ლევან ალავერდაშვილი

პოეზიის საღამო


      2009 წლის 20 დეკემბერს, 15 საათზე, ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმში გაიმართა ლევან ალავერდაშვილის (ლევანა) პოეზიის საღამო. აღსანიშნავია რომ საღამო მეტად ორიგინალურად და განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. ბევრ ღონისძიებას დავსწრებივარ, მაგრამ ასეთი ადრე არსად არ ყოფილა! თუ სხვაგან ჯერ ღონისძიება ტარდებოდა და შემდეგ – ღვინისძიება, აქ ორივე ერთად იყო! ერთმანეთს ენაცვლებოდა ლევანას ლექსები და ჭიქა ღვინო!



 

 

 

 

 


      მიშა ღანიშაშვილმა (ილტოსპირელი) ექსპრომტად ასე გამოხატა პიროვნებას დამსგავსებული პოეზიის საღამო:
                  „ლექსებს უძღვნიან ჩალაბას
                  ვინც ლოთობაში ჩააბა
                  ალავერდს არის ლევანა
                  სასმელი გადააჩაფა
                  ყველა მთვრალია, ვინც არის
                  ვინც ლექს-არაყმა დააბა!“
      (ტექსტში „ჩალაბა“– თემურ ჩალაბაშვილი).



      P.S. მივმართავ პოეზიის საღამოს მონაწილეებს: გთხოვთ გამომიგზავნოთ თქვენს მიერ საღამოზე წაკითხული ლექსები, შთაბეჭდილებები და გადაღებული ფოტოები მისამართზე: gugua56@gmail.com წინასწარ დიდი მადლობა. პატივისცემით, გიორგი ალავერდაშვილი.



ლევან ალავერდაშვილი

        შენა და ღამე ბეთანიისა

გეტყვი მშვიდობით, მერე დაგტოვებ,
ოღონდ სურნელი შეგრჩეთ იისა,
ოღონდ ავსებდეთ ჩემს სიმარტოვეს -
შენა და ღამე ბეთანიისა.
გეტყვი, წუთები შენით ნაფერნი,
როცა აშვებულ რაშებად ჰქრიან,
რა გვიანაა სუყველაფერი,
და არაფერი არაა გვიან.
გეტყვი საუფლოს ღრმა დარბაზებში
ხატად მოვძებნი შენს ძვირფას სახეს,
სისხლისფერ ვარდებს დავყრი ბაღებში
და ლექსებს - შენი თითებით ნახებს...
გეტყვი ნუ მოხვალ! მაგრამ რისათვის?!
უკვდავ მოლოდინს მაინც გპირდები,
და იმ ლამაზი წყენებისათვის
ხელში ბავშვივით აგიტირდები.
გეტყვი, დემონურ წარსულს მათოვებს -
ნამი - უშენოდ მორცხვი იისა...
ნუ მიმატოვებთ! ნუ მიმატოვებთ! -
შენა და მწუხრი ბეთანიისა.
გეტყვი, შვებაა შენს ხელში კვდომა,
და რომ, შენს შხამსაც ტკბილი აქვს გემო,
ღმერთმა შეგინდოს ცოდვა - შეცდომა,
მოურჩენელო ტკივილო ჩემო.
გეტყვი, დამთავრდა! ეხლა მშვიდობით,
ოღონდ სურნელი შეგრჩეთ იისა,
ოღონდ ნუ მომკლავთ უამინდობით,
შენა და ღამე ბეთანიისა.

        დეკემბერები

დეკემბერების ლურჯი ფოთლები
შემყვარებია სიცოცხლის ფასად,
როს იკარგება ბოროტი წლები
მიზანს აცდენილ ტყვიების მსგავსად.
როგორც ყვითელი, საჭურჭლე თიხა,
აზელილია სისხლში დარდები
და რომ მკითხავენ - შენ პოეტი ხარ?
დემონიურად ავხარხარდები.
ზოგნი ვერ გრძნობენ, სანანურია
რაა მგოსანი. დაე იცოდნენ,
ის მდუმარეა როგორც მუმია,
მაგრამ მეტყველი როგორც სიცოცხლე....
დეკემბერების ლურჯი ფოთლები
აი რად მიყვარს სიცოცხლის ფასად,
როს ეცემიან მიწაზე წლები
მიზანსდაცდენილ ტყვიების მსგავსად.


        დარდიანია ამაღამ მცხეთა

                თენგიზ არჩვაძეს


მყის დაგცვივდება თვალთაგან რულით
გადამტვრეული მორფევსის ალვა,
წამოვარდები, თითქოს წარსულით
კოლონკელიძის მოგძახა ქალმა.
გადაგიგლეჯავს სუნთქვა საკინძეს,
დაგენატრება ახლად გაჩენა,
რომ კიდევ ერთხელ, ვით არსაკიძეს,
ღმერთთან მებრძოლი მოგჭრან მარჯვენა!
სადაც მზედ დაშთა დიდება დღეთა
და აღტაცება მარადი ნერგის...
დარდიანია ამაღამ მცხეთა –
ხომ არ ვესტუმროთ, ბატონო თენგიზ...

        ობლები ყინვაში

ჩემში დემონი ვინ ჩაასახლა?!
რამ შეიწირა წარსული სახე?!
ღმერთო! ბუხრისწინ რა მინდა ახლა,
როცა ყინვაში ობლები ვნახე...
ეს რა ასპიტი მეფობს ქუჩებში,
ამდენი გესლი საიდან გერგოთ,
რომ წინგამოწვდილ, დამზრალ მუჭებში
ბინდგარეული გულები გედოთ.
მინდა თქვენს ფერხთით გავთავდე დღესავ,
ვინემ ამ ცოდვის ბურუსი ვზილო;
ვინ გიანდერძათ ამდენი კვნესა!
ამდენი ცრემლი საიდან, შვილო!..
მაგრამ, თავს რადღა დავწამო ცილი,
გავიავთვალო ძალისძალ დარი,
როცა თქვენს ქუჩას ვერ გამოვცილდი,
და ეხლაც იქავ ვაგდივარ მკვდარი.


      წინა ზამთარს ლევანა ჩამოსულა თბილისში ტელევიზორის საყიდლად, ჯიბეში 300 ლარი მქონდაო... ვაჟა-ფშაველაზე ხელგაწვდილი პატარა ბიჭი შეხვედრია... მარტო უკან დასაბრუნებლად გზის ფული დავიტოვე, დანარჩენი გაყინულ მუჭაში ჩავუკუჭეო...



ოთარ რურუა

        ექსპრომტი ლევან ალავერდაშვილს

დაილოცოს ეს სამება,
მამულს ვხედავ ხელგაშლილს.
საქართველო ესალმება
ლევან ალავერდაშვილს.

        ილია მეორეს

მე მადლობას გულით ვწირავ უზენაესს,
სიხარულით ვეგებები განთიადს,
გულით ვლოცავ უწმინდესს და უნეტარესს,
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს!
პატრიარქი მამულს ლოცავს,
ისმის რეკვა ზარების,
ივერიას მადლი მოსავს,
მადლი – წმინდა სამების.