|
გიორგი კილაძე: შენი და ჩვენი აფხაზეთით დავიწყოთ:
რობერტ მესხი: ძალიან შორსაა და აქვეა ამავე დროს, სულ ახლოს, გულში, უბეში, ფიქრში, სიზმარში… ყველა ლექსი მისით იწყება, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ყველა სტრიქონში ჟონავს, როგორც მაისის წვიმა ცუდად გადახურულ ბუნგალოში… ილუზია თრგუნავს, რეალობასთან მიმართებაში იგი ხშირად საკუთარ თავზე მეტად მატყუარაა და თვითონვე იჯერებს გამოგონილ ზღვას, პალმას, დედას და თოლიებს…
მახსოვს, ქუთაისში, ერთი დაჭაობებული ადგილი იყო, ზღვა არ მენახა მთელი წელი, იმდენად მივამსგავსე ამ ადგილის სუნი მისას, რომ გავჩერდი და ასე ვიდექი დიდხანს… მერე აღმოვაჩინე, რომ ხიდქვეშ გამავალ რკინიგზაზე ვმდგარვარ… წყალტუბო-ქუთაისის ელმავალს ჩაუვლია, მე კი არ შემინიშნავს… მერე ისიც დამავიწყდა, სად მივდიოდი… უბრალოდ სახლში წავედი… მას შემდეგ მგონია, რომ სულ სახლში მივდივარ და გზაა რკინის რელსებიანი და ცხელი და ხურს დასიცხული სხეულივით…
გიორგი კილაძე: ლიტერატურისა და შემოქმედის ადგილი თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში. შეიცვალა თუ არა პარადიგმა (პოეტი არის მეფე, ერის სულიერი წინამძღოლი და მოძღვარი) და რატომ?
რობერტ მესხი: პოეტი და, ზოგადად შემოქმედი, არის და უნდა იყოს ფლაგმანი, უნდა იყოს ავანგარდში და უნდა გრძნობდეს მაჯისცემას საკუთარი ქვეყნის, ხალხის, მეგობრის, მოყვრის და თუ გნებავთ, მტრისაც… საკუთარ ნაჭუჭში ზღვის მოლუსკები იკეტებიან, მართალია, ზოგიერთი მათგანი დროის ამ შუალედში უცხო სხეულებს ძვირფას მარგალიტებად აქცევს, მაგრამ მაინც მგონია, რომ უფსკრული, ჩაკეტვა, განმარტოება სიცივეს და სიშორეს უკავშირდება, შემოქმედი კი მზესავით უნდა იყოს თავისი ქმნილებებითურთ, უნდა ათბობდეს და ანათებდეს გულით, თვალებით და სიტყვით… რაც შეეხება ამ კითხვის მეორე ნაწილს, მეფე მეფეა, ერის წინამძღოლი და მოძღვარი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქია (მადლობა უფალს!), ხოლო პოეტი კუნძულია, რომელიც თითქმის ყოველთვის ხელახლა უნდა აღმოაჩინო…
გიორგი კილაძე: „რაც იწერება, უძილობისგან გადაღლილი ტვინის ნაყოფია“ – მითხრა ინტერვიუში ახალგაზრდა მწერალმა ნინო ტეფნაძემ, შენ რას მეტყვი?
რობერტ მესხი: რაც იწერება, გულს ჩამომწყდარი წვეთია… სისხლის… წვიმის… ცრემლის… მონატრების… მზის… და კიდევ ათასი რამის, რასაც შეიგრძნობს გული, რასაც განიცდის, რაც სწყინს და რაც ახარებს… არ შეიძლებაო ყველაფრის გულთან მიტანა და… თავისით მიაქვს ხოლმე… რა რჯის?.. და ლექსი განმუხტვაა, ალბათ… აი, საოპერაციო მაგიდაზე პაციენტს რომ განმუხტვის აპარატს დაადებენ ხოლმე გულის ფიცარზე და ექიმი იყვირებს: ამდენი და ამდენი გამოუშვითო, ეგაა ლექსი… ჰაერია ლექსი – სუნთქავს გული!..
გიორგი კილაძე: პირდაპირ გკითხავ, როგორ ატევ ”მინიმებში” ამხელა სათქმელს?!
რობერტ მესხი: პირდაპირვე გიპასუხებ: მე არ ვატევ სათქმელს, გიორგი, სათქმელი ეტევა, უბრალოდ… ზოგჯერ იგი ხორბლის მარცვალზე ეტევა, ხან მოლივლივე ზღვის ზედაპირზე გაწვება ხოლმე ვიდრე ჰორიზონტის მოლიცლიცე ზოლამდე… მინიმაში, ალბათ, „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის…“ – პრინციპი მოქმედებს უფრო, ლაკონურად სვამს სათქმელს, თუმცა, რომ ვაკვირდები, სათქმელიც უნდა იყოს ძალიან გამოკვეთილი, ნათელი და წრფელი, რომ მინიმაში განსხეულდეს… ასეა იაპონური და ჩინური პოეზია, სადაც ბუნებრიობა და გულწრფელობაა მთავარი… მინიმა ბევრი რამით გავს აღმოსავლური პოეზიის ამ ჟანრს, გარდა ამისა, ის ქართულია, ჩვენი ეროვნული ხასიათის ანამცვრევი… შორს არის საანგარიშო კანონიკისაგან ანუ თავის უფალია…
გიორგი კილაძე: რას იტყვი ახალგაზრდა მწერლებზე, განსაკუთრებით პოეტებზე, რაზე წერენ, როგორ წერენ და რაზე აღარ წერენ?
რობერტ მესხი: ძალიან ლაღი და ნიჭიერი თაობა მოდის ქართულ პოეზიაში, მოდის კი არა, მოსულია უკვე, საკუთარი ხელწერით, სიტყვით, სათქმელით გამორჩეული… ეს თავისუფალი თაობაა, თავისუფალ საქართველოში აღზრდილი, სამწუხაროდ, მას ახსოვს ომი (ომებიც ზოგჯერ), იგი ხედავს მეტროში საცოდავად დამჯდარ ხელგაწვდილ მათხოვარს, რომელსაც ცალი კიდური არა აქვს და სამხედრო ფორმა აცვია (ამაზრზენია!), იგი არჩევს მტყუან-მართალს, თეთრსა და შავს… ამ თაობას ვერ მოატყუებ, ვერ ააფარებ ლიბრს – იგი გრძნობს შიშველი ძარღვით, ”მესამე თვალით” ხედავს და რასაც ხედავს, წერს, და წერს ქართულად, სუფთად, გამართულად… წერს ყველაფერზე, რაც სტკივა და აწუხებს, რაც მოსწონს და ახარებს და იცის, რომ პოეზიაში (ხელოვნებაში ზოგადად) არ არსებობს საზღვარი, იგი უსაზღვროა, ისეთივე დაუსაბამო, როგორც თვით სიტყვა, რომელიც ”იყო პირველად” და რომელმაც პოეტებს პოეზიის ნიჭი მოჰმადლა. მჯერა, რომ ახალგაზრდა პოეტები ყოველთვის იტყვიან თავიანთ სათქმელს და პატიოსნად ივლიან პოეზიის, ხშირ შემთხვევაში ნარ-ეკლით მოფენილ, ბილიკებზე…
გიორგი კილაძე: რობერტ, რას კითხულობ ახლა პოეტი რობერტ მესხი და რატომ უნდა წავიკითხო ეს ნაწარმოები მე, ჩვეულებრივმა მკითხველმა.
რობერტ მესხი: ახლა ახალგაზრდა პოეტის, პროზაიკოსისა და დრამატურგის ნინო სადღობელაშვილის მოთხრობების კრებულს ვკითხულობ და ძალიან ბედნიერი ვარ, ეს წიგნი რომ შევიძინე… სხვათა შორის, გულს ხინჯად მქონდა, რომ ნინოს პოეტური კრებული „შუაღამის იავნანა“ არ მქონდა სახლში, თუმცა წაკითხული მქონდა ადრე…
ახლა კი ორივე ერთად შევიძინე… რატომ უნდა წაიკითხოთ?.. სულის და გულის წამალია და იმიტომ, მოკლედ რომ გითხრათ… ეს არაჩვეულებრივი ავტორია – იის სურნელით და დედის გამომცხვარი თონის პურის სუნით გაჯერებული ლექსებით, საოცრად მელოდიური, მსუბუქი და, ამავე დროს, სიღრმისეული პროზით… სიყვარულით სავსეა მისი თითოეული სტრიქონი და გადამდებია ძალიან… ავტორივითაა, ერთი სიტყვით…
გიორგი კილაძე: რობერტ, თავისუფალი თემა: გემოვნებიანი მკითხველი, რას ნიშნავს შენთვის გემოვნებიანი მკითხველი?
რობერტ მესხი: გემოვნებიანი მკითხველი ისაა, ვინც სიტყვის ფასი და ძალა იცის… პოეზიას ყოველთვის ერთგვარად „რაფინირებული“ მკითხველი ჰყავს, დახვეწილი, მომთხოვნი, ფაქიზი სულის პატრონი… ისე, ჩვენს ქვეყანაში პოეტი ხომ პოეტია, მკითხველიც პოეტია, არანაკლები, ალბათ… ლექსი, და გნებავთ, პროზა, თუკი იგი სათანადო დონისაა, თუკი მასში გული და სული ჩადო ავტორმა, უსათუოდ აღძრავს გულწრფელ ემოციას კარგ მკითხველში, კარგი მკითხველი ყოველთვის უბრუნდება მას… რადგან კარგი ნაწარმოები ტრევის შადრევანს ჰგავს – ჩააგდებ მონეტას და დაბრუნდები, აუცილებლად დაბრუნდები… ზღვის მონატრებასავითაა… ძვირფასი ადამიანის მონატრებასავითაა…
გიორგი კილაძე: თარგმანზეც ვისაუბროთ, შენი ლექსების სხვა ენებზე გამოცემაზე თუ გიფიქრია? აფხაზურად?
რობერტ მესხი: კი, მიფიქრია ლექსების თარგმნაზე, პირველ რიგში, სწორედ აფხაზურ ენაზე თარგმნაზე, მაგრამ ეს დღევანდელ პირობებში განუხორციელებელ სურვილად მესახება, რადგან კულტურული და ლიტერატურული ურთიერთობები (ისევე, როგორც სხვა სახის ურთიერთობები) ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ფაქტობრივად არ არსებობს. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი დროთა ვითარებაში აღდგება, რადგან თავისთავად საინტერესოა, რა იწერება დღევანდელ აფხაზეთში, ალბათ, მათთვისაც არ იქნება ინტერესმოკლებული თანამედროვე ქართული ლიტერატურის ნიმუშების გაცნობა…
გიორგი კილაძე: ლიტერატურა და საგამომცემლო საქმე… რა მდგომარეობაა დღეს ამ მხრივ, საქართველოში? საკმაო რაოდენობის ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთი გამოდის? უჭირთ ავტორებს წიგნების გამოცემა? ლიტერატურული ჟურნალის, გაზეთის, დაარსება არ გიფიქრია?
რობერტ მესხი: საგამომცემლო საქმე არაა მთლად სახარბიელო მდგომარეობაში… ინტერნეტმა დიდწილად იმოქმედა ამაზე… ახლა სახლის პირობებშიც კი თითქმის ყველაფრის დაბეჭდვა ამობეჭდვა და წიგნად ქცევაა შესაძლებელი. ამიტომ ტირაჟები მინიმუმამდეა დაყვანილი… ავტორებს კი ხშირად არა აქვთ საკუთარი ნაწარმოებების საკუთარი ხარჯებითვე გამოცემის შესაძლებლობა. ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთები რაც მეტი გამოიცემა, მით უკეთესი, ჯანსაღი კონკურენციაც გაიზრდება და მკითხველიც მეტად გაეცნობა ქართულ და უცხოურ თანამედროვე თუ კლასიკურ ლიტერატურას. ვიფიქრე ჟურნალის დაარსებაზე, ლიტერატურულ კაფეზეც ვიფიქრე სადმე ზღვის პირას… თუ ღმერთი ინებებს, ამიხდება ეს ჩანაფიქრი…
გიორგი კილაძე: “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში დაიწერა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა… თითქმის 40 წელი. როგორ ფიქრობ, რით ჰგავს თანამედროვე ლიტერატურისმოყვარული კაცი ვასიკო კეჟერაძეს. ჰგავს კი საერთოდ? “კარცერ ლუქსის”, უფრო ზუსტად წიგნის “იძულებით” შეყვარების იდეაზე რას მეტყვი?
რობერტ მესხი: ალბათ, ისეთივე დაუცხრომელი წყურვილით და სწრაფვით წიგნისკენ, როგორიც თვითონ ვასიკოს ჰქონდა, კიდევ რაღაცნაირი გულუბრყვილობით და სისუფთავით, გულწრფელობით კიდევ!.. ლიტერატურის მოყვარული ადამიანები ყველა დროში რაღაცით (ძირითადი ნიშნებით მაინც) ჰგვანან ხოლმე ერთმანეთს… ყველაზე ბანალური თითქოს და, ამავე დროს, მრავლისმთქმელი ნიუანსი – დიდ ჯიბეს ნატრობენ ტანისამოსზე, იმიტომ კი არა, რომ ბევრი ფული ან ოქრო-ვერცხლი ჩაეტიოს, არამედ იმიტომ, რომ შიგ რაც შეიძლება მეტი წიგნის ჩადება იყოს შესაძლებელი. იძულებით შეყვარების, მომკალი და, არ მჯერა, გიორგი, მათ შორის არც წიგნის კითხვის იძულებით შეყვარება მესახება მთლად რეალურად… ერთი ნახვით შეყვარების მჯერა!.. შემყვარებია ასე – ქალიც და წიგნიც!..
გიორგი კილაძე: რას ეკითხებით ყველაზე ხშირად საკუთარ თავს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ პასუხობთ და კითხვა, რომლის პასუხი ზუსტად იცით (რაღა თქმა უნდა, ლიტერატურულ კითხვებს ვგულისხმობ).
რობერტ მესხი: კითხვები და პასუხები – ზუსტიც და არაზუსტიც – ბევრია, მათ შორის, ლიტერატურულიც… ერთი უცნაური კითხვა მაქვს დიდი სიშორიდან აკვიატებული – რას მეჩურჩულებოდა ხოლმე სოხუმში, ჩემი სახლის წინ მდგარი წითელი ტყემალი, როცა შუაღამით მის ძირში მრგვალ ძელსკამზე ვიწექი და თავში ახალი ლექსი იბადებოდა… ზუსტად ვიცი, რომ ლექსი ადამიანის სულში აჟღერებული ულამაზესი მუსიკაა, რომელსაც პოეტები ნოტების ნაცვლად ასოებით გამოსახავენ… ყველა ჩვენგანში ჟღერს ეს მუსიკა, მას მოსმენა უნდა… გულისყურით..
|