანალიზი გვიჩვენებს, რომ 1989 წლის ქართველთა  რაოდენობა მოსკოვში 2-ჯერ და მეტად გაიზარდა; ე.ი., 1995 წლისათვის დაახლოებით 100 ათასი შეადგინა. საქართველოდან მოსკოვში მიგრაცია ნაკლები იყო პერესტროიკისა და დამოუკიდებლობის აღდგენის წლებში (1984-1989, 1990-1991 წწ.), ხოლო 1993-1995 წლებში ემიგრაციამ უპრეცედენტოდ მოიმატა. მისი ტემპი დაეცა 2003 წლისათვის, მაგრამ მაინც მაღალი იყო - საშუალოდ წელიწადში 5%-მდე. 1992-1995 წლებში კი მიგრაციის მატების ტემპი 15% იყო წელიწადში. 2004 წელს ჩვენი მონაცემებით მოსკოვში ქართველთა მექანიკურმა ნამატმა 5%, ხოლო 2005-2006 წლებში 2% შეადგინა. ქართველთა მიგრაციული ქცევის ასეთ რადიკალურ ცვლილებებს დროის მცირე მონაკვეთზე თავისი მიზეზები ჰქონდა და ისინი ძირითადად პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ხასიათისა იყო. ტენდენცია ასეთია: რაც უფრო თავისუფლად გამოხატავს საქართველოს მოსახლეობა საკუთარ ნებას (1990-1991, 2004-2006 წწ.), მით უფრო კლებულობს გარე მიგრაცია. და პირიქით, გარე მიგრაცია მატულობს, როცა ხელისუფლება ძალადობის და მანიპულირების შედეგად იცვლება, რასაც არა მხოლოდ პოლიტიკური განუკითხაობა, არამედ ქვეყნის ეკონომიკის სრული გაპარტახება მოსდევს (ასეთი იყო 1992-2003 წწ.). შეგვიძლია დავასკვნათ, როცა გარე მიგრაცია კლებულობს და საქართველოში დაბრუნების სურვილი უჩნდება ქართველთა დიდი რაოდენობას, ეს იმის ნიშანია, რომ ცვლილებები დადებითია და მისაღები.

მოსკოვსა და რუსეთში ქართველთა რაოდენობის შესახებ რამდენადმე სხვაგვარი წარმოდგენა ჰქონდათ 2005 წლის გამოკითხვის მონაწილეებს. ამ გამოკვლევის რესპონდენტები იმით გამოირჩეოდნენ, რომ წარმოადგენდნენ რუსეთის რეგიონების დიასპორებს, ანუ, ერთგვარად, დიასპორის საკითხებში ექსპერტებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. მათი შეფასებების ანალიზის მიხედვით მოსკოვის ქართველთა რაოდენობა 2005 წლისათვის დაახლოებით 300 ათასს შედგენდა, ხოლო რუსეთისა - 800-900 ათასს. ეს ჰგავს სიმართლეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს დემოგრაფების შეფასებით 1992 წლის შემდეგ საქართველო დატოვა 1,200 ათასმა ადამიანმა. ხოლო დემოგრაფთა შეფასება დაადასტურა საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის აღწერამ, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მოსახლეობამ შეადგინა 4.4 მლნ. ადამიანი, ანუ 1989 წლის აღწერის მონაცემებზე თითქმის 1.2 მლნ-ით ნაკლები. განსხვავების უდიდესი ნაწილი რა თქმა უნდა, მიგრანტებზე მოდის. სავსებით დასაშვებია, რომ მათგან 800-900 ათასმა რუსეთს მოაშურა, როგორც იმ დროისათვის უფრო იოლად ხელმისაწვდომ და შეჩვეულ რეგიონს.

როგორ ვცხოვრობთ

1992-1995 წლების ემიგრაციის ძირითადი მიზეზი ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების შეცვლა იყო. ასეთი იყო რესპონდენტთა პასუხები. მაგრამ ახალი, მოსახლეობისათვის მიუღებელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება შექმნა არა საბჭოთა კავშირის დასასრულმა, რაც 1991 წლის ბოლოს მოხდა, არამედ რუსეთს ჩარჩენილი კომპარტიული და საბჭოური ნომენკლატურის დაბრუნებამ საქართველოში, მისმა ეკონომიკურმა თვითნებობამ და პოლიტიკურმა უსუსურობამ.

უცხოეთში გადასული ქართველები შრომისუნარიანი ასაკისანი და ეკონომიკურადაც საკმაოდ აქტიურები იყვნენ. ამიტომ მათი სამეურნეო საქმიანობა უფრო წარმატებული იყო, ვიდრე, მაგალითად, რუსეთის საშუალო მაცხოვრებლის. თუმცა არც იმდენად დიდი იყო ეს განსხვავება, როგორც შეიძლება ზოგიერთს ეგონოს.

1995 წლის მოსკოველ ქართველთა საშუალო თვიურმა შემოსავალმა მაშინდელი 488 ათასი რუბლი შეადგინა (თითქმის 100 დოლარი), ხოლო 1995 წლის თებერვლის საშუალო ხელფასი რუსეთში უდრიდა 340 ათას რუბლს. განსხვავება შურს აღძრავდა ადგილობრივ მაცხოვრებელთა არაშრომისმოყვარე ნაწილში, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩამოსულ მოსახლეობას უხდებოდათ ბინის კერძო ქირისა და სამმართველო-ადმინისტრაციული აპარატისათვის ბიუროკრატიული რენტის გადახდა, გამომუშავება არც თუ ისე დიდი გამოვა.

2005 წლის რესპონდენტების შემოსავალი გაცილებით მეტი აღმოჩნდა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ისიც, რომ გამოიკითხა დიასპორის ერთგვარად უფრო წარმატებული ნაწილი. საშუალო თვიურმა შემოსავალმა 700 აშშ დოლარს გადააჭარბა. საშემოსავლო დიფერენციაცია საკმაოდ მაღალი იყო - მაქსიმალური დასახელებული თანხა იყო 145 ათასი რუბლი (დაახლ. 4 ათასი დოლარი), ყველაზე გავრცელებული შემოსავლის რაოდენობა კი იყო 4 ათასი რუბლი (დაახლ 150 დოლარი)

მოსკოველ ქართველთა საშუალო შემოსავლების დინამიკა


წელი

1995

2005

2007

საშუალო შემოსავალი მოსკოველი
ქართველებისათვის (USD)

100

700

1200

საშუალო შემოსავალი რუსეთისათვის (USD)

70

170-200

500 (რუსეთი)
1100 (მოსკოვი)

რასაკვირველია, ყველაზე საინტერესო 2007 წლის საშუალო შემოსავალია, რასაც გამოიმუშავებს მოსკოველი ქართველი. 2007 წლის ივლის-აგვისტოს საშუალი თანხა იყო 1200 დოლარი, ანუ 30 ათასი რუსული რუბლი. ეს მეტია, ვიდრე რუსეთის საშუალო მაცხოვრებლის გამომუშავება შესაბამისი პერიოდისათვის (13 ათასი რუბლი), მაგრამ სულაც არ არის ბევრი მოსკოვისათვის, სადაც საშუალო ხელფასი შეადგინა 28 ათასმა რუბლმა. გავითვალისწინოთ გაძვირებული ბინის ქირა და ბიუროკრატიული რენტა, და ვნახავთ, რომ მოსკოველ ქართველებს საქართველოში გადასგაზვან არც თუ ისე ბევრი ფული რჩებათ.

როგორც ამბობენ, მთავარი ცხოვრებაში ფინანსური მხარე არ არის. მთავარი მაინც სულიერი ცხოვრებაა. 2006 წელი მოსკოველი და რუსეთის ქართველებისათვის საკმაოდ რთული იყო. პოლიტიკური რეპრესიების გამოვლენას თავისი საინტერესო შედეგი ჰქონდა. რეპრესიებმა მოსახლეობაში ქართველთა მიმართ მხარდაჭერაც კი გამოიწვია, და მეორეც: ქართველებშიც გაიზარდა ინტერესი საკუთარი კულტურის, ენის მიმართ. მოსკოველი ქართველები საკმაოდ მულტიკულტურულნი აღმოჩნდნენ. მათი 89 % თავს ქართველად სთვლის. შესაბამისად - 11%  ქართველ-რუსად ან სხვა ეროვნებისად. 82% დიასპორაში ურთიერთობისათვის ქართულს და კიდევ 7% სხვა ქართველურ ენას იყენებს. 11% - რუსულს. საინტერესოა, რომ გამოკითხულთა 23% სამსახურში ქართულს იყენებს, 50% კი რუსულს. რუსეთის მიმართ  დამოკიდებულება გაუუმჯობესდა 5 და გაუუარესდა 32%-ს (ესეც 2006 წლის რეპრესიების შედეგია). საგულისხმოა, რომ ბოლო დროს საქართველოს მიმართაც ბევრმა მიუთითა დამოკიდებულების გაუარესებაზე - 17% (გაუუმჯობესდა 21%). მას-მედიას პასუხების თანახმად ქართულად ეცნობა 25, ხოლო რუსულად 75%. არის რამდენიმე სხვა ენებზე მკითხველიც. დიდი ნაწილი არ ივიწყებს ქართულ სამზარეულოს - 88% მუდმივად ან ხშირად გეახლებათ ხოლმე მშობლიურ კერძებს. მოსკოველ ქართველთა 50% თავს რუსეთის მოსახლეობის საშუალო ფენას მიაკუთვნებს, 29% - მაღალ და 21% დაბალ ფენას. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში მაცხოვრებელი ქართველების 73% რუსეთის მოქალაქეა (ჩვენი გამოკითხვის მიხედვით), გამოკითხულთა მხოლოდ 7% თვლის რუსეთს თავის სამშობლოდ. კიდევ 82%-თვის სამშობლო საქართველოა, 2.2%-თვის აფხაზეთი და 6%-ისათვის - თბილისი, სოხუმი, ზუგდიდი, ვანი და სხვა.

მოსკოველი ქართველების მხოლოდ 53% აღმოჩნდა ოჯახიანი, 6% უშვილო ოჯახია, 8% მარტო ზრდის შვილს, ხოლო 32% მარტოხელაა, არ ჰყავს არც მეუღლე და არც შვილი. რომელ ენას იყენებენ ოჯახში? მშობლებთან, მეუღლეებთან და და-ძმებთან გამოკითხულთა ნახევარი იყენებს ქართულს, 6% მეგრულს, 12% რუსულს. სამწუხაროდ, უფრო ნაკლებად მიმართავენ ქართულ ან ქართველურ ენას შვილებთან ურთიერთობისას, 36.5% და 5% შესაბამისად. შვილებთან რამდენადმე მეტს საუბრობენ რუსულად. ეს ტენდენცია, რომ მომავალ თაობასთან ურთიერთობაში რუსულის გამოყენების მაჩვენებელი მეტია, შეიმჩნევა სამივე - 1995, 2005 და 2007 წლის გამოკითხვებში.

დიასპორა და საქართველო

ბოლო ოცი წლის განმავლობაში ჩვენს ცხოვრებასა და მსოფლიოში უაღრესად ღრმა ცვლილებები მიმდინარეობს. და რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, თითქმის შეუმჩნევლად. ფიზიკური სივრცე ”დაპატარავდა” და მილიონზე მეტი საქართველოს მაცხოვრებელი სხვა ქვეყნებში აღმოვჩნდით. ჩვენთვის თანდათან საცნაური ხდება, რომ საქართველო მხოლოდ ფიზიკური გეოგრაფიის ცნება აღარ არის, რომლის არეალიც მხოლოდ ორ ზღვას შუა ლელოთი და მდიდრული სუფრითაა შემოფარგლული. რუსეთში მსოფლიოში სიდიდით მეორე ქართული დიასპორაა, რომლის ”ციფრული” პორტრეტიც შემოგთავაზეთ, თუმც ნაწილობრივ. ეს საქართველოს გაგრძელებაა (extention), ისევე, როგორც ხელია თავის, კალამი ხელის და წიგნი კალმის გაგრძელება. ასეთი და უფრო მნიშვნელოვანი გაგრძელებები დღეს ძველ ევროპაში, ამერიკასა და სხვა ქვეყნებშიც არსებობს. უნდა ვთქვათ, ეს არ არის საქართველოს ფიზიკური, ეს უფრო მასსა და სხვა ქვეყნებს შორის კულტურული, ეკონომიკური, თუ სულიერი სიმდიდრის განშტოებებია. აქედან - დიასპორების ზოგადი მნიშვნელობაც! დღეს საქართველო ემიგრანტებისათვის ისევ დარჩა ერთადერთ სამშობლოდ. ზოგისათვის იგი პირველ, მეორე, დიდ, პატარა და, წარმოიდგინეთ, ისტორიულ სამშობლოდაც კი იქცა ერთი თაობის განმავლობაში. მაგრამ, როგორებიც არ უნდა ვიყოთ და სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, ჩვენი ცხოვრების მაშენებლები ჩვენვე ვართ. ისიც გვახსოვდეს: როგორებიც ვიქნებით და როგორადაც ვიცხოვრებთ, ისეთი იქნება ჩვენი ნამყო, აწმყო და მყოობადიც.

2007-12-14

მცირე გამოკითხვები ჩატარდა 1995 წლის მაისში, აქტიური მონაწილეობა მიიღეს ქართულმა სკოლამ, საზოგადოებამ ქართველები რუსეთში, მოსკოვის ქართულმა სათვისტომომ და ე.წ. ”არაფორმალურმა ჯგუფმა; 2005 წელს მოსკოვში, რუსეთის რეგიონების წარმომადგენელთა შორის საქართველოს საელჩოს დახმარებით; 2007 წელს, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მხარდაჭერით, მოსკოვსა და ინტერნეტში (აქ წარმოდგენილია მოსკოვის შედეგები).
გამოკითხვების ინიციატორი იყო ქართული დიასპორის სამოქალაქო ჯგუფის საზოგადოებრივი ლაბორატორია, კვლევის კონცეპცია და მეთოდიკა ბადრი ქუთელიასი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სოციოლოგიის ინსტიტუტი..

 




* * *