გამოფენა «შორის»


      რამდენიმე ხნის წინ ერთ უცნაურ გამოფენაზე მოვხვდი. დავათვალიერე გამოფენილი ნამუშევრები და გამოსვლისას დაბალ მაგიდაზე დაწყობილი ერთ-ერთი პროსპექტი ავიღე. მასში წაკითხულმა ინფორმაციებმა ისევ დარბაზში შემაბრუნა და სანამ გამოფენა არ დაიკეტა, აღარ გამოვსულვარ!


თეკლა ასლანიშვილი
თეკლა
42 ცალი პოსტერი, სხვადასხვა მასალა.
თითოეული 42/29 სმ.

      2009 წელს სამხატვრო აკადემიამ თეკლა ასლანიშვილს დიპლომის მიცემაზე უარი უთხრა. სადიპლომო გამოფენაზე მხატვარმა წარმოადგინა „შეცვალე“ – მაღალი სოციალური პასუხისმგებლობითა და სოლიდარობის გრძნობით განმსჭვალული ნამუშევარი, გალერეის მთელ კედელზე გაკრული, ირანში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობისას მოკლული ახალგაზრდა ქალის, ნედას რამდენიმე ასეული პორტრეტი, წარწერით „შეცვალე“. სტენსილის გამოყენებით, ხელით შესრულებული პოსტერები იმ ძალისხმევისა და დაჟინების აუცილებლობას უსვამდა ხაზს, რომელიც ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ანტიადამიანური ძალადობის პირისპირ.
      პორტრეტული პოსტერის ფორმას იყენებს მხატვარი გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევარშიც.


 


      თეკლა. თუმცა ამჯერად კრიტიკის ვექტორი ერთის მხრივ მხატვრის, როგორც ავტორის მითის, და მეორეს მხრივ – ხელოვნებაში ბრენდინგის მეთოდოლოგიის გამოყენებისადმია მიმართული. მხატვარმა საკუთარი პორტრეტის მიხედვით შექმნილი სტენსილი დაურიგა სხვადასხვა თაობის მხატვრებს, და სთხოვა მისი პორტრეტი შეექმნათ. ამდენად, ნამუშევარი, რომელიც განსხვავებული ხელწერით და მასალით შექმნილ თეკლას რამდენიმე ათეულ პორტრეტს წარმოადგენს, ხმამაღლა სვამს კითხვებს: ვინ არის ავტორი? რა დგას მხატვრის სახელის, როგორც იმ ბრენდის უკან, რომელმაც მაღალ ფასებად უნდა გაყიდოს ნამუშევარი – რეალური სათქმელი, ჭეშმარიტების ძიების სურვილი, თუ კარგად დაგეგმილი მარკეტინგული სტრატეგია?
      თეკლა ასლანიშვილი დაიბადა თბილისში 1988 წ. თსსა 2005-2009 წ. მონაწილეობდა მოსკოვის ბიენალის ფარგლებში გამართულ ახალგაზრდა ხელოვანთა გამოფენაზე. ცხოვრობს თბილისში.
      P.S. თეკლა ასლანიშვილი გახლავთ ფერეიდნელი ქართველი მხატვრის ალი ასლანიშვილის ქალიშვილი (www.fereidani.ge – ქვეთავი 13 – „ფერეიდნელი მხატვარი – ალი ასლანიშვილი“, ქვეთავი 92 – „გიორგობა საგარეჯოში“ და ქვეთავი 111 – «დასავლეთი და აღმოსავლეთი» – «THE WEST and THE EAST»).


გიორგი (გაგო) გაგოშიძე
სიამის ტყუპები
თაბაშირ-მუყაოს ფილა, ოფლი. 80/60 სმ.


      გიორგი გაგოშიძემ მასალაში ექსპერიმენტების შედეგად რამდენიმე წლის წინ ფერწერულ მედიუმად საკუთარი ოფლი აირჩია. ამ მეთოდით შესრულებული პირველი ნამუშევარი „მძინარე“ დანიელ ბაუმანის მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი თბილისში, 2007 წელს. მხატვარი უარყოფს ყოველგვარ „შუამავალს“, ინსტრუმენტს მის სხეულსა და სასურათე ზედაპირს შორის, და მანამდე ახდენს სიბრტყის დამუშავებას ხელისგულით, სანამ ოფლი წინასწარ მომზადებული სტენსილის მეშვეობით ფერის ლაქას არ წარმოქმნის. ამდენად, უშუალოდ შემოქმედებითი პროცესი მთლიანად უკონტროლო სხეულებრივი ძალისხმევაა (კონტროლის აუცილებლობას პროცესში სტენსილი გამორიცხავს), რომლის შედეგადაც მხატვრისთვის ყველაზე „საკუთარი“, ორგანული მასალა – იმიჯად ფორმირდება.
      სიამის ტყუპები ერთგვარ პოლემიკაში შედის გამოფენის კონცეფციასთან, როგორც ისეთი ვითარების დემონსტრირება, სადაც სინგულარობათა, საგანთა შორის დისტანცია, პაუზა, ინტერვალი პრინციპულად შეუძლებელია.



      გიორგი (გაგო) გაგოშიძე დაიბადა ქუთაისში 1983 წ. თსსა 2001/2007 წწ. ჰააგის სამეფო აკადემია – 2008 წლიდან დღემდე. მხატვართა ჯგუფ Lott-ისა და კრეატორეის ერთ-ერთი დამაარსებელი. სველი წრის – ბოლო წლების საქართველოს ყველაზე სკანდალური პერფონმანსის ერთ-ერთი ავტორი და მონაწილე. პერფორმანსი წარმოდგენილი იყო 2009 წელს კობრას მუზეუმში. ამსტელველი, თანამედროვე ქართული ხელოვნების გამოფენაზე. ცხოვრობს ჰააგაში.


* * *