I. პრეამბულა
კავკასიაში ცხოვრობს 50-ზე მეტი ხალხი, რომლებიც ლაპარაკობენ იბერიულ-კავკასიურ (კავკასიურ), ინდოევროპულ და ალტაურ ენობრივ ოჯახთა ენებზე, მაგრამ მიუხედავად ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი სხვაობისა, კავკასიელებს ერთმანეთთან მჭიდროდ გვაკავშირებს საერთო ისტორიული ბედი თუ კულტურებისა და ტრადიციების მსგავსება.
კავკასია აზიის ევროპასთან შემაკავშირებელი, დიდი მომავლის მქონე რეგიონია და ბუნებრივია, რომ გლობალური პოლიტიკური ინტერესები ორიენტირებულია რეგიონში მშვიდობიანობის დამყარებისა და სტაბილურობისაკენ, ეს კი თავისთავადად ქმნის მისი ერთიანი განვითარების პერსპექტიულ გარემოს;
მშვიდობა კავკასიის რეგიონში, უნდა ეფუძნებოდეს ხალხთა მიერ ერთმანეთის თვითმყოფადობის და უნიკალურობის ცნობას და შესაბამისად, უფლებათა აღიარებას, რაც თანაბარუფლებიანობის პირობას შექმნის და რეგიონს მშვიდობიანი განვითარების საშუალებას მისცემს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვითავისებთ რა მშვიდობიანი, ერთიანი კავკასიის იდეას და ვგმობთ ხალხთა შორის აგრესიისა და შუღლის გაღვივების მცდელობებს, ჩვენ, საქართველოს საზოგადოებრიობა, კავკასიური ოჯახის ხალხთა წარმომადგენლები, ვუერთდებით „კავკასიის ხალხთა სამშვიდობო ინიციატივას“ და „კავკასიის ხალხთა მშვიდობის დეკლარაციით“ ვაფუძნებთ - კავკასიის ხალხთა კავშირს (კავკასიის კავშირს);
კავკასიის ხალხთა კავშირი - კავკასიის ხალხთა მოქმედებათა შემათანხმებელი, საკოორდინაციო ორგანოა, აქვს მუდმივმოქმედი სახე და კომპლექტდება რეგიონის ხალხთა ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენლებისგან;
სამშვიდობო მიზნების მიღწევას, როგორც ზოგადსაკაცობრიო აუცილებლობას, სერიოზული გაანალიზება და დაგეგმვა სჭირდება, ამდენად კავკასიის ხალხთა კავშირი იმუშავებს როგორც მშვიდობის თეორიაზე, ასევე მისი რეალურად განხორციელების პრაქტიკულ გზებზე;
კავკასიის ხალხთა კავშირი აქტიურად ითანამშრომლებს `გაეროსთან~, მსოფლიოს ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
II. კავკასიის ხალხთა კავშირის მიზნები:
• იმოქმედოს კავკასიის ხალხთა შორის ტერიტორიულ, ეთნიკურ, კულტურულ, ეკონომიკურ და იდეოლოგიურ დაპირისპირებათა და გაუგებრობათა აღმოფხვრის მიზნით;
• ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობის დამყარებას და ამ მიზნით ეფექტური კოლექტიური ზომები მიიღოს ყოველგვარ საფრთხეთა თავიდან ასაცილებლად;
• მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან საშუალებათა გამოყენებით მოახდინოს გაუგებრობათა, დაპირისპირებათა ან მშვიდობისათვის საშიშ სხვა გარემოებათა აღმოფხვრა;
• თანაბარუფლებიანობისა და თვითგამორკვევის პრინციპთა პატივისცემით დაიცვას სამართლიანობა და განამტკიცოს ხალხთა შორის მეგობრული ურთიერთობები;
• ხელი შეუწყოს ხალხთა თანამშრომლობას ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ჰუმანიტარული ხასიათის პრობლემების მოსაგვარებლად;
• განახორციელოს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა და დაამკვიდროს პატივისცემა „ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების ევროპული კონვენციის“ მიმართ ეთნიკური წარმომავლობის, სქესის, ენისა და რელიგიური კუთვნილების განურჩევლად;
• განახორციელოს კავკასიის ხალხების ერთობლივ მოქმედებათა დაგეგმვა, შეთანხმება და კოორდინაცია;
• იმუშაოს კავკასიის რეგიონში ერთიანი სამშვიდობო და სამართლებრივი სივრცის შექმნის მიმართულებით;
III. კავკასიის ხალხთა კავშირის სტრატეგიული გეგმა
კავკასიის ხალხთა კავშირის ქმედებები მიმართულია ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციათა ჩამოყალიბებისაკენ, რომლებიც ხელს შეუწყობენ მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე „ფეთქებადსაშიში“ – კავკასიის გეოპოლიტიკური რეგიონის ერთიან სამშვიდობო და სამართლებრივ სივრცეში მოქცევას;
ასეთ ორგანიზაციებად მოაზრებულია კავკასიის ხალხთა საბჭო (კავკასიის მშვიდობის საბჭო), კავკასიის ხალხთა სასამართლო (კავკასიის სასამართლო) და კავკასიის `მშვიდობის ფონდი“;
კავკასიის ხალხთა საბჭო
• ფუძნდეba კავკასიის ხალხთა საერთაშორისო კონგრესის დეკლარაციით და ისტორიული სპეციფიკის გათვალისწინებით მის შემადგენლობაში შევლენ kaვკასიის ხალხთა ცნობილი, პატივცემული და ღვაწლმოსილი წარმომადგენლები.
• სრულად აღიარებს, ითავისებს და წესდებაში ასახავს გაეროს მიზნებს, აქვს მუდმივმოქმედი სახე და ამყარebს მჭიდრო კავშირs `გაეროსთან~, დემოკრატიულ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ცდილობს კავკასიაში ერთიანი სამშვიდობო სივრცის ჩამოყალიბებას;
• კავკასიის ხალხთა საბჭო სათათბირო ორგანოა, რომელიც კავკასიელ ხალხთათვის „მრგვალი მაგიდის“ როლს ასრულებს და რომელიც ცდილობს მოარიგოს, შეათანხმოს და კონსესუსამდე მიიყვანოს ისინი;
• მუშაობს წესდების საფუძველზე;
• დროთა განმავლობაში კავკასიის ხალხთა საბჭო შესაძლოა გარდაიქმნას კავკასიის ხალხთა პარლამენტად (კავკასიის პარლამენტი).
კავკასიის ხალხთა სასამართლო
• ფუძნდება კავკასიის ხალხთა საერთაშორისო კონგრესის დეკლარაციით და მის შემადგენლობაში შევლენ კავკასიის ხალხთა წარმომადგენელი კვალიფიციური და ცნობილი მოსამართლეები;
• სრულად აღიარებს „ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების ევროპულ კონვენციას“, საერთაშორისო სამართლის ნორმებს და მოწოდებულია კავკასიაში ერთიანი სამართლებრივი სივრცის ჩამოყალიბებისკენ;
• მოწოდებულია ობიექტურად და საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით განიხილოს კავკასიელ ხალხთა შორის არსებული უთანხმოებანი თუ ურთიერთპრეტენზიები და სამართლებრივად უზადო გადაწყვეტილებათა გამოტანის გზით უზრუნველყოს კონფლიქტთა ცივილური და მშვიდობიანი დარეგულირება;
• მუშაობს წესდებისა და რეგლამენტის საფუძველზე;
კავკასიის "მშვიდობის ფონდი"
• ფუძნდება კავკასიის ხალხთა საერთაშორისო კონგრესის დეკლარაციით და მის შემადგენლობაში შევლენ კავკასიის ხალხთა წარმომადგენელი ცნობილი მეცენატები, ბიზნესმენები და ფინანსისტები;
• დაფინანსება წარმოებს განვითარებული დემოკრატიული ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ფონდების თუ დაინტერესებულ პირთა მიერ განხორციელებული შემოწირულობებით;
• მუშაობს წესდების საფუძველზე და მისი საქმიანობა გამჭვირვალეა;
ამ საერთაშორისო ორგანიზაციათა ჩამოყალიბებით, იქმნება ქმედითი ინსტრუმენტი, რომელიც კავკასიის ხალხებს საშუალებას მისცემს თავი იგრძნონ კავკასიური ძმური ოჯახის თანაბარუფლებიან წევრებად და ერთობლივი ძალისხმევით თვითონვე იბრძოლონ საკუთარ პრობლემათა გადასაჭრელად.
IV. კავკასიის ხალხთა კავშირის პროგრამული ეტაპები:
• დაგეგმოს, მოამზადოს და მოიწვიოს „კავკასიის ხალხთა კონგრესი“;
• მოამზადოს „კავკასიის მშვიდობის დეკლარაცია“, რომელშიც აქცენტი დასმული იქნება კავკასიის ერთიან, სამშვიდობო და სამართლებრივ სივრცეში მოქცევის აუცილებლობაზე და დასამტკიცებლად წარუდგინოს „კავკასიის ხალხთა კონგრესს“;
• შექმნას იურიდიული საფუძველი და განახორციელოს კავკასიის ხალხთა საბჭოს (კავკასიის მშვიდობის საბჭო) ჩამოყალიბება;
• შექმნას იურიდიული საფუძველი და განახორციელოს კავკასიის ხალხთა სასამართლოს (კავკასიის სასამართლო) ჩამოყალიბება;
• შექმნას იურიდიული საფუძველი და განახორციელოს კავკასიის „მშვიდობის ფონდის“ ჩამოყალიბება;
• კავკასიის საერთაშორისო ორგანიზაციათა ჩამოყალიბების შემდგომ, როგორც სათათბირო ორგანომ განახორციელოს მათი შეთანხმებული და კოორდინირებული მოქმედება;
V. კავკასიის ხალხთა კავშირის სამოქმედო საშუალებები
დაგეგმილ მიზანთა მისაღწევად და პროგრამულ მოქმედებათა განსახორციელებლად, კავკასიის ხალხთა კავშირი დამფუძნებლებისა და წევრებისგან აყალიბებს მეცნიერთა და ხალხთა „პალატებს“:
მეცნიერთა „პალატა“
• აერთიანებს კავკასიის ხალხთა ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენლებს - კავკასიოლოგებს, ენათმეცნიერებს, ისტორიკოსებს, იურისტებს, ეთნოფსიქოლოგებს, პოლიტოლოგებს...
• მუშაობს კონფლიქტთა მიზეზების გამოვლენაზე და ახორციელებს მათ საფუძვლიან კვლევა – ანალიზს;
• სახავს სამართლიანობის აღდგენის და მორიგების რეალურ გეგმებს;
• იკვლევს კავკასიელ ხალხთა საერთო ისტორიულ წარსულს, თანაგანვითარების ეტაპებს თუ ტრადიციათა თავისებურებებს;
• მუშაობს კავკასიის ცალკეულ ხალხთა თუ ეთნიკურ ჯგუფთა თვითმყოფადობის შენარჩუნების პროგრამებზე;
• კავკასიის, როგორც ერთიანი რეგიონის სამომავლო განვითარების გზებზე;
ხალხთა „პალატა“
• აერთიანებს კავკასიის ხალხთა ცნობილ წარმომადგენლებს, რომელთაც გააჩნიათ ავტორიტეტი თავიანთ ხალხებში;
• ახორციელებს მუდმივ კომუნიკაციას ხალხებთან განსახლების ადგილებზე;
• ადგილებზე ახდენს თავისუფლების და მშვიდობის იდეათა, როგორც ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა პოპულარიზაციას;
• მიზნად ისახავს სახალხო დიპლომატიის პოტენციალის სრულყოფილად გამოყენებას;
• კრებს ინფორმაციას, მსჯელობს და გამოსავალს ეძებს ადგილებზე შექმნილი კრიზისული სიტუაციებიდან;
• გეგმავს და ახორციელებს ხალხთა შორის კულტურულ, საგანმანათლებლო თუ სხვა ურთიერთობრივ ღონისძიებებს;
• ადგილებზე რეაგირებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებზე;
• მშვიდობის დარღვევის საშიშროების შემთხვევაში, ადგილებზე, ორგანიზებას უწევს საპროტესტო აქციებს;
VI. კავკასიის ხალხთა კავშირის დამფუძნებლები:
კავკასიის ხალხთა კავშირის შემადგენლობაში შედიან კავკასიის ხალხთა ნდობით და მხარდაჭერით აღჭურვილი წარმომადგენლები, რომლებიც:
• მხარს უჭერენ "კავკასიის ხალხთა სამშვიდობო ინიციატივას";
• ხელს აწერენ „კავკასიის ხალხთა მშვიდობის დეკლარაციას“;
• ეთანხმებიან კავკასიის ხალხთა კავშირის დებულებას, მის პროგრამას და არ გაურბიან თავიანთ ხალხთა წინაშე პასუხისმგებლობას.
კავკასიის ხალხთა კავშირის პოტენციურ დამფუძნებლებად მოიაზრებიან 2010 წლის 15 ოქტომბერს, თბილისში, ლიტერატურის მუზეუმში ჩატარებული "კავკასიის ხალხთა სამშვიდობო ინიციატივის" განხილვაში მონაწილე წარმოადგენლები.
VII. კავკასიის ხალხთა კავშირის ფორმა და მმართველი ორგანოები
კავკასიის ხალხთა კავშირი შექმნილია:
• დამფუძნებელ წევრთა გადაწყვეტილების შესაბამისად;
• საერთაშორისო კავშირის ფორმით და განუსაზღვრელი ვადით;
• მისი დასახელებაა „კავკასიის ხალხთა კავშირი“, „Союз Народов Кавказа“, „Caucasus People’s Union“;
• გააჩნია ღერბი, დროშა, რეკვიზიტები და საბანკო ანგარიში;
კავკასიის ხალხთა კავშირის უმაღლესი მმართველი ორგანოა დამფუძნებელ წევრთა საერთო კრება:
• კრება სარგებლობს მთავარ გადაწყვეტილებათა მიღების და აღსრულების უფლებით;
• კრების თვითმმართველობა დემოკრატიულია და კავშირის დამფუძნებელ წევრთა ურთიერთაღიარებას და პატივისცემას ემყარება;
• კრების მუშაობას წარმართავს კრების თავმჯდომარე, რომელსაც კრება ირჩევს ხმათა უმრავლესობით;
• კრება საწესდებო ცვლილებებს თუ საპროგრამო და სხვა განსაკუთრებულ გადაწყვეტილებათა მიღებას, ახდენს ხმათა უმრავლესობით.
• განსაკუთრებულ გადაწყვეტილებათა მისაღებად, ანუ ხმათა უმრავლესობის მოსაგროვებლად, დასაშვებია დამფუძნებელ წევრებთან `სატელეფონო კონფერენციის~ განხორციელება;
• დამფუძნებელთა კრება, იგეგმება სტაბილური პერიოდულობით, თუმცა შეკრებათა სიხშირის ცვლა შესაძლებელია საერთო შეთანხმებით;
• დამფუძნებელთა კრების რიგგარეშე მოწვევა შესაძლებელია პრეზიდიუმის, პალატათა ან დამფუძნებელ წევრთა ინიციატივით;
• ნებისმიერმა დამფუძნებელმა შესაძლოა დატოვოს კავკასიის ხალხთა კავშირი, რაც არ აისახება კავშირის ლეგიტიმურობაზე.
კავკასიის ხალხთა კავშირის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი ორგანოა კავშირის პრეზიდიუმი:
• კავშირის დამფუძნებელთა კრება, ოთხი წლის ვადით და ხმათა უმრავლესობით, თავისი შემადგენლობიდან ირჩევს პრეზიდიუმს;
• პრეზიდიუმი ხმათა უმრავლესობით ირჩევს პრეზიდიუმის თავმჯდომარეს (პრეზიდენტს);
• პრეზიდიუმის თავმჯდომარე (პრეზიდენტი) ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას;
• პრეზიდიუმი იდეების, პროექტების, გეგმების თუ რეკომენდაციების შესამუშავებლად და განსახორციელებლად უშუალოდ მუშაობს კავკასიის ხალხთა კავშირის მეცნიერთა და ხალხთა „პალატებთან“;
• პრეზიდიუმი ასრულებს აღმასრულებელ ფუნქციას და ევალება დამფუძნებელთა კრების მიერ, ხმათა უმრავლესობით მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულება;
• პრეზიდიუმი მუშაობს დაფინანსების წყაროების მოძიებაზე - შემოწირულობები, გრანტები, ფიზიკურ პირთა თუ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციათა დახმარებები;
• იმ შემთხვევაში თუ პრეზიდიუმი ან პრეზიდიუმის თავმჯდომარე (პრეზიდენტი) ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს, დამფუძნებელთა კრება უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით მოახდინოს მათი ჩანაცვლება;
კავკასიის ხალხთა კავშირის სარევიზიო კომისია
• ფორმირდება დამფუძნებელთა კრების მიერ, ხელმძღვანელი ორგანოების საქმიანობის კონტროლის მიზნით;
• სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე და წევრები ირჩევა დამფუძნებელთა შემადგენლობიდან, კრების მიერ;
• ამოწმებს პრეზიდიუმის ან სხვა სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობას;
• კონტროლს უწევს კრებისა და პრეზიდიუმის გადაწყვეტილებათა აღსრულებას;
• აწარმოებს ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის კონტროლს, მატერიალურ ფასეულობათა რევიზიას და აღრიცხვას. ანგარიშვალდებულია წევრთა კრების წინაშე;
VIII. კავკასიის ხალხთა კავშირის დამფუძნებელ წევრთა ვალდებულებები:
• დაიცვას და შეასრულოს დებულების მოთხოვნები;
• შეასრულოს კავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
• არ გაახმაუროს კონფიდენციალური ინფორმაცია;
• შემოქმედებითად მიუდგეს კავშირში მუშაობის პროცესს;
• კავშირის მიზნების განსახორციელებლად გამოიყენოს ყველა შესაძლო რესურსი (მათ შორის პირადი კავშირები);
• აქტიური მონაწილეობა მიიღოს კავშირის პრობლემათა გადაჭრაში;
IX. კავკასიის ხალხთა კავშირის წევრობა
კავკასიის ხალხთა კავშირის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი პირი:
• რომელიც აღიარებს კავშირის დებულებას და ეთანხმება მის პროგრამას;
• რომელიც აკმაყოფილებს კავშირში მონაწილეობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს;
• წევრთა მიღება ხორციელდება დამფუძნებელთა საერთო კრების გადაწყვეტილებით, ხმათა უმრავლესობით;
• წევრის გარიცხვას ხმათა უმრავლესობით ახორციელებს დამფუძნებელთა საერთო კრება;
• წევრებს ხმის უფლება ენიჭებათ კრების გაერთიანებულ სხდომაზე;
X. დაფინანსება
კავკასიის ხალხთა კავშირის პრეზიდიუმი მუშაობს შემოწირულობების, გრანტების, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა, საერთაშორისო ორგანიზაციათა დახმარებების თუ სხვა დაფინანსების წყაროების მოძიებისთვის;
დასაშვებია ნებისმიერი სახის დაფინანსების ან დახმარების მიღება, თუ ეს აკრძალული არ არის მოქმედი კანონმდებლობით;
ანგარიში ფინანსური სახსრების თუ უძრავ-მოძრავი ქონების შესახებ, პრეზიდიუმის მიერ პერიოდულად ბარდება დამფუძნებელთა კრებას;
კავშირის დამფუძნებელთა კრება, პრეზიდიუმის მიერ წარდგენილ მოთხოვნათა საფუძველზე ანხორციელებს ხარჯვით პოლიტიკას;
|