ქეთევან დოლიძე


   



        გაუცხოებულ ქართველს


იმაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს, რომ ქართველი იყო და საქართველოში სააგარაკოდ – სტუმრად ჩამოდიოდე და იმაზე დიდი ცოდვა რა უნდა იყოს, რომ ქართველი იყო და ქართული არ იცოდე.

საითკენ მიჰქრის უბელო რაში,
საითკენ მიაქვს ფოთოლი ნიავს,
ვინ აგირია მამულის გზები,
ლურჯი სიზმრები ვინ აგირია.

დაგვიწყებია შენი ენა და
დაგვიწყებია ძველი ადათი,
თუკი ზამთარში, საქართველოში,
ბეღურის ბედიც აღარ გადარდებს.

თუ არ გაჟრჟოლებს ულაყის სუნთქვა
და არც ბალახის ფეხზე შეხება,
შენთვის სულერთი იქნება ალბათ,
რამდენი მუხა აიჩეხება.

თუ სტუმარივით უყურებ თეთნულდს,
თუ არ გაგინგრევს გული საგულეს,
თუ სამშობლოზე მეტად აფასებ
გადამთიელი სატრფოს საყურეს.

უბედური ხარ ყველაზე უფრო
და საწყალობლად მკაცრად დასჯილი,
ბილიკებიდან კვლავაც მოგიხმობს
შენი წინაპრის მკრთალი აჩრდილი.
. . . . . . . . . .
საითკენ მიჰქრის უბელო რაში,
საითკენ მიაქვს ფოთოლი ნიავს,
ვინ აგირია მამულის გზები,
ლურჯი სიზმრები ვინ აგირია.

        დედას

საქართველოს მიწასავით უწმინდესო,
ღვთისმშობელის კალთასავით კეთილო,
ფიქრი ჩემი ფარასავით უნდა ვმწყემსო,
ოცნებები დამეზამთრა, დედილო.

დავიძახებ შენს სახელს და გადურჩები
წუთისოფლის დაუნდობელ სიმკაცრეს,
იქნებ მიტომ გადაშენდნენ დურაჯები,
დედის სითბო მოაკლდათ და ვერ გაძლეს.

სასთუმალთან მყავხარ, მაინც მენატრები
და ვიხსენებ ძველ ზღაპრებს და არაკებს...
ო, ამ ღამეს რაღად გვინდა კელაპტრები,
როცა სახლში დედის მზერა ანათებს.

ბედნიერია საწნახელი


      ბედნიერია საწნახელი, ვაზის მტევნებს რომ დააწურავენ ხოლმე გულზე.
      ნეტავი ასე სიყვარული დამაწუროს ვინმემ.

11 მაისი. 1989.


ცრემლდამშრალი მოხუცებული


      გუშინ მოხუცებული ქალი შემოვიდა ჩემს ეზოში. დამშრალ თვალებში ცრემლი თუმცა აღარ ჰქონდა, მაინც ტიროდა საწყალობლად.
      – შვილო, აგრემც დაურჩები შენს დედას, ჩემს შვილთან დამირეკეო – მითხრა და აკანკალებული ხელით ფურცლის ნაგლეჯზე დაწერილი ტელეფონის ნომერი გამომიწოდა.
      ვიღაცას უთქვამს, შვილი ცუდად გყავსო... საწყალი მოხუცი საავადმყოფოში წოლილა თურმე, როგორც კი ეს ამბავი შეუტყვია, წამოსულა და ხან ვის ეხვეწება კოჯორში დამირეკეო და ხან ვის, მაგრამ ვერავინ დაუკავშირდა მისი შვილის ოჯახს. მეც ბევრი ვეწვალე, მაგრამ ამაოდ.
      – არა ხმაურობენ, შვილო? – მკითხა და ისევ აუკანკალდა ხელები. შემდეგ ჯიბიდან პურის ნატეხი ამოიღო, თურმე სამი დღე დაატარებდა და ვერ ჭამდა. სამი დღის მშიერი, სამი დღის უსმელ–უჭმელი, უძინარი, შვილის დარდით გულგასენილი მოხუცი იდგა ჩემს წინაშე და ისევ მეკითხებოდა:
      – არა ხმაურობენ, შვილო, არა ხმაურობენ?
      – არა – ვუპასუხე და თავი ჩავღუნე, ასე მეგონა, მე ვიყავი დამნაშავე, რადგან ვერ ვრეკავდი.
      ქალმა თავში წაიშინა ხელები.
      – ნამდვილად მატყუებენ, რაღაც დაემართა და ცუდად არისო, მეუბნებიან...
      რომ შევხედე საუკუნეს მიღწეულ აქვითინებულ დედაკაცს, გული სიბრალურით ამევსო და მაშინვე ის გავიფიქრე, ვაითუ ვეღარ გადარჩეს-მეთქი, გადავწყვიტე დამემშვიდებინა, იქნებ ტყუილს მაინც ეხსნა მოხუცებული. თუმცა ძალიან მიჭირდა ამ ხნის ქალის მოტყუება.
      – ალო, ალო, კოჯორია? როგორ არის თამარა? – ანგარიშმიუცემლად ჩავყვირე ყურმილში.
      ქალი სმენად იქცა, მე ვეღარ ავიტანე ჩემი თვალთმაქცობა და ყურმილი დავკიდე.
      – კარგად არისო – ვუთხარი და დავინახე, როგორ საოცრად გაუბრწყინდა თვალები, როგორ მადლიერად შემომხედა.
      – გმადლობთ, შვილო, აგრემც შენ გაიხარე, შენ დაურჩი დედაშენს...
      მე არ ვიცი, წამომეწევა თუ არა იმ ქალის ლოცვა, მაგრამ იმ დიდ სიხარულს, იმ გაბრწყინებას თვალებისას სიმართლე ვუმსხვერპლე და დიდხანს, ძალიან დიდხანს ვუმზერდი დედამიწის ზურგზე ყველაზე ბედნიერ მოხუცებულს, ყველაზე ბედნიერ დედას, რომელიც იმ წუთებში ყველაზე უბედური შეიძლება ყოფილიყო.

3 აგვისტო. 1991.



2009 წლის 28 დეკემბერი.