|
სხეული - სულზე შემოსაცმელი
სიცოცხლე მხოლოდ სვეტად ჩამოდის სხეულში... მასაც სიკვდილი გამხდის... გიომაკაველი
სულია ცოცხალი!... სხეული? – ამ სულზე მოცმული!...
გაიხდის, ჩაიცვამს... მეორედ, მესამედ... მეშვიდედ...
ხან ლოცვად დადგება, ღვთისმოშიშ არსებად მოსული,
ხან დგება ქადაგად, ხან... ნეტავ არავის შეშლიდეს
მისი ეს ნატიფი სიტყვები და თავის დაჭერა...
ხან დარდიმანდია, არც სხვისი, არც თავის ბატონი...
ხან, თითქოს პოეტობს, ცოდვილობს სტრიქონის დაწერას...
ხან უნდა, ძაღლივით რომ გაწვეს ფეხებთან პატრონის...
ხან მათხოვარია, თავს ირჩენს ნაჩუქარ ხურდებით...
ხან ციხის ქონგურებს გაჰყურებს ფანჯრიდან სასახლის...
ხან კატორღელია, ფეხებში გაყრილი ხუნდებით...
ხან ზედამხედველი, გაქცეულს ზურგში რომ დაგახლის
ტყვიას და თან ზიზღით დაგხედავს მიწიან სახეზე...
ხან "ხვადი ლომია", შიშით რომ კანკალებს პრაიდი,
ხან მხდალი "ტურაა", ძლიერებს სუსტებზე აქეზებს,
ხან, ფულის გულისთვის, სულიდან ხორცსაც კი გაიხდის!
სულია ცოცხალი!... სხეული? – ამ სულზე მოცმული
ფრაკი თუ კიტელი, საღამოს კაბა თუ ფარაჯა...
გაიხდის სხეულს და... დარჩება სულშემოძარცვული,
სხვა, მისთვის ძვირფასი სხეულის შემწედ და დარაჯად!
ფიქრის იარა (ლექსების გამოფენა-2010)
ბექობზე მშვიდად წიწკნიდნენ ბალახს
ჩვენი შავრა და ლურჯა ცხენები...
გაოფლილ ზურგებს მზეს უფიცხებდნენ
ჩვენგან დაღლილნი მთებზე ჭენებით...
კლდის ქიმზე მდგარნი ცას შევხაროდით,
მინდვრის ყვავილებს მიწნავდი თმაში.
“მიიიი-ყვაააარ- ხააააააარ”, – სულის ამოძახილი
ექოდ მოასკდა იმ კლდეებს მაშინ...
სულს მიტყვევებდა, გულს მიჩქარებდა
შენი ლექსები სიტყვაქარგული...
შემდეგ დაღამდა... და ჩვენს სარეცლად
იქცა მინდორი მოფარდაგული...
ახლაც ედება ხერხემალს ვნება,
როს მახსენდება თითების სითბო.
თვალს დავხუჭავ და... ხელისცეცებით
კვლავ მთის ბილიკზე მოგყვები თითქოს.
“მელოდე, ბილიკს მოვნახავ....” – ახლაც
ჩამესმის შენი დანაბარები...
მერე წახვედი... დამტოვე მარტო
საკუთარ შიშთან, სველი თვალებით...
გვიან შევიტყვე, რომ მთით მოვარდნილ
ზვირთებს შებმია შენი იაბო...
და მოგონება ცრემლშეუმშრალი
ლეთის* ამღვრეულ ტალღებს მიაპობს...
------------
* ლეთა - დავიწყების მდინარე.
მელანქოლია
წარსული სევდა შემომეპარა,
შემომეძალა მელანქოლია.
სული ამტკივდა, ატირდა, რადგან
შენამდე ახლა ძალზე შორია...
ახლა შენამდე ისე შორია,
რომ შენს ძებნაში მტკივა თვალები...
თანაც გაგირბი!... საით?... ან რისთვის?!...
საკუთარ გულს სად დავემალები?!
ახლა შენამდე ისე შორია,
რომ უშენობით მტკივა სხეული...
ვფართხალებ, როგორც თევზი ბადეში,
შენს გვერდით ყოფნას... ვერმიჩვეული...
ახლა შენამდე ისე შორია,
რომ ამ მანძილის ათვლა მაშინებს...
სული მოგნახავს (სხეული – ვერა!)
და შენს სითბოსაც იგრძნობს მაშინვე...
და სულისფერი ცრემლების წვიმა
დაალტობს სულ სხვა პერანგის კალთას,
რადგან შენამდე ისე შორია,
აზრიც აღარ აქვს ტყუილს და მართალს!...
დღევანდელი განწყობის ლექსი
გახსოვს, ჩემო, მთის ფერდობზე
როგორ ვკრეფდით ია–იებს?
მოდი, თორემ იმ სიყვარულს
წარსული არ გვაპატიებს!...
სად წავიდა, სად გაფრინდა
ის სინორჩე, ის სიალე?
შენზე ფიქრი წვრილ ხაზებად
დასტყობია ირგვლივ თვალებს.
დღეს კი... დღესაც 8 მარტია...
როგორც მაშინ, გვათოვს დღესაც...
შესცივნია ჩვენს სულებს და...
დაენანა სითბო მზესაც.
მანიფესტი - ანტიბიოტიკი
ორიათას მეათედ მოდის წელი ახალი...
აზარფეშა სავსეა ქარვისფერი ღვინითა.
იღვრებიან რითმები პოეტების ბაგიდან,
ლექსის ეშხით დამთვრალა პოეტების ტვინი და
განა ვინმე კამათობს, როცა ვერლიბრს იწუნებს?!
კონვენციურ ლექსებს ხომ ხინჯი არ აქვთ იოტი?!
და სიტყვებით მთავრდება, მერამდენე ლექსია:
“ვწერ ამ ლექსს და სახელად ვარქმევ... ანტიბიოტიკს!”
მშვიდობით!
ჩემს მეგობარს...
განშორების წინ გადაკარგვა გამიგონია?
არ გაგიკვირდეს, - შევეჩვიე შენთან საუბარს...
ვიდრე ჩამოვალ, - დავაგროვებ ფიქრებს წვეთებად
და კაშხალივით გამოვარღვევ სიტყვის საგუბარს...
სწრაფად გაიფრენს ორი წელი? ვინ იცის?!... იქნებ
ვეღარც კი მიცნოთ აღმა-დაღმა მოხეტიალე?!
დაბრუნებით კი... დავბრუნდები, მხოლოდ მელოდეთ
და ვახტანგურად დავცლით, კვლავაც, ღვინის ფიალებს!
მშვიიიი-დოოოო-ბიიიიიიიით!
დავაგვიანე!
“შენ რომ გიყვარდა, ის ქალი – მე ვარ...
მაგრამ, ვაი, რომ დავაგვიანე!”
მ. აბარამიშვილი
სულ არ გიცნობდი...
შეგხვდი რატომღაც...
რას გვიმზადებდა ბედი მსახვრალი?
შემოგხედე და... დავრჩი ადგილზე,
ვეღარ მოვწყვიტე მაგ ღიმილს თვალი...
ერთი დანახვით ვნებააშლილი
და მორღვეული თვალების ფერი...
დაცვარულ შუბლზე მინაწებები
თმა, აწეული მთრთოლვარე ხელით...
მერე, უეცრად, ლუდის კათხაში
ძალად ჩამხრჩვალი ვნების ალმური...
აღარ მინდოდა გვერდით არავინ...
მამოძრავებდა შური ქალური.
- რა დავაშავე? –ვფიქრობდი... - ჩემგან
რას ითხოვს დროის მემატიანე?!....
“შენ რომ გიყვარდა, ის ქალი – მე ვარ...
მაგრამ, ვაი, რომ დავაგვიანე!”
9 აპრილი, 1989 წელი...
მშვიდობიან მიტინგს ”დაშლა დაუპირეს”,
თქვენ გგონიათ, მართლა პოლიგონია?...
ვაი, ტანკქვეშ გათელილო საქართველო,
ეს რამდენი ყვავილები გქონია!!!
ტანკებს უკან ჯარი მოჰყვა დაგეშილი,
თქვენ კი ისევ თქვენს სიმღერებს მღეროდით!!!
”დამსხდართ ხელს არ გვახლებენო” - თუ იფიქრეთ,
შეწყალებას ჯალათისგან ელოდით?!!!
”ქალი ვარ და ჩემზე ხელს ვერ აღმართავსო!
ქალთან ბრძოლა ვაჟკაცს არ ეკადრება!”.......
... და თბილისის არტერიულ მაგისტრალზე
სისხლის სუნი იგრძნეს ბერმა ჭადრებმა!...
ვერ დაგიცვათ, დაგიფარათ ვერც ქალობამ
და ვერც თქვენმა თოვლისფერმა ხალათმა...
ქართველობა დაგდოთ ბრალად უგუნურმა,
ნამუსზე ხელჩაქნეულმა ჯალათმა!!!
სისხლისმსმელებს, პირსისხლიან არაკაცებს
ქართველთ სისხლი, იქნებ, შერჩათ, - ჰგონიათ?!...
ვაი, ნიჩბით დაჩეხილო საქართველო,
ეს რამდენი ყვავილები გქონია!!!
უმანკოთა სისხლით მორწყულ ქართულ მიწას
ქლორიანი წყლით მორეცხავთ გგონიათ?
მაშინ, თურმე, არ გცნობიათ ქართველები,
ქართულ ჯიშზე არც რა გაგიგონიათ!!!
მალე მუშტად შეიკვრება ქართველობა,
გააღვიძებს სულში მძინარ გოლიათს...
დღეს კი... ცრემლებშეუმშრალო საქართველო,
ეს რამდენი ყვავილები გქონია!!!
|