ნინი მესხიძე


 

 

 

 


2010 წლის 23 აგვისტო

ნინი მესხიძე, კახა ჭლიკაძე, გიორგი ალავერდაშვილი, ცისანა ზურგაშვილი, გიორგი გაბაშვილი, თამარ ბუკია


        შემოდგომაა (პოეტებს)

შემოდგომააა.. დეპრესიის
დადგა ეპოქა,
სევდომანიას შეუპყრია
პოეტთ გენია,
ღვთისგან ნაბოძი
მესამე თვალი,
ქარიზმად დააქვს
ყველა ხელოვანს.
შემოდგომაა.. ფოთოლცვენა
დაიწყო უკვე,
მელანქოლიკებს "პანსელინო"
ურევს გონებას,
უსიყვარულოდ ვეღარ
ძლებენ მარტოსულებიც,
მისტიკურია პოეტების
ღამის ცხოვრებაც.



         მომნატრებიხარ

ლილისფერ ციდან
ჩამოიშალა
წვიმის ფარდები
სადაფისფერი.
გაუნაცრისფრა
საღამოს, ბინდმა,
უმთვარო ღამე
ჩაძირა ნისლში.
მომნატრებიხარ
კვლავ ხორციელად,
არანასიზმრალს
განმეორებით..
თუ დაბრუნდები
წვიმიან ღამეს
შემოდგომისას,
გამომიყოლე სურნელება,
ბათუმის სველი
მაგნოლიების.



        ჩემი "ეგო"

მოშუადღევდა ცხოვრების გზაზე,
სულ გარიჟრაჟი ან სად ყოფილა?
ანემოსივით ჩაქროლილ წლებზე
დროის ისარმა მშვილდი მოზიდა.

დღეში რამდენჯერ ვიცვლი განწყობას,
გაორებული, მე ჩემს "ეგო"-სთან,
გადაკარგული, ტყუპისცალივით,
ისევ ვიპოვე ამ შემოდგომას.



        ემირატები

ცხელი უდაბნო ოაზისით და
ბედუინების ქარავანები,
ქაოსში, არაბ მხედართ ჯირითი
და კურტიზანთა ჰარამხანები.

ღამით, თრიაქით – თრობა, ექსტაზი,
ნარგილეს ტკბილი არომატები,
ეროტიკული ორიენტალი,
თავაწყვეტილი ღამის ფართები.

სანაპიროზე შეშლილ ტურისტთა,
ზღვარგადასული ფლირტი, ეროსი..
და შუაღამის სავსე მთვარესთან
ღამის ორგიის "აპოთეოსი"



        ძმას და დედას

...და აღარც სიზმრად
არ მოდიხართ
დადგა ზამთარი,
ჩამოათოვა ქრიზანთემებს
თქვენს საფლავებზე.
ზამთრის ყვავილზე
გავარდისფრდა
თოვლის საფარი,
და თქვენი სულიც
ცის საუფლოს
შეხვდა ახალწელს.



        გარეთ ქარია

მაჯასშემომტყდარ სამაჯურივით
შემომეკარგე.
გარეთ ქარია.
ჩემი განწყობა გადაედო თეთრ ორქიდეას
წითელბწკარიანს.
ეს ღამეც ისევ იქცა თრილერად,
გარეთ კი ქარი მღერის არიას.

ნაცრისფერ დღეებს ვახევ
კალენდარს,
და ერთ ქალაქში
ვართ ისევ უბრად.
უძილო თვალებს
უწვება ღამე,
ღამე, რომელიც
(შენთან ერთად)
მიყვარდა ჩუმად.

თეთრ ორქიდეამ შავ ლარნაკში
თავი მოიკლა
გარეთ კი ქარი მღერის არიას.

11 / 2010


ნინი მესხიძე
მხატვარი – გიზო ვაშაკიძე