ალავერდი-ხან უნდილაძე


        ქართველებს დიდი ადგილი უჭირავთ ირანის ისტორიის განვითარებაში. ამის თვალსაჩინო მაგალითია ალავერდი-ხან უნდილაძის მოღვაწეობა საფავიანთა დინასტიის პერიოდში.
       ალავერდი-ხან უნდილაძე ჭკვიანი, გამოცდილი და განათლებული პიროვნება იყო. მისი დამსახურებაა ისპაჰანში – მაშინდელ დედაქალაში მდინარე ზაიანდე-რუდზე, რომელიც ქართულად დედა მდინარეს ნიშნავს, ოცდაცამეტთაღიანი ხიდის აშენება. იგი ამჟამადაც ფუნქციონირებს და მის სახელს ატარებს. ხიდი ორსართუ-ლიანია, კედლები თხელი ქართული აგურით არის ნაშენი. ზედა სართულს ამშვენებს რამდენიმე ძალიან ლამაზი გუმბათი, იგი დაახლოებით 100 მეტრის სიგრძისაა. ქვედა სართულზე გაკეთებულია შეჭრილი ოთახები, რომლებშიც ჩაიხანებია გახსნილი. ეს გრილი და სასიამოვნო ადგილი ყოველთვის სავსეა ტურისტებით, თუ ადგილობრივი მაცხოვრებლებით, რომლებიც ჩაის სვამენ და ყალიონს ეწევიან. უნდილაძის მიერ აშენებული ხიდის 33 თაღი შეესაბამება ქართული ანბანის 33 ასოს, თითოეულ თაღზე თითო ქართული ასოა გამოსახული. ისპაჰანი ყველაზე ლამაზი ქალაქია მთელს ირანში, განსაკუთრებით მდინარე «ზაიანდე რუდის» სანაპიროები, სადაც გაშენებულია ძალიან ლამაზი ბაღები თავისი გაზონებით, რომლებსაც შადრევნები ამშვენებს.


       ისპაჰანი სავსეა ძველებური, მე-17 საუკუნის ქართველებისა და სომხების მიერ აშენებული ეკლესიებითა და ნაგებობებით. როცა შაჰ-აბასმა დედაქალაქი ისპაჰანში გადმოიტანა, ქალაქის ადმინისტრაციული შენობების, შაჰ-აბასის რამდენიმე სასახლისა თუ მეჩეთის მშენებლები, ოსტატები და მუშახელები ძირითადად ამ ეროვნებების წარმომადგენლები იყვნენ. შაჰ-აბასის სასახლეებიდან ყველაზე ლამაზია «ჩეჰელ-სეთუნის» სასახლე, რომლის საყრდენები ხის ბოძებისგანაა გაკეთებული. ამჟამად აქ მუზეუმია მოწყობილი. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ალავერდი-ხან უნდილაძის სურათია შემორჩენილი.

 

       ალავერდი-ხან უნდილაძის სახელთან ქალაქ შირაზში გრანდიოზული სკოლისა და ქარვასლის მშენებლობაა დაკავშირებული. მისი სამხედრო ბიოგრაფიიდან აღსანიშნავია ბაჰრეინისა და ბაღდადის დაპყრობა, ასევე მისი თაოსნობით საფუძველი ჩაეყარა ირანის არტილერიის შექმნას.
       აღსანიშნავია, აგრეთვე, ალავერდი-ხან უნდილაძის შვილის, იმამყული-ხან უნდილაძის დამსახურება, რომელიც ძირითადად სამხედრო სფეროში გამოიხატებოდა. მისი თაოსნობით სპარსეთმა შეძლო სპარსეთის ყურიდან მთლიანად განედევნა პორტუგალიელები. ირანის მთავრობამ არ დაივიწყა მისი ამაგი და ახლა, ამ ბოლო წლებში ქალაქ ჰორმოსში მას ძეგლი დაუდგეს.


                                          „სიოსეფოლი“

      ისპაჰანის დედა მდინარეო, ზაიანდერუდ
      ბევრი სამკაული გილამაზებს ლაპლაპა სხეულს!
      შუა წელზე კი ოთხასწლიანი ვერცხლის ქამარი –
      ალავერდი-ხან უნდილაძის ხიდი გამშვენებს!
      ტყვედ გაყიდული ბავშვობაში
      საქართველოდან სპარსეთში რომ ჩამოიყვანეს...
      „აი, კიდევ ერთი ქართველი მოვედიო“
      ესალმება ოცდაცამეტივე თაღს ინა ინარიძე.
      ყველა გურჯი ხომ მაგ ხიდთან მოდის, ხელით ეხება
      და მოწიწებით თაყვანს სცემს ქართულ აგურებს
      ორ სართულიანს, ას მეტრზე გადაჭიმულს...
      დედა მდინარეო, რატომ ხარ ჩუმად
      რატომ არ გვიმხელ მაგ საიდუმლოს?
      შენ მაინც გეტყოდა, ან მიხვდებოდი...
      ქრისტეს ასაკი თუ ასოები ქართველთ ანბანის?
      ცაში შვიდფერი ცისარტყელაა, მიწაზე კი –
      ალავერდი-ხან უნდილაძის „სიოსეფოლი!“

გიორგი ალავერდაშვილი.
7 თებერვალი, 2010