|
ჩამომხსენი უფალო
გულს ნაოჭი არა აქვსო იტყვიან,
ივსება და არ ხორცდება იარა,
ტკივილს ნახე რა გზით შემოუვლია,
რომ ჩემს სულთან ყოფილიყო ზიარად.
ჯანდაბას და მონატრებად დაგწერე,
ერთი რამე ვერ გავიგე უბრალოდ,
თუ ამ მიწის თრევა მოვინანიე,
ლექსებითაც ხომ შევცოდავ, უფალო.
გავყვები და ჩამოვიჭრი სიცოცხლის
უნაპირო, ლოდინიან ნაპირებს,
აქაც ბევრი ცოდვით თუ ვიბანავებ,
მის სიღრმეში ამ ლექსებით მატირე.
ივსება და არ ხორცდება იარა,
გრძნობებნაცემი და… მზერა უაზრო,
ამ ცხოვრების ტვირთით თუ ვერ ვიარე,
ჩამომხსენი, არ მაწვალო უფალო.
მშვიდი ცხოვრება არაა საჩემო
მშვიდი ცხოვრება არაა საჩემო,
არც სიმშვიდეში ლოცვის მოსმენა,
დუნე ფიქრები უნდა გავრეკო,
უნდა გაჩვენო გიჟის ცხონება.
ავიხლართები ვიცი ქაოსით,
მაგრამ სიმშვიდეს კი მირჩევნია,
შლეგის სუნი მცემს უკვე არეულს
ეს ხასიათი უფრო ჩემია!
მზესთან სურვილად ავირეკლები,
(დაბლა მიწაზე აბა რა მინდა),
ამ სიმშვიდეში ხომ გავგიჟდები
ეს გაგიჟება ამად არ ღირდა?!
სუნთქვა მეშლება, პულსი დაირღვა
სულის კარებთან მარაგს მომაწვდი?
მომე სიმშვიდე ეგეც შლეგია,
მოდი, მომე, ან მხრებზე მომაცვი!
ტკივილებით გაბაწრული გიჟი ვარ დღეს
ჩვეულებრივ ასე იცის, როცა ღამეს
დილის ფონზე სითამამე ემატება,
ტკივილებით გაბაწრული გიჟი ვარ დღეს
და ამიტომ მომეფერე, მოდი ჩემთან.
ბოშასავით წანწალებენ ეს გრძნობები,
ტანს გიბოჭავს ვნებიანი ცხელი სუნთქვა,
ჩემში ქალი შემოდგომა გაძარცვული
გაზაფხულმა სულ საშენოდ შეისუნთქა.
ჩვეულებრივ გებუტები, ასე ვიცი,
თანაც წყენა შეგუებას ეფერება,
მაშინ წავალ როცა აღარ მეყვარები,
სიყვარულმაც მალე იცის მობეზრება,
როგორც დილის ყოველ დილით გათენებამ…
და ღამეში დატოვებულ მშიერ ჰაერს,
თუ გააძღებს ვნებიანი ჩემი კოცნა
გაკოცებ და სიყვარულს ნუ დამაძალებ.
შემიყვარდი
შემიყვარდი,
ამ შეგრძნებებს დავყაბულდი
კბილს კბილებზე მაცემინებს ცხოვრება,
უცნაური მღელვარება ტანში მაყრის,
უცანურად ვნერვიულობ იქნება...
შემიყვარდი, სხეულს თოთოს სუნი ატანს,
სულს ვუბერავ სუნთქვას თბილად ნატარებს,
ამ სიყვარულს მეცხრე ცამდე ავიკიდებ,
უკვდავების მეჯლისებზე ვატარებ.
შემიყვარდი, სიტყვებივით გავთითოვდი,
ვმეთაურობ სტროფებს ამაოების,
შიგადაშიგ ძილს გავაკრთობ საზღაურად -
სარეცელზე ლექსის დაგემოვნებით...
შემიყვარდი, გულგრილობა შევაყოვნე,
მერე მზერა სათაგურად დაგიგე,
მაგ თვალებით გამიტანე საგიჟემდე,
ვნებიანი სხეულით კი დამინდე.
შემიყვარდი, ერთგული ვარ ამ ცხოვრების,
ჩემს გემოზე შემოვიცვი მაისი,
გაზაფხულის შარაზე მსურს დავიყვირო
მიყვარხარ და… გინდა ღმერთთან ჩამიშვი.
სულერთია რა იქნება მერე
ცხოვრებამ არ გამიტეხა ხათრი,
სულერთია რა იქნება მერე,
მთავარია ერთ სურვილად ჩაგთქვი
და დაშრება ვარსკვლავების ღელეც.
უგერგილოდ მეტმასნება ღამე,
თვალს ძლივს ახელს, მზე უშლიდეს ვითომ?
ცაზე მთვარის მოყვითალო გუბე,
გაუტოპავთ ღრუბლებს ფეხით თითქოს.
სულერთია რა იქნება მერე,
მთავარია ეს სურვილი არ ვთქვა,
გათვალული არ გამოდგეს ფიქრი
და თვალებში ამის შიში ჩამყვა.
ხოდა ხათრით გაიღვიძებს დილა,
დაამთქნარებს დედამიწა ქალაქს,
ერთ სურვილში ვერ ჩავტიე გრძნობა
და ცხოვრებით გადავიხდი ზარალს...
სადღაც სიჩუმეში დადის თებერვალი
სადღაც სიჩუმეში დადის თებერვალი,
ფეხაკრებით აძლევს მარტსაც დავალებას,
ლოდინს დაეღალა უკვე მოსასვლელი,
შენთან მოსასვლელი სხვამ რომ დაიკავა.
ღამეს გაუჭირდა დილით გაღვიძება
ალბათ მასაც ქონდა ვნება გადაღლილი,
როდის მოასწარი სხვისი შეყვარება
როცა მე ვიყავი შენზე(დ)გამოჭრილი.
ბეღურებთან ერთად ზეცა დავიკავე,
იქნებ ღმერთმა ასე უფრო შემამაჩნიოს,
ერთი ეგზემპლარი გრძნობა გადმოვწერე
ეხლა დავჯდები, რომ ლექსად შევარჩიო.
სადღაც სიჩუმეში დადის თებერვალი,
(ასე ფეხაკრებით როდის გაუვლია)
იქნებ შეუყვარდა მარტის გაზაფხული
როგორც შენ გიყვარდი, მაგრამ არ გითქვია.
|