გიორგი გახოკიძე



მინორი და მაჟორი
(ეტიუდი)


                  ეძღვნება მათ, გარე მიწის შინაურ ფოთლებს.

                  ჟღერენ ბემოლები...
                  სტვენენ დიეზები...

       სკამს ეტმასნება ვიღაც ლოთი პიანისტი. ესაუბრება ფორტეს, პიანოს არწევს როგორც აკვანს. გულებს წითლად უძღვნის ეტიუდს. ხეების რწევას ყურს აძლევს, ეკარგება სიმების მჟღერი ბგერები. ახმაურდნენ გარე მიწაზე წარსულის ქარით გატანილი ფოთლები. პიანისტი მომავლიდან თითებით მისწვდა მათ. იწვის და იღვენთება პიანო, როგორც წარსულში ანთებული ხსოვნის სანთელი.
       ალმოდებულ როიალს პიანისტი ამინორებს...
       ჩაქრა როიალი.
       პიანისტი ამაჟორებს!
       ის წავიდა... არავინაა როიალთან. ხეებმა მოჭიმეს სიმები, მზემ ჩამოჰკრა სხივები. აჩხრიალდა ალაზანი, ჯიხვებმა კლდეებს ურტყეს რქები, აეწყო ხმები და წარსულს ამოფარებულმა პიანისტმა ეტიუდს უწოდა: მამლუქები.

       ჯერ კიდევ დირიჟორობს საქართველო!

       25 აპრილი. 2010 წელი.


 

ცარიელი ქალაქი


                  სენაკში დაღუპულ მეგობარს – რეზერვისტ
                  ოთარ კიკალეიშვილს
                  და ორი ათას რვა წლის აგვისტოს
                  ბრძოლაში დაღუპულ ყველა ვაჟკაცს.

                  ქალაქი იყო მთლად ცარიელი,
                  მაგრამ უკაცურ ქუჩაში მაინც
                  გამოჩნდა ერთი სულდგმულთაგანი,
                  ადამიანს ჰგავს, მაგრამ ვინ იცის,
                  იქნებ, მარტოდენ მოჩვენებაა.

                  შანდორ პეტეფი

       ცარიელი სივრცე...
       სივრცეში ყუთი.
       ყუთი ცარიელი...
       მხოლოდ ერთი შესასვლელი.

       ვინ ვის ეჩეხება. ვინ სად იდებს საწუთროს. ვის სად აქვს საწუთრო? წუთი ქრება – სიცარიელე ჩნდება. დარჩა მარტო ქალაქში. დარჩა კიდევ სხვა, ქალაქში მარტო.

       გამოჩნდა ადამიანი.
       მარტო ადამიანი.
       მარტო ცხოველი.

       – რა ვქნა ახლა მე? კორპუსში მარტო არ გინდა გაძლება? ღმერთმანი გაცივდა ქალაქი რაა... ეს რა უბედურება გვჭირს? ახლა ომის დრო იყო? ვნახო ერთი იქნებ მეზობელ კურპუსში ვინმე ვიპოვო. ეს ქუჩაც რა ახალ მოხვეტილს ჰგავს? შიშის დედა ვატირე მე! ნეტავ ჩემი ბიჭი სად არის ახლა ან რატომ არ მირეკავს? საწყალი დედამისი გიჟს ჰგავს ალბათ. მას მაინც დავურეკო, ვკითხო როგორ არიან... – ფიქრებში გართულს, ფეხები მეზობელი კორპუსისკენ ეზიდებოდა.
       – ალო... ალოოო... არაფერი ისმის!!! – კავშირი ჭირდა იმ დღეებში. თუმცა ერთი ოპერატორის ზარები ტარიფის გარეშე მუშაობდა. – დასწყევლოს ღმერთმა ამათი ოპერატორობა! განათებულ სიცარიელეში ვარ. რათ მინდა შუქი თუ საკუთარ ოჯახს ვერ ვუკავშირდები?!
       კორპუსებსა და სახლებს ხაკისფერი გადაჰკროდათ. სახურავები ჩაზნექილიყვნენ უსუსურობისაგან. ყველამ მიატოვა. თითო-ოროლა ადამიანი ტკეპნიდა მათ სადარბაზოებსა და შემოღობილ ეზოებს.
        – ალო... ალო... როგორ ხარ ქეთევან?
        – კარგად ვართ, კარგად! შენ როგორ ხარ?
        – აბა, როგორ უნდა ვიყო თქვენს გარეშე? არც ვინმე დარჩა სამეზობლოში, რომ დაველაპარაკო და გული გადავაყოლო.
        – ბავშვს, ხომ არ დაუკავშირდი?
        – ვერ დავუკავშირდი. ის ხომ იბრძვის ადამიანო. აბა, სცალია ყურმილი აიღოს? აქეთ დარეკავს.
        – გურამ მეშინია ძალიან!
        – არ შეგეშინდეს ძვირფასო. ჩვენები როგორ არიან გურიაში?
        – კარგად არიან. აქ სიმშვიდეა გურამ. მთელი ქალაქი აქ არის. უცნობების სახლშიც კი იდებენ ბინას. საოცრად მიგვიღეს ყველანი.
        – მართალი ხარ! ფრთხილად იყავით მანდ. არაფერს შეუშინდეთ.
        – აქ არაფერი მოხდება გურამ.
        – კარგი ქეთევან. ხვალ დაგირეკავ. ბავშვმა თუ დაგირეკა შემატყობინე. მეც შეგატყობინებ.
        – აუცილებლად.

        მოჩვენება დაძრწის ქალაქში.
        შიში...

       * * *

       ფიქრებში გართულს, ფეხები მეზობელი კორპუსისკენ ეზიდებოდა. ნაბიჯი ნელი, სიყვარულის თანმხლებით ეკვროდა მშობლიური ქალაქის მიწას.
       მოსიარულეს მეზობელ კორპუსამდე, გზად სულიერი შემოხვდა. შორიდან ვერ იცნო.
        – გურამ, აქ ხარ? – მოესმა შორი მანძილიდან.
        – რომელი ხარ მანდ?
        – მე ვარ ბიჭო, ამირანი.
        – შე ოხერო შენა! აიწყვიტე? ჯაჭვები სად წაიღე?
        – დავტოვე, გურამ.
        – აბა, დატოვება იქნებოდა?! შეგირცხვა ცხვირი. ჯაჭვის პერანგს მაინც შევიკერავდით.
       ხმამაღალ ძახილში ერთმანეთს მიუახლოვდნენ.
        – ხუმრობის ხასიათზე ისევ ხარ არა?
        – აბა რა დაგვრჩენია ქართველებს? სიმღერა და ხუმრობა. – გახარებული იყო გურამი.
        – შენს კორპუსში არის ვინმე?
        – არავინაა. შენთან?
        – ჩვენ სამნი ვართ: მე, ტარიელი და ავთანდილი.
        – პატრიოტები.
        – ეგრე ფიქრობ გურამ?
        – რატომაც არა?!
        – ისინი ბინების დასაცავად დარჩნენ. რა იცი რა ხდება?
        – მტერმა რომ მიუკაკუნოს?
        – მტერი არ მოგიკაკუნებს ძამია. წიხლით შემოგინგრევს კარებს.
        – თუნდაც ეგ?! რას იზამს მაშინ?
        – რა უნდა მოიმოქმედონ? დანებდებიან. ეს რა გვჭირს გურამ?
        – არც არაფერი... მორჩება ეს ფარსი მალე.
        – რატომ ფიქრობ ეგრე? ისინი ხომ ჩვენი მტრები არიან?!
        – ჩემი შვილი იბრძვის, სხვისი ქონების დასაცავად და ამიტომაც ვფიქრობ ასე ჩემო ამირან.
        – შეიძლება?! იქნებ ეგრეც არის. ჩემიც იბრძვის.
        – შენი ვაჟკაციც გაიწვიეს?
        – კი, გაიპარა სახლიდან. რეზერვისტი იყო.
        – გასაგებია. – გურამს არაფერი უთქვამს. მან იცოდა ამის შესახებ.
        – გაიგე, თურმე იარაღები ვაზნების გარეშე დაურიგებიათ.
        – კი, როგორ არა, მაგრამ თქვეს: – ერთმანეთი, რომ არ ამოხოცონ იმიტომ მოვიქეცითო ასეო.
        – კი, მაგრამ რა ასწავლეს რეზერვისტებს?
        – არც არაფერი. იქიდან ყველა კმაყოფილი და ჩასუქებულები ჩამოდიოდნენ.
        – მართალი ხარ!
        – წამოდი, ტარიელი და ავთანდილი ვნახოთ.
        – წავიდეთ!

       * * *

        ცარიელი თვალები.
        გული ამოშანთული.
        სული დაღლილი...
        სანთელი ეკლესიაში მანათობელი!

        ორი ათას რვა წელი. რვა რიცხვი. მცხუნვარე მზე. ქალაქი სავსე. სავსე, მაგრამ დაჩაგრული და მშიერი. მომუშავენი ლუკმა პურისთვის. ქალაქი ვალებში ჩაძირული, კრედიტებგადასახდელი. ბანკები სიცოცხლით სავსე. კრედიტ-ოფიცრები კი თვალგაფართოებულნი უცქერენ ე.წ. კლიენტებს.

        სავსეა ქალაქი – ყოფითზე ფიქრით.
        ცარიელია ქალაქი – სულიერებაზე ფიქრით.
        ბედნიერია სექტანტები: – ჩვენ არაფერი გვემუქრებაო. – გაიძახიან.
        მოჩვენება და მრწამსი კვეთაში...

        – დაგვბომბეს! ქეთევან ადექი! – მიმართა იქვე, ტელევიზორთან მთვლემარე მეუღლეს.
        – რა თქვი?
        – ვერაფერი გაიგე?
        – ჩამეძინა გურამ. რა მოხდა?
        – წამოდექი ადამიანო და გავიდეთ გარეთ.
        – თუ დაგვბომბეს, გარეთ რა გვინდა?!
        – როგორ თუ რა გვინდა? იქნებ სახლს დაეცეს. მოკიდე შვილებს ხელი და გარეთ სასწრაფოდ! – ხმაში სიმკაცრე დაეტყო გურამს.
        – ახლავე!
        – შეხედე ქეთევან ყველა გარეთ არის გამოსული.
        – ისვრიან, ისვრიან... დაიმალეთ ხალხნო! თვითმფრინავი მოფრინავს.
       გურამმა ზემოთ აიხედა. თვითმფრინავი შენიშნა, რომელიც არც ისე მაღლა მიფრინავდა.
        – ქეთევან შემოდი სადარბაზოში. სროლა ატყდება. დროზე სადარბაზოში–მეთქი! –შეშინებული ქეთევანი დამორჩილდა მეუღლეს.
        – ღმერთო, შენ გვიშველე! მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა... – ხმამაღლა ლოცულობდა გურამის კარის მეზობელი ქალბატონი.
        – ნუ გეშინია მარიამ, ყველაფერი კარგად იქნება.
        – მინდა დაგიჯერო კარგო, მაგრამ ამ მთავრობის ხელში, როგორ ვართ საერთოდ?!
        – ეხლა წუწუნის დრო არ არის, დაშოშმინდი! შენს პატარებს მიხედე. შეშინებულები არიან ვერ ატყობ?
        – დედა შემოგევლოთ თქვენ! ნუ გეშინიათ ჩემო ანგელოზებო, ყველაფერი კარგად იქნება.
        – მეუღლე სად არის მარიამ?
        – სამსახურში. ვაი მეეეე... ბომბი სად დაარტყეს ხომ არ იცი გურამ?
        – არ ვიცი.
        – ღმერთო შენ მიშველე! ოღონდ იქ არა, ოღონდ იქ არა... – ცრემლები გადმოსცვივდა აგვისტოს გამთბარ ლოყებზე.
        – გოგიტა, შვილო სად ხარ?
        – აქ ვარ, მამა.
        – არსად წახვიდე, ახლოს იყავი ჩემთან. შენი ძმა სად არის?
        – დედასთან.
        – დედაშენი ახლა აქ არ იყო? სად წავიდა?
        – ნაზის გოგო შეიქნა ცუდად. ნერვებმა აიტანა. გიორგიც გაჰყვა.
        – წამოდი ვნახოთ. დაწყნარდა მგონი ყველაფერი.
        – წავიდეთ.
        – შენ არ წამოხვალ მარიამ?
        – მეც წამოვალ, აბა რა გამაჩერებს სადარბაზოში მარტო?
        – იქნებ ხვალ გაიყვანო ბავშვები სამშვიდობოს? მე წაგიყვანთ მანქანით. ჩემებსაც გავიყვან.
        – მამა, ნეტა ოთო სად არის ახლა?
        – შენი ძმა ნაწილშია, გოგიტა. იქ არაფერი ხდება. სიმშვიდეა, მაგრამ უკვე მეშინია თვითმფრინავის ნახვის შემდეგ. საით წავიდა ნეტავი? მე არ წამოვალ შვილო. დედას უთხარი სახლში ავიდა-თქო. ტელევიზორში ინფორმაციას მოვისმენ.
        – კარგი, მამა.
        – არ უთხრა ბიჭო რისთვის ავედი. უთხარი: ქურთუკს მოიცვამს და ჩამოვა-თქო.
        – კარგი, მამა.

        ღამე. თბილი აგვისტო გაცხელდა და წაეკიდა. მღვდლები ეკლესიებში სალოცავად წავიდნენ.
        ლოცვა ისმის საკათედრო ტაძარში, სამშობლოსათვის. მრევლი კი არსად ჩანს. ვითომ სახლებში ლოცულობენ? – არა. ყველა გარეთ გამოსულიყო.
        ფიქრები თვითგადარჩენაზე გადაერთოთ.
        – მამა, რა თქვეს?
        – შვილო, მე ეკლესიაში მივდივარ.
        ლოცვა ისმის საკათედრო ტაძარში. სანთელი იწვის მხოლოდ ორი: მღვდლისა და გურამის.

       * * *

       ორი დღით ადრე.

       სხვისთვის მრჩეველი.
       და კურდღელი დაიმალა...

       საოცრად სუფთა ცის მცხუნვარებამ, ხალხი გარუჯა. ზღვის პირზე მიმოფანტულებს სადარდებელი, მხოლოდ ერთი ჰქონდათ: გასარუჯი ნელსაცხებელი, როგორმე მიმოეფანტათ სხეულის ყოველ თეთრ ადგილზე. არ თაკილობდნენ უცხოს ხელის შეხებასაც, რომელსაც ეძახდნენ და სთხოვდნენ დახმარებას.
       სამაჩაბლო კი გასარუჯი ადგილების არ ქონის გამო, იქცა შესანიშავ საომარ ველად...

       ორი დღით ადრე დასავლეთი ნებივრობდა, მაგრამ ყველა არა...
       ვინ საყვარელი ადამიანი გაიცნო...
       ვინ უსაქმურობას უჩიოდა...
       ვინ სახლში ტელეფონის ყურმილს იღებს და...

       – ალო, გამარჯობა ამირან ბიძია.
       – გაგიმარჯოს შვილო.
       – ზეზვა სახლშია?
       – კი შვილო. ალბათ იცი, რომ ავტოკატასტროფაში მოხვდა.
       – კი ვიცი.
       – რატომ არ გამოგვიარე მერე?
       – რთული დღეები მქონდა ამირან ბიძია.
       – რა ხდება, შვილო? ხომ მშვიდობაა?
       – კი, მშვიდობაა. უბრალოდ სამსახურში გვაქვს პრობლემები.
       – ეს ცუდია.
       – დაუძახე ზეზვას ამირან ბიძია.
       – ახლავე შვილო. – ყურმილი, იქვე ტახტზე მჯდარ ხელჯოხიან, შვილს გადასცა.
       – ვი არის მამა?
       – შენი ბედოვლათი ძმაკაცია. არ მომწონს ეგ ბიჭი.
       – მამა გეყოფა. იქნებ მეც არ მომწონს შენი, რომელიმე ძმაკაცი, მაგრამ არ გამოვხატავ ასე ღიად.
       – იქნებ მითხრა?
       – კარგი, მამა გეყოფა. მომეცი ყურმილი.
       მამამ ხელი ყურმილის მიკროფონიდან აიღო და შვილს გაუწოდა.
       – გისმენ!
       – სად ხარ აქამდე, ადამიანო?
       – დედას ვესაუბრებოდი. – იცრუა ზეზვამ.
       – როგორ ხარ?
       – მოსულიყავი და ეგ კითხვა აღარ გაგიჩნდებოდა.
       – პრობლემები მქონდა.
       – რა პრობლემები?
       – ტიპმა გადაგვაგდო.
       – როგორ თუ გადაგაგდოთ?
       – ხო, ფული მივეცით და არაფერი მოიტანა.
       – იქნებ მორჩეთ ჰაა, ამ საშინელებას?
       – ძნელია „ბრატ“, ძნელი... უკვე დავჯექი და აღარც ადგომას ვაპირებ.
       – ნაგვები ხართ!
       – ეეე, ბიჭო ეხლა ახურებ, ხო იცი?!
       – თქვენ გიჭირთ გიჟებო, თქვენ გიჭირთ!
       – მე სულ სხვა რამის გამო დავრეკე...
       – რა ხდება?
       – ბიჭები მიყავთ ომში. წამოხვალ?
       – ჩვენ მივდივართ.
       – ვინ თქვენ?
       – ჩვენი „სასტავი“
       – მერე, ჩემთან რა გინდა?
       – იქნებ შენც წამოსულიყავი.
       – არ გამოვა. არ ვარგივარ.
       – როგორ თუ არ გამოვა? რა ხდება?
       – ადამიანო, ფეხი მტკივა. ხელჯოხით დავდივარ ოთახებში.
       – შენ „ვაბშემ“ რას გეტყვი იცი? პატრიოტი ხარ ძმაო?
       – რა თქმა უნდა ვარ!
       – ჰოდა... თუ ეგრეა, ავტობუსი გადის დღეს, საღამოს რვა საათზე, ქალაქის ცენტარლური მოედნიდან და შეგიძლია მოხვიდე. ჩვენც ვიქნებით. არ მოხვალ, ესეც შენი საქმეა. მე გითხარი. სამშობლოს უჭირს მეგობარო!
       – არ შემიძლია, ვერ წამოვალ.
       – ლაჩარი ხარ, შე...
       – მოკეტე! ნუ მიშლი ნერვებს...
       – კი, ბატონო, მაგრამ შენი ჭკუის დარიგებები აღარ იყოს შემდეგ. როგორც კი დაიწყებ, გაიხსენე შენი დღევანდელი საქციელი.

       საუბარი დასრულდა.

       ზეზვა მაჯის საათს დააცქერდა. ისრები შვიდს აჩვენებდა. დრო მოსულა.
       პატრიოტები მიდიან! – გაიფიქრა და ხელჯოხს დაეყრდნო. წამოდგა ტახტიდან. საძინებელ ოთახში შევიდა. ტანსაცმელი გამოიცვალა. კარებს მიუახლოვდა. დედ-მამა ქვევით ეზოში ჩასულიყვნენ. ზურგს უკან კარები მოიხურა.
       ეზოში ჩავიდა.
       ფიქრები... ფიქრები... საქართველოზე! საქართველოზე?! საქართველოზე? – კი საქართველოზე.
       – სად მიდიხარ, შვილო? – შეეკითხა მამამ.
       – იმასთან, ვინს შენ არ მოგწონს. – იყო მშვიდი, ხმაში ზეზვა.
       – მანდ რა გინდა?
       – ჰო, შვილო მართალია მამაშენი. რა გინდა მასთან?
       – ქეიფზე დამპატიჟეს. უნდა წავიდე.
       – მალე მოდი იცოდე. არ დააგვიანო. მობილური მიგაქვს?
       – კი მიმაქვს. ჩემი დაიკო სად არის?
       – მეგობართან არის გადასული.
       – ვისთან? უნდა ვნახო.
       – მაიკოსთან. მის განუყრელ მეგობართან.
       – კარგით, წავედი. მოდი გაკოცოთ! – სხეული არც ისე ცივია, მას სული ათბობს.
       – რაღაც უცნაურად იქცევი, შვილო?! – შეატყო დედამ.
       – არაფერია დედა. წავედი.

       ეზოდან გავიდა. გზად დასთან შეიარა. დაემშვიდობა. – დედას დაუჯერეო – უთხრა და დატოვა ბინა.

       * * *

       ცენტრალური ხელისუფლება...
       ცენრტრალური მოედანი...
       ცენტრისტული აზროვნება...

       ხალხი ირეოდა მოედანზე. აქ ზღვიდან გამოქცეულ გოგონებსაც შეხვდებოდით, რომლებიც თავიანთ ძმებს აცილებდნენ. იყვნენ მშობლები, ნათესავები, მეგობრები, უბრალო მოქალაქეები. არ იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. იყვნენ მოშურნენი, აგენტები, პატრულის თანამშრომლები.

       – ზეზვა შენ აქ რა გინდა? უკვე ჩაეწერე?
       – კი ჩევეწერე.
       – და არაფერი გითხრეს?
       – რა უნდა ეთქვათ?
       – ნება დაგრთეს წასვლაზე?!
       – ვითომ, რატომ უნდა ეთქვათ უარი?!
       – შენს მდგომარეობაში, ადამიანები არ მიყავთ ან შენი ხელჯოხი სად არის?
       – გზაში გადავაგდე. მდინარეს გაჰყვა. უკვე ზღვაში იქნება.
       – ღმერთო, შენ გიჟი ხარ!
       – არ არის გამორიცხული. – გაიცინა ზეზვამ. ჩვენი არაჩვეულებრივი ძმაკაცი სად არის? დამირეკა, მეც მოვდივარო.
       – მეც დამირეკა. ველოდებით.
       – სხვები სად არიან?
       – მეორე ავტობუსთან. მივიდეთ?
       – მივიდეთ.

       ათი მეტრის მოშორებით იდგა მეორე ავტობუსი, რომელიც უკვე სავსე იყო. საოცრად ცხელოდა ავტობუსში.
       – გახედე! ეგერ სხედან. ბიჭო, ბექა... ბექა... – გასძახეს ავტობუსის სარკმლიდან გამოყოფილ თავს.
       – ვაააჰ... ზეზვა შენც აქ ხარ?!
       – ჰოო, აქ ვარ! არ მელოდით?
       – მართლა არ გელოდით. ბიჭებო, გახედეთ ზეზვაც აქ არის!
       – ზეზვას გაუმარჯოს, – გასძახა ოთარმა.
       – ოთარ?! შენ აქ რა გინდა?
       – მე მინდა ზეზვა. რეზერვისტი ვიყავ მეგობარო და გამომიძახეს. შენ რა გინდა აქ?
       – მამაშენი სად არის?
       – აქ არის. აქვეა სადღაც. უბრალოდ ხალხი ბლომადაა და ვერ შეხვდი ალბათ?!
       – ჩამოდით ქვევით, სანამ წავსულვართ.
       – შენც მოდიხარ?
       – მეც, ოთო, მეც მოვდივარ.
       – რა ხდება ამ ქვეყანაზე?! მოიცა ჩამოვალთ. ავტობუსში ოთხი ადგილი განთავისუფლდა.

       გულს ალმოდებულებმა, არც იცოდნენ თუ რა ელოდათ. სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილებს გული ჯერ კიდევ სიყვარულით უძგერდათ. მტრის თვალებს ვერ აღიქვამდნენ. იცოდნენ ერთი – უნდა ერძოლათ.
       აგვისტოს სიცხე ისევ აჭერდა მშობლიურ ქალაქს. ავტობუსები ჯერ კიდევ განუძრევლად იდგნენ. ხალხი მატულობდა. გამოჩნდნენ ახალგაზრდა გოგონებიც.
       გურამთან შესახვედრად მიმავალ ბიჭებს ახლობლები და ნათესავები მოსვენებას არ აძლევდნენ. დარიგებებით შეაწუხეს: შვილო ფრთხილად იყავი. ახლოს არ მოუშვათ; მეშინია, დედა; შვილო, გთხოვ სანგრიდან თავი არ ამოყო; შვილო თუ სადმე ნანგრევი ნახო, შედი მანდ და მხოლოდ იქიდან ესროლე მტერს. დედების ცრემლების წმენდაში დაისველეს ბიჭებმა ხელები. ეფერებოდნენ და ამშვიდებდნენ!

       – აი, გურამი ბიძიაც. გამარჯობა გურამი ბიძია. – ხელი მხარზე დაადო ზეზვამ
       – ზეზვა?! შენ აქ საიდან შვილო?
       – გადავწყვიტე ძია გურამ.
       – რა გადაწყვიტე ზეზვა ბიჭო?! ახლავე ვნახავ მეთაურს და ყველაფერს ავუხსნი. შენ იქ არაფერი გესაქმება.
       – გთხოვ, ამას ნუ იზამ, ძია გურამ. მე სახლიდან გამოვიპარე.
       – რას ლაპარაკობ ბიჭო?!
       – ჰო, ეგრეა. სახლშიც გთხოვ არაფერი უთხრა. თვითონ გავაგებინებ. დავურეკავ.
       – კარგი შვილო, მაგრამ მეც დამიჯერე: დარჩი!
       – ვერა. არ შემიძლია. ჩემი მოვალეობაა და სამშობლოს ვჭირდები!
       – შენი საქმისა შენ იცი. მე გირჩიე.
       – არ ინერვიულო ბიძია გურამ. ყველაფერი კარგად იქნება.
       – ღმერთმა გისმინოთ ყველას!

       კერძო ავტომობილებით მიმოფანტული მოედანი. ქალაქი ჯერ კიდევ სავსე... დაქანცულმა მზემ, სხივების სისქე და სიგრძე გაანახევრა. აგრილდა საღამოს პირზე. წითელსახიან ჯარისკაცებსა და გამცილებლებს, ფერი დაუბრუნდათ ხორბლისა.

       – გოგონებო მოდით მივეპაროთ ბიჭებს. ვნახე! აი, ეგერ ბიძია გურამს ესაუბრებიან.
       – მართალი ხარ. გაუხარდებათ ჩვენი ნახვა.
       თვალები ხელისგულებით აუკრეს რამდენიმე ვაჟკაცს და ერთდროულად მიმართეს:
       – აბა გამოიცანი, რომელი ვარ?
       დაიბნენ ბიჭები, მაგრამ ხმის ტემბრით ადვილად ამოიცნეს თანაჯგუფელები.
       – გოგონებო აქ რა გინდათ?
       – ვინ გითხრათ, რომ მივდიოდით?
       – შენ როგორ ხარ ჩემო სიხარულო? – სიხარულისაგან ზეზვას გადაავიწყდა თუ სად მიდიოდა.
       – კარგად ჩემო, ლამაზო ჭაბუკო! – სიტყვებს ღიმილი მოაყოლა ნათიამ.
       – ხომ არ გეშინია?
       – არა. შენი იმედი მაქვს. ვიცი, რომ დამიბრუნდები. აი ეს გამომართვი. ნაკურთხია. – მისი ხელით ნაქარგი ცხვირსახოცი გაუწოდა.
       ზეზვამ ზედ მამაო ჩვენო... ამოიკითხა.
       – ეს შენ მოქარგე?
       – ჰო, გულთან ახლოს ჰქონდეს.
       – კარგი. ახლავე გულს დავაკრავ. – გაშალა ლოცვა. ხელისგულზე დაიფინა. მეორე ხელით მაისური აიწია და გულს დააფინა ლოცვა.
       – მიყვარხარ ზეზვა!
       – მეც მიყვარხარ ჩემო ანგელოზო!
       – იცით, ავტობუსში ვინ ზის ჩვენთან ერთად?
       – ვინ?
       – ჩვენი მერის შვილი.
       – დარწმუნებული ხარ?
       – რა თქმა უნდა.
       – ეს უკვე მესმის. – თქვა ნათიამ და გაკვირვებული სახით ძებნა დაუწყო ავტობუსში. სურდა ბიჭების ნათქვამში სიმართლე ეპოვა, მაგრამ სახეზე მას არ იცნობდა.
       – ბიჭებო, რომელია? ზეზვა, მანახე გთხოვ!
       – ნუ მაეჭვიანებ სიხარულო! – თითქოს სახე მოღუშა ზეზვამ, მაგრამ...
       – არ გამოგდის სიხარულოოო! – გაცინებულმა გასცა პასუხი.
       – თუ არ იცნობ ნათია, რას დაეძებ ასე გაფაციცებით?
       – ჰაბიტუსზე ვიცნობ, ნამდვილად. არ მითხრათ. თვითონ მინდა გამოვიცნო. – უარჰყო ერთი წუთის წინ ნათქვამი თხოვნა დახმარებასთან დაკავშირებით.
        ბიჭებიც აზარტში შევიდნენ. შესცქეროდნენ ნათიას. მოსწონდათ მისი ნარნარი ფეხის წვერებზე. ნათიას ფიქრები კი ერთი ადამიანისკენ იყო მიმართული. ფიქრობდა: ნუთუ მართლა შესაძლებელია სასწაული მოხდეს?! ნუთუ მართლა აქ არის?!.. მასში მოზღვავებულ ენერგიულობას ამართლებდა ფაქტები, როგორც სიმართლის ძიებისა ასევე დაუჯერებლობისა. ამ საქმეს ხუთი წუთი დასჭირდა, რადგან ძებნა სხვა ავტობუსის სარკმლებთან დაიწყო. შედეგმაც არ დააყოვნა:
       – აი ეს არის. – თქვა, მაგრამ თითი არ გაუშვერია მისკენ. იცოდა, რომ უხერხული იყო.
       – არა, უთუოდ იცნობდი მას.
       – არა, გეფიცებით.
       – ნუ გვატყუებ. – ეცინებოდათ ბიჭებს. აწვალებდნენ.
       – არ გატყუებთ. დააკვირდით: – „ცხვირი ჰგავს: – ჰგავს; შუბლი ჰგავს? – ჰგავს; თვალები ჰგავს? – ჰგავს; პირი ჰგავს? – ჰგავს;“ ჰოდა ეგ არის! – მეტყველებს ჰაბიტუსი სიამაყესა და ქედმაღლობაზე. – ამჯერად კი სიცილი კოლექტიური შეიქნა. ხარხარებდნენ თანაჯგუფელები და ხალისობდნენ.
       – ისე, დროა უკვე...
       – ჰო, მართალი ხარ. რვაზე უნდა წავსულიყავით.
       – ვის ველოდებით. ნეტავ?
       – კარგი, რაა... ეგ არ იცი?
       – ჰო, აბა თქვი!
       – ქალაქის სადავეების მმართველებს.
       – გეთანხმები. ნეტავ სად არიან? გვაგვიანდება.
       – შენც მოითმინე.

       გამოჩნდნენ.
       მღვდელიც გამოჩნდა.
       დალოცვა შესდგა!
       რეზერვისტები ავტობუსებში ავიდნენ.
       წარმატებები უხვად უსურვეს.
       სიტყვა ქალაქის თავისა კი ვერ მოისმინეს.
       ყველა მას შესცქეროდა.
       ავტობუსში ავიდა.
       ერთი წუთიც არ გასულა.
       ავტობუსი ორმა ადამიანმა დატოვა:
       მამა-შვილმა!

       – უთხარით ავტობუსებს დაიძრან. დაგვიანდა უკვე. – გადაულაპარაკა თანაშემწეს.
       – ახლავე. – ხელით ანიშნა მძღოლებს, რომ წასულიყვნენ.
       ჩვენ ვიცით, რომ ბრძანებას სამხედრო მოხელე იძლევა ასეთი შემთხვევების დროს, მაგრამ...

       უცნაური საქციელის შემსწრე რეზერვისტები, გაოცებამიყინული სახეებით უცქერდნენ მამა-შვილს.
       უცნაური საქციელის შემსწრე მშობლები, ნათესავები, ჯგუფელები, უცხო ხალხი, აგენტები, გაოცებამიყინული სახეებით უცქერდნენ მამა-შვილს.

       მამა-შვილი
       მამა გახარებული – შვილი იხსნა.
       შვილი გაბრაზებული – სიამაყე ჩამოერეცხა სახიდან.
       მანქანაში:
       – სად მიდიოდი?
       – შენ რა გააკეთე?
       – ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა.
       – ხალხის თვალში დამამცირე.
       – აღიდგენ ღირსებას.
       – ღირსებაზე არ ვსაუბრობ, მე.
       – მაშინ რაზე მესაუბრები?
       – ჩემს სიამაყეზე, რომელიც ასე გათელე ფეხქვეშ.
       – რატომ წამომყევი?
       – შენ მაიძულე.
       – ცდები! თვითონ ხარ ლაჩარი.
       – არ ვარ ლაჩარი!
       – მოვრჩით საუბარს, რადგან ლაჩრები შენსავით იქცევიან. – დაასრულა შვილთან საუბარი. შემდეგ მძღოლს გასძახა: – სახლისკენ.
       – კარგით!

       ქალაქი ცარიელი...
       ცარიელი ბოთლები...
       სადღეგრძელოები სავსე სიტყვებით.
       ჭიქებიც ცარიელი.
       სუფრა ცარიელი.
       მონატრება პირველივე წამიდან...

       * * *

       ცარიელი სივრცე...
       გზა ცარიელი.
       მხოლოდ ერთი შესასვლელი.
       კარი გაიღო.

       – მოეწყვეთ! ნაბიჯით იარ!

       გაჩირაღდნებულ ნაწილს, სიცოცხლის შიში ეკვროდა გარს.
       გაჩირაღდნებულ ნაწილს ამაყად ეჭირა თავი, როგორც ახალ რეკლამირებულ საქონელს მთელს მსოფლიოში.
       ბანერიც ამშვენებდა სურათითა და წარწერით: – სამხედრო ნაწილი.
       გაჩირაღდნებულ ნაწილს სახელმწიფო უხდიდა ელექტრო ენერგიის გადასახადს?!
       ალბათ, მაგრამ დაგვიანებით...

       – მოგესალმებით ჯარისკაცებო!
       – გაუ–მარ–ჯოს! – ერთხმად და ომახიანად ახმაურდნენ ჯარისკაცები, ერთი სიტყვის წარმოსათქმელად.
       – თავისუფლად.
       – თქვენ გამოძახებულები ხართ, საჭიროებისამებრ. არავითარი საშიშროება არ მოგელით. შეგიძლიათ ყაზარმებში მშვიდად დაელოდოთ მოვლენების განვითარებას. სანამ განლაგდებით თქვენს შესაბამის ადგილებზე, იარაღი აისხით. იცით თუ სად ხდება ეს პროცედურა, ხო?
       – დიახ! – ერთხმად და ომახიანად ახმაურდნენ ჯარისკაცები, ერთი სიტყვის წარმოსათქმელად.
       – სწორდით! სმენა! მარჯვნისაკენ! ნაბიჯით იარ!

       სიკვდილი არა არის რა!
       მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი.
              ნეტარი ავგუსტინე.

       კარები მეორე მხარეს გამოჩნდა.
       დროებით ურდული ადევს.

       * * *

       ნახევარი საათის შემდეგ.
       „ევროპის სტანდარტების“ შესაბამისად მოწყობილ ყაზარმებში განლაგდნენ რიგითები.
       გარეთ კიდევ ევროპული მთვარე ანათებდა.
       ევროპული ჟალუზები ჩამოაფარეს რიგითებმა. შეწუხდნენ მთვარის ნათებით.
       ნეტა რატომ?
       იქნებ ქართველი არ იყო?
       მთვარე – ქართველი ან ევროპელი?!
       დღეს ჩრდილოეთის ღამე წამოწვა ქართულ მიწაზე.

       ჯერ კიდევ, ათას ცხრაას ოცდაერთი წლის თებერვალში გადაწყვიტა მოსვენება ჩრდილოეთმა.
       მას შემდეგ დროის შესაბამისად იცვლის ზეწრებს. კარგად გრძნობს თავს აქ.
       თითქოს მშობლიური მიწა იყოს.
       არადა ზეწრის მიმტანებიც მრავლად ჰყავს ჩვენსას.
       ვერაფერს შველი საქმეს.
       ეროვნება შევიცვალოთ თუ ადგილმდებარეობა?
       არც ერთი და არც მეორე.
       ისინი უნდა გავუშვათ.
       დღეს სამივე ცალი გვერდით წევს ქართულ სასთუმალზე:
       ევროპას ტვინი უდევს ბალიშზე...
       რუსეთს მუცელი გასიებია ჩვენს სასთუმალზე...
       ამერიკას ფეხები შემოუწყვია სასთუმალზე...
       რა ვქნათ ჩვენ რიგითებმა?
       გამზეურებასაც არ გვაცლიან.
       აბა, როგორ? წამოდგომას არცერთი არ კადრულობს.
       ამბობენ: ისედაც მშვენივრად ვგრძნობთ თავს, თქვენი სტუმარ-მასპინძლობის შემყურენიო.
       რატომაც არა?!
       აკლიათ რამე?
       ეს ჩვენა ვართ ცხვრები...
       არ ვიღლებით საუბრით და ლაქლაქით. ყველა პოლიტიკოსია და მოაზროვნე!
       დაგვავიწყდა ჩვენი საქმე.
       თუმცა არ არის ჩვენი ბრალი ეგ ამბავი...
       ჩვენს მეფეებს უჭირთ ნამეტნავად იქ სადღაც კაბინეტებში...
       უჭირთ, მაგრამ ვისი წყალობით?
       ისევ ჩვენი...
       ჩვენ გაუთეთრეთ სისხლი...
       ნურას უკაცრავად!
       ჩვენ გაგვითეთრა წვერები...
       დაგვაბერეს...
       თუმცა ჯერ ადრეა.
       ჯერ კიდევ არ არის გვიანი!
       ჯერ კიდევ სითბოა!
       ჯერ კიდევ უყვართ შვილები საქართველოში. არ აგდებენ სახლიდან ერთმანეთს მშობლები და შვილები.
       ჯერ კიდევ ასხივებს მოგვებისთვის ვარსკვლავი.
       გზა უჩვენებს...
       უჩვენებს გზას ცარიელ ქალაქში.
       – მოეშვი ფიქრს ოთო. – გამოაფხიზლა ზეზვამ, ფიქრებს გაყოლილი...
       – რაზე ფიქრობდი ოთო?
       – შენ რაღა გინდა ჩემს ფიქრებში? არ გსმენია: – არასოდეს ისურვოთ სხვის ტვინში შეძრომა, იქ დიდი სიბინძურეაო, ნათქვამია, თან სულ სიბინძურეაო.
       – ეგ ვინ თქვა?
       – არ მახსოვს... რა მნიშვნელობა აქვს შენთვის?
       – ის, რომ ასევე ნათქვამიცაა: მახინჯს სხეულში მახინჯი სულიაო. განა ჩემში ცუდი სულია?
       – არა, რა თქმა უნდა.
       – მაშინ ის შენი ფრაზაც არა სწორია.
       – კარგი გეტყვი რაზე ვფიქრობდი.
       – ჰო, მიდი, აბა...
       – ჩვენს ქვეყანაზე.
       – დღეს ამაზე ფიქრი აქტუალურია.
       – მართალი ხარ.
       – მე ყოველთვის მართალი ვარ. – კუდი დაიმოწმა ზეზვამ და გაიღიმა.
       – ასე ამპარტავნები საუბრობენ ჯიმაია.
       – ჰო, რა იყო, ვიხუმრე.
       – კარგი, მეც გეხუმრე. უბრალოდ ვიცი, რომ ყოველთვის მომენატრება ჩემი სამშობლო. მომენატრება ჩემი ქალაქი, ჩემი ეს უსუსური და არაფრის მაქნისი ადამიანები, რომლებიც ქალაქის მაჯისცემას სხვებს ანდობენ. თუმცა მათი ეროვნებისა ვარ მეც.
       – რა გჭირს ოთო?
       – არ ვიცი. რაღაც პესიმისტური და მელანქოლიური განწყობა დამეუფლა. თუმცა ფიქრები გაცილებით ოპტიმისტური მქონდა.
       – გასაგებია. ბოლომდე აღარ გამანდე არა?
       – კი გითხარი, თუმცა რა იცი ადამიანის თავში რა ტრიალებს. ახლა ასე ვფიქრობ, ორ საათში სულ სხვა ფიქრები დამტანჯავს ან საერთოდ არაფერზე ვიფიქრებ.
       – იქნებ შეყვარებულზე იფიქრო ან ომის დასრულება სად აღვნიშნოთ და ჩვენი გადარჩენისა სად შევსვათ. ჰაა რას იტყვი?
       – ბიჭო იქნებ, ვერც გავაღწიოთ აქედან. სიკვდილის წინ მაინც ფიქრობს ადამიანი სუფთად და ტვინი არ შეიძლება იყოს გამოჭედილი სხვა ათასი მავნე ფიქრებისაგან. თუმცა ჩვენი უცნობი გმირი სხვას იტყვის მაინც.
       – რომელი?
       – აი ეგერ, რომ წამოწოლილა. – საჩვენებელი თითი გაიშვირა უცნობისაკენ.
       – ეგ რა შუაშია?
       – ისე უბრალოდ ვთქვი. აბა გითხარი არ მახსოვს ვინ თქვა-თქო. შენ კიდევ ჩამეძიე რაა...
       – ჰო, კარგი. აღარ გავაგრძელებ. არა რააა... მაინც მაინტერესებს, ვინ თქვა ასე დამაჯერებლად, რაც დაუჯერებელია. არ შეიძლება ყველას ტვინში მხოლოდ სიბინძურე იყოს. მაშინ სამშობლოს ვინღა დაიცავს?

       დაცვა პაიკით...
       დაცვა სამოცდაოთხ ცარიელ უჯრაზე...
       მოძრაობა თავისუფალი.
       არავინ ხელისშემშლელი...

       * * *

       მე ისევ მე ვარ. შენ ისევ შენ ხარ.
       რაც ვიყავით ერთმანეთისთვის, ისევ ისა ვართ საუკუნოდ.
       ისევ ისე მომმართე, როგორც ყოველთვის მოგიმართავს.
       ისევ ისე მესაუბრე, როგორც ყოველთვის გვისაუბრია.
              ნეტარი ავგუსტინე

       საუბარმა მეორე ნახევარი საათი გასტანა.
       ერთი საათის შემდეგ.
       აბა... საუკუნეები ლაპარაკის გარეშე?!
       გავაგრძელოთ საუბარი.

       შუქებს არ აქრობდნენ სამხედრო ნაწილის ეზოში, არც ყაზარმებში. საბრძოლო ტექნიკა თითქმის არც ყავდათ ნაწილში, მაგრამ საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს. არ ჰგავდა ეს მზადებას თავდაცვისთვის. რიგითებმა ყაყანს უმატეს. ყოველი მხრიდან ისმოდა სალანძღავი ეპითეტები. რიგითებმა, მოქალაქეებისათვის დამახასიათებელი სიტყვათა მარაგი გამოიყენეს და საოცარი კორიანტელი დადგა უწმაწურობისა. შემდეგ მსჯელობის საგანი სხვა რამ გახდა:
       – ცარიელი მჭიდები რათ გვინდა? ვაზნების გარეშე რა თავში ვიხლით ამ ავტომატებს?
       – წარმოდგენა არ მაქვს.
       – მე ვიცი!
       – აბა ვუნდერკინდო, გვითხარი.
       – საშიში არაფერია. იციან ჩვენმა სარდლობამ მოსალოდნელი საშიშროების შესახებ და ადეკვატურად იქცევიან.
       – დარწმუნებული ხარ?
       – რა თქმა უნდა!
       – კიდევ ერთი შენისთანა და ხვალ სახლში დაბრუნებაზე დავიწყებ ფიქრს.
       – იქნებ დღესვე გაგვიშვან.
       – არ ვფიქრობ ესე...
       – შენ სად ცხოვრობ?
       – გურული ვარ.
       – შენ?
       – მე იმერელი.
       – თქვენ ბიჭებო?
       – მეგრელი.
       – სვანი.
       – რაჭველი.
       – აჭარელი.
       – ფშაველი.
       – ხევსური.
       – საქართველო ერთიანი ძლივს არ ვნახე? – გაეღიმა ზეზვას.
       – არა, გვაკლია მაინც. აფხაზი და ოსი.
       – როდის წაგვიყვანენ ნეტა საბრძოლველად ოსეთში?
       – ოსეთში არა, სამაჩაბლოში.
       – კარგი სამაჩბლოში. როდის გავემზადებით?
       – ადამიანო ვაზნები არ დაურიგებიათ და საერთოდ რაზე საუბრობ? არსად არ მივყავართ ჩვენ.
       – მაშ რათ უნდოდათ ჩვენი შეკრება?
       – წარმოდგენა არ მაქვს?!

       ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი.
       ნუ მიიღებ სამგლოვიარო, მწუხარე იერს.
       გაიცინე, რაზეც გვეცინებოდა.

              ნეტარი ავგუსტინე

       
       ერთი ქვეყნის ქვეშ...
       მრავალი კილო...
       მრავალი აზრი...

       * * *

       ორი კვირით ადრე.

       სიყვარული.
       გოგო მეტად სათნო...
       ბიჭი ახლოს.
       ივლისის თვე.
       შეხვედრა მომავალთან...
       დანიშნული დრო.
       საღამოს შვიდი საათი...

       – რატომ დააგვიანე?
       – დავაგვიანე?
       – ჰო.
       – მხოლოდ ორი წუთით.
       – მერე რა?! ხომ იცი, რომ დაგვიანებას ვერ ვიტან.
       – კარგი, აღარ მოხდება. გპირდები.
       – როგორ ხარ ძვირფასო?
       – რა მიჭირს შენს გვერდით?
       – ნუ დამცინი! – გაიღიმა გოგონამ.
       – არ დაგცინი. შეყვარებული ვარ, იცი?
       – ვინ არის ის ბედნიერი?
       – აბა, გამოიცანი!
       – ერთი წუთით... აჰა... მივხდვი! ის მე ვარ!
       – დარწმუნებული ხარ?
       – ისევ დამცინი დამპალო.. – თმების წიწკნა დაუწყო ინსტიქტურად ოთოს, გოგონამ.
       – შემეშვი, გადარეულო!
       – ჰო კარგი. რა ხდება შენთან სამსახურში?
       – ყველაფერი ჩვეულებრივად.
       – როგორი ხარ ახალ თანამდებობაზე?
       – ისევ ისეთი, როგორიც ვიყავი. არ შევცვლილვარ.
       – აბა, შენ რა შეგცვლის, ჩემო დათვო? არც არაფერი.
       – არ ვიცი სიხარულო.
       – რატომ ხარ ასეთი საყვარელი?
       – არ ვიცი?!
       – რატომ უყვარხარ ყველას?
       – არ ვიცი?!
       – მე ვიცი.
       – აბა მითხარი.
       – იმიტომ, რომ ბუნებით თბილი ადამიანი ხარ. შენი სული სუფთაა, შესაბამისად ტვინიც. სიბინძურე შენთვის მიუღებელია. არ ფიქრობ ბოროტებაზე და ყველაში მხოლოდ სიკეთეს ხედავ. ვაჟკაცი მყავხარ! ყველას საკადრის პასუხს სცემ. სიმართლეს მეტყველებ. ესაა სიმართლე.
       – შენ მხოლოდ კარგს ხედავ. იქნებ ცუდიც მახასიათებს. თუნდაც შეიძლება, როდესაც ჩემი ცოლი გახდები სულ სხვა თვალით შემხედო.
       – ხომ არ დაგავიწყდა, რომ შეყვარებული ვარ ოთო? ასეთ დროს, მხოლოდ კარგზე ვფიქრობთ ან არ მსურს დაგინახო სხვა კუთხით, ისევე როგორც შენ.
       – მართალი ხარ! სულ შენზე რატომ ვფიქრობ და ღმერთზე?
       – ღმერთზე იმიტომ, რომ ოჯახი უნდა შექმნა და მისგან წყალობას ელი. ჩემზე კი იმიტომ, რომ შენთვის შემქმნა ღმერთმა და შენთვის უნდა ვიზრუნო სიცოცხლის ბოლომდე.
       – არ დაიღალე სეირნობით? მოდი ჩამოვჯდეთ.
       – ჩამოვჯდეთ.
       – გახედე ვინ მოდის? ზეზვა.
       – ზეზვა ვინაა?
       – ჩემი ძმაკაცია. ახლავე მოვალ. უხდება არა ხელჯოხი?
       – კი, მაგრამ რა მოუვიდა?
       – ავტო-კატასტროფაში მოჰყვა.
       – საწყალი.
       – ახლავე მოვალ. დამელოდე.
       შეხვედრაზე ხელგაშლილი გაეშურა. ჩახუტებით დაგვირგვინდა. თბილი საუბარი საძმოს მოკითხვებით დაიწყეს. ერთმანეთს სამომავლო გეგმები გააცნეს.
       – სად დაიკარგე ადამიანო?
       – ზეზვა, ხო გესმის ჩემი, არა? სამსახური მაქვს ჯოჯოხეთური. ყოველ დღე იქ ვარ. შაბათი ჩემთვის არ არის და კვირა.
       – ხო, მესმის. შენთან არაფერი მაქვს სათქმელი. მინახულე მაინც. აი ერთი, ნარკომანი, რომ გვყავს. იმას ვერაფერი მოვუხერხე.
       – მეც რასაც მას ვესაუბრები. არ არის მისი საშველი.
       – ჩვენი მკვდარი ჩვენვე უნდა დავმარხოთ.
       – ეგრეა.
       – ესაა შენი შეყვარებული?
       – ჰო.
       – ლამაზი გოგოა. ყოჩაღ! გემოვნება ჰქონია. – გაიცინა ზეზვამ.
       – ჰო, რა ვიცი?!
       – შენს სიმორცხვეს რა ეშველება, ბიჭო? რა გჭირს ადამიანო?!
       – არც არაფერი, ხო იცი ესეთი ვარ.
       – რას აპირებ?
       – ჯერ არაფერს.
       – რატომ?
       – საზღვარგარეთ მივდივარ.
       – სად?
       – საფრანგეთში.
       – რატომ ბიჭო?
       – აქ არაფერია, ჩემო ძამია. იქ კი ახლობლები მყავს. ხელს გამიმართავენ, ფეხზე როგორც კი მყარად დავდგები, შემდეგ ჩამოვალ, ცოლსაც შეირთავ...
       – მერე რას აპირებ?
       – არ ვიცი. შეიძლება დავრჩე, შეიძლება ისევ წავიდე ოჯახთან ერთად.
       – შეყვარებულმა იცის?
       – კი უკვე ვუთხარი და თანახმაა. დამელოდება. არ გვეჩქარება. ჯერ მაინც არ ვართ მზად ოჯახის შესაქმნელად.
       – გასაგებია. კარგი ოთო. დაგემშვიდობები. მეც ჩემს ნათიას უნდა შევხვდე. ხომ არ გინახავს?
       – არა. აქ არ ჩამოუვლია.
       – კარგი აბა, დროებით.
       – დროებით მეგობარო, ნათიას მოკითხვა უთხარი ჩემგან! დღეს გამოვივლი შენთან.
       – კარგი, გელოდები!
       ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და დაშორდნენ.

       მეგობრების ფიქრები – სუფთა.

       – მორჩით საუბარს?
       – კი მოვრჩით. წამოდი გავიაროთ. აქვე კაფეა, შევიდეთ.
       – სიამოვნებით!

       ივლისის თვე.
       შეხვედრა მომავალთან...
       საღამოს ათი საათი...
       დასასრული.

       * * *

       ილოცე!
       გაიღიმე!
       იფიქრე ჩემზე...
       ჩემთან ერთად ილოცე.

              ნეტარი ავგუსტინე.

       ერთი ქვეყნის ქვეშ...
       მრავალი აზრი...
       სიცარიელე ყუთში.
       ერთი შესასვლელ–გასასვლელი...
       ფიქრები გაიფანტნენ...
       ტვინი დაცარიელდა.
       ინსტიქტი მომძლავრდა.

       დარტყმის დღე.

       ლოცვანი წამოეღო ოთარს. ზეზვა ნაქარგ ცხვირსახოცს დასჩერებოდა და გულში მამაო ჩვენოს ბუტბუტებდა.
       სიჩუმე ჩამოვარდა. დაიღალნენ ბიჭები უშედეგო და პასუხგაუცემელი კითხვების გამეორებით. რაც მოსახდენია მოხდება. იქნებ კითხვებსაც გაეცეს პასუხი.

       – ყველანი გარეეთ. სასწრაფოდ! მტერი გამოჩნდა.
       წამოიშალნენ ბიჭები. უწესრიგობამ დაისადგურა. აირია მონასტერი... ერთმანეთს დაუწყეს ხელისჰკრა. სახე-ალეწილები მიმოიფანტნენ და ერთმანეთის გაწევ-გამოწევაში გვერდები დაილილავენ.
       ერთი გასასვლელი იყო მხოლოდ. გაიჭედა გასასვლელი. ფანჯრების გაღების ნაცვლად მათი მსხვრევის ხმა ისმოდა. დაბნეულობისაგან ვეღარ აზროვნებდნენ. ხტებოდნენ ფანჯრებიდან.

       – სად ხარ ოთო? – ყვიროდა გამეტებით ზეზვა.
       – აქ ვარ ზეზვა, აქ ვარ! – მოისმა შორიდან. – აქეთ წამოდი. კარებში ვერ გახვალ.
       – ვერ გამოვალ. ჭყლეტაა... უკან ვერ დავბრუნდები...
       – შუქებს რატომ არ აქრობენ?
       – არ ვიცი მეგობარო. – ერთმანეთს უყვიროდნენ ვაჟკაცები. – იქნებ მიაგნო „შიტს“ და გამორთო. მე ვერ მოვახერხებ.
       – კარგი შევეცდები.

       სრული ქაოსი ნაწილში. ინტენსიურმა დაბომბვებმა ნახევარ საათს გასტანა. გაუთავებელი ყიჟინა ერთმანეთის გადასარჩენად...
       – იქით ნუ წახვალ...
       – ფრთხილად ბიჭებო!
       – თავს უშველეთ!
       – მოგვატყუეს!

       შუქიც ჩაქრა.
       – ოთო, სად ხარ? ოთოოო....
       პასუხს არავინ სცემდა.
       – არ გინახავთ? სად წავიდა ოთო?
       – არ ვიცნობ ძმა! თავი დამანებე. – უთხრა და გაიქცა ნაწილის მავთულხლართებისაკენ. ღობე იყო ერთადერთი თავის დაღწევის საშუალება, მაგრამ გზაში ბიჭები პანტა-პუნტად ეცემოდნენ.
       – ღმერთო შენ მიშველე! უნდა გავრისკო. იქნებ ოთოც ვიპოვო. – ხელი ტანსაცმლის შიგნით ჩაყო. ნაქარგი ლოცვა გაისწორა გულთან. ერთიც ამოიხვნეშა და გაიქცა.
       მორბენალს გზაზე ტყვიები წამოეწია. ერთი ბომბიც აფექდა ნაწილის ეზოში. უგონოდ დაეცა. აზრზე მოსულს თავზე ოთო ედგა და მის წამოყენებას ცდილობდა.
       – ოთო შენ ხარ?! – ძლივს მოახერხა სიტყვების წარმოთქმა.
       – მე ვარ. დამეყრდენი. დაჭრილი ხარ.
       – როგორ? არაფერი მახსოვს...
       – გთხოვ, დამეხმარე.
       – კარგი. – ჩაიბუტბუტა ზეზვამ და ოთოს დამორჩილდა.
       ისევ დაიწყო ტყვიების ცვენა. გაისმა გამაყრუებელი ხმა. მიწა შეზანზარდა. აფეთქების წნევამ ორივე ერთად მოისროლა საკმაოდ შორ მანძილზე.
       ზეზვა თვალებს ვერ ახელდა. ვერაფერს ხედავდა. ხელი მოისვა და ბლანტი წითელი სითხე თვალებს მოაცილა. მხედველობა აღუდგა. სიმძიმე იგრძნო სხეულზე. თითქოს ლოდი დასცემოდა. თვალახელილმა მხოლოდ ერთი რამ დაინახა: ოთარი იწვა მის სხეულზე.
       – ოთო, ძამია! ცოცოხალი ხარ?
       პასუხს არავინ სცემდა. მხოლოდ ოფიცრის შეძახილი ესმოდა: – იარაღი დაყარეთ, გაიქეცით, თავს უშველეთ!
       ტყვიების ზუზუნი გრძელდებოდა. ხელი გაინთავისუფლა ზეზვამ და ოთოს ზურგზე შემოაჭდო.
       იგრძნო წითელი სითბო.
       – ბიჭო ოთო! რა დაგემართა ბიჭო! ღმერთო შენ მიშველე! გამეცი პასუხი ძამია, გთხოვ ჩუმად ნუ ხარ, გამეცი პასუხი. რა გემართება... ოთოოოო... ოთოოოო.... რას მიშვები ადამიანო! გაიღვიძეეე! ჩემო ძამია, ჩემო კარგო, ჩემო ძამია... ჩემო კარგო... ოთოოოოოო...
       პასუხი ზეცამაც არ გასცა!
       ღობეს ახტებოდნენ რიგითები, ოფიცრები, ლეინტენანტები...
       დაცარიელდა ნაწილი.
       გვამებით გაივსო ნაწილი.

       ცარიელი ქალაქი...
       განწირული ბიჭები.
       უპასუხისმგებლობა ფარფაშობს...
       შობს სისასტიკეს გამყიდველობა.

       * * *

       გადახსნილი თვალსაწიერი...
       საუკუნო სამყოფელი...
       ახალი ბილიკი, რომელსაც ვადგავარ.

              ნეტარი ავგუსტინე

       სავსეა ქალაქი – ყოფითზე ფიქრით.
       ცარიელია ქალაქი – სულიერებაზე ფიქრით.

       ლოცვა ისმის საკათედრო ტაძარში. სანთელი იწვის მხოლოდ ორი: მღვდლისა და გურამის.
       – მამა ვარ მე. გული ფორიაქობს ჩემში ღმერთო. განმაძღე სულიერებით. გაათფე ფიქრები ჩემში, ნაღველი შემიჭამოს სიკეთემ, სისხლი გამიწყალდეს თუ უკუვიფიქრო, ღელვა დამიოკე უფალო, მშვიდობა მიეც სამშობლოს, შვილი დაიცავი გევედრები! ყველას დაუბრუნე ბედნიერება. აღირსე მათ დაბრუნება. შემინდე, მე, ნაწამებს ცოდვები. მოველ აღსარებისთვის შენთან... ტვინს ძალუძს გესაუბროს, სულს გასვლა სურს სხეულიდან, მაგრამ არ ვთმობ. იქნებ გაბრიელს არ ვახსოვარ?! – შესაძლებელია. იქნებ ჯერ აქ ვჭირდები შვილებს... – მართალი ხარ ვჭირდები! ვილოცებ სამშობლოსთვის. გამიჩნდა სურვილი ვებრძოლო უგუნურთ. გამიჩნდა სურვილი სიმართლე დავიცვა. მე მიყვარს სიმართლე. შენ? – რა თქმა უნდა გიყვარს! ჩემი შვილი ალალი კაცია. შეუნდე მას ცოდვები და დამიბრუნე საღ-სალამათი. გევედრები უფალო იხსენ სამშობლო! არ ვიცი ლოცვები, მაგრამ ვიცი კაცობა; არ ვიცი ფსალმუნები, მაგრამ ვიცი შენდობა; არ ვიცი წმინდანთა ცხოვრება, მაგრამ ვიცი სიყვარული! მე დავასრულე წამიერება... აწ ვიქნები წლებში გაშლილი მოძღვარი...

       ორი ათას რვა წელი. რვა რიცხვი. მცხუნვარე მზე. ქალაქი სავსე. სავსე, მაგრამ დაჩაგრული და მშიერი. მომუშავენი ლუკმა პურისთვის. ქალაქი ვალებში ჩაძირული. ქალაქი დაიბომბა შრომით პროცესში. არც საგანგაშო სიგნალი. დაიღუპნენ ბიჭები, ვინც ღამის ცვლაში მუშაობდნენ.
       დაბრუნდა ეკლესიიდან გურამი.
       – აქ ხართ მეზობლებო?
       – სად წავიდოდით, როგორ ფიქრობ?
       – აბა რა გითხრათ?! ერთ ამბავში იყავით, დაპანიკდით, თავშესაფარს ეძებდით, სად შეიძლება იყოსო? გაიძახოდით. არც კი გაგხსენებიათ, რომ აქვე ახლოს გზის გადაღმა არის.
       – გაგვახსენდა, მაგრამ გადავიფიქრეთ.
       – რატომ?
       – არ ვიცით.
       – ბავშვი, როგორაა?
       – ახლა უკეთ. მიწყნარდა სროლები, დაწყნარდა ბავშვიც.
       – ქეთევან ჩვენი ბიჭები სად არიან?
       – აგერ ვართ მამა.
       – არსად წახვიდეთ, შვილებო. ხვალ გაგიყვანთ ქალაქიდან. მარიამი სად არის?
       – აქ ვარ გურამ.
       – მეუღლე მოვიდა?
       – კი მოვიდა. მადლობა უფალს!
       – თქვენც წამოხვალთ ჩვენთან ერთად ხვალ.
       – კარგი გურამ.
       – თქვენ რას აპირებთ მეზობლებო?
       – ჩვენც გავალთ. დავტოვებთ ბავშვებს და დავბრუნდებით უკან.
       – არ დაბრუნებით, ვიცი თქვენი ამბავი.
       – რას გვიხურებ გურამ?
       – არ ვახურებ, უბრალოდ ვხდები და ვიცი როგორც მოიქცევით.
       არავის პასუხი არ გაუცია გურამისთვის.
       – გახედეთ, ვაჟას ბიჭი მოდის. ეცოდინება მას ყველაფერი.
       შემოეხვივნენ ახალგაზრდა ვაჟკაცს მეზობლები, მათ შორის გურამის ოჯახიც იყო. ყველას აინტერესებდა თუ რა ხდებოდა.

       – ზღვიდან განახორციელეს შეტევა.
       – ზღვიდან? აბა თვითმფრინავები, რომ შევნიშნეთ?
       – მართალი ხართ, სენაკისკენ აიღეს გეზი. ალბათ იქაც დაბომბავენ.
       – გურამ, მიშველე! ჩვენი შვილი..
       – დაწყნარდი ადამიანო. დამირეკა უკვე ყველაფერი კარგადაა! – იცრუა.
       – კი, მაგრამ ვერაფერი მოახერხეთ?
       – შემოიპარნენ. ჩვენ კი ვერ დავაფიქსირეთ.
       – რატომ? რადარები ხომ გაქვთ?
       – კი გვაქვს, მაგრამ არ აჩვენა რადარმა.
       – ეს როგორ? მაღლა მოფრინავდა ძალიან?
       – ღმერთო შენ გვიშველე!
       – მოკვდა ვინმე?
       – კი, დაჭრილებიც გვყავს.
       – პორტში მომუშავე, სმენის ბიჭებიც დაიღუპნენ.
       – ჩვენ ორი აფეთქების ხმა გავიგეთ. კიდევ ჩამოყარეს?
       – მათი აქტიურობიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ პორტის განადგურება იგეგმებოდა. მასიურად დაგვბომბეს. საბედნიეროდ ორის გარდა სხვა არ აფეთქდა.
       – მაინც ვერ მივხვდი, რატომ ვერ დააფიქსირა რადარმა?
       – ანტისარადარო რაკეტებიც ჩამოყარეს.
       – შეხედე შენა ამ ნაბიჭვრებს... მონღოლების სისხლი აქვთ ამ ნაგვებს!
       – მოიცა, რა ყველაფერს მათ ნუ გადავაბრალებთ...
       – აბა ვის?
       – რატომ მუშაობს პორტი? ამ დროს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია. რატომ მუშაობს სხვა დაწესებულებები?
       – მართალი ხარ! უნდა მომხდარიყო მოსახლეობის გაფრთხილება, მაგრამ...
       – აბა ნახეთ თუ ჩააქრეს შუქები?
       – რა საფრთხემ გადაიარა ვითომ?
       – ნამდვილად არა. გარე-განათებები, მაინც ჩააქრონ ამ უღმერთოებმა.
       – დარეკე ერთი „ ენერგოში“ გათიშონ უთხარი შუქები.
       – ახლავე. – მობულური ტელეფონი ამოიღო მეზობლის ბიჭმა და დარეკა.
       ხუთ წუთში გარე-განათებები გაითიშა. მოსახლეობამ კი ბინებსა და სახლებში დაიწყეს ნათურების ჩაქრობა.
       – იკადრეს, ვაჟბატონებმა.
       – გახედეთ, ეგ ვინაა, რომ მორბის?
       – რა მოხდა შვილო?
       – გაიქეცით, თავს უშველეეთ! – სახეს არ ანახებდა გარეთ გამოსულ მოსახლეობას. უმისამართოდ გარბოდა და მხოლოდ ამ სიტყვებს გაიძახოდა: – გაიქეცით, თავს უშველეეთ!
       – რა ხდება ნეტავი?
       – არაფერიც არ ხდება. მარადიორობის სურვილით შეპყრობილი იქნება ვიღაც.
       – კარგი შვილო, შენ წადი. დედაშენს ანახე თავი. ალბათ საშინელ დღეშია.
       – ბოდიშით, გმადლობთ. სხვებიც მოდიან.
       – ჩემი შვილი, ხომ არ გინახავს?
       – არა თქვენი, შვილი არ მინახავს.
       – ჩემი?
       – თქვენი ჩემს უკან მორბოდა სხვებთან ერთად. მალე მოვა.
       – გაიხარე შვილო!
       – ყველა გაგვიშვეს. არ ხართ საჭიროო, გვითხრეს. ჩვენი ზემდგომებიც გაიქცნენ. დაგვჭირდებით გამოგიძახებთო. ასე გვითხრეს. მე წავედი. აბა მშვიდობით!
       – კარგად შვილო! – სიტყვა თბილად წარმოთქმული გააყოლეს სახლისკენ მიმავალს.
       – ხედავ რა ხდება, გურამ?
       – ვხედავ...
       – ასე, როგორ შეიძლება?
       – აბა, რა გითხრა ჩემო ნუგზარ. ყველაფერი ხდება. ეს საქართველოა. ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდებოდა, ჩემო კარგო.
       – აქ ჩვენშიც მოიძებნება, ვინმე გამყიდველი, რომელიც ჩვენს ყოველ გამოთქმულ აზრს მოახსენებს ადგილობრივ კგბ-ს თანამშრომლებს, ხო?
       – კგბ ადრე იყო ნუგზარ.
       – და დღეს რა განსხვავებაა ვითომ, მაგათ შორის? ერთი „ჩორტია“ ისინი.
       – მართალი ხარ მაგაში.
       კიდევ ერთი თავჩაღუნული ფორმიანი გამოჩნდა.
       – გაიქეცით, თავს უშველეთ! – მას მეორე თავაუწეველი ფორმიანი მოსდევდა. ისიც იმავეს გაიძახოდა:
       – გაიქეცით, თავს უშველეთ!
       – ახლა მაინც სტყუიან?
       – არ ვიცი და რა გითხრა?
       განგაშის საყვირის ხმა გაისმა.
       – არ სტყუოდნენ, როგორც ეტყობა. გესმით? თავს უშველეთ, დაიმალეთ, ნუ დგახართ გარეთ, შედით სადარბაზოებში, შედით!
       ყველა გაიფანტა.
       – არ გაიფანტოთ, ერთად ვიყოთ!
       – აქეთ ხალხნო, აქეთ!
       ყველამ ერთ სადარბაზოში მოიყარა თავი. უკვე ღამის წყვდიადში შეამჩნიეს კიდევ ერთი თვითმფრინავი. სროლა ატყდა, მაგრამ ვერაფერი უყვეს. გადაიფრინა ბინების თავზე. გეზი ისევ სენაკისკენ აიღო.
       – გურამ ეგ სად წავიდა ნეტავი?
       – არა ქეთევან, სენაკისკენ არ წასულა ნამდვილად. – იცრუა ისევ.
       – შენ რა იცი?
       – სენაკის სამხედრო ნაწილი უკვე დაბომბეს.
       – იქნებ ისევ დაბომბონ?!
       – არა ქეთევან, არ დაბომბავენ. დამიჯერე!
       – ავიდეთ სახლში, მოუსმინოთ ინფორმაციას, კარგი?
       – არაფერია, მოსასმენი, ნერვებს უფრო მოგიშლიან ერთი და იგივეს საუბრით.
       ცეცხლის ღამემ გადაირა. თეთრად გაათენეს მეზობლებმა. იყო ანეგდოტების მოყოლა, ბევრი სიცილი, თავშესაფრის ძებნა, სამომავლო გეგმების დასახვა: ვინ ვის წაყვებოდა, ვის რამდენი ადგილი ჰქონდა მანქანაში, ვის სად ყავდა ნათესავები, ვის რა წაეღო სახლიდან. ზოგი წიგნებს ვერ ტოვებდა, ენანებოდა; ზოგიც ოქრო-ვერცხლეულობა ენანებოდა: – უნდა წავიღო, დაგვჭირდებაო; ზოგი ჭინჭეულობასა და ჭურჭლეულობაზე სწუხდა, მოკლედ დიდი სჯა-ბაასი გაემართათ.

       მატერიალური სიცარიელე...
       ქალაქი იცლება.
       საზრუნავი გაუჩნდათ ადამიანებს.
       ზრუნვის საგანი ფუფუნებაზე ზრუნვა...
       მივიწყება იცის ზოგჯერ სიცოცხლემ.
       მივიწყება იცის ზოგჯეს სიკვდილმაც.
       სულები არავის გახსენებია...

       * * *

       შეიშრე ცრემლი!
       და ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ!

              ნეტარი ავგუსტინე

       ცრემლი თვალებს სდის...
       სისხლი სხეულს სდის...
       იარა გულში რჩება.
       ფიქრები გონებიდან გდის...
       აზრები ჭკუიდან გდის...
       სული კი სხეულიდან ქრება!

       სხეული ცარიელდება. რა დარჩა წლებს? – მოსაგონარი და მატიანე!

       ორი ათას რვა წელი. ცხრა რიცხვი. მცხუნვარე მზე. ქალაქი დასაცლელად გამზადებული.
       – ყველაფერი საჭირო ნივთი, ხო მიგაქვთ ქეთევან?
       – კი მაგვაქვს.
       – ძალიან კარგი. ჩასხედით მანქანაში.
       – საჭმელი წუხელ გავაკეთე. მზად არის. მაცივარშია.
       – მადლობა სიხარულო.
       გზად მიმავალნი, ქალაქიდან დაძრულ კოლონას შეუერთდნენ. ერთი კომპოზიტორი აკლდათ და შესაძლებელი იყო ახალი სიმფონიური ორკესტრისთვის ნაწარმოები დაეწერა. სადაც პირველი შემსვლელი ინსტრუმენტი ბარაბნები იქნებოდა, შემდეგ მას საყვირები შეურთდებოდნენ, ვაი-ვუი საოპერო ხმებში გაშლილი და აჰა... შენი ქალაქური ტრაგედიაც შექმნილია!

       მეზობელი კორპუსისკენ გაუყვნენ გზას. იქვე კორპუსის ეზოში სკამზე დამსხდარან ტარიელი და ავთანდილი.
       – ვაა გურამ ჩამოხვედი უკვე?
       – კი ტარიელ ჩამოვედი.
       – რა ხდება გზაზე?
       – რა უნდა ხდებოდეს? მიდის ხალხი, ტოვებენ ქალაქს. შენ რატომ დარჩი?
       – სახლს პატრონი არ სჭირდება?
       – სჭირდება ტარიელ, ნამდვილად სჭირდება. – უღიმღამო იერმა გადაჰკრა სახეზე გურამს.
       – შენ ამირან, შენების რა ისმის?
       – არაფერი ვიცი ზეზვასი.
       – შენები როგორ არიან სოფელში? რაო, ისმის იქით აფეთქებების ხმა?
       – კი ისმისო.
       – მაინც, როგორ გაიპარა ბიჭო ჰაა? რა გული ჰგქონია არა ავთანდილ, ზეზვას?
       – მართალი ხარ. პატრიოტი და ვაჟკაცი ადამიანია!
       – არ გამახსენოთ, გთხოვთ. ჩემი გაჭირვება მეყოფა. ეგ ნაბიჭვარი ბიჭი ვინც დაურეკა არხეინად ზის სახლში და ერთობა წამლით.
       – მოიცა, ეგ როგორ?
       – როგორ და ჩემმა გოგომ დაურეკა, სთხოვა აეხსნა თუ როგორ შეიძლებოდა ზეზვა წასულიყო, რადგან ბოლოს მას ესაუბრა. პასუხი ვერ მიიღო. შემდეგ სახლში მივიდა და მოთხოვა, რომ პასუხი ეთქვა. უპასუხა: – ჩემი ინიციატივით მოხდა ყველაფერიო. – თვითონ კი დარჩა.
       – ეგ ნაბიჭვარი. არაფერი ეშველება ეგეთ ადამიანებს. ისინი საკუთარ ოჯახის წევრებსა გაჰყიდიან წამლის გამო.
       – კარგი გვეყოს. მოვრჩეთ მასზე საუბარს.
       – მართალი ხარ. ადამიანებზე ვისაუბროთ.
       – საათის რომელია?
       – უკვე ორია. – უპასუხა გურამმა.
       ზარის ხმა გაისმა
       – ვისია? არა ჩემი არ არის...
       – ჩემია გურამ. – გასცა პასუხი ამირანმა.
       – დიახ, გისმენთ!
       – მამა, მე ვარ.
       – შვილო შენ ხარ? როგორ ხარ ბიჭო? რატომ არ დარეკე ადრე?
       – მამა საშინელი ღამე დაგვათენდა ბიჭებს!!! – ღრიალებდა ვაჟკაცი.
       – შვილო დაწყნარდი, რატომ სტირი? რა ხდება ჩვენს თავს? დაჭრილი ხარ?
       – არა მამა, მე არაფერი მიჭირს, გაკაწრული ვარ ოდნავ. საავდმყოფოში გადმოვყავართ უკვე. მამა რაღაც უნდა გითხრა. მარტო ხარ?
       – არ შვილო. მარტო არ ვარ. გურამიც ჩემთანაა.
       – გურამი, ოთოს მამა?
       – ჰო...
       – გვერდზე გადი მამა, გთხოვ!
       – კარგი შვილო...
       პაუზა ხმაში.
       – შვილო აქ ხარ?
       – კი მამა. ოთო დაიღუპა. – ეს სიტყვები გაფითრებულმა წარმოსთქვა.
       მობილური გათიშა ზეზვამ.
       ვეღარ შესძლო საუბრის გაგრძელება.
       თავი მოთოკა ამირანმა. წელში გაიმართა და ბიჭებისაკენ გამოემართა.
       – გურამ სანერვიულო არაფერია. ჩვენი ბიჭები დაჭრილები არიან. საავადმყოფოში უნდა წავიდეთ. ერთ საათში მოიყვანებენ!
       გურამი ადგილზე გაქვავდა.
       – გურამ ცუდათ, ხომ არ ხარ?
       – არა, დედამისს როგორ ვუთხრა?
       – გზაში მოვიფიქროთ, წავედით.
       – ჩვენც მოვდივართ.
       – ჩემი მანქანით წავიდეთ. – ძლივს მოახერხა სიტყვების თავმოყრა.

       * * *

       თეთრი კედლები.
       ირგვლივ ნაძვები.
       სიმშვიდე დაირღვა...

       კარები მეორე მხარეს გამოჩნდა.
       ურდული აღარ ადევს.

       ქალაქის საავდმყოფო. საავადმყოფო ცარიელი... ოცდამეერთე საუკუნის სირცხვილი. ადგილი სადაც არ მოიძებნება ელემენტარული აპარატურა, ჩამოშლილი კედლები, სრული სიბინძურე, ანტისანიტარული მდგომარეობა. ვირთხების სავანე. ავადმყოფები სხვა ქალაქებში გარბოდნენ. ერთადერთი შემთხვევა, როცა დატვირთვით მუშაობს.

       საავადმყოფოში მისულებს თვალწინ გოდების კედელი გადაეშალათ, მაგრამ აქ ცოდვებს არ მისტიროდნენ, აქ შვილებს დასტიროდნენ.
       – აქ რა ხდება ბიჭებო? ეს რა საშინელება ტრიალებს...
       – ღმერთო შენ გვიშველე! – წარმოსთქვა ავთანდილმა.
       – ღმერთო შენ დაგვიფარე! – წარმოსთქვა ტარიელმა.
       – ღმერთო შენ გვიხსენ! – წარმოსთქვა ამირანმა.
       – გურამი სადაა? – შენიშნა ავთანდილმა.
       – არ ვიცი?! გურამ! – დაუძახა ამირანმა!
       – აგერ მანქანაშია.
       – გადმოდი გურამ.
       გურამი მისშტერებოდა საავადმყოფოს კედლებს, ავტო-მანქანის წინა საქარე მინიდან. განუძრევლად იჯდა მანქანაში.
       – გურამ, როგორ ხარ?
       პასუხი არ გასცა გურამმა.
       – გურამ, გურამ... – ხელის მხარზე შეხებით შეაქანა გურამი ტარიელმა.
       – ჰო, მესმის...
       – გადმოდი მანქანიდან.
       – არ შემიძლია.
       – კარგი მაშინ, ჩვენ გავიგებთ ამბავს და შეგატყობინებთ.
       – წადი ამირან, შენი ვაჟკაცი ნახე, ჩემსას ნუ დაეძებ, ვგრძნობ, რაღაც ხდება ჩემს თავს. შენ კი არ მეუბნები.
       – არაფერი ხდება, გურამ. დაჭრილია მხოლოდ. ყველაფერი კარგად იქნება. აი ექიმს ვნახავ და გავიგებთ ყველაფერს.
       – წადი ამირან. ბიჭებო, დამტოვეთ მარტო.
       – ერთი ათი წუთით გავალთ მაშინ, ჰო?
       – კარგი.
       – შენ არსად წახვიდე.
       – არსად წავალ. – თავი გვერდზე მიაგდო და თვალები დახუჭა.
       – კარგი შევეშვათ ბიჭებო. მე გავიგებ რა ხდება. ჩემს ბიჭსაც ვნახავ. თქვენ აქ იყავით მარტო არ დატოვოთ.
       – კარგი. მიხედე საქმეს.
       მედიკოსებმა დასახელებულ სახელსა და გვარზე უპასუხეს, რომ: ჯერ ასეთი გვარების ჯარისკაცები არ გვყავსო. გაახსენდა ამირანს: დარეკვიდან მხოლოდ თხუთმეთი წუთი გავიდა.
       დაბრუნდა მანქანასთან და გურამიც ანუგეშა. – ჯერ არ მოუყვანიათ და ვიცით, რომ ცოცხლები არიანო. – ახლა მეორე მხარეს მიაგდო თავი გურამმა და ისევ დახუჭა თვალები. თუმცა ფერი სახეზე უკვე დაბრუნებოდა.

       სამი საათის შემდეგ.
       სიუჟეტები საავადმყოფოს ეზოში ელვის სისწრაფით ვითარდებოდა.
       დაჭრილი დაჭრილზე მოჰყავდათ.
       მიცვალებული მიცვალებულზე.
       ცრემლებისაგან დაიტბორა ეზო...
       ცაც მოქუფრულიყო.

       – მამა, აქ ხარ!
       – შვილო, ზეზვააა!!! – თვალცრემლიანმა ჩაიხუტა შვილი ამირანმა! ცოცხალი ხარ შვილო! ჩემი ნუგეში, ჩემი მშველელი, ჩემი გმირი ბიჭი!
       – მამა, არაფერი მიჭირს. კარგად ვარ! შენ როგორ ხარ? ჩვენები სად არაინ?
       – სოფელში. არც არაფერი მითქვამს. მე ვფიქრობდი, მძიმედ ხომ არ არის დაჭრილი-თქო...
       – არა მამა. ჩემი საღ-სალამათი ყოფნა ოთოს დამსახურებაა. მან გადამარჩინა. ზედ გადამეფარა. კიდევ, ცხვირსახოცის დამსახურებაა.
       – რა ცხვირსახოცის?
       – ნათიამ მომცა წასვლისას. აი ნახე! – ამოიღო გულიდან სისხლიანი ლოცვაამოქარგული ცხვირსახოცი და მამას გაუწოდა. ტყვიამ მხოლოდ გამკაწრა.
       – სად გაქვს ჭრილობა?
       – ფეხზე.
       – ოთო მოასვენეს?
       – კი. მიცვალებულები უკანა მხრიდან შეაქვთ. მალე მიცვალებულების სიას გამოაკრავენ.

       * * *

       დამთავრდა...
       დაგვაკლდა ბიჭები...
       დაცარიელდა ქალაქი...
       ყველამ ყველაფერი გაიგო.

       – შვილოოოო! დავაშავე... რად გაგიშვი უთანასწორო ბრძოლაში. შვილოოო! გამჩენს ჩემთვის არ გაუჩენიხარ. შვილო! მენატრები ბედკრულს. მიმძიმს ტარება გულით შენი... რა სიმძიმე ჭრილობა დამიტოვე შენ ბრძოლაში დაღლილო... მითხარი: მოკალი ვინმე? გულს შემივსებდა. შენ გმირი ხარ ბიჭო, შენ გადამირჩინე ზეზვა, ვაჟკაცო! შენ აჩუქე მამამისს მისი თავი, შენ გაუგრძელე შვილო მას ცხოვრება, მადლობა შენ ამისთვის ბიჭოოო... დამჭერი და გამათავე ღმერთო, რატომ არის წუთისოფელი წუთიერი? რატომ არის სოფელში წუთები? რატომ მიყავს განგებას ადრე შვილები? რატომ გაქვს ბიჭო გახვრეტილი გული? რისთვი მამა, რისთვის? ნაბიჭვრებისთვის თუ სამშობლოსთვის? მათ რა იციან სამშობლო რა არის? მათ რა იციან სიყვარული რა არის მიწის... შვილი გამიყიდეეეს ხალხნოოო! შვილი გამიყიდეეეეს! ეს რა მჭირს შვილოოოო... გული გამიპეს, სული წამართვეს, ცხოვრება ამახიეს... ღვარძლით შემივსეს გონება. არ გაიხაროს თქვენმა სულებმა! დაწყევლილ იყავით ყველა მამაკაცისაგან და ნაგინები ყველა ქალისაგან... ეგ ფართო თვალები ყორნების საჯიჯგნად გცეოდეთ... სისხლით ნაშოვნ ფულში ჩამარხულხართ სათითაოდ... მიწის სიცივე არ გღირსებოდეთ!!! აყროლდით ისე როგორც ლენინი ყროლდება... გამყიდველებო... საბოზეთად აქციეთ ქვეყანა.
       მე ვტირი დღეს, მაგრამ თქვენთვის შევიმშრალებ მათ!
       მე ვტირი დღეს, მაგრამ თქვენთვის გავახელ თვალებს!
       მე მტკივა დღეს, მაგრამ იარებს მოუშუშებელს არ დავტოვებ თქვენს ხარჯზე!
       მე ვგლოვობ დღეს, მაგრამ მალე თქვენ გიგლოვებთ!
       საქართველოს კი ვაკოცებ!

       ქალაქი ცარიელია დღეს...
       მას სუდარა გადაფარვია.
       დაგვაკლდა ბიჭები...
       დასველდა ქალაქი...

       * * *

       წარწერა საფლავის ქვაზე.

       სიკვდილი არა არის რა!
       მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი.
       მე ისევ მე ვარ. შენ ისევ შენ ხარ.
       რაც ვიყავით ერთმანეთისთვის, ისევ ისა ვართ საუკუნოდ.
       ისევ ისე მომმართე, როგორც ყოველთვის მოგიმართავს.
       ისევ ისე მესაუბრე, როგორც ყოველთვის გვისაუბრია.
       ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი. ნუ მიიღებ სამგლოვიარო, მწუხარე იერს.
       გაიცინე, რაზეც გვეცინებოდა.
       ილოცე!
       გაიღიმე!
       იფიქრე ჩემზე!
       ჩემთან ერთად ილოცე.
       ჩემი სახელი ისევ ისე წარმოითქვას, როგორც ყოველთვის წარმოითქმებოდა.
       ყოველგვარი ზეაწეულობის, ყოველგვარი ნაღველის გარეშე.
       სიცოცხლე იმასვე ნიშნავს, რასაც მუდამ ნიშნავდა.
       იგი ისევ ის არის, რაც იყო.
       ძაფი არ გამწყდარა.
       რატომ ჰგონივარ შენს ფიქრებს გარეთ? იმიტომ რომ შენს თვალსაწიერს გარეთა ვარ?
       მე შორს არა ვარ.
       ზუსტად გზის გადაღმა ვარ.
       ხომ ხედავ ყველაფერი კარგად არის.
       ნუ ტირი!
       თუ მართლა გიყვარვარ, თუ მართლა იცი, რა არის ღვთის მადლი და სასუფეველი;
       თუ ძალგიძს გაიგონო ანგელოზთა გალობა და ანგელოზებს შორის დამინახო;
       თუ ძალგიძს დაინახო, გადახსნილი თვალსაწიერი...საუკუნო სამყოფელი... ახალი ბილიკი, რომელსაც ვადგავარ;
       თუ წამით ძალგიძს ჩემსავით უჭვრიტო მშვენიერებას., რომლის წინაშე ყველა სილამაზე ფერკმთალდება;
       როგორ? – თუ კი საწურთოში, აღრდილთა საუფლოში მხედავდი და გიყვარდი; წარუვალ სიცხადეთა საუფლოში, ვეღარ უნდა მხედავდე და გიყვარდე?
       გწამდეს!
       როცა სიკვდილი შენც აგყრის ბორკილებს, როგორც მე ამყარა,
       როცა ერთ დღეს მხოლოდ ღვთისთვის ცნობილ და ღვთისაგან დადგენილ დღეს, შენი სულიც სასუფეველში შევა სადაც ჩემმა სულმა შეგასწრო;
       იმ დღეს შენ კვლავ შეხვდები მას, ვისაც უყვარდი და ისევ ისე უყვარხარ.
       კვლავ ჰპოვებ მის გულს და იმ გულში კვლავ იმავე გრძნობას იპოვი, ოღონდ უფრო განწმენდილს.
       შეიშრე ცრემლი!
       და ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ!

              ნეტარი ავგუსტინე.

       თქვენ გმირები ხართ ბიჭებო!!!

       ქალაქი იყო მთლად ცარიელი,

       მაგრამ უკაცურ ქუჩაში მაინც
       გამოჩნდა ერთი სულდგმულთაგანი,
       ადამიანს ჰგავს, მაგრამ ვინ იცის,
       იქნებ, მარტოდენ მოჩვენებაა.

              შანდორ პეტეფი

       დედებმა შვილები სამშობლოს დაუთმეს!!!

       ცარიელი სივრცე...
        სივრცეში ყუთი.
        ყუთში ფიქრები.
        ქალაქი ცარიელი.

       4 ივნისი. 2009 წელი.



კრებითი სახე
(მინიატურა)


       სახე – დარბის, დარბის, დარბის...
        სახე – მეკვრის, მეკვრის, მეკვრის...
        სახე – სტყუის, სტყუის, სტყუის...
        სახე – ქრება, ქრება, ქრება...
        თითები – კაწრავენ ღაწვებს, კანს სისხლი სდის, თვალები ხედავენ ნამცეცს, სხვისაში ლუკმას გემრიელს!
        საგნებს ერთვის სანოვაგე, სახეს ერთვის მეტყველება. იცნობს მრევლს და იცნობს მტერს, განა ვინმეს ეტმასნება?! უყვარს ერს და უყვარს ბერს, მაგრამ არცერთს ეკარება. კრებითობს და ილექება, სახე უჩანს, ზოგჯერ მალავს, ფიქრობს ალბათ: – ყველას ვზარავ!
        რიგში დგანან სახეები, იქვე ახლოს სალტეები...
        მოჭერილი ბაგეები, დაგებული მახეები.
        მოშვებული წარბები – დაქაჩული თვალები.

        შესავალმა შემოიტყუა სახეები აქ. გასვლისას კარები ჩაეკეტათ. დარჩნენ ასე სახე ახეულები, რადგან ვიღაცამ ფურცელს გვერდი ჩამოათალა.
        დაატყვევეს ან იქნებ მიზეზობენ და სტყუიან ისევე, როგორც ამ თეთრი საავადმყოფოს ყოფილი სტუმრები. – ვინ იყვნენ სტუმრები? – პერსონაჟები. დახმარებისთვის დიდი გზის გავლა მოუხდათ. ეს გზა წარსულთან მეგობრობს თითქოს, მაგრამ მომავალსაც ჭეშმარიტების ფერებში აღიქვამს.

       * * *

        – გაიხადეთ. – ბრძანებს ექიმი.
        – უკაცრავად?! – იკვირვებს პაციენტი.
        – წელს ქვემოთ გაიხადეთ! – ისევ ბრძანებს ექიმი!
        – რისთვის? ხელთ ნემსი არ გიპყრიათ?! – იკვირვებს პაციენტი.
        – რა თქმა უნდა არ მაქვს, უბრალოდ გაშოლტვას გიპირებთ. – სიამოვნებით გასცა პასუხი, თან სახე გაებადრა.
        – რატო წელს ქვევით?
        – აღსარებისთვის არ მეახელით განა?
        – უკვე დამავიწყდა. – ავცდებიო სასჯელს გაიფიქრა პაციენტმა.
        – სწორედ ეგ არის შენი პრობლემა. დავიწყებისთვის იშოლტები. უნდა გაიხსენო. – მოჰყვა ხარხარს ექიმი.

       * * *

        – ექიმო, სახე ამახიეს.
        – შენც მათ სიაში ხარ? – დასვა კითხვა პაციენტის წინაშე ექიმმა.
        – დიახ.
        – იქნებ მითხრა, რატომ? გტკივა?
        – ძალიან!
        – რას ვატყობ, გეტყვით ახლავე: სახე ახეული არ გაქვს. საერთოდ არ გაქვს.
        – როგორ თუ საერთოდ?
        – აი ეგრე... არ გაქვს და მორჩა. წაგართვეს.
        – ვინ ექიმო? სახეს ავახევ! ნაბიჭვარი.
        – აი, იმან წელს ქვემოთ, რომ გაიშოლტა.
        – მიმიყვანეთ მასთან.
        – რატომ? – ხარხარით პასუხობს ექიმი.
        – სახე არ მაქვს, შესაბამისად თვალები. ვერ ვხედავ.
        – მაშ რად იმუქრები? – ისევ ხარხარებს!

       * * *

        – ექიმო ყავარჯნები მომაწოდეთ?
        – ეგ ექთანს უნდა უთხრათ.
        – ექთანო!
        – არ გვყავს... – იცრუა ექიმმა. – როგორ მეცოდებით, რომ იცოდეთ?– ნანობს სიცრუეს ექიმი. სახეზე ეწერა. მაინც ეცინება.
        – ექთანო!
        – რად გაჰყვირით? უშედეგოა თქვენი მცდელობა. სხვას გაჰყვა?
        – ვის?
        – იმას ვინც ყავარჯნები მოგპარა.
        – ვინ, მომპარა ექიმო? სახეს ავახევ! ნაბიჭვარი.
        – აი, იმან ვისაც სახე აახიეს.
        – მაგრამ მას ხომ თვალები არ ჰქონდა?
        – სამაგიეროდ ექთანს ჰქონდა. – ერთი გენახათ როგორ იცინოდა ექიმი თეთრებში.

       * * *

        ხელები ფერთხავენ ღამეულ ზეწრებს... ისევ ხელები უვლიან ლეკვებს, მაგრამ ელიან მძევლებს... დაიჭერენ და შემდეგ ხმარობენ საგნებს.
        – ექიმო იქნებ პროთეზი გამიკეთოთ?
        – რა დაგემართა?
        – მხრით მითრიეს. აბზაციდან ვიწყებოდი.
        – აუჰ, შე კაცო? უი ქალბატონი ყოფილხარ! ეს როგორ დამემართა ჩემი ექთანი ვერ ვიცანი?!
        – არაფერია ექიმო.
        – მეორე ხელი? მას რაღა დაემართა? ორი პროთეზია საჭირო.
        – მეორეთი ის ყავარჯნიანი ვათრიე.
        – მაგრამ... მას ხომ ყავარჯნები შენ მიეცი?
        – პატრონი წამოგვეწია და წაართვა.
        – ფუი, შენ რა გითხარი. ქალიც ამას ჰქვია! ორივეს მიეცი?
        – რა მივეცი ექიმო? – იუკადრისა ქალმა
        – ხელები ადამიანო. ხელები! – ხარხარი აშკარად უკმაყოფილებით შეეცვალა.

       * * *

        დასასრულს სახეები შეიკრიბნენ და თანაზიარნი შეიქნენ, რადგან პალატაში ერთად მოათავსეს. თითქოს აეწყო სრულყოფილება...
        ცოდვილთ უცოდველნი რისხავენ.
        უცოდველნი რისხვითვე განიკითხებიან!
        ერთი სამოსით ყველა ცნობადია. ეს სახეა!

        14 აპრილი. 2010 წელი.


ფერებში მცურავი
(მინიატურა)


       დღეს პირველად...
       უკანასკნელად გუშინ.
       ფერებით ნაფერი ფერები...

        წითელი იხილა გუშინ. ლამაზია და თან მრგვალი კვერცხისებური. ადრე სხვა ხილვა ჰქონდა – ავდარგაწოლილ ღამეში შთანთქმულ სულს დაეძებდა. დღეს განცხადება გამოქვეყნდა: – ვეძებ, მპოვნელი დასაჩუქრდება.

        ყვითელი იხილა დღეს. ლამაზი და თან მგვრალი ოვალისებური. ადრე სხვა ხილვა ჰქონდა – მშვიდგაწოლილ დღეში შთანთქმული სული იპოვა. გუშინ განცხადება გამოქვეყნდა: ნაპოვნია მზე. პატრონს ვთხოვთ დაგვიკავშირდეს.

        ლურჯი იხილა გუშინ. ლამაზია და თან სივრცული. ადრე სხვა ხილვა ჰქონდა – მშვიდ დღე-ღამში შთანთქმულ ბურთს დაეძებდა. დღეს განცხადება გამოქვეყნდა: – ვეძებ, მპოვნელი მასზე იცხოვრებს.

        ყავისფერი იხილა დღეს. ლამაზია და თან ნოყიერი. ადრე სხვა ხილვა ჰქონდა – ფირალ ღამეში ვარსკვლავი იპოვა. დღეს განცხადება გამოქვეყნდა: – ნაპოვნია, ხალხს ვთხოვთ გზა გაიაროს ვარსკვლავთან ერთად.

        თეთრი იხილა გუშინ. ლამაზია და თეთრი. ადრე სხვა ხილვა ჰქონდა – მიტოვებულ დღეში ღრუბლებს დაეძებდა. დღეს განცხადება გამოქვეყნდა: – ვეძებ, მპოვნელი მას იხილავს. მე უკვე ვიხილე.

        სიმძიმე და გამკლავება...
        ცხოვრება და ადამიანი...

        უკანასკნელად გუშინ ინფანტილური იყო. დღეს პესიმისტია, ოპტიმისტობას ხვალ აპირებს. ეს ადამიანია...
       ფურუნკული აჯდა სახეს. ფერებს მიმართა დახმარებისთვის. აქ კი უძლურნი აღმოჩნდნენ ფერებით ნაფერი ფერები... ვერაფერს გახდა ქირურგიული ჩარევის გარეშე. გამოჩნდა სახე... შედეგი: ფერები სტყუიან ზოგჯერ, თურმე სახე შიგნიდან ლპებოდა.

        ცხოვრობდა ფერმკრთალი ადამიანი ფურუნკულის გარეშე. მხოლოდ უფერობა ტანჯავდა. არავისთვის მიუმართავს. უბრალოდ სარკეში არ იხედებოდა. ასე ამბობდა: – ჩემს სახეს ადამიანების ყურება მირჩევნიაო. – აბა საიდან იცოდა, რომ ადამიანი თვითონ იყო? ის ხომ სარკეში არ იხედებოდა. ზოგჯერ ადამიანები ცდებიან.

        ცხოვრობდა ფერხორცშევსებული ადამიანი სამოსის გარეშე. მხოლოდ სიშიშვლე ტანჯავდა. არავისთვის მიუმართავს თხოვნით ჩამაცვითო. უბრალოდ სახლიდან არ გამოდიოდა. ასე ამბობდა: – ჩემი სიშიშვლით არავინ მინდა შევაწუხო. – აბა საიდან იცოდა, რომ ის სუფთა იყო. სამოსით შენიღბული ადამიანი გაცილებით სასიამოვნო სანახავია ვიდრე ქუჩაში გიჟი, რომელიც შიშველი დარბის.

        ცხოვრობდა ხელოვანი მარტო, ოჯახის გარეშე. უყვარდა ფერები. ყვითელში ხატავდა, ყავისფერით ძერწავდა, თეთრზე წერდა, წითლით სუნთქავდა, ლურჯით მუსიკას ჰქმნიდა. ბაზარზე ძვირად არაფერი იყიდებოდა მისი. იაფია ხელოვანის მარტოობა, ადამიანის ცხოვრება კი ძვირად ფასობს.

        ყველაფერი ფერებით სრულდება.
        ვნებაა ფერებში...
        ფერით წარმოქმნილი ტალღები.
        დასრულდა ადამიანი?
        ფერები თუ დალტონიზმი?
        ერთა მხედველობა...
        ბერთა ნაფერი ხილვები!
        კვერცხისებური წითელი!

       3 აპრილი. 2010 წელი.


ზომიკო ყრუმუნჯიაშველაძე


        ირიბი ადამიანი...
        მეხსიერება დაღდასმული.
        გაცვეთილი სინდისი...
        ფერმკთალი ღიმილი.
        გაუვალი-შეუვალი.

        ნეტავი რად შეიქმნა სამყარო? – პირობითად?! ჰმ... იქნებ მისთვის?! ჰო მართალი ვარ მისთვის და არა ჩვენთვის. ის არ თვლის დღეს წუთებად და არც ღამეს თვლის ხანგრძლივ სიბნელედ... უყვარს ერთი დღით ყურყუტი ზევით და ერთი ღამით წრიალი ლოგინში... მენაგვეები დილაადრიან ქალაქს ასუფთავებენ. რისგან? – ნაგვისგან. ჭეშმარიტი პასუხია ღმერთმანი. მენაგვე ადამიანია, მაგრამ ადამიანი ვინ არის?

        იქნებ, არაფრით დავიწყო და ყველაფრით დავამთავრო თხრობა?! შესაძლებელია ასეც მოვიქცე ან პირიქით, ყველაფრით დავიწყო და არაფრით დავამთავრო.

       * * *

       ჯერ არაფრით...

        არაფერი განსაკუთრებული მომხდარა, როცა ჩვენს ქალაქში ზომიკომ სახლი იქირავა და დასახლდა. ყიდვაც სურდა, მაგრამ ძვირი დაუფასეს. საინტერესო ვინმე იყო?! – შესაძლებელია, მაგრამ უინტერესო არსებად თვლიდნენ საზოგადოებაში. მარტო ცხოვრობდა. არც მეუღლე, შესაბამისად არც შვილი. მოკლედ შველა სჭირდებოდა. ვინ იკისრებდა მის გამოსწორებას ჯერჯერობით უცნობი იყო. არავინ ცდილობდა ეს ვალდებულება ეკისრა. – რთული საქმეაო. – გაიძახოდნენ, მას შემდეგ, რაც მასზე „დაკვირვება“ აწარმოეს.
        განვლილი თვეების შემდეგ მრავალი სახის ჭორები გავრცელდა მის ირგვლივ. – ჯერ ისა თქვეს, რომ ქართველი არ არისო და ადრე მეუღლე და შვილიც ჰყოლიაო. შემდეგ ცოლ-შვილი მიატოვა და აქ ჩამოსულაო. დაუწუნა ამბავი მეორე მეზობელმა და ახალი ვერსია შესთავაზა სხვებს. ვერსია შემდეგ ვითარებას ასახავდა: – თითქოს ცოლ-შვილი დაეხოცა და მართლმსაჯულებას ემალებოდა. არც ეს ვერსია გამართლდა, რადგან უკვე მესამემ განიზრახა თავისი ვერსიის მოყოლა. რათა გაცილებით დამაჯერებლად გაჟღერებულიყო მისი მონათხრობი შეეცადა ჯერ უცნობი ზომიკოს გარეგნული პორტრეტისთვის შველა ეთხოვა.
        – ხალხნო, მომისმინეთ! იქნებ დაფიქრდეთ და დასკვნები მერე გამოიტანოთ. ყველამ იცით მისი სახე. ათასჯერ მაინც ჩაუვლია თქვენთვის. სალამი მისთვის რა საკადრისია, ამაში გეთანხმებით, მაგრამ იქნებ ერთ-ერთი თქვენგანი მაინც მისალმებოდა მას.
        – შენ რად არ ესალმები, განა შეგჭამს?
        – როგორ გეკადრებათ, არ შემჭამს, მაგრამ ჩემთვის მას არ ჩაუვლია.
        – შენც არა მყავდე ციცაბო კლდე, რომა შენს ძირს ქვეშ მდინარესავით ჩაგიაროს. – სიცილი მეზობლებში. სიცილის ცრემლებს ერთმანეთის მხრებზე იწმენდნენ.
        – კარგით რაა... მე კლდე არ ვარ, მაგრამ არც ის არის მდინარე, რომ ჩვენი უბანი დატბოროს.
        – რაღა დატბორვა გინდა შე კაცო, აგვალაპარაკა ხალხი ვერ ხედავ?
        – ვხედავ და ამიტომაც მინდა თქვათ როგორია ის, როგორც მამაკაცი.
        – შენა კაცო, ახლა ეგღა გვაკლია ჩვენი ქალები დავასაქმოთ რათა მისი მამაკაცური ღირსება გამოვცადოთ და დავადგინოთ თუ როგორი კაცია.
        – სწორად ვერ გამიგეთ. – სიცილს ვეღარ იკავებდა მთხრობელი ამბის, მაგრამ ცდილობდა თავშეკავებით დაესრულებინა დაწყებული საქმე. – მინდა თქვენ თქვათ და დაახასიათოდ ის.
        – პირადად მე არაფერი მაქვს მისი საწინააღმდეგო. მშვენიერი მამაკაცია. – ჩაერთო საუბარში გაუთხოვარი მანდილოსანი. – მშვენიერი ათლეტური აღნაგობისაა თუ არ ჩავთვლით მის გამოწეულ ღიპს. გახსოვთ ალბათ როდესაც ჩამოვიდა ჩვენსას, უფრო სწორად გამოჩნდა, ერთი აყლაყუდა სუსტი ვინმე იყო. მე ასეთიც მომწონს, მაგრამ სალამს მაინც ვერ ვეუბნები. თვითონ გამომხედავს-ხოლმე მისი ჟინმორეული თვალებით და....
        – შენცა თქვი რააა... არ მყავდეს ეგეც კაზანოვა. ეგეთ მამაკაცებს ზედაც არ ვუყურებდი. – უკვე გათხოვილმა წარმოსთქვა მისთვის დამამშვიდებელი სიტყვები.
        – მე მაინც მომწონს და რა ვქნა?!
        – მოგწონდეს, განა რამე ცუდია ამაში? – განაგრძო საუბარი ახალი ვერსიის შემომთავაზებელმა. – შენ რას იტყვი?
        – მე რა უნდა ვთქვა. კაცი ვარ ბოლოსდაბოლოს.
        – ის თქვი რასაც ხედავ მის სახეზე როგორც კაცი.
        – ვერაფერს ვხედავ. ერთი ჩვეულებრივი უბედური მამაკაცია.
        – ე.ი. შეგიმჩნევია, რადგან უბედური უწოდე.
        – არ ვიცი?! მე ვთვლი, რომ არაფერს წარმოადგენს.
        – შენ? შენ რას იტყვი?
        – მეც იგივეს. გაუგებარი ტიპია. – არც ჩვენსას გამოდგება და არც ქვეყანას არგებს ეგეთები რამეში.
        – დაჰკვირვებიხარ კარგად!
        – ჰო მერე რა?
        – არც არაფერი.
        – მოკლედ რისი თქმა მსურდა... არაფერი ვიცით მის შესახებ და ის რასაც ვყვებით მხოლოდ ჭორია, მაგრამ მე ვიცი ის, რაც თქვენ დაგაინტერესებთ.

        * * *

        ახლა ყველაფერზე...

        ეს ადამიანი ცნობილი გახდა... ყველა მასზე საუბრობს განურჩევლად ასაკისა...
        ყველანი საუბრობენ, მხოლოდ მას არ უყვარს საკუთარ თავზე საუბარი და არც არასოდეს უთქვამს საინტერესო რამ მისი მეზობლებისთვის.
        წლები გადის.
        არც თუ ისე ბევრი.
        ურთიერთობა ნაგვის მემანქანეობიდან, უმაღლეს ეშელონებში ხალხთან ურთიერთობით გაგრძელდა. გაძლიერდა ერთ დროს არაფრით საინტერესო პიროვნება. რჩევებს ეკითხებიან. ისიც თავდაუზოგავად შრომობს და პასუხსაც იძლევა ეშელონებში. რამდენად უჯერებენ ეს უკვე სხვა საკითხია. იყენებენ? – არ სჩანდა ეგრე, ყველაზე ცოტა გარეგნულად მაინც. სიარულში ეტყობოდა სიამაყე. ამაყი კაცი იყო. თვითდაჯერებული, მაგრამ....
        თავშეყრის ადგილზე ისევ ხალხმრავლობაა. ისვენებენ მეზობლები, თუმცა არ ისვენებენ მათი ყბები. მუდმივ მოძრაობაში არიან. გონება მათი კი განსჯაში.
       მორიგი მოსაზრებები:

        – გუშინ ჩავუარე ზომიკოს და სალამი მითხრა. გამიკვირდა, არ შევიმჩნიე და მეც სალამითვე ვუპასუხე. წაიყრუა. მუნჯი არ ყოფილა, სამაგიეროდ ყრუა.
        – იქნებ გვეფიქრა და ოჯახში დავპატიჟოთ ვინმემ?
        – ეს შეუძლებელია. მე ჩემს ოჯახში ყრუს ვერ დავპატიჟებ. სადღეგრძელოები როგორ გავაგონო?
        – შენ არ იდარდო. ჩვენ გავაგებინებთ.
        – ისე, საინტერესო იქნება ნამდვილად.
        – მართალი ხარ. საბოლოოდ გავიგებთ მასზე რამეს.
        – ვერაფერსაც ვერ გაიგებთ.
        – რატომ?
        – სამართალი არ არის და იმიტომ?
        – რა შუაშია აქ სამართალი?
        – აბა, ოდესმე გინახავს შენ, მენაგვე მთავრობაში?
        – არასოდეს.
        – მერე სადღაა აქ სამართალი?
        – იქნებ მის წარმოსახვაშია?
        – შესაძლებელია. დარწმუნებული ვარ მას იყენებენ.
        – რისთვის?
        – მენაგვემ რა უნდა გააკეთოს?
        – ნაგვის მეტი რაა ქვეყანაში. გასატანია!
        – ეხლა არ მითხრა მისი დახმარებით ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს აკეთებენო. ვერ დავიჯერებ.
        – ქვეყნისთვის სასიკეთოს არა, მაგრამ მათთვის...
        – ეგ კიდევ ჰო... – დაეთანხმა მორიგი მოლაყბე.
        – აქ უკვე ყველაფერი ნათელია.
        – რაა ნათელი და გასაგები?
        – სჭირდებათ.
        – მერე ქვეყანას რა ამით?
        – ყველაფერი ის რაც მთხლეს შეიცავს.
        – ესეც ყველაფერზე მეტყველებს.
        – არ მეტყველებს, არამედ ჩანს.

       * * *

        ისევ არაფრით.
        მეხსიერება დაღდასმული.
        გაცვეთილი სინდისი...

        დაპატიჟეს, მოილხინეს, იმღერეს, იცეკვეს, მაგრამ მხოლოდ მეზობლებმა. მას კი არაფერი ესმოდა, მხოლოდ ხედავდა. მხოლოდ ერთხელ მოიხადა სამადლობელო. ისიც ერთი სიტყვით: – გმადლობთ!
        უშედეგოდ დასრულდა სუფრა. ვერაფერი გაიგეს მასზე. გადის კიდევ ერთი წელი. სამეზობლოს მისი დაწინაურების ამბავი მოედო. გაცოფდა ხალხი. უკვე ტელევიზორით უცქერენ მის სახეს. ვერ აჩერებენ ადამიანს. ლაპარაკობს გამუდმებით. ესეც შენი ზომიკო ყრუმუნჯიაშველაძე. ვის უნდა ახლა შველა? ადამიანს, ადამიანებს თუ ქვეყანას?
        დაღდასმულები დაძრწიან ქუჩებში ზომიკოს მიერ დაყრუმუნჯებულები... ყველას საკუთარი გვარი უბოძა ანდერძად. შველა?
        შველა ჯერ არსაიდან.
        ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ისევ არაფრით იწყებენ, როგორც აქ დაიწყო.
        ვინ არის ზომიკო ყრუმუნჯიაშველაძე? ადამიანი, რომელზეც მეზობლები საუბრობდნენ თუ ისინი ვინც მასზე საუბრობდნენ?

        ბედნიერად გრძნობს ყველა ყველაფრით თავს.
        არაფრის ნუგეშით ვიმშვიდებთ თავს!

       18 მარტი. 2010 წელი.


ლურჯი პლანეტა


       ლურჯ სივრცეზე მიმოფანტულ თეთრ ღილებს დროდადრო ოქროს სხივები ამაგრებენ ადგილზე. მათ ქვემოთ, პლანეტის თავზე, დიდი მოლბერტი დაკიდულა და ელის მხატვარს…

        ღამემ პარტნიორობა გაუწია ფეხის ნაბიჯებს. ახალგაზრდა ჭაბუკის ნატეფრალები ყურში გაჩრილი მუსიკის ჰანგებზე იხატებოდა დედამიწის ზედაპირზე...
       ღამეში ჩაკარგული ჭაბუკის სახე მეტყველებდა ტკივილს, რომელიც თანმდევი იყო გონებისა. ფიქრებს ამოფარებული და გულისწყრომას აყოლილი ახალგაზრდა შეუჩერებლივ მიაბიჯებდა ადამიანების მიერ შექმნილ კვადრატებს შორის... ზორბად აშოლტილი კორპუსები მფარველობდნენ მის ჩრდილს რომელიც დროდადრო იკვეთებოდა ღამის ქუჩებში ლამპიონების წყალობით.
        – სად მივდივარ? იქნებ არც არსად?! უბრალოდ გავიხლართე იმ ეკლიან მავთულებში, რომლითაც თვით შეგნება არის გამომწყვდეული. არ ძალმიძს ვებრძოლო რეალობას თუ პირიქით?! იქნებ ბრძოლის უნარი გაასმაგებული მაქვს და მხოლოდ იარაღს ვეძებ ამ წუთისოფელში? ეს ჰანგები რაც ახლა ჩამესმის ყურში, იქნებ შესაფერისი არ არის? იქნებ ჯაზს მოვუსმინო? მართალი ვარ! დღეს ჯაზი შეეფერება ჩემს განწყობას. ისეთივე დატვირთულია, როგორც ჩემი გონება სხვადასხვა ფიქრებით. ღმერთო, ალბათ არ მესმის, თუ რა ჩავიდინე... არ უნდა წამოვსულიყავი სახლიდან… მაგრამ უკვე აღარ შემიძლია, გაჭირდა ცხოვრება. ღამეს დაემსგავსა. უმოძრაოა ყველაფერი. ან იქნებ მე ვარ ღამე და შავით გამეხებულმა არც კი ვიცი საით მიმაქანებს უქონლობა.
        მიყვარს, ძლიერ მიყვარს... ამას სიმართლეს ვამბობ. ახლა მარტო ვარ. ახლოს მხოლოდ ტროტუარები და შენობებია, რომლებიც ჩემთან ერთად მოძრაობენ. თავში რაღაც მიღიტინებს. ნეტავ რა უნდა იყოს? გულძმარვაც დამჩენდა, ეს ალბათ ჩემი ლოთობის ბრალია.
        ერთადერთი ჩემი მხსნელი და მშველელი.
        წვეთით განიქარვე დარდები.
        იქნებ სასმისით ვეურჩები ყოფიერებას და ამით ვამტკიცებ, რომ ერთი დამპალი მოვლენა ვარ, რომლესაც არ უმართლებს ცხოვრებაში. არა! უბრალოდ სამყარო ააყროლეს და მეც მისი სუნი მცემს. ერთი პატარა ჩანახატი ვარ ქმნილებათა შორის, რომლებიც, დიდი მმართველის დიდ ტილოზე მოქცეულან. მეც ალბათ წონით განვისაზღვრები და არა ფორმით… ვატყობ ზედმეტად ვპესიმისტობ. არც თუ ისე გაბოროტებული ვარ, რომ საკუთარ თავს ვერ ვუშველო. რატომ წამოვედი, ან რატომ გავბრაზდი? ვის გავუბრაზდი? ოჯახს? რას ვერჩოდი? ახლა როგორ არის ჩემი სიხარული უჩემოდ? ალბათ თავს უბედნიერეს ადამიანად გრძნობს. გაცილებით მშვიდად იქნება ჩემს გარეშე. აბა, როგორია სახლში გყავდეს ადამიანი, რომელიც ყოველთვის თავის საშინელ განცდებსა და უსახსრობაზე ყბედობს? იქნებ ეს ყველაფერი ჩემი ბრალი არ არის. მართალი ვარ, ჩემი ბრალი არ არის. განათლებული ვარ, ეს კი არა და ალბათ ზედმეტიც ვიცი ბევრი რამ, რაც გაცილებით უპრიანი იქნებოდა, რომ არ ვიცოდე. როგორია, რომ იცი თუ რას გიმზადებს კანონები, რომლებიც უაზროდ მოაყარეს სახელმწიფოს, ისევე როგორც საჭმელში შემთხვევით ზედმეტი მარილი მოგივიდეს და ოჯახმა პირიც კი არ დააკაროს... სამწუხაროდ ხელისუფლება შეგნებულად ამლაშებს სამშობლოს. მეც შეგნებულად დავდივარ ამლაშებულ სამშობლოში, სადაც თეთრ ხორკლიან ნაკვალევს ვტოვებ. არ ვღირვარ არაფრად, რადგან ცოცხსაც ვერ ვაგნებ, რათა მოვხვეტო უხვად მოყრილი მარილი და უფსკრულში გადავუძახო. განა მე მარტო გავხდები რამეს?.. განადგურებული ჭაბუკი საოცარ სითბოს აფრქვევდა ღამეში.
        ელავდა ცაზე.
        ანათებდა არემარეს წამიერად.
        ქუხდა ზეცა.
        იზლიქებოდა ღამეში თეთრი მტვერი.
        სიმლაშე აჭარბებდა სიტკბოს. შაქარზე ფასმა იმატა. ძვირი უჯდება სახელმწიფოს. გაცილებით იოლ ხერხს და იაფ ფასეულობას მიაგნეს, რაც მათ კეთილდღეობას საოცრად უწყობს ხელს, თუნდაც ფეხს.
       ეს მარილია.

        მლაშე მიწა.
        კომპასი – სამყარო მექანიზმში.
        ფონენდოსკოპი – სმენა მექანიზმის...
        წნევა უარყოფილი და მხოლოდ მონოტონური...

        ცივილიზაცია, რომელიც მიექანება მეცნიერული ეკიპირებისაკენ. ცივილიზაცია, რომელიც იმოსება ჭარბად დამუხტული უარყოფითი მუხტებით.
       გაუცხოებულ გარემოში მოსიარულე, ღამის აჩრდილად ქცეული, ძალა გამოცლილი ჭაბუკი, მხოლოდ ერთს ნატრობდა: იქნებ გზად ვინმეს გამოლაპარაკებოდა,
       ოღონდ მანამდე აუცილებლად სასმელი უნდა ეშოვა და გულისწყრომის მიზეზი ჩაეხრჩო მწარე სითხეში.
        მლაშე მიწაზე გადაადგილებამ დაღალა ჭაბუკი:
        უსასრულო ქუჩები;
        გაურკვეველი მიმართულება.
        სამყაროს მექანიზმში გაჩხერილი შეუმჩნეველი ფოლადის მილი... რომელიც დაქვეითებული სამყაროს მიზეზად იქცა.
        მექანიზმმოშლილი ვექტორულობა და სხვა დანარჩენი...
        ფონენდოსკოპს საჭიროებს ორსული დედამიწა.
        მონოტონურად სცემს მისი გული!

       * * *

        ტკივილი ოთახში...
        გაქცეული ტკივილი.
        დაბრუნებული წარსული.
        მივიწყებული მომავალი.
        ღვარად მდინარი სასწაული.
        ფუნჯში გაჭედილი საღებავი.

        ჭაბუკა* ჩაკეტილა ოთახში და ცრემლად იღვენთება, სანთელი კი იწვის და ივსება, ფორმას იბრუნებს. იქვე, მის გვერდით ლოგინზე ქმრის მიერ ნაყიდი ტყავკაბა** იწვა. მასზე შეიწმინდა ცრემლები და გულში ჩაიკრა: – მაპატიე საყვარელო! გთხოვ დაბრუნდი, გთხოოვ! იქნებ სხვა რამ იფიქრო ჩემზე. იფიქრო თუ როგორ მიყვარხარ, მენატრები, უშენოდ სიცოცხლეს ფასი არა აქვს. დაბრუნდი, რადგან იქნებ მეც არსად წავიდე და დავრჩე შენს ხატებად. იქნებ შენი საქციელით მეც დამკარგო. ფარჩიც*** მაგიდაზე დევს და სავსეა. შენ გელოდება. იქნებ ერთად შევსვათ მომავლის სადღეგრძელო და მომიტევო ჩემი ანჩხლობა. ტკივილს მარტო ვერ გავუმკლავდები ძვირფასო, შენ მჭირდები! დავაბრუნოთ წარსული და ცარიელი ქვევრი ისევ ამოვავსოთ. მდის ღვარად ცრემლები და ცრემლს იქით სასწაულს ვხედავ, ვგრძნობ რაღაც მოხდება, არაფერი მოგივიდეს ძვირფასო, გთხოვ დამიბრუნდი!

        ნაქირავებ ერთ ოთახში სანთელმა სრულყოფა დაასრულა და წვა დაიწყო, იღვენთებოდა ცრემლებად. ჭაბუკას ცრემლები გაუშრა.
       სანთელი ჩაქრა...
        კარის ჭრიალის ხმა გაისმა.
        – არის აქ ვინმე? – გაისმა მეზობლის ხმა.
        – აქ ვარ. – ამოილუღლუღა ჭაბუკამ.
        – შუქი რატომ გაქვს ჩამქრალი? – არ ესიამოვნა ჭაბუკას მიკნავებული ხმის ტემბრი მეზობელს.
        – სახელმწიფოს ვალი გვაქს, ფულიც არ არის.
        – ბავშვი სად არის?
        – დღეს ჩავაბარე ბავშვთა სახლში. – თითქოს სხვის ბავშვზე ამბობდა.
        – ღმერთო! ეს რა მესმის. შენ გაგიჟდი გოგო?
        – ალბათ... ქმარიც დავკარგე.
        – სად არის?
        – სახლიდან წავიდა.
        – როგორ თუ წავიდა?
        – ვუთხარი ბავშვზე… და წავიდა სახლიდან…
        – ღმერთო! თქვენ გამაგიჟებთ მე!... კიდევ კარგი თქვენი მშობლები ცოცხლები, რომ არ არიან…
        – პირიქით მეზობელო. ცოცხლები რომ მყავდეს იქნებ ეს არ ჩამედინა.
        – მშობლებში რა გინდა ეძებო? ამით რას მიაღწევ? ქმარი გყავს ლობუტი, არაფრის მაქნისი, უქნარა. ხელის განძრევა ეზარება.
        – სხვის საქმეში ბრძენი ხარ რაა... – უთხრა და ისევ ატირდა ჭაბუკა.
        – შესაძლებელია, მაგრამ სამართლიანი ვარ. ვერაფერი უნდა იშოვო კაცმა? არ იცი, რომ ოჯახს ბევრი უნდა და გაუფრთხილდე უნდა კაცი? საშინელებაა მოკლედ, საშინელებაა... – გაანათლა ვითომ მეზობელმა თავისი მჭერმეტყველობით ახალგაზრდა ქალი.
        – იქნებ საერთოდ არ შემოსულიყავი? გთხოვ წადი და დამტოვე მარტო.
        – მარტო ვერ დაგტოვებ, საშინლად გამოიყურები.
        – ფაფუჭი მომაწოდე!
        – ეგ რა უბედურებაა?!
        – ჩუსტი, ადამიანო ჩუსტი. კართან ძევს.
        – აჰა... ჩაიცვი.
        – მადლობა.
        – შეგიძლია დამოტოვო? გთხოვ წადი. უნდა წავიდე.
        – სად უნდა წახვიდე?
        – უნდა მოვძებნო.
        – ვინ უნდა მოძებნო? არ სჭირდება მაგ უქნარას მოძებნა. თვითონ გეახლება უკან.
        – მეშინია!
        – ბავშვზე საერთოდ არ ფიქრობ?
        – კი. უნდა დავიბრუნო, მაგრამ ჯერ უნდა მოვძებნო.
        – კარგი ბატონო, მაგრამ მარტო არსად გაგიშვებ.
        – მადლობა ყველაფრისთვის, მაგრამ მე მარტო უნდა წავიდე. გთხოვ სახლში დაბრუნდი და დამტოვე. ჩემი საქმისა მე ვიცი. ტკივილი ჩემია და სხვისი არასოდეს გახდება.
        – გზა მშვიდობისა, ბედნიერად გევლოს!
        – მადლობა მეზობელო.

       * * *

        მეძებარი დაკარგულისა.
        უსასრულობა არაფერშია.
        თვალჭუტია სამყარო.
        მაფრთხილებელი ხმა.
        მეორადი ძიება.

        დაკარგულის ძიებაში ფიქრებმა იფხიზლეს ჭაბუკას გონებაში: – რატომ მთავრდება ყველაფერი? ეს ღვთის ნებაა. წარმოიდგინე, რომ არ სრულდებოდეს მრწამს ამოფარებული ბოროტება, ფარისევლობა, მაშინ ხომ ყველაფერი ერთმნიშვნელოვან, გამოფატრულ, უფერულ, უჰაერო დღეს დაემსგავსება, სადაც აზრი არ ექნება ბრძოლას სიკეთისთვის, აზრი არ ექნება სიმართლეს, დაკარგავს მნიშვნელობას ყველაფერი. ხეც კი ფოთოლს არ მოისხამს, მზეც მხოლოდ ცხელი იქნება. მას ლექსებს აღარ უძვნიან. მთვარე შთაინთქმება. ვერც მას შეასხამენ ხოტმას, ქალის გული დაღამდება, სისხლი გაწყალდება და კიდევ?! კიდევ ღმერთო?! გაქრით ფიქრებო, მომეშველე უფალო და საღ აზრს მაზიარე! იქნებ გავიხსენო შენი სითბო შენზე მაძებარმა.
        ერთხელ გიპოვე, მეორადად გეძებ. თვალჭუტია სამყაროში მეც ცალი თვალი მაქვს ახელილი და მხოლოდ ცალ მხარეს დაგეძებ, გულის მხარეს. გულთან ახლოს მინდა ისევ გიპოვო! არ გაძღა ჩემი ღაწვები ცრემლებით, საით მივდივარ? არც ვიცი, უბრალოდ გეძებ. გეძებ და ვიცი გიპოვი ცოცხალს ან მკვდარს, მაგრამ მაინც გიპოვი! მაფრთხილებელი ხმა თან დამდევს და ჩამძახის მანუგეშებელ სიტყვებს: – შენ მას მიაგნებ! – მე მჯერა ცის, მე მჯერა ხმის, მე მჯერა მისი! დაგეძებ რათა პატიება გთხოვო და ერთად დავიბრუნოთ ჩვენი დაკარგული შვილი.
        გთხოვ, მაპატიე...
        გთხოვ, მაპატიე!

       * * *

        ხმის ძალა...
        სინათლის სიჩქარე...
        ზღვის ნიჟარა ყურს აკრული...
        ხმა ტალღური და აქაფებული...
        ფუნჯში გაჭედილი საღებავი.

        გადაჰკრა სასმელი და დაელოდა ხმას.
        ნაბიჯი არ გადაუდგამს. მარილიანმა მიწამ გაცვითა ცანდალი.* იწყეს ძრომიალი მარილის გორგლებმა ცანდლებში. შეაწუხა ჭაბუკი უსიამოვნო შეგრძნებამ და ცანდალი განაგდო შორს. უკვე ტერფები შეახო თეთრ მიწას და ცას ახედა.
        – განაგრძე! – ჩაესმა ხმა.
        – ეს ნიჟარა აქ საიდან გაჩნდა? – გაკვირვებული თვალებით დააცქერდა მიწაზე გდებულ ზღვის ნიჟარას. ხელში აიღო. ყურთან მიიტანა. იქიდან ხმა:
        – მოვდივარ! – ხმა თითქოს ეცნო და შიშისგან ხელიდან გაუვარდა ლამაზად დაგრეხილი ნიჟარა.
        – იქნებ აიღო! – ისევ ჩაესმა ხმა. – მოჰკიდა ხელი. ისევ ყურთან მიიტანა. კვლავ ჩაესმა ხმა: – მოვდივარ! – უკვე ნათლად შეიცნო ჭაბუკას ხმა. – ეს ჩემი მეუღლეა. სად მოდიხარ სიხარულო? არ დამღუპო... ვინმემ რამე არ გავნოს. ღმერთო რა ვქნა?
        – წადი, დაბრუნდი, მოძებნე! მარტო ვერაფერს იპოვი. – ჩაესმა ხმა.
       უკან მობრუნებულმა გზად ეკლესია იხილა. ეს აქ არასოდეს, მინახავს საიდან გაჩნდა? განა იგივე გზით არ ვბრუნდები უკან? არა, ალბათ სხვა გზით მივდივარ! მიიხედ–მოიხედა, მაგრამ ყველაფერი იგივეა სახლები აშოლტილი, ქუჩები დაშოლტილი და გართხმული. არაფერია შეცვლილი, მხოლოდ ეკლესიას ვხედავ, რომელიც ბრწყინავს და მეძახის: – შემოდი და შემდეგ განაგრძე. – ეკლესია ქუჩის მეორე მხარს იდგა. – აქ უნდა გადავიდე. არაფერი მოდის მოძრაობა შემწყდარა. ძალიან კარგი... მშვიდად გადავალ, მაგრამ ნასვამი ვარ. ნასვამი ხომ ვერ შევალ შიგნით? – შემოდი! – ისევ ხმა… ზეციდან! ტროტუარიდან გადმოდგმული ტერფი ქუჩის ზეგანს შეახო და მოძრაობაც განაგრძო.
       თუმცა შეწყდა ყველაფერი ძლიერ შუქზე, რომელიც წითლით შეიღება.
        თავგახეთქილი ესვენა ეკლესიის შუაში. წამოდგა, მიმოიხედა ირგვლივ. შიგნითაც ბრწყინავდა უფლის სახლი. – ღირს მყავ უფალო შენი ხილვისა? – იკითხა, დატალღური ხმითა და აქაფებული სულით, განათებულ სივრცეში.
        – ღირს გყავ!
        – ეს რა ჰკიდია აქ?
        – ეს მოლბერტია! მასზე, ცოდვების ამსახველი დიდი ტილო. იქნებ სურვილი გაქვს მომიყვე?
        – ვერ შევძლებ.
        – მაშ დახატე! იქნებ ამით უფრო თავისუფლად ამეტყველდე.
       ხელში ფუნჯი მოიმარჯვა და ხატვა დაიწყო.
        – უფალო, მე ხომ მარტო არ ვარ. მე მეუღლეც მყავს. იქნებ მის ნაცვლად ვილოცო და კიდეც დავხატო.
        – სამწუხაროა მაგრამ ვერ შეძლებ. ის აქაა. თავად დაგეხმარება.
        – აქ არის?
        – დიახ! გაიხედე მარცხნივ. ახლოა შენს გულთან. მან მოგძებნა.
       შეცივდა ჭაბუკს. სულმა თავი მარცხნივ იბრუნა და იქვე მდგომ ნაზ არსებას მოჰკრა თვალი.
        – შენ აქ საიდან?
        – მანქანაში მე ვიჯექი.
        – შენ დამეჯახე?
        – არა მე გვერდით ვიჯექი.
        – მძღოლი?
        – მძღოლი გადარჩა.
        – ვინ იყო?
        – ერთი უცნობი კეთილისმყოფელი ქალბატონი.
        – რაღა კეთილი?! შენ აქ არ უნდა მოსულიყავი.
        – შევპირდი საკუთარ თავს, რომ გიპოვიდი თუნდაც მკვდარს.
        – მე მკვდარი ვარ?
        – ჩვენ ორივე მკვდრები ვართ!

       * * *

        ტილო ფერებში.
        ნათელი კედლებში.
        ხატება ნათელში.
        გასვლა კარიდან...
        ადამი და ევა.

        ღამეში მანათობელი ეკლესია... შიგნით დაკიდული მოლბერტი. დაზაფრული სულები. სინათლეში გაბნეული ცოდვები კრებით სახეს იღებენ. ტილოზე მოსმული ფუნჯი. ორი ხელით შესრულებული ნახატი. სათქმელად გასაჭირი, მაგრამ ნახატში ასახული ცოდვა...

        – ვერ შეძელი. იქნებ მე დამხატო?!
        – შორს ხართ დიდო მმართველო, ვერ ვხედავ სახეს!
        – შენც ფუნჯს გრძნობით, სიყვარულით მოუსვი. დღემდე ასე ხატავდი, ვიცი ეგ მე...
        – მაგრამ დღეს ხომ...
        – რწმენა დაკარგე ჩემი?
        – არა...
        – არა და... ორი წუთის წინ სიცრუე წაშალე ჩემი ტილოდან. დაგავიწყდა არა?
        – დიახ უფალო! – ვეღარ იცრუა.
        – დამხატე!
        – ვერ დაგხატავთ უფალო! – სიმართლის თქმა არჩია ლურჯი პლანეტის სტუმარმა. – საღებავი დამთავრდა. იქნებ გათენებას დაველოდოთ. მხოლოდ შავი ფერი დამრჩა.
        – ახლავე გათენდება!

        და იქმნა ნათელი!

        – მაგრამ ახლა მხოლოდ თეთრი ფერი მაქვს.
        – საინტერესოა, იქნებ იშოვო?
        – როგორ?
        – რა, ხსნას ისევ ჩემში ხედავ?
        – დიახ!
        – რამდენჯერ გამიხსენე ოცდაათი წლის მანძილზე გულით?
        – ალბათ ერთხელ?! დარწმუნებული არ ვარ... შესაძლებელია უფრო მეტჯერ.
        – დედაჩემს რამდენჯერ აგინე?
        – არც ერთხელ.
        – სტყუი! ყოველდღე აგინებდი, როცა სხვის დედებს ყველა უღლებაში იხსენიებდი...
        – მაგრამ, მე ხომ კაცი არ მომიკლავს?
        – ბევრის უფლებას აძლევ საკუთარ თავს. ასე გულით გინდა სამოთხეში მოხვდე?
        – ჰო, მინდა!
        – მაშინ დამხატე!
        – ჯერ ისევ დილაა... და ისევ მხოლოდ თეთრი ფერი მაქვს.

        და იქმნა ბნელი!

        – მაგრამ ახლა მხოლოდ შავი ფერი მაქვს.
        – როგორც მახსოვს შენი ხურჯინი ნიჭით საკმაოდ გავავსე... რისთვის დაატარებ მთელი ცხოვრებაა?
        – ნიჭით ვცხოვრობდი, ფუნჯით ვხატავდი, გულით ვყვარობდი.
        – იქნებ მეც შემიყვარო და გულით დამხატო. არ გინდა ფერები.

        ევა ჩუმად უსმენდა მათ. იცრემლებოდა.

        – იქნებ სიმართლე დახატოს უფალო?
        – არ ვარ წინააღმდეგი.
        – დახატე სიმართლე ადამ!
        – რა დავხატო ევა? ის თუ როგორ შეჭამე ვაშლი და მეც როგორ გამოგართვი დასაგემოვნებლად? ან ის თუ როგორ განსრისხდა უფალი? ეს ხომ ყველაფერი იცის?
        – მეტი არაფერია სიმართლე?
        – არაფერია. დანარჩენი ყველაფერი ცოდვაა.
        – მაშ როგორ?! დანარჩენი თუ ცოდვაა, სიმართლეც ცოდვებშია?
        – დიახ ცოდვებშია. ცოდვა დიდი სიმართლეა, რომელსაც ვერ ვამბობთ. გვიჭირს ჩვენ ადამიანებს სიმართლის თქმა.
        – აბა, დახატავთ?
        – ვერ დავხატავთ დიდო მმართველო.

       * * *

        – იქნებ მე დაგხატოთ უფალო?
        – შეძლებ ევა?
        – შევეცდები.
        – გამოართვი ადამს ის და იწყე ხატვა.

       * * *

        – ფუნჯში საღებავი გაიჭედა.
        – ნეტა რატომ არ ხატავს? – გაუკვირდა ადამს?
        – შენ გველი გიჭირავს ევა. ეგ ფუნჯი არ არის.

        ევამ შეჰკივლა და ხელიდან გველი გააგდო.

       * * *

        ფუნჯში გაჭედილი საღებავი.

        – დაგიგროვდათ ცოდვები. ვერა ხედავთ, რომ ტილოზე ადგილი აღარ არის?
        – კი ვხედავთ.
        – მაშ რატომ გიკვირთ, რომ ფუნჯში საღებავი გაიჭედა?
        – არა უფალო, ფუნჯი გაქრა, აღარ გვაქვს. ის გველად იქცა.
        – მართლა? ნეტა რატომ? ამაზე თუ იფიქრეთ? იქნებ დრო დამთავრდა თქვენთვის და ვერ გრძნობთ. ფიქრები თქვენი ერთმანეთს ჰგავდა გზაზე. ხეტიალში დაბადებული ჩვილი აზრები, ზრდას ვერ ასწრებდნენ ისე უარყოფდით და ჩემგან შველას ითხოვდით. განა რასაც მე გთხოვთ ასრულებთ? სამწუხაროდ ფუჭია თქვენი ლოცვაც და ვედრებაც. ერთ დღიანი ვედრება მეორეში ვერ გადაგაქვთ, რადგან მას ღამით ძილში ტოვებთ ეულს და დილით გაღვიძებულთ, მხოლოდ ერთურთის ლანძღვა–გინებით კავდებით. გავიწყდებათ ჩემს მიერ ნაჩუქარი სიცოცხლე, გავიწყდებათ ჩემს მიერ ბოძებული ლურჯი პლანეტა.
        მიყვარხართ ძალიან, თბილია ჩემი სურვილი, მიხილოთ ისევ ლურჯი საბურველის ქვეშ...
        დამელოდეთ!
        მე მალე მოვალ!
        გაფრთხილდით და შემოდით ჩემს სახლში! იქ ყველაფერი დაგხვდებათ, რათა მოემზადოთ და ღირსეულად შემხვდეთ.

        ყველაფერი დამთავრდა.
        ყველაფერს აქვს დასასრული…
        კარები გაიღო...
        მოლბერტი გაქრა და კიბე გაჩნდა!
        ღილები მოსწყდა ლურჯ სივრცეს და სვლა იწყეს...
        ისევ თენდება...
        ისევ ღამდება...
        ადამი და ევა მიწისკენ მიმავალ კიბეს ჩაუყვნენ.

       * * *

        გზაზე

        – საით?
        – მაპატიეთ?!
        – საით მიხვალთ, იქნებ დაგეხმაროთ?
        – დიდი მადლობა, ნუ შეწუხდებით!
        – რა შეწუხებაა? დაბრძანდით. – ხალგაზრდა ქალი მძღოლს გევრდით დაუჯდა.
        – რა გქვიათ?
        – ევა.
        – ვინმეს ეძებთ?
        – თქვენ რა იცით?
        – არ ვიცი, უბრალოდ შეგატყვეთ სიარულში, ნელი ნაბიჯებით ყურადღებით აკვირდებოდით არე–მარეს.
        – საოცარია, მაგრამ მართალი ხართ. სისწრაფეში საოცრად დაკვირვებული ყოფილხართ.
        – შესაძლებელია. უბრალოდ დიდი დრო გავიდა რაც საჭესთან ვზივარ.
        – ძალიან კარგი. ბევრს დახმარებიხართ?
        – საკმაოდ. ბევრი უსიამოვნებაც შემხვედრია. თქვენ მაინც არ მითხარით თუ რამ გამოგიყვანათ შუაღამეს ქუჩაში.
        – მეუღლეს ვეძებ. ფრთხილაააად მამაკაციიიიიი!
       გვიანი მუხრუჭების ხმა...
        მძღოლი საღსალამათი გადარჩა. ერთი ნაკაწრიც კი არსად ჰქონდა. უბრალოდ გონება დაკარგა. გონზე მოსულმა სასწრაფოდ გამოაღო კარები, სწრაფი ნაბიჯებით გაემართა ასფალტზე გაწოლილი ადამიანისაკენ. ჩაიმუხლა და ტირილს მოჰყვა.
        – ღმერთო ეს რა დამემართა? ღმერთო შენ მიშველეე! ცოცხალი ხართ? გამეცით პასუხი გთხოვთ! – წყვდიადი სუფევდა ირგვლივ. მხოლოდ ცალფარიანი მანქანა ანათებდა მძღოლსა და დაზარალებულს. – გთხოვთ, ხმა ამოიღეთ. – არაფერს ამბობდა ჭაბუკი. ყური ახლოს მიიტანა მძღოლმა მამაკაცის გულმკერდთან და სმენად იქცა. გული არ ძგერდა.
        – ღმერთო მოვკალი, მოვკალიიიი!!! ეს რა დამემართა, რა შევცოდე ღმერთო, რატომ მე... რატომ?
        გაუთავებლად მოთქვამდა ქალბატონი. სახეს იკაწრავდა სიმწრისგან. არაფერი შველოდა მას, სასწაულის გარდა. უცებ მისი მგზავრი გაახსენდა. ისევ მანქანაში ჩაჯდა და ევას დაუწყო ჯანჯღარი, მაგრამ უშედეგოდ. ისიც...
        საშინელმა შიშმა და ტკივილმა შეიპყრო მძღოლი. არ იცოდა რა ეღონა.
       დაბნეულობისაგან ისევ შეუწუხდა გული და გვერდით სავარძელში, ევას მხარზე ჩამოჰკიდა თავი.
        – ოოჰ ეს რა იყო? როგორ მტკივა თავი? – გაახილა ევამ თვალი. – სად ვიყავი? აქ რას ვაკეთებ?
        – ეს ვინააა? ღმერთო ეს ხომ... ქალბატონო, ქალბატონო? – ძვრა ვერ უყო მძღოლს ევამ. საქარე მინიდან მანქანის წინ დაგდებული ცხედარი დაინახა ევამ. შეიცნო ის და სასწრაფოდ გარეთ გამოვარდა. მძღოლის თავი კი ევას სავარძელში დაგორდა.
        – ადამ გთხოვ, ადამ! გაიღვიძე, გაიღვიძე! – ემუდარებოდა ჭაბუკს მეუღლე.
        – სიხარულო გიპოვე, ცოცხალსაც მოგაგენი, ვიცი ცოცხალი ხარ, ვიცი! – დაიმედებული ბუტბუტებდა ევა ადამის ყურთან.
        ცალი თვალის ხუფი შეირხა ადამის სახეზე. გამოჩნდა მის თვალებში, ამოწვერილი მზისგან განათებული ლურჯი ცა.
        – ევა ცოცხალი ხარ?
        – კი სიხარულო, ცოცხალი ვარ.
        – მეც ცოცხალი ვარ?
        – კი, შენც ცოცხალი ხარ.
        – სად ვიყავი? ბავშვი სად არის?
        – არ ვიცი ადამ, სად ვიყავით, ან ახლა სად ვართ, უბრალოდ ჩვენ ყველაფერი ვნახეთ და დავბრუნდით ან იქნებ არც არსად წავსულვართ. არ ვიცი…

        – შენც ნახე? მე მეგონა...
        – მეც მეგონა...
        – ჩვენ ისევ მოვედით.
        – ისიც მოვა... უფალი, მალე მოვა ადამ! იცი ადამ, მე ორსულად ვარ. მეორე ვაჟი გვეყოლება. მას აბელი დავარქვათ.

        სიცრუე – შველა და ერთგულება.
        სიმართლე – შიში
        დიდი მმართველი.
        დასასრული მალეა,
        მომავალი აქვეა!
        უფალო შეგვიწყალენ!!!

       ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
       * ჭაბუკა – ახალგაზრდა ქალი.
       * ტყავკაბა – ბეწვიანი ჩასაცმელი
       * ფარჩი – მომცრო საღვინე
       * ცანდალი – ერთგვარი ფეხსაცმელი.

       10 აგვისტო. 1979 – 2009 წ.წ.




        ფლირტიდან ფიქრამდე!

ფლირტია, როცა კაცი ქალის გულს უსმენს,
ფლირტია, როცა ქალი კაცს ამჩნევს და ეურჩება,
ფლირტია, ის ხელები თმაში გაჭედილი, როცა
ფიქრია! ის თვალები სარკეს მიბჯენილი, როცა
ფიქრია! ის გძნობები ვნებაში ჩაჭედილი, როცა
ფიქრია! ის წლები სიბერეში შემჩნეული, როცა
ის ერთი ქალბატონი იმ ერთ მამაკაცში იკითხება!


        ვრცლად სამყაროზე

თავისუფალი! თვალები თრთოდა, თავგამოდებით;
ალამივით აფრიალდა აკვნიდან არტახები;
მალულად მოაბიჯებდა მარტოობა მარტოობით;
უსუსურია უსიყვარულოდ უმზირო უბიწობას;
ნათლად ნანახი ნათელია ნაზი ნარგიზი;
ანთებული ანგელოზის ალი აფეთქებს ას გზით;
მიყვარხარო! მე მითქვამს მისთვის მარადისობავ!
ელვარება ელვით ესწრაფვის ედემის ელდას;
ქათინაურო ქუდი ქიმერიონთან ქროდა!
ვარდი ველზე! ვარდი ვანდე ვასალს.
ახალბედა ამალითურთ ამზიურებს აფეთქებულ ამანათებს;
ბალღი ბუდობს ბეღელში, ბუ ბუდეში;
იასამანი იღვწის, ინახავს იმდენს?!
შორის-შორია შოლტი შურიანობის შფოთში.
ვნახე, ვიხილე, ვეალერსე, ვესტუმრე!
ის იასამანია, ის იკრავს იებს!
ლაღი, ლამაზი, ლერწამი ლეწე;
ის იასამანია, ის იკრავს იებს!


        ქართველი დედა

თურმე ყოფილა მშვენება ცაზე,
ამომავალი ცისკრის ვარსკვალთან.
მარადიულად მოციცმციმე სიბნელის კვალზე,
ასე მოელვარე შენ ხარ სინათლე ჩემს თვალთან.
რადგან დამაშვრალი მივილტვი შენს სულთან.
იკიაფე ოჯახისათვის! შექმნილო ღვთისა!
ამაღლდი ქართველო დედავ და განარიდე სამშობლოს სევდა,
ხოლო ოჯახში თესე სიკეთე და მშვიდობისთვის აღაპრე ხმალი,
ოღონდ გახსოვდეს წლები წარსული და მომავალის გახსენი ფარდა!
ბარძიმით შესვი სადღგერძელო და მოიხადე საქვეყნოდ ვალი.
ამაყია ერი ქართული და სითამამით მოაბიჯებს შენს ნაკვალევზე,
ძლევამოსილი სახელი შენი დედა, არს ჭეშმარიტი სადარაჯოზე,
ერთია მხოლოდ – ქართველი დედა მეტად ბრძენია სხვებზე!