შალვა იოსელიანი
შუშტარიდან

 


      დავიბადე 1984 (1363) წლის 20 სექტემბერს, ქალაქ შუშტარში (ირანის ისლამური რესპუბლიკა, ხეზუსთანის რაიონი). პატარა ბავშვი რომ ვიყავი, მახსოვს დედა ჩემმა ქართულად მეუბნებოდა – „კარი მუში“ ( კარი დახურე) როცა მოვდოდი ოთახში და სულ ჩემთან ქართულად ლაპარაკობდა. ესე იგი დედაჩემმა მასწავლა ქართული ენა!
      მახსოვს ერთხელ დედაჩემს შევეკითხე – შენ წარმოშობით სადაური ხარ? და მითხრა: – მე წარმოშობით ქართველი ვარ და ჩემი წინაპრების სამშობლო საქართველოა. მე მახსოვს, რომ დედა ჩემმა ზოგჯერ უყურებდა რადიოს ქართულ ენაზე (ირანში მცხოვრები ქართველები რადიოს კი არ „უსმენენ“, არამედ „უყურებენ“ – გამომდინარეობს სიტყვიდან „ყური“. მაგალითად – „მუსიკას უყურე!“). და მე მახსოვს, რომ მე სკოლაში ჩემს მეგობრებს ვასწავლიდი ქართულ ენას, რადგან ირანის ისტორიის ლექციებში იყო საქართველოს შესახებ ამბავები და მე მაინტერესებდა ძალიან.
      მე მახსოვს, რომ დეიდა ჩემმა ქართულ მუსიკას და სიმღერებს უყურებდა. მე ერთი წიგნი მქონდა საქართველოს შესახებ სპარსულად. და სულ ოცნება მქონდა რომ საქართველოში წავიდე და ვნახო საქართველო.


 


      მერე რამდენი წლის მერე მე და ჩემი ოჯახი ქალაქ შუშტარიდან წავედით ფერეიდანში და მერე ერთმა ფერეიდნელმა მაჩუქა ქართული წიგნი (ქართული ანიბანი). და მერე მე დავიწყე ქართულ ანბანის სწავლა. დაახლოებით ორი წელი ფერეიდანში ვიცხოვრეთ და მე იქ უფრო ვისწავლე ქართული ენა.
      მერე წავედით ქალაქ ნაჯაფაბადში და იქ უცხოეთის პასფორტი გავაკეთე და მერე მოვედი ჩემს დედა სამშობლოში საქართველოში და ჩემ ოცნება შევასრულე...




შუშტარის ცნობილი ქართველები ისტორიაში


      1. ვახუშტი – შაჰ სეფის დროს შუშტარის ქალაქის მეფე თუ უფროსი ან დამცველი (ალბათ ქალაქის მმართველი, ქალაქის თავი) გახდა. სასანითების დროს რომაელების გაკეთებული ხიდი ერთ დროს ცოტა გაფუჭდა და ვახუშტიმ გარემონტა (აღადგინა).


 


      2. ფარსადან გორგიჯანიძე, რომელიც ქალაქ შუშტარში ნამყოფია.
      3. ჰასან გურჯი, მუსიკოსი ირანულ ინსტრუმენტზე – თარზე და სპარსული ხალხური სიმღერების მომღერალი. ჰასან გურჯმა დააარსა სპარსული ხალხური მუსიკის ახალი ნოტი და დაარქვეს „საბქე გორჯი“ – გურჯის მეთოდი.



      4. შუშტარის სასაფლავოჩი არის საფლავები, რომ აწერიათ გვარი გურჯი (ქართველი) და გორჯი ზადე (ქართველის შვილი).


 


ფარსადან გორგიჯანიძე (გიორგიჯანიძე)
(1626-1696)

მწიგნობარი, ისტორიკოსი, XVII საუკუნის საქართველოს ისტორიის მის მიერ აღწერილი
მოვლენების თანამედროვე


      ფარსადანი გორიდან იყო წარმოშობით, დაბადებულა 1626 წელს. დაახლოებით 10 წლისა იქნებოდა, როდესაც უნახავს როსტომ მეფეს, მოსწონებია გონებამახვილი ყმაწვილი და წაუყვანია სასახლეში აღსაზრდელად. როსტომსავე შეურჩევია მისთვის ცოლი და ქორწილსაც დასწრებია დედოფალთან ერთად. როსტომის სასახლეში ფარსადანი კარგად დაუფლებია სპარსულ ენას. როსტომს რამდენჯერმე გაუგზავნია იგი ირანში საგანგებო დავალებებით. როსტომისავე რეკომენდაციით, შაჰ-სეფიმ 1656 წელს ფარსადანი ისფაჰანის ტარუღად დანიშნა. მანამადე მას მაჰმადიანობა მიუღია. უნდა აღინიშნოს, შაჰ-აბას I-ის დროიდან მოყოლებული, ისფაჰანის ტარუღას მოვალეობას ირანში ასი წლის განმავლობაში ქართველები ასრულებდნენ. ქართველის დანიშვნა ამ თანამდებობაზე შაჰის სტრატეგიული მიზანდასახულობით იყო განპირობებული. სეფიანთა ირანის დედაქალაქს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ქვეყნის გაძლიერება-განმტკიცების საქმეში – ის ირანული სამყაროს პოლიტიკური ცენტრი, უდიდესი სავაჭრო-სახელოსნო ქალაქი და ამავე დროს შაჰის დასაყრდენი იყო. ამდენად, ისპაჰანის ტარუღა შაჰის უახლოესი, ნდობით აღჭურვილი პირი და მის წყალობაზე დამოკიდებული ადამიანი უნდა ყოფილიყო.
      ფარსადანს, დიდხანს არ მოუხდა ამ თანამდებობაზე ყოფნა. სპარსელი ისტორიკოსის მოჰამედ თაჰერის ცნობით, გამოუცდელმა ფარსადანმა ისფაჰანის მოსახლეობას დიდი და გაუმართლებელი მოთხოვნები წაუყენა, რამაც ქალაქის მცხოვრებთა აღშფოთება გამოიწვია. ამას დაემატა ირანის მდივანბეგის მტრული განწყობაც მის მიმართ; შაჰი ხშირად ფარსადანს ხშირად სამდივანბეგო სამსახუსაც ავალებდა, რაც ირანის მდივანბეგის ოღურლუბეგის პირადი შუღლის მიზეზი გახდა. მან აუმხედრა ფარსადანს ისფაჰანის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. შაჰ აბას II-ის ბრძანებით დაინიშნა გამოძიება და ფარსადანი გაამართლეს, თუმცა შაჰის ფირმანით იგი მაინც გადააყენეს თანამდებობიდან, ოღურლუბეგს კი თვალები დათხარეს. შაჰმა ფარსადანს ეშიკაღასობა (ცერემონმეისტერობა) უბოძა, ამის შემდეგ ფარსადანი თავისი ცხოვრების 40 წელი ირანში გაატარა.
      ფარსადან გორგიჯანიძეს თავის საისტორიო თხზულებაში ჩაურთავს ზოგიერთი ეპიზოდი, რომლებიც ნათელს ჰფენს მისი ბიოგრაფიის დეტალებს. იგი საკუთარ თავს “უბრალოდ შებეზღებულ” ადამიანს უწოდებს და ამაში ქართველ მეფეებს ადანაშაულებს, თუმცა მისივე ავტობიოგრაფიიდან ვიცით, რომ როსტომმა მას დიდი ამაგი დასდო.
      ცნობილია ისიც, რომ ფარსადანი და მისი ძმა რაღაც მიზეზის გამო შაჰ-სეფის შეურისხავს და შუშტარში გადაუსახლებია, სადაც ექვსი წელი ყოფილა: “შუშტარს უბრალოთ ტყუეთ ვიყავ ფარსადან ლექსის წერია”. ფარსადანი მეორე განსაცდელის შესახებაც გვიამბობს: 1689 წელს იგი გარეული აღმოჩნდა ერეკლე I-ის და მის ვაზირ ყიასას შორის ჩამოვარდნილ ინტრიგაში. ფარსადანი კიდევ ერთხელ შეურისხავთ. მას შემოსწყრა როგორც ქართველი მეფე, ისე ირანის შაჰი. ასე ცხოვრობდა და მსახურობდა ფარსადანი აბას II-ისა და სულეიმანის კარზე ირანში 40 წლის განმავლობაში. როგორც ირკვევა, ფარსადანი სწორედ ასეთ “შერისხვის” წლებში იწყებდა ლიტერატურულ საქმიანობას.
      ფარსადანმა ირანში დაწერა თავისი თხზულება. მან “სწავლულ კაცთა” კომისიაზე ბევრად ადრე სცადა სპარსული წყაროების საფუძველზე აღედგინა “ქართლის ცხოვრების” ნაკლული პერიოდი – XIV- XVII საუკუნეების საქართველოს ისტორია. მან ქართული ისტორიოგრაფია არა მარტო შეავსო სპარსული წყაროებიდან ამოკრეფილი ცნობებით, არამედ აღმოსავლური ისტორიოგრაფიის ტრადიციებიც შემოიტანა.
      ფარსადან გორგიჯანიძის “ისტორიის” პირველი სამი ნაწილი, რომელიც მოიცავს პერიოდს ქრისტიანობის გავრცელებიდან XVII საუკუნის 60-იან წლებამდე, კომპილაციური ხასიათისაა. მისი წერისას ავტორს გამოუყენებია ზეპირგადმოცემები, ქართული, სპარსული და სომხური წყაროები. ფარსადან გორგიჯანიძის “ისტორიის” შედარებამ თამარის ისტორიკოსის შრომასთან (“ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი”) და “ასწლოვან მატიანესთან” გამოავლინა მთელი რიგი ისეთი წაკითხვები, რომლებიც “ქართლის ცხოვრების” ბევრად უფრო ძველი და სრული ნუსხიდან მომდინარეობენ, ვიდრე ჩვენთვის ცნობილი ნუსხებია. ამდენად, მის “ისტორიას” რიგ შემთხვევაში პირველწყაროს მნიშვნელობაც კი ენიჭება. გორგიჯანიძის “ისტორია” 1694 წლის პირველ ნახევარზე წყდება. განსაკუთრებით ღირებულია XVII ს-ის ისტორიის მისეული გადმოცემა – 1635-1695 წლების ამბები, თვითმხილველისა და პროირანული ორიენტაციის მქონე ისტორიკოსის მიერ ასახული მოვლენები.
      ფარსადან გორგიჯანიძემ თავის “ისტორიაში” უცვლელად შეიტანა ისკანდერ მუნშის ცნობილი თხზულების ვრცელი მონაკვეთები. მუნშის თხზულება “თარიხ-ი ალემ არა-ი აბასი” შეიცავს შაჰ-აბასის ცხოვრების ვრცელ აღწერას, რისთვისაც გამოყენებულია მრავალრიცხოვანი წყაროები, მათ შორის XVI საუკუნის ისტორიკოსის ჰასან რუმლუს თხზულება “აჰსათუნ თავარიხი” (“საუკეთესო ისტორიათა შორის”), რომელიც წარმოადგენს მსოფლიო ისტორიის ტიპის ვრცელ თორმეტტომიან თხზულებას. ფარსადანი იყენებდა აგრეთვე შერიფ ედ-დინ ალი იეზდის, ჰუსეინისა და სხვათა თხზულებებს, სომხურ წყაროებს;
      გორგიჯანიძის თხზულებაში მნიშვნელოვანი ცნობებია წარმოდგენილი ირანის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ისტორიიდან. ავტორი წერდა ხალხური, ბუნებრივი კილოთი, საინტერესოდ, ხშირად საკუთარი ინტერპრეტაციით წარმოადგენდა ისტორიულ ფაქტებს. მკვლევართა აზრით, თავისი პროფესიონალიზმით, პირუთვნელობითა და ობიექტურობით იგი არ ჩამოუვარდებოდა თანადროული სპარსელ ისტორიკოსებს და XVIII საუკუნის ევროპული იდტირიოგრაფიის სიმაღლეზე იდგა (ვ. გაბაშვილი, რ. კიკნაძე).
      ფარსადან გორგიჯანიძეს ეკუთვნის აგრეთვე ჯამი აბასის თხზულების “მუსლიმთა სამართლის წიგნის” ქართული თარგმანი და ქართულ-არაბულ-სპარსული ლექსიკონი, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს უცხოენოვან ლექსიკონს საქართველოში.
      ფარსადანმა გარკვეული წვლილი შეიტანა “შაჰ-ნამეს” ქართული ვერსიების ფორმირების საქმეშიც; მას გადაუწერია “როსტომიანი” – “მანუჩარით ბაჰმანამდის ორსა თვესა დავსწერია” – ამბობს იგი. აღნიშნული მონაკვეთი, ფაქტიურად მთელი “როსტომიანი”, გადამწერის ოთხი ელეგიური სტროფის ჩანართით დაცულია ლენინგრადულ ხელნაწერში №15 და მისგან გადაწერილ S-1580-ში.
      გორგიჯანიძის თხზულებები საინტერესოა თანადროული საზოგადოების ზნეობრივი სურათის წარმოსაჩენადაც; მაგალითად, ავტორი საკუთარ შვილს ურჩევს უპირველესად ქონების შეძენას, რადგან, მისი აზრით, “უქონობას ყოველი ჭირი სჯობს”; ამასთან ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ზრუნავდეს, არავის უნდა ენდოს და სხვ. ავტორის ცხოვრებისეული პოზიციის შემუშავებაში, ცხადია, გადამწყვეტი როლი ითამაშა მძიმე პირადმა გამოცდილებამ, ქვეყნის ბედუკუღმართობამ, ფეოდალური საზოგადოების თავკერძობამ და გაუტანლობამ, რამაც თავისი დაღი დაასვა ფარსადან გორგიჯანიძის ცხოვრებას.


მოამზადა თამარ აბულაძემ
http://qim.ge/farsadan%20gorgijanidze.html