|
...მერე კი თურმე
ყველა სახლი პატარავდება,
არც საწოლია საკმარისი,
აღარც საბანი.
(ასე სამფეხა სკამი მახსოვს,
პაპის პაპის ნაქონი სკამი,
ხან ერთ კუთხეში მიაგდებდნენ, ხან – მეორეში,
ნაგვის მანქანას არ ატანდნენ, –
ენანებოდათ!)
ნუ...
ნუ ჩააბარებთ დედიკოებს თავშესაფრებში.
ეს არც ქუჩაა,
საღამომდე იდგე, უცქირო,
და მერე თეთრი მზე აიჭრას
თვალში რძესავით.
ეს არც კუბოა,
აწიო და მხარზე შეიდგა.
რა მოხდა მერე,
თუ არ ესმით,
თუ ვერ ხედავენ,
თუ ყნოსვაც არ აქვთ...
"ვთქვათ, ასანთს გაჰკრეს "ცე-ო-ორით" სავსე ოთახში..."
(დოს მარილი რომ დააკლდება!)
ნუ...
ნუ ჩააბარებთ დედიკოებს თავშესაფრებში,
გაუმზეურეთ პერანგები და ხალათები,
ბოლომოჭმული თავსაფრები
გაზაფხულებით...
ნუ დაუფრთხობთ ჭიამაიებს
და
დიდი ხნის წინ გამოცლილი სუნამოს შუშა
არ გატყდეს, ფრთხილად!
ნუ...
ნუ ჩააბარებთ დედიკოებს თავშესაფრებში.
და არაუშავს,
გამორეცხეთ ღამის ქოთნები –
უხმოდ,
მოთმენით!..
ყველა ქოთნიდან
ბოლო-ბოლო სურო ამოდის
და წვიმის წყალი ჟონავს ხოლმე
სახელურიდან.
თიხის ჭურჭელი
სიგარეტივით –
ყველაფერი ძალად ჩავკალი,
ტალღის ხმაური,
მიმოზების გადაყვითლება...
წარსულსაც ქარის არტერია გადავუჭერი.
ახლა დაცლილი ბოთლებივით ვიბარებ დღეებს,
მე – გაბზარული თიხის ჭურჭელი.
* * *
ვარდისფერ თოკზე,
ცის კიდეს რომ მიუყვებოდა,
ხელის კანკალით ჩამოვკიდე შენი სურათი,
მაგრამ ის თოკი თვითმფრინავის კვალი აღმოჩნდა, –
უფრო სულსწრაფი,
ვიდრე შენ ხარ წარმოსახვისას.
* * *
დღეს მარტოობას გავუთამამდი:
მრგვალ შადრევანს შემოვუარე,
ნოემბრის ჭადრებს გადავდე გრიპი.
შეყვარებულებს ერთნაირი თვალები ჰქონდათ,
ჰო, ასე მახსოვს...
მერე თანდათან გამეჩხერდა ფოთლის შრიალი,
სიცარიელე შეეხიზნა ბოლო ავტობუსს, –
შენ არ მოხვედი...
განშორება
”იცი როგორი მგონიხარ? – გამჭვირვალე!
დიდი მეტყველი თვალებით და გული რომ ფეთქავს, ჩანს...”
შენეული
შენი სახე გაიცრიცა,
როგორც უძველესი პალიმფსესტი ეგვიპტური,
როგორც სიზმარში ნანახი მოჩვენება ერთგვარი,
(რა მნიშვნელობა აქვს სახელს?..)
შენი სახე გაიცრიცა,
ავდარში მოყოლილი აფრებივით გემების,
შარშანდელი ფოთლებივით წიგნში,
ვარდისფერი აისივით თიბათვის,
ფრთაფარფატა ღრუბლებივით ქარში...
შენი სახე გაიცრიცა –
ქანდაკება იშვიათი მარმარის,
ეგეოსის ზღვიდან ამოტანილი,
კვარცხლბეკზე შემოდგმული ხელის კანკალით,
მერე გადამწვარი არტემიდას ტაძარივით,
დალეწილი შუქურასავით
ალექსანდრიის...
შენი სახე გაიცრიცა,
ლიბრივით გადაეკრა სივრცეს,
თვალებსაც გადაეკრა ლიბრივით...
ვზივარ, –
ახალ “ოდისეას” ვწერ უსინათლო ბერიკაცი,
პოემას,
რომელშიც შენ,
ოდისევსისგან განსხვავებით,
გამჭვირვალე ხომალდებით წახვალ,
ყველა ღმერთი ერთად გაგიწყრება,
ათენაც, მათ შორის,
და არასოდეს დაბრუნდები უკან.
მსგეფსი
დავშორიშორდით.
ადრე იყო, –
ჩემს ხელებს რომ დაატარებდი
ფართო ჯიბით,
სითბოსთან ერთად,
და ამბროზიის გდიოდა სუნი.
რა იოლია ყველაფერი დროს დააბრალო,
ანდა შემთხვევას,
და ბანქოსავით გადათვალო
კვირის დღეები:
დღე პირველი – „იყოს ნათელი!“
ცა – დღე მეორე...
ხმელეთი და ზღვები – მესამე,
მეოთხე – მთვარე, პოეტების თავშესაფარი,
(მზეც, ვარსკვლავებიც...)
დღე მეხუთე –
„გაავსონ წყალი თევზებმა და
ცა – ფრინველებმა...“
მერე –
მე და შენ, –
დასვენებამდე...
გავმრავლდით თითქოს,
მაგრამ მაინც დავშორიშორდით!..
რა იოლია ყველაფერი გველს დააბრალო,
გველს და ვაშლის ხეს,
როცა უბრალო სიზმარიც კი ვერ ამიხსნია:
ვითომ
წითელი ნეკნებისგან კიბე შევკარი,
შენ კი იდექი –
კიდევ ერთი სვეტი
მარილის.
გული
გამოვცვლი-მეთქი საკნებსაც და ამ სარქველებსაც –
დამპალ დარაბებს...
ქარის ენაზე რომ იწყებენ ხანდახან ჭრიალს,
წვიმის გუბეს რომ აყენებენ ზედ ოლაგესთან...
მაგრამ არა,
გადავიფიქრე...
გული გულია, –
მეტკინება,
მერე გამივლის,
და ისევ ასე:
მეტკინება,
მერე გამივლის,
მერე თავიდან!..
(ვიდრე ავიტან...)
ქარის მეტამორფოზა
სეხნიას
სეხნი,
გაუფრთხილდი თითებს,
ხშირად სწორედ მათი გადაგრეხვით იწყება საკუთარ თავთან ჭიდილი,
და თვალებს ნურასოდეს ააფარებ ლიბრს,
რადგან ისედაც ვერ ხედავენ თვალები,
და გულის მიღმაც შეიძლება იყოს მორყეული ბოგირი,
სადაც მშიერი ძაღლი სალაფავს ელის
და სცივა...
სინამდვილეში მხოლოდ ამ მღვიმეების ბინადარმა,
სტალაგმიტებთან ატუზულმა სიკვდილმა იცის,
რომ ამქვეყნად ერთადერთი მზეა,
რომელიც არასოდეს ჩადის და რომელსაც მისი სახელი ჰქვია.
აქედან შორს,
კარსტული მღვიმეების სინესტეში,
ტაოტისფერი ზღვების ზეფირში დაცურავენ
ქალაქებისა და დედოფლების სეხნია გემები
და მომწიფებული ფოლიკულებივით ტოვებენ ვიწროყელიან სრუტეებს.
შენ ჩემი სეხნია ხარ.
მზის გულში ჩაწებული ფუნჯებით გხატავ,
ყოველდღე შფოთიან სიზმრებში გნახულობ, –
და მაინც,
არ მიყვარს მარტი,
როცა ვნებიანი მიმოზები გათრობენ და
ჭიშკართან დაგუბებული სურნელი პირობით საზღვარს გიწესებს,
როცა გაწეწილი ზღვაური ბამბუკის ტოტებს ერჩის
და მამხელს...
ამ დროს ქაშმირის ლალივით ვწითლდები
და ვხვდები –
მიყვარხარ.
მიყვარხარ...
შენ ჩემი სეხნია ხარ,
მკერდსავსე ნაპირზე ცხოვრობ,
ჯიშიან სხეულს ანებივრებ...
...ეს მე ვარ,
საკუთარ თავს უდაბნოში გაბნეულ ხელოვნურ მარგალიტებად ვაგროვებ
და ზვირთსაჭრელთან მიმაქვს,
რათა ხელახლა გადავყარო ზღვაში...
იქნებ, რომელიმე მაინც გაცოცხლდეს,
რომელიმე მაინც გადაიქცეს თუნდაც სასაცილო მოლუსკად...
ახლა,
როცა მწუხრივით გარდაუვალია ქარის მეტამორფოზა,
ვახშირებ სუნთქვას...
მუჭში მომწყვდეული დაბადების მოწმობა მამცნობს:
დედა – ნადირობის ქალღმერთი დალი,
მამა – ირმის ნახტომიდან ასხლეტილი ცეცხლოვანი კომეტა,
დაბადების ადგილი – ერცახუს დასავლეთი კალთა,
დაბადების თარიღი – შხაპუნა წვიმების სეზონი,
და იქვე – თითქმის გადაშლილ ბეჭედთან –
”დაიბადა მკვდარი”...
თითებს გაუფრთხილდი, სეხნი!..
გაზაფხულის ტრუბადურები
...და ისევ შენ
სად ხარ აქამდე? დავიღალე გზისკენ ყურებით,
სტვენენ ჩიტები – გაზაფხულის ტრუბადურები;
თხელი თუნუქის ფურცლებიდან საკენკს კენკავენ,
მე კი ოთახში ჩემი სევდა დამყავს ხელკავით...
ზოგჯერ პირიქით, მას დავყავარ, თან ეს ტანდემი,
სულ ავადმყოფობს, როცა დიდხანს გაგვიანდება.
ხომ არ მოხვედი?.. დავიღალე ჭიშკრის ყურებით,
სტვენენ ჩიტები – გაზაფხულის ტრუბადურები.
სოხუმი
”ახლაც კი,
როცა დავსეირნობ ამ ქალაქში,
დედისთვის მინდა მქონდეს ხელი ჩაკიდებული”.
(შოთა იათაშვილი, ”ჩემი ქალაქების ჰაიკუ”)
შემოდგომაზე,
როცა ჩემი ქალაქი დანაღმულ გზაჯვარედინს დაემსგავსა,
ვიგრძენი როგორ გამიშვა ხელი დედამ
და დაფეთებულ თოლიებს შეერია.
მას შემდეგ ვდგავარ
ცადაწვდილი მკლავით –
ღამეში.
* * *
ალბათ, ასეა, – მეც შენსავით არ ვარ მარტივი
და ვერაფერი ვერ გავუგე ("ოქროს შუალედს)";
ხან აგვისტო ვარ, ხან ვაწვიმებ შლეგი მარტივით,
მერე გავრბივარ გრძელი თმით და თხელი ვუალით
იქ, სადაც ყელი გამომშრალი ისევ იგემებს
მარილიანი ტალღის გემოს... (სარფი... გონიო...), –
ჩემთვის სამშობლო სიზმარია თეთრი გემების,
ზღვა კი მაჯებზე გადამტყდარი საფირონია.
* * *
თუკი შენ წახვალ,
ცა იქნება ტრივიალური, როგორც ეს ლექსი,
და ჩემს უკანასკნელ ფოთოლცვენას დაედება ფერი უკვალოდ დაკარგული ფოთლების,
მიუხედავად იმისა, რომ უკვალოდ არაფერი ქრება.
თუკი შენ წახვალ,
ყველა ბგერა დაემსგავსება წყლის წვეთის მონოტონურ დაცემას სიპ ქვაზე
და ჩემი შუბლი – ამ ქვაზე მეტად ცივი და გლუვი,
იქცევა კუნძულად ყინულოვანი ოკეანის,
რომელზეც გადამფრენი ფრინველები სხდებიან.
თუკი შენ წახვალ,
ეს ყველაფერი:
მოთიბული ბალახი,
ჭალაში ჩაწოლილი ჰაერი
და წისქვილთან მოფრუტუნე ცხენები
მომეჩვენება დაუსრულებელ ტილოდ რომელიმე იმპრესიონისტის,
მონესი ანდა რენუარის
და
წვიმის ღრუბლები გადაყლაპავენ წვიმას,
როგორც მე ვყლაპავ ხოლმე ცრემლებს შენი გახსენებისას,
რადგან მერიდება მათი
და სხვისი
და საკუთარი თავის
და ყველაფერს, რასაც თავმოყვარეობა და სიამაყე ჰქვია,
(ცოდვაა ისედაც)
დავალეწავ იმავე ქვაფენილს,
რომელმაც ერთ დროს ჩემამდე მოგიყვანა,
და ვიქნები ისეთი, როგორიც ვარ და
ჩავყვები მდინარეს მკვდარი ორაგულივით
და უფერულ ხელმოწერად დავედები ტილოს,
რომელიც ზემოთ ვახსენე,
და არასოდეს შევშრები.
გავიფოთლები
რა მოხდა მერე? იშვიათი გამიჩნდა სენი,
ლურსმანზე შენი ნაჩუქარი კიდია ქუდი,
დევს სასთუმალთან გრამატიკა სვანური ენის,
გულს რომ ვერ ვუდებ...
ფილტვებში წყალი ჩაგიდგაო, -
თებერვალი მოსულა, ჩემო,
გადაყარე წამლის ბოთლები!..
წვერმოშვებული და შიშველი ხომ ვარ წელს ზემოთ? –
აპრილში ფესვებს გავიდგამ და... გავიფოთლები.
ფერეიდანი
დღეს ჩვენთან ასეა, – ქარს სუნთქვა არ ჰყოფნის,
რუხ ფერებს მიდენის...
ვაწერ: „მოკითხვამდე. სოფელი მარტყოფი
ან ფერეიდანი!..“
ირწევა ნაპირი, ოცნებით ვეხლები...
(და ისევ ვართულებ...)
უკვე მოფრენილან ნაცნობი მერცხლები,
ვსაუბრობთ ქართულად.
„აი, ია“,
„აი, თასი“
„აი, წიგნი...“
......
ვღიღინებთ „ჩაკრულოს“, ხანდახან შევყურებთ
მზის დისკოს – ჩამავალს...
ერთხელაც – შევისხამ მხრებზე ჩემს ბეღურებს
და ფეხით ჩამოვალ.
2009 წელი.
|