თეა თაბაგარი
|
კესანები
ფიქრისგაუმხელად მესალმები,
თვალებშიც, რატომღაც, არ მიყურებ,
მახსოვს, ბავშვობაში, კესანების,
როგორ მპირდებოდი თაიგულებს.
ცისკრის ღიმილი რომ დამაბარო,
ნამით შეგიგროვებ და მოგიტან,
გინდა, ერთგულება დამავალო?!
სულში მაქვს გამჯდარი ბავშვობიდან.
ახლა აკიდოებს ცვარად ადევს
ფერმკრთალი დღეების ნათითური.
სანამდე ამ კარსაც ჩარაზავდეს
ზამთარი,
იქნება დამიბრუნდე.
ზმანებებს თუ შენით გავათენებ,
ქარებს გადავლახავ,
ქარიშხლიანს,
და, იქნებ, გრძნობებიც გადავღვარო,
მიუსაფრობას რომ განიცდიან.
რომ, მერე, გაზაფხულს შევხვდეთ ერთად,
თეთრ-მწვანე ენძელებზე ფიფქებს ნადნობს,
რომ, მერე, ცისთვალა კესანებსაც
დაგვიანებული ფიცი ვანდოთ.
მერე - სიახლოვე შემაპარო
ატმის სურნელების ნიაღვარად.
ვინ იცის,
ის წლებიც გადავყარო,
ფერებწართმეული ფოტოს დარად.
ინატრე,
გულებმა ხეტიალი
კვლავაც ერთდროულად გააგრძელონ,
მუდამ შავ ზღვასავით ფეთიანი
სუნთქვა დავუკოცნოთ საქართველოს...
|
გიო ზედვაკელი
|
(ბოლო პოეტი ვარ)
ბოლო სიგარეტი ისე,
განწყობისთვის...
ახლა ფიქრი იქით უნდა გავაწვალო.
თავს რომ მაწონებდი, მომაწონე.
შენ თმებს გამოვები,
არსად აღარ წავალ.
ჩემი არეული ქუჩა გავასწორე,
ღამე მივალაგე საწოლივით.
როგორ მოგეფერო, არ მასწავლო.
ისე ლამაზი ხარ დაწოლილი,
აღარც მინდა ჩემი კოცნის ინსტრუქცია,
რადგან ფიზიკურად ისე ანდამატობ.
სხვებმა თუ იციან ასე სიყვარული-
სუნთქვაც მესმის შენი, თავიც არ დამადო.
შენი სიახლოვე უფრო სიშორეა,
შენ მაგ სიშორიდან შემოხვედი.
სანამ ბეღურები სარჩოს იშოვნიან,
მანამ ფანჯარასთან იქნებ შენ მოხვიდე.
შემომხედო...
მე ხომ ბოლო პოეტი ვარ,
ლექსებს უგულობა ასამარებს.
ახლა შენ მინდიხარ წარსადგენად,
ჩემი პოეზია-დასამალად.
მთვარეს კიბო აქვს
-ეკო მესხს-
მთვარეს კიბო აქვს...
რენტგენის სურათი
ღამეში აჩვენებს მოშავო ლაქებად
მომავალს, რომელიც არ არის სულერთი,
რომელიც მოკვდავებს ანაღვლებთ ნაკლებად.
მჭვარტლიან ბუხართან აგდია მოპასანი,
გაშლილი ყვავილივით - გარე ყდით.
კარებში - ჩემი თეთრი ბოტასები,
ზაფხულის ღამეა და გარეთ კი...
ეზოა ნათელი, მთვარიანი.
ყორესთან - მეგობრების ხორხოცი.
მინდორი - ისე ნამიანი,
თითქოს მთვარეს ცრემლი მოხოცეს...
რა ვქნა, ვიზიარებ პოეტებო,
თქვენგანაც ველოდები სამძიმარს.
ხვალ, ალბათ, მთელ სოფელს მოედება -
მოკვდა მთვარე,
რაღა აზრი აქვს,
წერო...
ვის ვუწერო სონეტები,
როგორ დავითენებ ალიონს...
კეკეოზ, მაგის დედაც ავატირე,
წამო,
ძუსის პირას დავლიოთ!!!
|
ბექა ოთანაძე
|
ბანქო, ამარეტო . . .
ბანქო, ამარეტო, ორი კერტი,
კიდევ სამი ღერი ჩააფერფლეს,
გარეთ გასასვლელი მოიკეტა,
ვფიქრობთ სულ უბრალოდ - არაფერზე.
ბანქო . . . მომეკიდა ამარეტოც,
ისევ მომეხვიე მეძავივით,
კვამლმა რეალობა ამარიდა,
შიშის გავიგონე შეძახილი.
სადღაც გავეკიდე ნანაფაზევს,
გავხდი სიკეთეზე მაგნიტური,
მე ხომ არასოდეს დავაფასე,
ბანქო, ამარეტო, დაგიტოვე.
|
ირაკლი ყალიჩავა
|
აფხაზეთს
ურაიდა!.. გაზაფხულზე
მეც მოვუსმენ მოლაღურებს,
აფხიარცავ, ეგ იმედი
ნაბადივით მომახურე.
გადავუფრენ სოხუმს, ფსოუს,
როგორც ჩიტი მგალობელი,
ძველ სამშობლოს გამახსენებს
ყველა გამვლელ-გამომვლელი.
აფხიარცავ, ეგ სიმღერა
ნაბადივით მომახურე,
ურაიდა!.. გაზაფხულზე
მეც ყურს ვუგდებ მოლაღურებს.
|
მინდია ცეცხლაძე
|
ველური
მე ვარ ველური როგორც აფთარი
და სანამ ფეთქავს დიდი მაქვს გული!
და ნუ გგონიათ დადგა ზამთარი,
მქუხარებს ჩემში ჯერ გაზაფხული!
ჯერ ყურძნის მტევნებს არ ვეთხოვები
და სისხლიც წითლობს ვით საფერავი!
მე ავზვირთდები, წავლეკავ ჯებირს
და გამაქროლებს ცისკენ მერანი!
მქუხარე ცისკენ გავქუსლავთ მაშინ,
მბორგავი მიწის სისხლმდუღარენი!
მე - ცეცხლისფერი და თეთრი რაში
ნაზი ფიქრებით გაუხარელნი!
შორს ჩემგან სევდის სინაზევ თეთრო,
ცივო დღეებო, შავო წყვდიადო!
ამოვაგელვებ ზეცისკენ თეთრონს,
მზეო დამიხვდი საგანთიადოდ!
ველურ მზეს გიჟ-მაჟ სხივებში მფეთქავს
მე მივაგებებ მიწის ოცნებას:
მსურს, გულის ნაცვლად მკერდში მზე მედგას,
დაუფიქრებლად ვსუნთქავდე ვნებას!
დაუფიქრებლად, ველური გზნებით,
მსურს ვკოცნო ნაზი, თეთრი ასული!
ცხენის ფლოქვებით გავთელო გზები
და ველურ თრთოლვად ვაქციო სული!
და ეს როდია ლექსის სიფიცხე,
გულის ფეთქვაა სიყმაწვილური,
ეჭვი და შიში გადავივიწყე,
მე ვარ ტყიური, მე ვარ ველური!
|
ნინო ნეკერიშვილი
|
სასაცილოა
სასაცილოა...
გვენატრება ზოგჯერ ტკივილი
იმდენად,
ლამის დავეძგეროთ საკუთარ მაჯებს
კბილით საჯიჯგნად...
მოთამაშის აზარტი ახლავს
მაზოხიზმის სენს...
ხოლო დოზა თავად განსაჯეთ.
მაგრამ...
იცვლება ყველაფერი.
და ყველა ფერი
რომელიღაცა ტონალობის
არის შემცვლელი -
როცა იზომებ ყელზე მარყუჟს
და სუნთქვას იკრავ,
უფლის წყალობად - შეგაჩერებს
უფსკრულთან მცველი...
ჰოდა, ნუ ჩქარობ!
საფეთქელთან ყოფნა-არყოფნით
დატენილ რკინით რად ეხები
სახის რბილ ოვალს?
სიკვდილი,
როგორც სამსახურში წასული ქმარი,
დაიგვიანებს,
მაგრამ ბოლოს თავისით მოვა.
|
ზურა დემეტრაშვილი
|
მემ!
ჩვენ ვათევთ სიცოცხლეს,
დღეს, ისე დაბნელდა,
რომ, ვიცი, თვალები ასტკივა ამ ღამეს
დრო, თუკი იქნება, ან წამი ოდესღაც...
მემ, უნდა გიამბო,
რამდენი სათქმელი დამრჩა და მაწამებს.
ჩვენ ვეძებთ რაღაცას,
ლამაზს და უცნაურს,
დავყვებით ვნებიან ოცნების ნაკვალევს,
მემ, ნუთუ მეჩვენა? - ოდესღაც, ბედნიერს,
რომ რაღაც უძირო...
მზიანი სხივები შევმატე მაგ თვალებს.
ჩვენ – (ასე უთქმელად),
დაგვჩემდა სიჩუმე
და როცა სიტყვები ვერაფერს ამბობენ...
თვალით და ხელებით ყვებიან გრძნობებზე,
ეკვრიან სხეულით...
და ტუჩებს – ტუჩები, ალერსით ატკბობენ.
მემ, არ ვგავარ მე იმ ხალხს...
გრძნობებს რომ მალავენ
და ჩუმი მზერებით სიმორცხვეს ესვრიან
მე ისე ვიგრძენი მაგ თვალთა უფრსკული
რომ ლექსად ვიცლები...
რომელიც სხვებისთვის, უბრალოდ ლექსია.
ჩვენ ეხლა შორსა ვართ,
დროსა და მანძილში,
წლები კი ითვლიან, მილებს და იარდებს.
მემ, ისე უგრძნობი ვიყავი ოდესღაც...
დღეს, ჩვენი სიშორე...
უცნობი გრძნობებით ხასიათს მიავდრებს.
ჩვენ – (როგორ დამჩემდა)
არადა, ხომ ხვდები?
რა ძალით ვისუნთქავ, გიჟივით, ამ წამებს
დრო თუკი იქნება, ან სიტყვა ოდესღაც,
მემ, უნდა გიამბო...
რამდენი სათქმელი დამრჩა და მაწამებს.
|
ჰენრი დოლიძე
|
... ... ... პეპლებს
გეძღვნება შენ!
ნამიანი ხელებით მზე თმას უწნის ალუჩებს,
ჩრდილს ჩაეხსნა სიგრილე და მოუჩანს ზამბორი,
მაგ თვალების სილურჯე შავ ზღვას ისევ ალურჯებს,
მე კი ისევ მაწითლებს ეგ წითელი ამბორი
წელსაც მოვა სად წავა, დაველოდოთ რვა ივლისს..
გარეთ როლი გაცვალეს აისმა და დაიმა,
ტალღასავით ეს ლექსიც გაგწუწავს და ჩაივლის,
როცა გულზე პეპლებად ატმის რტოებს დაისვამ…
მერე მოვალ, სველ ტანზე ჩამოგიკრებ პეპლებს და...
მერე მზესაც დავიჭერთ ზღვაში მთვარის კაუჭით,
შენი კოცნის სურვილი ისე გამირეფ-ლექსდა,
მიგიხუტებ, გაკოცებ, სველი რომ ხარ რა უჭირს!
სადღაც ზეცა ტირის და, სადღაც ლურჯი ალუჩა,
სადღაც როლი გაცვალეს აისმა და დაისმა…
დრო იწყება შენით და დასასრული არ უჩანს,
როცა გულზე პეპლებად ჩემს ბაგეებს დაისვამ...
|
|
|
|
|
|
|
|
|