ია ფიფია, ზაურ ფიფია და ზურაბ სამუშია

მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში
ივლისი, 2008 წელი


      ბატონო გიორგი, თქვენი ჩანაწერები ერთი ამოსუნთქვით, სულმოთქმელად წავიკითხე... ერთდროულად რამხელა მადლი მიგიღიათ და რამხელა მადლი გაგიციათ, ბარაქალა თქვენს ვაჟკაცობას და კაცობას!!!
      გიგზავნით ჩვენი მოგზაურობის ჩანაწერებს და ტაო-კლარჯეთში გადაღებულ ფოტოებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს მოგზაურობა ჩვენთვის ღვთის საჩუქარი იყო – დიდი ხნის ოცნების სრულიად მოულოდნელი ასრულება... მოხარულნი ვიქნებით, თუ ჩვენი გზავნილი ფერეიდანში და სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებამდე მიაღწევს... პატივისცემით, ზურაბ სამუშია.
      მოგზაურობის მონაწილეები: ია ფიფია – მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი; ზაურ ფიფია – ჟურნალისტი, არაერთი წიგნის, პუბლიკაციის, სტატიის, ტელეგადაცემის ავტორი, 80-იან წლებში საქართველოს ტელევიზიაში წარმატებული პროექტის „აუქციონი“ ავტორი, დაუოკებელი მოგზაური, ორივე ნახევარსფეროს მრავალ ქვეყანაში ნამყოფი და ჩვენი მოგზაურობის მთავარი „ლოკომოტივი“; ზურაბ სამუშია – პროფესიით ეკონომისტი, ექსპედიციის მძღოლი (შეთავსებით – თურქული ენის არმცოდნე თარჯიმანი!).
      თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს მოგზაურობა ფაქტიურად წარმოადგენდა ექსპედიციას სამეცნიერო საკითხების გარკვეული წრის შესწავლის მიზნით, რომლის კვლევის შედეგები თავის დროზე გამოქვეყნდება. ამდენად, მოგზაურობა დროში და სივრცეში შეზღუდული იყო, მაგრამ, ბუნებრივია, ამ ადგილებში ყოფნისას დიდი სურვილი გვქონდა მოგვესწრო თუნდაც ოშკის და ხახულის ნახვა. უფალმა ისე ინება, რომ მეტიც მოვასწარით, მაგრამ ამაზე ქვემოთ.
      მოხდა ისე, რომ ჩვენი გამგზავრება დაჩქარდა. ბუნებრივია, სამეცნიერო მიზნებიდან გამომდინარე, გვქონდა რუკა,რომელზეც ექსპედიციის მიმართულება იყო მონიშნული. ასევე, გაგვაჩნდა ტაო-კლარჯეთში მდებარე ძეგლების რუკა, მაგრამ ჩვენი ძეგლების მდებარეობის და მათთან მისასვლელი გზების შესახებ ინფორმაცია, ჩვენდა სამწუხაროდ, სათანადოდ არ გვქონდა შესწავლილი. თუმცა ამ გარემოების გამო ჩვენი მოგზაურობა უფრო საინტერესო გამოდგა – ძიების და პოვნის პროცესი ხომ სავსეა მოულოდნელობებით! ამასთან, ამ მხარეში ორგანიზებული (ტურისტული ან სხვა სახის) მოგზაურობების მონაწილეებს კითხვაზე – სად იყვნენ და რა ნახეს – ხშირად გაუციათ პასუხი, რომ მონახულებული ადგილებისა და ძეგლების შესახებ შთაბეჭდილებების სახით ძირითადად ვიზუალური მხარე შემორჩათ, ხოლო ინფორმაციულად – ბევრად ნაკლები. ტაო-კლარჯეთში მოგზაურობამ, რა თქმა უნდა, გამიღრმავა ამ მხარისა და იქაური ძეგლების ისტორიის სურვილი. მას შემდეგ ამ კუთხით ბევრი ინფორმაცია მივიღე, მაგრამ ახლა, როცა თითქმის ორი წლის მერე იმდროინდელი შთაბეჭდილებების გადმოცემა გადავწყვიტე, მაქსიმალურად ვეცადე აღმედგინა ის განცდები, რომელიც ჩემთვის იმ დროისათვის ცნობილი მწირი ინფორმაციის ფონზე გამიჩნდა.
      ჩვენთვის ექსპედიციის ძირითადი მიზნის პარალელურად ისტორიული ძეგლების ჟესტიკულირებული თურქულით მოძიების პროცესი ემოციურად იმდენად დატვირთული იყო, რომ ამ პროცესის და, შემდგომში, ძეგლების მონახულების უმცირესი დეტალებიც გონებაში ცხადად შემომრჩა. აქედან გამომდინარე, მოსაგონარი, როგორც კურიოზული, ისე სრულიად სერიოზული, ძალიან ბევრია. ამჯერად იმ შთაბეჭდილებებით შემოვიფარგლები, რომლებიც უშუალოდ ძეგლების მონახულებისას მივიღე.


 
ახიზის ციხე
კომპლექსი და მონასტერი არტანუჯთან
 
ახიზი
ზაურ ფიფია, ზურაბ სამუშია

 
ქ. ართვინის ფონზე
ზურაბ სამუშია, ია ფიფია, ზაურ ფიფია
 
კავკასიძეების (ოთხთა ეკლესიის) ციხე
იუსუფელთან ახლოს

 
მდ. ჭოროხის ხეობა
 
იშხანი – ჩუქურთმები და ჯვარი

 
იშხანი – ეზო, ზაურ ფიფია
 
იშხანი – თაღედი

 
იშხანი – დარბაზი და გუმბათი
 
იშხანი – გუმბათი


      ძეგლების მოძიების (არ ვიცი, სწორად ვხმარობ თუ არა ამ სიტყვას...) ძირითადი საშუალება ჩვენთვის, ჩვენს რუკებთან ერთად, ვალეს საბაჟოზე თურქი (იქნებ ქართველი?!) მძღოლების მიერ ნაჩუქარი თურქეთის რუკა, საგზაო მაჩვენებლები და ორიოდე თურქული სიტყვა იყო. ამ სიტყვებს შორის ყველაზე საჭირო და გამოსადეგი – „ქილისა“(ეკლესია) – სულეიმან ბექირიშვილისგან, ქ. შავშეთის ახლოს, გზაზე გაცნობილი ქართველისგან გავიგეთ. ზაურ ფიფიას, ჟურნალისტს და გამოცდილ მოგზაურს, სხვა უამრავ ღირსებებთან ერთად ადამიანებთან ურთიერთობის, მათთან კონტაქტში შესვლის დიდი ალღო და ნიჭი გააჩნია. ამ ალღოს შედეგი იყო, ალბათ, რომ იგი გზაზე თავისთვის მიმავალ ამ კაცს „გამოესაუბრა“, ანუ ხელის მოძრაობით ასანთი სთხოვა (თუმცა ასანთი ჯიბეში ედო!). კაცმა მანქანის ნომერს შეხედა და მშვენიერი ქართულით გამოგველაპარაკა. მან შორს, მთის წვერზე, ციხის ნანგრევებზე მიგვითითა, „თამარას ციხეაო“ და ჩემი სოფელიც იქ არისო (სამწუხაროდ, სოფლის სახელი არ გვიკითხავს...). გვთხოვა, იქ ვსტუმრებოდით, მამაჩემს ქართველების ნახვა ძალიან გაუხარდებაო. სულეიმანს შავშეთში სავაჭრო ჰქონია გახსნილი. ორი ბიჭი მყავს, საქმეში მეხმარებიან და ქართულიც კარგად იციანო. ბათუმშიც ხშირად დადიან, თურმე, საქმეებზე. როცა ჩვენი დროში შეზღუდულობის გამო სოფელში სტუმრობაზე უარის თქმა მოგვიხდა, სულეიმანმა იქვე, ახლოს, თავის სათბურში მიგვიპატიჟა, კიტრით და პამიდვრით დაგვასაჩუქრა, ბევრი „ქილისების“ ნახვა გვისურვა და ისევ შეხვედრის სურვილით დაგვემშვიდობა. ერთი დეტალიც ამ შეხვედრიდან: სულეიმანის სათბურები შავშეთიდან დაახლოებით 3-4 კილომეტრში, ღელეს ჩამონაშალ ფერდობზე, წყაროსთან იყო გაშენებული. იქ სხვა, ღამის გასათევად გამოსადეგი, რაიმე ნაგებობა ვერ შევამჩნიე და ქართველისთვის სრულიად ბუნებრივი კითხვა – ვინ ყარაულობს-მეთქი – დამებადა. სულეიმანმა ჩაიღიმა და – აქ მოპარვა არ იციანო – მიპასუხა...


 
ოშკის გუმბათი სოფლის შესასვლელიდან
 
სულეიმან ბექირიშვილი, ზაურ ფიფია,
ზურაბ სამუშია

 
ოშკი – ქართული წარწერა სამხრეთის შესასვლელზე
 
ოშკი – დარბაზი და გუმბათი

 
იშხანი
 
ოშკი


      ამ შეხვედრამ ერთ რამეზე ჩამაფიქრა და, ალბათ, არ იქნებოდა ურიგო, ამ საკითხზე ყველას უფრო მეტი გვეფიქრა. ხშირად ჩვენ არაქართულად მოლაპარაკე ადამიანებს (და არა მარტო ამ მხარეში) ქართველებად არ აღვიქვამთ და მათთან ურთიერთობაში ეს აშკარად გვეტყობა, ტაო-კლარჯეთი, ლაზეთი, ჭანეთი და სხვა (შინ და გარეთ!!!) ტერიტორიები კი ძალიან გვინდა ერთიანი საქართველოს ნაწილი იყოს... მრავალწერტილს აქ იმიტომ ვსვამ, რომ ვფიქრობ, ეს სერიოზული განსჯის საგანია და სასურველი იქნება, ამაზე ცალკე და უფრო საგნობრივად თუ ვილაპარაკებთ. აქვე დამებადა აზრი და ვთავაზობ ყველას, ვინც ამ ჩანაწერებს წაიკითხავს: იქნებ შევქმნათ facebook-ზე ჯგუფი, დავუშვათ, პირობითი სახელწოდებით „ქართული ენა და საქართველო“ და მისმა მონაწილეებმა ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები ამ საკითხზე?
      ახლა ისევ ჩვენს მოგზაურობას დავუბრუნდეთ...
      ვალეს საბაჟოზე თურქ მესაზღვრეებს კომპიუტერი გაუფუჭდათ და სულ „ხარა-ხურას“ ძახილით უტყაპუნეს ხელი, თუმცა 2 საათზე მეტხანს ლოდინი მაინც მოგვიწია. მერე გადავედით „უცხო“ ქვეყანაში, რომელიც სრულიადაც არ იყო უცხო. რელიეფი, ადამიანები – ზუსტად ისეთივე, როგორიც საზღვარს აქეთ დავტოვეთ.
      გადავიარეთ 2600 მ. სიმაღლის უღელტეხილი, ჩავედით მდინარის ხეობაში, რომელიც თურმე მტკვარი იყო, გავიარეთ ქალაქი „ARDAHAN”, რომელიც თურმე არტაანია. ვიკითხეთ შავშეთის გზა, გადავიარეთ კიდევ ერთი, 2500 მ. სიმაღლის ნისლიანი უღელტეხილი და ჩავედით ქალაქ შავშეთში. ამის შემდეგ იყო შეხვედრა სულეიმან ბექირიშვილთან, მის სათბურში სტუმრობის შემდეგ კი შავშეთისწყლის ხეობას ართვინისკენ დავუყევით.
      გზის მაჩვენებელზე წარწერა “ARDANUJ” წავიკითხეთ და იმ მიმართულებით გადავუხვიეთ. მალე გზიდან დავინახეთ უზარმაზარი მთა – კლდეს შემორტყმული გალავანი, რომელიც არტანუჯის ციხის კედლებად მივიჩნიეთ, იამ სურათები გადაიღო და უკან გამოვბრუნდით. ახლახან, როცა ჩვენი სურათები facebook-ზე განვათავსე, ჩემმა ახლადშეძენილმა მეგობარმა, ქ-ნმა როზეტა გუჯეჯიანმა, რომელიც, როგორც მე ვხვდები, ტაო-კლარჯეთის უბადლო მცოდნეა, ამ სურათებს ასეთი კომენტარი გაუკეთა: „ახიზის ციხე-კომპლექსი და მონასტერი კლარჯეთში. საოცარი ადგილია...“ ანუ, ჩვენ არტანუჯამდე არ მივსულვართ და, თურმე, არც არტანუჯის ციხე გვინახავს, მაგრამ, მადლობა უფალს, ეს მშვენიერი ძეგლი რომ არ გამოგვეპარა. იმედი მაქვს, არტანუჯშიც ოდესმე აუცილებლად ჩავალ...


 
ოთხთა ეკლესია – ხედი სამხრეთიდან
 
ოთხთა ეკლესია – ხედი დასავლეთიდან

 
ოთხთა ეკლესიის სატრაპეზო(?)
 
პარხალი – ხედი სამხრეთიდან

 
პარხალი – ხედი აღმოსავლეთიდან
 
ოთხთა ეკლესია – ხედი ჩრდილოეთიდან


      ღამე ართვინში გავათიეთ. სასტუმროში ქუთაისელი ქალი მუშაობდა, თარჯიმნობა მან გაგვიწია. დილით მანქანას პრობლემები გაუჩნდა და პროფილაქტიკაში ხელოსანმა და მე ერთმანეთს ვერაფერი გავაგებინეთ. ბოლოს იგი სადღაც წავიდა და შუახნის კაცი მოიყვანა, ქართველი, უფრო სწორად, ქართულად მოლაპარაკე, თორემ მე იმ ხელოსნის ქართველობაშიც არ შემპარვია ეჭვი. ამ კაცმა გვითარჯიმნა და პრობლემა მოვაგვარეთ, მგრამ ეს შეხვედრა სხვა რამის გამო გავიხსენე: საუბრისას კაცმა გვკითხა, თქვენთან, რუსეთში, რა ხდებაო, ცხოვრება როგორიაო. მე ვცადე ამეხსნა, რომ საქართველო უკვე აღარ არის „რუსეთი“, მაგრამ მან ხელი ჩაიქნია – არა, მაინც რუსეთიაო! ღმერთმა ქნას, ისე გავაკეთოთ, იქაურ ქართველებს ჩვენზე ხელი არ ჰქონდეთ ჩაქნეული (ანუ, ისევ რუსეთი არ გავხდეთ!!!).
      იმავე დღეს გზის მაჩვენებლით იშხნისკენ წავედით. „იშხან ქილისას“ კითხვით მივედით ასახვევამდე, სადაც ტრაფარეტია დადგმული ეკლესიის სურათით და წარწერით.
      გზა იშხნისკენ ძალიან ლამაზია. ჩემთვის ამ სილამაზის განსაკუთრებული შემადგენელი ნაწილი ის პატარა ნაკადულია, რომელიც გზას კლდის მხარეს მოუყვება. როცა ციცაბოებზე გაყვანილ ამ გზაზე მიდიხარ, გიკვირს, ამ ხრიოკებში საიდან შეიძლება ეს ნაკადული გამოდიოდეს. ამ კითხვაზე პასუხი ზევით, იშხნის ტაძრის გარშემო მდებარე სოფელშია. როგორც ეტყობა, ეკლესია და სოფელიც წყაროს გარშემოა გაშენებული. წყარო ამ სოფელსაც რწყავს და, მზრუნველი ადამიანების დახმარებით გზის გასწვრივ თითქმის ხუთ კილომეტრზე თავდაღმართში მორაკრაკე, მდინარისპირა სოფლის ფერდობებსაც მწვანით მოსავს...
      იშხანზე ბევრს, ალბათ, ვერ ილაპარაკებ. იგი, უბრალოდ, საოცარია თავისი ცას გამოკიდებული გუმბათით, ჩუქურთმებით და თაღედით, რომლის მსგავსი მე, პირადად, არსად მინახავს. სასიამოვნოა, რომ მისი აღდგენის და განახლების მცირე იმედი, ისევე როგორც ოშკის და ხანძთის, არსებობს...


 
ოთხთა ეკლესია – ხედი ჩრდილოეთიდან
 
ხახული – ხედი აღმოსავლეთიდან

 
ხახული – ხედი დასავლეთიდან
 
კავკასიძეების (ოთხთა ეკლესიის) ციხე

 
ოთხთა ეკლესია – საკურთხეველი
 
იშხანი


      დაბა იუსუფელში, რომელიც, როგორც თურქულ რუკაზე ვნახე, მდ. „ბარხალ“-ზეა გაშენებული, „ბარხალ ქილისა“ ვიკითხეთ. როცა მიგვახვედრეს, რომ ასეთი რამ მართლაც არის სადღაც მდინარის აყოლებით, მანძილითაც დავინტერესდი. პასუხში ჩემთვის ნაცნობი სიტყვა „ბეშ“ მენიშნა და ზაურის და იას ამაყად გადავუთარგმნე, აგერ ხუთ კილომეტრში ყოფილა და დაბრუნებულზე დაბინავებას და იუსუფელის (თუ იუსოფელის?!) დათვალიერებასაც მოვასწრებთ-მეთქი...
      ხუთის ნაცვლად ორმოცდაათამდე კილომეტრი გავიარეთ ძალიან ლამაზ, მწვანეში ჩაფლულ ხეობაში. ბოლოს, პატარა სოფლის ცენტრში მოწყობილ ხერგილზე რატომღაც 5 ლირა გადაგვახდევინეს. „მებაჟე“ ბიჭს ვკითხეთ „ბარხალ ქილისა“-ს შესახებ. მან ორი თითი გვაჩვენა – ორი კილომეტრიაო. ჩვენ წინ მიმავალ „ჯიპებს“ მივყევით და ათიოდე კილომეტრი კიდევ რომ გავიარეთ უკვე არაასფალტირებულ გზაზე, მივხვდით, რომ ჩვენ და „ჯიპებს“, რომელთა მგზავრები აქამდე „ბარხალ ქილისა“-თი დაინტერესებული მეცნიერები ან ტურისტები გვეგონა, სხვადასხვა მიზნები გვქონდა. ზაურიმ მისთვის ჩვეული იუმორით მაინც გამკენწლა, იუსუფელში შენს მიერ თარგმნილი 5 კილომეტრი 50 გამოდგა, აქაური 2-ც იქნებ 20 იყოსო... გამოვბრუნდით. აღმოჩნდა,რომ ხერგილთან მარჯვნივ უნდა აგვეხვია და პატარა მდინარეს ავყოლოდით.
      პარხლის ეკლესია კარგად შემონახული ორნავიანი (მგონი, ასე ჰქვია) ბაზილიკა აღმოჩნდა. შიგნით ვერ მოვხვდით, რადგან დაკეტილი იყო. ეზოში კაცი და ქალი ვნახეთ. ეს, ერთდროულად, მათი ეზოც იყო, რადგან იქვე სახლიც ედგათ. კაცს ეკლესიაში შესვლის სურვილი მივახვედრე, მაგრამ მხრები აიჩეჩა, ქალმა კი წინდები და შალის სხვა ნაკეთობები შემოგვთავაზა, რომლებსაც იქვე ქსოვდა.
      ტაძართან მისვლამდე ერთი შენობა იდგა, რომელსაც „ბარხალ პანსიონ“ ეწერა, თვით ტაძარზე კი ხმამაღლამოლაპარაკე იყო ჩამოკიდებული, რომლიდანაც, ალბათ, უფლის სადიდებელი არ ისმის ხოლმე...
      არ მინდა ვინმემ ისე გამიგოს, თითქოს სხვა აღმსარებლობის მიმართ იოტისოდენა შეუთავსებლობა მქონდეს. უბრალოდ, ვისურვებდი, რომ ყველამ თავის ტაძარში ილოცოს...
      პარხალი კი ჩვენი ისტორიის უმშვენიერესი ძეგლია და, ვიმედოვნებ, ორი ქვეყნის მთავრობების კეთილი ნებით, ოდესმე მოგვეცემა საშუალება ვუპატრონოთ მას.
      იუსუფელში შეღამებულზე დავბრუნდით. სასტუმრო ვიკითხე. კითხვის ადრესატმა მაღალი კაცი მომიყვანა, ქართულად მოლაპარაკე. ისიც მაღაზიის პატრონი იყო. მან სასტუმრომდე მიგვაცილა. სამწუხაროდ, ვერ გამოვეცნაურე. სასტუმროში ადგილი არ იყო, მაგრამ ახალგაზრდა ადმინისტრატორმა (თუ მენეჯერმა), რომელიც ინგლისურად საკმაოდ კარგად ლაპარაკობდა, გადარეკ-გადმორეკა, ადგილებიც გვიშოვა და თვითონ გამოგვყვა იმ სასტუმრომდე. საკმაოდ მაღალ ადგილზე ვიყავით ასულები და უკან მანქანით წაყვანა შევთავაზე, მაგრამ არ ქნა, სულ „ჯორჯიან პიპლ – მაი ფრენდ“ იძახა და ისევ შეხვედრის დიდი სურვილით დაგვემშვიდობა...
      სასტუმროში კარგად და საკმაოდ იაფად მოგვემსახურნენ. რაც მთავარია, იქიდან დილით პარხალის ხეობაში ლამაზად ჩაფენილი იუსუფელის ხედი გადაგვეშალა. იამ მზის ამოსვლას დაუცადა და მშვენიერი სურათი გადაიღო. მგონი სადღაც წავიკითხე, ართვინს ზემოთ რომ ჰესი შენდება, მისი წყალსაცავი ამ დაბას დაფარავსო. ძალიან საწყენია, თუ ასე მოხდა...
      რუკაზე „დორთ ქილისა“ მქონდა მონიშნული და დილით იქეთ გავწიეთ. გზაზე, ულამაზეს ადგილას, კლდის წვერიდან ხეობას ეკლესია და ციხის კედლები გადმოჰყურებდა. ბატონ ბუბა კუდავას სურათებიდან ახლახან გავიგე, რომ ეს კავკასიძეების (ოთხთა ეკლესიის) ციხე ყოფილა. რა თქმა უნდა, იამ ფოტოები ყველა შესაძლებელი პოზიციიდან გადაიღო.
      ოთხთა ეკლესიასთან უპრობლემოდ მივედით, თუმცა ტაძარი იმდენად არის ჩაფლული კაკლების სიმწვანეში, გზაზე ტრაფარეტის არსებობის მიუხედავად ცოტათი მაინც გავცდით.
      ...უმშვენიერესია და უდიადესი ოშკი, საოცარია იშხანი, სულისშემძვრელი – ხახული, მიმზიდველი და ტკივილისმომგვრელი – პარხალი, მაგრამ იმათ შორის, რაც ჩვენ ვნახეთ, ოთხთა მონასტერი ჩემთვის ყველაზე ახლობელი, სევდის და მოწიწების მომგვრელი აღმოჩნდა თავისი ქვა-ღორღით ამოვსებული დარბაზით, გაძარცულ-დანგრეული საძვალეთი, კამარაჩამოშლილი სატრაპეზოთი (ან, იქნებ, აკადემიით!!!), ბალახით დაფარული სახურავით, ფრესკების ნარჩენებზე წაჩხაპნილი, მათ შორის არაერთი ქართული, წარწერებით და ეზოში პატარა ბოსტნით, სადაც გოგრა და წიწაკა დაეთესა ვიღაცას... ამ ულამაზეს, ნამდვილად ქართული ბუნების წიაღში უმთავრესი სურვილი, რაც მაშინ გამიჩნდა, იყო ის, რომ მქონდეს უფლება და ძალა ვიყო აქ და მოვუარო იმას, რაც დარჩა. არ ვიცი, იქნებ ეს სურვილი გავს იმ დედობრივ გრძნობას, როცა შვილებს შორის უფრო უმწეო და სუსტი მას გამორჩეულად უყვარს...
      რუკაზე ღამითვე მოვინიშნე ადგილი „კილიჩკაია“, რომლის ახლოს ქონგურებიანი ციხე (ანუ ისტორიული ძეგლი) იყო გამოსახული. ადგილის სახელწოდება „ქილისას“ დავუკავშირე და რადგან იქამდე შორი არ იყო, გადავწყვიტეთ წავსულიყავით. ჭოროხის ხეობიდან ამ ადგილისკენ გადასახვევზე ტრაფარეტი დაგვხდა, რომელზეც ეკლესიისკენ მიმავალი ზურგჩანთიანი ტურისტები იყვნენ დახატული. ამან კიდევ უფრო დაგვარწმუნა, რომ სწორი გზით მივდიოდით, მაგრამ იქვე მომავალ სახედრიან კაცს მაინც ვკითხე, „ქილისამდე“ რამდენი კილომეტრია-მეთქი (სიტყვა „რამდენი“, რა თქმა უნდა, ჟესტიკულაციით გამოვხატე). კაცი კარგა ხანს თავგამოდებით მიხსნიდა რაღაცას, რომლისგანაც მხოლოდ ორი სიტყვა გავიგე: „არაბა“ და „იოხ“, ანუ, მანქანა არაო. არ დავუჯერეთ, თუმცა არ გვინანია, რადგან ეკლესია ვერ ვნახეთ, მაგრამ წინ ლამაზი სიურპრიზი გველოდა.
      კეთილმოწყობილი, მოაჯირებიანი გზა სულ მაღლა და მაღლა ადიოდა, საიდანაც ხეობის უმშვენიერესი ხედები იშლებოდა. ასე გავიარეთ დაახლოებით 10-12 კილომეტრი და, ამდენი ხრიოკი ადგილის შემდეგ, მოულოდნელად მივადექით მწვანეში ჩაფლულ კოპწია დაბას, რომლის ცენტრში, ორად გაყოფილი ქვაფენილიანი ქუჩის ორივე მხარეს, მაღაზიები და ჩაიხანები იყო ჩამწკრივებული. ამ დაბამ, რატომღაც, ჩვენი ფასანაური მომაგონა. ეტყობა, ეს მართლაც იყო დასასვენებელი ადგილი და ადამიანებსაც აშკარად ეტყობოდათ, რომ მათი უმრავლესობა ადგილობრივი არ იყო. ეს იმანაც დაადასტურა,რომ პირველივე შემხვედრი ინგლისურად გამოგველაპარაკა. მისგან შევიტყვეთ, რომ აქეთ მართლაც ყოფილა ეკლესია, ოღონდ მთის გადაღმა და იქ ტურისტები ფეხით გადადიან. ეკლესიის სახელი ჩვენმა თანამოსაუბრემ არ იცოდა. როგორც მერე შევიტყვეთ, ტურისტები აქედან ოშკში გადადიან. მისგანვე შევიტყვეთ, რომ დაბის შემდეგ გზა 3-4 კილომეტრი კიდევ გრძელდებოდა და ადიოდა უღელტეხილამდე, სადაც იყო რაღაც ნანგრევები. სანამ გზა ჩვენს „გოლფს“ ამის საშუალებას აძლევდა, ბოლომდე ვიარეთ და იამ იმ ციხის ნანგრევებსაც გადაუღო სურათი.
      იუსუფელში დაბრუნებულებმა ტურისტულ ბიუროს მივაკითხეთ, სადაც ინგლისურად მოლაპარაკე ძალიან თავაზიანმა ახალგაზრდა კაცმა რუკა და ბუკლეტები გვაჩუქა და დაწვრილებით აგვიხსნა, თუ როგორ წავსულიყავით ოშკსა და ხახულში, ყოველივე ეს კი სრულიად უსასყიდლოდ გააკეთა. მან ასევე გვითხრა, რომ ამ მხარეში ნებისმიერი ციხე, ეკლესია და მათი ნანგრევები არის ქართული. ამაში, რა თქმა უნდა, ახალი არაფერი იყო, მაგრამ მისგან ამის მოსმენა ძალიან გვესიამოვნა. თუმცა, ჩემი ღრმა რწმენით, ისიც ქართველია, სხვა სახელმწიფოში მცხოვრები, სხვა ენაზე მოლაპარაკე, სხვა რელიგიის მიმდევარი, მაგრამ მაინც ქართველი და, აბა, სხვანაირად როგორ იტყოდა?!
      მდ. თორთუმის ხეობას ავუყევით, გავიარეთ ულამაზეს ხედებში ჩასმული თორთუმის წყალსაცავი. ოშკის გადასახვევი გზისპირას, თვალსაჩინოდ დადგმულმა ტრაფარეტმა გვამცნო. სოფელში შესვლამდე, გამშრალ ხევზე გადებულ ბოგირზე გადასვლისას, ხეებს ზემოთ უცბად ამოიზიდა ოშკის გუმბათი. ეს მშვენიერი ხედი იამ ფოტოზე დააფიქსირა. ნამდვილი მშვენიერება და სიდიადე კი უშუალოდ ტაძართან მისულებს წარმოგვიდგა წინ!
      ოშკი უნდა ნახო და განიცადო, უნდა შეიგრძნო, მას ვერ აღწერ. გავკადნიერდები და ორიოდე სიტვის თქმას მაინც ვცდი: ოშკი იმ ეპოქის ქართული სულიერების სიმაღლეზე და სახელმწიფოებრივ სიძლიერეზე უტყუარად მიანიშნებს. ამავე დროს მისი გაბზარული კედლები, შემჭვარტლული ფრესკების ნარჩენები, ჩამოვარდნილი და დაკარგული ბარელიეფები, ხის ბოძებით შეცვლილი ქვის საყრდენები ასევე აშკარად წარმოაჩენენ მკაცრ და სასტიკ რეალობას – ჩვენ მასზე ხელი ვერ მიგვიწვდება! ვიმედოვნოთ, რომ მხოლოდ ჯერ-ჯერობით...
      ხახული დაკეტილი დაგვხვდა, მაგრამ ორიოდ წუთში შავებში ჩაცმული კაცი მოვიდა და კარები გააღო. მან შესვლისთანავე ფეხსაცმელებზე მიგვითითა, გაიხადეთო. ეკლესია ნოხებით იყო მოფენილი. მარცხნივ სასკოლო მერხები იყო დადგმული, იქვე მაგიდაზე მიკროფონიც იდო. ცხადი იყო, ხახულში მეჩეთი და სასულიერო სკოლა ერთად მოქმედებდა. სხვათაშორის, ეკლესიიდან 50 მეტრში დიდი მეჩეთია და ასე ახლოს ორი მეჩეთის არსებობა და ისიც ქრისტიანულ ტაძარში, ალბათ, აქაური სასულიერო პირების თავგამოდებით უნდა აიხსნას.
      ეკლესიაში, კედელზე პატარა ყუთი ეკიდა და იქვე რამდენიმე ენაზე, მათ შორის ქართულადაც, ეწერა: “გაიღეთ შესაწირი“. შაოსანმა ყუთზე მიგვითითა და სანამ ფული არ ჩავაგდეთ, ფოტოგადაღებების ნება არ დაგვრთო. იამ ფოტოები გადაიღო და გულდამძიმებულები გამოვედით გარეთ. იქ 10-12 წლის ათიოდე ბავშვი დაგვხდა. გოგონები თავშლებით იყვნენ და წიგნები ეჭირათ. ბავშვები საკმაოდ მოურიდებლები და აგრესიულები იყვნენ, რაღაცას გაცხარებით გვიმტკიცებდნენ. ორმა ბიჭმა ფული მოგვთხოვა. ერთი მაღალი, 12-13 წლის ბიჭუნა განსაკუთრებით აქტიურობდა, გამოიქცა და როცა გვერდით ჩამირბინა, თავზე ხელის წამოკვრაც კი სცადა. ეკლესიას გარს შემოვუარეთ და მე ეზოდან გავედი, ია და ზაური კი ფოტოებს იღებდნენ. გამოსვლისას ეკლესიისკენ შევბრუნდი, პირჯვარი გადავიწერე და ალაყაფთან გალავანს ვეამბორე. ცოტა ხანში მანქანასთან ზაური და იაც მოვიდნენ, აღშფოთებულები იყვნენ. ზაური მთლად გაცოფებული იყო: თურმე იმ აგრესიულმა ბიჭმა ჩემს ნაამბორალ გალავანს მიანერწყვა!
      ამ ისტორიას ასე დაწვრილებით იმიტომ აღვწერ, რომ სამი დღის მანძილზე ენის არცოდნის გარდა ამ, რაც უნდა იყოს, უცხო ქვეყანაში დისკომფორტი და ადამიანებისგან რაიმე ცუდი დამოკიდებულება არ გვიგრძვნია. ხახულიდან კი, რომელიც ჩვენთვის ასეთ სიწმინდეებთან ასოცირდება, სამწუხაროდ, სულ სხვა შეგრძნებებით წამოვედით, რაც, კიდევ ვიმეორებ, ალბათ, იქაური სასულიერო პირების აქტიურობის შედეგია.
      მიუხედავად ამ მცირე ინციდენტისა, ის დღე დადებითი ემოციებით ძალიან დატვირთული და შინაარსიანი გამოდგა, საერთოდ კი ის სამი დღე ჩემთვის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და თბილად მოსაგონარი დღეებია. მას შემდეგ თითქმის ორი წელი გავიდა და იქ დაბრუნების სურვილი უფრო და უფრო მემატება...
      იმავე საღამოს სარფის გავლით დავბრუნდით სამეგრელოში, მეორე დღეს კი – თბილისში. დიახ, ასე მცირეა მანძილი ჩვენსა და ჩვენს ძმებს შორის, მაგრამ ოდესმე შევძლებთ კი ამ გზის გავლას საზღვრის გადაკვეთის გარეშე?!
      ვიმედოვნოთ, უფალი მოწყალეა! უნდა გვწამდეს, რომ ღვთისმშობელი თავის წილხვედრ ქვეყანას არ გაწირავს!


 
გზა იშხნისკენ
 
იუსუფელი

 
ოშკი – ტკივილი და დიდება
 
ოშკი – დარბაზი

 
ხიდი არტანუჯისწყალზე(?)
 
იშხანი – თაღედი, ზურაბ სამუშია

 
კანიონი – მდ.თორთუმის შენაკადი
 
ჭოროხი – ზაურ ფიფია, ზურაბ სამუშია
(ეს ადგილი მალე წყალსაცავის ფსკერი იქნება)

უღელტეხილი – შავშეთისწყლის სათავეები

ზურაბ სამუშია
ქ. ჯვარი, 15 მაისი 2010 წელი


      P.S. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ „საქართველოს რესპუბლიკის“ შემდეგ ნომრებში: 1) „ქართული სუნთქვა და ღიმილი“. N211, 11 ნოემბერი, 2008. 2) „მედრესეს დაეჩრდილა ქართული ჯვარი“. N12, 23 იანვარი, 2009. 3) „სარკმლიდან შემოსული ანგელოზი და აჩეხილი ვაზი“. N26, 12.02.2009.