|
უშენობით
დღეს უშენობით ლხინი ჩემი იქცა გოდებად,
მაგრამ შენი ხმა სიკვდილამდის ღირს დალოდებად,
შენი ღიმილი შეფასდება ოქროს ზოდებად,
მეც შენზე დარდი მაწევს გულზე ქვად და ლოდებად.
კვლავ მოვიღუშე, ვგრძნობ, რომ თვალი წვიმას აპირებს
და კვლავ მიადგა გემი ჩემი სევდის ნაპირებს,
მე ფიქრი შენზე ოცნებისკენ გამინაპირებს
და გელი, როდის აასრულებ შენს დანაპირებს.
შენმა თვალებმა ფიქრი ჩემი ულმობლად მართეს,
ანგელოზებმაც სიყვარულის მშვილდი მომართეს,
ფიქრებმა შენგან გარიდების ნება არ დამრთეს,
ეჰ, გულო ჩემო, რით გიშველო, ეს რა დაგვმართეს!
|